უცნაურია, რომ ეღიშე ჩარენცს, რომელიც სომხეთის ერთ-ერთ საუკეთესო პოეტად მიიჩნევა, საქართველოში დღემდე ლენინზე დაწერილი ლექსებით იცნობენ, ისიც მხოლოდ ვიწრო წრეში. ჩარენცი სტალინურ რეპრესიებს შეეწირა და მისი შემოქმედება აკრძალული იყო. თავის დროზე მისი ლექსები ქართულად თარგმნეს, მაგრამ უმეტესად ისინი, რომლებიც კომუნიზმსა და საბჭოეთზე ჰქონდა შეთხზული. ჩარენცის ნამდვილი პოეზია კი ქართული აუდიტორიის მიღმა დარჩა. იმისთვის, რომ მკითხველისთვის ჩარენცზე წარმოდგენა შემექმნა, მისი რამდენიმე ლექსი ვთარგმნე, თუმცა, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რასაც ეღიშე ჩარენცის შემოქმედება ჰქვია.
საბჭოთა კავშირის მსხვერპლი
ეღიშე ჩარენცი (ნამდვილი გვარი – სოღომონიანი) 1897 წლის 13 მარტს დღევანდელი თურქეთის ქალაქ ყარში დაიბადა. 18 წლის ბიჭი იყო, როცა სომხების გენოციდს შეესწრო. სწორედ გენოციდმა აქცია ბოლშევიზმის მხურვალე მხარდამჭერად. ამის შემდეგ სომხების ხსნას ეღიშე მხოლოდ საბჭოთა კავშირში ხედავდა.
ეღიშე ჩარენცი აღტაცებული იყო სოციალიზმით, თანასწორობით. ამ თემებზე მართლაც ბევრს და გულწრფელად წერდა. ბედის ირონიაა ის, რომ კომუნიზმსა და საბჭოთა სომხეთზე ასე შეყვარებული პოეტი ანტისაბჭოთა იდეოლოგიის ბრალდებით დააპატიმრეს და ისე აწამეს, რომ 1937 წლის ნოემბერში, ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა. არის მეორე ვერსიაც – ჩარენცი მოკლეს. მისი საფლავის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.
გიჟი კაცის სიმღერა
ყარსი ჩარენცის მშობლიური სახლი იყო, მისი წარსული და ალბათ პირველი სიყვარულიც. აქ გაიცნო კარინე ქოთანჯიანი, მისი ერთ-ერთი სატრფო და მუზა.
,,დავტოვე ყარსი, მდინარესთან ქვის სახლი, ბაღი,
ცა მეწამული,
არც კარინეს გამოვეთხოვე.
სხვა ქალაქების გზებზე ვცხოვრობ, ეს არის რუხი,
ეული კაცის, გიჟი კაცის ხმა და ნამღერი.
თითქოს ვიღაცის ჭრილობაა ეს ყოფა, მკერდში
დაჭრეს და ახლა სიმღერებით ვისთვის ეგზნება.
მე, ვინც წლებისგან გაილახა, მივდივარ ზევით,
სულეთში, სადაც ოცნებების ძველი გეზია.
ყარსში კარინე ქოთანჯიანს თუ სადმე ნახავთ,
შემოგითვალა ჩარენცმაო, იყავი კარგად“[1]
ჩარენცის ცხოვრებაში სხვადასხვა დროს ბევრი ქალი იყო. მისი პირველი ცოლი არფენიკ ტერ-ასტვაწატრიანი ახალგაზრდა გარდაიცვალა. ოთხი წლის შემდეგ, 1931 წელს ჩარენცი იზაბელა ნიაზიანზე დაქორწინდა. 1932 წელს პირველი გოგონა შეეძინა, რომელსაც ყოფილი ცოლის სახელი დაარქვა – არფენიკი. 1935 წელს მეორე გოგო დაიბადა – ანაჰიტი.
„ამ გულში რაც კი რამ სიკეთეა, შენია
რაც კი ნათელი და მწველია, შენია.
მოგცემ, არაფერს დავიტოვებ თუნდაც ცოტას,
თბილად მეყოლები ზამთარში უცეცხლოდაც“ [2]
ჩარენცი საოცრად გულახდილი და ექსპრესიული ადამიანი იყო. მისი ბედი, გარკვეულწილად, მისმა იმპულსურმა ხასიათმაც განაპირობა. ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა და ეს იმ დროს, როდესაც არათუ ლაპარაკს, ფიქრსაც კი ერიდებოდნენ. მის პოეზიაში სიყვარულის თემა ძალიან ხშირად გვხვდება. მეტიც, ეროტიკული ლექსების ციკლიც კი შექმნა. იმ პერიოდისთვის არც ეს იყო ნორმალური. ეღიშე ალბათ ერთადერთი პოეტია, რომელიც ლენინზე და სექსზე ერთდროულად და ერთნაირი გულწრფელობით წერდა.
„დაო! იქნებ, ჩვენ არ ვართ“
ეღიშე ჩარენცის პირველი ლექსი 1912 წელს თბილისში, სომხურ ალმანახში დაიბეჭდა. მაშინდელ საქართველოში ეღიშეს კარგად იცნობდნენ და აფასებდნენ. მეგობრობდა პაოლო იაშვილთან, ტიციან ტაბიძესთან. ერთი-ორი ლექსი საქართველოსა და სომხეთის მეგობრობაზეც აქვს დაწერილი.
მისი პოეტური სტილი ევროპული სიმბოლიზმის და სომხური ფოლკლორის ნარევი იყო. ცნობილია მისი რომანი „ნაირის ქვეყანა“. ტრაგიკომიკურ სტილში დაწერილ რომანში ყარსის ბოლო წლების ისტორიაა გადმოცემული – პირველი მსოფლიო ომი, დამოუკიდებელ სამშობლოზე ოცნება, მარცხი.
თუმცა, ეღიშე ჩარენცის მთავარი მოწოდება მაინც პოეზია იყო. მიუხედავად კომუნისტური მსოფლმხედველობისა, ჩარენცის ლექსები ძალიან მისტიკურია. „სხვა სამყაროდან მოვედი, აუწერელი ლტოლვა მაქვს რაღაც სხვის მიმართ. ქვეყანა, სადაც გადარჩები, არ არსებობს. ხსნა არ ჩანს“, – წერს ის ერთგან.
კიდევ სხვაგან კი ამ სამყაროს არსებობაშიც ეპარება ეჭვი:
„დაო! იქნებ, ჩვენ არ ვართ.
იქნებ ვიღაც? და ვინღა?
ოცნებობს, ფიქრობს ჩვენზე
ღამის საკრმელის მიღმა“.
ეს ამონარიდები ჩარენცის ლექსებიდან უნებლიედ გახსენებს ქართველ პოეტს, ტერენტი გრანელს. საინტერესოა, რომ ტერენტი გრანელიც 1897 წელს დაიბადა და ჩარენცზე სამი წლით ადრე, 1934 წლის შემოდგომას გარდაიცვალა.
აქ, კი უკვე გალაკტიონი იკითხება:
„ქარი, ქარი…
შემოდგომის ქარი ყვითელ მერნებს მიაგელვებს.
სადმე ერთად შეჰყრის მერმე,
აწყვეტს ნერვებს,
აგონიით ისეც დაფეთებულ მერნებს.
სულით სულს ხდის შესაზარი.
ქარი… შემოდგომის ქარი,
მტვრის ვეება ზვინებს ზარით
მიჰბღავის და ერთურთს ახლის,
როგორც გადარეულ ნახირს…“ [3]
„კიდევ ერთხელ და უკანასკნელად დამეხმარეთ“
1930-იან წლებში სომხეთში სტალინური რეპრესიები დაიწყო. ერთმანეთის მიყოლებით აპატიმრებდნენ მწერლებს, ხელოვანებს, იმათ, ვისაც სომხეთის ინტელიგენცია ერქვა. 1933 წელს ეღიშე ჩარენცი მოსკოვში მოღვაწე სომეხ მწერალს, მარიეტა შაგინიანს წერს, ველური, უაზრო ტერორი ჩამოწვა, მსგავსი რამ მთელ საბჭოთა კავშირში არ ხდებაო: „წარმოგიდგენიათ, რა გადავიტანე? განა არ შემიძლია? თავსაც მოვიკლავდი და საკუთარ ოჯახსაც ამოვხოცავდი. შეიძლება გავგიჟდე. მიკვირს კიდეც, ჯერ რომ გონზე ვარ. ჩემი განადგურება ძალიან ადვილია. ეს ჩემზე კარგად იცით. ამიტომ გთხოვთ, დამეხმარეთ. იმ კეთილგანწყობის გამო, რომელიც ყველაფერ ღირებულის მიმართ გაქვთ, რაც კი ჩვენს კულტურასა და ლიტერატურაშია. კიდევ ერთხელ და უკანასკნელად დამეხმარეთ, გთხოვთ“.
ჩარენცის გარშემო რკალი ვიწროვდებოდა. ზაფხულში, აგარაკზე წაყვანილი ცოლ-შვილი მოულოდნელად ღამე გარეთ გამოუყარეს და ოთახში „ცეკას“ თანამშრომელი, ალი მამედოვი შეასახლეს. ეღიშე საშინლად განრისხდა, ჩარენცები გამოყარეს და ვიღაც თურქი შეასახლესო. ქუჩაში დარჩენილ ცოლ-შვილს ჩააკითხა და ისევ ერევანში წამოიყვანა. „ჩარენცმა მთელი ღამე ვერ დაიძინა, ეწეოდა. ოხრავდა. ჩანს, გრძნობდა, რომ ყველაზე საშინელი რამ იწყებოდა“, – იხსენებდა შემდეგ იზაბელა.
ერთ საღამოს ჩარენცს სომხეთის კომპარტიის პირველმა მდივანმა, აღასი ხანჯიანმა მიაკითხა და უთხრა, ხვალ თბილისში მივდივარ, ბერიამ გამომიძახა. დავბრუნდები თუ არა, არ ვიცი, შენ კი გაფრთხლი და ნაკლები ილაპარაკეო.
ხანჯიანი თბილისიდან მართლაც არ დაბრუნებულმა, გამოაცხადეს, რომ თავი მოიკლა. ჩარენცს ამის არ სჯეროდა, არც გაჩუმება გამოსდიოდა გაბრაზებულ გულზე.
1936 წელს ჩარენცი შინაპატიმრობაში აიყვანეს, შემდეგ კი ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს.
„მხნედ იყავი, ძვირფასო, სულ ქუჩაში რომ გამოგაგდონ მაინც. მარტო ჩვენ ხომ არ ვიტანჯებით. კიდევ ძალიან, ძალიან ბევრია ჩვენს დღეში“, – წერდა ცოლს ციხიდან.
ჩარენცის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე დააპატიმრეს იზაბელაც. მოგვიანებით ის ყაზახეთში გადაასახლეს, საიდანაც მხოლოდ 30 წლის შემდეგ, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოახერხა დაბრუნება. უფროსი ბავშვი ბავშვთა სახლში გაგზავნეს, უმცროსი – იზაბელას დედამ გაზარდა.
ეღიშე ჩარენცის დაპატიმრების შემდეგ მისი წიგნები მაღაზიებიდან და ბიბლიოთეკებიდან გააქრეს. თუმცა, ჩარენცის შემოქმედება არ დაკარგულა. ახლობელმა ხელნაწერები შეინახა.
ბინაში, რომელიც ოჯახმა დაპატიმრებამდე ორი წლით ადრე მიიღო, 1974 წელს ჩარენცის სახლ-მუზეუმი გაიხსნა.
ეღიშე ჩარენცი
თარგმნა თეა თოფურიამ
***
შენ ჩემში იწვი, ჩემში ვარვარებ,
მუდმივ ალსა და სისპეტაკეში.
მე ნატანჯი და ვინმე ავარა,
ჩემს მიწასავით ვარ სამარეში.
ქვეყანა იგი დარდსა და დუმილს
მოუცავს, რადგან სამყარომ განზე
დატოვა.
როგორ მოგიხმო ახლა
და დაგეწაფო, როცა მარტო ვარ?!
რა დაგიძახო, რა უნდა გვედრო?
როგორ მოგიხმო, რომ ისევ შეგხვდე?
***
ასჯერ მინავლდა ჩემს თვალებში ხანძარი. ჩაკვდა.
ჩემს მტკივან სულში ვარსკვლავები ასჯერ ჩაიწვნენ.
და მაინც, როცა განშორების დადგები კართან,
ჩემს ყოფას, ქცეულს მოგონებად შენ ნუ დაწყევლი.
ჩემი ცხოვრება სრულდება და სიმღერა რჩება.
ჩემი სიცოცხლე ჩაქრა როგორც ცეცხლი ჭაობში.
იყო უმიზნო, გაფანტული და უიმედო.
შენც იცი, რომ ჩემს სიმღერებშიც კი ვერ აღმოვჩნდი.
თითქოს ჩემს სულში ამ ლურჯ სევდას სხვა კაცი თხზავდა.
უტყვმა – მუდმივი ტირილისგან – ვიარე ქვეყნად.
არავინ იცის, სულ არავინ, მე რა გარდამხდა.
მხოლოდ იციან რამდენიმე ჩემი სიმღერა.
შენით ვავსებდი ყველა სტრიქონს, შენი ღიმილის
სხივია მათში, სისპეტაკე, ჩემი ხელების –
ჩახუტება რომ ვერ შევძელი შენი – ტკივილი.
ჩემი ცხოვრება კი ხრამშია გადაჩეხილი.
აჰა, ბინდბუნდი, უამინდო, ისევ მოეთრა.
რა ვქნა, რომ ჩემს სულს მონატრება არ აწუხებდეს?
როგორ დავლიო სული, ხელის აუთრთოლებლად,
რომ მერე მაინც მაპატიონ, თუნდაც როდესმე.
უცებ, დავეჭვდი, საკუთარი თავის არ მჯერა.
იქნებ, არც ილტვის შენკენ ჩემი სულის სიმწველე.
შენ ნუ დაწყევლი ხელებს ჩემსას, დრო რომ დადგება,
დარდია მათში, ისინი სულ შენსკენ იწევდნენ.
***
ჩემი სიკვდილის დღეს –
სიჩუმე ძველი დარდივით დააწვება ქალაქს,
როგორც გაზეთში წაკითხული ცნობა კატასტროფის შესახებ.
როგორც შეყვარებული გოგოს სევდა,
ან ნაცნობი ქვრივის წუხილი.
ჯერ ქუჩებს მოედება ახალი ამბავი,
მერე კარში შევა ბებერი ფოსტლიონივით,
ბრმად, ლასლასით დაივლის ოთახებს.
ლანდად გაწვება ერთი სახლიდან მეორემდე.
დავიწყებული სტუმარივით აიწურება მთელ ქალაქში.
მერე შუაღამისას, როცა ყველაზე მშვიდი დროა,
თითოეულის გულში შევა და შეუხებლად,
როგორც შორეული მთვარე – დაივანებს.
ჩემი სახე გაქრება სამუდამოდ.
ის ხალხი, გუშინდელ დღემდე უცხო ჩემთვის,
არსოდეს რომ არ ვუნახივარ,
და ისინიც, ვინც ხანდახან მხედავდნენ,
თავის ზღაპრულ ამბავს შეთხზავენ.
ჩემი ლექსების უმეცარნიც კი,
ჩემს ცხოვრებას მოწმეებივით რომ უყურებდნენ,
ისიც კი ეგონათ, რომ უკვე კარგა ხანია მოვკვდი,
საერთო გლოვით შეძრულები, გაოცდებიან,
თურმე რა მშობლიური ვყოფილვარ მათთვის,
როგორი ძვირფასი.
მიწიდან მტვერი, სულებში კი მოგონებები აიშლება.
ჩემი აჩრდილი, ვისაც ჯერ კიდევ ახსოვს წარსული,
ყრუ ქალაქებისა და სოფლების თავზე ილივლივებს.
გამვლელები, ხანდახან ერთმანეთისთვის უცხოებიც,
ერთმანეთის თვალებში ერთი და იგივე ამბის ამოკითხვას შეეცდებიან.
სევდიანი სახით გაიზიარებენ მწუხარებას.
შეიძლება ვიღაცამ წაიკითხოს ჩემი ცხოვრების წიგნი.
სვენებ-სვენებით, სტრიქონ-სტრიქონ,
მერე კი ერთბაშად გააგდოს ხელიდან
და დარჩეს საფლავი შორეულ მოგონებად
და ქალი, ჩემს სურათზე თავდახრილი
თვალებში სევდით და ცრემლებით…
როგორც წლების წინ, სიცოცხლეში,
მოგონებას უცებ წარსულის სუნი მიეცემა.
შეიძლება ჩემს წარსულს ჩემს სიზმრებში ედო ბინა,
ახლა კი ჩემს მემუარებშია.
ამას წიგნი ვერ დაიტევს.
ვერც ერთი წიგნი დედამიწის ზურგზე.
ვერც ერთი წიგნი, ვერანაირი.
მზე
მიყვარს ჰაიასტანის სიტყვა ნამზეური
ზარი ძველი საზის, მოთქმა.
სიმი სევდიანი, ვარდი ნასისხლარი,
მისი სურნელი და როკვა
ლაზათიანი ჩვენი გოგონების,
ცა დაბინდული და წყალი,
წითელი წყაროები, წყალსატევები.
დრაკონის ხმა მაქვს და ვხავი
დიდების საგალობელს
მზის – ზამთრის, მზის – ზაფხულის.
ქოხები წყვდიადში ქრება.
უჟმური კედლების ხაო და სიშავე,
ძველი ქალაქები ქვებად.
ეს ქვები ითვლიან ათას წელს,
წელს ათასს… ვიქნები აგერ თუ სხვაგან,
არ დამავიწყდება ჩვენებურ სიმღერებს
სევდა რომ დაჰყვება დაღად.
არ დამავიწყდება რკინა ჩამოსხმული
რომ იქცა წიგნებად ლოცვის.
ჩვენი იარები, ძველი იარები
ისეთი ღრმაა და ლოდი.
არვინ არ არის
მსგავსი ნარეკაცის
არც კაცი – ქუჩაკის მსგავსი.
მიყვარს მთა მასისი, როგორც უმწიფარი
გზები დიდების და დაფნის.
მიყვარს ჰაიასტანი ობოლი, ნათელი,
მიყვარს და ზღაპარი მეტი,
არ დამჭირვებია.
შენ – წადი აშხარში
კაშკაშა არარატის ფეხრთით.
[1] თეა თოფურიას თარგმანი
[2] თეა თოფურიას თარგმანი
[3] გივი შაჰნაზარის თარგმანი
© არილი