ევროკავშირის ლიტერატურული პრემია (EUPL) ივა ფეზუაშვილი გადაეცა წიგნისთვის “ბუნკერი”. წელს დაჯილდოების ისტორიაში პირველად ჟიურიმ ერთი საერთო გამარჯვებული და ხუთი საპატიო ნომინანტი გამოავლინა: ბელგიის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ირლანდიის, ესპანეთისა და უკრაინის წარმომადგენელი მწერლები.
კონკურსში 14 ქვეყანა მონაწილეობდა: ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლიტვა, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი და უკრაინა. თითოეული ქვეყნის ლიტერატურულმა წრემ საკუთარი წარმომადგენელი ავტორი და წიგნი შეარჩია. ხოლო გამარჯვებული, ტრადიციულად, შვიდი ლიტერატურისა და წიგნის ინდუსტრიის ევროპელი ექსპერტისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა. ივა ფეზუაშვილს ფულადი ჯილდო გადაეცემა, რომლის ნახევარიც მისი წიგნის თარგმნას მოხმარდება.
“ბუნკერი” ყარაბაღის ომიდან თბილისში გამოქცეული სიმონიანების ოჯახის ერთ დღე-ღამეში გათამაშებული ამბით თანამედროვე საქართველოს 30 წლიან ისტორიას გვიყვება. აღწერს საბჭოთა კავშირის ნანგრევებში მოყოლილ თაობას, რომელსაც ბოლომდე ვერც წარსულის დავიწყება და ვერც თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობა მოუხერხებია.
ევროკავშირის ლიტერატურული პრემია 2009 წლიდან ტარდება და მიზნად მხატვრულ ლიტერატურის მწერალთა ხელშეწყობით ევროპული კულტურის გაძლიერებას ისახავს. ზრუნავს გამარჯვებულ ავტორთა ლიტერატურის ტირაჟირებასა და თარგმნას ევროპის ქვეყნებში, რითაც ხაზს უსვამს კონტინენტის კულტურულ მრავალფეროვნებას.
პოპულარიზაციის მიზნით, EUPL 2022-ის ნომინირებული ყველა ავტორის წიგნს ეროვნულ და საერთაშორისო ღონისძიებებზე მოიხსენიებენ. ასევე, EUPL-ის ყოველწლიურ ანთოლოგიას თოთხმეტივე მწერლის ტექსტებიდან ნაწყვეტებს ორიგინალ და ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე თან დაურთავენ.
ვიცნობდეთ და გვესმოდეს ჩვენი თანამოქალაქეების მთავარია თანაგრძნობის გაჩენისა და მშვიდობის დამყარებისთვის. ესაა ევროპული პროექტი, რომლის მიზნის პრაქტიკაში განხორციელებას ემსახურება EUPL. თოთხმეტივე ნომინანტს რაც შეიძლება ბევრ თარგმანს ვუსურვებ. ამ წიგნების გავრცელება ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ, როგორც ჩვენს ერთიანობას, ისე ლიტერატურით მიღებულ სიამოვნებას გააუმჯობესებს,” – ამბობს პიტერ კრაუს ვომ კლეფი, FEP-ის პრეზიდენტი.
© არილი