ინტერვიუ

ინტერვიუ ლანა ღოღობერიძესთან – “ბედნიერება გახვეული ცრემლის სამოსში”

ესაუბრა თაკო წულაია

ლანა ღოღობერიძის „ვისთვის გალობს შაშვი“ პრემია „საბას“ ლაურეატად დასახელდა. ეს ტექსტი ავტორის მრავალფეროვან გამოცდილებებსა და შეხედულებებს აერთიანებს, მისი ფიქრებისა და ემოციების შესახებ მოგვითხრობს. წინამდებარე ინტერვიუში ლანა ღოღობერიძე სწორედ იმ თემების შესახებ საუბრობს, რომლებიც ხსენებულ წიგნში ყველაზე მნიშვნელოვანია: პანდემიის გავლენა, ხელოვნების დანიშნულება, „ოქროს ძაფის“ პოვნა, ნამდვილი ბედნიერება, რაღაც, რაც ჰორიზონტის მიღმაა და სხვ.

თქვენი წიგნი, “ვისთვის გალობს შაშვი” ერთდროულად უამრავ თემას ეხება და თავისი მრავალშრიანობით თანამედროვე ყოფის სირთულესაც ასახავს. ამ მრავალფეროვანი განცდებიდან თუ ფიქრებიდან, რომლებსაც მკითხველს უზიარებთ, დღეს რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად?

სასიამოვნოა, ამ წიგნს რომ იხსენებთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია და თანაც ერთდროულად დაგვასახელეს გამარჯვებულებად, არილი და ჩემი „ვისთვის გალობს შაშვი“. მართლა ძალიან გამიხარდა, ძალიან კარგი ჟესტი იყო არილისთვის „საბას“ მინიჭება.

ყველაზე მნიშვნელოვნად დიდი ხანია მიმაჩნია, როგორმე საქართველოს მოქალაქეებმა შევძლოთ, გავიაზროთ ის, რომ ერთი დიდი, წმინდა მიზანი გვაქვს, რომლის გვერდითაც ყველაფერი სხვა ფერმკრთალდება. როგორმე უნდა შევძლოთ ამ მიზნის გარშემო გაერთიანება. როგორმე უნდა დავივიწყოთ ერთმანეთის მიმართ ასეთი, ჩემთვის აუხსნელი, სიძულვილი, ასეთი გაუტანლობა, ასეთი სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება… სანამ ამას არ მოვახერხებთ, მართლა მეშინია, რომ მომავალი არა გვაქვს. თანაც, ასე მგონია, ეს პრაგმატული მიზანიცაა (გარდა იმისა, რომ ზნეობრივადაა გამართლებული) – დადგომა ისტორიის სწორ მხარეზე. ახლა ისეთი ნათლია, საით არის სწორი მხარე, რომ უნდა გავიაზროთ, მივხვდეთ ყველა ერთად, ერთმანეთისადმი შუღლი თუ გაუგებარი სიძულვილი დავივიწყოთ და გავერთიანდეთ. აი, ეს არის ჩემთვის მთავარი დღეს.

და კიდევ ერთი რამ: სხვათა შორის, ჩემი წიგნი ამით იწყება – ნამდვილი და ჭეშმარიტი ბედნიერება და სიხარული მხოლოდ მაშინ შეიძლება იგრძნო, როცა შენი თვალი ცრემლით აივსება (და განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვისი ტანჯვისა და უბედურების გამო აივსება ცრემლით). აი, ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ: სოლიდარობა, გაგება სხვისი ტკივილის და დანახვა იმის, რომ შეიძლება, დღეს სხვისი ტკივილი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე შენი. ბედნიერება გახვეული ცრემლის სამოსში – აი, ასე ვიტყოდი. ეს არის ადამიანობის ყველაზე ნამდვილი გამოცდა. იმის გამოცდა, ხარ თუ არა ადამიანი.

თქვენი დაკვირვებით, რა შეცვალა პანდემიამ ადამიანებსა და საზოგადოებებში? რა პიროვნული თუ სოციალური ცვლილებები დაიწყო მას შემდეგ, რაც მთელი მსოფლიო სრულიად განსხვავებულ და უჩვეულო მოცემულობაში აღმოჩნდა?

პანდემიის დროს რატომღაც მართლა მეგონა, რაღაცნაირად დარწმუნებულიც ვიყავი, რომ ამ იძულებითი განმარტოების, ამ საყოველთაო უბედურების, რომელიც მთელ პლანეტას დაატყდა თავს, გააზრებას შეუძლია, რაღაც შეცვალოს და ადამიანები აქციოს უფრო გახსნილებად, უფრო რომ აღიქვან სხვისი ტანჯვა. მჯეროდა ამისი და ახლა, მართალი გითხრათ, ვხედავ, რომ არაფერი მსგავსი არ მომხდარა არც სხვაგან, მსოფლიოში და არც ჩვენთან. ისევე ჩაიარა პანდემიამ, როგორც ბევრმა სხვა საყოველთაო ტრაგედიამ და ისევ იქ ვართ, ისევ ჩაკეტილი საკუთარ თავში. ეს ძალიან დიდი ტკივილია.

როგორც ტექსტში ვკითხულობთ, ხელოვნების თავდაპირველ დანიშნულებად ადამიანის დაიმედება და განკურნება მიგაჩნიათ. შეგიძლიათ, გაიხსენოთ ხელოვნების ის ნიმუშები, რომლებმაც ასეთი განსაკუთრებული როლი შეასრულეს თქვენს ცხოვრებაში?

ძნელი სათქმელია კონკრეტული მაგალითები, მაგრამ სულ, ბავშვობიდან, რაღაცნაირად ასე მოხდა, იმის გამო, რომ ჩემთან სახლში იკრიბებოდნენ პოეტები, მხატვრები… ჩემზე ძირითადად პოეტები მოქმედებდნენ. ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი – ესენი იყვნენ ჩემთვის გამორჩეულები, ჩემს ბიძებად ვთვლიდი. ძია ტიციანი და ძია პაოლო. ისე მახსოვს ყველაფერი… განსაკუთრებით ტიციანის სტრიქონები: „მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე, შენ ჩემს სიკვდილში არ გიდევს ბრალი“ – ამან ჩემში გადატრიალება მოახდინა და მერე ძალიან ბევრი რამე უკავშირდებოდა ამ სტრიქონებს. კიდევ „ზღვა იყო მაშინ ისეთი წყნარი, რომ არც კი მახსოვს, იყო თუ არა“ – ეს პირველად ტიციან ტაბიძისგან გავიგონე, მერე დედაჩემისგან და შემდეგ, გადასახლებიდან რომ დაბრუნდა დედა, ათი წელი არ მენახა და მაშინ მას ვერ აღვიქვამდი, როგორც „იმ დედას“, ბავშვობის დედას და პირველად ვიგრძენი, რომ ის არის, აი, „ის“ დედა, როცა უცებ თავისთვის თქვა „ზღვა იყო მაშინ ისეთი წყნარი, რომ არც კი მახსოვს, იყო თუ არა“. სხვათა შორის, ოდნავ შეცვლილია. ტიციანს აქვს: „ზღვა ისე იყო მშვიდი და წყნარი, რომ აღარც მახსოვს იყო თუ არა!“. დედაჩემმა ცოტა შეცვალა და დედას შეცვლილი უფრო მომწონს. დედას დაბრუნება იყო ეს სტრიქონები ჩემთვის.

თქვენს წიგნში სიტყვით, ხაზით თუ ბგერით გამოთქმული ტკივილის მნიშვნელობაზე წერთ არა მხოლოდ მათთვის, ვინც ტკივილს გამოთქვამს, არამედ მათთვისაც, ვინც სხვისას ისმენს/ხედავს/კითხულობს. თქვენი აზრით, რატომაა გაზიარება ამდენად და თანაც ორმხრივად მნიშვნელოვანი?

იმიტომ, რომ ყველაზე ნათელი და დიდი გრძნობა, რომელიც განასხვავებს ადამიანს ყველა სხვა ცოცხალი არსებისგან,  არის თანაგრძნობა და სოლიდარობა. ხომ ვერ წარმოიდგენთ, თუნდაც ისეთ კეთილშობილ ცხოველს, როგორიც ძაღლია, თანაგრძნობა ჰქონდეს მისი მოძმის მიმართ. ვერ წარმოიდგენთ. ვერც სოლიდარობის განცდას ვერ აღიქვამთ, თუმცა ძალიან კეთილი, ერთგული და თავდადებულია. მაგრამ ეს სხვა გრძნობაა, სოციალურად გამყარებული გრძნობაა. ადამიანი სოციალური არსებაა, სწორედ ამიტომ შეუძლია მას, ასე აღიქვას სხვისი გაჭირვებაც, სხვისი უბედურებაც და გაერთიანდეს სხვებთან, ანუ გამოხატოს სოლიდარობის უწმინდესი გრძნობა იმისათვის, რომ სხვამ იგრძნოს თავი უკეთესად, სხვამ შეიგრძნოს სამყაროს მშვენიერება.

კიდევ ერთი რამ, რაზედაც აქამდე არ გვილაპარაკია, არის სილამაზის აღქმა. მე მართლა მჯერა, რომ, საბოლოოდ, ოდესმე, მშვენიერება გადაარჩენს სამყაროს და მშვენიერების აღქმის უნარი. სხვათა შორის, ჩემი წიგნიც, ფაქტობრივად, ამაზეა: შაშვი გალობს და თუ მიხვდები, რა მშვენიერია, თუ გაჩუმდები ცოტა ხანს, ყურს მიუგდებ და იგრძნობ ამ სიმღერის მშვენიერებას, თან იმასაც იგრძნობ, რომ შენთვის გალობს, შენთვის, ჩემთვის, ყველასთვის ერთად. სამყაროს მშვენიერების, ბუნებით შექმნილის და ადამიანის ხელით შექმნილი მშვენიერების, ანუ ხელოვნების, – ამ ორი რამის ერთად შეგრძნება აქცევს ადამიანის ცხოვრებას მდიდრად, ბედნიერად.

როდესაც იხსენებთ, როგორ მოხვდით საავადმყოფოში და შეხვდით სანიტარ ირმას, ამბობთ, იგი ამდენ გასაჭირს იმიტომ უძლებს, რომ თავისი ცხოვრების ოქროს ძაფი იპოვა – თანაგრძნობა ადამიანების მიმართო. თქვენი ცხოვრების ოქროს ძაფი რა არის?

ეს ყველაფერი მეტაფორული სიტყვებია, მაგრამ ირმა მართლა იყო ჩემთვის რაღაცის მაგალითი. უანგარო თავდადების, როცა არაფერს არ ელი, მხოლოდ იმას, რომ ვიღაცა გაგიღიმებს, ვიღაც უბრალოდ მადლობას გეტყვის ან იქნებ არც გითხრას, მაგრამ შენ ხდები ბედნიერი იმის გამო, რომ ის ხდება უკეთესად იმით, რასაც შენ აკეთებ. ეს არის ადამიანის დანიშნულება ამქვეყნად. მე მგონია, რომ ასე ვიცხოვრე, სხვისი ტკივილის გაგების უნარით. ასე ვფიქრობ. შეიძლება, ამაში ის დამეხმარა, რომ უამრავი განსაცდელი დამატყდა თავს, განსაკუთრებით ბავშვობაში, ახალგაზრდობაში და მერეც… განცდა იმისა, რომ სულ რაღაცას კარგავ, ცხოვრობ და კარგავ რაღაც განცდას, ადამიანს, ადგილს, სულ რაღაცას კარგავ… ერთი ნუგეში ის არის, რომ მერე ხვდები, იძენ კიდევაც. ადამიანი მარტო დანაკარგების ჯაჭვი კი არ არის, არამედ შენაძენების ჯაჭვიცაა. სულ ხვდები ახალ ადამიანს, წაიკითხავ ახალ წიგნს, ნახავ ახალ ფერწერულ ტილოს და ეს ყველაფერი გავსებს ბედნიერებითა და სიხარულით.

როგორ შეიძლება, რომ ადამიანებმა „ოქროს ძაფის“ პოვნა დროულად მოვახერხოთ, არის რამე გზა, რაც ძებნას გაგვიადვილებს?

რომ ვიცოდე, მივეხმარებოდი პოვნაში ჩემს ახლობლებს და ადამიანებს, საერთოდ. ადამიანი ცხოვრობს და სულ თავის თავს ებრძვის. მთელი ცხოვრება – ეს არის შენს თავთან ბრძოლა. ერთი ეტაპია, ჩემი აზრით, რომ შეიცნო შენი თავი და მეორე ეტაპია, შეძლო შენი თავის უკანა პლანზე გადაწევა იმისთვის, რომ სხვებისთვის გაიხსნა. სხვისთვის გახსნა, ყოველდღიური ინტერესი სამყაროს მიმართ, ეს დაგეხმარება იმაში, რომ შენი ოქროს ძაფი იპოვო და ეს ოქროს ძაფი მაინც თანაგრძნობა და სიყვარულია.

პრემია “საბას” მრავალწლიან ისტორიას როგორ შეაფასებდით? რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ თანამედროვე საქართველოში მისი არსებობა?

ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ასეთი, ჭეშმარიტად ლიტერატურული, ყოველგვარი პოლიტიკისგან დაცლილი, წმინდა სახელოვნებო პრემიის არსებობა. ძალიან დიდი როლი ითამაშა „საბას“ არსებობამ ლიტერატურის განვითარებაში, ასე მგონია და ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ პოეზიით ყოველთვის ვიყავით მდიდრები, მაგრამ ამ ბოლო ხანს პროზა გახდა ჩვენი მნიშვნელოვანი სფერო, რომელშიც მართლა დიდი მიღწევები გვაქვს.

სხვა ნომინაციებში წარდგენილი ავტორების წიგნები ხომ არ წაგიკითხავთ? ზოგადად, თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე რას ფიქრობთ, ვინ მოგწონთ, ვის კითხულობთ?

სულ ბოლოს ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა არჩილ ქიქოძის რომანმა „ხვლიკი საფლავის ქვაზე“. საოცარი ნაწარმოებია. ისეთი ღრმა, ისეთი თანამედროვე… ყოველ სიტყვაში იკვეთება, რა არის ადამიანის არსებობა და ადამიანის დანიშნულება ამქვეყნად. ახლა გამახსენდა პოეტური სახე, სადღაც შეხვედრილი გერმანელი ქალი, რომელსაც ალცჰაიმერი სჭირს და ყველაფერი დაავიწყდა ამქვეყნად, ახსოვს მხოლოდ სიყვარული ქმრის მიმართ და ამ სიყვარულით ცხოვრობს. თეთრ თმებზე ყვავილების გვირგვინი ადგას და ბედნიერი, სიყვარულით სავსე უყურებს თავის ქმარს. საოცარი პოეტური სახეა, მართლა მშვენიერი და მთლიანად, მთელი ქსოვილი პროზის, ძალიან დამაფიქრებელი და საინტერესოა.

კიდევ წავიკითხე „კურიერის ამბები“. ძალიან საინტერესო ნაწარმოებია, დღევანდელობას ასახავს ძალიან ზუსტი ფერებით.

საერთოდ, მიხარია, რომ დღეს შეგვიძლია, ნამდვილად ვთქვათ, ქართული ლიტერატურა არსებობს და ეს უკვე ძალიან დიდი რამეა.

ინტერვიუ იმ შეკითხვით დავასრულოთ, რომელსაც თავად სვამთ წიგნის დასასრულს: როგორ ფიქრობთ, რა არის იქ, ჰორიზონტს გადაღმა, სიცარიელე თუ მარადისობა?

რაც მეტს ცოცხლობ, მით უფრო უშინაურდები იმ რაღაცას; რაღაც უცნობს, იდუმალს, გამოუცნობს, რაც არის იქით, ჰორიზონტს გადაღმა. რაღაცნაირად თითქოს ახლობელიც კი ხდება ის რაღაც. მე, უბრალოდ, ადამიანს ვერ ვიმეტებ იმ ტანჯვისთვის, რომელიც ძალიან ხშირად ხვდება ამ გზაზე, იქით მიმავალ გზაზე, თორემ ის დასასრული ბუნებრივია და კანონზომიერი. აბა, ღმერთმა არ ქნას, რომ სულ ვიცოცხლოთ ამქვეყნად. ჯერ ერთი, სხვები ვეღარ იცხოვრებენ და, გარდა ამისა, მოსაწყენიც კი გახდება. მე მგონია, რომ სიკვდილი თავისებურ ფერს აძლევს სიცოცხლეს. ის აძლევს სწორედ მშვენიერებას, ძალას და გინდა ეს სიცოცხლე, სწორედ იმიტომ, რომ არ გადაეშვა იმ რაღაცაში, რაც ამოუცნობია და არ იცი, რა იქნება.

© არილი

Facebook Comments Box