ომინდე (იოანე) კორძაია, სვანური ამბები (1920-1960-იანი წლები). თბ. ლიტერატურის მუზეუმი, 2016.
„კაცის ღმერთი კაციაო“, – ასე ამბობენ თურმე სვანეთში, – და ასე იხსენებს ამ პატარა წიგნის ავტორიც ერთი ავბედითი ღამის ამბავს, ღმერთად მოვლენილმა უცნობმა სიკვდილს რომ გადაარჩინა: „მე ნამდვილ ღმერთად მომევლინა ის კაციო“, – ჩაუწერია უბის წიგნაკში შინ მშვიდობით დაბრუნებულ წვირმის მკვიდრს – ომინდე (იოანე) კორძაიას.
გავა დრო და ამ ჩანაწერის ავტორზეც იმავეს იტყვიან, გაუსაძლის ყინვასა და დიდთოვლობაში მთაში ჩარჩენილ საკენელებს სამშვიდობოს რომ გამოიყვანს, დალოცავენ, „გადამარჩინე, ჩემი ღმერთი ხარო“, – ემადლიერება ერთ-ერთი გადარჩენილი. ომინდე მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ქებას არ იმჩნევს, მაგრამ გული ჩუმი სიამაყით ევსება. „ასეთი სახელიანი იყავი ყოველთვისო“, – შეაქებს უფროსი ბიძა, რომელიც სრულიად შემთხვევით გაიგებს ძმისწულის სიმამაცის ამბავს. უბის წიგნაკში ყველაფერს დაწვრილებით ჩაინიშნავს და იქვე ყმაწვილური გულწრფელობით აღიარებს: „ეს ჩემთვის უდიდესი ჯილდო იყოო“. მაშინ არც კი უფიქრია, მის ჩანაწერებს ოდესმე ვინმე თუ წაიკითხავდა.
სულ თან დაატარებდა ამ უბის წიგნაკს, იწერდა ყველაფერს, რაც საჭიროდ მიაჩნდა, ზოგს – თავისას, ზოგს – სხვისას, ზოგს – მოსაგონრად, ზოგს კი უბრალოდ იმიტომ, რომ უცნაურად ეჩვენებოდა („უცნაური რამ იყო და ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე, დამეწერა“). ასე გროვდებოდა უბის წიგნაკში ამბები: თავს გადახდენილიცა და სხვისგან გაგონილიც, თავშესაქცევიცა და ტკივილიანიც, ჭირისა და ლხინის ამბები; გროვდებოდა ამბები ადამიანებზე, ამბები, სადაც კაცის ღმერთი კაცია, და ის ამბებიც, სადაც კაცს კაცისთვის უბედურება მოაქვს. როგორც ერთ სვანურ ანდაზაშია: ადამიანი ადამიანისათვის ტკივილიც არის და წამალიცო. ამ ადამიანური ტკივილისა და ამ ტკივილის წამლობის შესახებ ვკითხულობთ დღიურში.
უთქმელი კაცი ყოფილა. ოჯახში არავის სცოდნია, დღიურებს რომ წერდა. წერდა თავისთვის, უშუალოდ, გულწრფელად და შეულამაზებლად. მისი გარდაცვალების შემდეგ (ომინდე (იოანე) კორძაია 1986 წელს გარდაიცვალა) ოჯახის წევრებმა შემთხვევით იპოვეს უჯრაში დერმატინისყდიანი ძველი გაცრეცილი რვეულები, სადაც აღმოჩნდა დღიურები სვანურ ენაზე (ბალსზემოურ დიალექტზე), ნაწილი – მხედრულით, ნაწილი კი – ხუცური ანბანით ჩაწერილი.
მხედრულის სწავლა სკოლაში მოასწრო, მოასწრო იმიტომ, რომ სასწავლებელში ძალიან ცოტა ხანს უვლია, ცუდ დროში მომიწია ცხოვრებაო, – წერს. იფარის თემში, სოფელ წვირმიში დაბადებულა: „ადრე დავობლდი. დედაჩემი ისპანკამ მოკლა. მე მაშინ ექვსი წლისა ვყოფილვარ. ცუდი დრო ყოფილა. სასტიკი ჭირიანობა ბალახივით ცელავდა თურმე ხალხს. მიცვალებულის გამსვენებელი არ ყოფილა სოფელში. სოფლის მცხოვრებთა ნაწილი ტყესა და მთაში ყოფილა გახიზნული“ („ფეხშარლების ეკლესია“).
ხალხური ზღაპრის სიუჟეტივით იკითხება მისი ყრმობის ამბავი. სკოლაში რომ შეუყვანიათ, დედინაცვალს დაუჩემებია, სწავლაში დროს ნუ დავაკარგვინებთ, კარგი მუშაობა იცის და ოჯახს გამოადგებაო. არ დაუხანებიათ და სკოლიდან გამოუყვანიათ. არადა, ძალიან მოწადინებული მოწაფე ყოფილა…
მაგრამ გადის ხანი და, როგორც ჯადოსნურ ზღაპარშია ხოლმე, სასწაული ხდება: ბავშვი ოჯახის ეკლესიაში შედის და ორ დიდ ზანდუკს გადააწყდება, წიგნებით სავსე ზანდუკებს, სალტეებით შეკრულებსა და ბოქლომდადებულებს. ბოქლომების გასაღებს მამა ინახავდა, რამდენჯერმე ჩუმად გახსნაც უცდია, მაგრამ ვერ მორევია. ეტყობა უნდა დამდგარიყო შესაფერისი დრო, როცა ზანდუკებში დამალული საიდუმლო დღის სინათლეს იხილავდა. მაგრამ როდესაც კარგა ხნის შემდეგ მამამ ზანდუკში შენახული წიგნები გამოფინა, აღმოჩნდა, რომ ეს ჯერ კიდევ არ იყო საიდუმლოს გასაღები, რადგან წიგნები „ისე იყო დაწერილი, რომ ვერაფერს წაიკითხავდი“. ეს ნუსხა-ხუცურით დაწერილი წიგნები იყო, სახელოვანი წინაპრის – არქიმანდრიტ თეოფანეს (ბუბა თეოფანეს, – ასე იხსენიებს მას ავტორი) ნაქონი („ბუბა“ სვანურად „ბიძას“ ნიშნავს).
სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ნუსხა-ხუცურის შესწავლა. თუმცა იმ დროს ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა. სვანეთში ორი მღვდელი ეგულებოდა, რომლებმაც ხუცური იცოდნენ, მაგრამ იმ დროში მღვდლებს მთავრობისა ისე ეშინოდათ, რომ ეკლესიას სათოფეზეც არ ეკარებოდნენ. ამიტომ ვერც კი მოიხელთა ისინი და გადაწყვიტა ისევ თვითონ ესწავლა ხუცური ანბანი. „ეს შევძელი“, – სიამაყით წერს დღიურში და იქვე გვიხსნის, თუ როგორ მოახერხა სხვის დაუხმარებლად ანბანის სწავლა: „ბუბა თეოფანეს მიერ დატოვებულ ბევრ ქაღალდში ერია ერთი ფურცელი, სადაც ხუცური ასოებით ეწერა – წვირმის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მოძღვარი არქიმანდრიტი თეოფანე. ამ ფურცელზე ნივრით მიწებებული ჰქონდა მეორე ფურცელი, რომელზეც ჩვეულებრივი ასოებით ეწერა იგივე. ჯერ იმ ასოების კითხვა და წერა ვისწავლე, რაც ბუბას მიერ დატოვებულ ფურცელზე ეწერა. მერე ჩემით ვიგონებდი იმ სიტყვებს, რომელთა დაწერაც შეიძლებოდა ამ ასოებით. წიგნში ზოგიერთი სიტყვა ისეთი ეწერა, რომ თითქმის მთლიანად ამ ასოებისაგან შედგებოდა. განსხვავებული იყო ორი, ან სამი ასო. ასეთ ასოს მე ჩემით ვუმატებდი და გამოდიოდა სიტყვა. ვიმახსოვრებდი ამ ასოსაც და ასე ვისწავლე ხუცური წერა-კითხვა“ („ფეხშარლების ეკლესია“). ეს ამბები შამპოლიონის მიერ როზეტას ქვის ორენოვანი წარწერის ამოკითხვას ჰგავს.
მე-20 საუკუნის დასაწყისის მოღვაწის – არქიმანდრიტი თეოფანეს, სვანური გრამატიკის – „ლუშნუ ანბანის“ ერთ-ერთი თანაავტორის, სახელს არაერთხელ ვხვდებით ომინდე (იოანე) კორძაიას ჩანაწერებში. არქიმანდრიტი თეოფანე ორმოცი წლის განმავლობაში სოფელ წვირმის მაცხოვრის სამრევლო ეკლესიის მოძღვარი ყოფილა, მერე კი ახალი ეკლესიის მშენებლობა წამოუწყია („დაუსახლებელ ადგილას ააშენა ეკლესია, რომელსაც სვანები ფეხს ეძახიან“) და 1900 წლიდან თავის აშენებულ ეკლესიაში მუშაკობდა. ამ ეკლესიის აგების ისტორიის შესახებ უფრო დაწვრილებით კომენტარებში ვკითხულობთ, როგორ შეურჩევია ეკლესიის ასაშენებლად ადგილი ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძეს, როგორ დააპროექტეს ეკლესია და ა.შ. სვანეთში ერთ მთას დღესაც „თეოფანეს მთას“ ან „ბუბა თეოფანეს მთას“ ეძახიან.
გავიდა დრო და ომინდე კორძაიაც წინაპრის გზას დაადგა: მღვდლად ეკურთხა. ალბათ ზანდუკების მისტიკაც ერია ამ ყველაფერში. მისი მღვდლად კურთხევა სრულიად მოულოდნელად მომხდარა. საპატრიარქოში იმისათვის მისულა, რომ ეთქვა, თეოფანეს მიერ აგებულ ეკლესიაში წვიმა ჩამოდის და გადახურვა სჭირდებაო. ნაცნობ მღვდელს პატრიარქთან შეუყვანია. სწორედ პატრიარქთან – ილია II-სთან შეხვედრის ეპიზოდს იგონებს ერთ-ერთ ჩანაწერში – „ფეხშარლების ეკლესია“: „მე პატრიარქი ნახული არ მყავდა. რატომღაც მეგონა, რომ ძალიან მოხუცი უნდა ყოფილიყო, გრძელი თეთრი წვერით. აღმოჩნდა სრულიად ახალგაზრდა კაცი. ჭაღარა მარტო ახლად შერეული ჰქონდა. ძალიან ჭკვიანი და კრიალა თვალები ჰქონდა. როცა რამეს მეკითხებოდნენ, ჯერ მე შემხედავდა, მერე წინ გაიხედავდა და ასე ამთავრებდა შეკითხვას. როცა მე პასუხს ვცემდი, მაშინ ძალიან დაკვირვებით მიყურებდა და ყურადღებით მისმენდა. როცა შეატყო ჩემს ლაპარაკს, რომ მართლა შემტკიოდა გული ეკლესიაზე, მღვდლად მაკურთხა. თავისი ხელით ჩამაცვა ანაფორა. უფრო ბედნიერი დღე არ მქონია ჩემს სიცოცხლეში…“ ეს იყო 1979 წელს. 67 წლის ასაკში ომინდე კორძაია მამა იოანე გახდა.
ამ პერიოდიდან ფაქტობრივად წყდება კიდეც მისი ჩანაწერები. „ახლა უკვე მღვდელი ვარო“, – ამბობს კრებულში შესულ ბოლო მოგონებაში – „ჭვიბერში“, სადაც საერო ცხოვრების ერთ ეპიზოდს იხსენებს, ერთი კაცის სიკეთის ამბავს, და თავის მოგონებას ამ კეთილი კაცის ოჯახისა და მოდგმა-შთამომავლობის დალოცვით ამთავრებს. ჩანაწერებიც ისე მთავრდება, როგორც ზღაპარი: ჭირი იქა, ლხინი აქა…
მანამდე კი ჭირის ამბავიც ბევრია და ლხინისაც. სულ მართალი ამბებია, მძიმე წლების ამბები, ძირითადად მამაკაცებზე. მკითხველის თვალწინ კადრებივით გაიელვებს მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის სვანეთი, დიდი გაჭირვების წლები, ომამდე და ომის შემდეგ,მძიმე შრომა, ზრუნვა კერის გადასარჩენად, რომ „ოჯახი არ გადახრილიყო“, ზვავი, მეწყერი, უგზოობა და გაყინული ქალამნები, გზის მშენებლობა, ფათერაკიანი ოქროს მაძიებლები, „ლესპრომხოზის“ ისტორიები, დიდი ოჯახების გაყრა და სვანების ჩასახლება ყარჩაში (ყარაჩაი), ხატზე დაფიცება, ბალსზემოელთა და ბალსქვემოელთა ქიშპობა და შურისძიება, სვანური ზარი და სვანური ფერხული…
ავტორი საინტერესო ბიოგრაფიის კაცია. თითქმის ყველგან მოუწია მუშაობა, ყველა იმ სამუშაოზე სცადა ბედი (სატყეო მეურნეობაში, ოქროს წარმოებაში, გზის მშენებლობაზე…), სადაც საუკუნის დასაწყისში სვანეთის მკვიდრნი მუშაობდნენ. ის მარტო თვითმხილველი კი არა, მონაწილეცაა კრებულში თავმოყრილი ისტორიებისა: როგორ დადიოდნენ სეზონურ სამუშაოებზე, სვანები „საშოვარზე წასვლას“ რომ ეძახდნენ, როგორ ატყუებდნენ სვანებს სატყეო მეურნეობა „ლესპრომხოზში“, როგორ უცურდებოდათ სვანური ქალამნები სველ ბალახსა და ხავსზე და როგორ ნატრულობდნენ „რაბოჩი ჩექმებს“, რა ხდებოდა ოქროს წარმოებაში, როგორ ეძებდნენ ენგურში ოქროს, და როგორ შენდებოდა მესტია-ზუგდიდის გზა, რომლის მშენებლობაზეც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ და რომელსაც დიდი იმედით უყურებდნენ სვანები; სჯეროდათ, რომ ეს გზა „სვან კაცს ყოფას დაუბრუნებდა“: „ვმუშაობდი თითქმის ყველგან: ხუბერში, ბარჩაშში, თოთანში, ნოოდაშში, ლიჰაში, ეცერში, ლატალში და ლენჯერში, – ვკითხულობთ ჩანაწერებში, – ბევრი სიცივე, შიმშილი და გაჭირვება გადაიტანა ამ გზის მშენებლობაში მონაწილე ხალხმა, მათ შორის მეც. ეს მოსაყოლად არის ადვილი, თორემ გაკეთების დროს რაღაც ისეთ სიძნელეებს და დაბრკოლებებს ვაწყდებოდით, რომ კარგად მოყოლილიც ზღაპარი ეგონება კაცს“ („გზის მშენებლობა“).
დღიურის თხრობის სტილი არაერთგვაროვანია, ზოგჯერ – სალაღობო და სახუმარო, ზოგჯერ – დაძაბულობით დამუხტული, მაგრამ ყოველთვის – სადა და უბრალო, რაც კიდევ უფრო იზიდავს მკითხველს, რომელიც ცდილობს, ზუსტად ჩასწვდეს მთხრობელის ინტონაციებს, გაიზიაროს მისი სევდა თუ სიხარული. დოკუმენტური პროზის დანიშნულებაც ხომ ესაა, ნარატივის მიღმა დაფარული სათქმელი რომ ამოვიკითხოთ.
წიგნში 17 მოგონებაა შესული.
„კოკინაი“ – ამ სახუმარო ამბით იწყება კრებული „სვანური ამბები“. კოკინა ავტორის თეთრ ჯორს რქმევია, ლამაზსა და ავზნიანს. გახედნილი იყო, მაგრამ პატრონის გარდა ზურგზე არავის ისვამდა. ავტორი სიცილნარევი ტონით დაწვრილებით გვიყვება, როგორ მოაგებინა ჯორმა პატრონს სანაძლეო, თუმცა ამასობაში კინაღამ დიდ ხიფათს გადაჰკიდა პატრონიცა და სხვებიც. ამ ყველაფერს ავტორი ისე ცოცხლად გვიხატავს, რომ მკითხველს მაშინვე თვალწინ წარმოუდგება კოკინა – როგორ მიიწევს ყურებდაცქვეტილი და კბილებდაკრეჭილი თეთრი ჯორი დასაკბენად საქონლისკენ და ზოგჯერ – ადამიანებისკენაც.
ამ ხალისიან მოგონებას ნამდვილი დრამა ენაცვლება. „სვანები ასე მიიჩნევენ: ცუდს თუ გააკეთებ, ის შენ წინაც გაგიძღვება და უკანაც დაგედევნებაო. როდის მოხდა ეს ამბავი, მე არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს და ჩემს თავზეც ვიწვნიე ის, რაც ამ საქმეს მოჰყვა. მოუფიქრებელმა საქციელმა ორი გამოუცდელი კაცისა, ლამის სამუდამოდ გადაჰკიდა ერთმანეთს ბალსქვემოური და ბალსზემოური სვანეთი“ ,- ასე იწყება ჩანაწერი „მკვლელობა უმიზეზოდ“ და მკითხველს შესავალშივე იპყრობს ავისმომასწავებელი წინათგრძნობა. ეს ამბავი მუჟაბირთა და მუჩაბირთა (ბალსზემოელთა და ბალსქვემოელთა) ქიშპობაზე მოგვითხრობს, მაგრამ ეს არაა უბრალო ქიშპობის ამბავი. ეს არის ამბავი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთმა ვითომდა პატარა ადამიანურმა სისუსტემ ადამიანი ურჩხულად აქციოს და დიდი ტრაგედია დაატრიალოს.
ბალსზემოურელმა გ-მ ბალსქვემოურ სვანეთში ტყვიები ჩაიტანა გასაყიდად. ეს ნაბიჯი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მასპინძლის ოჯახიდან ორი ძმა დაედევნა, ტყეში დაიმარტოხელეს და მუხანათურად მოკლეს. საკუთარი ცოდვა გაამართლეს კიდეც: „მუჟაბირის მოკვლას არაფერი მოჰყვებაო“.
ამის შემდეგ იწყება უგზო-უკვლოდ დაკარგული გ-ს ძებნის ისტორია, დიდხანს ეძებენ ოჯახი და თანასოფლელები და ბოლოს უღრან ტყეში უპატრონოდ დაგდებულს იპოვიან. სტრიქონებს შორის ისმის ის დიდი სვანური ზარი, რომლითაც კრძალავენ მიცვალებულს. და ავბედითი წინათგრძნობაც ჩნდება: მთას თავისი წესები აქვს და მიცვალებულის დაკრძალვით ტრაგედია არ დასრულდება: „როცა სულის საქმეს მორჩნენ, მოიყარა თავი მოკლულის გვარმა, ასულ-ბადიშებმა, ახლო და გარე ნათესავებმა და დაიწყეს ბჭობა იმის შესახებ, თუ როგორ იძიონ შური. მოკლულის საგვარეულო სვანეთში განთქმული იყო როგორც კარგად შეკრული გვარი, ერთმანეთის ჯინის დამჭერი. ყოველთვის ჰყავდათ ძალიან კარგი ვაჟკაცები საიმედო ყველა საქმეში.“
თემში დიდი ბჭობა იწყება, თუ როგორი უნდა იყოს შურისძიება. ახალგაზრდები უფრო სასტიკნი და დაუნდობლები არიან. ბოლო სიტყვას გვარის უფროსი ამბობს – გვარის მახვში. ის შეკრებილთ გონიერებისკენ მოუწოდებს, რომ უდანაშაულოს სისხლი არ დაიღვაროს: „ღმერთმა დაგვიფაროს, უდანაშაულო ვინმე არ შემოგვაკვდესო.“
მკითხველი შეშფოთებულია. მღელვარება თანდათანობით მატულობს. თემი დიდი შურისძიებისთვის ემზადება. სისხლის ამღებებს ირჩევენ – ხუთ მაგარ ვაჟკაცს. შურისძიება კარგად დაგეგმილია: „დაიწყეს იარაღის შეძენაზე ზრუნვა. მალე იშოვეს. წავიდნენ დასავლეთით, მთლიანად ტყით იარეს და მიაღწიეს ლაბსყალამდე. აქ საგულდაგულოდ დაიმალნენ, ორმა ქალის ტანისამოსი ჩაიცვა და ჩავიდა იმ სათიბის სათავესთან, სადაც ორი კაცი მინდორს თიბავდა. მათი აზრით, ისინი უნდა ყოფილიყვნენ მკვლელები. ეკითხებოდნენ ყველა გამვლელ-გამომვლელს, ვინ არიანო ეს მთიბავები, სახელებიც გაიგეს და როცა დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად ისინი იყვნენ…“
დაძაბულობა კულმინაციას აღწევს. შურისმაძიებლები გარემოს ათვალიერებენ, არჩევენ იმ ადგილს, სადაც მკვლელებს უნდა ჩაუსაფრდნენ. შურისმაძიებელი ტყვიის გასროლის წინ ილოცებიან: „მულახის მთავარანგელოზო, დიდება შენ, თუ ჩვენგან ამათ მოკვლა ეკუთვნოდეთ, მოახვედრე ჩემი ნასროლი ტყვია, თუ არადა – ააცდინე“. ტყის შრიალში ბედისწერასავით გაისმის შურისმაძიებელთა ლოცვის ხმა.
დიდი შურისძიება ფინალი არ არის. ამის შემდეგ ახალი მორალური ტრაგედია იწყება. ეს ტრაგედია რაღაცით ორესტეს ტანჯვას ჰგავს, მკვლელობის ცოდვით დამძიმებულ გმირს ერინიები რომ დევნიან. მთის ხალხმა იცის, რომ სისხლის აღება სისხლის ამღებსაც ამძიმებს. ამიტომაც ჩაწერს დღიურში ავტორი: „სვანეთში ძველ ხალხს აქვს ნათქვამი, რომ კაცის მოკვლა ადამიანს ჯანს აცლის. ამას ისინიც ადასტურებენ, ვისაც შურისძიების მიზნით ან სირცხვილის გასტუმრების დროს განგებ ჰყავდათ კაცი მოკლული. ასეთ დროს მკვლელს მდევარი უფრო ადვილად დაეწევაო ხოლმე.“
ეს ათგვერდიანი მოგონება მთელი კაცობრიობის ვნებათაღელვას იტევს: ღალატი, მკვლელობის ცოდვა, შურისძიების სიმძიმე და შემდეგ დიდი შერიგების პროცესის დასაწყისი თავისი წესებით, ხატზე დაფიცებით, მედიატორების ჩარევით… ამბის ბოლოს უკიდურესად ტრაგიკული პერსონაჟი შემოდის – სისხლის ამღებთა მიერ მოკლული ძმების მამა, ბრძენი და ღირსეულ კაცი, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვენთვის კარგად ნაცნობ ლიტერატურულ პერსონაჟებს. მიუხედავად დიდი ტკივილისა, ის ცდილობს, არ დაკარგოს მკაცრი და სამართლიანი განსჯის უნარი: „ჩემი ახალგაზრდა და ცხოვრების ნაკლებად მცოდნე უბედური შვილების დაუფიქრებელმა საქციელმა დაღუპა კაცი, დააობლა ოჯახი, დიდი წვალება და გარჯა შეამთხვია მთელ სოფელს, რომელიც რამდენიმე დღე ტყე-ღრეში ეძებდა მოკლულის ცხედარს…“ და მკითხველიც ამ ამბის მონაწილეებთან ერთად სუნთქვაშეკრული ელოდება ცხოვრებისაგან ნატანჯი მამის განაჩენს.
ამ ამბავზე ერთი დიდი რომანი დაიწერებოდა, რომანი, რომელიც გაგვაოცებდა მწერლის წარმოსახვის უნარითა და ფიქრის სიღრმით. არადა, ნამდვილი ამბავია.
ომინდე (იოანე) კორძაიას დღიურები მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის სვანეთის ცხოვრებას ასახავს. საყურადღებოა ჩანაწერები ისტორიულ პირებზე. მაგალითად, აქ არის ამბავი იმაზე, თუ როგორ ჩასულა ფილიპე მახარაძე ნაწისქვილარში გზის დამთავრების აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე და როგორ არ მოსწონებიათ ის სვანებს და ა.შ. ისტორიული ფაქტების გარდა, უბრალო ადამიანების ყოფაც არანაკლებ საინტერესოა. მკითხველის თვალწინ ცოცხლდება საუკუნის დასაწყისის სკოლა სვანეთში, როგორ თამაშობენ ბიჭები შესვენებაზე ჭერში ჩამოკიდებული ქუდის ფეხით ჩამოგდებობანას, როგორ იპარავენ ღორს სკოლის გამოსაშვები ქეიფისათვის და როგორ მღერიან (თავად ჩანაწერების ავტორი სვანეთში ცნობილი მოზარე ყოფილა). აქ შეხვდებით მთელ სვანეთში ცნობილ ყაჩაღ პეტრეს, აქ არის ბადრაგს გამოქცეული არტენი, 19 კილომეტრი თოვლში ფეხშიშველმა რომ გამოიარა, აქ ყველა პერსონაჟი რეალურია, ზოგი ჭკვიანი და ზოგიც -„ნაჰულ“ (როგორც განმარტებულია – „გადახრილი“).
ავტორს გარემოს ფაქიზი აღქმა აქვს, ნამდვილი ბუნების შვილისა. გვიამბობს უპატრონოდ დარჩენილ გაველურებულ ძაღლებზე, მსჯელობს, რატომ იქცევიან უცნაურად ხარები, აღწერს ზვავში ჩარჩენილი და გაყინული არჩვის ამბავს, მცირე დეტალებსაც კი ყურადღებას აქცევს: „მყინვარზე მივდიოდით, საქონელს ჩლიქები და ფოლები დაურბილდა და გაუკრიალდაო“, – წერს ერთგან („ყარჩა“) და მერე თანაგრძნობით გვიყვება, როგორ უჭირს დარბილებული ჩლიქებით ქვებზე სიარული პირუტყვს.
ომინდე (იოანე) კორძაია ადგილობრივი წეს-ჩვეულებების კარგი მცოდნეა და გულდასმით აღწერს სვანურ ადათებს: აღწერილია ხატზე დაფიცების რიტუალი („ცუდუბრალოდ ხატზე არავინ დაიფიცებდა“), სტუმარმასპინძლობის, სისხლის აღების, სირცხვილის გასტუმრებისა და სხვა გვაროვნული ტრადიციები. ეთნოგრაფებისთვის ამ ჩანაწერებიდან საყურადღებო მასალა ამოიკრიფება.
დღიურიდან ბალსზემოური სვანური თემის ყოფითი და სოციალური ჩვევების შესახებაც ბევრს ვიგებთ: როგორაა აგებული ურთიერთობები გვარისა და ოჯახის წევრებს შორის, როგორია უფროს-უმცროსის დამოკიდებულება, როგორ იქცევიან შინ თუ გარეთ. აი, ერთი მაგალითი: სამუშაოზე მიმავალთ თავისი წესები ჰქონდათ: ჯერ ყველაზე ხნიერის საგზალს შეჭამდნენ, რომ ტვირთი მალე შემსუბუქებოდა.
ტექსტში პარემიოლოგიური ფონდისთვის საინტერესო მასალაც იძებნება. მთხრობელი უხვად იყენებს სვანურ ანდაზებს: „ღარიბ ოჯახში მოზვერი ადრე იხედნებაო“ (გვ. 41), „ისეთ დიდ სადარდელს მოგცემ, რომ წინა დარდი სულ დაგავიწყდესო – ასე უთხრაო ღმერთმა დამწუხრებულ კაცს“ (გვ. 52), „გაჭირვება ადამიანს ნედლ ძნას გაალეწვინებსო“ (გვ. 80), „ყველაფრისთვის მტერიც არ იმეტებს მტერსო“ (გვ.15), „ორი სკვინჩა ჩიტი სხვის დერეფანზე გამოფენილი მარცვლის გამო ჩხუბობდაო“ (გვ. 107) და ა.შ.
„ჰამბავი – „ნაქმართ თხრობა… ნაქმართ საქმეთა მბობა“, – ასეა განმარტებული ეს სიტყვა სულხან-საბას „სიტყვის კონაში“. ამ მოგონებათა კრებულშიც სწორედ ჩვენს წინამორბედთა „ნაქმარი საქმენია“ მოთხრობილი, 1920-1960-იანი წლების სვანეთის დოკუმენტური ისტორია. ალბათ ამიტომაც უწოდეს კრებულს „სვანური ამბები“.
„სვანური ამბები“ 2016 წლის გაზაფხულზე ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა. წიგნის გამოცემა მუზეუმის დირექტორის – ლაშა ბაქრაძის იდეა იყო, რათა ეს საინტერესო წყარო, დღიურები – ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმე ჩვენი ისტორიისა, – მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომი გამხდარიყო. ტექსტი სვანურიდან ქართულად თარგმნა არსენ კორძაიამ. მთარგმნელს ეკუთვნის თანდართული კომენტარებიც. სხვათა შორის, არსენ კორძაია არის ასევე ავტორი კრებულისა – „სვანური ანდაზები“, რომელიც 2000 წელს გამოიცა. სამომავლოდ დღიურების დედანიც თუ დაიბეჭდება, ენათმეცნიერებისთვის ეს ფასეული იქნებოდა. „სვანური ამბების“ რედაქტორია ანა კორძაია-სამადაშვილი. წიგნში გამოყენებული ფოტომასალა ძირითადად 1929 წლითაა დათარიღებული და ცნობილ გეოგრაფსა და გლაციოლოგს – უილიამ ოზგუდ ფილდს ეკუთვნის, რომელმაც 30-იან წლებში იმოგზაურა კავკასიაში. აქ არის ენგურში ლოდზე მდგარი კოშკი კალა-იფარის გზაზე, ეკლესიაში დაცული ჭედური ხატებისა და ხელნაწერების ფოტოები, ცხენზე ამხედრებული თავადი მურზაყან დადიშკილიანი ხაიში-მესტიის გზაზე 1929 წელს, მგზავრების გადასვლა უღელტეხილზე, ლხინი თავისუფალ სვანეთში და სხვა უნიკალური კადრები სვანეთის ცხოვრებიდან.
P.S. ზემოთ ავტორის შესახებ აღვნიშნეთ: უთქმელი კაცი ყოფილა, ოჯახში არავის სცოდნია, რომ დღიურებს წერდა, თავისთვის წერდაო; მაგრამ არც ეგრე ყოფილა საქმე, თურმე წვირმის მკვიდრი ომინდე (იოანე) კორძაია ჩვენთვის, ჩვენი ისტორიისთვის წერდა.
© არილი