თარგმანი,  ინტერვიუ

ინტერვიუ ედგარ კერეთთან – ვწერ იმიტომ, რომ მქონდეს რაღაც, რასაც წავიკითხავ

2009 წლის ინტერვიუ ედგარ კერეთთან, ინტერვიუერი: მიქაელ ევეიქი.

ინტერვიუერი: რა განსხვავებაა წარმატებულ და ჩაშლილ ამბავს შორის?

ედგარ კერეთი: რამდენიმე პარამეტრია, რომელთა მიხედვითაც ამბავს ვაფასებ,  მაგრამ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის გულწრფელობა. ხანდახან შენ წერ ამბებს, რომლებიც გინდა, რომ მოირგო. გინდა, გამოჩნდე უფრო ჭკვიანი ან უფრო მხიარული, ვიდრე ხარ; ან მხიარული ხარ მხოლოდ მხიარულების სურვილის გამო. თუ კითხულობ და ამბობ: „მე ეს არა ვარ, ამას არ ვგრძნობ“ – ეს არის ჩაშლილი მოთხრობა.

ამის შემდეგ უნდა ჰკითხო საკუთარ თავს: „კარგი, არის ამ ამბავში გულწრფელობა, მაგრამ საინტერესოა? ამბობს რამე ისეთს, რაც არ ვიცოდი? აჩვენებს რამეს იმისგან განსხვავებულად, ვიდრე ვფიქრობდი? ეს არ არის მოთხრობის დაწერის ერთადერთი გზა – მაგრამ მომწონს ისეთი მოთხრობების წერა, რომლებზეც ვფიქრობ, რომ ბალანსს დააკარგვინებს მკითხველს და წაკითხვის შემდეგ ნაკლებად დარწმუნებული იქნება რაღაცებში. მგონია, რომ არის რაღაც მორალური საკუთარი დაბნეულობისა და შეზღუდული ცოდნის აღიარებაში. ამ მხრივ, მე თითქმის პლატონური პოზიცია მაქვს – მკითხველთან მივდივარ და ვამბობ – „ჰეი, ფიქრობ, რომ რაღაცები იცი? მე ვფიქრობ, იმაზე ნაკლები იცი, ვიდრე გგონია“. და მიმაჩნია, რომ წერა ამ ყველაფრის კომბინაციაა – სცადო, იყო გულწრფელი, დააკარგვინო ბალანსი მკითხველებს და თქვა რაღაცები, რაც აშკარა არაა.

ინტერვიუერი:ადრე, პარამეტრებზე საუბრისას, ახსენეთ, რომ არ მოგწონთ თქვენს მოთხრობებში „კარების დახურვა“, რაც, როგორც მე მესმის, ნიშნავს, რომ არ გვიმხელთ კონკრეტულ დეტალებს, რომლებიც ჩვენს წარმოსახვით კარებს დახურავს. მაგალითად, პერსონაჟისთვის სახელის დარქმევა მკითხველის გონებაში ხურავს კარებს ყველა იმ შესაძლო სახელისთვის, რომლებიც პერსონაჟს შეიძლებოდა ჰქონოდა. არის კიდევ მსგავსი „კარი არ დახურო“ ტიპის ინსტრუქციები, რომლებიც გაქვთ?

ე. კ.: – როცა რამეს ვწერ, ყოველთვის ვაკვირდები და წერის დასრულების შემდეგ ვამბობ – „ეს ნამდვილად მჭირდება?“. რადგან ხშირად ხდება, რომ წერ სიჩქარის შესანარჩუნებლად, რაღაცის შესაქმნელად. ჩემი მოთხრობები, ჩვეულებრივ, არის 60% მათი თავდაპირველი ვერსიებისა. შემიძლია ვთქვა, რომ ყოველ მეორე მოთხრობაში ვკარგავ დასაწყისს, პირველ აბზაცს, რადგან მხოლოდ იმიტომ დავწერე, რომ ამბის დაწყება მჭირდებოდა, სინამდვილეში კი, ეს აბზაცი სულაც არ იყო საჭირო.

ჩემი მოთხრობების უმრავლესობაში, იგივე რამ ხდება შუა ნაწილშიც, რადგან ხშირად შემოვლითი გზებით გიწევს სიარული შენი გზის საპოვნელად. როცა აბზაცს ვასრულებ (ხანდახან უბრალოდ ამბის წერას აგრძელებ ხოლმე), ყავას ვიმზადებ, ვუბრუნდები და ერთ წინადადებას ყოველთვის ვშლი. როგორც ადამიანი, ძალიან მომთმენი ვარ, მაგრამ როგორც მკითხველი – განსაკუთრებით, როგორც საკუთარი ტექსტების მკითხველი – არა. ასე რომ, როცა რაღაცას ვკითხულობ, ვამბობ: „ეს რა ჯანდაბად მინდოდა? რატომ დავწერე?“ და, ჩვეულებრივ, პასუხები სულაც არაა რაციონალური. ხშირად, თუკი მკითხავთ, რატომ დავწერე კონკრეტული წინადადება, ვერ შევძლებ, გიპასუხოთ.

არის რაღაც ძალიან სტრესული და გამაღიზიანებელი ცხოვრების ჩემს პერსპექტივაში – და თუ მეტაფორულად ვიტყვი, ეს ჰგავს ყოფნას იმ გემზე, რომელიც იძირება და მე რაღაცებს ვისვრი გემიდან, ცურვა რომ განვაგრძო. ჩემთვის მოთხრობა უფრო მიმართულებაა ან მოძრაობა, ვიდრე სუბსტანცია. შესაძლოა, მოთხრობა ის გემი კი არაა, რომელიც იძირება, ის, უბრალოდ, გემია, რომლიდანაც საგნებს წყალში ისვრი, სიჩქარე რომ განავითარო. თუ ჩემს მოთხრობებს პანტომიმურად წარმოვადგენ, ისინი ყოველთვის რაღაცების გზიდან ჩამოშორება იქნება. ეს მათზე დაკვირვება არაა, არც მათი შემოწმება. ეს, უბრალოდ, სადღაც მისვლაა. ჩემთვის წერა გადაუდებლობის განცდაა. პიკის საათებში მეტროში ჩასვლას ჰგავს, როცა ძალიან გეჩქარება. ეს არ ეხება აღწერას, ეს არაფერს ეხება, გარდა სადღაც მიღწევის სურვილისა.

იცით, ჩემთვის შეუძლებელია წერა, როცა გარშემო ადამიანები არიან. იმ იშვიათ შემთხვევაში, როცა ხალხი აღმოჩნდა ჩემ ირგვლივ, მათთვის სტრესული იყო…

ინტერვიუერი: მართლა? ეს რაღაც ფიზიკურია?

ე. კ.:  დიახ. მე საკუთარ თავს ველაპარაკები. დავდივარ. ძირითადად, შიშველი ვწერ.

ინტერვიუერი: გამორიცხულია.

ე. კ.: … საცვლებში. ჩემი ცოლი ფიქრობს, რომ ცოტათი შეშლილი. ვარ. ჩემს თავს ველაპარაკები, ვიცინი, კედლებს ვეჯახები. ცოტათი თვითცნობიერებას ვკარგავ. თითქოს სადღაც სხვაგან ვარ. თუ ჩემს პულსს გაზომავთ წერისას, ძალიან, ძალიან სწრაფი იქნება. ისეთი განცდა მაქვს, რომ რაღაც ჩემგან გაქცევას ცდილობს. არ ვიცი. ეს პეპლის დაჭერის მცდელობას ჰგავს. იმ პეპლის, რომლის დაჭერაც იმთავითვე შეუძლებელია. რაღაც ტრანსცენდენტურიც არის ამაში. მგონია, რომ წერა დაჭერის მცდელობაა, მცდელობა და წარუმატებლობა. მაგრამ რადგან აქ მთავარი დაჭერაა, რაღაცაზე ფოკუსირება, არ მგონია, რომ ოდესმე დამიწერია მოთხრობა, რომელშიც მისი დაჭერა მოვახერხე. თუმცა, როცა უახლოვდები, არ გინდა, რამემ ხელი შეგიშალოს და მისგან ჩამოგაშოროს.

ინტერვიუერი: ეს ყველაფერი როგორ ხდება, მოთხრობები ერთბაშად და მოულოდნელად იწერება? თუ ერთ მოთხრობას წერთ ერთ ჯერზე?

ე.კ.: როცა ჩემი ცხოვრება შეიცვალა, შეიცვალა ესეც. წერა რომ დავიწყე, მარტოხელა ვიყავი, ახლა დაქორწინებული ვარ და შვილიც მყავს. ყოველთვის არარეგულარულად ვწერ. ჩვეულებრივ, შეიძლება, დავწერო კვირაში ან თვეში ერთხელ. ხანდახან უფრო ხანგრძლივი შუალედებიც მაქვს.

წარსულში თუკი ვწერდი, შემეძლო, რომ 28 საათი გაუჩერებლად მეწერა. რვა მოთხრობაც კი შეიძლებოდა დამეწერა მიყოლებით. მათგან ხუთი სისულელე იყო, მაგრამ მახსოვს იმის მიხვედრისას გაოცება, რომ ერთ დღეზე მეტია, არ მიჭამია და არ მიძინია. ცუდ სამეცნიერო ფანტასტიკაში ხალხი ერთი ადგილიდან მეორეში რომ გადადის, მაგას ჰგავდა. ასევე, იყო დრო, როცა ბევრს ვწერდი და ფიზიკურად ავად ვხდებოდი. რადგან ვწერდი შიშველი და ბინაში გათბობა არ იყო. ეს იყო კავშირის სრული დაკარგვა საკუთარ თავთან და პრობლემასაც მიქმნიდა. ახლა ვმუშაობ იმაზე, რომ ასეთ მდგომარეობაში აღარ აღმოვჩნდე. შემიძლია, არაკომფორტულ მდგომარეობაში ვწერო 15 საათი და როცა ვიღაც ოთახში შემოვა და მკითხავს – რა დაემართა შენს კისერს? ვუპასუხებ – „აჰ, კარგი. ვწუხვარ“. შეიძლება, რომანტიკულად ჟღერს, როცა ვამბობ, მაგრამ, სინამდვილეში, პრობლემაა ჩემთვის.

როცა დაქორწინებული ხარ და შვილიც გყავს, გჭირდება, რომ სხვა პერსპექტივაც გაითვალისწინო. ადრე ორშაბათს ვიწყებდი წერას, ოთხშაბათ დილით ვასრულებდი და ამას ვერავინ ამჩნევდა. ახლა შვილი საბავშვო ბაღში უნდა წავიყვანო. რაღაცების კეთება მიწევს, მაღვიძარას დაყენება… ამიტომ ისეთი ტოტალური აღარაა, როგორიც იყო და ამის გამო სულაც არ ვწუხვარ. პირიქით, მომწონს, რომ უფრო მეტს ვცხოვრობ. როცა ამდენს ვწერდი, არაფერი გამაჩნდა, წერის გარდა.

ინტერვიუერი: ვინ არის თქვენი იდეალური მკითხველი?

ე.კ.: ჩვეულებრივ, საკუთარ თავს აღვიქვამ ჩემს მკითხველად. ყოველთვის ვგრძნობ, რომ ჩემი მთავარი მიზანი მოთხრობის წერისას ისაა, რომ მისი წაკითხვა თავად შევძლო. როცა მოთხრობას ვწერ, რაღაცის მიღწევა იმიტომ კი არ მინდა, რომ ხალხს ვაჩვენო, იმიტომ მინდა, რომ თავად ვიცოდე. მოუსვენრობა, რომელსაც წერისას ვგრძნობ, იმითაა გამოწვეული, რომ ამბის წერაზე მეტად მისი კითხვით ვარ დაკავებული. ვწერ იმიტომ, რომ მქონდეს რაღაც, რასაც წავიკითხავ. როცა წერას ვწყვეტ და ვიჭედები, ვიჭედები როგორც მკითხველიც. ეს ართულებს ყველაფერს. სასაცილოა, რადგან ცხოვრებაში ყველაზე ვწუხვარ ჩემ ირგვლივ, ყოველთვის ვითვალისწინებ სხვებს, წერა კი საკუთარ თავზე ორიენტირებული გამოცდილებაა.

 […]

ინტერვიუერი: თუკი რამე შეიცვალა თქვენს სტილში, რა არის ეს?

ე. კ.: ვიტყოდი, რომ ერთადერთი, რაც შეიცვალა, მე ვარ. როცა წერა დავიწყე, უფრო გაბრაზებული ვიყავი, ახლა კი ნაკლებად ვბრაზობ. ვფიქრობ, რაღაც უფრო ექსტრემალური იყო ჩემს პერსონაჟებში. ჩემი მოთხრობები ახლაც ექსტრემალურია, მაგრამ სხვა გაგებით. მგონია, რომ როცა წერა დავიწყე, ასე ვთქვათ, აღგზნებული ვიყავი. ძნელად ვპოულობდი გოგონებს. ამიტომაც ვწერდი მოთხრობებს აღგზნებულ ადამიანებზე. ახლა მაქვს მოთხრობები ადამიანებზე, რომლებსაც ურთიერთობები აქვთ და უკიდურესად მოწყენილები არიან. ამიტომ მოთხრობები ყოველთვის უკავშირდება იმ პოზიციას, რომელიც ცხოვრებაში გაქვს. მე ყოველთვის ვაჭარბებ ხოლმე, ჩემს რეალობაზე კი არ ვწერ, არამედ ჩემს შიშებზე. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. შემიძლია, გითხრათ, რომ თუ ჩემი სტილი შეიცვალა, ეს ჩემს შინაგან ცვლილებებთან იქნება დაკავშირებული.

© არილი

Facebook Comments Box