თარგმანი,  ინტერვიუ

ინტერვიუ ანი ერნოსთან – „შესაძლოა, ეს ზუსტად ისაა, რისთვისაც აქ ვარ“

“The Swiss Life”

ვენეციაში თქვენი რომანის, „მოვლენას“ ეკრანიზაცია ოქროს ლომით დაჯილდოვდა. ამ რომანში უკანონო აბორტებზე საუბრობთ 1960-იანი წლების საფრანგეთში. რას ნიშნავს ეს ჯილდო თქვენთვის?

მე ნამდვილად მომწონს ეს ფილმი. რეჟისორმა და მთავარი როლის შემსრულებელმა მშვენივრად შეძლეს მარტოობის განცდის გადმოცემა. ეს დამოკლეს ხმალი ჩვენ თავზე კიდია. როცა ვხედავ, რა ხდება ტეხასში, ვგრძნობ, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ თემაზე მითითება. ვშიშობ, მხოლოდ დროის საკითხია აბორტის ისევ ჩვენი ქვეყნის გამოწვევად ქცევა.

ამ წიგნში თქვენ სასტიკი გახსნილობით აღწერთ უმწეობის განცდას, როდესაც არ შეგიძლია, გადაწყვიტო, საკუთარი სხეულის ბედი და შენივე მომავალი .

მინდოდა, აღმწერა, რას გულისხმობს, იყო ქალი, რომელსაც თვითგამორკვევის უფლება არ აქვს. ვერ წარმოიდგენთ, რას ნიშნავდა, როცა აბორტი არალეგალური იყო. არავინ გეხმარებოდა – არც ექიმები, არც მეგობრები, არც ოჯახი. ისინი თვალს გარიდებდნენ. ეს იყო უზარმაზარი მარტოობის შეგრძნება. თითქოს ჩემ წინ აგურის კედელი ამოიზარდა, თითქოს კანონი მეუბნებოდა: „აქ შეჩერდი, ვეღარ გააგრძელებ“. ყველაფრის შემდეგ, მე არ მქონდა შვეიცარიაში წასასვლელად საკმარისი ფული, როგორც უფრო მდიდარი გოგონები იქცეოდნენ მაშინ.

თქვენ ნორმანდიაში, მუშათა კლასის ოჯახში გაიზარდეთ. აღწერდით ეპიზოდს, თუ როგორ გაბრუნებდათ თქვენი სხეული უკან, თქვენს სოციალურ გარემოში. რას გულისხმობდით?

როდესაც ცდილობ, გაექცე შენს სოციალურ კლასს, როგორც მე ვცდილობდი განათლების მიღებისას, ხანდახან საკუთარ თავს ეკითხები: სად დავუშვებ შეცდომას? რა შემაჩერებს საბოლოოდ? როცა აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი, მოულოდნელად მივხვდი: ის, რაც შემაჩერებდა, ჩემი სხეული იქნებოდა. ამ დროს დაუქორწინებელი ორსული ქალი სიღარიბის განსახიერება იყო. გარანტია, რომ არასოდეს იქნებოდი თავისუფალი და ყველაფერი დასრულდა.

მაგრამ თქვენ არ მიიღეთ სოციალური შეზღუდვები. გსურდათ, რომ თავად გადაგეწყვიტათ, როგორ იცხოვრებდით, თუნდაც მომკვდარიყავით. როცა აბორტი გაგიკეთეს, რეანიმაციაში აღმოჩნდით.

ოჰ, ღმერთო, საშინელება იყო. დარწმუნებული ვარ, დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ასეთ დროს არ ფიქრობ, რომ შეიძლება მოკვდე. იცი, მაგრამ ივიწყებ. მე ასე მოვიქეცი და მთავრობის აკრძალვამ ვერ შემაჩერა. მაშინ ამით ვამაყობდი.

საიდან მოდის თვითგამორკვევის ასეთი მძაფრი სურვილი?

დედაჩემისგან. მის გარეშე დღეს იქ არ ვიქნებოდი, სადაც ვარ. სოციალურად დაწინაურება გაძევების ფორმაა. შენ ტოვებ მთელ სამყაროს შენ გარშემო, საკუთარ თავს ემშვიდობები. რთულია. ეს რომ გააკეთო, გჭირდება ვიღაც, ვინც გაგამხნევებს და გეტყვის: მიდი, გაბედე! ვიღაც, ვინც არ შეგაჩერებს, თუნდაც იცოდეს, რომ შეიძლება მასთან განშორება მოგიწიოს.

როგორ გიჭერდათ მხარს დედათქვენი? 

ჩვენს სოფელში ბევრი მეგობარი მყავდა, რომელთა დედებიც ხშირად ამბობდნენ: „ეს ჩვენთვის არ არის” და სწრაფად გაერიდებოდნენ იქაურობას. დედაჩემი ასე არასოდეს იქცეოდა. ყოველთვის ამბობდა: “შენ ამას იმსახურებ“. მაგალითად, მახსოვს, სოფელში ბალი მოეწყო და ძალიან ბევრი ვიცეკვე ბიჭთან, რომლის მშობლებსაც ლამაზი კაფე ჰქონდათ ქალაქში. როცა უკან ვბრუნდებოდით, ერთ-ერთმა ქალმა თქვა: ეს ბიჭი ჩვენთვის მეტისმეტად მაღალ კლასს მიეკუთვნებაო. დედაჩემი ძალიან გაბრაზდა და უპასუხა: „უკაცრავად, მაგრამ ჩემი ქალიშვილი საშუალო სკოლას ამთავრებს. ყველა იმ დიპლომით, რომლებსაც ის მიიღებს, უდავოდ იმსახურებს ამ ბიჭს!“

განათლება თქვენი ბილეთი გახდა სოციალურად დასაწინაურებლად. საბოლოოდ რამ გიბიძგათ წერისაკენ?

ორმა წიგნმა. პირველი გახლდათ სიმონ დე ბოვუარის „მეორე სქესი“. ეს იყო ზეშთაგონება. მოულოდნელად მივხვდი: ფემინიზმი აუცილებელია. მეორე კი პიერ ბურდიეს „განსხვავება“ იყო. ეს არის კულტურული განსხვავების შესახებ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც კონკრეტულ კლასში დაიბადნენ და დაწინაურდნენ. კითხვისას გავაცნობიერე, რამხელა განსხვავება არსებობდა ჩემსა და ჩემს თავდაპირველ სოციალურ გარემოს შორის, მაგრამ ისიც გავაანალიზე, რომ სინამდვილეში ვერასოდეს მივაკუთვნებდი თავს ახალს. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ამაზე უნდა დამეწერა.

თქვენს ავტობიოგრაფიულ წიგნებში, რომლებსაც „ლიტერატურულ სოციოლოგიად“ მოიხსენიებენ, აღწერთ იმასაც, ახალგაზრდობისას როგორ გრძნობდით თავს შერცხვენილად თქვენი წარმოშობის გამო. ეს რისი შედეგია?

იმის, თუ როგორ გხედავენ. ეს ხედვა კი გავლენიანია. ყოველთვის გაკვირდებიან და ყოველთვის განგსჯიან. სხვის თვალში მუდამ მიიჩნევი თანასწორად, აღმატებულად ან პირიქით. ჩვენი ყველა სოციალური ურთიერთობა მაღალ ან დაბალ საფეხურზე გვაყენებს.

დღესაც ასეა? თუ ახლა უფრო გამტარია საზოგადოება, ვიდრე მაშინ, როცა ახალგაზრდა იყავით?

საფრანგეთში სოციალური განსხვავებები მაშინაც არსებობდა და ახლაც არსებობს. ბევრს მუშათა და საშუალო კლასიდან არაფრის იმედი აქვს, გარდა იმისა, რომ ისე განაგრძოს ცხოვრება, როგორც მათი მშობლები ცხოვრობდნენ. თვითგამორკვევა და სოციალური დაწინაურება ისევ ძალიან რთულ რამედ რჩება – მაგრამ კვლავ შესაძლებელია.

თქვენ ინტელექტუალური ელიტის სათავეში მოექეცით. დღეს თაობის ყველაზე მნიშვნელოვან მწერლად მიგიჩნევენ, მაგრამ ათეულობით წელია, პარიზის გარეუბანში ცხოვრობთ. ისე ჩანს, რომ საკუთარ თავს მიჯნავთ და სრულად ინტეგრირება არ გსურთ.

თავს დიდად კომფორტულად არ ვგრძნობ კონკრეტულ წრეებში. ჩემთვის შეუსაბამო ადგილას, ასე ვთქვათ. როცა პარიზში ვსეირნობ – „Saint Germain des Prés“-ის გასწვრივ, მდიდრულ მაღაზიებთან – ის უბრალოდ არ არის ჩემი სამყარო. მე ბუნება მომწონს, სიჩუმე. ეს დახვეწილი სამყარო ვერ მხიბლავს, უბრალოდ არ მაღელვებს.

წარმატებამ მეტად თავისუფლად გაქციათ თუ პირიქით?

არცერთი. წარმატება ასეთი მნიშვნელოვანი არაა. ძალიან მცირე გავლენა აქვს იმაზე, რას ვაკეთებ და როგორ ვხედავ საკუთარ თავს. მე წერისთვის ვცხოვრობ. დროის უმეტეს ნაწილს სახლში ვატარებ და წერას ვუთმობ. ზოგჯერ ვშიშობ, რომ შეიძლება, რაღაც გამომეპაროს, იმიტომ, რომ წერას ვანიჭებ უპირატესობას. მაგრამ როცა ვკითხულობ უამრავ წერილს, რომლებშიც ადამიანები მეუბნებიან, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი წიგნები მათთვის და როგორ შევცვალე მათი ცხოვრება, ჩემთვის ვფიქრობ: ეს ამად ღირს. შესაძლოა, ეს ზუსტად ისაა, რისთვისაც აქ ვარ. 

© არილი

Facebook Comments Box