ახალი ამბები,  ინტერვიუ,  პოეზია

ინტერვიუ ანდრო ბუაჩიძესთან – ,,პოეტი – მთარგმნელი არამარტო ანალიტიკოსი უნდა იყოს, არამედ დახვეწილი გემოვნების მქონე ადამიანიც”

ესაუბრა გუგა მგელაძე

ჩვენი საუბარი რამდენიმე წლის წინ დაბეჭდილი ,,ღამის ნათელით’’ მინდა დავიწყო:თუ კრებულს  ქრონოლოგიური  მიმდევრობით წავიკითხავთ, 80-იანი წლების ლექსებში უკვე ჩანს ტრაგიზმის მოდულაციები და გარკვეული ძვრები (ოღონდ ეს ცვლილებები დაცლილია ყოველგვარი  პერსპექტივის ელემენტარული, თუნდაც ჩანასახოვანი, გამოვლინებისგან). ლექსების  ციკლი ,,საუბარი  წყვდიადში’’  ( 1992 – 1998) და ,,ელნათურები’’ (1998-2004)  კი პირდაპირ ოთხმოცდაათიანი წლების  არეულობის, დროში  გაწელილი ქაოსის,  უსასოობის, უარაფრობის, შიშის, უმიზნო  წანწალის, სიცარიელის ტკივილის, საკუთარ თავთან, ქალაქთან  და საგნებთან  გაუცხოების  ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი  ინტროსპექციაა. მეტიც, აქ  თითქმის  ყოველი  ტექსტია დანაღმული  კივილის და სიცარიელის ექოებით. თითქოს, ყოველ  ლექსს  სწორედ მათი  ფარული, ქვეტექსტუალური  ვიბრაციები აკავშირებს.

რა განაპირობებს ხოლმე ამ კრებულებში ასახულ ცვლილებებს: ასაკი, მსოფლაღქმა, დეფორმირებული რეალობის სიხისტე თუ ყველაფერი ერთად?

 80- იან წლებში დაწერილ ჩემს ლექსებში, რა თქმა უნდა, იგრძნობოდა  ე.წ. პერსპექტივების ნაკლებობა. რეპრესირებული ოჯახიდან ვიყავი და კარგად ვიცოდი, რომ საბჭოთა ტოტალიტარული  „სახელმწიფო“  ათიათასობით უდანაშაულო ადამიანის სისხლსა და ძვლებზე იყო  აშენებული. 37 წლის რეპრესიებს მამაჩემის მშობლები და, თქვენ წარმოიდგინეთ, უფროსი ძმაც კი შეეწირა – თექვსმეტი წლის ბიჭი,რომელმაც სკოლაში პროტესტი გამოთქვა მამის დაპატიმრების გამო.  ის გადაასახლეს ჯერ შუა აზიაში,  შემდეგ – ციმბირში და იქიდან აღარ დაბრუნებულა. ბაბუაჩემი თბილისის რომელიღაც გარეუბანში დახვრიტეს. ამ დროს ის 38 წლის იყო, ცნობილი  მეცნიერი გახლდათ.  ბაბუაჩემი მაჩაბლის ქუჩაზე ცხოვრობდა.  ცხადია,  ეს ბინა ჩამოართვეს, სტალინის სიკვდილის  შემდეგ კი, რეაბილიტაციის პერიოდში  მამაჩემს  სანაცვლოდ დიღმის მასივში  ოროთახიანი  ე.წ. „ხრუშჩოვკა“ მისცეს, სადაც მე გავიზარდე.

80 -იან წლებში დაწერილ ლექსებში პერსპექტივის გრძნობა არ ჩანდა და ამიტომაც ამ ნაწერებს არსად არ მიბეჭდავდნენ.ეს ლექსები, გარკვეული აზრით, წინასწარმეტყველური გამოდგა, ვინაიდან  80 – იანი წლების ბოლოს დაიწყო  ე. წ. „პერესტროიკა“,  მერე საბჭოთა იმპერია ხუხულასავით დაიშალა და რუსეთი უზარმაზარ, თავახდილ პანდორას ყუთად იქცა. ამ ყუთიდან ისეთი მომწამლავი,მხრჩოლავი შხამი ამოვარდა, რომ დღემდე მძვინვარებს.

არსებობდა ავტორიტარული მმართველობის ლიტერატურულ-კრიტიკული ანალოგიებიც, რომელიც ჩემთვის კარგად იყო ცნობილი, წაკითხული მქონდა ფრანც კაფკას „კოშკი“, ანტიუტოპიები: ჯორჯ ორუელის „1984“  და  ანდრეი პლატონოვის  „ჩევენგური“; ცხადია, კინემატოგრაფიც თავის სიტყვას ამბობდა, – ანდრეი  ტარკოვსკის,  ოთარ იოსელიანის, ალექსეი გერმანის –  ფილმები.

სწორედ ამ დროს ჩემთვის სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა – 1990  წელს  ჩემი ლექსები დაიბეჭდა ჟურნალ „მნათობში“.  მთავარი რედაქტორი მაშინ არჩილ სულაკაური იყო. ვფიქრობ, რომ ამ ვრცელმა პუბლიკაციამ მკითხველზე მძაფრი შთაბეჭდილება მოახდინა. სრულიად სხვადასხვა თაობის ადამიანები მირეკავდნენ და მეხმაურებოდნენ. მახსოვს, როგორ დამიკავშირდა ძალზე ნიჭიერი მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე კარლო კაჭარავა და დიდხანს მესაუბრა. ის გერმანული ექსპრესიონიზმით იყო გატაცებული და რაღაც მისთვის ახლობელი იპოვნა ჩემს ლექსებში.

90 – იანი წლები ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანი გამოდგა. ჩემი ინსპირაცია გააძლიერა ქვეყნის სრულმა კოლაფსურმა მდგომარეობამ, ყოვლისმომცველი, ექსისტენციური კრიზისის აღქმამ. ეს იყო დრო არაკომუნიკაბელობის, ყოფიერების შიშის, მიუსაფრობის, მოულოდნელი სიკვდილების … სარტრი ამბობდა, რომ ადამიანი დასჯილია და დაწყევლილი თავისუფლებით,  ის გადაგდებულია მისთვის უცხო სამყაროში. ეს ნათქვამი უშუალოდ მაშინდელ სინამდვილეს ჰგავდა. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მე – 20  საუკუნის სხვადასხვა პერიოდებში არსებულმა ევროპულმა კრიზისმა საქართველოში გადმოინაცვალა. ჩემი ლირიკული რეფლექსიებიც ამ მსოფლმხედველობრივ რკალში თავსდება. რაც შეეხება ფორმას, რამდენადმე ინტუიციას ვენდობოდი, ინტუიცია კი მკარნახობდა, არ დამეკარგა ნათელი აზროვნება, ლირიზმი და ემოციურობა. ვწერდი როგორც თავისუფალ, ისე კონვენციურ ლექსებს.

და მაინც, შინაარსი ქმნიდა სპონტანურად ჩემი ლექსების წყობას, არ მინდოდა ხელოვნურად გამერთულებინა სათქმელი, ყურადღებას ვაქცევდი რითმას, კომპოზიციას, მთლიანობას, სალექსო ტექნიკას და სტრუქტურას. კაფკა ამბობდა, ნამდვილი რეალობა არარეალისტურიაო, და მართალაც,  90 – იანი წლების თვითონ რეალობა იყო გროტესკული და დეფორმირებული, იყო შფოთის მსგავსი დიდი ემოციაც, რომელიც გამომსახველად უნდა აღბეჭდილიყო ლექსში. „სიბნელე“, „სინათლე“, „მარტოობა“, „სიკვდილი“, „სიცოცხლე“  თვითონ რეალობაში იქცა სიმბოლოებად და მეტაფორებად. ამიტომაც დავარქვი წიგნებს „საუბარი წყვდიადში“  და „ღამის ნათელი“.   გაბრიელ მარსელს უთქვამს, მე – 20 საუკუნის ადამიანი სულ უფრო მეტად უცხო ხდება საკუთარი თავისადმიო. ჩემს შინაგან სამყაროში დეფორმირებული ქვეყნიერება ირეკლებოდა და მინდოდა ეს ანარეკლი ბუნებრივად გადასულიყო პოეზიაში. ვფიქრობ, იმ პერიოდის ლექსები ყველაზე ახლოს გერმანულ ექსპრესიონიზმთან არის, ვინაიდან ხაზგასმულად ურბანისტულია და ემოციური.

ჩემს კრებულებში ასახულ ცვლილებებს ყველაფერი ერთად განაპირობებს, მსოფლაღქმაც, გარემომცველი ვითარებაც და  ასაკიც.

 დოსტოევსკიზე საუბრისას ბროდსკი ამბობდა, რომ ,,კარგ მწერალთან ყოველთვის გვხვდება ზეცისა და ქვესკნელის დიალოგი’’. მხოლოდ პოეტებზე რომ ვკონცენტრირდეთ, პირველ ყოვლისა, მახსენდება: გალაკტიონი, ბოდლერი, ვლადისლავ ხოდასევიჩი, ანა ახმატოვა, რილკე, თამაზ ბაძაღუა, ნიკო სამადაშვილი, სილვია პლათი, რობერტ ფროსტი…

წერილს, რომელიც თქვენი პოეზიის ანალიზს ეხება, ურბანისტის აპოკალიფსური ხილვები ვუწოდე. ქალაქი თქვენთან მხოლოდ ანტურაჟის ან პერსონაჟის  ,,ფიქსირებული’’  სამოქმედო  არეალის ფუნქციით არ შემოიფარგლება, რადგან    თბილისია თქვენი პოეზიის უხილავი პროტაგონისტიცა და ანტაგონისტიც.  სხვაგვარად, წარმოსახვის  უმთავრესი  ,,გამღიზიანებელი’’. ხშირია ლექსებში   გროტესკული ხილვისმაგვარი მომენტები ან ვთქვათ, ნაფლეთები  ჟელესმაგვარ  წყვდიადში მოტივტივე თბილისის  ქვეცნობიერიდან.

როგორია თანამედროვე თბილისი? უფრო მეტი კონკრეტიკისთვის, თქვენი ბავშვობის თბილისზე ვისაუბროთ და ასე უფრო დავინახავთ ცვლილებების ერთგვარ კალეიდოსკოპს.

თქვენს შეკითხვებში ჩემი პოეზიის ზოგადი განწყობა ზუსტად არის  აღბეჭდილი. თბილისი მართლაც ის სივრცეა, რომელშიც ჩემი ცხოვრების დრამა გათამაშდა. ის ჩემი პროტაგონისტიც არის და ანტაგონისტიც. სამოქმედო არეალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ვთქვათ, დოსტოევსკის რომანში  „დანაშაული და სასჯელი“  პირველივე თავებიდან ჩანს პეტერბურგის გარემო, ქუჩები, ჩიხები, სახლების ფასადები და ინტერიერები. ეს ქმნის მის ხასიათს და აქ იკვანძება მისი ბედისწერა.  ასე იყო ჩემთვისაც. სოლოლაკი, ამაღლების ქუჩა ის ადგილი იყო, სადაც საგნები ჩემთვის ნაცნობ ენაზე ამეტყველდნენ. მახსოვს, საღამოობით როგორ აფენდნენ ჩვენი ფანჯრების წინ ჩრდილებს აკაციები, როგორ შემოდიოდა მაღალჭერიან, ფართო ოთახებში საღამოს მწუხრი. შებინდება თითქოს უცნაური რიტუალი იყო.  მოგვიანებით წავიკითხე ჟორჟ როდენბახის ლექსი  „საღამო“,  სადაც აღწერილია ინტერიერში თანდათანობით შემოჭრილი თალხი ჩრდილები როგორ ახვევენ გამჭვირვალე საბურველში ჭერს, კედლებს და ნივთებს. ასეთი იყო  ბავშვობა.

სხვა იყო დიღმის მასივი. ეს იყო გარეუბანი, რომლის მიმართაც თავიდანვე გაუცხოების გრძნობა მქონდა. მასივი ჰგავდა ანტონიონისა და პაზოლინის ადრეულ ფილმებში აღბეჭდილ პეიზაჟებს, სადაც ინდუსტრიის ნარჩენებია და უკაცრიელი ადგილები. იქ თითქოს ადამიანებიც გადაგდებულნი არიან ამ სივრცეში. ჩემს პირველ წიგნს, რომელიც თვითგამოცემის  წესით გამოვეცი, ასევე ერქვა – „გარეუბანი“.  დღევანდელი თბილისისადმიც გაუცხოება მეუფლება, ვინაიდან ეს უკვე მეგაპოლისია, სადაც ათასი ჯურის ადამიანი ცხოვრობს.

მაქს ფრიში ამბობდა: ,,ვწერ, რათა ცხოვრება გავხადო ასატანი’’. თქვენთვის რა არის წერის პროცესი?

ჩემთვისაც ზუსტად ასეა: ვწერ იმისთვის, რომ ცხოვრება უფრო ასატანი გავხადო, ასატანი კი მაშინ ხდება ცხოვრება, როცა იმას მიაკვლევ, რაც მის ზედაპირზე არ დევს. ასატანიც ხდება და აუტანელიც.

დავით წერედიანის ჩანაწერების კითხვისას ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესი დაკვირვებაც შემხვდა: ,,გალაკტიონი მწვერვალია, მან უზარმაზარი გავლენა მოახდინა და დღემდე ახდენს, მაგრამ თუ მეოცე საუკუნის ქართულ პოეზიას ერთიან პერსპექტივაში განვიხილავთ, ადვილად დავრწმუნდებით, რომ მას არსებითად გალაკტიონის გზით არ უვლია. გალაკტიონი ფორმის გენია იყო, მაგრამ პოეზია მხოლოდ ფორმა არ არის, ხოლო ფორმის იქით გალაკტიონის გავლენა ნაკლებ საჩინოა და არასოდეს-გადამწყვეტი.’’

ამ პროცესზეც რომ ვისაუბროთ. როგორია გალაკტიონის პოეტიკის ,,დიქტატურის’’ შემდგომი ეტაპის თქვენეული რეტროსპექცია?

მოდერნისტული პოეზია ახალ ენას ეძიებდა. ახალი ენის, ახალი სტილის ძიება ყოველთვის ფორმის სფეროშია ნაგულისხმევი. რატომ ეძებს ახალ ენას პოეტი? იმიტომ, რომ თანამედროვე გართულებული ადამიანის შინაგანი სამყარო გადმოსცეს.რომ არ ყოფილიყო ძიების აუცილებლობა, არც ამგვარი ძიება იარსებებდა. ასეთი აუცილებლობა ყოველთვის შინაარსის სფეროშია საძიებელი. პოეტი, რომელიც ბოლომდე სწყვეტს ფორმას შინაარსს, ფორმალისტია, ფორმალისტი კი ჟონგლიორია, ის თვითმიზნურად თამაშობს ენით.  გალაკტიონი, ჩემი აზრით, მხოლოდ ფორმის გენია კი არა, არამედ, ზოგადად, პოეზიის  გენია იყო.  მე, პირადად,  გალაკტიონი ტიპიურ სიმბოლისტად მიმაჩნია, სიმბოლიზმს კი თავისი გამოკვეთილი მსოფლმხედველობა აქვს. ასე რომ არ ყოფილიყო, ევროპაში ეს კულტურა არ დაიბადებოდა.  აქაც გარკვეულმა აუცილებლობამ ითამაშა გადამწყვეტი როლი. რომანტიზმის ეპიგონური ინერციის შემდეგ ევროპაში რეალიზმი და ნატურალიზმი დამკვიდრდა, ამის შემდეგ კი ადამიანს მეტაფიზიკური სამყაროსკენ სწრაფვის წყურვილი განუახლდა და ნეორომანტიზმი ანუ სიმბოლიზმი გაჩნდა. გალაკტიონი სიმბოლისტია, მას აქვს შინაარსიც და აქვს ფორმაც, მხოლოდ ეს ფორმა, შინაარსის შესაბამისად, რთული, ნაძიები ფორმაა. თუკი რომანტიზმის ხანაში შინაარსი სპონტანურად ბადებდა ფორმას, სიმბოლიზმის და, ზოგადად, მოდერნიზმის პერიოდში საჭირო გახდა ახალი ენის ძიება. ეს პოეზიის ენა იყო. პოლ ვალერი ამბობს, რომ ის, რაც იმდროინდელმა პოეტებმა აღმოაჩინეს, იყო „ენა ენაში“; აი, რას წერს კიდევ ვალერი: „ რომანტიზმის ადგილზე ამ სხვადასხვა სკოლების აღმოცენება შეიძლება განხილულ იქნას, როგორც სპონტანური ქმედითობის შეგნებული, გაცნობიერებული ქმედითობით შეცვლა“. ფრანგი პოეტი საუბრობს ინტელექტის როლზე.

ამ ძიების პროცესს აღბეჭდავდა ბოდლერიც და მალარმეც. მათ პარნასელებისგან  მიიღეს გარკვეული ფორმათმაძიებლობის გამოცდილება, თვითონ კი სიმბოლიზმის წინამორბედებად იქცნენ. მათ მიაკვლიეს ახალი პოეზიის გზებს, მათზე საუბრობს, როგორც ნოვატორებზე, ორტეგა თავის „ხელოვნების დეჰუმანიზაციაში“. რაც შეეხება იმას, რომ ქართული პოეზია გალაკტიონის გზით არ წასულა, ეს ასეც უნდა მომხდარიყო, ვინაიდან ყოველი გენიოსი უნიკალურია და მიუბაძველი.

მიუხედავად იმისა, რომ დავით წერედიანის აზრს დიდ პატივს ვცემ, მე განსხვავებული აზრი მაქვს. აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის უნდა არსებობდეს.

2016 წელს დაბეჭდილი ,,ინტერიერის’’ კითხვისას ერთი ასეთი ფრაზა ამოვიწერე: ,, პოეზია ენის თვისებაა, ენის ემანაცია, ენის მაგია. პოეზია ადამიანის უღრმესი განცდის ვერბალიზაციაა და ამიტომაც ახდენს ძლიერ ზემოქმედებას ადამიანის გულსა და გონებაზე.’’  დღეს როგორია პოეზიის ზემოქმედების არეალი საქართველოში?    

პოეზიის გაგების და ზემოქმედების არეალი საქართველოში შევიწროვდა. ერთი ნაწილი მკითხველებისა დეკლარაციულ, უსახურ და უღიმღამო სიტყვების გროვას მიელტვის,  მეორე – პატრიოტული ან სატრფიალო ეპიგონიზმის მიმდევარია.   ნამდვილი ავტორი და მკითხველი იშვიათია. ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა: „პოეტს ორი რამ უნდა ჰქონდეს: ღრმა ინტელექტი და სმენითი აღქმის განსაკუთრებული უნარი“. შესაბამისად, პოეზიის გამგებიც ამ ღირსებებით უნდა იყოს დაჯილდოვებული. რა თქმა უნდა, ჩვენში ასეთებიც არიან.

,,ინტერიერი’’ თქვენი კრიტიკული-ანალიტიკური ესეების, რეცენზიებისა და დიალოგების კრებულია. ეს წიგნი უმნიშვნელოვანესია იმდენად, რამდენადაც სულ ორი-სამი ქართველი მწერალი ცდილობდა და ცდილობს ხოლმე მიმდინარე ლიტერატურული პროცესის შეფასებას. მიზეზთა და მიზეზთა გამო, ბევრი გაურბის თანამედროვეებზე საუბარს. თქვენი ხედვის რაკურსი კი დიდწილად სწორედ 20 -21 საუკუნის ქართული (და მსოფლიო) ლიტერატურისკენაა მიმართული. მეტი სიცხადისთვის, მოდით, ჩამოვთვალოთ ისინი, ვის შესახებაც წერთ ხოლმე: იოსიფ ბროდსკი, ოთარ ჭილაძე, ვახუშტი კოტეტიშვილი, ირაკლი სამსონაძე, შადიმან შამანაძე, ზაზა თვარაძე, გიგი სულაკაური, გივი გეგეჭკორი, ამირან სვიმონიშვილი, ჯემალ თოფურიძე, გივი გეგეჭკორი, გაბრიელ გარსია მარკესი, რაინერ მარია რილკე, ვლდისლავ ხოდასევიჩი, თამაზ ჩხენკელი, ნიკო სამადაშვილი, ბესიკ ხარანაული და ა.შ.როდის გიჩნდებათ ხოლმე ესეისტურ ჟანრში მუშაობის სურვილი?  უფრო რომ დავკონკრეტდე: ეს პროცესიც ლექსის წერის თანმდევია, თუ  პირიქით, დისტანციის მცდელობა?

ჩემთვის ესეისტიკაში მუშაობა დისტანციის მცდელობაა. ანალიტიკური შთაგონება მაშინ მეწვევა ხოლმე, როცა მინდა „მოვიშორო პოეზია“. ისევ პოლ ვალერის ციტირებას მოვახდენ: „ყველა ჭეშმარიტი პოეტი უცილობლად პირველხარისხოვანი კრიტიკოსიც არის“. ხშირად ვახსენებ ვალერის, რომელიც თვითონვეა პოეტი და პოეზიის შესანიშნავი ანალიტიკოსი. ისიც უნდა ვთქვა, რომ მისი პოზიტივისტური მიდრეკილებები და ხისტი რაციონალიზმი გარკვეულ კონტექსტებში მეუცხოება, ის პოეტში განსაკუთრებულ  მნიშვნელობას ინტელექტს ანიჭებს, ამიტომ უთხრა შენიშვნის სახით მას ესპანელმა პოეტმა ანტონიო მაჩადომ ასეთი რამ: „ ინტელექტი არ მღერის“. ძალიან კარგი სიტყვებია.

ვლადისლავ ხოდასევიჩის ,,ჩემს ქვეყანაში’’ არის ასეთი მომენტი:

,, ამ ავხორცული თამაშების ცეცხლი სდებიათ

ქალებს ბოლომდე გადახსნილებს ასე ყველასთვის,

ყოველ წელიწადს მძიმე-მძიმედ ფეხმძიმდებიან

და შობენ შვილებს დღენაკლულებს თავის კერაზე.

 

გონჯი ბავშვები ამ ჩემ ქვეყნად ასე წამებით

იბადებიან და დაღუპვა მოელის ყოველს,

მე თქვენთან მომაქვს სიმღერები მათი მამების

და მინდა გითხრათ, რომ იმ მკვდარი ქვეყნიდან მოველ’’.

იმდენად შემზარავი და ტრაგიკულად აქტუალურია 1907 წლით დათარიღებული ლექსი, რომ მკითხველს 21 საუკუნის პოეტის ეგონება. მართლაც, ვლადისლავ ხოდასევიჩი ( თავისი ტრაგიკული მსოფლაღქმით) სწორედ თანამედროვე პოეტია. როდის აღმოაჩინეთ ეს ავტორი და რაში მდგომარეობს ხოდასევიჩის ტრაგიზმის არსი?

ვლადისლავ ხოდასევიჩის ლექსი „ჩემს ქვეყანაში“  რუსეთზეა დაწერილი. ჩემი აზრით, თავის ქვეყანაზე ასეთი ტრაგიკული და მაღალმხატვრული ლექსი თვით ბლოკსაც არ დაუწერია. ხოდასევიჩი ნერვებგაშიშვლებული კაცია, ის ყოველთვის მწარე და საშინელ სიმართლეს ამბობს ლექსებში. მასთან თვალშისაცემია თვითგაუცხოება და მე -20  საუკუნის ფსევდოღირებულებებისადმი გაუცხოება.  ის ოსვალდ  შპენგლერივით აკვირდება ევროპის აღსასრულს და ალბერ კამიუზე ნაკლები აბსურდისტიც არ არის. ასეთი სკეპტიკოსი კაცი ბევრ ლექსს ვერ დაწერდა, არც აქვს ბევრი ნაწერი, მაგრამ რაც აქვს, ყველაფერი ბრწყინვალეა – პორტრეტებიც და დერჟავინზე დაწერილი გამოკვლევაც.

დალი ფანჯიკიძის დაკვირვებით: ,,დედანსა და მთარგმნელს შორის უნდა დამყარდეს დედანსა და მწერალს შორის წერის პროცესში წარმოქმნილი მსგავსი ფსიქოლოგიური კავშირი და შეიქმნას სათანადო კომუნიკაციური სიტუაცია. (…) ინდივიდუალური სტილი მწერლის საკუთრებაა, მთარგმნელს კი მხოლოდ იმის უფლება აქვს, გამოამჟღავნოს ამ სტილის ობიექტურად შესაძლებელი სიზუსტით რეპროდუქციის ინდივიდუალური უნარი.’’ როგორია თქვენი პერსონალური დაკვირვებები თარგმანთან დაკავშირებით?

მე ვფიქრობ, პოეტი – მთარგმნელი არამარტო ანალიტიკოსი უნდა იყოს, არამედ დახვეწილი გემოვნების მქონე ადამიანიც. მარინა ცვეტაევა ამბობდა თურმე, ჯერ მთავარ სტრიქონს ვთარგმნი და მერე ლექსის დანარჩენ ნაწილსო, მაგრამ რომელია მთავარი სტრიქონი? აი, ეს უნდა ესმოდეს მთარგმნელს. დედანს რამდენადმე თუ არ დაშორდი, ისე ვერ მიუახლოვდები. ეს პარადოქსია, მაგრამ ასეა, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იცოდე, რას დაშორდე და რას მიუახლოვდე. ყოველივე ამის შემძლედ რუსთაგან ბორის პასტერნაკი მიმაჩნია, ქართველთაგან კი ვახუშტი კოტეტიშვილი. ვახუშტისეული რილკეს „დუინური ელეგიები“  შედევრია.

 ,,მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს,

თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ

და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,

მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.’’ – ოთარ ჭილაძის ეს ფრაზა გამახსენდა ,,ინტერიერის’’ გადაკითხვისას. იქ ამბობთ, რომ  ,,მინდოდა ყოველ ჩემს ლექსში ,,საშინელი სიმართლე’’ მეთქვა საკუთარ თავზეც და ცხოვრებაზეც’’.  თანამედროვე პოეზიის კითხვისას ცხადი ხდება, რომ სწორედ ამ ,,საშინელი სიმართლის’’ ანუ გულწრფელობის მოთხოვნილება ქრება. ლექსი დაემსგვსა მოუწესრიგებელ, ადღაბნილ სუბსტანციას, რომელშიც, ოდნავ თუ ვიხუმრებთ, ისევე რთულია ლირიკული იმპულსების პოვნა, როგორც ცოცხალი თევზისა კონსერვის ქილაში.

ცხადია, არიან შესანიშნავი პოეტებიც, თუმცა ეს ზოგად კრიზისულ მოცემულობს ვერ ცვლის.

 რა ეტაპზეა თანამედროვე  ქართული პოეზია? რა ტენდენციებს  ამჩნევთ თანამედროვე ავტორების კითხვისას? 

პოეზიის პროზაიზაციის პროცესი დღეს ინტენსიურად მიმდინარეობს. ეს საინტერესო პროცესია, მაგრამ, ამავე დროს, რთული. ისე უნდა გაიარო ბეწვის ხიდზე, რომ პოეზია არ დაკარგო. ამგვარი მცდელობები მეტწილად წარუმატებელია, თუმცა არის აქა-იქ წარმატებული  ცდებიც. საერთოდ, პოსტმოდერნული კულტურა ძნელად ეთავსება ლირიკას,მისი თავშესაფარი უფრო ეპიკაა. სუბიექტის უარყოფა ლირიკას ვერ დაბადებს, ვერც მხოლოდ ციტატებით გახვალ ფონს. ბროდსკის  აქვს პოსტმოდერნისტული გამონათებები. მისი ენობრივი სამყარო უცნაურ სიმბიოზს ქმნის. პოეტის ლექსიკა ჟარგონულიცაა, და მწიგნობრულიც. ამგვარი სიტყვიერი ასოციაციები წარმოაჩენს სამყაროს მისეულ რთულ აღქმას. ბროდსკი მეგაპოლისების პოეტია და მისი პოეზია ჩვეულებრივი ურბანიზმის ფარგლებს სცილდება. ჩემი აზრით, ეს სირთულეა მთავარი და არა რომელიმე კულტურისადმი მწიგნობრული დამოკიდებულება.

თანამედროვე ქართულ პოეზიაში არის საინტერესო ძვრები, მაგრამ ეს ალბათ ცალკე საუბრის თემაა და სხვაგვარ დაკვირვებას საჭიროებს.

© არილი

Facebook Comments Box