ესე

იკა ყოლბაია – კომეტა შულცი

bruno00023

ახირებული სურვილი, XX საუკუნის ლიტერატურა ციური სხეულების ერთობად წარმოვიდგინოთ, ალბათ არც ისე გაუგებარია. ორი მთავარი ტერმინი, რომელიც ამ მეტაფორიდან ამოზრდილი ლიტერატურული ასტროლოგიისთვის გამოგვადგებოდა, თანავარსკვლავედი და კომეტა მგონია. თანავარსკვლავედი თითქოს დროის სულის, მისი ხასიათის გარშემო იკრებს თავს, და გამოხატავს რაღაც ფუნდამენტურს, ღრმას, დროულს. ყველაზე თვალსაჩინო თანავარსკვლავედები, ამ პრინციპით, იქნებოდა ფუტურიზმი, სურრეალიზმი, დადა და სხვები. კომეტა, ცხადია, მარტოა და როცა წყდება, მალე ქრება, იკარგება სივრცეში. არსადაა ადგილი, სადაც ის შეჩერდებოდა, ღერძი, რომელსაც დაეყრდნობოდა; და მის მნიშვნელობასაც თითქოს ის უფრო გამოხატავს, თუ რამდენად ამოვარდნილია ის საერთო სურათიდან, ვიდრე ის, თუ როგორ ჯდება საერთო სურათში. მსგავსი კომეტა ხანდახან მოგვაგონებს მოზაიკის ერთ ფრაგმენტს, რომელიც იმდენად უადგილოა, რომ მთლიანს აფუჭებს და ამდენად, ხშირად გვთრგუნავს, გვაბნევს, არ ვიცით, რა მოვუხერხოთ, როგორ მივუდგეთ, სად მოვათავსოთ. ხელოვანი-კომეტა ჭეშმარიტად ტრაგიკულია. კანონები და ყალიბები ხშირად ვერ ერგება მის მეტისმეტად უჩვეულო ფორმებს. ხშირად გვიწევს, შემოვსაზღვროთ სიცარიელე, რომელშიც ეს კომეტა მოთავსდება. ეს განმაიარაღებელი, თან დამცავი სიცარიელე, ხშირად, დავიწყებაა: ასეთია ყველა კომეტის ხვედრი.

იმ ლიტერატურულ ცაზე, რომელიც ზემოთ ვახსენე, არ შემიმჩნევია კომეტა უფრო მძვინვარე, უფრო რთული, უფრო მდიდარი, არც უფრო ტრაგიკული, ვიდრე ბრუნო შულცი იყო. და ცხადია, წარმოდგენა, რომ მსგავს კომეტას თავისი ადგილი არ აქვს ციურ სისტემაში, მცდარია.

თუკი შულცი ლიტერატურულ კანონში არაა, ან მხოლოდ მარგინალური ადგილი აქვს მასში განკუთვნილი, იმიტომაა განსაკუთრებით სამწუხარო, რომ ამ თანავარსკვლავედებისა და კომეტების კამათში მას ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არგუმენტი აქვს, რომელიც თითქოს აყირავებს უიტმენისას – „მე ვრცელი ვარ, სიმრავლეებს შევიცავ“ და რომელსაც ამგვარად ჩამოვაყალიბებდი: მე მცირე ვარ, სიმრავლეები შემიცავენ მე; სიმრავლეები, რომელთა მისაღებადაც მწერალი თავს ჭურჭლად, ერთგვარ რადიოდ აქცევს. შულცთან, როგორც ვიზიონერული ტრადიციის უჩვეულო წარმომადგენელთან, შეიძლება თვალი მოვკრათ მიღმიერს, ყველაზე უკიდურესს გამოცდილებათაგან, რომელსაც რომელიმე ხელოვანი დამოწმებია. ადამიანური წარმოსახვის მსგავსი ნდობა, რწმენა, რომ ის თვით ადამიანურს შეიძლება გასცდეს, შეგვაერთოს, თუნდაც წამით, პირვანდელთან („მითურთან“, როგორც თვითონ შულცი იტყოდა), ცოტა რამეს თუ მოგვაგონებს – ალბათ, ბლეიკის საუკეთესო ნაწარმოებებს, სხვადასხვა ხალხის პრიმიტიულ პოეზიებს… მაგრამ ხილვის სიმძლავრის მიღმა, შულცთან არის კიდევ სიმცირე, სურვილი, დაიმალო, გაქრე, არ ჩანდე, თავი წაიშალო წიგნის გვერდიდან, გზა მისცე სიცარიელეს, რომელიც მტანჯველ ორაზროვნებას ქმნის თითქმის ყოველ პასაჟში, რაც კი შულცმა დაწერა, და მაშასადამე – მის უნიკალურ ინტონაციასაც. უიტმენისგან განსხვავებით, შულცს სურს, ისე „სდევდეს საკუთარ ხილვას“, რომ ამან არასდროს ჩააყენოს ერთგვარი წარმართული ღმერთის პოზიციაში. ბრუნო შულცი ჩუმი, მოკრძლებული მხილველია, ხილვის ხმები მასთან მხოლოდ ჩურჩულებენ.

ბრუნო შულცის პოეტიკა, რომლის ზედაპირიც აქამდე მხოლოდ დავჩხაპნე, საუკეთესოდ ალბათ მისსავე ესეში, „რეალობის მითოლოგიზაციაშია“ გამოხატული. მასში შულცი მოდერნისტისთვის დამახასიათებელი მხნეობით ამტკიცებს, რომ რეალობის ყოველი ფრაგმენტი უნივერსალურ არსში მონაწილეობით საზრდოობს, და პოეზია იბადება, როდესაც სიტყვებს (ფრაგმენტებს?) შორის არსის მოკლე ჩართვები კავშირს ამყარებენ, რაც იწვევს პირველქმნილი მითების რეგენერაციას. პოეზია „ძველი სემანტიკით“ პოულობს კავშირებს დაკარგულ მნიშვნელობებსა და სიტყვებს შორის. ამბების, იგავების, თქმულებების მოგონება სულის ყველაზე ფუნდამენტური ფუნქციაა. საგულისხმოა, თუ რამდენად აახლოვებს ეს შეხედულებები შულცს მისი პერიოდის მოდერნისტებთან, მაგრამ უფრო საინტერესო ისაა, რას გვეუბნება ისინი თვით მის შემოქმედებაზე. ერთი მხრივ, შულცი იყენებს სიტყვა „პოეზიას“, როგორც ხელსაწყოს რეალობის გამითოლოგიურებისთვის. მეორე მხრივ, პოეზია და თქმულება, თითქოს თოკის ორი ბოლოა შულცთან, ხოლო თვითონ თოკი მისი პროზაა, რომელზეც ის დაუსრულებლად გადის ერთი ბოლოდან მეორისაკენ, თან ისე, რომ არცერთი წერტილი, არცერთი ნაწილაკი, არცერთი ელემენტი მასზე არ იყოს დაცლილი „არსის მოკლე ჩართვებისგან“. ეს ტრაექტორია, მეტად უნიკალური (თუმცა ამავდროულად სწორედ ის უჩენს შულცს მყარ ადგილს თანამედროვე ლიტერატურის ვრცელ კონტექსტში), იწვევს შულცის პროზის სირთულეს. ყველაზე უნიკალური მასთან სწორედ ისაა, რომ მიუხედავად ამ მითოლოგიური (ან, სხვაგვარად, მხილველური, ვიზიონერული) პროექტისა, მისი პროზა არასდროსაა სუფთად ექსტატური, მიშვებული ან თავდავიწყებული; პირიქით: ზედმიწევნით დამუშავებული, რუდუნებით გამოყვანილი ფორმები, მათი ყოველი ელემენტი – ზედაპირია, მაგრამ არასდროს – იოლი გზა სიღრმეებისკენ. ამ ზედაპირთაგან თითოეული ამ ძლიერი ძაბვითაა დამუხტული, ეს ნელი, მძიმე პროზა უარს ამბობს გაიხსნას, შეუშვას მკითხველი, სანამ ეს უკანასკნელი არ შეიგრძნობს მოკლე ჩართვას, რომელიც ერთი ელემენტით დაიწყება და მთელ ანსამბლს ჩართავს რეაქციაში.

ზედაპირი არ ნიშნავს ზედაპირულს, არც ნელი და მძიმე ნიშნავს მოსაწყენს. არცერთი მონაკვეთი შულცთან არაა სტაბილური, დინამიკა ათასმხრივია; მოცემულობათა სიმრავლე თუნდაც ერთ კონკრეტულ წინადადებაში ხანდახან საფრთხეს უქმნის ამ წინადადების ფუნქციონირებას, ენა ისეა გატაცებული მუდმივი, უწყვეტი გარდაქმნით, ტრანსფორმაციით, სახეცვლილებებით, რომ ხანდახან ძლივს იტევს ენერგიას, რომელსაც ატარებს. ბრუნო შულცი არასდროსაა მოსაწყენი, თავის პროზაში ის ზუსტად ისეთივე შემზარავი და კომიკური ჯადოქარია, როგორც დემიურგი, რომელიც უცნაურად ტანჯავს პერსონაჟებს, რომლის წარმოუდგენელი მექანიკის ძიებაშიც ჭკუიდან იშლება მამა – შულცის ცენტრალური ფიგურა. შულცის პროზაც ზუსტად ისეა სავსე დამთრგუნველი ეროტიზმით, როგორც მისი გრაფიკული შედევრები, სადაც კაცები სხვადახვა სახის მორჩილებაში გვევლინებიან, ხშირად შიშველი ქალების ფერხთით, ან მათ წინაშე მუხლმოყრილნი; ერთ-ერთ ემბლემატურ სურათში (სერიიდან კერპთაყვანისცემის წიგნი – საგულისხმო სათაურია, უდავოდ) ქალი გულგრილი სახით აჭერს მის ფეხებთან გართხმულ მამაკაცს ტერფს, რომელიც ამ უკანასკნელს სახეს უფარავს; სხვა სურათებში, სადაც სახე გაირჩევა, ის მეტისმეტად ჰგავს ავტორისას (შესაძლოა აღნიშვნას იმსახურებდეს, რომ შულცის, ისევე როგორც სხვა პოლონელი მოდერნისტების, ერთ-ერთ შთამაგონებელ წიგნად ზახერ-მაზოხის ქურქმოსხმული ვენერა ითვლება)… პროზაში დემონური ქალის (როგორც ზოგიერთი უწოდებს მას) ფიგურა ადელაა, მოსამსახურე გოგონა. ის, რომ მბრძანებლური ქალის ფიგურა ამავდროულად მოსამსახურე უნდა იყოს, ვფიქრობ, ტიპური ორაზროვნებაა, რაც გარდაუვალია შულცის სამყაროში.

და როგორია ეს სამყარო? მისი ცენტრალური ფოკუსი, ისევე, როგორც მისი გეოგრაფიული საზღვრები, ემთხვევა დროჰობიჩისას – ქალაქი, რომელშიც დაიბადა, ცხოვრობდა და მოკვდა ბრუნო შულცი. დროჰობიჩი, ეს პატარა ქალაქი, რომელშიც თითქოს არასდროს არაფერი საგულისხმო არ ხდება, იდეალურად ერგება შულცის მხატვრულ მისწრაფებას, იპოვოს მითოლოგიური ყველაფრის – მით უმეტეს, ყველაზე ჩვეულებრივის, მოსაწყენის მიღმა. დრო ქვიშის საათია, სივრცე – ლაბირინთი, და პირიქით. ყველაზე მცირე, ყველაზე ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ამჟღავნებს აქ ყველაზე მოულოდნელს. მაგრამ ამავდროულად ესაა სამყარო გაჯერებული, ან უფრო – ამოქმედებული მისტიკური ებრაული ნიშნებით. ერთ-ერთი მსგავსი, კვინტესენციურად ებრაული მოტივი შულცთან არის წიგნი. ეს კონცეპტი გვაგონებს კლასიკურ ებრაულს, თალმუდისას, ან სულაც კაბალურს; სამყარო ღმერთის სახელისგანაა შედგენილი, ამ ჯადოსნური ენის ფრაგმენტებს შეიცავს ყველაფერი. ამ ასპექტში შულცი ებრაელი მისტიკოსი ხელოვანის ფიგურას უახლოვდება: მაგიური ნიშნების ენას ეძებს, მისი პოვნით თითქოს უნდა აღდგეს ის, რაც გამოუსწორებლად დაშავდა, აირია; თითქოს შულცი ნატრობს, დროჰობიჩის წარმოსახვითი ლაბირინთული გეოგრაფია წიგნს დაუბრუნდეს. რუკა ერთ-ერთი მთავარი რეპლიკაა, რომელსაც ეს არქეტიპული წიგნი ჰპოვებს, რუკა, რომელზეც შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ქალაქის ერთ-ერთი ქუჩა ყალბია, გამოგონება, პაპიე-მაშე. დროც, ისევე როგორც გეოგრაფია, ფატა მორგანაა: ის იოლად გამოაბამს რომელიმე წელიწადს მეცამეტე თვეს. ეს „ყველამ იცის“, თავიდანვე გვაფრთხილებს შულცი. ყველაზე ფანტასტიკური აქ მუდამ ფეხდაფეხ სდევს ყველაზე მოსაწყენს და ჩვეულებრივს. ყველაზე მოსაწყენი მხოლოდ მანამ იყო ასეთი, სანამ წიგნში მოხვდებოდა. და აქ შულცის ესთეტიკას მისი ეთიკა ერთვის: ენა, როგორც მხსნელი,დაკარგულ მნიშვნელობას უბრუნებს რეალობას.

და მაშინ განა ეთიკური არაა ამ მწერლის ყველაზე ტრაგიკული და აბსურდული სიკვდილი? 1942 წელს, ორმოცდაათი წლის ასაკში, ბრუნო შულცს, ებრაელს, გესტაპოს ოფიცრის ტყვია კლავს. თვითონ შულცის სიკვდილი იძენს მითოლოგიურ (ავტორის გაგებით) მასშტაბს ამ არსის, აზრისა და მნიშვნელობისგან დაცლილ დროში. მეტიც. შულცი კვდება იმ დროს, როდესაც დაკარგული მნიშვნელობა, რომელსაც ეძებდა, იკარგება იმდენად სავსებით, იმდენად სავალალოდ, რომ შესაძლოა, ვერც ვეღარასდროს აღდგეს.

კომეტა (შულცის ამავე სახელწოდების მოთხრობაში, რომლითაც მთავრდება  დარიჩინის მაღაზიების ზოგიერთი გამოცემა), რომელიც სამყაროს დასასრულს მოასწავებდა, ხუმრობა აღმოჩნდა, უცნაური, შემზარავი და კომიკური დემიურგის მორიგი ხუმრობა. იმ კომეტის აღსასრული, რომელსაც ბრუნო შულცი ერქვა, სამწუხაროდ, ხუმრობა არ იყო. და ეს მხოლოდ შემოქმედებით კი არა, ისტორიულ მონუმენტადაც აქცევს დარიჩინის მაღაზიებს, წარმოსახვის ამ შედევრს, ამ გმირულ მოთხოვნას, სწორედ ენამ და წარმოსახვამ დაუბრუნონ სამუდამოდ დაკარგული აზრი სამყაროს.

© არილი

Facebook Comments Box