ვენერა და ბოტიჩელი
საღამოხანს ქარი ამოიჭრა, მოყარა ღრუბელი და მალე კოკისპირულმა წვიმამაც დაუშვა. ვერ იტყვის კაცი, პრესტიჟულ უბანში პრესტიჟულად წვიმდა და არაპრესტიჟულში – არაპრესტიჟულადო.
ორივეგან ერთნაირად უთქაფუნებდა. ერთნაირად რეცხავდა თქეში აქეთ ელიტარული რესტორნის, იქით კი მამა-პაპური სახინკლის მინებს. ერთნაირად უშხაპუნებდა სახურავებს, რაფებს, კიბეებს, ასფალტს… ერთნაირად ლუმპავდა ჭადრებსა და ბზის ბუჩქებს.
პრესტიჟულ უბანში სოლიდური მამაკაცი სოლიდურ სავარძელში ჩაფლულიყო და ამ უეცარ, ნაჩქარევ თქეშზე ფიქრობდა. ფიქრობდა და საგანგებო სესიას ამსგავსებდა. ქარის დაბერვა… ღრუბლების უცებ შეყრა… თქეში… კენჭისყრა… კონსტიტუცია… მუხლები…
ახლა სხვა მუხლებზე წამოეფიქრა. წაცურდა ოცნებებში ბრასით… ბატერფლაით… ბაყაყურით. მერე სულაც, ძალიან ღრმად ჩაყვინთა… ჩაიძირა…
ტელეფონს სატრფოს ხელივით ნაზად დასწვდა და პრესტიჟული უბნიდან არაპრესტიჟულში ზარმა გაიწკრიალა.
– ალო!
– ირმა… მე ვარ, სიცოცხლე…
– დიახ. კი.
– წვიმს მანდაც?
– კი… დიახ.
– არ მოგენატრე? არ შევხვდეთ?
– რატო ჩურჩულებთ?
– კარგი, კარგი პაატა. შეგეხმიანები ცოტა ხანში. სპასიბა, ძმაო.
წვიმდა კოკისპირულად. პირდაპირ და მიკიბ-მოკიბვის გარეშე.
ცოტა ხანში:
– ალო. ირმა, მე ვარ ისევ…
– რას ამბობდით, რა პაატაო?..
– რა ბავშვი ხარ, ვგიჟდები! ჩემი ცოლი შემოვიდა.
– აა. მერე რა?
– ჰმ. მერე რაო… შენი ნახვა მინდა, ირმუშკი. გინდა რესტორანში დაგპატიჟო?
– რესტორანში?
– ჰო. იცი, ამ წვიმაში რა კარგი იქნება?
– რა ვიცი.
– წავიდეთ?
– რა ვიცი. ნამცხვარს ვაცხობ ეხლა და…
– მაგ ნამცხვრების ცხობა-გაყიდვა შენი საქმე არაა, ჩემო სიცოცხლე..
– აბა?
– აბა და კარგ რესტორანში უნდა იჯდე და იქით უნდა უკვეთავდე ნაირ-ნაირ ნამცხვარს. გამოპრანჭული. ფეხი-ფეხზე შემოდებული. ფეხი გაკლია, თუ…
– ხელი!! გაგლახავ იცოდე!
– რაო?
– ჩემ ძმას ვეუბნები… თქვენ არა. კრემს ჭამდა და…
– თქვენობით რატომ მელაპარაკები, ირმა, გულს მტკენ… დაიკოც გყავს, პატარა, ხო?
– კი, ეთუნა.
– მოკლედ, ჩაიცვი ახლა და ნახევარ საათში მანდ ვარ.
– ვერ დავტოვებ…
– ნამცხვარს?
– ბავშვებს. ნამცხვარს კი მოვრჩები უკვე…
– მმმ… დაუტოვე ვინმეს… მეზობელს…
– არ დარჩებიან ესენი სხვასთან. ჩემზე არიან მოწეპებული.
– მაგას არც მე დავიწუნებდი…
– გცემ, იცოდე, შაკო! მაცადე ლაპარაკი! მოშორდი მაგას!
– ალო!
– ალო. დიახ.
– მოკლედ, უთხარი შაკოს, წავალ ახლა და მაგარ კომპიუტერს მოგიტან-თქო…
– არ უყვარს ამას მაგი…
– არა? შენც, რაც უყვარს, იმას დაპირდი. ორივეს. ბიჭსაც და გოგოსაც.
– მართლა?
– აბა?! რა უყვართ, მითხარი…
– ეთუნას უყვარს…
– ჰო. თქვი, ნუ გერიდება.
– თბილი პალტო…
– ჰოდა, შევიაროთ და… შაკოს რა უყვარს?
– შაკოს… თბილი ბათინკი…
– თქვი, მერე ჩემო სიცოცხლე! შენ თქვი და! ჩემი ტყუილი კაცს არ უნახავს ჯერ! მე რომ კაცს დავპირდები… მით უფრო, – ქალს…
წვიმდა. უტყუარად, ალალმართლად უშხაპუნებდა…
სწორედ ამ დროს არაპრესტიჟულივე უბნის ერთი სახინკლიდან ახალგაზრდა გამოვიდა. პილპილმოყრილი ხინკლით რისკიანად დანაყრებული, შეხურებული და ჯიბედაცარიელებული. მერე რა! აგერ, მისი შინდისფერი, 80-იანი წლების “ჟიგული”, ზედ ტაქსის ნიშნით. წავა. გაუყვება ნელ-ნელა გალუმპულ ქუჩებს. ტაქსია რა! ჩაჯდება ვინმე. ძმაო, ერთი იქით წამიყვანე… და გაჩნდება ორი კაპიკი! იქნება რა, რამე იქნება!
წამოიწია ქურთუკის საყელო, მიირბინა მანქანასთან, ჩაჯდა და გაუყვა დანიაღვრებულ ასფალტს.
ო, რას წვიმდა!
პრესტიჟულ უბანში სოლიდური მამაკაცი ცოლს სოლიდურად დაეთხოვა, პაატას ვითომგამოისობით და არაპრესტიჟულისკენ გაასრიალა ვერცხლისფერი “მერსედესი”. იქით, სადაც გოგომ წინსაფარი ლურსმანს მიაკიდა, გადაიცვა რაც უკეთესი ებადა, აიკრა თმა და ფანჯარასთან დადგა.
– მართლა მომიტან თბილ პალტოს?
– მართლა, ჰო.
– მეც? მართლა მომიტან ბატინკებს?
– ჰო. ჰო. ესე თქვა და…
– ვინ?
– ვინც. არაა შენი საქმე.
– კამფეტიც უთხარი.
– და ბარბი!
– ცოლად მოგიყვანს? – ეკითხება შაკო.
– ხო, აბა?! კარი არავის გაუღოთ.
– აუ, რა ბედნიერი ხაარ!.. – ლოყას ხელისგულზე ჩამოდებს ბიჭი.
– რატო, ვითომ?
– მანქანით რო იკატავებ…
წვიმდა…
წვიმდა…
სიგნალის შემპარავი ხმა გაისმა.
გოგო კიბეზე ჩარბოდა. თან რაღაც არ სიამოვნებდა. ეუცხოვებოდა რაღაც.
– კამფეტები უთხარი!
– ხო, კარგი, კარგი. ჩაკეტეთ კარი.
– და ბარბი!!
– ნამცხვარი არ შეჭამოთ! ჩასაბარებელია დილით…
– არ შევჭამთ…
წვიმს.
წვიმს.
შინდისფერი ტაქსი ელიტარულ რესტორანთან შეჩერდა. რა იცი, რა ხდება ასეთ თქეშში… ვინ სად მიდის… ვის რა უნდა. მდიდარი ხალხია. ფული არ ენანება.
ცხელი სახინკლის სიამეს ჯერ არ გაევლო. აღარ ციოდა. ახლა რამე ლამაზ თავგადასავალზე ოცნებაც შეიძლებოდა…
გვერდით ვერცხლისფერი მერსედესი შემოუსრიალდა. წვიმით ჩამონარეცხ მინებს იქით გოგო დაინახა. იქით – ფრიად სოლიდური მამაკაცი. საუბრობენ. “ნეტა რაზე?.. პრინციპში, რა ჩემი საქმეა…”
წვიმდა.
წვიმდა.
ვერცხლისფერ მერსედესში:
– ამ რესტორანში მივდივართ? – გოგო ოდნავ აბუზული, ოდნავ შეშინებული გასცქერის აბრჭყვიალებულ მინებს.
– არა. აქ არა. აქ ეხლა, მე უნდა ავიდე ცოტა ხნით. ალიბისათვის.
– რისთვის?
– ა-ლი-ბი-სთვის. აქ ეხლა პაატა ქეიფობს. ჩემი ძმაკაცი. ავალ ცოტა ხნით. გამიგე? გამიგე სიცოცხლე? ალიბი იცი რა არის? არ იცი. შენ იცი ის… ნაპალეონი… ჩიტის რძე…
– მალე მოხვალთ?.. მოხვალ?
– სულ მალე. რამე რო იყოს, პაატა იტყვის, ჩემთან იყოო, რა!
– მერე რა?
– მოკლედ, აი შენ, მაგნიტოფონს ჩაგირთავ. აჰა, შენ ჟურნალები… გამოვალ და წავალთ. ამაზე უკეთეს რესტორანში.
– პალტო და ბათ… – წამოცდა გოგოს. გაწითლდა.
– რაზეა ლაპარაკი! ყველაფერი იქნება…
წვიმდა…
წვიმდა…
რეცხავდა ტყუილს და მართალს…
ხინკლის სიამე ნელ-ნელა ქრებოდა. არც ლამაზი თავგადასავალი ჩანდა.
ტაქსისტი, – იგივე სანდრო, – იგივე ერთ დროს მხატვარი, – საზურგეს გადააწვა და სიგარეტი გააბოლა.
წინ რესტორანი ბრჭყვიალებდა, როგორც ხომალდი ღამეულ ზღვაში.
– “თითქოს მიცურავს” – გაიფიქრა…
ამ დროს მანქანის კარის რბილი ჯახუნი მოესმა. მოიხედა. ვერცხლისფერ “მერსედესში” გოგო მარტო დარჩა. კაცი რესტორანში შევიდა. სოლიდურად.
გოგოს ლამაზი პროფილი და აკეცილი ბულულა თმა აკვარელის გადარეცხილი ნახატივით მოჩანდა წვიმიან მინებს იქით.
წვიმდა.
იქ, გაჩახჩახებულ რესტორანში კი:
– ვააა, ვინც მოსულა, გაუმარჯოს! ვერ მოვალო, და…
– მე და, ჩემს პაატასთან ვერ მივიდე?!
– აგაშენა ღმერთმა! ბატონებო, ბატონი მალხაზი შემოგვიერთდა და…
– ცოტა ხნით, პაატას ვენაცვალე… ცოტა ხნით, სამწუხაროდ გადაუდებელი საქმე მაქვს. მელოდებიან.
ეგეთებში გამოცდილი პაატა დაბალ ხმაზე ეუბნება:
– ვინ გელოდება, შე გოთვერანო…
– ერთია…
– რატო მერე? ორი ყოფილიყო შე კაცო. გეფიქრა, ძმაო ძმაკაცზე. გაგეკეთებინა პრეზენტი! კარგი, დაჯე, დაჯე, მოიცდის ვიღაცა. აბა, ბატონებო… და ა.შ.
წვიმდა…
“ერთი საათი მაინც იქნება, რაც მარტო ზის ეს ჭუკი…” – ფიქრობდა მხატვარყოფილი ტაქსისტი 80-იანი წლების “ჟიგულში”.
“ცოდოა ეს კაი გოგო. ძაანაც აზრზე ვარ ეხლა, მანდ რა პონტიცაა…”
“პრინციპში, რა ჩემი საქმეა, ტო…”
“ჰმ! როგორ ზის?.. გამომწყვდეული ჩიტივით”.
“ეეე. გაფრინდი, ჩიტო, სანამ ლამაზი ხარ. შენ ამათი გალიის არა ხარ”.
“რას ვახურებ, ეხლა. პრინციპში, მე რა! იცის რაა ბიძამ, რა და როგორ…”
“აუ, რას წვიმს?”
“ისე, ბიძამ კი იცის თავისი საქმე, მაგრამ ამან?! ნახე, ნახე, როგორ ზის… ნეტა რა ფიქრები მოუდის ეხლა იმ ჩურჩუტა თავში?..”
“ჯერ, ეტყობა, არაფერია… არაფერი არა აქვთ ჯერ. რამე რო იყოს, გამოზმანავდა უკვე. ჯერ ვერ უყიდია ბიძას…”
“აუ, დაიხუთა, რაღაც…”
მინა ჩამოსწია. ერთმაგ მინაში უკეთ დაინახა გოგო. მერსედესში მორჩილად, უთავმოყვარეოდ მომლოდინე.
“შაჭყალი!.. ეხლა ავდგები და… გავუღიმებ, როცა მოიხედავს”…
და გაუღიმა. გოგო დაიბნა და იქით მიიხედა.
“ჰმ! შერჩხვა!.. ისე, გემოვნება კარგი გქონია, ბიძაჩემო. ბოტიჩელის ვენერა გინდა დაითრიო? ბოტიჩელის ვენერა გინდა იყიდო, ჯიგარო? მაგრამ, ეგ რო შეუფასებელია, ჩემი ძმა? რო არ იყიდება?..
საიდანღაც, ცელოფანწაფარებული დედაკაცი გაჩნდა.
– დამეხმარე, შვილო…
რას დაეხმარებოდა. სახინკლეში ამოიტრიალა ჯიბე.
დედაკაცი ახლა მერსედესს მიადგა. მიუკაკუნა.
– დამეხმარე, გენაცვალე…
გოგომ რის ვაივაგლახით მიაგნო და მინა ჩამოსწია. დედაკაცს ხელისგულზე ხურდა დაუდო. ისიც ბურტყუნ-ბურტყუნით წაფრატუნდა.
ახლა მხოლოდ წვიმაღა ედგათ შუაში. ორივე მინა ჩამოწეული იყო.
ადგა და, ისევ გაუღიმა გოგოს.
– მე თქვენ არ გიცნობთ… – მოესმა წვიმის იქიდან.
– იმას ხო იცნობ, იმას… – თავი რესტორნისკენ აუქნია ვაჟმა.
“უნდა მოვტეხო აქედან. უნდა მოვტეხო… ვენერა – ბოტიჩელის. მერსედესი – ბიძას. მაგის…”
გოგო ამდენი ლოდინისგან საკმაოდ დაღლილი ჩანდა.
– ტაქსი ხომ არ გჭირდება? – გასძახა ვაჟმა შინდისფერი “ჟიგულიდან”.
– მე?! – გაუკვირდა გოგოს.
– შენ, შენ! შენ გჭირდება, თუ გჭირდება! სახლში წასვლა არ გინდა?
– სახლში?! – გოგოს სახე გამოუცოცხლდა. ამ თამაშის ენა თითქოს, უცებ გაიგო.
– მინდა! მინდა სახლში!
– მერე? აგერ, ბატონო, ტაქსი!
“უნდა მოვტეხო აქედან. უნდა მოვტეხო… ეგრე არაა, ბიძაჩემო, ვენერები ეგრე დააიაფოთ… სიყვარულის ქალღმერთია ეგ… ბოზობის და ახვრობის კი არა…”
გოგო აწრიალდა. აფორიაქდა. გასაფრენად მზად იყო.
შინ! თავის სუფთა, მყუდრო ბუდისკენ… მაგრამ ოდნავ ფეხს ითრევდა.
“მანქანის ფიქრი აქვს” – მიხვდა ვაჟი.
– გადმოდი და ეგრე დატოვე! მიხედავენ, შენ ნუ გეშინია.
– მართლა?
– მართლა, მართლა! ჰა, დროზე ეხლა! მოხიე მანდედან!
და გოგომაც “მოხია”. გადმოფრთხიალდა ვერცხლისფრად მოელვარე გალიიდან და…
რამდენიმე წამში მდინარედ ქცეულ ქუჩაზე მიშხრიალებდნენ…
– შენ… თქვენ…
– მე ვარ სანდრო ბოტიჩელი.
– ბოტი… ვინ?
– ვაჟს გაეცინა.
– არა, სანდრო კი ვარ, მაგრამ ბოტიჩელი არა, რათქმაუნდა, შენ რა ყველაფერი გჯერა, ტო…
– რატო…
– შენი სახელი შეგიძლია არ მითხრა. ისედაც ვიცი. ვენერა გქვია.
– ვენერა?.. არა. ვენერა დედაჩემს ერქვა… მე ირმა მქვია…
– ირმა არა, ის… ვენერა ხარ შენ, გაიგე? ვე-ნე-რა…
წვიმდა…
წვიმდა…
– აქ გააჩერე, – თქვა გოგომ.
მანქანის გაჩერების ხმაზე ფანჯარას ბავშვები მოაწყდნენ.
– ეგე, ჩემი და და ძმა!.. მე მელოდებიან.
– გინდა, მანქანით ვაგრიალოთ?
– მართ… მართლა?!!
– მართლა, ჰო… ადი, ჩამოიყვანე. ბენზინი ბლომად მისხია…
გოგო კიბეზე არბოდა. ფრთაშესხმული.
“არ მინდა იმისი არაფერი…
არც პალტო… არც ბათინკი…”
წვიმდა და არცერთი წვეთი არ ერია ტყუილი.
ნაღდად წვიმდა… ძალიან ნამდვილად…
© ”არილი”