ესე,  კრიტიკა

თამაზ ვასაძე – კრიტიკული ეტიუდები

tamaz vasadze

აღკვეთილი ჩანაფიქრი

მანიაკი, შეშლილობის ზღვარზე მდგომი მეცნიერი – ლეო ქიაჩელის ნაკლებად ცნობილი მეცნიერულ-ფანტასტიკური მოთხრობის გმირი – ატომური ენერგიის მოპოვებას ახერხებს და მსოფლიოს აფეთქებას აპირებს, თუმცა „ ფანტასტიური ამბის “ პერსონაჟი ნამდვილად შთამბეჭდავი თავისი საერთო იერის და განზრახვის ექსტრაორდინარულობით არ არის. ნამდვილ შთამბეჭდაობას, მნიშვნელოვნებას და მასშტაბურობას მას ანიჭებს ის, რომ მისი ჩანაფიქრი გამოკვეთილი მსოფლმხედველობრივი საფუძვლის მქონეა.

თბილისში საიდანღაც მოვლენილი უცნობი მეცნიერი აბსოლუტური ნიჰილიზმით არის შეპყრობილი. ის ფიქრობს, რომ ადამიანის გონებამ, მეცნიერებამ სამყარო უკვე სრულად, ბოლომდე შეიცნო და აღმოაჩინა, რომ სიცოცხლეს არავითარი მიზანი, აზრი არ აქვს, რის გამოც ადამიანთა ცხოვრება აუტანლად მოსაწყენი ხდება და ამიტომ სიცოცხლემ ადამიანის ხელით თავი უნდა გაინადგუროს; კაცობრიობა თავისი არსებობის იმავე ფაზაში შევიდა, რომელშიც იმყოფებოდა ოდესღაც გამქრალი ატლანტიდის ცივილიზაცია, როდესაც თვითგანადგურების აქტი განახორციელა – ადამიანის გონება მაშინაც იმდენად განვითარდა, რომ მისთვის შეუცნობელი, იდუმალი აღარაფერი დარჩა; მან სამყაროს სიცარიელე განჭვრიტა და ამას ვერ გაუძლო.

ნიჰილისტი მეცნიერი თუმცა აღიარებს გონების ძალას, მაგრამ მისთვის ფასეული აღარც შემეცნებაა, რომელმაც ამოწურა თავისი საგანი და, ამდენად, თავისი ფუნქციაც. ხოლო სხვა ფასეულობები, – სულიერ-ეთიკური, სოციოკულტურული, ესთეტიკური- რომელთა გულისთვისაც ღირს სიცოცხლე, საერთოდ მისი თვალთახედვის მიღმაა. იგი მთლიანად მოწყვეტილი ჩანს ადამიანურ სიყვარულს და თანაზიარობას. შესაძლოა, მძიმე ეგოცენტრული მარტოობაც უბიძგებდეს მას, სხვა მეცნიერს თავისი ნაფიქრი გაუზიაროს, სცადოს, სერიოზული მსოფლმხედველობრივი დისკუსია გაუმართოს და ინტელექტუალურ პაექრობაში დაუმტკიცოს საკუთარი პოზიციის სისწორე. თუმცა შეხვედრა საბჭოთა მეცნიერ-ბიუროკრატთან, რომლის შეზღუდული, დაშტამპული აზროვნებაც არასტანდარტულ შეხედულებებს ვერ იგუებს და რომლისთვისაც უცხოა რეფლექსია ადამიანური არსებობის ძირეულ პრობლემებზე, უცნობს მხოლოდ საკუთარ გამორჩეულობას და განსაკუთრებული ძალაუფლებით აღჭურვილობას თუ აგრძნობინებს უფრო მძაფრად.

უცნობის მამოძრავებელი ნიჰილიზმთან და ფარულ კაცთმოძულეობასთან ერთად სწორედ ძალაუფლების ზღვარდაუდები ნება უნდა იყოს. საკუთარი მეცნიერული აღმოჩენა მას თავისი ზეადამიანური ძალაუფლების დასამკვიდრებლად ჭირდება, ისევე როგორც ჰერბერტ  უელსის მეცნიერულ-ფანტასტიკური რომანის „უჩინარი კაცის“ პერსონაჟს, ეგოცენტრიკოს, მანიაკ მეცნიერს, სასოწარკვეთილს და კაცთმოძულეს. თუ მას უხილავად ყოფნის უნარის შეძენით კაცობრიობაზე გაბატონება სურს, საფიქრებელია, რომ „ ფანტასტიური ამბის “ პერსონაჟს კიდევ უფრო მაქსიმალისტური მისწრაფება აქვს – ატომური ენერგიის მეშვეობით კაცობრიობის, მსოფლიოს ერთბაშად განადგურებისას იგრძნოს თავისი ყოვლისშემძლეობა. თუმცა მაინც მას გული წყდება, რომ, მისი აზრით, სიცოცხლის ძირფესვიანად მოსპობა შეუძლებელია და ოდესმე, სადღაც უნაპირო კოსმოსში იგი კვლავ გაღვივდება, კვლავ წარმოიშობა ადამიანი და განმეორდება კაცობრიობის უაზრო ევოლუცია. ეს დეტალი უცნობის მთელ ნიჰილიზმს და მიზანთროპიას იტევს…

უცნობის განსჯა და ჩანაფიქრი მიგვანიშნებს, რომ მას თავი სამყაროს მბრძანებლად, მეცნიერული გონების მიერ ვერაღმოჩენილი ღმერთის მონაცვლედ წარმოუდგენია. ამ უღმერთო და უადამიანო,  სიცოცხლისმოძულე,  ტოტალური ნგრევის ჟინით ატანილი პერსონაჟის ფიგურა დემონიზებულია, ოღონდ არამკვეთრად, არასწორხაზოვნად, მცირე, ფაქიზი ნიუანსების მეშვეობით. ამგვარადვეა წარმოჩენილი დემონურ ძალად დამანგრეველი ტექნიკური მოწყობილობაც, რომელიც მან შექმნა.

სამყაროს პასუხი უცნობის დესტრუქციულ ჩანაფიქრზე სასწაულებრივ-ფანტასტიკური ფორმით არის წარმოსახული და ამ ფორმის გამოყენებისასაც ავტორი ფაქიზ გემოვნებას, ზომიერებას იჩენს. სულჩადგმული ბუნების ფანტასტიკურ სურათში გამოსჭვივის სამყაროს ნამდვილი სახე – იგი, უცნობის შეხედულების საწინააღმდეგოდ, სრულად შემეცნებადი არ არის, მასში მუდამ იქნება რაღაც იდუმალი; ყველაზე იდუმალი კი არის სიცოცხლე, რომელსაც აქვს თავისი თავის უსასრულოდ გახანგრძლივების და არყოფნისგან განზიდვის ჩაუხშობელი ნება, განფენილი მთელ ბუნებაში – ბუნება ქიაჩელის მოთხრობაში ისეა წარმოდგენილი, როგორც ვაჟა ფშაველას „ გველის მჭამელში “; ადამიანს არ შეუძლია მასზე აღმატებული ძალების და კანონზომიერებების ნეიტრალიზება, რომლებიც სამყაროს განაგებენ…

ნიშანდობლივია, რომ  უცნობს მსოფლიოს განადგურება სურს მთაწმინდიდან, მამა დავითის ეკლესიის მიდამოდან – ადგილიდან, რომლის საკრალურობასაც განსაკუთრებული სტატუსი ქართულმა პოეზიამ მიანიჭა („ შემოღამება მთაწმინდაზე “,  „განთიადი “, „ მთაწმინდის მთვარე “) და ბუნების გამმსჭვალავი იდუმალი სიცოცხლის ნებაც აქ აღკვეთს უცნობის გრანდიოზულ დემონურ ჩანაფიქრს.

არაცნობიერის სახეცვლილებები

ერთი შეხედვით, ლეო ქიაჩელის მოთხრობა „ იშვიათი შემთხვევის გმირი “ უბრალოდ  პიკანტური ისტორიის დამაინტრიგებელი და სიღრმეს მოკლებული გადმოცემაა, მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, ეს არის ანალიტიკური აზრის სიმახვილით გამორჩეული ნაწარმოები.

ამ ჩუმი ინტელექტუალური ძიებით აღბეჭდილი მოთხრობის პოეტიკაში წამყვანი როლი მიკუთვნებული აქვთ მოქნილ და ფაქიზ, არამკვეთრ გამომსახველობით საშუალებებს – მინიშნებას და ქვეტექსტს, რომლებიც ესადაგებიან იმას, რაც მათ უნდა გამოავლინონ – ადამიანის ბუნების ძნელად მოსახელთებელ ელასტიურობას.

მოთხრობის ფაბულა „ დეკამერონს “ გვახსენებს: მთავარი პერსონაჟი, მეგობრის ოჯახში თავშეფარებული რევოლუციონერი, გაუგებრობის შედეგად მასპინძლის საწოლში მის ცოლთან ერთად აღმოჩნდება და საჩოთირო სიტუაციას აუვნებლებს რაღაც გაუცნობიერებლი ფსიქიკური ძალის წყალობით, რომელიც უბიძგებს, თავი მოიმძინაროს. შემდგომში იგი ამით ძალიან ამაყობს, მიიჩნევს, რომ გმირობა ჩაიდინა.

სწორედ ეს გმირობის პრეტენზიაა ნიშანდობლივი და დამაფიქრებელი, სიმპტომატური. იგი იმის არაპირდაპირი, ირიბი გამხელაა, რაზეც პერსონაჟი არ ლაპარაკობს – ის თავისთავს გმირად იმიტომ თვლის, რომ როგორღაც დიდ ცდუნებას ძლია, მეტად ძლიერი ლტოლვის შეკავება შეძლო. პერსონაჟის ეროტიული ემოციების სიძლიერეზე ისიც მეტყველებს, რომ  სურს, მის თავს გადახდენილი ამბავი, რომელიც ფიქრს, ფანტაზიას კვლავ და კვლავ უღიზიანებს, ლიტერატურულად გადმოიცეს მოპასანისებურად, ფრანგულ ყაიდაზე – ისე, რომ  ეროტიული თემა, ეროტიული ფსიქოლოგია თამამად და არაკრიტიკულად, არამორალისტურად გაიხსნას, ამ თემისადმი ქართველი მწერლების თავშეკავებული დამოკიდებულების გარეშე. ეს თავშეკავება მოთხრობაში იმით არის ახსნილი, რომ ქართული სინამდვილე ევროპულისგან განსხვავებით „ გაურყვნელია “, ტრადიციულ მორალს დამორჩილებულია.

ლეო ქიაჩელისთვის,  „ჰაკი აძბას “ ავტორისთვის,  ტრადიციების თემა ორგანული და არსებითია. საქართველოში შემონახულ ძველ ზნეობრივ ტრადიციებზე, კერძოდ, სტუმარ – მასპინძლობის და სტუმრის ფიგურის საკრალიზაციაზე მოთხრობაში თითქოსდა სასხვათაშორისოდ არის საუბარი, მაგრამ ამ საუბარს ფარული მიზანდასახულობა აქვს – მიგვანიშნოს იმ იდუმალი ფსიქიკური ძალის რაობაზე, რომელიც მოთხრობის პერსონაჟს უზნეობას აარიდებს.

ზნეობრივი ღირებულებები, ნორმები, აკრძალვები მკვიდრობენ ადამიანის ფსიქიკის არამარტო ცნობიერ, არამედ არაცნობიერ განზომილებაშიც. ადამიანთა მოდგმის ფორმირების პროცესში, რომელიც ათასწლეულობით მიმდინარეობდა, არაცნობიერის გარკვეულ არეალებში მორალური გამოცდილება დაილექა. არაცნობიერის  ამგვარი შინაარსის მქონე ელემენტებს, მეოცე საუკუნეში დამკვიდრებული სიღრმისეული ფსიქოლოგიის თვალთახედვით, შეუძლიათ ინსტინქტისებურად უნებლიეთ იმოქმედონ და გამოვლინდნენ.

არაცნობიერის ეს ასპექტია გამომჟღავნებული ქიაჩელის პერსონაჟის ისტორიაში. საუბარი ძველისძველ ზნეობრივ ტრადიციებზე, სტუმრის პერსონის საკრალიზებაზე შეუმჩნევლად ზემოქმედებს ამ ადამიანის არაცნობიერის მორალურად მგრძნობიარე ფენებზე და ააქტიურებს მათ. და ისინიც, როცა ეს ძალიან საჭირო ხდება, თავის ძალას ავლენენ.

მაგრამ ამასთანავე  ქიაჩელის მოთხრობაში გამომჟღავნებულია არაცნობიერის ქვენა, ბნელი  იმპულსების მომცველი მხარეც. მოთხრობის პერსონაჟი მეგობრის საწოლში შემთხვევით არ აღმოჩენილა, აქ იგი საკუთარმა ქვეცნობიერმა მოახვედრა. ნახევარტონების წყალობით საგრძნობია, რომ ის იხიბლება მასპინძლის ცოლით, ამ ახალგაზრდა ქალის „ხორციელი მშვენებით“; იგი პირდაპირ ამბობს, რომ მას, რევოლუციონერის მოუსვენარი ცხოვრებით გაწვალებულს, შეშურდა მეგობრის მყუდრო ყოფა, ოჯახური ბედნიერება, მაგრამ შური, როგორც ჩანს, ამით არ შემოფარგლულა. შემდეგ იგი შეიმალა ქვეცნობიერში, რომელმაც უჩუმრად უპოვა განხორციელების საშუალება ამორალურ ეროტიულ იმპულსს.

ქიაჩელის პერსონაჟს ურთიერთსაპირისპირო არაცნობიერი ძალები,  არაცნობიერის სხვადასხვა იპოსტასები თავიანთ ნებაზე ატრიალებენ, რის შედეგადაც მთელ მის ისტორიას ირონიული ელფერი ეძლევა. ის, რომ „მორალური არაცნობიერი“ ამარცხებს „ამორალურ არაცნობიერს“,- ასეთი რამ კრიტიკულ სიტუაციებში არახშირია – ამ პერსონაჟის ცნობიერი „მეს“ დამსახურება არ არის. ამიტომ არ უხდება მას ამაყი გმირის როლი.

„იშვიათი შემთხვევის გმირში“ აკაკი წერეთლის „გამზრდელის“ გამოძახილი ისმის, ისევე როგორც „ჰაკი აძბაში“ და „თავადის ქალ მაიაში“, რომლის მთავარი პერსონაჟის- „საბედისწერო ქალის“ სახე სათავეს იღებს „გამზრდელის“ პერსონაჟის, ზია-ხანუმის სახიდან… ქიაჩელი მეთოდურად ესწრაფის და აღწევს ლიტერატურული ტრადიციის მოდერნიზებას.

ტრადიციულ მორალურ ფასეულობებთან და ლიტერატურულ ტრადიციასთან მემკვიდრეობითი კავშირი ხელს არ უშლის მწერალს, მეოცე საუკუნის ლიტერატურის დამახასიათებელი ნიმუში შექმნას, რომელიც გართულებული და გაფაქიზებული ფსიქოლოგიზმით არის გამსჭვალული, როგორც, ვთქვათ, ჯოისის ან აკუტაგავას მოთხრობები. „ იშვიათი შემთხვევის გმირის “  პერსონაჟის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი ამბის ლიტერატურული ხორცშესხმა მოპასანისებური კი არ გამოვიდა, არამედ მეოცე საუკუნის ანალიტიკური პროზის თვისებრიობის შესატყვისი.

© არილი

Facebook Comments Box