პროზა

თეკლა ერემეიშვილი – ლურჯი ღამეები რომ განთიადებად გარდაიქმნებიან

ჩემმა ოცნებამ ქარტეხილებს თავი უდარა,
ჰაშიშის მსგავსად აამღვრია ჩემი იღბალი“.                                            ვალერიან გაფრინდაშვილი

ტყიბულის ჯართსაყრელზე რკინის და მოსაწევის სუნი დგას. სიმარტოვით სავსე გეტოში ძმაკაცები უბორბლებო და უფანჯრებო, ძველისძველ „ვოლგაში“  მარიხუანას ვზრდით.
სანამ მეშახტეების სახლში დაბრუნებამდე მათი ცოლები გაუბედავი შიშით იყურებიან გზისკენ, ბიჭები ორღობეში გამომწყვდეულ ავადმყოფ ღამეებს გავურბივართ  და საერთოდაც, სხვანაირ ცხოვრებაზე ფიქრსაც ვბედავთ.
ჯართსაყრელის გარდა  ერთი ამოჩემებული ადგილი გვაქვს და ღამღამობით ავდივართ. ასე ვიკმაყოფილებთ გადაკარგვის სურვილს იმ სახლებიდან, რომლებშიც შეიძლება ერთ დღესაც ვეღარ დაბრუნდნენ ჩვენი მამები.
ფერდობისკენ მარტო მივდივარ, მერე ალბათ ბიჭებიც ამოვლენ. დამტვერილ ფანჯრებზე მომწყდარ მისუსტებულ ნათებას უკან ვიტოვებ. სახლებისკენ მიმავალი მეშახტეების ლაპარაკი ჩამესმის, ხმებს ვითვლი… მამაჩემის ხმას ვერ  ვპოულობ სხვებში. ალბათ მესამე სოფლის ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილი რომელიმე სახლიდან გამოდის და დაღმართს მოუყვება, იშვიათად თუ ნახავ სახლში, მიტყდება, მაგრამ  საკუთარ მამაზე მეტად სხვის მამებს ვიცნობ… ფიქრებიდან კენჭების აქეთ-იქით გადასროლის ხმას გამოვყავარ. უკან ვიხედები, ვიღაც მოდის. სიბნელით ნახევრად შეჭმული სხეულის კონტურებით მიჭირს ამოვიცნო სულიერია თუ არა, ქალია თუ კაცი… „მგონი, ოდნავ წელში მოხრილი უნდა იყოს. მოხუცია?“ ჩვენ შორის მანძილი მცირდება. ვიძაბები. მიახლოვდება, მაგრამ არაფერს ამბობს .„უცნობია? – უცხოს აქ რა უნდა, ამ დროს?“  – ამ ფიქრებში ვარ და თანდათან გამოსახულება მკვეთრდება, ადამიანის სახეც ცხადი ხდება. – კრავაი?! – ზედაც არ მიყურებს ისე აგრძელებს გზას. აქ რა ჯანდაბას აკეთებ? – ვეკითხები. ვერ დამიძახე შენ თუ იყავი? გული გამიხეთქე, გოგო! –  ვკიდივარ, ისევ არაფერს მეუბნება. კრავაი ერთადერთი გოგოა ჩვენს სამეზობლოში. ლურჯი ღამეები გვაქვს საერთო, ომობანაც და ფეხბურთიც, მოკლედ, მთელი ბავშვობა. რაღაც ფარული რომანტიკა ყოველთვის მქონდა მის მიმართ, სიღრმეში ჩაკარგული, აი, რომელიმე საღამოს რომ მოინდომებს გაბნევას ახლადაფეთქებული და გადახსნილი ატმის ყვავილის სუნში. აბა მუდმივი რომანტიკისთვის ვის სცხელა აქ.  ისიც ფერდობისკენ მოდის როგორც ჩანს, აქით გზა სხვაგან არსად მიდის.

საღამო ღამედ გარდაქმნისთვის ემზადება, მიდამო კრავაის კაბის ფერია.ესთეტიკურმა აღქმებმა სიბრაზე  გამიქრო და ახლაღა აღვიქვი მძიმე ტომარას რომ  მოათრევს. დახმარებას ვთავაზობ, – უარზეა. რა მოგაქვს-მეთქი? – ვეკითხები. ცოდვებიო – მპასუხობს. ისე მსუბუქად მიაბიჯებს ამხელა ტომრით აღმართში ეს გამხდარი გოგო, რომ საკუთარი მძიმე ამოსუნთქვების მრცხვენია. როგორც იქნა, ფერდობზე ავაღწიეთ. კრავაი ტომარას ბეჭიდან იხსნის და ხესთან დებს.  გულის აჩქარებაც კი არ ეტყობა. მე კიდევ, დაღლილობისგან ვეღარ ვძლებ და მიწაზე ვჯდები. ფერდობიდან ვარსკვლავურ მტვერში გახვეული სოფლის ირიბი ნათება მოჩანს. ჯიბიდან გამხმარ მარიხუანას ვიღებ, ვახვევ და კრავაის ვაწვდი. უარის ნიშნად თავს აქნევს. გულაღმა ვწვები და მოსაწევს რამდენიმე ნაფაზად  ბოლომდე ვისრუტავ. მეფიქრება კრავაის არაქალურ, მაგრამ მაინც სექსუალურ ფორმებზე, ჰაეროვან სხეულზე,  ჯერ კიდევ გასაზრდელ და გამოსაკვეთ ძუძუებზე. აი, გაზაფხულის საღამოს რომ  ნაზი სუნი ასდის ხოლმე, მაგ სუნის მსგავსი ფიქრებია,  მეშინია ესთეტიკის ზედოზირება არ მომივიდეს.  წარმოსახვები იზლაზნებიან. მიწა შახტიდან გამოსული კაცის  ხელებივით შავი და ოდნავ უფრო თბილია. მაგას რას უშვრები-მეთქი?  – ტომარაზე ვეკითხები. მივხედავო, – მოკლედ მპასუხობს.  თანდათან ზანტ სიმსუბუქეში ვეფლობი. აღარც ლაპარაკის თავი მაქვს, ცას ღრუბელი ამღვრევს. მე – მარიხუანა. მიდამო მისრუტავს, ვუჩინარდები.

ძილმა რომელიღაც ფაზიდან გამომისროლა. თვალს ვახელ, შუაღამის მთვარის შუქზე სილუეტად იკვეთება კრავაის სხეული.  მიწას ეჩალიჩება სათამაშო ნიჩბით. მოწეულზე რომ ასეთ საიდუმლოს მთავაზობს განგება, ცოტა არ იყოს ვიზაფრები.  რა ჯანდაბას აკეთებ-მეთქი, ვეკითხები. – არაფერს, მპასუხობს. მიწის თხრას აგრძელებს. გოგო, არ გესმის შენ? რა გჭირს გამაგებინე!
ნერვიულად მიდის ტომარასთან,  აპირქვავებს და ჩემ წინ მისი ძაღლის ლეში ვარდება. ყელგამოჭრილი ძაღლი. განზე ვხტები და ცხვირზე ხელს ვიფარებ ინსტინქტიურად. სპაზმები მეწყება. ეს ისევ აგრძელებს მიწის თხრას და ლაპარაკს იწყებს; გუშინ მამაშენი იყო ჩემთან, დედა იკითხა, სახლში არ არის-მეთქი, არც მამა მოსულა ჯერ  შახტიდან-თქო, დედაშენის გამოხდილ არაყს არ დამალევინებო? – მკითხა,  სახლში შემომყვა, ნასვამი იყო ისედაც და სწრაფად დალია ზედიზედ. ცოტა ხანში უცნაურად დამიწყო თვალიერება, დავიძაბე, წამოვდექი და გარეთ გასვლა დავაპირე, იქნებ, მოიფიქროს, ადგეს და წავიდეს-მეთქი. წამოდგა და კარში გადამეღობა, საშინლად თვალებჩაწითლებული და ძარღვებდაბერილი იდგა, უცებ კაბა ამიწია და ხელების ფათური დამიწყო.  რას აკეთებ-მეთქი,  სისხლი მომაწვა თავში, თავბრუ დამეხვა, წავბარბაცდი. – რა იყო, დავიჯერო ამას ბიჭებთან არ აკეთებო? მაგიდაზე დანა იდო და ხელი ვერ მივაწვდინე, თორემ ალბათ დავარტყამდი ! – მოყოლისას ნიჩაბი ხელიდან უვარდება და თვითონ იქვე იკეცება ძაღლის გვამთან, ამბის გამხელით ძალაგამოცლილი. მოყოლისას იმხელა ინტერვალებს აკეთებს წინადადებებს შორის, რომ ყველაფრის წარმოდგენას ცხადად ვასწრებ, წარმოდგენები ტვინს  მიფეთქებს.  აგრძელებს:  როგორ გამოვექეცი არ მახსოვს, მარტო ერთხელ მივიხედე უკან და კიბეზე ჩამორბოდა, მერე ძაღლის ამოყმუვლება…  დანარჩენი არაფერი მახსოვს…

მე ვერაფერს ვამბობ.  იმის გააზრებით, რომ ასეთი ამბები  ერთ პატარა, მეშახტეების ოცნებებით  მიქანცულ სივრცეში შეიძლება  ხდებოდეს, ისტერიული რეალობის სიბლანტეში ვეფლობი. სპაზმები მიძლიერდება და მიწაზე საკუთარ ნარწყევში ვფორთხავ. კრავაი ძაღლს ორმოს აზომებს და მიწის თხრას აგრძელებს.

დასავლეთის ქარს საიდანღაც მოსაწევის სუნი მოაქვს და ძაღლის ლეშის სუნს უზავებს. შუაღამე განთიადად გარდასაქმნელად კოსმოსიდან დასტურს ელოდება.

© არილი

Facebook Comments Box