ახალი ამბები,  ახალი წიგნები

თბილისის წიგნის დღეები – რა სიახლეები აქვს პალიტრა L-ს

თბილისის წიგნის დღეები – წიგნების ყველაზე მასშტაბური ბაზრობა ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში 4-5-6 ნოემბერს გაიმართება და ქართველ მკითხველს ათეულობით ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამომცემლობასა და მაღაზიას გააცნობს.

ტრადიციულად, გამომცემლობებს წელსაც არაერთი საინტერესო სიახლე აქვთ: ახალი თუ განახლებული გამოცემები, წიგნის პრეზენტაციები, ფასდაკლებები… საფესტივალო კატალოგების დათვალიერება გამომცემლობების ოფიციალურ გვერდებზე შეგიძლიათ, ამ სტატიაში კი გამომცემლობა “პალიტრა L”-ის საფესტივალო სიახლეებს გაეცნობით.

ანი ერნო, „წლები“, გამომცემლობა “პალიტრა L”, 2022, მთარგმნელი: ლალი უნაფქოშვილი

წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია ფრანგ მწერალსა და ლიტერატორს, ანი ერნოს მიენიჭა. მისი რომანი “პალიტრა L”-მა გამოსცა და შეძენას ფესტივალზე შეძლებთ.
რომანი ,,წლები” აგებულია მწერლის თორმეტი ფოტოსურათისა და მეხსიერებაში დალექილი მოგონებების, განცდების, მოვლენების გარშემო. ეს წიგნი არის ცდა, აღადგინოს კოლექტიური მეხსიერება ინდივიდუალურ მეხსიერებაში: ეპოქისთვის დამახასიათებელი კადრები, ფოტოები, ისტორიული მოვლენები, სლოგანები თუ რეკლამები – ყველაფერი ერთად აღებული ავტორისთვის ამბის თხრობის ინსტრუმენტია.
ეს რომანი არაერთი ჯილდოს მფლობელია და ბევრი კრიტიკოსი მას ანი ერნოს მაგნუმ ოპუსად მიიჩნევს.

კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022“ გამარჯვებული წიგნები.

ანუკი შატაკიშვილი, „წუთით კოსმოსში“, გამომცემლობა „პალიტრა L”, 2022
“წუთით კოსმოსში”- რომანის პერსონაჟები ჯერ კიდევ შორეულ ბავშვობაში იცნობდნენ ერთმანეთს, მერე მათი გზები გაიყარა და თითოეულს საკმაოდ მძიმე ცხოვრება არგუნა ბედმა. ოცნებები და მიზნები დროსთან ერთად, ეპოქის შესატყვისად იცვლებიან. მთვარეზე გაფრენაა ნაწარმოების მთავარი გმირების – ლალუნასა და ჰალეის – ბავშვობის დროინდელი სურვილი, რომელიც მშობლებისაგან ესტაფეტად გადმოეცათ. მაგრამ კოსმოსისაკენ მიმავალი გზა დიდი საიდუმლოებებით, ხიფათებითა და დაბრკოლებებითაა სავსე. როგორ გაუმკლავდება შეყვარებული წყვილი ამ დაბრკოლებებს? რა არის ის, რის წყალობითაც მთვარეზე გაფრენაც კი შესაძლებელი ხდება?

ოლანი ბიწაძე, „მანიტუ“, გამომცემლობა „პალიტრა L”, 2022
“მანიტუ” წარსულის, აწმყოსა და სიზმრის (და არა მომავლის) მონაცვლეობის ფონზე მოთხრობილი ახალგაზრდა ქალის, დორას ამბავია. ბავშვობაში მშობლებისგან შემთხვევით მოსმენილი საიდუმლო დორას სიზმარ-ცხადის ზღვარზე მოხეტიალე მარტოსულ, ტრავმირებულ ადამიანად აქცევს. მთავარი გმირის განცდებითა და ეჭვებით სავსე ცხოვრება მანამდე გრძელდება, სანამ ის თავის მეგობართან, მოგვიანებით კი ქმართან, კოტესთან ერთად სიმართლეს არ გამოიძიებს იმის გასაგებად, თუ როგორ “გაცოცხლდა” ოცდასამი წლის წინ დაბადებული ჩვილი – დორა მჭედლიძე “სხვა ბავშვებში”. სიმართლის გარკვევა ერთადერთი სწორი გზაა, რომლითაც ნაწარმოების პროტაგონისტმა სიმშვიდე უნდა მოიპოვოს, დაუბრუნდეს გაუცხოებულ საკუთარ თავსაც და ახლობელ ადამიანებსაც. ასეა: მთავარი სწორი მიმართულებით “დაყვირებაა” და თუნდაც რამდენიმე მცდელობის შემდეგ აუცილებლად იპოვი იმას, რისი პოვნაც გინდა, მათ შორის, პირად მფარველ სულს – მანიტუს.

ირაკლი არიშვილი, „დასაწყისის დასასრული“, გამომცემლობა „პალიტრა L”, 2022
ინტრიგა რომანის პირველი გვერდიდანვე ჩართულია. ერთ ჩვეულებრივ დღეს, დილით, მთავარი პერსონაჟი, ახალგაზრდა მამაკაცი აღმოაჩენს, რომ გამქრალია და ვეღარავინ ხედავს! ესოდენ უცნაური გარდასახვა უამრავ ემოციასთანაა წილნაყარი. შეგრძნებათა უცნაურ ლაბირინთში აღმოჩენილი გმირი იწყებს პასუხის ძიებას და ამ გზას ის ბევრ გზაჯვარედინთან მიჰყავს. ის იყურება წარსულში, ოჯახის წევრების, სხვა ადამიანთა ფიქრებში. მისი ძიება იმპულსურია და დამღლელი, მაგრამ გასაღები მაინც აუცილებლად საპოვნელია… ვინ და რა დააბრუნებს გმირს ჩვეულ ორბიტაზე? იქნებ ნამდვილი ცხოვრება, ანუ ჭეშმარიტი გზა, სწორედ რომ ამ გარდასახვიდან იწყება…

© არილი

Facebook Comments Box