პოეზია (თარგმანი)

ივ ბონფუა – თაყვანისცემა და სხვა ლექსები

iv bonfua-323

ფრანგულიდან თარგმნა ნიკოლოზ აგლაძემ

თაყვანისცემა

I

ჭინჭარსა და ქვებს.

”მკაცრ მათემატიკას”. ცუდად განათებულ მატარებლებს, საღამოჟამს. დათოვლილ ქუჩებს, ზღვარდაუდებელი ვარსკვლავის ქვეშ.

დავდიოდი, ვიკარგებოდი. სიტყვებს საკუთარი ხმების პოვნა უჭირდათ პირქუშ სიჩუმეში. – დამთმენ და მხსნელ სიტყვებს.

II

”მწუხრის ღვთისმშობელს”. ქვის დიდ მაგიდას, ბედნიერ ნაპირებთან. ნაკვალევებს, ჯერ რომ შეერთდნენ, შემდეგ – დაშორდნენ.

ზამთარს ოლტრ’არნო. თოვლსა და ამდენ ნაფეხურს. ბრანკაჩის ტაძარს ღამით.

III

კუნძულთა ეკლესიებს.

გალა პლასიდიას. ვიწრო კედლები, ჩვენეული ჩრდილი რომ ზრდის. ქანდაკებს ბალახებში; და, თითქოს, ჩემსავით უსახურებს.

სისხლისფერი აგურით ამოქოლილ კარს, შენს ფასადზე, ვალიადოლიდის კათედრალო. ქვების წრეებს. შავი, მკვდარი მიწით დატვირთულ პასოს.

აგლის წმინდა მართას, კანავეზეში. აგური წითელი და ბაროკოს სიხარულის ღაღადით დაბერებული. ხეებში ჩაფლულ, უკაცრიელ და ჩაკეტილ სასახლეს. (ამ სამყაროს ყველა სასახლეს, ღამეულ თავშესაფარს რომ გვაძლევენ).

ჩემს სამყოფელს ურბინოში, რიცხვსა და ღამეს შორის.

სენტ-ივო დე ლა საპიენცას.

დელფოსს, სადაც დასაშვებია მოკვდე.

იმ ქალაქს, ფრანებითა და შუშის დიდი სახლებით, ცას რომ ირეკლავენ.

რიმინის სკოლის მხატვრებს. ისტორიკოსობა მინდოდა თქვენეულ დიდებაზე დარდით. ისტორიის წაშლა მინდა თქვენს აბსოლუტურობაზე ზრუნვით.

IV

და მარად: ღამის ბაქნებს, პაბებს, ხმას, რომელიც ამბობს: მე ვარ ლამპარი, მე ვარ ზეთი.

იმ მთავარი ვნების ცეცხლში დანთქმულ ხმას. ნეკერჩხლის რუხ ღეროს. ცეკვას. ორიოდე, სულ ერთია, რომელ დარბაზს, ღვთაებებს რომ ინარჩუნებს ჩვენში.

 

რკინის ხიდი

უეჭველია, ახლაც არის გრძელი ქუჩის,

რომლითაც ბავშვობაში დავდიოდი, ბოლოს ნავთობის ავზი,

მძიმე ნარჩენების, მართკუთხედი შავი ცის ქვეშ.

 

მას აქეთ, რაც პოეზიამ

თავისი წყალი განაცალკევა სხვა წყლებისგან,

არანაირი მშვენება, აღარც ფერი შერჩა,

მისი სადარდო ოდენ რკინა და ღამეა.

 

ის ასაზრდოებს

მკვდარი ნაპირის სევდას, რკინის ხიდი კი,

სხვა კიდევ უფრო ღამეულ ნაპირს ჩაჭიდებული,

არის ეული მოგონება და ერთადერთი სიყვარული მისი.

 

სისხლი, ნოტი სი

გრძელი, გრძელი დღეები.

დაუოკებელი სისხლი აღელვებს სისხლს.

ბრმაა მოცურავე.

მეწამული სართულებით შენს გულისცემაში ჩადის.

 

როდესაც კეფა გეძაბება

მუდამ უდაბური ყვირილი ეუფლება ანკარა პირს.

 

ასე ბერდება ზაფხული. ასევე სიკვდილი

ალყას დაარტყამს ხოლმე მოკიაფე ალის ბედნიერებას.

და ოდნავ წავუძინებთ. ნოტი სი

წითელ ქსოვილში უსაშველოდ დიდხანს ჟღერს.

 

საღამო

შტრიხები ლურჯი და შავი.

ხნული გზას ცის კიდისკენ იმრუდებს.

სარეცელი, თვალუწვდენელი და დამსხვრეული, ადიდებულ მდინარესავით.

– შეხედე, მოსაღამოვებულა.

და ცეცხლი საუბრობს ჩვენ გვერდით სალბის უსასრულობაში.

 

წიგნი, რათა დაბერდე

გადარეკილი ვარსკვლავები; და მწყემსი

თაღად მოხრილი დაჰხარის მიწიერ ბედნიერებას; და ესოდენი სიმშვიდე,

თუნდაც დროგამოშვებით ამ მწერის ხმა,

რომ ღარიბი ღმერთი თავს გაიტანს. სიჩუმე

შენი წიგნიდან გულისკენ ამოვიდა.

ქარი სამყაროს ხმებში გზას უხმოდ იკვლევს.

დრო შორიდან იღიმის, არსებობა შეწყვიტა.

უბრალოა ბაღნარში მწიფე ხილი.

 

შენ დაბერდები

და ფერს დაკარგავ ხეთა ფერებთან,

ზანტ ჩრდილად კედელს დაედები,

იქნები, ბოლოს და ბოლოს სულით, საფრთხეში ჩავარდნილი მიწა,

წიგნს იმ გვერდიდან გააგრძელებ, სადაც შეწყვიტე კითხვა,

იტყვი, ეს იყო უკანასკნელი ვერგაგებული სიტყვები.

 

ციკლიდან ”ზაფხულის ღამე”

V

მიცურავ, და გეჩვენება თითქოს დიდდება

მთვარის მდინარე ხეების თავზე.

იქნებ სიცოცხლე ტოკავს ტყეთა სარკეში,

სამყაროებს რომ ირეკლავს.

 

მაგრამ არა, ტოტებში მნათობები იხლართებიან,

გზებში – ოცნებები. ღამე ლოდია

მდინარეს ხერგავს და წყალში ლაპლაპებს.

ოთხ საათზე კი უკვე გარიჟრაჟია.

© არილი

Facebook Comments Box