პოეზია

ივა თადიაშვილი – ლექსები

აქ ვაშაკტუნში

აქ ვაშაკტუნში დიდი ხანია მოურეველი ქაოსი დააოკეს.

აქ ვაშაკტუნში დიდი ხანია ბრმებმა ისწავლეს

ტაძრის კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა.

აქ ვაშაკტუნში დიდი ხანია აღარ თელავენ მდუმარე ბალახებს.

აქ არასოდეს ქირაობდნენ კალიგრაფებს,

ღმერთების სიტყვის გასაშიფრად.

აქ არასოდეს ყოფილა მხეცებისთვის სამხეცეები

და არც მხეცები ყოფილან აქ არასოდეს.

აქ ტბებში მხოლოდ ოცნებები ბუყბუყებენ.

აქ მოდიან და მიდიან სხვამიწელები სანამ ლერწმის კონები ჩაიწვებოდეს.

აქ დილით ვაშაკტუნელებს აღვიძებთ მაიმუნთა ფუსფუსი.

აქ დემონური სიცარიელიდან დიდი ხანია გაიყვანეს სულის არხები.

აქ ვაშაკტუნში არავინ იცის ყველაფერი როგორ დაიწყო,

ვაშაკტუნში გონიათ ყველაფერი ყოველთვის იყო.

***

„ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია.“

იოანეს შეფასება იესოს მიერ

მათე 11:11

როგორც ამბობენ, მას შავი თმა აქვს და შავი წვერი,

როგორც ამბობენ, მას შეეძლო გამხდარიყო საჭურისთა ბელადი.

ასე ამბობენ, მას ჰქონია ნათელი გონება.

ზოგი ამბობს, რომ პოეტია,

ზოკი კი ამბობს, გიჟიაო, შეშლილიაო,

ზოგს ის სძულს.

ალბათ, უნდათ მისი ჯვარზე გაკვრაც.

როგორც ამბობენ, წყალზე სიარულსაც შეძლებს,

თუ იმარხულებს 40 დღეს.

როგორც ამბობენ, ის ჭამს მხოლოდ კალიებს.

ამბობენ, ბევრს ლაპარაკობსო და მხოლოდ სიბრძნეს.

როგორც ამბობენ, მას ღვინო უყვარს.

ხალხი ამბობს, რომ არც ისე ბევრს სვამს,

მე კი ის უბრალო ლოთი მგონია.

ამბობენ, მისთვის აღმართესო

დამარცხების ობელისკები.

ამბობენ, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს

და თუ წავა, ის ისევ მოვა.

ამბობენ, ღმერთიაო,

მაგრამ მითხარით, ვინ არ არის?

ხალხი ამბობს და ამბობს

ისიც ამბობს და მასაც ესმის

და ისიც ლაპარაკობს და ხალხიც უსმენს.

რას შვრები?

როცა ქუჩაში მხვდები

და კითხულობ

რას შვრები?

მე გპასუხობ

რავი, არაფერს…

მაგრამ ვშვრები ყველაფერს,

რაც მგონია, რომ შენთვის არ არის საინტერესო:

ვნახულობ სიზმრებს

ვსწავლობ ახალ რეცეპტებს

ვკითხულობ ჰემინგუეის მოთხრობებს

და ფიგაროს ქორწინებას ერთდროულად.

ვწანწალებ ქუჩებში და ვუსმენ ჯაზს ან ჰიპ-ჰოპს

ვუსმენ ქალაქსაც

ვარღვევ წესებს და კანონებს

და ვწერ უამრავ ლექსს,

მაგრამ განა შენ ამის მოსმენა გინდა,

როცა მეკითხები

რას შვრები?

რატომ გინდა იყო აქილევსი?

რატომ გინდა იყო აქილევსი?

რატომ გინდა იყო ჰერაკლე?

რატომ გგონია შენზე ვწერ?

ან დავწერდი რამე ლექსს?

რატომ გგონია თავი ელეკტრა?

რატომ გგონია თავი ელენე?

რატომ გინდა ნათელმხილველი კასანდრა იყო?

რატომ ვერ უნდა ვწერდე ბლოკნოტში ლექსებს,

როცა მომინდება,

როცა სული ვეღარ ითმენს?

ხომ ხედავ?

არაფერს აღარ ვწერ

შენ შენ თავზე რომ არ მიიღო.

რატომ გინდა შენზე პოემებს თხზავდნენ?

რატომ გინდა იყო პერსონაჟი?

შენ რა, აღარასდროს გინდა

აქილევსზე  და კასანდრაზე აღარავინ წეროს?

© არილი

Facebook Comments Box