პოლემიკა

ზურა ჯიშკარიანი – ხუთი წიგნი, რომლებიც არ უნდა წაიკითხოთ, თუ ცხოვრებას აპირებთ

ექსპერიმენტები ჩემი ცხოვრების ონტოლოგიაა, რასაც ცხოვრებაში ხელი მოვკიდე, არაფერში ვიყავი წინასწარ კომპეტენტური და მხოლოდ ვაექსპერიმენტებდი. სხვათა შორის, საკმაოდ წარმატებულად.

ცოტა ხნის წინ ეგზისტენციალურად სახიფათო ექსპერიმენტი ჩავატარე, მადლიერი და ბედნიერი ცხოვრების ფაზაში – ყველა შავბნელი ფილოსოფოსი წავიკითხე ერთიმეორეს მიყოლებით, რომ ცხოვრების უაზრობის სიღრმეებში ჩამეყვინთა.

(არ ჩაიდინოთ ეს ექსპერიმენტი სახლის პირობებში, განსაკუთრებით თუ დეპრესიისკენ გაქვთ მიდრეკილება, შედეგები, შეიძლება, სავალალო იყოს!)

1. შოპენჰაუერი – „სამყარო, ვითარცა ნება და წარმოდგენა”. ისეთი მძლავრი მეტაფორებითა და დარწმუნებით ამტკიცებს, რომ ცხოვრება ტანჯვაა, ტკივილია და ამაოებაა – რთულია, არ დაეთანხმო, ჩვენი მუდმივად დაუკმაყოფილებელი სურვილები ჯოჯოხეთურ წრეზე გვატარებენ, სურვილის დაკმაყოფილებას ახალი სურვილების გაჩენა მოჰყვება და ეს ხარბი პროცესი დაუსრულებელია. სამყაროს მართავს ბრმა, გაუაზრებელი ძალა, რომელსაც ფეხებზე კიდია მორალი, ღირებულებები, ცხოვრების აზრი, ღმერთი არაა, სამყაროს ვერასოდეს შევიცნობთ, ვერც იმანენტურად, ვერც მეცნიერებით, იმიტომ, რომ სამყარო მხოლოდ ჩვენი წარმოდგენაა მასზე და არა ის თვითონ.

იდეალში – ცხოვრება ცხოვრებისგან უარის თქმაა, ასკეტიზმი ან თვითნებური გადასვლა არარაში.

ციტატა: „დღევანდელი დღე ცუდია, და დღითიდღე ის გაუარესდება, სანამ საბოლოოდ ყველაზე უარესი არ მოვა“.

2 – ფილიპ მაინლანდერი – ახალგაზრდა ტანჯული სული და პესიმისტი, აღტაცებული შოპენჰაუერით, ერთადერთი ნაშრომის, The Philosophy of Redemption-ის ავტორი. მას სჯეროდა, რომ ღმერთმა თავისი თავის ფრაგმენტირებით სუიციდი ჩაიდინა და ჩვენი სამყარო მკვდარი ღმერთის ლეშია. 34 წლისამ ჩამოიხრჩო თავი და რაც აღსანიშნავი და სიმბოლურია, საყრდენად თავისი ახალი გამოსული წიგნების დასტა გამოიყენა.

ციტატა: „სამყარო თვითმკვლელი ღმერთის ლპობაში მყოფი გვამია”.

ციტატა: „ცხოვრება ჯოჯოხეთია, ხოლო თბილი, წყნარი ღამე აბსოლუტური სიკვდილისა არის ანიჰილაცია ამ ჯოჯოხეთის“.

3. ემილ ჩორანი – წიგნის სათაური „ქვეყნად მოვლენის უსიამოვნებაზე” თავად ლაპარაკობს მასზე. ჩორანი სამყაროს აბსურდულობას, უღმერთო ეგზისტენციალიზმს, ტოტალურ ინსომნიას და სუიციდის იდეაციებს წუხდა. სადღაც ის წერს – არ არსებობს მსოფლიოს რეგრესის იმაზე დიდი მაჩვენებელი, რომ ახალდაბადებულ ჩვილს სიხარულით ხვდებიან, ტირილისა და ვაების ნაცვლად. ჩვენ რომ ის ვიცოდეთ სამყაროზე, რასაც გვიან ასაკში ვიგებთ – 5 წლის ასაკამდე მოვიკლავდით თავს. მოკლედ, ერთობ სასიამოვნო პიროვნება.

ციტატა: „სამუდამოდ დაიწყევლოს ის ვარსკვლავი, რომლის ქვეშ დავიბადე, დაე ცამ არ დაიცვას ის, დაე ის გაცამტვერდეს კოსმოსში, როგორც უღირსი მტვერი”.

ციტატა: „ვერავინ იკურნება დაბადების დაავადებისგან, ამ მომაკვდავი იარისგან, თუკი ასეთი რამე არსებობდა”.

4. პეტერ ვესელ ცაპფფე “უკანასკნელი მესია”.

ნორვეგიელი ფილოსოფოსი. კოსმიური პესიმიზმის ფუძემდებელი.
„მითაჟამებში ადამიანს გაეღვიძა ღამეში და მიმოიხედა. მან იხილა საკუთარი თავი გაშიშვლებული კოსმოსის წინაშე და უსახლკარო საკუთარ კანში.
ყველა საგანი, დამალული მისი გამჭრიახი ფიქრების წინ, სასწაულთა სასწაული, საზარლობათა საზარლობა, უცებ დატრიალდნენ მის გონებაში.
მაშინ გაიღვიძა ქალმა და თქვა, რომ დროა კაცმა რამე მოკლას. და მან აიღო საკუთარი მშვილდ-ისარი და ისრები, ხელისა და სული კავშირის ნაყოფი და გავიდა ვარსკვლავების ქვეშ.
მაგრამ როგორც კი ცხოველები მოვიდნენ წყალსაცავთან, სადაც ის ჩვეულებისამებრ უცდიდა მათ, მან იგრძნო უკვე არა ვეფხვის ნახტომი საკუთარ სისხლში, არამედ უდიდესი ფსალმუნი ძმობაზე გასაჭირში ყველა ცოცხალ არსებას შორის.
იმ დღეს ის არ დაბრუნებულა ნადავლით, და როცა ის იპოვეს მომდევნო მთვარეს, ის ტბასთან მკვდარი იწვა,

ნეტავ რა მოხდა?
ნაპრალი ცხოვრების ერთიანობაში. ბიოლოგიური პარადოქსი. საზარლობა, აბსურდი. დამღუპველმა ბუნებამ ზღვრები გადალახა”.

გასაგები რომ გავხადო, “ბიოლოგიურ პარადოქსს” ცაპფფე ცნობიერებას ეძახის, ის თვლის, რომ ცნობიერება ევოლუციური ერორია, რომელმაც არსებობის საშინელება შეგვაცნობინა და უკეთესი იქნებოდა, ცნობიერება საერთოდ არ გვქონოდა. ცაპფფეს, მაინლანდერისგან განსხვავებით, თავი არ მოუკლავს, ხნიერ ასაკამდე იცხოვრა და მტკიცე ანტინატალისტი იყო – ამქვეყნად ცოცხალი არსების მოვლინების წინააღმდეგი.

5. თომას ლიგოტტი – “კონსპირაცია ადამიანური რასის წინააღმდეგ”. ეს საკითხავი უსიამოვნო ჟრუანტელს გვრის მკითხველს, მისი ალეგორიები ადამიანის შედარებისა თოჯინასთან, ფრაზა: „არასდროს არავინ დაბადებულა, არასდროს არავინ მომკვდარა” და მისი ბრწყინვალე მიმოხილვა ყველა ადრინდელი პესიმისტ-ნიჰილისტი ავტორისა ლიგოტისეული ბრწყინვალე ლიტერატურული მანერით – ნაწარმოებს, მისი ანტიევოლუციური მესიჯის მიუხედავად, ძალიან მიმზიდველს ხდის.

სხვათა შორის, ლიგოტის იდეები და ხშირად პირდაპირი ციტატებიც კი იყო გამოყენებული ცნობილი სერიალის “True Detective”-ის პირველ სეზონში.

ხომ ამბობენ, რომ არის წიგნები, რომლებიც ცხოვრებაში აუცილებლად უნდა წაიკითხო, მე კი ვიტყოდი, რომ ეს ის წიგნებია, რომლებიც არ უნდა წაიკითხოთ – რა თქმა უნდა, რჩეულების გარდა.

ციტატა: „ადამიანების უმრავლესობა გადარჩენას ახერხებს საკუთარი ცნობიერების ნაწილობრივი დაბლოკვით”.

ციტატა: „არარსებობა არავის ტკენს. არსებობა ტკენს ყველას.“

=========

P.S. და, მოდით, ბოლოსთვის არ დავივიწყოთ ქართული გოთიკა. ბევრს ტერენტი გრანელზე „ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი” ახსენდება ხოლმე უწყინრად, არადა ლექსი ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია დაწერილი და იმ მედდას ეძღვნება, რომელიც მას ფსიქოტროპულებით აბრუებდა სავარაუდოდ.

საინტერესოა ქრონიკები მაშინდელი პრესიდან:

„პოეტი ტერენტი გრანელი, რომელიც სულით ავადმყოფია და დაიარება ქუჩაში, და შესაძლოა ვინმეს რაიმე დაუშავოს, გთხოვთ, ადმინისტრაციული წესით წაიყვანონ და მოათავსონ საავადმყოფოში!..

„ყველა მოგუშაგეებს! მიგითითებთ! დააპატიმრეთ და წარმოადგინეთ სამილიციო რაიონში!..“

„პოეტი ტერენტი გრანელი, რომელიც ამჟამად მოთავსებულია სულით ავადმყოფთა საავადმყოფოში, გთხოვთ, გაგზავნილ იქნას სურამის საავადმყოფოში!..“

„სულით ავადმყოფი პოეტი ტერენტი გრანელი არ გამოწეროთ თქვენი საავადმყოფოდან მანამ, სანამ იგი გადაგზავნილი არ იქნება ჯანმრთელობის კომისარიატის მიერ სურამის საავადმყოფოში!..“

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ საბჭოთა რეპრესიებისა და მწერალთა კავშირის „ბრალია“, მაგრამ გულუბრყვილო იქნებოდა, გვემტკიცებინა, რომ გრანელი ჯანმრთელი ადამიანი იყო.

მას ტანჯავდა ქრონიკული, კლინიკური დეპრესია. შფოთვითი აშლილობები. ჰქონდა საშიში ვიზუალური ჰალუცინაციები. არაჯანსაღ აკვიატებად ჰქონდა საათობით სეირნობა სასაფლაოზე და ნაცნობების მოგონებით, თუკი ქუჩაში მიცვალებულის პროცესიას შეესწრებოდა, მიუხედავად იმისა, იცნობდა თუ არა მას, უერთდებოდა პროცესიას, მიყვებოდა საფლავამდე, ესწრებოდა დაკრძალვას და სულ ბოლო ბრუნდებოდა იქიდან. ამას თანამედროვე, სამედიცინო ენაზე ჰქვია „ნეკროფილია“, შეპყრობილობა გვამებით, საფლავებით და აღტაცება, რაღაცნაირი სიამოვნების მიღება სიკვდილისაგან.

გრანელის მთელი შემოქმედება დეპრესიის, არაჯანსაღი მელანქოლიის, სიკვდილისა და სასაფლაოების მანიფესტაციაა.

შეგვიძლია, წავიკითხოთ მისი ფანტაზიები, ჩაწერილი დღიურში:

“მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის… ასე გათავდება სინათლე, გაქრებიან მოგონების წამები. გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს. ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს, და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას. ჩემი კუბო იქნება სადა და პროცესია უცრემლო. მე დამასაფლავებენ შუადღისას ორ საათზე თბილისის ახლო. ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი. ბალდახინი, რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს, იქნება თეთრი და მოძველებული. პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი, რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი „Memeto mori“. არ შევეცოდები მღვდელს, რომელსაც არ ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია. მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდებათ ჩემს დანისლულ ლექსებიდან სტრიქონები. მოვა უიმედობა. პანაშვიდი გათავდება ქარში. ჩემს ცხედარს ნელა ჩაუშვებენ სამარეში. და პირველ მიწას სახეზე მომაყრის ვინმე უხეში მესაფლავე. კუბოს ფიცარზე შეწყდება უკანასკნელი გუგუნი მიწის და ქვების. პროცესია დაიშლება. მე და სიჩუმე დავრჩებით მარტო. გზაში ისაუბრებენ ჩემზე. დაღამდება… მე შემეშინდება მარტო სასაფლაოზე, ღამით. დავტოვებ კუბოს და ტანშიშველი გამოვიქცევი სამარიდან… და გიჟივით ვიკივლებ, რომ მომეშველონ, რომ დამიფარონ.”

„თავში გველი მყავს!“ – ასე აღწერდა ის მისი ჰალუცინაციების ბუნებას მეგობრებთან.

გრანელი ტანჯული სულია, მისი პოეზია კი მისი მენტალური ერორების მანიფესტაცია. წაიკითხეთ ფრთხილად.

„შენ ვერ მიპოვი და ნურც დამეძებ

სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით,

მე წუხელ მოვკვდი შუაღამეზე,

როდესაც კრთოდნენ ცის ვარსკვლავები“.

© არილი

Facebook Comments Box