Uncategorized

თომას მანი – “ლუიზჰენ”

Mann Thomas 545454

გერმანულიდან   თარგმნა  ნანა ჭიღლაძემ

არსებობენ წყვილები, რომელთა ქორწინების ახსნა ბელეტრისტიკაში გაწაფულ  ფანტაზიასაც არ შეუძლია. ისინი უნდა მივიღოთ ისე, როგორც თეატრში წარმოდგენილი   ურთიერთსაპირისპირო, ავანტიურისტული კავშირები, მაგალითად,  მოხუცისა  და  სულელის   ახალგაზრდასთან  და სიცოცხლით სავსესთან, რაც მოცემულია როგორც წინაპირობა  და     საფუძველს უქმნის ფარსის მათემატიკურ სტრუქტურას.

რაც შეეხება ადვოკატ იაკობის მეუღლეს, ის ახალგაზრდა, მშვენიერი და უჩვეულოდ   მომხიბვლელი ქალი იყო. დაახლოებით ოცდაათიოდე  წლის წინ  დაანათლეს სახელები: ანა – მარგარეტა – როზა – ამალია; მაგრამ ამავე სახელების საწყისი ასოების შეერთებით  მაშინვე  – არც მეტი, არც ნაკლები – ამრა უწოდეს; სახელი, რომელიც ეგზოტიკური ჟღერადობით   საუკეთესოდ  შეეფერებოდა.  ძლიერი,  რბილი, გვერდზე  გაყოფილი  მუქი თმის   მიუხედავად,  რომელსაც ვიწრო შუბლის ორივე მხარეს გვერდულად გადატკეცილ-გადავარცხნილს ატარებდა, სწორედ წაბლისფერი მატებდა მის  კანს  სამხრეთულ იერსა და მის  მკრთალსა  და  ღრმა  ზაფრანისფერს აძლიერებდა. კანი კი ხაზს უსვამდა ფორმებს, რომლებიც ასევე  სამხრეთის მზეზე მომწიფებულის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ და ვეგეტაციური და   ინერტული სისრულით რომელიმე სულთნის მეუღლეს გაგონებდნენ. შთაბეჭდილება,  რომელსაც მისი ყოველი გამომწვევი და გულგრილი მოძრაობა ტოვებდა, უდიდესი  ალბათობით  ადასტურებდა,  რომ  ქალის  გონება  აბსოლუტურად   ემორჩილებოდა  მისსავე   გულს. ამის გამოცნობა საკმარისი იყო ერთი შეხედვითაც: მაშინ, როცა თავის კოხტა   წარბებს ვიწრო შუბლზე სრულიად ჰორიზონტალურად, თითქმის მომხიბვლელად,  ორიგინალურად ასწევდა და არაფრისმცოდნე, თაფლისფერი თვალებით შემოგხედავდა.  თუმცა  არც  იმდენად   გულუბრყვილო იყო,  რომ ეს არ  სცოდნოდა. თავისი  სუსტი  მხარეების   დაფარვას საკმაოდ ადვილად ახერხებდა, რადგან იშვიათად და ცოტას საუბრობდა.  ხოლო  იმ ქალთან, რომელიც ლამაზიცაა და  მდუმარეც, ვერაფერს გააწყობ. და კიდევ: სიტყვა  ”გულუბრყვილო” გამოხატვის ყველაზე მწირი საშუალებაა მის დასახასიათებლად.  არაფრისმთქმელი მზერით იმავდროულად ვნებიან დაუნდობლობას და მზაკვრულობას გამოასხივებდა და აშკარად ხედავდი, რომ ეს ქალი სულაც არ იყო იმდენად  გონებასუსტი,  ვინმესთვის უბედურება არ  მოეტანა…  სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ პროფილში  ცხვირი ხორციანი და ნაკლებად დახვეწილი მოუჩანდა. სამაგიეროდ, სქელი ტუჩები და  ფართო პირი, მიუხედავად იმისა, რომ ვნების გარდა არაფერს გამოხატავდნენ, სრულყოფილი   და   მშვენიერი ჰქონდა.

ეს ამაღელვებელი ქალბატონი ორმოციოდე წლის ადვოკატის, იაკობის მეუღლე გახლდათ, რომლის მნახველიც გაოგნებას ვერ მალავდა. ადვოკატი იაკობი იყო ზორბა, უფრო მეტიც, ვიდრე  ზორბა  –  ის   კოლოსალური აღნაგობის  მამაკაცი იყო!  მუდმივად  ნაცრისფერ  შარვალში  მორებივით გამოკვართული  მისი ფეხები უფორმობის გამო სპილოს ფეხებს  მოგაგონებდათ;  ცხიმისგან  მომრგვალებული  ზურგი კი  დათვისას.   მისი   ენით აღუწერელი ღიპის ფორმებს გარს ევლებოდა განსაკუთრებული მომწვანო-მონაცრისფრო ქურთუკი, რომელსაც ის დიდი პატივით ატარებდა და რომელიც ერთადერთ ღილზე გაჭირვებით  იკვრებოდა  მანამ, სანამ  ღილი არ  გაიხსნებოდა და ქურთუკის კალთები  ლამის მხრებამდე  არ აუცოცდებოდნენ. ამგვარ ძლევამოსილ ტორსს ედგა შეუსაბამოდ პატარა, თითქმის   უკისრო თავი ვიწრო და წყალწყალა თვალებით, მოკლე და ჩამჯდარი ცხვირით და სიმსუქნისგან უშნოდ ჩამოკიდებული ლოყებით, რომელთა შორისაც იკარგებოდა მომცრო,   დარდისგან  კუთხეებჩამოყრილი პირი. მომრგვალო თავი, რომელიც ისევე, როგორც ზედა ტუჩი, დაფარული ჰქონდა მეჩხერი და უხეში ქერა ჯაგრით, შიშველი კანი კი ისე ულაპლაპებდა, როგორც ზედმეტად  ნაპატივებ ძაღლს. მთელი სამყაროსთვის  ნათელი  უნდა  იყოს, რომ ადვოკატის ტანის სისავსე  მისი ჯანმრთელობით არ  იყო გამოწვეული. როგორც  სიგრძეში, ისე სიგანეში გასული მისი გოლიათური სხეული  მხოლოდ  უკუნთო, ჭარბი ცხიმის  გროვას წარმოადგენდა და ხშირად შეიმჩნეოდა, თუ როგორ მოულოდნელად გადაუვლიდა   მის გატანჯულ სახეს სისხლის  ნაკადი, მერე კი კვლავ გაეცლებოდა, ასევე  მოულოდნელად,  და ადგილს უთმობდა მოყვითალო  სიფერმკრთალეს;  ამ  დროს პირი სიმწრისგან  ემანჭებოდა.

ადვოკატის ბიუროში ბევრი საქმე არ შემოდიოდა, მაგრამ რადგანაც, ნაწილობრივ მეუღლის წყალობით, საკმაოდ კარგ ქონებას ფლობდა, ეს უშვილძირო წყვილი კაიზერშტრასეზე კომფორტულად  ცხოვრობდა და  აქტიურ  საზოგადოებრივ  ცხოვრებასაც  ეწეოდა.  ქალბატონ ამრას მიდრეკილებათა მიხედვით თუ  ვიმსჯელებთ, ადვოკატს, რომელიც ეჭვიანობით  გატანჯული  უყურებდა ყოველივე ამას, შეუძლებელია თავი ბედნიერად   ეგრძნო.  ამ  ჩასუქებულ მამაკაცს ხასიათიც განსაკუთრებული ჰქონდა. სამყაროს მიმართ მასზე უფრო  ხათრიანი, ფრთხილი და დამთმობი ადამიანი არ მოიძებნებოდა. მაგრამ ყველა გრძნობდა, თუმცა ამას ხმამაღლა  არავინ  ამბობდა,  რომ  მისი  ზედმეტად  თავაზიანი და მაამებლური ქცევა რაღაც მიზეზებით იყო გამოწვეული, რომ ეს სიმხდალითა და შინაგანი  გაურკვევლობით უნდა ყოფილიყო ნასაზრდოები და უსიამოვნო გრძნობებს აღძრავდა. არაფერია  იმ ადამიანის მზერაზე უფრო   საზარელი, რომელსაც  საკუთარი  თავი  სძულს, მაგრამ სიმხდალისა და პატივმოყვარეობის გამო ცდილობს მოწიწებული იყოს და თავი  მოგაწონოს: ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ ასე იქცეოდა ადვოკატი, რომელიც თითქმის  მიწასთან გასწორებული  თვითდაკნინებით   ლამობდა აუცილებელი  პიროვნული  ღირსების  შენარჩუნებას. შეეძლო ქალბატონისთვის,  რომელიც სუფრასთან უნდა მიეცილებინა, ეთქვა: ”მოწყალეო ქალბატონო, მე აუტანელი ადამიანი ვარ მაგრამ სიკეთის ჩადენაც  შემიძლია…” და ამას მჟავედ დამტკბარი, განაწამები და მარტოსული, თვითირონიის  ყოველგვარ ნიჭს  მოკლებული ამბობდა.

ხუმრობა, რომელსაც ახლა გიამბობთ, სრულ ჭეშმარიტებას ასახავს. ერთ დღეს,  სეირნობისას, ადვოკატს ერთი ურიკიანი  მოსამსახურე მამაკაცი შეეჩეხა და ფეხზე  ბორბლით გადაუარა. მოგვიანებით მოსამსახურემ ურიკა შეაჩერა და მისკენ შემობრუნდა – რაზეც სრულიად დაბნეულმა, გაფითრებულმა, შეშფოთებულმა და ლოყებაცახცახებულმა  ადვოკატმა თავმდაბლურად  ქუდი მოიხადა  და  ”მომიტევეთ!”-ო  წაილუღლუღა.  ამ  უცნაურ   გოლიათს, როგორც  ჩანს, გამუდმებით სინდისი ქენჯნიდა. როდესაც თავის მეუღლესთან   ერთად სეირნობდა  ”ტოროლების  მთაზე” – ქალაქის მთავარ სასეირნო ქუჩაზე  –  და  დამფრთხალ მზერას არ აშორებდა ამრას, რომელიც არნახული ელეგანტურობით   მიაბიჯებდა, ისეთ გულმოდგინე, შიშნარევ და ეჭვიან სალამს იძლეოდა, თითქოს    მოთხოვნილებად  ქცეოდა  თითოეული  ლეიტენანტის   წინაშე მორჩილად   მოეხარა  ქედი  და  პატიება ეთხოვა იმისთვის, რომ ამ მშვენიერი ქალის მფლობელობაში სწორედ ის  იმყოფებოდა; საბრალოდ თავაზიანი მისი  სახე  კი  ვედრებას  გამოხატავდა,  ნუ დამცინებთო.

უკვე განვმარტეთ, რომ პასუხგაუცმელია შეკითხვა, თუ რატომ დაქორწინდა ამრა   მაინცადამაინც  ადვოკატ იაკობზე.  მას  კი,  თავის  მხრივ,  უყვარდა  ამრა,  თანაც  ისეთი  სიყვარულით, ისეთი მხურვალებით, რაც  მისი აღნაგობის  ადამიანისთვის იშვიათობაა;  ისეთი მორჩილებითა და შიშით,  როგორიც სწორედ მისნაირ არსებას შეეფერებოდა.  ხშირად, გვიან საღამოს, როდესაც ამრა უკვე  მიწოლილიყო და ისვენებდა დიდ  საძინებელში,  რომლის მაღალ ფანჯრებსაც მოჩითული, ნაოჭებიანი ფარდები ამკობდა, ადვოკატი  შეაბიჯებდა ისე  ჩუმად,  რომ  მისი ფეხის  ხმის ნაცვლად  იატაკისა და  ავეჯის მონოტონური   ჭრიალი  ისმოდა; მივიდოდა მძიმე საწოლთან, მუხლებზე დადგებოდა და უსასრულო სიფრთხილით   დასწვდებოდა მის ხელს. ასეთ დროს ამრა, როგორც წესი, წარბებს შუბლზე აწკეპდა და  თავის  უჩვეულო  მეუღლეს,  რომელიც  ნათურის სუსტ  შუქზე გვერდით ეწვა, უსიტყვოდ  და ერთგვარი  თანაგრძნობის  გამომხატველი  ბოროტებით  აკვირდებოდა.  ის  კი,  გაუწაფავი  და  აცახცახებული  ხელებით   ფრთხილად  მიაცოცებდა  ამრას  პერანგის  სახელოებს  ზევით  და  მის  თაფლისფერ,  რბილ  და სავსე მკლავებზე ასვენებდა თავის ნაღვლიან   და  მსუქან   სახეს   იმ ადგილას,  სადაც მუქ კანზე პატარა  ლურჯი ძარღვები შესამჩნევად იკვეთებოდა – დაბეჩავებული და აკანკალებული ხმით იწყებდა ლაპარაკს ისე, როგორც ამას, სხვათა შორის, არცერთი გონიერი ადამიანი არ გააკეთებდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ”ამრა”, ჩურჩულებდა, ”ჩემო ძვირფასო ამრა! ხომ არ გაწუხებ? ხომ  არ  გძინავს? ღმერთო დიდებულო,  მთელი  დღე  იმაზე  ვფიქრობდი, თუ  როგორი  მშვენიერი ხარ და როგორ   მიყვარხარ!.. მომისმინე, რაღაცის   თქმა მსურს… (ძალიან  ძნელია სიტყვებით ამის  გამოხატვა) ისე ძალიან  მიყვარხარ,  რომ   ზოგჯერ გული მეკუმშება და არ ვიცი, საით წავიდე;  ჩემი სიყვარული ჩემს ძალებს  აღემატება!  შენ  ამის  გაგება გაგიჭირდება,  მაგრამ უნდა   დამიჯერო და  მხოლოდ  ერთადერთხელ  უნდა  მითხრა, რომ ამისთვის ოდნავ მაინც ჩემი მადლიერი იქნები, რადგან, ხედავ,  ისეთ სიყვარულს, როგორიც შენდამი  გამაჩნია, თავისი ფასი აქვს ამ ცხოვრებაში… და რომ არასოდეს მიღალატებ და არ მიმატოვებ, მაშინაც კი, როცა ჩემს  სიყვარულს  ვერ  შეძლებ,  მხოლოდ   მადლიერებისთვის,  მხოლოდ მადლიერების  გამო… მოვედი,  რომ  ეს  მთელი გულით გთხოვო, ისე გულახდილად, როგორც  შემიძლია…” და ამგვარი სიტყვები, როგორც წესი, იმით მთავრდებოდა, რომ ადვოკატი მდგომარეობის შეუცვლელად ჩუმად და მწარედ იწყებდა  ქვითინს. ასეთი შემთხვევები ამრას  გულს უჩუყებდა, მეუღლეს ჯაგარზე  ხელს უსვამდა და რამდენჯერმე იმეორებდა გაგრძელებული, მანუგეშებელი და ირონიული ტონით,  როგორითაც ძირითადად ძაღლებს ესაუბრებიან,  როცა ისინი მოდიან და პატრონს ფეხს   ულოკავენ: ”კარგი! კარგი!  ჩემო კეთილო  ცხოველო!”

ამგვარი საქციელი, რაღა თქმა უნდა, არ ახასიათებდა ამრას როგორც დახვეწილი მანერების  მქონე   ქალბატონს. მით უმეტეს,  დადგა  დრო, როცა ჭეშმარიტება უნდა ვაღიარო,  რისგანაც  აქამდე   თავს  ვიკავებდი,   და  გავთავისუფლდე. ჭეშმარიტება კი ის  გახლავთ, რომ   ამრა თავის მეუღლეს სწორედაც ატყუებდა, ვიტყოდი: ღალატობდა და ამას აკეთებდა  ბატონთან,  რომელსაც  ალფრედ ლოიტნერი   ერქვა.  ის  გახლდათ   ახალგაზრდა,  ნიჭიერი  მამაკაცი. პატარა, გასართობი მუსიკალური  კომპოზიციების  წყალობით ოცდაშვიდი  წლის   ასაკში უკვე მოეპოვებინა საკმაოდ მომხიბვლელი რეპუტაცია; გამხდარი აღნაგობით,   ყოყლოჩინა სახით, გამომწვევი ვარცხნილობითა და აშკარად შესამჩნევი, სითბოჩამდგარი,  მომღიმარი თვალებით – ის  ჩვენი დროის პატარა მსახიობების  იმ  მოდგმას   განეკუთვნებოდა, რომლებიც საკუთარ თავს არც თუ ისე დიდ   მოთხოვნილებებს  უყენებენ;  პირველ რიგში,  სურთ  იყვნენ  ბედნიერები,  მოექცნენ   ყურადღების  ცენტრში,  საკუთარი   სიამოვნებისთვის  გამოიყენონ მცირე  ნიჭი,  რათა ამით პირადი  სათნოების ამაღლებას შეუწყონ  ხელი და  საზოგადოებაში  სიამოვნებით ითამაშონ გულუბრყვილო გენიოსების როლი. შეგნებულად ბავშვურები, ამორალურები, უცერემონიოები, მხიარულები და თავდაჯერებულები – ამავდროულად  ისინი  საკმარისად   ჯანმრთელები  არიან   იმისთვის, რომ   ავადმყოფობის   დროსაც  შეძლონ თავის მოწონება; ხოლო სახელის მაძიებლობა მათი  მხრიდან  სიმპატიასაც  კი იმსახურებს მანამ, სანამ მას რეალურად მოიხვეჭენ. მაგრამ ვაი, ამ პატარა, ბედნიერ  ტაკიმასხარებს, როდესაც სერიოზული უბედურება   დაატყდებათ;  მწუხარება  კუდაბზიკობის   ხალისს ართმევს და თავს ვეღარავის აწონებენ! ისინი უბედურებას ღირსეულად  ვერ  ხვდებიან;  ტკივილისგან გაბრუებულები ახალი ცხოვრების დაწყებას ვერ ახერხებენ და  იღუპებიან… ეს უკვე  თავისთავად  თავგადასავალია.

ბატონი ლოიტნერი მშვენიერი საქმეებით იყო დაკავებული: უპირველეს ყოვლისა,  ვალსითა  და  მაზურკით, რომლებიც  გასართობის  კვალობაზე,  ცოტა არ  იყოს,  იმაზე  უფრო  მეტი პოპულარულობით სარგებლობენ, ვიდრე როგორც ”მუსიკალური ნაწარმოებები” (რამდენადაც ამ საქმის გამეგება); თუმცა ამგვარ კომპოზიციებში რომ  არ  იყოს სულ მცირე  ორიგინალური  ადგილი, გადასვლა,  ჩანართი, ან  ჰარმონიული  პასაჟი,  რომელიც   სრულიად  უმნიშვნელო ნერვულ   ზემოქმედებას წარმოშობს, ან  ხუმრობასა   და  მახვილსიტყვაობას   ერთმანეთში ურევს, მაშინ ისინი არც შეიქმნებოდნენ და არც სერიოზული  პროფესიონალისთვის  იქნებოდნენ  საინტერესო.  ხშირად  ამ  ორ  მარტოსულ  მელოდიას   რაღაც არაჩვეულებრივად ნაღვლიანი და მელანქოლიური განწყობა ახლავს, რაც  ნაწარმოების შესრულებისას გამოცოცხლებულ  საცეკვაო  დარბაზში უეცრად   გაიჟღერებს  ხოლმე  და იკარგება… ამ ახალგაზრდა მამაკაცის მიმართ ამრა იაკობი     ცოდვიანი ლტოლვის ცეცხლით  იყო შეპყრობილი;  თავის  მხრივ არც ის გამოირჩეოდა  საკმარისი ზნეობრიობით, რომ ამრას მიმზიდველობისთვის წინააღმდეგობა გაეწია. ხან ერთგან ხვდებოდნენ   ერთმანეთს,  ხან – მეორეგან, წლებისა  და  დღეების განმავლობაში აკავშირებდათ ბიწიერი  ურთიერთობა:  ქალაქში ეს ყველამ იცოდა და ადვოკატის ზურგს უკან მთელი ქალაქი  ამაზე  ლაპარაკობდა.  რაც  შეეხება, ადვოკატს, ამ უკანასკნელს: ამრა ზედმეტად სულელი იყო იმისთვის, რომ  სინდისის ქენჯნას  შეეწუხებინა და  მეუღლისთვის სიმართლე  ეთქვა. აქედან   გამომდინარე  შუძლებელი იყო ადვოკატს   მცირედი  ეჭვი შეეტანა  საკუთარი   ცოლის  საქციელში, მიუხედავად იმისა რომ დარდისგან და შიშისგან გულდამძიმებულის    შთაბეჭდილებას  ტოვებდა.

ყველა სულიერის გულის გასახარად ამქვეყნად გაზაფხული დადგა და ამრას ბრწყინვალე იდეა  მოუვიდა.

”კრისტიან”, თქვა მან – ადვოკატს კრისტიანი ერქვა. ”ზეიმი  უნდა მოვაწყოთ,  დიდი დღესასწაული  ახლად მოდუღებული  გაზაფხულის   ლუდის სადიდებლად  –  ყველაფერს უბრალოდ  გავაკეთებთ: რა თქმა უნდა, იქნება  ცივად  მოხარშული  ხბოს ხორცი  და   უამრავი  სტუმარი”.

”რასაკვირველია”,  – უპასუხა ადვოკატმა. ”მაგრამ  მცირე  ხნით ხომ  არ  გადაგვედო?”

ამაზე  ამრას  არაფერი  უთქვამს,  ის  პირდაპირ  წვრილმანების   განხილვას  შეუდგა.

”იმდენი ხალხი იქნება, რომ, ხომ  წარმოგიდგენია, ჩვენი ბინა არ იკმარებს; უნდა დავიქირაოთ შესაფერისი ტერიტორია, ბაღი, დარბაზი ქალაქის ჭიშკართან, საკმარისი ადგილი  და ჰაერი  რომ  იყოს.  ამას შენც  მიხვდები. მე,  პირველ რიგში,  ბატონი  ვენდელინის  დიდ დარბაზზე ვფიქრობ ”ტოროლების მთის” ძირას. ეს დარბაზი თავისუფალია და ლუდსახარში  ერთი გადასასვლელით   პირდაპირ   უკავშირდება   სამეურნეო   ნაწილს.  მისი საზეიმოდ მორთვაც შესაძლებელია,  იქვე  გრძელ მაგიდებს  დავაწყობთ  და გაზაფხულის ლუდს   მივირთმევთ;  ასევე  ვიცეკვებთ  და  შესრულება მუსიკა, იქნებ პატარა სპექტაკლის  გათამაშებაც  მოხერხდეს,   იქ  მცირე   სცენაცაა,  რომელიც  კარგ სამსახურს  გაგვიწევს… ერთი სიტყვით, ეს უნდა იყოს სრულიად ორიგინალური დღესასწაული   და  არაჩვეულებრივად   გავერთობით”.

საუბრის   დროს   ადვოკატს    სახეზე    სიყვითლემ   გადაურბინა  და   პირის    კუთხეები    აუცახცახდა. თქვა: ”მთელი  გულით  მიხარია,  ძვირფასო  ამრა.  ვიცი,  რომ შემიძლია  შენი გაწაფულობის   იმედი  მქონდეს  და  გთხოვ,  ზეიმის   მომზადებას  შეუდექი…”

ჰოდა,  ამრაც  მზადებას შეუდგა. გამართა  მოლაპარაკება  სხვადასხვა  ბატონებთან  და  ქალბატონებთან,  პირადად დაიქირავა  ბატონი  ვენდელინის  დიდი დარბაზი,   კომიტეტიც  კი  შექმნა იმ ბატონების შემადგენლობით,  ვისაც თხოვნით მიმართეს, ან მხიარულ წარმოდგენებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს,  რასაც  კიდევ  უფრო  უნდა დაემშვენებინა ზეიმი… ეს კომიტეტი ძირითადად მამაკაცებისგან შედგებოდა  სათავადაზნაურო თეატრის მსახიობის, ჰილდებრანდტის   მეუღლის  გამოკლებით,   რომელიც    მომღერალიც იყო. დანარჩენ წევრებს  წარმოადგენდნენ: თვითონ     ბატონი  ჰილდებრანდტი,   ასესორი ვითცნაგელი, ერთი ახალგაზრდა მხატვარი და, რაღა თქმა უნდა,   ბატონი  ალფრედ    ლოიტნერი,   თუ  არ  ჩავთვლით  რამდენიმე   სტუდენტს,  რომლებიც   ასესორს   მოეყვანა  და   რომლებსაც   აფრიკული   ცეკვების   დადგმა  ევალებოდათ.

მერვე დღეს, მას შემდეგ, რაც ამრამ გადაწყვეტილება მიიღო, კომიტეტი  მოსათათბირებლად კაიზერშტრასეზე შეიკრიბა, ერთ პატარა, თბილ და სავსე ოთახში,  რომელიც ამრას სალონს წარმოადგენდა: სქელი ხალიჩით, ბალიშებიანი დივნით, მარაოსებრი პალმით, ინგლისური ტყავის სავარძლებითა და მაკაგონის ხის ფეხებმოღუნული მაგიდით,   რომელზეც  პლუშის ნაჭერი ეფინა  და მრავალი ძვირფასი  ნივთი  ეწყო.  ოთახში  ბუხარიც   იყო, რომელიც ჯერ კიდევ გიზგიზებდა. შავი ქვის  მაგიდაზე  გემოვნებით გამზადებული  ბუტერბროდებიანი რამდენიმე თეფში იდო. აქვე ეწყო  ჭიქები და  ”შერით” სავსე ორი  გრაფინი. მარაოსებრი პალმის ჩრდილში  დივანზე  მიწოლილ  ამრას ფეხი ფეხზე  მსუბუქად  გადაედო   და  ისეთივე  ლამაზი იყო,  როგორც  თბილი  ღამე.  მკერდს ღია, ძალიან   მსუბუქი აბრეშუმის მოსაცმელი უფარავდა, ქვედა კაბა კი მძიმე, მუქი  და  დიდი ყვავილებით მოჩითული ქსოვილისგან გახლდათ შეკერილი. დროდადრო, ვიწრო შუბლიდან ხელის მოსმით  იშორებდა წაბლისფერ დატალღულ თმას. მის გვერდით, დივანზე  იჯდა ქალბატონი  ჰილდებრანდტი –  მომღერალი –  წითელი  თმით  და მხედრულად  შემოსილი. ქალბატონების პირისპირ ვიწრო ნახევარწრედ ისხდნენ ბატონები – მათ უკან კი, ცენტრში, ადვოკატი ჩამომჯდარიყო, ერთი  დაბალი ტყავის სავარძელი ეპოვა და  ენა ვერ აღწერს, ისეთი  უბედური  ჩანდა;  დროდადრო   მძიმედ ამოიხვნეშებდა  ხოლმე და მერე ისე ჩაისუნთქავდა, თითქოს  პირღებინებას ებრძვისო… ბამბის ქსოვილისგან შეკერილ საჩოგბურთო კოსტიუმში გამოწყობილ, გამოპრანჭულ და მხიარულ ბატონ ალფრედ ლოიტნერს სკამზე უარი ეთქვა და ბუხარს მიყრდნობოდა,  ამტკიცებდა, დიდხანს   მშვიდად   ჯდომა არ   შემიძლიაო.

ბატონი ჰილდებრანდტი სასიამოვნო ხმით საუბრობდა ინგლისურ სიმღერებზე. ის  გარეგნულად  სოლიდური  მამაკაცი იყო – კეისრის პროფილითა  და თავდაჯერებული  ქცევით  – და კარგად გამოიყურებოდა შავ ტანისამოსში; სათავადაზნაურო თეატრის მსახიობი პოზიტიური ცოდნითა და თვალში საცემი, დახვეწილი გემოვნებით  გამოირჩეოდა. მას  ჩვევად ჰქონდა  სერიოზულ  საუბარში  იბსენი, ზოლა და ტოლსტოი  ეხსენებინა, რადგან  ისინი,  მისი ღრმა რწმენით,  ერთსა და იმავე სადავო,  უზნეო  მიზნებს  ემსახურებოდნენ; დღეს კი აქ თავაზიანად  მონაწილეობდა  სრულიად უმნიშვნელო  საკითხის  განხილაში.

”ბატონებო, ალბათ  მოგისმენიათ ფრიად  დახვეწილი სიმღერა ”That’s  Maria! ? ” – იკითხა”. ის ნაკლებად პიკანტურია,  მაგრამ  არაჩვეულებრივი  ზეგავლენის   მოხდენა  შეუძლია. გარდა ამისა, იქნებ ეს გვესინჯა,  ცნობილი…” და  მან საზოგადოებას რამდენიმე სიმღერა შესთავაზა,  რომლებიც საბოლოოდ  მოიწონეს   და  მათი წამღერება ქალბატონ ჰილდებრანდტს  სთხოვეს. ახალგაზრდა  მხატვარს,  შესამჩნევად   ჩამოყრილი მხრებითა  და წაწვეტებული ქერა წვერით, ერთი ილუზიონისტის პაროდირება დაევალა; ბატონ ჰილდებრანდტს კი გადაწყვეტილი ჰქონდა ცნობილი ისტორიული პიროვნებები განესახიერებინა… მოკლედ,  მოვლენები არაჩვეულებრივად ვითარდებოდა და პროგრამა  თითქმის გამზადებული იყო, როცა ასესორმა – ბატონმა ვითცნაგელმა, რომელიც თავაზიანი მიმოხვრითა და ფარიკაობის შედეგად მიღებული შრამებით იყო დაჯილდოებული – უეცრად   ხელახლა  მოითხოვა  სიტყვა.

”კარგი და მშვენიერია, ბატონებო, ეს  ყველაფერი; ფაქტობრივად, გართობას  გვპირდება.  მხოლოდ, მსურდა  ერთი  რამ  დამემატებინა. მეჩვენება, რომ რაღაც გვაკლია და ესაა  მთავარი, ძირითადი ნომერი, სეზონის  მშვენება, ბრწყინვალე  ნომერი, კულმინაცია – რაღაც განსაკუთრებული, გამაოგნებელი; სიამოვნება, რომელიც  სიხალისის   მწვერვალი  იქნება… მოკლედ, უნდა  ვაღიარო, რომ კონკრეტული იდეა  არ მაქვს:  თუმცა ჩემი ინტუიციით…”

”ეს,  პრინციპში, მართალია!” – გაისმა    ბუხრის   მხრიდან   ბატონი  ლოიტნერის ტენორი.    ”ვითცნაგელი მართალია. დასასრულისთვის მთავარი ნომერი არ გვაწყენდა. ამაზე ვიფიქროთ!” – თქვა მან და ხელი რამდენჯერმე სწრაფად  წაივლო  წითელ  ქამარზე, შეისწორა  და თან აქეთ -იქით  გამომცდელად  მიმოიხედა.  მართლაც,  სიკეთით  სავსე  გამომეტყველება ჰქონდა.

”ჰო, მაშინ”, – თქვა ბატონმა ჰილდებრანდტმა. – ”რადგან კულმინაციად დიდი ადამიანების    წარმოდგენა  არ  გვსურს…”

ასესორს ყველა დაეთანხმა. ერთი განსაკუთრებით სახუმარო მთავარი ნომერი სასურველი    იქნებოდა. ეს ადვოკატმაც თავის დაქნევით დაადასტურა და ჩუმად ჩაილაპარაკა:  ”ჭეშმარიტად – რაღაც არაჩვეულებრივი, განსაკუთრებულად სახალისო…” ყველა ჩაფიქრდა.

პაუზის დროს, რომელიც დაახლოებით ერთი წუთი გრძელდებოდა  და სიჩუმეს მხოლოდ   ფიქრების  თანმხლები  მოკლე   წამოძახილები  არღვევდა, რაღაც უცნაური მოხდა. დივანზე მჯდომი და ბალიშებზე მიწოლილი ამრა თაგვივით სწრაფად, ოსტატურად   და გულმოდგინედ  იკვნეტდა თავისი  პატარა თითების ფრჩხილის წვერებს, როცა მისმა სახემ სრულიად  უჩვეულო გამომეტყველება მიიღო, პირზე ღიმილი მოეფინა; დაბნეული და თითქმის მაცდუნებელი ღიმილი, რომელიც ერთდროულად მტკივნეულ და სასტიკ ავხორცობაზე   მეტყველებდა, ფართოდ გახელილ და გაბრწყინებულ თვალებს ბუხრის   მიმართულებით ნელა აპარებდა, სადაც ერთი წამით ახალგაზრდა მუსიკოსის მზერას შეეჩეხა. შემდეგ  კი  უეცრად  წამოიწია და მთელი სხეულით საკუთარი  მეუღლისკენ  გადაიხარა. მერე ორივე  ხელი  კალთაზე  დაიწყო,  მომნუსხველი და  სულის  ამომწოვი  მზერით სახეში  ჩააშტერდა, ამ დროს სახე აშკარად გაუფითრდა, მაგრამ  მკაფიო  ხმით  და ნელა  წარმოთქვა:

”კრისტიან, გთავაზობ, რომ სცენაზე ბოლოს შენ გამოხვიდე წითელი აბრეშუმის საყმაწვილო  კაბით,  შანსონეტი  შეგვისრულო და  რაღაც  გვიცეკვო”.

ამ რამდენიმე სიტყვამ საზოგადოებაზე წარმოუდგენლად იმოქმედა. მხოლოდ ახალგაზრდა მხატვარი ცდილობდა უწყინრად გაეცინა, მაშინ,  როცა  ბატონი ჰილდებრანდტი  ცივი  და გაქვავებული სახით იფერთხავდა სახელოს, სტუდენტები ახველებდნენ და  არაბუნებრივი ხმაურით აფრიალებდნენ ცხვირსახოცებს; ქალბატონ ჰილდებრანდტს   ზედმეტად  აუწითლდა სახე, ეს  კი არც  ისე  ხშირად ხდებოდა;  ხოლო  ასესორი  ვითცნაგელი  უბრალოდ ადგილს მოწყდა და  ბუტერბროდის  ასაღებად  გაიქცა. ტანჯულ  მდგომარეობაში   აღმოჩენილი ადვოკატი  თავის დაბალ სავარძელზე ცქმუტავდა, სიყვითლეშერეული სახითა და  შიშნარევი ღიმილით  აქეთ-იქით იყურებოდა და  ენის ბორძიკით  ამბობდა:

” მაგრამ  ღმერთო  ჩემო… მე… ხომ  თითქმის  უძლური  ვარ… თითქოს… მომიტევეთ…”

ალფრედ ლოიტნერს უდარდელი სახე აღარ ჰქონდა, ისე გამოიყურებოდა, თითქოს ცოტაოდენი სიწითლე შეჰპარვოდა და კისერწაგრძელებული,  დაბნეული და გაურკვევლობაში  აღმოჩენილი  გამომცდელად  შეჰყურებდა ამრას…

ის  კი, ამრა, შემტევი  პოზიცია არც  შეუცვლია,  იმავე  ძლიერ ტონალობაში  აგრძელებდა საუბარს: ”სიმღერა  უნდა შეასრულო, კრისტიან,  რომელიც  ბატონმა ლოიტნერმა შეთხზა   და სწორედ ის გაგიწევს აკომპანემენტს ფორტეპიანოზე; ეს იქნება ჩვენი ზეიმის საუკეთესო  და  დაუვიწყარი  კულმინაცია”.

დადგა პაუზა, მტანჯველი პაუზა. შემდეგ უეცრად და მოულოდნელად უჩვეულო რამ მოხდა: ბატონმა ლოიტნერმა, თითქოს მასაც გადაედოო, შეპყრობილმა და აღელვებულმა   ერთი ნაბიჯით წინ გადაინაცვლა და ერთგვარი აღფრთოვანებით აცახცახებულმა სწრაფად დაიწყო  ლაპარაკი:

”თუ ღმერთი გწამთ, ბატონო ადვოკატო, მე  მზად  ვარ,  მე  ჩემს  მზადყოფნას გიცხადებთ,  რომ  თქვენთვის  რაიმე   შევთხზა… თქვენ  ის უნდა იმღეროთ,  თქვენ   უნდა იცეკვოთ… ნახავთ, თქვენ ნახავთ, რომ  ეს საუკეთესო იქნება  იმათ შორის, რაც ოდესმე  გამიკეთებია  და რასაც  ოდესმე გავაკეთებ… წითელი  აბრეშუმის  საყმაწვილო კაბაში! თქვენი  მეუღლე  ნამდვილი ხელოვანია, ნამდვილი ხელოვანი,  გეუბნებით! სხვა  შემთხვევაში  ასეთი  იდეა  მას არასოდეს  მოუვიდოდა!  თქვით:  დიახ!  გევედრებით,  დაეთანხმეთ!  მე  შემიძლია, მე გავაკეთებ, თქვენ  ნახავთ… ”

აქ კი ყველამ შვებით ამოისუნთქა და ამოძრავდა. ბოროტი განზრახვით თუ  თავაზიანობის   გამო  ყველა თხოვნით დააცხრა ადვოკატს, ქალბატონმა ჰილდებრანდტმა იმდენად შორს  შეტოპა, რომ ბრუნჰილდას ხმითა და მთელი ძალით ხმამაღლა წაიმღერა: ”ბატონო  ადვოკატო, თქვენ ხომ ისედაც მხიარული და ხალისიანი ადამიანი ბრძანდებით!” ის კი თვითონ,  ადვოკატი,  სიტყვებს ეძებდა, ჯერ კიდევ  ოდნავ  სიყვითლეგადაკრულმა  გადაწყვეტილების  მისაღებად  ძლიერი  ძალისხმევა   გამოიჩინა და თქვა:

”მომისმინეთ, ბატონებო!  რა უნდა გითხრათ? დამიჯერეთ, ეს არ გამომივა. მე კომიკოსის   ნიჭი არ მაქვს და აქედან გამომდინარე… მოკლედ, არა, სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია”.

ის ჯიუტად უარყოფდა შემოთავაზებას და, რადგანაც უკმაყოფილო გამომეტყველებით  მიწოლილი ამრა საუბარში აღარ მონაწილეობდა,  ხოლო  ხალიჩაზე  გამოსახულ  არაბესკებს    საგულდაგულოდ მიშტერებული ბატონი ლოიტნერიც  დუმდა, ბატონმა ჰილდებრანდტმა  საუბრის მიმართულება შეცვალა და მალე საზოგადოება იმაზე შეთანხმდა, რომ ბოლო  საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ჭიანურდებოდა.

იმავე საღამოს, როდესაც ამრა დასაძინებლად წაბრძანდა და ჯერ კიდევ თვალღია  იწვა,  ოთახში მძიმე ნაბიჯებით მისი მეუღლე შევიდა, ამრას საწოლთან სკამი დადგა, დაჯდა და  ჩუმად  და გაუბედავად ალაპარაკდა:

”მისმინე, ამრა, გულახდილად რომ გითხრა, ამდენმა ფიქრმა ბოლო მომიღო. ის, რომ დღეს    ბატონებს ყველაფერში შევეწინააღმდეგე,  ის, რომ  შენ დაგიპირისპირდი – ღმერთმა  უწყის –   ასეთი  განზრახვა  არ  მქონია! იქნებ  შენ სერიოზულად  ფიქრობ… გთხოვ…”

ამრა მანამდე უსმენდა მდუმარედ, სანამ ნელ-ნელა შუბლზე წარბები აეწკიპებოდა. შემდეგ მხრები აიჩეჩა და თქვა: ”არ ვიცი, რა უნდა გიპასუხო, მეგობარო. ასეთ  საქციელს  შენგან არავინ ელოდა. თავაზიანი ადამიანისთვის შეუფერებელი სიტყვებით  გვეწინააღმდეგებოდი, ნაცვლად იმისა, რომ სცენაზე შენი გამოსვლით ჩვენი  იდეისთვის მხარი დაგეჭირა; ის, რაც სხვებმა აუცილებლობად მიიჩნიეს, შენთვის შეიძლება მხოლოდ ფარისევლობა იყოს. შენ მწარედ გაუცრუე იმედები მთელ სამყაროს და სულ მცირე  სამსახურიც ვერ გამიწიე; რაც მთავარია, შენი თავხედობით მთელი დღესასწაული   ჩაგვიშალე;  მისი  მხარდაჭერა  კი, როგორც  მასპინძლის, შენი უშუალო  მოვალეობაა… ”

ადვოკატმა თავი დახარა და მძიმე  ამოსუნთქვას ამოაყოლა:

”არა, ამრა, მე არ მინდოდა უხეში გამოვჩენილიყავი, დამიჯერე. არ მსურს ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო  და  ვინმეს  თავი  შევაზიზღო  და  თუ  ამაზრზენად  მოვიქეცი, მაშინ   მზად ვარ ყველაფერი გამოვასწორო. საქმე ეხება ხუმრობას, მასკარადს, უბოროტო  სიამოვნებას  – რატომაც არა?  არ  მინდა ზეიმი  ჩავშალო. მე  მზად  ვარ…”

მომდევნო დღეს, ნაშუადღევს, ამრა ისევ სადღაც გაემგზავრა, ”საქმეების მოსაგვარებლად”. შეჩერდა ჰოლცშტრასეს  78  ნომერთან და ავიდა მეორე სართულზე, სადაც მას ელოდებოდნენ.  და  როდესაც  საწოლზე   გართხმული  და  სიყვარულში  ჩაძირული  ამრა  მის თავს  მკერდში  იკრავდა,  ვნებიანად   ჩურჩულებდა:

”ოთხ ხელში გადაიყვანე, გესმის ჩემი?! ჩვენ ორივე გავუწევთ აკომპანემენტს, როცა იცეკვებს  და იმღერებს. კოსტიუმზე კი მე, მე  ვიზრუნებ…”

და ორივეს სხეულიდან ამოხეთქა უცნაურმა ყიჟინამ, თავშეკავებულმა და ნერვიულმა ხორხოცმა.

ვისაც  ნადიმის გამართვა  ან  ღია ცის  ქვეშ  მაღალი  სტილის  გასართობის  მოწყობა სურს, ბატონ   ვენდელინის  დარბაზებზე –  ”ტოროლების  მთაზე”  –  უკეთესს   ვერაფერს შესთავაზებენ. პარკის  ტიპის  ბაღში  შესვლა  შესაძლებელია გარეუბნის ქუჩიდან მაღალი, გისოსებიანი,  მომხიბვლელი ჭიშკრით, რომელიც  დაწესებულებას  ეკუთვნის  და რომლის შუაგულშიც ვრცელი სანადიმო დარბაზია მოწყობილი. დარბაზი, რომელიც ვიწრო გასასვლელით  უკავშირდება  რესტორანს, სამზარეულოსა   და   ლუდსახარშს  და რომელიც   მხიარული, ჭრელი ფერებით  მოხატული  ხის  მასალითაა აგებული, ჩინური  და რენესანსის   სტილების სასაცილო არევის ნიმუშს წარმოადგენს  და დიდი ფრთიანი  კარითაა შემკული;    კარგ  ამინდში კარს  ბოლომდე  აღებენ,  რათა  ხეების  სუნთქვამ  დარბაზში    შემოაღწიოს   და,  რაც მთავარია,  ეს  დარბაზი  უამრავ  ადამიანს  იტევს.

იმ  დღეს ფერადი შუქები  აქეთ  მომავალ  ეტლებს  შორიდანვე  ციმციმით ესალმებოდნენ, რადგან   ყველა  გისოსი,  ბაღის  ხეები  და  თვითონ  დარბაზი  უხვად იყო  მორთული  ჭრელი  ლამპიონებით; რაც შეეხება დარბაზის სანადიმო სივრცეს, ისიც ჭეშმარიტად თვალის   გასახარებლად გამოიყურებოდა. ჭერს  ქვემოთ  სქელი გირლიანდები გაებათ  და  მასზე  ქაღალდის  ლიფლიფები  დაემაგრებინათ;  კედლის  მორთულობას, რომელიც დროშებისგან,   მწვანე ტოტებისგან და ხელოვნური ყვავილებისგან შედგებოდა, შიგადაშიგ    ელექტრონათურების    შუქი  ემატებოდა,  რაც  დარბაზს  ბრწყინვალებას  მატებდა. დარბაზის   ბოლოში სცენა იყო, რომლის ირგვლივაც ფართოფოთლებიანი მცენარეები ჩამოემწკრივებინათ  და  რომელზეც   გენიოსი  შემოქმედის   ხელით მოხატული  წითელი  ფარდა  ფრიალებდა. დარბაზის მეორე ბოლოდან  თითქმის  სცენამდე   გრძელი,   ყვავილებით  მორთული  მაგიდები  იდგა, სადაც  ადვოკატ იაკობის სტუმრები: იურისტები, ოფიცრები,  ვაჭრები, მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელეები მეუღლეებთან  და ქალიშვილებთან ერთად – მათი რაოდენობა  აშკარად  ას ორმოცდაათ  ადამიანს  აღემატებოდა –  გაზაფხულის   ლუდსა და შემწვარ ხბოს ხორცს აგემოვნებდნენ. ყველა უბრალოდ იყო ჩაცმული: შავ კოსტიუმებს  ნაწილობრივ  ღია ფერის საგაზაფხულო აქსესუარები  უმშვენებდათ, რადგან   ბუნებრივი უბრალოება იყო მოდაში. ბატონები ჯერ კათხებით ხელში კედლის ერთ მხარეს  მოთავსებულ დიდ კასრებთან მიდიოდნენ,  შემდეგ კი ვრცელ, ჭრელ და განათებულ დარბაზს  უერთდებოდნენ, სადაც ერთმანეთში არეულიყო წიწვების, ყვავილების, ადამიანების,  ლუდისა  და საჭმლის მოტკბო და სულის შემხუთველი საზეიმო ორთქლი; სადაც ზუზუნებდა და ბობოქრობდა ხმაური, ხმამაღალი და არაფრისმთქმელი საუბარი და ყველა ამ  ადამიანის  თავაზიანი, სიცოცხლით  სავსე  და  უდარდელი   ხორხოცი…   უფორმო  და უმწეო ადვოკატი   ერთ-ერთი მაგიდის კუთხეში იჯდა, სცენასთან ახლოს. ის ბევრს არ სვამდა  და  დროდადრო  გაჭირვებით გადაუგდებდა ხოლმე სიტყვას მის გვერდით  მჯდომს  –  სახელმწიფო მრჩევლის მეუღლეს, ქალბატონ  ჰავერმანს. ადვოკატი   მძიმედ  სუნთქავდა, თან  ჩამოკიდებულ   პირის კუთხეებს ამოძრავებდა და დატანჯული, ამღვრეული წყალწყალა თვალებით  უძრავად  და   ერთგვარი ნაღვლიანი, გაუცხოების გამომხატველი მზერით ისე მიშტერებოდა მხიარულ    თავყრილობას, თითქოს ამ საზეიმო ბურუსში, ამ ხმაურიან მხიარულებაში რაღაც   უთქმელად    ნაღვლიანი  და გაუგებარი  იმალებოდა…

შემდეგ დიდი ტორტები ჩამოარიგეს, ტორტებს ტკბილი ღვინო დააყოლეს და დაიწყო  გამოსვლები. სათავადაზნაურო თეატრის მსახიობმა ბატონმა ჰილდებრანდტმა თავის   სიტყვაში გაზაფხულის ლუდს მხოლოდ კლასიკური და კიდევ ბერძნული ციტატები   მიუძღვნა; ასესორმა ვიტცნაგელმა იქ  დამსწრე ქალბატონები  რაფინირებული  მოძრაობებით  და  უაღრესად დახვეწილი მანერებით ადღეგრძელა: ხან მის ახლოს  მდგარი  ლარნაკიდან, ხან  კი პირდაპირ სუფრიდან ორივე ხელით იღებდა  ყვავილებს და თითოეულ  ქალბატონს  ცალ-ცალკე ადარებდა. თხელი, ყვითელი აბრეშუმის ტუალეტში გამოწყობილ ამრა იაკობს, რომელიც  მის   პირდაპირ  იჯდა, ”ჩაის ვარდის მშვენიერი დაიკო” უწოდა.

ასესორმა თმაზე ხელი მსუბუქად გადაისვა, წარბები ზემოთ   აწკიპა და სერიოზული  სახით თავი დაუკრა მის   მეუღლეს – პასუხად წამოიმართა მსუქანი კაცი და თავისი  უხერხული, საზარელი ღიმილითა და  ნაძალადევად ამოღერღილი რამდენიმე სიტყვით  ლამის მთელი განწყობა გააფუჭა… მხოლოდ  ერთი-ორი  ხელოვნურად ნასროლი  ხმამაღალი   ”ბრავო”   გაისმა  და   მცირე  ხნით დამთრგუნველმა სიჩუმემ  დაისადგურა.  მაგრამ   ბოლოს  მხიარულებამ   ისევ  უპირატესობა   მოიპოვა და  რადგან   საკმაოდ   მოილხინეს  და  ბევრიც მოწიეს, საზოგადოებამ ცეკვა ისურვა, ამისთვის მამაკაცები წამოდგნენ და დიდი ხმაურით,  მაგრამ  საკუთარი  ხელით  მაგიდები დარბაზიდან  გაიტანეს…

თერთმეტს გადაცდა და უხერხულობის კვალიც აბსოლუტურად წაიშალა.   საზოგადოების   ერთი  ნაწილი   ფერადი   შუქებით   განათებულ   ბაღს   მიაწყდა   და  სუფთა  ჰაერს დაეწაფა, სხვები დარბაზში დარჩნენ, ჯგუფებად დაყოფილები ეწეოდნენ,  საუბრობდნენ, ლუდს ისხამდნენ და მიირთმევდნენ…  უეცრად სცენიდან  საყვირის  ძლიერი  ხმა გაისმა, რომელიც ყველას დარბაზში უხმობდა. მუსიკოსები – ჩასაბერ და დასარტყამ  ინსტრუმენტებზე შემსრულებლები – სცენაზე გამოვიდნენ და ფარდასთან  დადგნენ. რიგებად    ჩამომწკრივებულ სკამებზე, სადაც წითელი პროგრამები ეწყო, ქალბატონები  ჩამოსხდნენ, ბატონები კი მათ უკან, ან გვერდით  მოთავსდნენ.  მოლოდინით  სავსე  სიჩუმემ  დაისადგურა.

ამის შემდეგ ორკესტრმა ენერგიული უვერტიურა შეასრულა, ფარდა  გაიხსნა და  სცენაზე  უთვალავი საშინელი გარეგნობის შავკანიანი გამოჩნდა – მყვირალა  კოსტუმებში  და  ღაჟღაჟა  წითლად შეღებილი  ტუჩებით – ისინი  კბილებს  კრეჭდნენ  და  ველურ  ხმებს გამოსცემდნენ… ეს წარმოდგენები ამრას დღესასწაულის კულმინაცია იყო. გაისმა აღფრთოვანებული  აპლოდისმენტები,  ნომრიდან  ნომრამდე  პროგრამას ჭკვიანი შემდგენლის  ხელი  ეტყობოდა. ქალბატონი ჰილდებრანდტი გაპუდრული პარიკით გამობრძანდა, იატაკს გრძელი  ჯოხი დაჰკრა და ომახიანად იმღერა: “That’s Maria!”. ერთი ილუზიონისტი შთბეჭდილების   მოსახდენად სცენაზე ორდენებიან ფრაკში გამოწყობილი გამოვიდა. ბატონმა  ჰილდებრანდტმა თავის ნომერში აღმაშფოთებლად დაამსგავსა ერთმანეთს  გოეთე,  ბისმარკი  და ნაპოლეონი; ბოლო წამს კი რედაქტორმა, დოქტორმა ვიზენშპრუნგმა, გადაწყვიტა  იუმორისტული მოხსენება გაეკეთებინა თემაზე: ”გაზაფხულის ლუდის სოციალური  მნიშვნელობა”. ბოლოს  მოლოდინმა კულმინაციას მიაღწია, რადგან  უკანასკნელი  ნომერი  იწყებოდა. მას პროგრამაში დაფნის  გვირგვინი ჰქონდა შემოვლებული  და  ეწერა: ”ლუიზჰენ.  შესრულდება სიმღერა და ცეკვა. მუსიკა ალფრედ ლოიტნერისა”. როცა მუსიკოსებმა   ინსტრუმენტები გვერდზე გადადეს და აქამდე მდუმარედ კარს მიყრდნობილი ბატონი  ლოიტნერი გულგრილა გამობზეკილ ტუჩებს შორის მოქცეული სიგარეტით  ამრა იაკობისთან  ერთად პიანინოს მიუჯდა, რომელიც ფარდასთან სცენის შუაგულში იდგა, დარბაზი  ამოძრავდა, მზერები ერთმანეთს შეეჯახა. ლოიტნერს სახე ასწითლებოდა და ნერვიულად  ფურცლავდა  ნოტების ჩანაწერებს; ამრა კი პირიქით, ოდნავ ფერწასული გამოიყურებოდა და  სკამის საზურგეს მიყრდნობილი მოუთმენლად გაჰყურებდა პუბლიკას. როცა ყველა   წაგრძელებული კისრით აქეთ-იქით იხედებოდა, ამრამ ზარი ააწკრიალა და  დაწყების ნიშანი   მისცა. ბატონმა ლოიტნერმა და ამრამ რამდენიმე  ტაქტი  დაუკრეს  და  ნაკლებმნიშვნელოვანი  შესავალი  შეასრულეს,  შემდეგ  ფარდა  ნელ-ნელა  გადაიხსნა   და   გამოჩნდა  ლუიზჰენი…

მაყურებელს  ელდა  ეცა  და გაოგნების ტალაღამ გადაუარა, როცა ეს მწუხარე და   ამაზრზენი  გარეგნობის გამოპრანჭული მასა გაჭირვებული დათვის საცეკვაო ნაბიჯებით გამოვიდა სცენაზე. ეს გახლდათ ადვოკატი. მას ფართო, უნაკეცო, კაშკაშა წითელი ფერის აბრეშუმის კაბა ეცვა, რომელიც ტერფებამდე სწვდებოდა  და მთლიანად უფარავდა უფორმო  სხეულს. კაბას გული ისე ჰქონდა ამოღებული, რომ მოშიშვლებული და ფერუმარილით  გაპოხილი ყელი საძაგლად გამოიყურებოდა.  სახელოები  მხრებთან ოდნავ  მოკლედ  ჰქონდა   გადაჭრილი. სქელ, უკუნთებო მკლავებს კი გრძელი, ღია ყვითელი ხელთათმანები   უფარავდა;   თავზე მაღალი, ქერაკულულებიანი პარიკი  დაესკუპებინათ,  რომელზეც   ერთადერთი   მწვანე   ფრთა იყო დამაგრებული და ყოველ მოძრაობაზე აქეთ-იქით ქანაობდა. ამ პარიკის  სიღრმიდან  სიყვითლეშეპარული, ტანჯული, უბედური და  აშკარა  ეჭვით შეპყრობილი სახე იყურებოდა;  გამუდმებით  ზემოთ-ქვემოთ მოთახთახე ლოყები თანაგრძნობას იწვევდნენ, მისი პატარა,  წითელწრეებშემოვლებული თვალები ვერაფერს ხედავდნენ; ეს მსუქანი კაცი დაძაბული  მიშტერებოდა იატაკს და თან დიდი  გაჭირვებით  ხტოდა  ხან  ერთსა  და ხან მეორე   ფეხზე,   იმავდროულად  ხან კაბის კალთებზე ჰქონდა ორივე ხელი ჩავლებული, ხან უღონო ხელების   ორივე საჩვენებელ თითს ზემოთ სწევდა –  სხვა მოძრაობა არც  იცოდა  –  და ფორტეპიანოზე    შესრულებულ მელოდიას  მოგუდული და ხრინწიანი  ხმით აყოლებდა  სრულიად უმსგავსო  სიმღერას…

ამ საბრალო არსებას პირიდან ტკივილისა და მწუხარების ცივი სუნთქვის გარდა აღარაფერი ამოსდიოდა, რაც ყოველგვარ ბუნებრივ სიხალისეს კლავდა და იქ შეკრებილ    საზოგადოებას  უხერხული წნეხი  ქვეშ აქცევდა… უამრავი თვალის წინ საშინელი  სანახობა   გადაშლილიყო და ისინიც მონუსხულებივით მისჩერებოდნენ  სურათს  პიანინოსთან  მჯდომი   წყვილითა და ზემოთ, სცენაზე მოცეკვავე ქმრით… მშვიდი, გაუგონარი სკანდალი ხუთი   უსასრულო  წუთი  გრძელდებოდა.

შემდეგ კი დადგა მომენტი, რომელის დავიწყებასაც ვერავინ, ვინც ის იხილა, მთელი ცხოვრების განმავლობაში  ვერ  შეძლებს… წარმოვიდგინოთ, რა ხდებოდა დროის ამ პატარა  და საშინელ მონაკვეთში.

ყველას მოუსმენია სახუმარო კუპლეტი სათაურით ”ლუიზჰენ” და უდავოდ ყველას გაახსენდება  შემდეგი სტრიქონები:

”ვცეკვავ პოლკას, ვალსიც ვიცი.

მიჯნურობის  დავდე ფიცი.

ლუიზე ვარ,  ვცხოვრობ ხალხში,

კაცთა გულებს ვიპყრობ წამში…”

– ეს ულაზათო და მორალურად  საკამათო სტრიქონები  სამი საკმაოდ გრძელი სტროფის რეფრენს წარმოადგენს. ჰოდა, ახალი კომპოზიის შექმნისას  ალფრედ  ლოიტნერმა საკუთარი   მუსიკალური ნაწარმოები სრულყო: პუბლიკის განსაცვიფრებლად განსაკუთრებით   ვულგარული და კომიკური სიყალბის  მანერები დახვეწილი  მუსიკის მეშვეობით  ხელოვნების  ნიმუშად  გადააქცია და მწვერვალზე აიყვანა. მელოდია დო დიეზ მაჟორში იყო შექმნილი და  პირველი სტროფი საკმაოდ კოხტა და სრულიად ბანალური გამოვიდა. ციტირებული  რეფრენის დაწყებისას ტემპი გამოცოცხლდა, გამოიკვეთა დისონანსები და უფრო აქტიურმა  ბგერებმა ფა დიეზ მაჟორში გადასვლის მოლოდინი  შექმნეს. ეს დისჰარმონია კიდევ უფრო  გართულდა სიტყვამდე ”ფიცი” და სიტყვებზე ”ლუიზე ვარ” სირთულე და დაძაბულობა  იმდენად  გარდაუვალი გახდა, რომ  სიტუაციის განმუხტვას ფა დიეზ მაჟორი სჭირდებოდა.  მაგრამ ამის ნაცვლად რაღაც მოულოდნელი მოხდა. სახელდობრ, მოულოდნელი გარდატეხა:  თითქმის გენიალური იდეის წყალობით  ტონალობამ ფა მაჟორში გადაინაცვლა და ამ  ჩანაცვლებას – ორივე პედალის გამოყენებითა და სიტყვა ”ლუიზეს” მეორე მარცვლის  გახანგრძლივებით – აღუწერელი, გაუგონარი ზემოქმედების ძალა ჰქონდა! ეს იყო   აბსოლუტურად გამაოგნებელი გამოაშკარავება, მოულოდნელი შეხება ნერვებზე, რომლებიც  ზურგს გიცახცახებს, ეს იყო სასწაული, გაშიშვლება, თავისი მოულოდნელობით  საბურველის სასტიკი  მოხსნა, იმ ფარდის ჩამოგლეჯა, რომელიც  ნელ-ნელა  იფლითება…

ფა მაჟორის აკორდზე ადვოკატმა იაკობიმ ცეკვა შეწყვიტა. ის სცენის ცენტრში იდგა მშვიდად, მილურსმულივით, ორივე ხელის  საჩვენებელი თითები ჯერ კიდევ აწეული ჰქონდა  – ერთი ოდნავ ქვემოთ,  ვიდრე მეორე; სიტყვა ”ლუიზე” ”ი” ბგერაზე შეწყვიტა და დადუმდა;  იმავე წამს მკვეთრად შეწყდა ფორტეპიანოს აკომპანემენტიც და ეს  უცნაური  და  ამაზრზენად  მომღიმარი არსება ცხოველივით გაფშეკილი თავითა და ანთებული თვალებით რაღაცას  მიაშტერდა…

ის დაჟინებით უყურებდა მოკაზმულ, ნათელსა და  ადამიანებით სავსე საზეიმო დარბაზს,  სადაც ამ საზოგადოების გამონაბოლქვი უსიამოვნო ჰაერივით გატრუნულიყო ატმოსფეროსთან შერეული სკანდალი… ის მისჩერებოდა წაგრძელებულ, აწეულ და  მკვეთრად  განათებულ სახეებს, რომელთა ასობით თვალი, ამ წყვილისა და მის შესახებ ყველა საიდუმლოს მცოდნე, მისკენ  იყო მიპყრობილი. სწორედ მაშინ, როდესაც ყველა ისეთი საშინელი სიჩუმით იყო შეპყრობილი, რომელსაც  ვერანაირი ბგერა ვერ დაარღვევდა, მან  თავისი გაფართოებული და ავისმაუწყებელი  თვალები ნელ-ნელა ჯერ წყვილსა და შემდეგ პუბლიკას შეავლო, მერე მზერა პუბლიკიდან ისევ წყვილზე გადაიტანა – უეცრად სახეზე გონების წამიერი განათება აღებეჭდა, სისხლის ნაკადმა ამოსჩქეფა და აბრეშუმისკაბისფერმა   სიწითლემ გადაუარა, მაგრამ მალევე დაუბრუნდა სანთელივით სიყვითლე და ეს მსუქანი  მამაკაცი  ისე დაენარცხა  იატაკს,  რომ   ფიცრები  დაიბზარა.

ერთი წუთით სიჩუმემ დაისადგურა; შემდეგ ყვირილი გაისმა, აურზაური ატყდა,  რამდენიმე გაბედული ბატონი, მათ შორის ახალგაზრდა ექიმი, ორკესტრს გადაახტა და სცენაზე  ავარდა.  ფარდა დაუშვეს…

ამრა იაკობი და  ალფრედ  ლოიტნერი  ერთმანეთთან პირშექცეულები ფორტეპიანოსთან ისხდნენ. ლოიტნერი, რომელიც თავჩაღუნული იჯდა,  როგორც  ჩანს,  ჯერ კიდევ  ფა მაჟორზე   გადასვლის საკუთარი ვერსიის შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებოდა; ამრა კი – უძლური თავისი   ჩიტის ტვინის წყალობით, სწრაფად გაერკვა, თუ რა ხდებოდა მის თავს – აბსოლუტურად  ცარიელი მზერით  იყურებოდა  გარშემო…

ახალგაზრდა ექიმი, ტანდაბალი ებრაელი, სერიოზული სახითა და შავი, წაწვეტებული  წვერით, მალე ისევ გამოჩნდა დარბაზში და რამდენიმე ბატონს, რომლებიც წრიულად იდგნენ,  მხრების  აჩეჩვით  მოახსენა:

”გათავდა”.

© “არილი

Facebook Comments Box