Uncategorized

თარგმანის შესახებ თანამედროვე საქართველოში

arili mtargmnelobiti copy

არ მახსოვს, სად წავიკითხე, ჩვენს ეპოქას თარგმანის საუკუნე უწოდესო. შესაძლოა სხვა ქვეყნებში ეს ეპოქა დიდი ხანია დადგა, ჩვენთან კი ჯერ ისევ კუს ნაბიჯებით მიიზლაზნება. მართალია, ბოლო რამდენიმე წელია ვითარება შედარებით გამოცოცხლდა, მაგრამ ფაქტია, რომ XXI საუკუნეში ქართულ ენაზე მსოფლიო ლიტერატურული საგანძურის ბევრი ნიმუში არ გვაქვს. მიზეზი უამრავია. პირველი და ყველაზე მთავარი – კარგი მთარგმნელების სიმწირე, რომელთა რაოდენობის ზრდას არსებული ვითარება ხელს ნამდვილად არ უწყობს. ამ პროფესიის წარმომადგენლებს დალხენილი ცხოვრება არსად აქვთ, მაგრამ ქართულ სინამდვილეში მათი ყოფა განსაკუთრებით რთულია. არადა, მხრებზე უზარმაზარი პასუხისმგებლობა აწევთ – მკითხველის ზიარება სხვა ქვეყნის კულტურულ და სააზროვნო სივრცესთან. ვახუშტი კოტეტიშვილი ამ ურთულესი მისიის ოსტატურად შესრულებას სასწაულს ადარებს, სასწაულის მოხდენა კი მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს შეუძლიათ. ყველა ჯადოქარი ვერ იქნება, ამიტომაცაა, რომ მთარგმნელის ხელობა-ხელოსნობაზე მიმდინარე დისკუსიები თითიდან გამოწოვილი მეჩვენება: ზოგი ხელოვანია, ზოგიც – ხელოსანი (მათივე შესაძლებლობიდან გამომდინარე). გაცილებით მნიშვნელოვანი ის პრობლემებია, რაც ამ სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ. რა უჭირთ ქართველ მთარგმნელებს, რა უშლით ხელს მუშაობაში, როგორ აფასებენ ამ სფეროში არსებულ ვითარებას და სად ხედავენ გამოსავალს – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხზე სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ისაუბრებენ.

ნანა კობაიძე

 

1. უპირველესად, მთარგმნელობით სფეროში ბოლო 20 წელიწადში მიმდინარე პროცესები გავაანალიზოთ – რა გვქონდა და რა გვაქვს. რა შეიცვალა სასიკეთოდ ბოლო წლებში და რაში ხედავთ ამის მიზეზებს?

2. მთარგმნელის საქმიანობა მეტწილად გამომცემლობებზეა დამოკიდებული. სათარგმნ ლიტერატურას ძირითადად ისინი განსაზღვრავენ. კარგია, როდესაც გამომცემლის არჩევანი და მთარგმნელის სურვილი ემთხვევა, თუმცა ეს ალბათ ყოველთვის ასე არ არის. რა ბერკეტები აქვს მთარგმნელს საკუთარი შემოქმედებითი გეგმების განსახორციელებლად – ვგულისხმობ მაღალი მხატვრული ღირებულების ტექსტების თარგმნას, რომელიც შესაძლოა გამომცემლისთვის კომერციულად არ იყოს მომგებიანი?

3. რას ნიშნავს პირადად თქვენთვის “კარგი თარგმანის” ცნება? რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს თარგმანი?

4. წლების განმავლობაში ლაპარაკია მთარგმნელობით სფეროში ერთიანი კონცეფციის არქონაზე, იმაზე, რომ უნდა არსებობდეს მთარგმნელთა გაერთიანება, ერთგვარი ჰამქარი, რომელიც ამ მიმართულებით გარკვეულ პოლიტიკას შეიმუშავებს და პრიორიტეტებსაც განსაზღვრავს. რამდენად მისაღებია თქვენთვის მსგავსი ინიციატივა? ვინ უნდა აიღოს საკუთარ თავზე ამ პროექტის განხორციელება?

5. ახდენენ თუ არა რაიმე სახის გავლენას ახალი თარგმანები თანამედროვე ქართული ენის განვითარებაზე და რა თვალსაზრისით? შეგიძლიათ დაასახელოთ კონკრეტული მაგალითები?

6. შეგიძლიათ დაასახელოთ წიგნები, რომლებიც არ გვაქვს და აუცილებლად უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე?

7. მთელ რიგ ქვეყნებში სახელმწიფო თავის მოვალეობად მიიჩნევს მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელებისთვის გარკვეული ფორმით დახმარებას – იქნება ეს სხვადახვა სტიპენდია, ფონდი თუ თარგმანის დაფინანსება. ჩვენთან რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით? არის თუ არა დღეს მთარგმნელობა ის საქმიანობა, რომლითაც პროფესიონალი თავის რჩენას შეძლებს?

8. თარგმანი და საავტორო უფლებები – ეს საკითხი ოციოდე წლის წინათ ნაკლებად იყო აქტუალური, დღეს კი ის ამ სფეროს აუცილებელ შემადგენლად იქცა. წამყვანი ქართული გამომცემლობები საავტორო უფლებებსაც ყიდულობენ და მთარგმნელებთანაც აფორმებენ ოფიციალურ ხელშეკრულებებს, თუმცა, ამის მიუხედავად, ამ თვალსაზრისით ვითარება არცთუ სახარბიელოა. მთარგმნელთა უმეტესობა ცუდად ერკვევა საკუთარ უფლებებში და არც გამომცემლობებისთვის საკუთარი პირობების წასაყენებლად არის მზად. აღარაფერს ვამბობ ჰონორარზე, რომელიც ხშირად არაადეკვატურია ან დიდი ხნით იგვიანებს. რაში ხედავთ ამ პრობლემის მოგვარების გზას?

9. მთარგმნელთა ახალი თაობა – რა პერსპექტივებია ამ თვალსაზრისით და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ უახლოეს წლებში სხვადასხვა ენებიდან (მათ შორის, ე.წ. “მცირე” ენებიდან) მთარგმნელთა ღირსეული ცვლა მივიღოთ?

10. რას ფიქრობთ თარგმანის კრიტიკაზე, როგორც ლიტერატურული კრიტიკის აუცილებელ მიმართულებაზე? რამდენად სასარგებლოა მხატვრული თარგმანის სტრუქტურირებული, დასაბუთებული კრიტიკა თარგმანის ხარისხის გაუმჯობესებისთვის?

 

მაია ბადრიძე, მთარგმნელი

1. რასაკვირველია, ვითარება უკეთესობისკენაა შეცვლილი. 90-იანი წლები ყველაზე მძიმე, კრიტიკული პერიოდი იყო, როდესაც გამომცემლობები სახლებში იხსნებოდა. ამ სფეროში მხოლოდ ენთუზიასტები მიდიოდნენ. ხარისხს რაც შეეხება, როგორც ყველა ეპოქაში – სხვადასხვაგვარია, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ პროცესები მიმდინარეობს, უკვე საინტერესოა. ძალიან ხშირი და ინტენსიური ურთიერთობა მაქვს ჩემს ევროპელ კოლეგებთან და ვხედავ, როგორ მუშაობენ გამომცემლობები. გასაგებია, რომ მიზეზთა გამო ქართულ სივრცეში იგივე ვერ მოხდება. გერმანიაში მსხვილი გამომცემლობები გარკვეულწილად მკითხველსა და ბაზარზეა ორიენტირებული და ეს გასაგებიცაა – მათ თავი უნდა ირჩინონ, მაგრამ მე არ ვიცი, რას ნიშნავს მკითხველზე ორიენტაცია საქართველოში, რა ტიპის ჯგუფები შეიძლება გამოიყოს? ეს არის სივრცე, სადაც პროგნოზირება ძალიან რთულია და ვერც შედეგებს გათვლი. ჩემთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მუზილის “უთვისებო კაცი”, რომელიც ურთულესი ტექსტია და გერმანულენოვან ქვეყნებშიც კი ნაკლებად ეტანებიან, საქართველოში წაიკითხეს და გარკვეულ წრეებში განხილვის თემადაც იქცა. ასევე მოულოდნელი იყო მკითხველის რეაქცია იუნგის წინგზე – “პასუხი იობს”, რომელიც ძალიან სწრაფად გაიყიდა. მუზილი და იუნგი ძალიან კარგია, მაგრამ აუცილებელია თანამედროვე ავტორთა თარგმნა თუნდაც იმიტომ, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების კურსში ვიყოთ. თუმცა იმხელა წყვეტაა ჩვენსა და მათ არათუ ლიტერატურულ, ზოგადად, კულტუროლოგიურ და ყოფით გამოცდილებას შორის, დარწმუნებული არ ვარ, წაიკითხავენ თუ არა.

2. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ევროპელ კოლეგებზე უკეთ ვგრძნობ თავს. მათთვისაც პრობლემაა გამომცემლის დარწმუნება ამა თუ იმ ავტორის თარგმნის აუცილებლობაში. მე ის ბედნიერი გამონაკლისი ვარ, რომლის გადაწყვეტილებას გამომცემელი სიხარულით ეთანხმება. ერთადერთი მუზილის “უთვისებო კაცი” იყო, რომელსაც “დიოგენეს” ხელმძღვანელის, თამარ ლებანიძის გარეშე ვერ შევბედავდი. თანხმობის მიუხედავად, ერთი წლის განმავლობაში ვერ მოვიცილე შიში, რომ ამ წიგნის თარგმნა არ გამომივიდოდა.

მთარგმნელისა და გამომცემლის ურთიერთობას რაც შეეხება, ერთია, როდესაც გამომცემელს ესმის კონკრეტული ტექსტის მნიშვნელობა და მეორე – როდესაც ჰყავს მთარგმნელი, ვისთანაც თავის იდეებს განახორციელებს. ან პირიქით: მთარგმნელი, რომელმაც იცის საკუთარი შესაძლებლობები, მაგრამ გამომცემელს ვერ პოულობს. ასეთი შემთხვევები ევროპაში არცთუ იშვიათია, ჩემი გერმანელი კოლეგები ბევრს წვალობენ (ლაპარაკია არაკომერციულ პროექტებზე). ჩემი პროფესიის ხალხი დალხენილი არსად არის, თუმცა ჩვენთან კიდევ სხვა პრობლემები ემატება.

3. ძალიან ძნელია კარგი თარგმანის დეფინიცია. ჩემი აზრით, ეს არის ერთი კულტურული გამოცდილების მეორე კულტურულ გამოცდილებაში გადმოტანა და ადაპტაცია იმ ზღვრამდე, რის შესაძლებლობასაც შენი ენა გაძლევს. პრინციპში, რეკონსტრუქციაა, სხვა კულტურული გარემოს რეკონსტრუქცია შენს კულტურაში. ტექსტის კითხვისას ზუსტად ვგრძნობ კულტურულ და უკულტურო მთარგმნელს. შესაძლოა მთარგმნელი ნიჭიერი იყოს, მაგრამ შინაგანი კულტურა აკლდეს, რაც ტექსტს აზარალებს. წამიკითხავს თარგმანები, სადაც მთარგმნელი ქართული სიტყვების ცოდნით იწონებს თავს, მაგრამ ეს არ არის მისი მიზანი. სიტყვების მოძებნა ლექსიკონშიც შეიძლება, მთავარია ავტორის სათქმელი ზუსტად გადმოიტანო და ტექსტის შინაგანი მუსიკა იგრძნო. ამ თვალსაზრისით გერმანულ ენაში უამრავი სირთულეა. ზოგადად, ქართული და გერმანული ენები ტემპერამენტითა და ხასიათით უკიდურესად განსხვავდება: ქართული ერთი გრადუსით ზემოთ სწევს მხურვალებას, გერმანული კი ცივი ექსტაზების ენაა. გერმანულს ცნებებით აზროვნება ახასიათებს, ქართული – უფრო ხატოვანია, სახიერი, ამიტომ სულ გეშინია, ზედმეტი არ მოგივიდეს და რომელიმე დეკადენსით გულშეჭმული გერმანელი მხურვალე სამხრეთელად არ გამოიყვანო, რადგან ამ შემთხვევაში დედნისგან სრულიად განსხვავებულ პერსონაჟს მიიღებ.

კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ტექსტის გაქართულებას: არ შეიძლება ევროპელი თბილისურად მეტყველებდეს. ასეთი თარგმანი უბრალოდ არ ვარგა. ალფრედ დიობლინს აქვს გენიალური რომანი – “ბერლინი ალექსანდერპლაცი” (Berlin Alexanderplatz), რომლის მთავარი გმირი ბერლინელია და იქაური ჟარგონით ლაპარაკობს. ძალიან მინდა ამ ტექსტის თარგმნა, მაგრამ ჯერჯერობითAქართულში შესაბამის ინტონაციას ვერ მივაგენი.

4. ეს ძალზე მნიშვნელოვანი თემაა და ალბათ გამომცემლებისა და მთარგმნელების ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს. დღეს მართლაც არანაირი კონცეფცია არ არსებობს და ყველაფერი ცალკეული ადამიანების გემოვნებაზეა დამოკიდებული. იმდენი თეთრი ლაქა გვაქვს, საიდან დავიწყოთ, არ ვიცით. ამას ემატება მთარგმნელთა უკიდურესი სიმწირე. ჩვენგან განსხვავებით, ევროპაში მათი რიცხვი ძალიან დიდია, თანაც, “ჟანრებად” არიან დაყოფილი: პროფესიულ ლიტერატურას თავისი მთარგმნელები ჰყავს, მხატვრულს – თავისი და ა.შ. ეს ყველაფერი ფუჭ საუბრად დარჩება, თუ არ არის წინაპირობა – ფინანსები. პირადად ჩემთვის ყველაზე მისაღები ფორმა ფონდებია. კარგად მესმის, რომFასეთი ფონდი ძლიერ ბიზნესს ნიშნავს, რომელსაც გააზრებული აქვს კულტურის დაფინანსების მნიშვნელობა. ისიც მესმის, რომ არსებულ ვითარებაში ეს ერთგვარი ფუფუნებაა, რომლის “უფლებასაც” მდიდარი ქართველები თავს ვერ აძლევენ. სამაგიეროდ, ზრუნავენ გერმანელები. გულისამაჩუყებელია, როდესაც მათივე სტიპენდიით ჩასულს არაჩვეულებრივ სამუშაო პირობებს გახვედრებენ და თან საკუთარი კულტურის პოპულარიზაციისთვის მადლობას გიხდიან. ვინ გააკეთებს ამას ჩვენთან? ეს არის კითხვა, რომელზე პასუხი ყველამ წინასწარ ვიცით. ბოლო წლებში გამომცემლობები მეტ-ნაკლებად თავად ართმევდნენ თავს თარგმნილ ლიტერატურასთან დაკავშირებულ საკითხებს, თუმცა ეს გზაც მოუჭრეს.

5. მთელი გასული საუკუნე ჩაკეტილ სივრცეში ვიცხოვრეთ. იმდროინდელ ქართულ საზოგადოებას ინცესტუალურ საზოგადოებას ვუწოდებ, რომელიც არც არაფერს გასცემდა და არც იღებდა. საბჭოთა პერიოდში ამას თავისი მიზეზები ჰქონდა – სად უნდა გავხსნილიყავით?! მთელმა რიგმა ლიტერატურულმა პროცესმა ისე ჩაგვიარა, არცკი შეგვხებია. ჰაიდეგერს რომ დავესესხოთ, ჩვენთან ყოფიერებამ ვერ ილაპარაკა, რადგან არც არსებულა. განსაკუთრებით თვალშისაცემი ეს იუნგის თარგმნისას იყო, რომელიც ფაქტობრივად ცარიელ ადგილზე დავიწყე, რადგან ქართულ ენაზე ყოფიერებების ეს ფორმა არ არსებობდა.

არ ვიცი, რამდენად ახდენს ერთი ან ორი წიგნი გავლენას ენის განვითარებაზე, მაგრამ დროთა განმავლობაში, როდესაც თარგმნილი ლიტერატურის რაოდენობა გაიზრდება, ალბათ მოახდენს. წარმოვიდგინოთ ის ბედნიერი დრო, როდესაც გერმანული ლიტერატურა კარგი ქართული თარგმანით გვექნება და მთელი ეს კულტურა მკითხველის ცნობიერებაში იმ სემანტიკური სამოსელით შევა, რასაც მთარგმნელი სთავაზობს. როგორ შეიძლება ამან მის ენობრივ ქსოვილზე გავლენა არ მოახდინოს?

6. ფროიდით დავიწყებ, რომელიც მთლიანად სათარგმნია. ევროპისთვის ფსიქოანალიზი გუშინდელი დღეა, ჩვენ კი თითქმის არაფერი გვაქვს. ვაპირებ ვთარგმნო “ტოტემი და ტაბუ”, რომელიც ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნია.

სიამოვნებით წავიკითხავდი ქართულად ჰაიდეგერს და ბორხესს. სრულად უნდა გვქონდეს კაფკაც. შენს ენაზე კარგად აჟღერებული ასეთი ავტორები საკუთარი თავის რწმენას გმატებს. ამაყი ხარ, რომ მათი სათანადოდ გააზრება შეგიძლია. ძალიან მინდა ითარგმნოს დიობლინის “ბერლინი ალექსანდერეპლაცი”. პოეტთაგან ქართველ მკითხველს პაულ ცელანსა და გოტფრიდ ბენს შევთავაზებდი. ცელანს საქართველოში მეტ-ნაკლებად იცნობენ, ბენის შესახებ კი, რომელიც ასევე არაჩვეულებრივი ავტორია, ბევრი არაფერი იციან.

დიდი ხანია ვუტრიალებ ნობელიანტი მწერლის, ჰერტა მიულერის რომანს – Atemschaukel (“სუნთქვის საქანელა”). ეს არის საოცარი წიგნი, რომლის მსგავსი შიმშილსა და სიკვდილზე არაფერი წამიკითხავს. ერთი შეხედვით, მარტივი ენითაა დაწერილი, თუმცა მთელი სირთულე სწორედ ამ მოუხელთებელ სისადავეშია, რის გარეშეც ხელში ერთი ატირებული ქალი შეგრჩება. არიან დიდი ავტორები, რომელთაც საშუალო თარგმანი ვერ აფუჭებს, მაგრამ არსებობს გენიალური ტექსტები, რომლებიც ასეთივე გენიალურმა მთარგმნელმა უნდა თარგმნოს. “სუნთქვის საქანელა” სწორედ ასეთი რომანია.

7. ამაზე გარკვეულწილად ზემოთ უკვე გიპასუხეთ. ფონდები სახელმწიფომაც უნდა შექმნას და ბიზნესმაც. წელიწადში ერთი მილიონი ლარის გამოყოფა ამ სფეროს ძალზე წაადგებოდა. კარგად მესმის, რომ ღარიბ ქვეყანაში კულტურა ყველაზე პრიორიტეტული ვერ იქნება, მაგრამ არსებობს რაღაც მინიმუმი, რისი გაკეთებაც, სურვილის შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია.

8. ამ კითხვის ადრესატად არ გამოვდგები, რადგან ძირითადად ევროპულ მხარეზე ვარ დამოკიდებული, რომელიც არც ჩემს უფლებებს არღვევს და არც ჰონორარს მიგვიანებს. საავტორო უფლებებს რაც შეეხება, სხვაგვარი გამოცდილება ჩემს გამომცემლობასთან არ მქონია. გეთანხმებით, რომ მთარგმნელებმა ნაკლებად იციან საკუთარი უფლებები. ასეთ საკითხებს კარგად გაართმევდა თავს მთარგმნელთა გაერთიანება, რომლის შესახებ ზემოთ ვსაუბრობდით.

9. დავიწყოთ იმით, რომ გერმანისტიკის ფაკულტეტზე დღემდე არ არსებობს მთარგმნელობითი განყოფილება. ჩემი სტუდენტური გამოცდილება ერთი სემესტრის განმავლობაში თარგმნილი ერთი მოთხრობით შემოიფარგლება. მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. ამ პრობლემის მოგვარებას ისევ გერმანელები ცდილობენ. მეოთხე წელია გოეთეს ინსტიტუტში ლიტერატურული აგენტის, რახელ გრაცფელდის თაოსნობით ქართულ-გერმანული მთარგმნელობითი სახელოსნო იმართება, რომელშიც ქართველი მთარგმნელები მონაწილეობენ. ევროპაში ეს მიღებული პრაქტიკაა, ჩვენთან – იშვიათობა. სხვათა შორის, ანალოგიური სახელოსნო მოეწყო გერმანიაშიც, ოღონდ გერმანელი მთარგმნელებისთვის, რომლებიც ქართულიდან თარგმნიან. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საქმეა, რადგან ქართულიდან გერმანულად მთარგმნელები ფაქტობრივად არ გვყავს, არადა, 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის მასპინძელი ქვეყანაა. ეს არის არაჩვეულებრივი შანსი, მსოფლიო დავაინტერესოთ ჩვენი ლიტერატურით, გავაფორმოთ კონტრაქტები, მთელი ბაზრობა ხომ მასპინძელ ქვეყანაზეა ფოკუსირებული. წესით, ამ ეტაპზე გამომცემლებს არ უნდა ეცალოთ, მთარგმნელობითი საქმიანობა უნდა დუღდეს, მაგრამ ჯერ ამის შესახებ არაფერი მსმენია.

10. კრიტიკას რაც შეეხება, ფაქტია, რომ არ გვაქვს. არადა, აუცილებელია. ახალი თარგმანის გამოსვლის შემდეგ სმენა მაქვს გამახვილებული – ქებას არ ვგულისხმობ, ძალიან მჭირდება მსჯელობა, საქმიანი კრიტიკა, თუმცა არსაიდან ხმა… მშურს ჩემი გერმანელი კოლეგების, რომელთაც ეს პრობლემა არ აწუხებთ, ჩვენთან კი ისე ჩაივლის უზარმაზარი კულტურული ფაქტი, თითქოს არც ყოფილა. მარტო მე და გამომცემელმა ხომ არ უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ? მუზილის თარგმნას 7 წელი შევალიე. როდესაც ამხელა საქმეს აკეთებ, გინდა, ემოცია ვიღაცას გაუზიარო, უთხრა, რა პრობლემებს წააწყდი. ისეთი განცდა მაქვს, რომ პროფესიული ლიტერატურული ცხოვრება აქ კი არა, გერმანიაში მაქვს, რაც ძალიან რთულია. ამიტომ პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, დავანგრიოთ მითები, როგორც თავის დროზე – გერმანელებმა.

დათო გაბუნია, მთარგმნელი

1. ბოლო 10 წელიწადში ვითარება დრამატულად შეიცვალა. სხვა თუ არაფერი, შედარებით განვითარდა ქართულენოვანი წიგნის ბაზარი, გამომცემლობები და ა.შ. რაც თავისთავად ბადებს მთარგმნელობითი საქმიანობის გააქტიურების აუცილებლობას. 90-იანი წლების სრული უძრაობის შემდეგ ეს დიდი პროგრესია. ცხადია, რაოდენობა ხარისხზე ყოველთვის არ აისახება, მაგრამ სრული გამყინვარებიდან გამოსვლა მაინც კარგია.

2. ამ მხრივ ამინდს მთლიანად საგამომცემლო საქმე ქმნის. დიდი მოცულობის ტექსტების (მაგალითად, რომანების) სათავისოდ, საკუთარი ჭიის გასახარებლად მთარგმნელი იშვიათად ვინმე მეგულება და მათი უმეტესობა პროფესიონალიზმთან მწყრალადაა. მეჩვენება, რომ მთარგმნელის ფუნქცია ამ შემთხვევაში დაქირავებული შემსრულებლის როლით არ შემოიფარგლება. ხშირად შემითავაზებია გამომცემლისთვის ესა თუ ის წიგნი: ვინაიდან მთარგმნელს აქვს ფუფუნება – ბევრი იკითხოს უცხო ენებზე, რჩევების მიცემა მისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. არ მეგულება გამომცემელი (ვისთანაც პირადად მქონია ურთიერთობა), რომელიც მსგავს წინადადებას სრულიად უგულებელყოფს. ისეც მომხდარა, გამომცემელს რჩევა ჭკუაში დაჯდომია და შეთავაზებული წიგნი წლების შემდეგ გამოუცია. ასე რომ, ბალანსი “კომერციულ” და “ღირებულ” ლიტერატურას შორის არსებობს. გულწრფელად გითხრათ, კომერციული ტექსტების თარგმნა გაცილებით იოლია, ამიტომ, ისეც ნუ დავსახავთ, თითქოს ლიტერატურის კეთილშობილ რაინდებს, მთარგმნელებს, მაღალი სტანდარტების დამკვირდება სურთ, მტარვალი კაპიტალისტი გამომცემლები კი ამის საშუალებას არ აძლევენ. ეს ორმხრივი პროცესია.

3. კარგი შეიძლება ეწოდოს თარგმანს, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად მიჰყვება ორიგინალს და თავისუფალია მთარგმნელის “განსაკუთრებული ხედვით” გამართლებული თავხედობისგან. მთარგმნელს არა აქვს უფლება მოატყუოს მკითხველი, რომელსაც დედნის წაკითხვის საშუალება არა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ მთარგმნელი ხვდება, რომ სიზუსტეს ვერ იცავს და ხელები გაურბის, თარგმნა უნდა შეწყვიტოს. არიან მწერლები, რომლებიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ხელს არასოდეს მოვკიდებ, რადგან ვიცი, რომ ზუსტად და ადეკვატურად ვერასოდეს ვთარგმნი. ასეთია ჯონ აპდაიკი. კარგი თარგმანი იმ შემთხვევაში გამოგდის, როცა ადეკვატური ენის პოვნა შეგიძლია – ორიგინალს ზუსტად მისდევს და ქართულადაც კარგად იკითხება. კომპრომისი შეუძლებელია (პროზის შემთხვევაში მაინც, პოეზიის თარგმნა გაცილებით რთულია და სრულიად სხვა სპეციფიკა აქვს).

4. მთარგმნელობით კოლეგიას შეგნებულ ასაკში ვერ მოვესწარი, თუმცა მის საქმიანობაზე ბევრი წამიკითხავს, თუნდაც ნაირა გელაშვილის რომანში “პირველი ორი წრე…”. კარგი იქნებოდა მსგავსი ინსტიტუციის არსებობა, რომელიც ყველაფერს თავის სახელს დაარქმევდა, კომპეტენტურად და არგუმენტებით გამყარებული პოზიციით დაადგენდა, რომ მავანი უბრალოდ დანაშაულს სჩადის და დაუმსახურებლადაა ცნობილი კარგ მთარგმნელად (სამწუხაროდ, ასეთების სიმცირეს არ ვუჩივით). კარგია, როცა არსებობს გარკვეული სტანდარტები, რომელთაც ყველა ესწრაფვის. კარგია რაიმე სახის თანმიმდევრულობაც, თუნდაც ამას პოლიტიკა ერქვას. ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მსგავსი ორგანიზაციისა თუ ინსტიტუციის არსებობა სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე ძნელად წარმოსადგენია. ვეჭვობ, ფილანტროპიის დაბალი კულტურის გამო მისი დაფინანსებით რომელიმე კერძო ბიზნესი ან ორგანიზაცია დაინტერესდეს. არადა, საჭირო საქმეა და რაც მალე მოევლება, მით უკეთესი, სანამ ცუდ მთარგმნელებს არც ისე ბევრი წიგნი გაუფუჭებიათ.

5. თარგმანი რომ ენის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზაა, მე არ მომიგონია – საკმაოდ ძველი მოსაზრებაა. სხვა თუ არაფერი, თარგმანს ენაში ახალი გარემო, რეალიები, ცნებები შემოაქვს. კონკრეტული მაგალითების გახსენება გამიჭირდება, მაგრამ საფუძვლიანი და ღრმა კვლევის შედეგად არაერთი ასეთი გავლენის მოძიება შეიძლება, რაც მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთოა.

6. პარადოქსია, მაგრამ წიგნები, რომელთაც ახლა დავასახელებ, ქართულ ენაზე უკვე გვაქვს, თუმცა ეს თარგმანები იმდენად სუსტია, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. პირველ რიგში, დიობლინის “ბერლინი ალექსანდერპლაცი”. კარგი იქნებოდა, ეს გენიალური წიგნი მართლაც კარგად თარგმნილი გვქონოდა და არა ის საშინელი სუროგატი, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ გამოიცა. ძალიან მნიშვნელოვანია ვირჯინია ვულფის რამდენიმე რომანის თარგმნაც. სამწუხაროდ, “მისის დელოუეის” სრულიად უსუსური თარგმანი შემოგვაჩეჩეს, რომელსაც ვულფის ბრწყინვალე ენასთან, ფორმის ვირტუოზულ ფლობასთან საერთო არაფერი აქვს.

ასევე გვაკლია ქართულ ენაზე მარსელ პრუსტი. იმედია, მასაც იგივე ბედი არ ელის, რაც ზემოთ დასახელებულ შესანიშნავ ავტორებს.

7. სამწუხაროდ, ამ მხრივ ყველაფერი მთლიანად გამომცემლობების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ცხადია, უნდა არსებობდეს პროგრამები, სტიპენდიები და ა.შ. რომელიც ამ მიმართულებას განავითარებს (სხვათა შორის, გამომცემლობები არანაკლებ სარგებელს ნახავენ, მათ ხომ საჰონორარო თანხა დაეზოგებათ). მთარგმნელობით თავის რჩენა კი საკმაოდ რთულია – რუტინული, ყოველდღიური მუშაობით ეს შესაძლებელია, მაგრამ ხარისხის რა მოგახსენოთ. ამიტომაც გვხვდება ქართულად თარგმნილ წიგნებში ბევრი “ხალტურა”. ამ მხრივ კარგი გამომცემლობები და მთარგმნელებიც კი სცოდავენ.

8. ამ საქმეს მთარგმნელთა გაერთიანება უნდა ითავსებდეს, რაზედაც ზემოთ ვსაუბრობდით. საკუთარი უფლებების ცოდნა არავის აწყენს. ცხადია, პასუხისმგებლობების ცოდნასთან ერთად.

9. აუცილებელია ამ საკითხის დასმა საუნივერსიტეტო განათლების დონეზე. მხატვრული თარგმანის თეორია და პრაქტიკა ისევე უნდა ისწავლებოდეს, როგორც ნებისმიერი სხვა სპეციალობა. პირველ რიგში ეს ხელობაა, რომელსაც დაუფლება სჭირდება და მხოლოდ შემდეგ შემოდის ერთობ ბუნდოვანი “ნიჭიერების” ცნება. თარგმანში პროფესიონალიზმი (რომელიც მთარგმნელის ზოგად განათლებასაც გულისხმობს და არა მხოლოდ ორივე ენის ზედმიწევნით კარგ ცოდნას) საშუალო ხარისხს ნამდვილად უზრუნველყოფს. ამ დონემდე კი ჯერ ბევრი გვიკლია.

10. კრიტიკა სასარგებლო კი არა, აუცილებელია. მხატვრული თარგმანის გაკრიტიკება ობიექტური კატეგორიებით კიდევ უფრო მარტივია, ვიდრე ორიგინალური მხატვრული ტექსტის, სადაც ბევრი რამ სადავოა. კრიტიკის პირდაპირი მოვალეობაა, რაც შეიძლება ხმამაღლა დაარქვას ყველაფერს თავისი სახელი. ზემოთ დიობლინი და ვულფი ვახსენე – არ შეიძლება, მკითხველს ეს წიგნები თუნდაც საშუალო ხარისხის თარგმანებად მიაჩნდეს. ორივე სრული პროფანაციაა, მაგრამ ამის დასამტკიცებლად არგუმენტირებული კრიტიკაა საჭირო. კარგი იქნება, თუ ლიტერატურული პერიოდიკა, რომელსაც ყველაზე მეტი მოქნილობა ახასიათებს, სერიოზულად დაინტერესდება ამ საქმით და თარგმანის სფეროში უკონტროლობით გამოწვეულ ზღვარგადასულ არაპროფესიონალიზმს დაუპირისპირდება.

ქეთი ქანთარია, მთარგმნელი

1. წარსულზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი: მკითხველთა იმ კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც ქართულად ნაკლებს კითხულობდა – ხარისხიანი თარგმანები იშვიათობა იყო. ზუსტად ვერც იმას ვამბობ, როდის დაიწყო უკეთესობისკენ მკაფიო სვლა. ალბათ, ათი წელია (შესაძლოა ნაკლებიც) ნავსი გატყდა და მასობრივად წამოვიდა კარგი, შიგადაშიგ – ძალიან კარგი თარგმანები. მიზეზზე ხშირად მიფიქრია. ხანდახან მგონია, რომ ეს ერთ-ერთი სიკეთეა, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობას და საკუთარი სააზროვნო პროცესის მიმართ პასუხისმგებლობას მოაქვს. ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული ენის გაცოცხლება უნდა ყოფილიყო და ნელ-ნელა ასეც ხდება. მე თვითონ სერიოზული ბავშვობის დროინდელი კომპლექსი მოვიშორე, როცა აღმოვაჩინე, რომ სხვა ენაზე დაწერილი ტექსტი ქართულად ლაღად და ბუნებრივად იკითხება. კარგად მახსოვს, როგორ ვიცინოდით სკოლაში ზოგ ქართულ თარგმანზე. მეცინებოდა, მაგრამ თურმე ,,ბოღმაც” მიგროვდებოდა და შინ დაბრუნებული საკუთარ ვერსიას ვაყალიბებდი, ისეთი ფრაზები და სიტყვები მახსენდებოდა, რომლებიც ქართულის უპირატესობად მიმაჩნდა. ეს იმპულსი ,,პირველი მერცხალის” ფინალურ სცენას ჰგავდა: მარცხის განცდა მქონდა, რომელიც წლების შემდეგ ჩემთვის პროდუქტიული გამოდგა.

ძნელია თქმა, ვისი დამსახურებაა კარგი ქართული თარგმანების მომრავლება. ვფიქრობ, რაღაც ინსტინქტმა იმოქმედა, რომელსაც საკუთარი ენის გაცოცხლების ინსტინქტი შეიძლება ვუწოდოთ. შესაძლოა ეს თავად ენის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის, ინსტინქტიც იყოს, რომელიც მთარგმნელს საყვარელი ტექსტის საკუთარ ენობრივ სივრცეში გადმოტანის სურვილს უჩენს. ამ საქმიანობით ძირითადად მოხალისე მთარგმნელები იყვნენ დაკავებული. ქართულ გამომცემლობებს სხვა, ბიზნესინტერესები ამოძრავებდათ. არ მგონია, რომ მათი წილი ამ პროცესში მაინცდამაინც დიდი იყო.

2. პირადად მე დღემდე მიმართლებს და გარკვეული პრინციპიც მაქვს: არ ვთარგმნი იმას, რაც არ მომწონს. საწყის ეტაპზე გამომცემლობებს თარგმანის დასრულების შემდეგ ვუკავშირდებოდი, დღესდღეობით კი ,,დიოგენე” საშუალებას მაძლევს მათთვის საინტერესო ავტორებიდან სასურველი შევარჩიო. ასე ვთარგმნე წიგნები ,,ამერიკელებისა” და ,,დიოგენეს ბიბლიოთეკის” სერიებისთვის. ეს პროექტები ლიტერატურული გურმანების ხელშია და მიუხედავად იმისა, რომ კომერციულს ვერ ვუწოდებთ, საკმაოდ წარმატებულია. ზოგადად, ამ გამომცემლობაში შეწყმულია რისკი და სასარგებლო საქმის კეთების სურვილი, ამიტომაც ვგულშემატკივრობ.

3. თარგმანის თეორიაში არსებობს ადეკვატობის და ეკვივალენტობის ცნება. ეკვივალენტობის დაცვა სხვადასხვა დონეზე შეიძლება: წინადადების, ფრაზის, აბზაცის. ზოგადად მაინც მთარგმნელის წესიერებაზეა დამოკიდებული, თუმცა შევნიშნე, რომ ბევრ მათგანს ადეკვატობასა და ზუსტად თარგმნაზე განსხვავებული წარმოდგენა აქვს. პირადად ჩემთვის ამ პასუხის ყველაზე საინტერესო ნაწილი სიტყვა ,,სილაღეს” უკავშირდება. შემხვედრია არცთუ ურიგო, შესაძლოა ზუსტი თარგმანებიც, რომელთაც ვერაფრით ამიყოლიეს. წიგნი ისე დამიხურავს, აღფრთოვანება არ განმიცდია. ნორმალური, კარგი თარგმანი სერიოზულ შენიშვნებს არ უნდა აჩენდეს, ძალიან კარგი თარგმანი კი ალბათ ისაა, სადაც მთარგმნელის გადაწყვეტილებები, მიგნებები, მისი ქართული ისევე აღგაფრთოვანებს, როგორც კარგი მსახიობის თამაში. მთარგმნელის ხელობა ცოტათი რეჟისორის და მსახიობის პროფესიას ჰგავს, სადღაც შუაშია. არ ვიცი, სხვა როგორ, პირადად მე თარგმნისას თითქმის ყველაფერს ვიზუალურად ვხედავ. მგონი, პერსონაჟების ინტონაციებიც მესმის.

4. მთარგმნელობითი კოლეგიის აღდგენა და სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა ლამის ერთადერთი გამოსავალი მგონია. მისი ადრინდელი მუშაობის პირნციპებზე ბუნდოვანი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ როცა მთარგმნელები ერთად დასხდებიან, ყველაზე კარგად გამოჩნდება, რა პრობლემები აწუხებთ და სად სჭირდებათ მხარდაჭერა. ამ გაერთიანებას აუცილებლად უნდა ჰყავდეს იურისტები, რომლებიც მთარგმნელების უფლებების დაცვის კონცეფციას შექმნიან.

5. რასაკვირველია, ახდენს და ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. თუმცა საამისოდ ბევრი კარგად ნათარგმნი ტექსტია საჭირო. იცით, რას ნიშნავს, როდესაც საკუთარ ენაზე კარგი თარგმანები გაქვს? მის მიმართ ნდობის გაზრდას. ენა კომუნიკაციის საშუალებაა, ესე იგი, თვითრეალიზაციის ინსტრუმენტი. რაც უფრო სრულყოფილია ეს ინსტრუმენტი, მით უკეთ ახერხებს საკუთარი თავის გამოხატვას საზოგადოება. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ იქ, სადაც მშობლიური ენა ცოცხალი და მოქნილი ვერ არის და მასზე ყოველი აზრი ვერ გამოითქმის, სადაც სხვა ენის ძალადობის კვალს ვერ აშორებენ, ადამიანები ტრავმირებული არიან და მათი სააზროვნო სფეროც არასრულფასოვანია.

6. პირველი – პრუსტი. მეორე – პრუსტი, მესამეც – პრუსტი, ეს ჩემი აკვიატებაა. სირცხვილია, რომ ,,დაკარგული დროის ძიებაში” არ გვითარგმნია. ჩამონათვალს ნებისმიერი მეტ-ნაკლებად განათლებული ადამიანი გააგრძელებს. ამაზე დროს ნუ დავკარგავთ. სხვა რამე მინდა ვთქვა: ე.წ. არამხატვრული პროზის (nonfiction) თარგმნაა საჭირო. ამას კარგად აკეთებდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,რადარამი”, რომლის მიზანი თანამედროვე დასავლური (თუმცა გეოგრაფიის ასეთი პოლარიზებაც არაა სწორი) აზროვნების მნიშვნელოვანი წარმომადგენლების – ტონი ჯატის, ტიმოთი სნაიდერის, ქეთრინ შულცისა და სხვათა თარგმნა იყო. უნდა ვიცოდეთ, რა სიახლეებია დღეს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, სოციალურ მეცნიერებათა სფეროებში. ამგვარი ცოდნა ჩვენი საზოგადოებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. გამომცემლებს, რომლებიც მსგავსი ლიტერატურის თარგმნას გადაწყვეტენ, აუცილებლად სჭირდებათ სახელმწიფოსა და სხვადასხვა ფონდის დახმარება.

7. ზოგიერთს მთარგმნელობა ხელოსნობა ჰგონია. ასეთებს ვეტყვი, რომ ჩემთან სამ თვეში ერთხელ სანტექნიკოსი დადის. ნახევარ საათში მოითავებს საქმეს, 30 ლარს იღებს და მირბის. მისთვის ემოციური დაძაბულობა ან ხელობაზე განსაკუთრებული კონცენტრირება არ შემინიშნავს. პროფესიონალი მთარგმნელი კი რომანზე მუშაობის დასრულების შემდეგ გაწურულ ლიმონს ჰგავს. ქუდის დახურვა და სხვა “გაყვანილობებთან” ჩხირკედელაობა არ შეუძლია. აი, რა სხვაობაა მათ შორის.

ადამიანი, რომელიც ათ წელიწადზე მეტხანს დაჟინებით და ერთგულად თარგმნის, თანდათანობით კარგავს ჯანმრთელობას, მხედველობას და ა.შ. შეძენით კი ვერაფერს იძენს და უფრო ნარნარად მცხოვრები მეგობრების თვალში სამართლიანად გამოიყურება იდიოტად. ამ ,,იდიოტთა” მიმართ მოზარდობიდან ვგრძნობ უზარმაზარ მოწიწებას. არ არსებობს პროფესია, რომელსაც უფრო მეტად ვცემ პატივს.

დღესდღეობით არ გვაქვს არანაირი ფონდი და სტიპენდია, რომელიც მთარგმნელებს დაეხმარებოდა, ამიტომაა ასეთი არაჯანსაღი ინტერესი ,,საბას” მიმართ. საშინელებაა ამ შრომისმოყვარე ადამიანებში არაჯანსაღი კონკურენციის გაღვივება. იმდენი რამ გვაქვს სათარგმნი, ერთმანეთის მეტოქეები ვერ ვიქნებით. ერთ ფრონტზე უნდა ვიბრძოლოთ და სოლიდარულები ვიყოთ. გამოსავალს ისევ მთარგმნელთა კოლეგიის აღდგენაში ვხედავ, რისი აუცილებლობაც სახელმწიფომ უნდა გაიაზროს და საამისო სახსრებიც გამოყოს. ამ ფონდიდან ყველა გამოცემული თარგმანის ჰონორარს, რომელსაც მთარგმნელს გამომცემლობა უხდის, სულ მცირე, ერთი იმდენი უნდა დაემატოს. დღეს არსებული ჰონორარი წიგნზე მუშაობის პროცესს მხოლოდ სანახევროდ ფარავს. ის მთარგმნელიც კი, რომელიც გამუდმებით რაღაცას თარგმნის, წლის მესამედს მაინც უფულოდ ატარებს. რას ნიშნავს ეს, მხოლოდ მთარგმნელები გამიგებენ.

8. მთარგმნელებმა არ იციან თავიანთი უფლებები, მათ შორის, მეც. ამაზე მთარგმნელთა პროფესიული გაერთიანების მიერ დაქირავებულმა იურისტებმა უნდა იმუშაონ. კომიკური იქნება მთარგმნელთა უფლებების დაცვა გამომცემლობებს მივანდოთ. რამდენადაც მახსოვს, მცდელობები იყო. სამი-ოთხი წლის წინ ამ საკითხზე მუშაობას კულტურის სამინისტრო იბრალებდა, თუმცა, როცა ,,წიგნის პროექტის” ფარგლებში ჩემსა და გამომცემელს შორის საავტორო უფლების თაობაზე კამათი დაიწყო, მთარგმნელის მხარეს არ დამდგარა. ძალიან მაინტერესებს, როგორია საერთაშორისო პრაქტიკა დაკვეთილ თარგმანებთან დაკავშირებით, თუმცა აქაც ბევრი არაფერი ვიცი. ვფიქრობ, საავტორო უფლება ისეთ თარგმანზე მაინც უნდა გეკუთვნოდეს, რომელიც გამომცემლობის შეკვეთის გარეშე შეასრულე. სწორედ ასეთი პრობლემების გადასაჭრელადაა საჭირო მთარგმნელთა გაერთიანება.

9. სახელმწიფოს გარეშე ეს საქმე წინ ვერ წავა. აუცილებელია დამწყები მთარგმნელების გაგზავნა საზღვარგარეთ, იმ ენობრივ გარემოში, რომელზეც თარგმნიან, ეს მათთვის მშვენიერი პრაქტიკა იქნებოდა.

10. პირადად მე კრიტიკა ნამდვილად მჭირდება. მხოლოდ ქათინაური ან დუმილი საკმარისი არ არის. თავაზიანად და კეთილგანწყობით დაწერილ კრიტიკულ მოსაზრებებზე ბევრს ვიფიქრებდი და ვისწავლიდი. სხვათა შორის, კარგი რედაქტორიც მშვენიერი კრიტიკოსია. სხვა მთარგმნელებისგანაც შეიძლება რაღაცის სწავლა, ქუჩაში მოსმენილი დიალოგებიდანაც, ბავშვისგანაც, რომელსაც ჯერ სიტყვების მიმართ დამოკიდებულება არ გაქვავებია. ყველგან ისწავლი რაღაცას, სადაც ენას მტვერი არ ადევს.

ხათუნა ცხადაძე, მთარგმნელი

1. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საოცარი სისწრაფით გაიზარდა თარგმნილი ლიტერატურის რაოდენობა. ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, მომავალ წლებშიც გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ბევრი უხარისხო თარგმანიც იბეჭდება, სამაგიეროდ, ამ ფონზე ხარისხიანი თარგმანის საჭიროება უფრო გამოიკვეთა. გაიზარდა მკითხველის მოთხოვნა და, შესაბამისად, გაჩნდა თარგმანის კრიტიკის ელემენტები. ამას ჯერ კიდევ ვერ ვუწოდებთ არგუმენტირებულ ლიტერატურულ კრიტიკას, მაგრამ მოთხოვნილება აშკარაა.

2. ქართველი გამომცემლობები ხშირად გამოსცემენ სრულიად არაკომერციულ ლიტერატურას და ეს არჩევანი, ქართული წიგნის ბაზრის შეზღუდული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ძალზე დასაფასებელია. ცხადია, ეს ყველას ერთნაირად არ ეხება: ზოგი ძირითადად ბაზრის მოთხოვნაზეა ორიენტირებული, ზოგი – შედარებით ნაკლებად, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ყველა გამომცემლობა კომერციულ ლიტერატურას (ან მხოლოდ მას) ეძალება. როგორ გინდა კომერციული უწოდო მუზილს, რომლის თარგმნაც და რედაქტირებაც საოცარი შრომაა? ასე რომ, ნამდვილად არსებობენ ქართული გამომცემლობები, რომელთათვისაც პრინციპები და ლიტერატურული გემოვნება ძალზე მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება შეთავაზებას, რამდენიმე მცდელობა მქონდა და უარი არასოდეს მიმიღია. ვფიქრობ, შესაძლებელია მათი დაინტერესება თუნდაც არაკომერციული ლიტერატურით, თუ ეს მართლა ხარისხიანი ტექსტი და კარგი თარგმანია.

სხვა რა გითხრათ… თარგმანი პროფესიაა, საქმიანობა, რომელსაც ყველა თავად ირჩევს, მაგრამ მისი წიგნად ქცევა გამომცემლის საქმეა. ცხადია, მთარგმნელს შეუძლია თავად გამოსცეს წიგნი და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ეტაპი (საავტორო უფლების ყიდვა, ტექსტის რედაქტირება, გამოცემის ტექნიკური უზრუნველყოფა, ბეჭდვა, დისტრიბუცია და სხვა) გაიაროს, მაგრამ ეს უდიდესი შრომაა და პირადად მე, როგორც მთარგმნელს, ამაზე დროის ხარჯვა ვერცკი წარმომიდგენია.

3. ძალიანაც რომ მინდოდეს, ახალს ვერაფერს ვიტყვი. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ კარგი თარგმანი ყველასთვის ერთი და იგივეა: ორი რამის – თარგმნილი ტექსტის ხარისხისა და სანდოობის სწორი ნაზავი. საქმე ისაა, როგორ გვესმის “სწორის” მნიშვნელობა, სად გადის ზღვარი. ზოგისთვის ეს ზღვარი სანდოობისკენ იხრება, ზოგს მოხდენილი ტექსტი ურჩევნია. პირადად ჩემთვის უმთავრესი თარგმნილი ტექსტის მშვენიერებაა. მხატვრულ თარგმანს ვგულისხმობ და არა სამეცნიერო ლიტერატურას ან ესეისტიკას. ჩემი აზრით, შეუძლებელია ლიტერატურულ თარგმანს კარგი მხოლოდ იმიტომ უწოდო, რომ ზუსტია. ან ვინ ადგენს, რა არის სიზუსტე? ცხადია, ფაქტობრივ შეცდომებსა და აზრის დამახინჯებაზე თვალის დახუჭვას არ ვგულისხმობ, ამის დაზუსტება ალბათ ზედმეტიცაა. ამ ყბადაღებულ “სანდოობას”, “ერთგულებას”, “სიზუსტეს” “პასუხისმგებლობით” ჩავანაცვლებდი და ვიტყოდი, რომ ჩემთვის მთავარია, მთარგმნელი ლაზათიანად წერდეს ქართულად და პასუხისმგებლობით ეკიდებოდეს თარგმანს. დანარჩენს მოევლება.

უმბერტო ეკო, რომელსაც თარგმანზე ძალიან ბევრი აქვს ნაფიქრი და დაუნდობლად აკრიტიკებს უპასუხისმგებლო, ზერელე თარგმანებს, თავის ბოლო წიგნს – “თითქმის იგივე. თარგმანის გამოცდილება” ასე ამთავრებს: “თუ თავს გამოიდებთ და ეცდებით, სიტყვა “ერთგულებას” სინონიმი მოუძებნოთ, ვერცერთ ლექსიკონში ვერ ნახავთ სიტყვას “სიზუსტე”. სამაგიეროდ, შეგხვდებათ სიტყვები: პატიოსნება, თანადგომა, პატივისცემა და სიყვარული”.

4. ამ თემაზე ბევრი არ მიფიქრია და შეიძლება ვცდები, მაგრამ ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. ისე, მკითხველთა (ანუ შემფასებელთა) ჰამქარი რომ ბევრად დიდი იყოს, მგონი, თარგმანის ხარისხიც საგრძნობლად აიწევდა. თუ ასეთი გაერთიანების არსებობაზე მაინც დავფიქრდები, თემატური შეხვედრების, დისკუსიების, ახალი თაობის აღზრდისა და დახმარებისთვის უფრო წარმომიდგენია, ვიდრე “პოლიტიკის და პრიორიტეტების განმსაზღვრელად”.

5. რა თქმა უნდა, ახდენს. თარგმანი ისევე ამდიდრებს ენას, როგორც ორიგინალური პოეზია, პროზა თუ ესეისტიკა. ვფიქრობ, ქართულს ეს განსაკუთრებულად ეხება: ნებისმიერი ენიდან მთარგმნელი იმდენად მრავალფეროვან და რთულ ენობრივ არჩევანს უმკლავდება, შეუძლებელია ეს შრომატევადი პროცესი ენის განვითარების ნაწილად არ ჩათვალო.

ამ თემაზე საუბრისას, როგორც წესი, მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურას მოიაზრებენ. არადა, ენის გამდიდრებისა და განვითარებისთვის სამეცნიერო და სპეციალური ლიტერატურის თარგმნაც ძალზე მნიშვნელოვანია. ხშირად გვესმის ფრაზა – “ინგლისურად მირჩევნია მოვამზადო” (გამოსვლა, სიტყვა, ანგარიში, პრეზენტაცია). იმიტომ, რომ ქართულში სიტყვების ძებნა, წვალებაა საჭირო, “უთარგმნელ” სიტყვებთან ძიძგილაობა, სოციალურ ქსელში მუდარა: “არიქა, ფრენდებო, მიშველეთ, როგორაა ქართულად….?” და ასე შემდეგ. ეს სწორედ მაღალ დონეზე თარგმნილი სამეცნიერო და დარგობრივი ლიტერატურის სიმწირის ბრალია. მოკლედ, “უმსჯელობაზე” ხალისი არ კმარა.

6. ჩემთვის ძალიან ადვილია ამ კითხვაზე პასუხი: იტალიური ლიტერატურა პრაქტიკულად მთლიანად სათარგმნია. რომელი ერთი გითხრათ, არც ვიცი. რამდენიმე ავტორს დავასახელებ: გადა, პავეზე, ფენოლიო, კალვინო, ბუცატი, ლევი, შედარებით ახლებიდან ბენი, რიკარელი და ბევრი სხვა, პოეზიაზე რომ არაფერი ვთქვა.

7. მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ამ საქმეს საკუთარ კულტურულ პრიორიტეტებს შორის აღიარებდეს, თუმცა არ მიმაჩნია, რომ უნდა აფინანსებდეს მთარგმნელობით საქმიანობას. კარგი იქნება არსებობდეს გარკვეული დამატებითი საშუალებები მთარგმნელებისთვის, მაგალითად, სპეციალური ფონდები თუნდაც იმ “არაკომერციული”, მაგრამ მნიშვნელოვანი პროექტების დასაფინანსებლად. სახელმწიფო სახსრები ჩვენი ლიტერატურის თარგმნასა და “გატანაზე” უფრო უნდა ვხარჯოთ.

რა თქმა უნდა, საქართველოში მხოლოდ თარგმნით თავის გატანა ძალიან ძნელია. ჩემი თარგმნის ტემპს თუ გავითვალისწინებთ, შეუძლებელიც. თუმცა არა მგონია, ეს მხოლოდ ჩემი ტემპი იყოს. მხატვრული თარგმანი ისეთი საქმეა, რთულია, რუტინაში მოაქციო და დღეში დაგეგმილად რვა საათი იმუშაო. ხან გამოგდის, ხან – არა. ვერ იძალადებ. ევროპელი მთარგმნელების მოსაზრებებიც წამიკითხავს ამ თემაზე და ვფიქრობ, მხოლოდ მთარგმნელობითი საქმიანობით ღირსეულად ცხოვრება ყველგან რთულია. უბრალოდ, ჩვენთან ანაზღაურება სასურველზე დაბალია.

8. ზედმიწევნით არც მე ვიცნობ სქემებს, რომელთა გამოყენებაც მთარგმნელისა და გამომცემლის ურთიერთობაში შეიძლება. თუ “უფლებებში” ის იგულისხმება, რომ მთარგმნელმა გაყიდვებიდანაც მოითხოვოს წილი, არ ვიცი, ეს რამდენად რეალურია. პირადად ჩემთვის სასურველი და საკმარისი იქნება, თავად თარგმანის ჰონორარი იყოს ღირსეული. ჰონორარი ნამდვილად არაა მაღალი და, ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, დიფერენცირებულიც იყოს: ანუ ყველა მთარგმნელს ერთნაირი ანაზღაურება არ ეკუთვნის. თუმცა ყველას ერთნაირად ალბათ არც უხდიან. დაგვიანებას რაც შეეხება, ეს პრობლემა არ მქონია. თავად ვუგვიანებ გამომცემლობას, თანაც მუდმივად.

9. პერსპექტივებზე რამის თქმა მიჭირს. ეს ისეთი საქმეა, ძალიან თუ არ გინდა, არ ვიცი, როგორ უნდა აკეთო. ამ კითხვაზე ალბათ უნდა ვუპასუხო, რაც შეიძლება, მეტმა ადამიანმა უნდა წეროს და თარგმნოს-მეთქი. ნიჭი და უნარი ყველაფერში მთავარია, მაგრამ წერა წერით ისწავლება. წერით და კითხვით. კარგად ვერ თარგმნის ის, ვინც არ კითხულობს. ამაში სრულიად დაწმუნებული ვარ. ევროპაში, ამერიკაში, არის სკოლები, სადაც წერას ასწავლიან. ბევრი ჯიუტად თვლის, რომ წერის სწავლა შეუძლებელია. მე ასე არ ვფიქრობ. უამრავი რამაა, რისი სწავლაც შეიძლება, თუ ადამიანი უნარიანია. სწავლა მწერლად ვერავის აქცევს, მაგრამ ბევრ რამეს ასწავლის, მაგალითად, მთარგმნელს. თანაც, ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ რომანები და ლექსები ხომ არ გვაქვს სათარგმნი, არსებობს ესეისტიკაც, ზღვა სამეცნიერო და სპეციალური ლიტერატურა, რომელიც წეღან ვახსენე და რომელიც აუცილებლად გვჭირდება ქართულად.

10. ჩემი აზრით, აუცილებელია. ჩვენთან თარგმანზე აზრის გამოთქმა ლანძღვას ან ქებას თითქმის არ სცდება. “ვარგა, არ ვარგა, საშინელია, გადასარევია, არა უშავს” აღარ კმარა. უნდა ითქვას, დასაბუთდეს, ჩამოყალიბდეს, რატომ არის კარგი ან არ ვარგა. ეს ნამდვილად არის ლიტერატურული კრიტიკის ნაწილი და, ჩემი აზრით, ახალგაზრდა მთარგმნელებისთვისაც მნიშვნელოვანია. როგორც წესი, ადამიანს საკუთარი ნაწერი უყვარს. არგუმენტირებული კრიტიკა, სულ ცოტა, დააფიქრებს მაინც. თარგმანის კრიტიკა, ისევე, როგორც ზოგადად, კარგი ლიტერატურული კრიტიკა, მკითხველის ლიტერატურული გემოვნების დახვეწისა და განვითარებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. გემოვნების დახვეწა კი ნამდვილად შესაძლებელია.

ნიკა სამუშია, მთარგმნელი

1. სასიკეთოდ ის შეიცვალა, რომ თარგმნილ წიგნთა რაოდენობა იზრდება. მიზეზები: გამომცემლობების რიცხვმა მოიმატა, ძირითადი მოთხოვნა კი უცხოური ლიტერატურის ქართულ თარგმანებზეა. გარდა ამისა, გაიზარდა ისეთ მკითხველთა რიცხვი, ვისაც მისთვის საინტერესო ტექსტის მშობლიურ ენაზე წაკითხვის სურვილი აქვს. ხშირად მკითხველი არცერთ უცხო ენას არ ფლობს ისე კარგად, რომ ესა თუ ის ნაწარმოები ორიგინალში ან უცხოენოვანი თარგმანით წაიკითხოს. ამ მხრივ მთარგმნელისა და ზოგადად, გამომცემლის პასუხისმგებლობა განსაკუთრებით მაღალია. აუცილებელია, მკითხველს ხარისხიანი პროდუქტი მიეწოდოს. ისიც უნდა ითქვას, რომ ახლა უფრო ხშირად ითარგმნება ტექსტები ორიგინალიდან. გაჩნდნენ მცირე ენებიდან მთარგმნელები.

2. მთარგმნელს არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. ან თავად უნდა იყოს მზად ხარჯის გასაღებად, ან გამომცემელი. ან არადა, დაფინანსების წყარო უნდა მოიძიონ.

3. ჩემთვის თარგმანი მაშინაა კარგი, როცა მისი ორიგინალთან შედარება მინდება. როდესაც რომელიმე წინადადება ან თუნდაც სიტყვა ამა თუ იმ პასაჟის შესაფერისად მეჩვენება. შესაძლოა ეს იმით არის გამოწვეული, რომ მთარგმნელი ვარ. ზოგადად, მთავარია მთარგმნელი სტილს და ზომიერებას იცავდეს. თარგმანს უნდა ეტყობოდეს, რომ უცხოელი ავტორის ტექსტია და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდეს, თითქოს ორიგინალს კითხულობ.

4. მკითხველისა და ბაზრის მოთხოვნების შესწავლა და პრიორიტეტების განსაზღვრა გამომცემლობის პრეროგატივაა, მთარგმნელთა გაერთიანება კი ალბათ კულტურის სამინისტროსთან ან რომელიმე ლიტერატურულ ფონდთან უნდა თანამშრომლობდეს, რათა კომერციულად არამომგებიანი, მაგრამ ლიტერატურული თვალსაზრისით აუცილებელი ტექსტების მიმართ დაინტერესება გააჩინოს და მათი თარგმნისათვის საჭირო სახსრები მოიძიოს.

5. მრჩება შთაბეჭდილება, რომ თავად მკითხველი ახდენს გავლენას სალიტერატურო ენაზე. ხანდახან ეს პრობლემებს ქმნის. ჩემი დაკვირვებით, ქართველ მკითხველთა დიდ და აქტიურ ნაწილს ახალგაზრდები შეადგენს. იმისათვის, რომ ტექსტი მათთვის გასაგები გახადო, ზოგჯერ კომპრომისზე წასვლა გიწევს. მაგალითად, “ბეჭდების მბრძანებლის” თარგმნისას ტექსტიდან რამდენიმე მოძველებული სიტყვა თუ სახელი ამოვიღე და ზოგან წინადადებათა არქაული წყობა შევცვალე. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღე, როდესაც წინასწარ გამოქვეყნებული რამდენიმეგვერდიანი ნიმუშის შესახებ პოტენციურ მკითხველთა აზრს გავეცანი. რთულია, როცა თანამედროვე მკითხველისთვის ნახევარი საუკუნის წინანდელ ან უფრო “ხნიერ” ტექსტს თარგმნი.

6. კონკრეტულად რომელიმეს დასახელება გამიჭირდება. ჩემი აზრით, უნდა ითარგმნოს ჟანრული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები, წიგნები, რომლებიც მკითხველთა ფართო წრეს დააინტერესებს და კითხვის სურვილს გაუჩენს.

7. რამდენადაც ვიცი, გარკვეული პროგრამები არსებობს, მაგრამ ეს ვითარებას დიდად ვერ ცვლის. კარგი იქნება, თუ სახელმწიფო პირდაპირ ან ირიბად (გამომცემლის მეშვეობით) დაუფინანსებს მთარგმნელს კომერციულად არამომგებიანი, მაგრამ ლიტერატურული ღირებულების მქონე ტექსტის თარგმანს; ან გარკვეულ დახმარებას დაუნიშნავს მას, რომ მხოლოდ გამომცემლის შეკვეთებზე არ იყოს დამოკიდებული.

8. პირადად ჩემთვის არასდროს დაუგვიანებიათ ჰონორარი და ხელშეკრულების პირობებსაც ყოველთვის ყურადღებით ვეცნობი. მართალი გითხრათ, მიჭირს ამ საკითხზე სხვის მაგივრად მსჯელობა. ალბათ მთარგმნელთა გაერთიანების (თუკი მსგავსი რამ შეიქმნება) ერთ-ერთი დანიშნულება სწორედ კოლეგების უფლებების დაცვა და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება უნდა იყოს.

9. ამ სფეროში მხოლოდ იმიტომ მოვხვდი, რომ “ბეჭდების მბრძანებლის” ქართულად თარგმნა და გამოცემა მინდოდა. თუმცა თარგმნა ძალიან შრომატევადი საქმეა. ჩემი აზრით, მთარგმნელობა პროფესიაა და ადამიანს ამ პროფესიის დაუფლების სურვილი უნდა გააჩნდეს. მხოლოდ თარგმნის ნიჭი და სიყვარული არ კმარა, ფინანსურადაც მიმზიდველი უნდა იყოს.

10. პირადად მე ვცდილობ წავიკითხო ყველაფერი, რაც ჩემს თარგმანებზე იწერება. რედაქტორებთან თანამშრომლობასთან ერთად, ესეც გამოცდილების დაგროვების ერთ-ერთი საშუალებაა. რა თქმა უნდა, დასაბუთებული კრიტიკა აუცილებელია – არა მხოლოდ მთარგმნელის, არამედ მკითხველისთვისაც.

თეა შურღაია, მთარგმნელი

1. ვითარება ნამდვილად სასიკეთოდ შეიცვალა, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელიწადში. იდეალურს ვერ ვუწოდებ, მაგრამ პროგრესი აშკარაა. ამაში მხოლოდ ჟანრობრივ მრავალფეროვნებას არ ვგულისხმობ. გაიზარდა იმ ენების რიცხვი, საიდანაც თარგმნიან, ავტორთა ჩამონათვალი და ქვეყნები, რომელთა მწერლებსაც ქართულ ენაზე გვთავაზობენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში მთარგმნელთა ყველა თაობაა ჩართული. მაგალითად ორჰან ფამუქის შემოქმედება გამოდგება, რომელსაც რამდენიმე შესანიშნავი ქართველი მთარგმნელი ჰყავს. მათ შორის უხუცესი ლია ჩლაიძეა, ყველაზე ახალგაზრდა – თამარ ალფენიძე.

შეიცვალა მთარგმნელების მიმართ დამოკიდებულებაც. მართალია, დალხენილ ყოფამდე შორია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პროფესიას (თუ მოწოდებას) გამომცემელთა სახით მუშტარი გამოუჩნდა. 20 წლის წინ სხვა ვითარება იყო – მთარგმნელები თავად ზრუნავდნენ თავიანთი ნამუშევრის დაბინავებაზე და, ძირითადად, საკუთარი ხარჯით ბეჭდავდნენ. იმ პერიოდში უფრო მეტად ადრე გამოცემულ და მკითხველის მიერ მოწონებულ ან ეკონომიკური კრიზისის გამო უჯრაში შენახულ თარგმანებს გამოსცემდნენ, რომელთა შესრულებიდან საკმაო დრო იყო გასული. დღეს მთარგმნელიც და გამომცემელიც ცდილობს, ფეხი აუწყოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. ძალიან კარგია, როდესაც 2-3 წლის წინათ გამოცემული გახმაურებული ტექსტი ქართულად ითარგმნება. მსგავსი მაგალითი 20 წლის წინ არ მაგონდება.

სასიკეთოდ მიმაჩნია ისიც, რომ წარმატებულმა ქართულმა გამომცემლობებმა წამოიწყეს თარგმნილი ლიტერატურის სერიული გამოცემა (მაგ.: “დიოგენეს” სერია “ამერიკელები”, “ინტელექტის” თანამედროვე დრამატურგიის ან ნობელიანტების სერია და სხვ.), რითაც მათი გამოცემები მეტ ინდივიდუალობას იძენს. მთარგმნელებსაც შეუძლიათ ორიენტაცია აიღონ ამა თუ იმ გამომცემლობის რომელიმე სერიაზე, შესთავაზონ გამომცემელს კონკრეტული ავტორი თუ ნაწარმოები.

2. მთარგმნელები რაიმე ბერკეტით ნამდვილად ვერ დავიკვეხნით. ამ შემთხვევაში პიროვნული ფაქტორები უფრო მოქმედებს. ნდობა ხშირად ერთადერთი ბერკეტია. გამომცემელი ენდობა კონკრეტული მთარგმნელის კვალიფიკაციას თუ გემოვნებას. სხვა შემთხვევაში ეს მტანჯველი პროცესია. საბედნიეროდ, გამიმართლა და დაკვეთით ჯერ არაფერი მითარგმნია. ვთარგმნიდი იმას, რაც მინდოდა. ერთადერთი შემთხვევა გოლი თარაყი იყო, რომლის კრებულის გამოცემა თამარ ლებანიძის იდეა გახლდათ, თუმცა შემოქმედებით ნაწილში არ ჩარეულა. სამწუხაროდ, მომავალში ალბათ ასე ვეღარ გაგრძელდება, რადგან საავტორო უფლებები მთელ რიგ სირთულეებს უკავშირდება. მოლაპარაკება აგენტსა და გამომცემლობას შორის მიმდინარეობს, რაც ერთი მხრივ, მთარგმნელისთვის მოსახერხებელია, რადგან ბიუროკრატიისგან ათავისუფლებს, მაგრამ მეორე მხრივ, გამომცემელზე დამოკიდებულს ხდის და თავისი პირობების შეთავაზებას ურთულებს. ვფიქრობ, როგორადაც უნდა განვითარდეს მოვლენები, უახლოეს მომავალში მთარგმნელის მდგომარეობა არსებითად არ შეიცვლება.

3. ეს თემა თარგმანის თეორიაში მრავალნაირად არის განხილული, ახლის თქმა რთულია. ცნობილი პოლონელი მთარგმნელის, სტანისლავ ბარანჩაკის სიტყვებს გავიხსენებ, რომელიც ერთ-ერთ ესეში (“მთარგმნელის მცირე მანიფესტი”) პოეზიის თარგმნაზე საუბრისას შეფასების ყველაზე ზუსტ კრიტერიუმად სომატურ რეაქციას მიიჩნევს – თუკი თარგმანის კითხვისას ჟრუანტელი დაგივლის, ანუ ისეთივე განცდა გეუფლება, როგორიც მთარგმნელს დედნის კითხვისას, მაშასადამე, თარგმანი კარგი გამოსულა. მართალია, პოეზიისა და პროზის თარგმნის სპეციფიკა სრულიად განსხვავდება, მაგრამ შედეგის აღქმა ხომ მსგავსია?! თარგმანმა ისეთივე ემოციები უნდა აღძრას, როგორსაც ორიგინალი ბადებს. აღმოსავლურ სამყაროს დავესესხები და პარალელს გავავლებ სუფიურ იდეალსა და მთარგმნელის იდეალს შორის: სუფიების მიზანი საკუთარი “მესგან” გათავისუფლება, “თვითგანადგურება” და პირველსაწყისთან, უზენაესთან შერწყმაა (ე.წ. ფანა). ასეთივე დამოკიდებულება უნდა იყოს მთარგმნელსა და სათარგმნს შორის: მთარგმნელი თარგმანში მთლიანად უნდა გაქრეს და “შეერწყას” ავტორს.

კარგი თარგმანი აუცილებლად გულისხმობს მკითხველის პატივისცემას, რაც ყოველთვის არ ხდება. აუცილებელია პასუხისმგებლობის მძაფრი გრძნობაც, რადგან ამ დროს პასუხს აგებ არა მხოლოდ ერთი ავტორის, არამედ კონკრეტული უცხო ქვეყნის კულტურის, საკუთარი ლიტერატურისა და მკითხველის წინაშე.

4. ნებისმიერი გაერთიანება ბიუროკრატიას და გარკვეულ შეზღუდვებს გულისხმობს. მხატვრული თარგმანი ძალზე სათუთი პროცესია. მთარგმნელისა და ავტორის ურთიერთობა მესამეს გამორიცხავს, ყოველ შემთხვევაში, ნებისმიერი ჩარევა იდილიას არღვევს. მთარგმნელობა ინდივიდუალური საქმიანობაა და კოლექტივს ვერ იტანს. ამდენად, ძნელად წარმომიდგენია, როგორ იმუშავებს ასეთი გაერთიანება, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს, ხომ არ იქცევა ეს კრიტერიუმები ზოგჯერ დაბრკოლებად? როგორ მიიღებენ გადაწყვეტილებას რომელიმე ნაწარმოების თარგმნა-ართარგმნის თაობაზე? გარდა იმისა, რომ ამ გაერთიანებაში სხვადასხვა გემოვნების და მსოფლმხედველობის ადამიანები იქნებიან, მათი ცოდნაც, ალბათ, რომელიმე ქვეყნის, რეგიონის, კულტურული არეალის ზოგადი ცოდნით შემოიფარგლება. მაგალითად, მე თვითონ რა გარანტია მაქვს, რომ ურიცხვ ირანელ ავტორთაგან რომელიმე მნიშვნელოვანი არ გამომრჩება? განსხვავებულია მთარგმნელთა ხედვა და გემოვნებაც: ცნობილი მთარგმნელი და ირანისტი მაგალი თოდუა, რომელსაც დიდწილად უნდა ვუმადლოდეთ სპარსული ლიტერატურის პოპულარობას საქართველოში, თანამედროვე სპარსულ ლიტერატურას, როგორც ფენომენს, საერთოდ არ ცნობს. მე და მზია ბურჯანაძე კი მხოლოდ თანამედროვე ავტორებს ვთარგმნით, რადგან მოგვწონს. ჩვენს შორის პრინციპული შეუთავსებლობაა და როგორ შეიძლება ამ გაერთიანებაში ერთმანეთის ინტერესს წარმოვადგენდეთ? თუმცა ამ იდეას დადებითი მხარეც შეიძლება მოეძებნოს, მაგალითად, მთარგმნელის უფლებების დაცვა. მე პირადად მსგავს ორგანიზაციას სწორედაც ამ კუთხით შევქმნიდი. მთარგმნელი ტრაგიკული ფიგურაა, მას დაცვა სჭირდება. თუ თარგმანი კარგად გამოუვიდა, ამას მხოლოდ ავტორის ღირსებად ჩათვლიან; თუ თარგმანი არ ვარგა, ყოველთვის მთარგმნელია დამნაშავე. აღარაფერს ვამბობ ჰონორარზე. მისი შრომა და ნიჭი სათანადოდ არ ფასდება. ამდენად, უფრო უპრიანი მთარგმნელთა ინტერესებისა და უფლებების დამცველი ორგანიზაციის შექმნა იქნება.

5. თანამედროვე სამწერლო და სამეტყველო ენა ძალზე გაღარიბდა (ან გამარტივდა). ფაქტია, რომ უფრო ნაკლები ლექსიკური და ფრაზეოლოგიური ფონდით გავდივართ ფონს. თარგმანის შემთხვევაში კი საქმე ასე იოლად არ არის – მწირი ლექსიკით შორს ვერ წახვალ: ერთი მხრივ, დამოკიდებული ხარ ავტორის ტექსტზე, მეორე მხრივ, მწირი ენა უმალ მთარგმნელს დაბრალდება, ვიდრე ორიგინალის ავტორს. ამიტომ, როდესაც მკითხველი თარგმნილ ტექსტს კითხულობს და ისეთ სიტყვებს აწყდება, რაც ყოველდღიურობაში ნაკლებად ხვდება, უკვე სასიკეთო შედეგია. მისი ენა მდიდრდება ან მიძინებული ლექსიკა კვლავ აქტიურდება.

6. ერთ-ერთი, რაც ქართულ ენაზე აუცილებლად უნდა გვქონდეს და საბედნიეროდ, გიორგი ლობჟანიძის მიერ უკვე ითარგმნება, ჯალალ ედ-დინ რუმის “არსთა მესნევია“, რომელსაც „სუფიზმის ენციკლოპედიას“ უწოდებენ. ეს არის ურთულესი ტექსტი. გიორგი ჯერჯერობით ფილოლოგიურ თარგმანზე მუშაობს. ამ უზარმაზარი თხზულების ცალკეული ნაწილების მხატვრული თარგმანი ქართულად ადრეც არსებობდა (აქ ისევ მაგალი თოდუა უნდა ვახსენოთ), მაგრამ რაოდენობრივად ეს ზღვაში წვეთია. “არსთა მესნევის” მხოლოდ პირველი წიგნის ქართული თარგმანი კომენტარებითურთ, რომელიც, იმედია, მალე გამოიცემა, მგონი, 500 გვერდს აღემატება. ვფიქრობ, ჩვენი კულტურისთვის ძალიან დიდი შენაძენი იქნება.

ვისურვებდი, რომ ქართულად თარგმნილიყო ს. ბარანჩაკის ის ესე, ზემოთ რომ ვახსენე, თუმცა ეს წარმოუდგენლად რთული საქმეა. „მთარგმნელის მცირე მანიფესტი“ მთარგმნელის, კრიტიკოსისა და რიგითი მკითხველისთვის ერთნაირად საინტერესო იქნება. რთულია, მაგრამ მაინც აუცილებლად უნდა ითარგმნოს ი. ბროდსკის ესე „ერთი ლექსის შესახებ“, რომელიც მ. ცვეტაევას ერთ-ერთ ლექსს ეძღვნება. აქ ბროდსკი ჭეშმარიტ ჰერმენევტიკოსად წარმოგვიდგება და გვაჩვენებს, როგორ უნდა წავიკითხოთ ტექსტი. მთარგმნელიც ხომ, უპირველესად, ჰერმენევტიკოსი უნდა იყოს. ვფიქრობ, ეს ესე კრიტიკოსების სამაგიდო თხზულებადაც იქცევა.

7. ასეთი დახმარება ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურები ძირითადად მიზერულ დაფინანსებას გთავაზობენ, რომლის მისაღებად უამრავი მოთხოვნის შესრულებაა საჭირო და ამდენ დავიდარაბად არ გიღირს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს კულტურის სამინისტროს პროგრამა, რომელიც ქართველი ავტორების უცხო ენებზე თარგმნას ითვალისწინებს. ძალიან კარგი პროექტია, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და დაფინანსებაც გაიზარდოს. რასაკვირველია, იქ არის შერჩევის კრიტერიუმები, რომლებიც, ვფიქრობ, შეიძლება დაიხვეწოს და უფრო მოქნილი გახდეს. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან უცხოელ მთარგმნელთა წახალისება, აღარაფერს ვამბობ ქართველი მთარგმნელების ხელშეწყობაზე.

8. მთარგმნელისთვის საავტორო უფლებები შესაძლოა ერთგვარ დაბრკოლებადაც კი იქცეს, მაგრამ სჯობს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოექცეს. თუკი დაცული იქნება ავტორის უფლება, ადრე თუ გვიან დადგება ეტაპი, როცა მთარგმნელის უფლებასაც დაიცავენ. ამაზე ფიქრი კი დღესვე უნდა დაიწყოს.

9. ეს ჩემი ლამის ყოველდღიური საფიქრალია. არიან ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც ამ სფეროში რაღაცის გაკეთება შეუძლიათ. დავასახელებდი ახალგაზრდა მთარგმნელ ნინო თუშიშვილს, რომელმაც გაბედა და გიორგი ლობჟანიძის შესანიშნავი თარგმანის შემდეგ მშვენივრად თარგმნა ფორუყ ფაროხზადის რამდენიმე ლექსი. ნინო აგრძელებს თარგმნას, თუმცა ამას სხვა საქმის პარალელურად აკეთებს (ისევე, როგორც მე ან სხვა ჩვენი კოლეგები). საუბედუროდ, საქართველოში მთარგმნელობით თავს ვერ ირჩენ. ახალგაზრდები, რომლებიც ჩემი თაობისგან განსხვავებით, ბევრად პრაგმატულნი არიან, სამუშაოდ სხვა სფეროებს ირჩევენ. ამასთან, მთარგმნელად ჩამოყალიბებას ნიჭის გარდა უზარმაზარი ცოდნა და თავგანწირვა სჭირდება, რასაც ყველას ვერ მოსთხოვ.

უნდა გაიზარდოს უმაღლეს სასწავლებლებში თარგმანთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული საგნების ხანგძლივობაც, რაც არსებული ფორმით ნამდვილად არ არის საკმარისი. მთარგმნელთა დაოსტატებისთვის ძალიან კარგი საშუალებაა მასტერკლასები. ვახუშტი კოტეტიშვილს ჰქონდა არაჩვეულებრივი სახელოსნო და კარგი იქნება, თუ ეს ტრადიცია გაგრძელდება. ასეთი მასტერკლასები ამ სფეროში არსებულ ყველა პრობლემას ვერ გადაწყვეტს, მაგრამ ბევრი რამის მოგვარება შეუძლია.

10. კრიტიკა საჭიროა, მაგრამ სწორედაც კონსტრუქციული და არა კრიტიკა – კრიტიკისთვის. ყოველთვის მადლიერებით მახსენდება ის ადამიანები, ვისაც თარგმანთან დაკავშირებით რაიმე შენიშვნა მოუცია. ზოგიერთის მიმართ, ვინც მაქებდა, სულ მქონდა განცდა, რომ ან არ წაუკითხავს ჩემი თარგმანები, ან გულს გარეთ მაქებდა. კრიტიკა უნდა იყოს საქმიანი, რომელიც რაღაცას მასწავლის და ერთხელ დაშვებული შეცდომის გამოსწორებაში დამეხმარება.

© “არილი”

Facebook Comments Box