00. დღეიდან უკვე არასდროს – პოსტ-მილეანურ მეგაწვეულებებს, ქიმიური ნეტარების ტოტალურობით, შიშველი სხეულების სველ ორიგამებს, პირქუში ტექნოს ფონზე, ინდივიდუალური ეგოს გამანადგურებელ დიონისურ ექსტაზს – არ შეუძლია გაექცეს ეგზისტენციალური საფრთხის შეგრძნებას. აჩრდილი დადის პლანეტაზე, პლანეტარული კატასტროფის აჩრდილი.
01. რა აკავშირებს პოლარულ დათვებს, პოეზიას, საქართველოს მახინჯ პარლამენტს, ნარკომანებს მიმოფანტულებს მსოფლიო პრიტონებში, ხელოვნურ ინტელექტს ან ახალდაბადებულ ბავშვს?
თითქოს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სუბიექტები ჩამოვთვალე, მაგრამ კავშირი მათ შორის გაცილებით ღრმაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ყველა არსების ონტოლოგიური სტატუსი გათანაბრდა. გვინდა, არ გვინდა, ჩვენ ერთი სახეობა ვართ, ყოველ შემთხვევაში, ადრე ეს ასე იყო, ახლა კი ჩვენ, ადამიანები (ყოველ შემთხვევაში, ფილოსოფიური გაგებით), უკვე არ ვართ სამყაროს ცენტრი. განმანათლებლობის მომწამვლელი შხამის შედეგი.
02. მსოფლიო მუდმივად ცვალებადი დინამიკაა, რომელიც „რაციონალური” და „პროგრესული” გვგონია – ჰეგელის ცნობილი ბოდვა – სამყაროს გონის მანიფესტაციას მხოლოდ ადამიანების ისტორიაში რომ ხედავდა და ავიწყდებოდა ფლორა-ფაუნა, ცხოველები, კიბორგები, ქალები, გრავიტაცია, კოსმოსი და ა. შ.
ტვინი (ლოგოსი), რომელიც ევოლუციამ უშუალოდ ფიზიკური გადარჩენისთვის შექმნა, არ არის ორგანო, რომელიც ცხოვრების აზრს შეგვაცნობინებს, ის, უბრალოდ, არ არის ამისთვის შექმნილი. დუალისტურ რაციონალიზმს, რომელსაც სამყაროს ახსნა-შეცნობაზე აქვს პრეტენზია – დიდი დეპრესია ელოდება (და უკვე განიცდის კიდეც), როცა ვერ აუხსნის ადამიანებს, თუ რისთვის ღირს ცხოვრება. ცხოვრების საზრისის პოვნა კი ჩვენთვის გადარჩენის ტოლფასია.
03. ანთროპოცენის ეპოქა, ზოგის აზრით, რამდენიმე საუკუნის წინ დაიწყო, როცა ევროპელებმა აცტეკების გენოციდი მოაწყვეს, ზოგის აზრით კი, 1945 წელს ჰიროსიმას მერე – როცა ადამიანმა ახალი გეოლოგიური ერის დასაწყისს დაუდო სათავე, უხეშად ჩაერია რა მის ყველა სფეროში. მას შემდეგ ადამიანი, როგორც ონტოლოგიური გორილა – განაგებს და ანადგურებს მთელს პლანეტას.
04. საინტერესოა, რომ ადამიანის თვითაღქმა, როგორც პლანეტისა და ცხოველების მეფის, მოდის უძველესი და მოძველებული აზროვნების სისტემებიდან: მესოპოტამიური ბატონყმობა, ბიბლიის მიერ მინიჭებული, იყოს მეფე ყველა არსებისა, არც შემდგომი ფილოსოფოსები აკლებდნენ ამ ანთროპოფაშიზმს. რელიგიურ-იდეოლოგიური ანთროპოფაშიზმი ის სენია, რომელიც თავისი თავის აღმატებულობის შეგრძნებით მილიონობით არსებით დასახლებულ პლანეტაზე – ქმნის მხოლოდ საკუთარ სახლს, სადაც არ არის ადგილი სხვათათვის (სხვა ადამიანი, ცხოველი, იდეა).
აქ ადგილი აქვს ჩვენს ტრაგიკულ გონებაშეზღუდულობას: ევოლუცია, გლობალური დათბობა ა. შ. იმდენად უზარმაზარი, არალოკალიზებული, დროსა და სივრცეში იმდენად მასშტაბური მოვლენებია, რომ ჩვენ არ ძალგვიძს მათი უშუალო დაკვირვება და ისინი „ფანტასტიკურ” ჰიპერობიექტებად წარმოგვიდგება. ადამიანურ ტვინს არ შეუძლია მათი აღქმა და კონცეპტუალიზება, ამიტომ ტოტალური შფოთვისგან ჩვენი „დამცავი” სისტემები სხვადასხვა მექანიზმით ცდილობენ „დაგვაწყნარონ”.
მეცნიერები, რომლებიც ამას მონაცემებისა და გამოთვლების ხარჯზე იგებენ, უკვე რა ხანია, განგაშის ზარს სცემენ, რომ ვანდალური ადამიანური ქმედებები იწვევს გლობალურ დათბობას, გარემოს დაბინძურებას, ადამიანთა დეჰუმანიზაციას და ხელს უწყობს სახეობათა რიგით მეექვსე გადაშენებას – რაც ნიშნავს, რომ ჩვენს შვილთაშვილებს, უბრალოდ, არ ექნებათ თავისუფალი მომავალი, დამთავრდება პური და საცხოვრებელი პირობები გადაიქცევა სასიკვდილო პირობებად. თუმცა კორპორაციული თუ ტოტალიტარული თუ თუნდაც უნიათო რეჟიმები – საერთოდ არ ფიქრობენ ამაზე. ისინი ცოცხლობენ პეპლის დღით, დღევანდელი კაპიტალის მოხვეჭით და არის ამაში რაღაც განწირული.
04. ისეთი ფილოსოფიები, როგორებიცაა ობიექტზე ორიენტირებული ონტოლოგია და პოსტჰუმანიზმი, მუშაობს ახალ მიდგომაზე, სადაც ყველა არსებას, ადამიანურს, არა-ადამიანურს და ხელოვნურ ინტელექტსაც კი – გააჩნია ერთნაირი ონტოლოგიური სტატუსი. რომ პლანეტარული ევოლუცია არ არის მხოლოდ ორანგუტანი მამრების მარშები. თიმოთი მორტონი იმასაც ამბობს: „ონტოლოგიური პოლიტიკურია”.
თუ ქალობრიობას აქვს მომავალი – ეს მომავალი ყველა არსებას შორის ჰარმონიულ კოოპერაციას გულისხმობს, სხვა მხრივ, ჩვენ გადავიქცევით პლანეტად, რომლიც ჯოჯოხეთია.
მაგრამ განა ახლა არ არის პლანეტა ჯოჯოხეთი?
© არილი