ესე,  პორტრეტი

თემურ კობახიძე – რადიარდ კიპლინგის დილემა: ოფიციოზი და მხატვრული შემოქმედება

443052f

ჯოზეფ რადიარდ კიპლინგი (1865 – 1936) ინგლისური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი ფიგურაც იყო და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულიც. საუცხოო პროზაიკოსი, ზედმიწევნით ორიგინალური სტილისტი და ცხოვრებაშივე საქვეყნოდ ცნობილი პოეტი თავისი რანგის შემოქმედთაგან ალბათ ერთადერთი იყო, ვინც არსებული წეს-წყობილების მეხოტბეობა იკისრა და მაინც დიდ მწერლად დარჩა (ლიტერატურის ისტორიას მხოლოდ “ურჩები”, “მეამბოხენი” ან მართლაც ჭეშმარიტი “ოლიმპიელები” შემორჩებიან ხოლმე). ბომბეიში დაბადებულმა “ანგლო-ინდოელმა”, რომელმაც ჰინდუსტანიზე ამოიდგა ენა, ინდოეთის დიდმა მცოდნემ და თაყვანისმცემელმა, ინგლისის დიდმპყრობელურ პოლიტიკას დაუჭირა მხარი და ამავე დროს, სწორედ ინდოეთის თემატიკაზე შექმნილი ზღაპრებით, მოთხრობებით, ლექსებითა და რომანებით დაიმკვიდრა ადგილი ლიტერატურაში. პარადოქსია ისიც, რომ კიპლინგს გულწრფელად უყვარდა ინდოეთი (სამშობლოდაც კი სთვლიდა მას) და თან გულწრფელად სწამდა, რომ ინგლისის ბატონობა ამ ქვეყნისათვის დიდი სიკეთე იყო (თუმცა თვით ინგლისი მას წლების მანძილზე “საზღვარგარეთად” მიაჩნდა).

დიდი და ორიგინალური ნიჭით დაჯილდოებულ ხელოვანს საკმაოდ ხანგრძლივი სიცოცხლე უბოძა ღმერთმა, მაგრამ არავინ უწყის, წყალობა იყო ეს თუ რისხვა. განგებამ კიპლინგი ორი შვილის გარდაცვალებასა და ხანგრძლივ შემოქმედებით სიბერწეს მოასწრო: მას მერე, რაც თითქმის აღარაფერი ჰქონდა დასაწერი, “ჯუნგლების წიგნის” ავტორმა კიდევ მრავალი წელი იცოცხლა. დიდ ლიტერატურაში ეს არც თუ ისე ხშირად ხდება: ჭეშმარიტი ხელოვანისათვის შემოქმედებითი თვითრეალიზაცია ამქვეყნად არსებობის ფორმაა და არა უბრალოდ, კაპრიზი. როდესაც ეს ფორმა საკუთარ თავს ამოსწურავს, ჩვეულებრივ, თვით პიროვნებაც სწყვეტს ხოლმე ფიზიკურ არსებობას. როდესაც ჰემინგუეი მიხვდა, რომ გაუთავებლად იმეორებდა მრავალგზის უკვე ნათქვამს, ამქვეყნად ყოფნას სიკვდილი არჩია; ფრენსის სკოტ ფიცჯერალდს შემოქმედებითმა სიბერწემ ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სახით ამოხადა სული და ამგვარი შემთხვევები გამონაკლისი როდია. მათგან განსხვავებით, მეცხრამეტე საუკუნეს თითქოს “შემთხვევით” გადარჩენილმა კიპლინგმა მეოცე საუკუნეში ვეღარაფერი ფასეული ვერ შექმნა, თუმცა მაინც განაგრძობდა წერას და ცხოვრებას.

მის შემოქმედებით ბიოგრაფიაში არის ერთი მეტად მნიშვნელოვანი, წყალგამყოფივით შეჭრილი თარიღი. ესაა საუკუნეთა მიჯნა, საკუთრივ 1901 – 1902 წლები, როდესაც მან თავისი უკანასკნელი საუკეთესო ნაწარმოებები – რომანი “კიმი” და ზღაპრების კრებული “აი, როგორ და რატომ…” გამოაქვეყნა. დროის ამ ერთწლიან ინტერვალს დაემთხვა “მაუგლის” ავტორის საბოლოო ტრიუმფი; ამ დროისათვის მან უკვე მყარად დაიმკვიდრა ადგილი ინგლისურ ლიტერატურაში, თუმცა მომდევნო წლებში არც პროზაულ და არც პოეტურ ნაწარმოებთა გამოქვეყნებას მისთვის საგრძნობი წარმატება აღარ მოუტანია. დასრულდა სიახლეთა დამკვიდრების პერიოდი და თუმცა კიპლინგს არც ამის შემდეგ კლებია პოპულარობა (მასობრივი მკითხველი მის ლექსებსა და მოთხრობებს ყოველთვის ხარბად ეტანებოდა, მისი წიგნები გარდაცვალებიდან ოცი წლის შემდეგაც “ბესტსელერებად” ირიცხებოდნენ და ა. შ.) – ეს სახელი და დიდება უფრო წარსულის მხატვრულ მიგნებათა დაფასებას წააგავდა, ვიდრე მოქმედი მწერლის აღიარებას. მეტად ნიშანდობლივი და სიმბოლურია, რომ სწორედ იმ დროს (1901 წელს) გარდაიცვალა დედოფალი ვიქტორია და ინგლისის ისტორიაში დასრულდა სამოცდახუთწლიანი ვიქტორიანული “ოქროს ხანა”: ინგლისური კულტურისათვის მეოცე საუკუნე არა მხოლოდ ქრონოლოგიურად, არამედ არსებითადაც 1901 წელს დაიწყო.

უკვე იმჟამად მყარ და საფუძვლიან დავიწყებას ეძლეოდა ოთხმოციან-ოთხმოცდაათიან წლების ლიტერატურული ბატალიები, ფენ-დე-სიეკლის მოდეკადენტო ესთეტთა მანიფესტები და ლოზუნგი “ხელოვნება ხელოვნებისათვის”. მიმზიდველობას ჰკარგავდა “პრერაფაელიტთა ძმობის” მხატვრულ-წამოსახვითი სამყარო და ოსკარ უაილდის სკანდალური რეპუტაცია, მისი თეორიული თუ პრაქტიკული ესთეტიზმი. აღარავის ახსენდებოდა რობერტ და ელიზაბეთ ბრაუნინგების გულისამაჩუყებელი რომანი და აღარავის სურდა ლორდ ტენისონისა თუ ელჯირნონ ჩარლზ სუინბერნის დეკორატიული პოეტური სახეებით ტკბობა. თანდათანობით სულ უფრო მეტ გაღიზიანებას იწვევდა ვიქტორიანული პოეზიის ნეო-რომანტიკული ვნებათაღელვა, მაღალფარდოვანი და ხელოვნური სტილი – როგორც ლიტერატურასა და ხელოვნებაში, ისე ყოველდღიურ ყოფაში. სრულდებოდა კლასიკური ინგლისური ლიბერალიზმის, საზოგადოების მოჩვენებითი ჰარმონიისა და მეშჩანური კდემამოსილების, ბურჟუაზიული მორალის აპოთეოზის ხანა – ერთი სიტყვით, დედოფალ ვიქტორიას ეპოქა. ახალი დრო ახალ შინაარსს სძენდა მხატვრული სრულყოფილების ცნებას და ძირფესვიანად ცვლიდა მოძველებულ ესთეტიკურ იდეალს.

განახლებული ეპოქალური მხოფლაღქმის პოზიციებიდან რადიარდ კიპლინგი თუმც ორიგინალური მხატვრული სამყაროს შემქმნელად, მაგრამ მაინც უპირატესად ვიქტორიანელ მწერლად აღიქმებოდა. უფრო მეტიც, ათიან-ოციან წლებში მომძლავრებული მოდერნისტული მწერლობა ოდესღაც ტენისონისა და ჩესტერტონის უმცროს თანამოკალმეს, ახლა კი თავის უფროს და ბევრად უფრო გამოცდილ კოლეგას ისე უმზერდა, როგორც მუზეუმში შემონახული პრეისტორიული ცხოველის ჩონჩხს. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ლიტერატურაში ახლად მოსული თაობა ხშირად ემიჯნება ხოლმე უშუალო წინამორბედებს და საკუთარი თავის დამკვიდრებას ესწრაფვის. ლიტერატურის ისტორიის პერსპექტივაში “მაუგლის” ავტორის იმჟამინდელ შეფასებას საბოლოო და გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ერთი კია – კიპლინგის ამგვარი პერცეფცია მხოლოდ იმით არ იყო გამოწვეული, რომ მისი შემოქმედება იმჟამად წარსულის კუთვნილებად აღიქმებოდა. მნიშვნელოვანწილად ამგვარი დამოკიდებულება განპირობებული იყო თვით კიპლინგის პოლიტიკური მრწამსით, მისი შეხედულებებით, რომელთაც ის არასოდეს არ ფარავდა.

კიპლინგის ცხოვრება მკაფიო მაგალითია იმისა, რომ დიდმა მწერალმა ოფიციალური იდეოლოგიის მქადაგებლობა არ უნდა იტვირთოს და არც “შეთავსებით” პოლიტიკოსობას არ უნდა მიჰყოს ხელი, თუ ის პოლიტიკოსის კიდევ ერთი, “დამატებითი” ნიჭით არ არის დაჯილდოებული. კიპლინგის იმპერიული მრწამსი, იმჟამინდელი ოფიციოზის გამომხატველი მისი შეხედულებანი, ახლო მეგობრობა ისეთ პიროვნებებთან, როგორიც იყო სესილ როდსი და კოლონიალური პოლიტიკის სვა ოფიციალური გამტარებლები, ფართოდ იყო ცნობილი ინგლისის საზოგადოებისთვის. ბრიტანეთის იმპერია მისთვის კერპი იყო; ოფიციალურ კოლონიალურ პოლიტიკას ის აღიქვამდა, როგორც თეთრკანიანი ადამიანის კეთილშობილ მისიას და მის საპატიო ვალს თავის ინდოელ, აფრიკელ და სხვა აბორიგენ თანამოძმეთა წინაშე. კიდევ უფრო საოცარი ის არის, რომ კიპლინგის იმპერიალიზმი სრულიად თავისუფალი იყო ყოველგვარი თვალთმაქცობის, პირადი ანგარებისა თუ ფარული აზრებისაგან: მას გულწრფელად სწამდა, რომ უბრალო ინგლისელს, კოლონიალური არმიის რიგით ჯარისკაცს, “იმპერიის მშენებელს” სამშობლომ, მონარქმა და ისტორიამ მაღალზნეობრივი მისია დააკისრა. ცხადია, ყოველივე ეს იმჯამინდელი ინგლისის ლიბერალურად განწყობილ წრეებში არაერთნიშნად რეაქციას იწვევდა – შემოქმედებითი ინტელიგეცია მკვეთრად გამოხატულ იმპერიალისტად მიიჩნევდა კიპლინგს და მის მიმართ ხან აშკარა გაღიზიანებას იჩენდა, ხან კი უბრალოდ, დუმილს არჩევდა. წლების მანძილზე, ამგვარმა განწყობლებამ ის ნაყოფი გამოიღო, რომ ინგლისის მეფეთა და პოეტთა ცნობილ განსასვენებელში – უესტმინსტერის სააბატოში კიპლინგის დაკრძალვას არც ერთი იმ დროის თვალსაჩინო მწერალი არ დაესწრო. რაღა თქმა უნდა, ესეც მდუმარე პროტესტი გახლდათ; ან უფრო – აშკარა დემარში: თანამოკალმე ლიტერატორთა საძმო და ლიბერალურად განწყობილი ინტელიგენცია თითქოს ზედმეტად მიიჩნევდა იმ დიდ პატივს, რომელიც კიპლინგს ოფიციალური ხელისუფლება მიაგებდა…

ცხადია, დღეს, როდესაც კიპლინგის გარდაცვალებას ნახევარ საუკუნეზე მეტი ხანი გვაშორებს და შეფასების კრიტერიუმებიც ძირფესვიანად შეცვლილია, მის პიროვნებასთან დაკავშირებული პრობლემატიკა სხვაგვარად წარმოჩინდება. ლიტერატურის ისტორიის პერსპექტივაში სულ უფრო ნათელი ხდება, რომ კიპლინგის ნაღვაწის შეფასებისას მისი პოლიტიკური შეხედულებანი კი არაა მთავარი, არამედ მისი ხელოვნება. უნდა ითქვას, რომ ამ თვალსაზრისს ჯერ კიდევ ორმოციან წლებში დაუჭირა მხარი დიდმა კრიტიკოსმა ენგუს უილსონმა, ხოლო შემდეგ თვით ტომას ელიოტმა, რომლებმაც კიპლინგის შემოქმედებას მეტად მნიშვნელოვანი გამოკვლევები უძღვნეს. ამ ცნობილ მოღვაწეებს უკვე იმჟამად ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ ხელოვანის პოლიტიკური მრწამსი (თუ კი მას ეს მრწამსი გააჩნია) კონკრეტული ისტორიული სიტუაციის პირმშოა და მის შეცვლასთან ერთად დავიწყებას ეძლევა, ხოლო ის, რაც ამის შემდეგ რჩება (თუ რჩება!) – უეჭველად ხელოვნებაა. მართლაც, დღეს ვიღას ააღელვებს ის, თუ ვის მხარეს იჭერდა დანტე იტალიის შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში – გველფების თუ გიბელინებისა, ან ის, თუ რამდენად მოიგო შექსპირმა ტიუდორების მმართველი დინასტიის წარმომადგენელთა გული, როდესაც მათი ისტორიული მოქიშპე რიჩარდ მესამე ურჩხულად წარმოსახა. ჩვენი დროიდან ამის მკაფიო მაგალითია მოდერნისტული მწერლობის პატრიარქის – ეზრა პაუნდის ტრაგიკული ფიგურაც, მუსოლინის მეგობარი რომ იყო და პროფაშისტურ რადიოპროპაგანდას რომ ეწეოდა ამერიკული ჯარის ნაწილებში. როგორც “სამხედრო დამნაშავემ”, პაუნდმა მრავალწლიანი ციხე დაიმსახურა, როგორც დიდმა პოეტმა – ის, რომ მის გარეშე ჩვენი დროის დასავლური ლიტერატურა საერთოდ წარმოუდგენელია. კიპლინგისათვის, რომელიც წმინდა ყოფითი თვალსაზრისითაც არასოდეს ყოფილა “დიპლომატი”, ყოველთვის გამოუცნობი რჩებოდა მიმდინარე პოლიტიკის რეალური მოტივები. მისი, ისევე, როგორც პაუნდის ტრაგიკული შეუსაბამობათა თავი და თავი ხელოვანისათვის ხშირად დამახასიათებელი სპეციფიკური გულუბრყვილობა, ცხოვრებისეულ კონიუნქტურაში გაურკვევლობა იყო, რაც მძლავრ კომპენსაციას ოძლეოდა მათსავე ხელოვნებაში, ანუ სწორედ იმაში, რაშიც ხდება შემოქმედებითი პიროვნების ჭეშმარიტი თვითრეალიზაცია. ამდენად, კიპლინგი-ადამიანი თავისი დროის კუთვნილება იყო, კიპლინგი-ხელოვანი კი მნიშვნელოვანწილად ჩვენი დროის კუთვნილებაა: შემოქმედებითი ინტუიციის, პოეტური ალღოს ძალით მან თავის საუკეთესო ნაწარმოებებში დაატყვევა ის ეფემერული, პრაქტიკული განსჯისათვის ძნელად მისაწვდომი სუბსტანცია, რომელსაც ჭეშმარიტი ხელოვნება ჰქვია.

კიპლინგის შემოქმედება როგორც თემატურად, ისე ჟანრობრივად ძალზე მრაფალფეროვანია. როგორც ჩანს, ეს მრაფალფეროვნება მისი მოხეტიალე ცხოვრებითაც იყო განპირობებული – ის ბევრს მოგზაურობდა თვით ინდოეთში, რომელსაც შესანიშნავად იცნობდა. წლების მანძილზე ჩადიოდა და თვეობით რჩებოდა აფრიკაში, სადაც სესილ როდსმა მას საგანგებოდ აშენებული სახლი აჩუქა. არც თუ ცოტა ხანი – დაახლოებით ხუთი წელი – კიპლინგმა შეერთებული შტატების ქალაქ ბრატლბოროში (ვერმონტი) იცხოვრა, სადაც მის ამერიკელ მეუღლეს საკმაოდ კეთილმოწყობილი მამული ჰქონდა. ამ, ასე ვთქვათ, ძირითადი მარშრუტების გარდა, კიპლინგმა თითქმის მთელი დანარჩენი მსოფლიო მოიარა – სხვადასხვა დროს ის ეწვია კანადას, ჩინეთს, იაპონიას, ეგვიპტეს, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, ვესტ-ინდოეთს, ბრაზილიას… დაგროვილი შთაბეჭდილებებიდან ზოგი ლექსად რეალიზაციას “ითხოვდა”, ზოგი ზღაპრად, ზოგიც – მოთხრობად ან რომანად. ლუის კეროლთან და ოსკარ უაილდთან ერთად, კიპლინგი ახალი ტიპის ლიტერატურული ზღაპრის შემქმნელია; თანაც მისი ზღაპრები არაფრით არ წააგავს არც კეროლისას, არც უაილდისას. თავისი “ჯუნგლების მეორე წიგნით” მან ფაქტიურად შექმნა ანიმალისტური ეპოსი ინგლისურ ლიტერატურაში, რომლის გამოძახილი შემდგომ გაისმა როგორც ინგლისელი დ. ჰ. ლორენსის, ისე ამერიკელი ჯეკ ლონდონის შემოქმედებაში. ინგლისური ნოველისტიკა და სათავგადასავლო ჟანრი კიპლინგის გარეშე იმჟამად ისევე წარმოუდგენელი იყო, როგორც დღესაა წარმოუდგენელი საუკუნეთა მიჯნის ინგლისური პროზა მისი საუცხოო რომანის – “კიმის” გარეშე, ან იმ დროის პოეზია – მისი პოეზიის გარეშე. მთლიანად, კიპლინგის ცოვრებაშივე გამოცემული მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა ხუთ რომანს, ორასორმოცდაათამდე ნოველას, მოთხრობასა და ზღაპარს, ათასამდე პოეტურ ნაწარმოებს და ორ ტომ ე. წ. “შერეულ ნაწერებს” – უმთავრესად, რეპორტაჟებსა და საგაზეთო წერილებს ითვლის (სხვა ყველაფერთან ერთად, კიპლინგი შესანიშნავი რეპორტიორი და ჟურნალისტიც იყო). თემატურად – მხატვრული მასალისა და “ადგილობრივი კოლორიტის” თვალსაზრისით – კიპლინგის შემოქმედება როგორც ინდოეთს, ისე, რაღა თქმა უნდა, ინგლისს, აფრიკასა და თვით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეხება, თუმცა ყველაზე ძლიერი გავლენა მასზე მაინც ინდოეთმა მოახდინა – ფაქტიურად ის სიცოცხლის ბოლომდე “ანგლო-ინდოელ” მწერლად დარჩა.

კიპლინგის ბიოგრაფები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ის საკმაოდ ნოსტალგიური ტიპი იყო, რომ არც თუ იშვიათად მას სენტიმენტალური განწყობილება უეფლებოდა. ალბათ ამიტომაა, რომ ინდოეთთან დაკავშირებული სიყრმისა და ყმაწვილკაცობის მოგონებანი მის პროზასა თუ პოეზიაში ესოდენ საგრძნობია. ჯერ კიდევ ვერმონტში, “ნაუახას” მამულში ცხოვრებისას, კიპლინგმა შექმნა საერთო თემატიკით გაერთიანებული ორი “ჯუნგლების წიგნი”, რომელთაც დღესაც გატაცებით კითხულობენ მთელ მსოფლიოში. მათ საქვეყნოდ ცნობილ მთავარ გმირთან – მაუგლისთან დღესდღეობით ძირითადადაა დაკავშირებული მისი შემქმნელის სახელი. თუმცა ამის მიზეზი მხოლოდ “ჯუნგლების წიგნში” წარმოსახული ეგზოტიკური სამყარო, ან მძაფრი სიუჟეტი, ან სახეთა ძერწვის რელიეფურობა სულაც არ არის. მთავარი ისაა, რომ კიპლინგის პროზაულსა თუ პოეტურ ნაწარმოებებში არასოდეს არ იგრძნობა წარმოსახული სიტუაციისაგან მწერლის განზე დგომა, თეთრკანიანი ბატონის – “საჰიბის” პოზიცია; ის არასოდეს არ წერს, როგორც უცხო დამკვირვებელი, ან ევროპელი მოგზაური. თავის სამყაროს ის ყოველთვის “შიგნიდან” წარმოაჩენს, როგორც თანამონაწილე და გულშემატკივარი – ნდობითა და სიყვარულით. მისი ინდოეთი ინგლისელი ტურისტის თვალით დანახული ინდოეთი კი არ არის, არამედ ინდოეთის მკვიდრის ინდოეთია; მისი ცხოველები – განურჩევლად იმისა, ინდოეთს აღწერს ის, თუ აფრიკას, – ცხოველებად წარმოსახული ადამიანები კი არ არიან, არამედ ადამიანის ენით ამეტყველებული ცხოველები, რომლებიც მთელ დანარჩენ სამყაროსთან ორგანულად არიან დაკავშირებულნი და მისი მრავალფეროვნების განუყოფელ ნაწილს შეადგენენ. ქცევის დაუწერელი კოდექსი – “ჯუნგლების კანონი” ისევე აწესრიგებს მათ შორის ურთიერთობას, როგორც ზნეობის კანონი უნდა აწესრიგებდეს ადამიანთა ყოფას. საერთოდ, კიპლინგი მთლიანობისა და ჰარმონიის, საყოველთაო წესრიგის იდეით გატაცებული მწერალი იყო, თუმცა თავის ნაწარმოებთა პოეტიკას ის ძირითადად კონტრასტებზე აგებდა. ეს კონტრასტები უშუალო პოეტური ან პროზაული “ეფექტებით” კი არ შემოიფარგლება, არამედ ადამიანური ყოფის უზოგადესსა და მარადიულ წინააღმდეგობებს – სიცოცხლესა და სიკვდილს, სიყვარულსა და სიძულვილს, მოქმედებასა და პასიურობას, წესრიგსა და ქაოსს გამოხატავს. ადამიანის არსებობის ამ უზოგადეს კატეგორიათა შეპირისპირება იმ მითოსური პოეტიკის ჩანასახად აღიქმება, რომელიც მოგვიანებით ესოდენ მტკიცედ მოიკიდებს ფეხს მეოცე საუკუნის ევროპულ მწერლობაში. ცხადია, კიპლინგის ნაწარმოებებში ეს კონტრასტები ჯერ კიდევ არ ატარებენ გაცნობიერებული მითოსური პოეტიკის ხასიათსა და უფრო “ზედაპირზე” არიან გადმოტანილი – ამბის თხრობასა თუ ცალკეულ სახეთა შეპირისპირებაში წარმოჩინდებიან. გარდა ამისა, წესრიგი და დისციპლინა მის ზოგიერთ ნაწარმოებში იმპერიის მიერ თავსმოხვეულსა და მის მიერ დამკვიდრებულ წესრიგთან ასოცირდება. თუმცა, როგორიც არ უნდა ყოფილიყო მწერლის თავდაპირველი (ხშირად ბოლომდე გაუცნობიერებელი) მოტივები, თვით იდეა წესრიგისა და ჰარმონიისა, მისი დაპირისპირება ანარქიასთან და ქაოსთან ობიექტურად კეთილშობილი, ესთეტიკურად მიზანშეწონილი და ყველა დროისთვის აქტუალურია.

მით უმეტეს, რომ როგორც ერთი ინგლისელი კრიტიკოსი აღნიშნავს, “კიპლინგს იმპერიის ნამდვილი არსი არასდროს არ ესმოდა და არც ოდესმე უგრძვნია მისდამი ნამდვილი ინტერესი, თუმცა თავისი რეპუტაციის შექმნაში მასაც გარკვეულწილად მიუძღვის ბრალი…”

ინდოეთისა თუ აფრიკის თემაზე შექმნილი კიპლინგის ნაწარმოებები ამ ქვეყნების მკვიდრთა მიმართ გულწრფელი სიყვარულითაა გამთბარი. ზემოთ “ადგილობრივი კოლორიტი” ვახსენე და კიპლინგის შემოქმედება ამ კოლორიტით მართლაც მდიდარია, თუმცა ის არასოდეს ყოფილა მკითხველისათვის ეგზოტიკური ხილის მომწოდებელი, საოცნებო და არარეალური სამყაროს შემქმნელი მწერალი. პირიქით, როდესაც საქმე ეგზოტიკას ეხება, ის ყოველთვის გაურბის ნეორომანტიკოსებისათვის ესოდენ დამახასიათებელ, ფანტასტიკურ, ან უჩვეულო ამბავთა თხრობას და ცდილობს ეს ეგზოტიკა მეტად დამაჯერებელ, ხშირად ყოველდღიურ, ყოფით დეტალებს დააფუძნოს.

ფაქტოგრაფიული მასალით, რეალურად მომხდარის, დანახულისა თუ გაგონილის მხატვრული გააზრება-განზოგადებით მისი შემოქმედება უაღრესად მდიდარია და ცხადია. აქ თავისი როლი შეასრულა კიპლინგის, როგორც ჟურნალისტის, გამოცდილებამ. განსაკუთრებით ეს ეხება “კიმს”, სადაც მწერალი ისეთსავე ინდოეთში დაბადებული და ინდოეთს შეზრდილი ინგლისელის ამბავს ჰყვება, როგორიც ის თვითონ იყო. ეს მოტივი უცხო გარემოში მოხვედრილი და შემდგომ ამ გარემოსთან ორგანულად შეზრდილი ადამიანისა კიპლინგის ორ უმნიშვნელოვანეს პროზაულ ნაწარმოებს აერთიანებს – ერთგან ეს გარემო ჯუნგლებია და ცხოველთა სამყარო, მეორეგან (“კიმში”) – ინდოეთის უსასრულოდ მრავალფეროვანი ყოფა, მისი ადამიანები, კულტურა, ტარდიციები, რელიგია. ძალზე საინტერესოა ისიც, რომ “კიმი”, რომელსაც ტომას ელიოტმა “კიპლინგის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები” უწოდა, ევროპული რომანის განვითარების ერთგვარ შედეგს, მანამდე არსებულ სარომანო ჟანრთა სინთეზს წარმოადგენს. მოკლე მიმოხილვაში შეუძლებელია ამ ნაწარმოების ყველა ასპექტის ხსენება, მაგრამ სარომანო პოეტიკის თვალსაზრისით ძალზე საინტერესოდ მესახება ის, რომ “კიმში” ერთმანეთს ერწყმის სარაინდო რომანის, პიკარესკის (“შარაგზის რომანისა” და “თაღლითური რომანის”), სათავგადასავლო ჟანრისა და დიკენსის რეალისტური რომანის ტრადიციები. მის თანამედროვე ევროპელ მწერალთა უმრავლესობისაგან განსხვავებით, კიპლინგი არ იყო დიდად ნაკითხი ინტელექტუალი, ან ლიტერატურის ისტორიაში მაინცდამაინც ღრმად განსწავლული კაცი. ამისდა მიუხედავად მან, მხატვრული ინტუიციის ძალით, თავისი რომანი იმ უმდიდრეს მწერლურ ტრადიციას დააფუძნა, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ ბრეტონული ციკლის სარაინდო თქმულებებში იღებს და რომლის განვითარების პირველსავე დიდ ეტაპს სერვანტესის უკვდავი ქმნილება აგვირგვინებს.

პროზისაგან განსხვავებით, კიპლინგის პოეზია თითქოს “ამოვარდნილია” ინგლისური პოეტური ტრადიციის “ძირითადი ნაკადიდან” – მისი ლიტერატურულ წინაპართა მიგნება თითქმის ისევე ძნელია, როგორც უშუალო მემკვიდრეებისა. გზად მიმავალმა კიპლინგმა თითქოს თვალი ჩაუკრა ტენისონს, მაგრამ ტენისონს მისთვის საპასუხოდ თვალი ნამდვილად არ ჩაუკრავსო, ხუმრობით შენიშნავდა ელიოტი, გულისხმობდა რა, რომ “ტომი ეტკინსის” ავტორზე არც მის თანამედროვე პოეზიას მოუხდენია მნიშვნელოვანი გავლენა. კიპლინგის ლექსის ძირითადი მახასიათებელია საგანგებო, სტილიზებული უბრალოება, ზოგჯერ – მდაბიოთა ლექსიკის მიბაძვა, ხშირად – პირწმინდად სასაუბრო ინტონაციები. საკმაოდ მარტივი პოეტიკით გამართული მისი ბალადების სამღერისებრი წყობა და, ამავე დროს, მისი ლექსების რიტმულ-ინტონაციური მრავალფეროვნება, ზოგჯერ – დიდაქტიკურ-დამრიგებლური თემატიკა, სხვა დროს – სამხედრო ჟარგონი და მკაცრი, “მამაკაცური” სტილი კიპლინგის პოეტური სამყაროს მხატვრულ სპეციფიკას წარმოქმნის.

პარადოქსია, მაგრამ მიუხედავად ლექსთა დიდი ნაწილის საკმაოდ აგრესიული, “იმპერიული” თემატიკისა, კიპლინგის პოეზია საოცრად დემოკრატიულია და ფართო მკითხველისათვის გულმისაწვდომი. ამის მიზეზი ალბათ ისიც არის, რომ მისი პოეზიის წარმოსახვითი ლირიკული გმირი როგორც წესი, უბრალო ადამიანთა წრიდანაა გამოსული – ეს ან ჯარისკაცი ტომი ეტკინსია, ან რომელიმე რიგითი კლერკი – კოლონიალური ადმინისტრაციის მოხელე, ან უბრალო მეზღვაური, რომელიც თავისი შრომითა და გარჯით გამდიდრებულა, ან ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომარი. კიპლინგის პოეზიაში “მკაცრი” და “საომარი” განწყობილება ხშირად იცვლება “სიტყვაძუნწი”, მაგრამ ქვეტექსტით დატვირთული პოეტური მეტყველებით, ნატიფი ლირიკული განცდით ან ამაღლებული განწყობილებით. როგორც ჩანს, ყველა ამ თვისებამ განაპირობა მკითხველთა ფართო წრეში კიპლინგის პოპულარობა, რომელიც მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე კრიტიკოსთა ინტერესის უკუპროპორციულად იზრდებოდა. სერიოზული კრიტიკის დუმილი ამ შემთხვევაში არც თუ ისე უსაფუძვლო იყო, როგორც ეს დღეს შეიძლება მოეჩვენოს ვინმეს: კიპლინგის დროინდელი ლიტერატურული ცხოვრება მართლაც აღსავსე იყო უდიდესი ძვრებით, რომელთაგან მისი შემოქმედება როგორც თემატურად, ისე პოეტიკის თვალსაზრისითაც განზე გარიყულად ჩანდა. ლიტერატურა სულ უფრო რთული, აზრობრივ-ემოციური ქვეტექსტებით დახუნძლული, ინტელექტუალური და ელიტარული ხდებოდა. მის ძირითად ნაკადს იეიტსი, ჯოისი, ელიოტი და მოდერნისტული მწერლობის სხვა წამყვანი ავტორები განასახიერებდნენ. ამგვარ ლიტერატურაზე იყო ორიენტირებული კრიტიკაც, რომელსაც პრინციპულად არ სურდა “ბესტსელერების” ავტორი მწერლისა და პოეტის შემჩნევა: მანამდე, სანამ უილსონი და ელიოტი “კრიტიკული დუმილის” ნავსს გატეხავდნენ კიპლინგის ნაწარმოებები არც ერთ სოლიდურ პოეტურსა თუ პროზაულ ანთოლოგიაშიც კი არ შესულა.

კრიტიკის გულგრილობის მიუხედავად, კიპლინგი ძალზე პოპულარული იყო არა მხოლოდ მკითხველთა ფართო საზოგადოებაში, არამედ იმჟამინდელი ინგლისის მმართველ წრეებშიც, რომლებიც შესაშური გულმოდგინებით სთავაზობდნენ მას სხვადასხვა სახის საპატიო წოდებებსა თუ პრესტიჟულ თანამდებობებს როგორც თვით ინგლისში, ისე კილონიალურ ადმინისტრაციაშიც. მას ორჯერ შესთავაზეს კონსერვატიული პარტიისგან პარლამენტის წევრობის კანდიდატობა, რაზეც მან უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ როგორც თავისუფალი მწერალი, პარლამენტის კედლებს გარეთ უკეთ ემსახურებოდა კონსერვატიული პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს. ორჯერვე კიპლინგმა უარი თქვა მისთვის შემოთავაზებულ სარაინდო ღირსებაზე, რომელიც ინგლისში (და არა მარტო ინგლისში) დიდ პატივად ითვლება. ალფრედ ტენისონის გარდაცვალების შემდეგ, მან აგრეთვე უარი განაცხადა ოფიციალური საკარო პოეტის – ე. წ. “პოეტ-ლაურეატის” წოდებაზე და სხვა მრავალ პრესტიჟულ ჯილდოსა თუ სამეფო წყალობის ნიშანზე. კიპლინგის ამ უჩვეულო მოკრძალებასთან დაკავშირებით მის პირად მეგობარს, ინგლისის მეფე ჯორჯ მეხუთეს უთქვამს კიდეც: კიპლინგი, რომელიც უარს ამბობს პატივზე, ბევრად უფრო საჭიროა ჩვენთვის, ვიდრე კიპლინგი, რომელიც ამ პატივს იღებსო. ერთადერთი, რაზეც უარის თქმა კიპლინგმა მთელი თავისი მოკრძალების მიუხედავად ვერ შესძლო, 1907 წელს შვედეთის სამეფო აკადემიის მიერ მინიჭებული დიდი ჯილდო – ნობელის პრემია იყო. Aამ წელს კიპლინგი პირველი ბრიტანელი მწერალი გახდა, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო.

© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box