ინტერვიუ

ინტერვიუ ლევან სონღულაშვილთან – შინაგანი სამყაროების ახალი ატლასი

2025 წლის აპრილში გავლენიანმა სახელოვნებო პლატფორმამ არტ სამიტმა თანამედროვე ხელოვნების ისეთ სახელებს უმასპინძლა, როგორებიც არიან: მარინა აბრამოვიჩი, აი ვეივეი, ანსელმ კიფერი, სანტიაგო კალატრავა, გეორგ ბაზელიცი… აღსანიშნავია, რომ წელს სამიტმა პირველად მიიწვია ქართველი არტისტი და ეს ლევან სონღულაშვილი გახლდათ. პირველ მაისს კი პლატფორმამ ლევან სონღულაშვილთან ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნა, რომელსაც მკითხველს ვთავაზობთ. სულ რამდენიმე დღეში კი ინტერვიუ პლატფორმის ყველაზე პოპულარულ და წაკითხვად ტექსტად დასახელდა.

ესაუბრა ქეროლ რეალი

ინგლისურიდან თარგმნა ინგა ჟღენტმა

თანამედროვე ხელოვნების სამყაროში ლევან სონღულაშვილი ის ხელოვანია, რომელიც პირადსა და კოლექტიურს ღრმად ინტროსპექციულ ვიზუალურ ნარატივში აერთიანებს.

ხელოვანი ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს. დაიბადა 1991 წელს თბილისში, საქართველოში. მისი მულტიდისციპლინური შემოქმედებითი საქმიანობა მოიცავს ფერწერას, გრაფიკას, ინსტალაციას, ვიდეოს, გრავიურას, მუსიკალურ ჩანაწერებს, ტრანსფორმაციისა და იდენტობის საკითხების კვლევას და ინდივიდუალურსა და კოლექტიურს შორის დაპირისპირებას.

სონღულაშვილის ფილოსოფიის, მითოლოგიის და პირადი გამოცდილების გავლენით შექმნილი ნამუშევრები ადამიანის მდგომარეობაზე რეფლექსირებს და შლის კულტურულ და ემოციურ საზღვრებს. მისი ხედვა უარყოფს ტრადიციულ ჩარჩოებს და შესისხლხორცებულია ინდივიდუალობის აღქმასთან, რომელიც არ ცნობს წარმომავლობით, რასის და გენდერულ ჩარჩოებს.

ის აღიარებულია თაობის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად და მისი ნამუშევრები მსოფლიოს ისეთი მნიშვნელოვანი საჯარო და კერძო კოლექციების ნაწილია, როგორიცაა ბრუკლინის მუზეუმი, სადაც ის პირველი ქართველი მხატვარია, რომელიც მუდმივ კოლექციაში მოხვდა. მას კონტრაქტი გაუფორმეს წამყვანმა საერთაშორისო გალერეებმა, მისი ნამუშევრები კი გამოფენილი იყო ისეთ დაწესებულებებში, როგორებიცაა ხელოვნების სამეფო აკადემია, სააჩის გალერეა, ნიუ-იორკის სოთბის აუქციონი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სხვა. 

სონღულაშვილი თანამშრომლობდა ლეგენდარულ კომპოზიტორ გია ყანჩელთან, რომელმაც უკანასკნელ კომპოზიციას მისი ერთ-ერთი ნახატის სახელი დაარქვა. ხელოვანი ასევე ისაი მიაკესთან ერთად მონაწილეობდა ჟურნალ „ამარტას” მასშტაბურ ვიზუალურ პროექტებში. გარდა ვიზუალური ხელოვნებისა, სონღულაშვილი წერს ესეებს და როგორც თვითნასწავლი მუსიკოსი, ქმნის მუსიკას, რითაც უფრო სიღრმისეულად იკვლევს ხელოვნების საკომუნიკაციო ფორმებს.

მისი ღრმად ადამიანური და დანაკარგის, მდგრადობის და განახლების ციკლებთან შერწყმული შემოქმედება იმ ხმაზე მიანიშნებს, რომელიც წარუშლელ კვალს დატოვებს თანამედროვე ხელოვნებაზე. 

თქვენ ტილოებში ხშირად ფიგურირებს კონფორმიზმის ტალღის წინააღმდეგ მდგარი მარტოსული ფიგურა. რას წარმოაჩენს ეს მამაცი პიროვნება თქვენი თვითშემეცნებისა და შემოქმედებითი დაუმორჩილებლობის მოგზაურობაში?

– „იგი“ ქართველი მწერლის, ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობაა, რომელიც პირველად 1977 წელს გამოიცა. „იგი“ პრეისტორიული ზღაპარია პირველი მხატვრისა და მოაზროვნის შესახებ, რომელიც გამოსახულების შექმნის ძალას აღმოაჩენს.

ულმობელ სოციუმში მცხოვრებ იგის სამყაროში ეჭვის შეტანა და შემეცნების წყურვილი საზოგადოებისგან რიყავს. ახლად აღმოჩენილი შეხედულებები მას ტრადიციების მეტისმეტად ერთგულ ბელადთან და მის მიმდევრებთან აპირისპირებს. პროგრესულ აზროვნებასა და ბრუტალურ ძალას შორის კონფლიქტი უფრო და უფრო ღრმავდება, იგი კი თავისუფალი ნებისა და ცხოვრების არსის ძიებისკენ მარტოსულ და მტკივნეულ მოგზაურობას იწყებს. ცოცხალი თხრობა უცნაურ, მაგრამ ჯერ კიდევ ნაცნობ სამყაროს იკვლევს და იმ კითხვებზე ჩაფიქრების შესაძლებლობას გვაძლევს, კაცობრიობას დღესაც რომ აღელვებს. 

ჩემი ინტიმური სამყაროსთვის სიჩუმის და მარტოობის შინაგანი განცდები ახლობელია, თუმცა ადამიანებით გადატვირთული, დინამიკური კომპოზიციების შექმნისკენ მივისწრაფვი. ადამიანებზე, როგორც ინდივიდებზე და ასევე კოლექტივის წევრებზე დაკვირვებით, ყოველთვის გატაცებული ვიყავი. პიროვნულ იდენტობასა და მასის ქცევას შორის დაპირისპირება ჩემი შემოქმედების ის თემაა, რომელსაც სულ ვუბრუნდები; როდესაც ინდივიდი კოლექტივს ერწყმის, ის უფრო დიდი მთლიანობის ნაწილი ხდება – ბევრი ერთის ნაწილად გარდაიქმნება, ის ერთი კი მთელის შემადგენლობაში განივრცობა. თუმცა, ისტორიას ქმნიან არა მასები, არამედ ის ცალკეული ინდივიდები, რომლებსაც მასა ლიდერად ირჩევს. მიუხედავად ამისა, ისინი, ვინც ხელისუფლებაში მოდიან, ხშირად მათ ემსგავსებიან, ვინც ჩაანაცვლეს.ისტორია მეორდება – სისტემები ცვლილების სახელით ინგრევა, მხოლოდ იმიტომ, რომ ნაცნობი სტრუქტურები ხელახლა აშენდეს. და მაინც, ინდივიდი ის ერთადერთი ღერძია, რომელსაც გონების ძალით ამ ციკლის გაწყვეტა შეუძლია.

ჟან პოლ სარტრმა ერთხელ თქვა: „თუ მარტოსულად გრძნობ თავს, როდესაც მარტო ხარ, ე. ი. ცუდ კამპანიაში ხარ“. მე არ ვარ მარტოსული, მაგრამ მარტო ხშირად ვარ; მარტოხელა დედის ერთადერთი შვილი ვარ. ხატვა ადრეულ ბავშვობაში დავიწყე – ინსტინქტურად და პრეისტორიული ადამიანივით ჩუმად და უსიტყვოდ, იგის მსგავსად, დიდი ხნით ადრე სანამ ავმეტყველდებოდი. მას შემდეგ ვიზუალური აღქმა, ყურადღებით დაკვირვება და გამოცდილების გამოსახულებად გარდაქმნის იმპულსი ჩემი სამყაროსთან ურთიერთობის გასაღებია. ხატვა მარტოობას ითხოვს. სწორედ სულიერ და ინტელექტუალურ იზოლაციაში ვვითარდები როგორც ხელოვანი. სიჩუმეში უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე ვლაპარაკობ. ბუნებასთან უფრო მეტ ჰარმონიას ვგრძნობ. სწორედ ასეთ წყნარ გარემოებებში იბადება ახალი ნამუშევრები. 

Limites Incogniti (diptych), oil and acrylic on canvas, 72 × 129 in., 2025. 1/2

Limites Incogniti (detail), oil and acrylic on canvas, 72 × 129 in., 2025.

თქვენს შემქმედებაში შთამბეჭდავია საზოგადოებრივი ძალაუფლების დინამიკისა და პერსონალური ნარატივის ურთიერთქმედება. როგორ ახერხებთ ტილოზე რთული სოციალური თემების ინტიმურ და თითქოს მარტივ ყოველდღიურ გამოსახულებად გარდაქმნას?

– ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო დიდი კულტურული და გეოგრაფიული კონტრასტების ქვეყანაა. მისი ლანდშაფტები, კავკასიონის მთებით გარშემორტყმული, ალპური მთიანეთიდან შავი ზღვის სანაპირომდეა გადაჭიმული. ეს ბუნებრივი მრავალფეროვნება აყალიბებს არა მხოლოდ რელიეფს, არამედ ხალხსაც, რაც საქართველოს რეგიონების დიალექტების, კულინარიული ტრადიციების, მუსიკალურ და ესთეტიკურ მრავალფეროვნებაშია გამოხატული. ქართული ენა და მისი უნიკალური ანბანი მიეკუთვნება ქართველურ ოჯახს, რომელიც არ უკავშირდება არც ერთ ძირითად ენობრივ ჯგუფს, რაც ხაზს უსვამს ქვეყნის უნიკალურობას და იდენტობას, რომელსაც დიდი ისტორია აქვს.

საქართველომ, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში იმპერიების – სპარსეთი, ოსმალეთი, მონღოლეთი, რუსეთი – გზაგასაყართან იდგა, მაინც შეძლო გამორჩეული სულისკვეთებისა და ავტონომიის შენარჩუნება. მან გადაიტანა საბჭოთა მმართველობა, მაგრამ იმ რესპუბლიკებს შორის იყო, რომლებიც პირველები აუჯანყდნენ საბჭოთა იმპერიას. 1989 წლის 9 აპრილს თბილისის ხოცვა-ჟლეტა, რომლის დროსაც საბჭოთა ძალებმა მშვიდობიანი დემონსტრანტები დახოცეს, იყო როგორც ეროვნული, ასევე პიროვნული რღვევის ნიშანი. დედაჩემი მომიტინგეებს შორის იყო. მე კი ორი წლის შემდეგ დავიბადე ქვეყანაში, რომელიც იდენტობის აღსადგენად იბრძოდა. ვარდების რევოლუციის დროს, 2003 წლის ნოემბერში, როდესაც ბავშვი ვიყავი, დედასთან ერთად ვიდექი მიტინგზე, მოგვიანებით კი ჩემი თაობის წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტის წინ კვლავ თავისუფლების მოთხოვნით გამოვდიოდი. 

ამ გამოცდილებებმა ჩამოაყალიბა მეხსიერების, ტრავმის და იდენტობის შერწყმის, პირადისა და პოლიტიკურის განუყოფლობის ჩემეული აღქმა. ჩემი შემოქმედება იკვლევს მიგრაციის, მითოლოგიის, კოლექტიური ცნობიერების და გაქრობის წინააღმდეგ მიმართული ადამიანური ინსტინქტის საკითხებს. ჩემი შემოქმედების სპეციფიკა უნივერსალურისკენ სწრაფვაა – ძიება გამძლეობისა და განახლების განმეორებადი სქემებისა, რომლებიც სხვადასხვა დროსა და კულტურაში ექოსავით მეორდება. 

ჩემი შემოქმედება ის  სივრცეა, სადაც საქართველოს კულტურული იდენტობა აირეკლება – არც ბოლომდე აღმოსავლური ან დასავლური, არამედ განსაკუთრებულად თვითმყოფადი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ნამუშევრები შეიძლება ეხმიანებოდეს ორივე ტრადიციას, ისინი სწორხაზოვან განმარტებებს არ ემორჩილება. ის გადაკვეთის იმ წერტილიდან იღებს სათავეს, სადაც კულტურული საზღვრები ბუნდოვანდება და უნივერსალური ფორმების ჩამოყალიბების შესაძლებლობა იქმნება. მე სამყაროს არა კანის ფერის, სქესის თუ ეროვნული წარმომავლობის განსხვავებულ მოცემულობათა მიხედვით აღვიქვამ, არამედ ინდივიდუალური არსებობის პრიზმიდან. ჩემთვის საზღვრები ადამიანის მოგონილია, არა მხოლოდ გეოპოლიტიკური, არამედ ინტელექტუალური და ემოციური საზღვრებიც. 

ამჟამად ნიუ-იორკში ვცხოვრობ. ქალაქს შეკუმშულ სამყაროდ აღვიქვამ, რომელიც ისტორიებით, არეულობებით და ოცნებებითაა სავსე. ის დაკვირვებისთვის ხელსაყრელ წერტილს გვთავაზობს, საიდანაც შეგვიძლია შევისწავლოთ და გავიგოთ, რას ნიშნავს ამა თუ იმ სოციუმის ნაწილად ყოფნა, იძულებითი გადაადგილება და მეხსიერების კონტინენტიდან კონტინენტზე გადატანა. ჩემი შემოქმედება ამ კითხვებს ვიზუალურ ფორმად გარდაქმნის არა პასუხების მისაღებად, არამედ რეფლექსიისთვის უფრო ღრმა სივრცის შესაქმნელად. 

The Styx, ERTI Gallery, Tbilisi, 2018. Photo by Giorgi Dadiani. Courtesy of ERTI Gallery.

Outside In, oil and acrylic on canvas, 72 × 60 in., 2016.

დედის სიძლიერემ და მისმა ურყევმა გავლენამ მნიშვნელოვნად ჩამოაყალიბა თქვენი ნარატივი. როგორ ზეგავლენას ახდენს მისი მოგონება იდენტობის და გამძლეობის თქვენეულ ძიებაზე, რომელიც ტილოზე გადმოგაქვთ?

– არის ამბავი, რომელიც არავისთვის გამიზიარებია, არც ჩემი უახლოესი მეგობრებისთვის. ჩემი შემოქმედებითი მოგზაურობის ადრეული წლები შავ-თეთრი ფერებით იყო გაჟღენთილი. ჩემი ბავშვობის დროინდელი თითქმის ყველა ნახატი მონოქრომატული იყო. ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ეს ჩემი მხატვრული არჩევანია და მე უბრალოდ შავის და თეთრის სიმკაცრეს ვანიჭებდი უპირატესობას. სინამდვილეში ეს აუცილებლობიდან გამომდინარეობდა. დედაჩემმა მარტომ გამზარდა მღელვარე 1990-იანი წლების თბილისში. ქვეყანა, რომელსაც დამოუკიდებლობა ახალი მიღებული ჰქონდა, მალე ქაოსში ჩაიძირა. ამას მოჰყვა დიდი ეკონომიკური სიდუხჭირის და გაურკვევლობის წლები. მაშინ, როდესაც დედა იბრძოდა, რომ უბრალოდ საჭმელი გვქონოდა, ზეთის საღებავი წარმოუდგენელი ფუფუნება იყო, ტილოებზე, ფერებზე და ფუნჯებზე ოცნებაც კი შეუძლებელი გახლდათ. ამიტომაც ვხატავდი ფანქრით მუყაოს ნაგლეჯებზე, მაგრამ ვხატავდი გამუდმებით. ვხატავდი ცარცით სკოლის დაფაზე, ასფალტზე ქვით, მერხებზე, მათემატიკის რვეულებში, წიგნებში, შპალერზე, კარებზე, კედლებზე – ყველგან, სადაც შემეძლო. ვხატავდი ყოველ დღე. 

ერთ დღესაც დედამ ისეთი რამ მითხრა, ფიქრებში მეც სულ რომ თან მდევდა: “თუ შავ-თეთრ სამყაროში ფერებს აღმოაჩენ, შენი მხატვრობა ფერწერად იქცევა.” მართალი იყო. დროსთან ერთად, შავმა და თეთრმა განავრცო ჩემი შინაგანი სამყარო. ვისწავლე თითოეული ტონის და ნახევარ-ტონის ფერად აღქმა. ჩემს მონოქრომატულ სამყაროში ჩაძირვის შემდეგ ამის შემჩნევა და მასში მოულოდნელი ელფერების აღმოჩენა სხვებმაც დაიწყეს.

თბილისში არის ერთი პატარა ხიდი, სადაც ხელოვანები სახატავად და თავიანთი ნაშრომების გასაყიდად იკრიბებიან. ერთ დღესაც იქ დედამ ჩემი რამდენიმე ნახატი წაიღო. მან სახლში მყოფ პატარა ხელოვანზე მოუყვა იქ მდგომთ და მოწიწებით იკითხა, ვინმეს მორჩენილი საღებავი და გამოყენებული ტუბები ხომ არ ჰქონდა, უკვე რომ აღარ სჭირდებოდათ. ასე აგროვებდა ის ჩემთვის ფერების ძვირფას ნარჩენებს, სათითაოდ. მეც ასე შევქმენი ჩემი პირველი ფერადი ნამუშევარი. ახლაც ნათლად მახსოვს ეს შეგრძნება – მაგიური განცდა. თითქოს ალქიმიის აღმოჩენას ჰგავდა. 

Noli Me Tangere, The State Museum of Adjara, Batumi, 2022. Photo by Sophio Melikidze. Courtesy of LEPL Ajara State Museum.

Ad Infinitum, Factory Tbilisi, 2022. Photograph by Giorgi Dadiani. Courtesy of Window Project and Factory Tbilisi.

Ad Infinitum, Factory Tbilisi, 2022. Photograph by Giorgi Dadiani. Courtesy of Window Project, Factory Tbilisi.

2020 წელს, ურთულესი გამოწვევების პერიოდში საქართველოში დედასთან დაბრუნდით. რა იყო ამ დაბრუნებით გამოწვეული ის შინაგანი ძვრები, რომლებიც მოგვიანებით სტრუქტურებად და მოტივებად აღმოცენდა და ასე ძლიერად გამოიხატა თქვენს შემოქმედებაში? 

– დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ ჩემს თავში აღმოვაჩინე, რომ მასზე წარსულში ვსაუბრობდი. იმ წამსვე გავიაზრე ეს შეუქცევადი რამ: ის ჩემთვის ყოველთვის აწმყოში არსებობდა, ახლა კი მოგონებებში გადაინაცვლა. დღესაც კი ის ჩემში მარადიული აწმყოს ფორმით არსებობს. როცა უკვე მშობელი აღარ გყავს, არც შვილი აღარ ხარ. მისი სიკვდილით დასრულდა ჩემი ბავშვობა. მეც მასთან ერთად დავხუჭე თვალები და როდესაც ისევ გავახილე, ჩემში კაცი დაიბადა. 

ჩემი წინა ნამუშევრებისგან განსხვავებით, ელიზიუმი (2020-2021) უნიკალურ გზას მიჰყვება, რომელიც ღრმად პირადული და ტრანსფორმაციული მოგზაურობის ეტაპებს მოიცავს. დროთა განმავლობაში ნამუშევარი განვითარდა. ეს პროცესი დედაჩემის დიაგნოზის დასმამდე დაიწყო და მისი ავადმყოფობის პერიოდშიც გაგრძელდა. საბოლოოდ, მისი დასრულება გლოვის შემდეგ შევძელი მუზეუმში ჩემი სოლო გამოფენისთვის „ტრიპტიქოსი“ (2021),

უძველეს ბერძნულ მითოლოგიაში ელიზიუმი სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის სიმბოლოა. ჩემს ინტერპრეტაციაში ეს იდეა თანამედროვე ხედვის პრიზმიდანაა წარმოდგენილი და კაცობრიობას მუდმივ ტრანსფორმაციაში მყოფ კოლექტიურ ძალად წარმოაჩენს. ეს აბსტრაქტულ-მეტაფორული ნამუშევარი თამამი ფუნჯის შტრიხებითა და ნათელი ფერთა პალიტრით გამოხატავს დინამიკურ, კინეტიკურ მოძრაობას. თავსატეხის ნაწილებივით ერთმანეთში გადახლართული პიქსელირებული ფიგურები ზედხედიდან სამყაროს კოსმოსურ ხედვას წარმოაჩენს. დაბადებაზე, სიკვდილსა და განახლებაზე მედიტაციით, ელიზიუმი მნახველებს სთავაზობს საკუთარ ცხოვრებაზე და იმ უხილავ გზებზე დაკვირვებას, სადაც ჩვენი გამოცდილებები ერთმანეთში იხლართება. 

2020 წლის შემდეგ მე ყველა ნამუშევარს ორი სახელით ვაწერ ხელს: ჩემი და დედაჩემის. ის ჩემი არსებობის შემოქმედია, ჩემი მეშვეობით კი ჩემი ხელოვნების ჩუმი თანაშემოქმედი. ერთ დღეს, როდესაც მეც დავტოვებ ამ სამყაროს, ეს ნამუშევრები დარჩება. მათთან ერთად კი ორი სახელის სიცოცხლეც გაგრძელდება: ლევანი (ხათუნა). 

Elysium, 2021. Oil and acrylic on canvas, 200 × 250 cm (78.74 × 98.43 in). The National Gallery, Tbilisi. Now in the permanent collection of the Breus Foundation.

დედის გარდაცვალების წლისთავზე გახსნილი მასშტაბური გამოფენა მისი ხსოვნის პატივისცემასთან ერთად გარდამტეხი მომენტიც არის. პირადი მწუხარების და საჯარო ზეიმის ურთიერთქმედებამ როგორი გავლენა იქონია ამ გარდამტეხი მომენტის ფორმირებაზე? 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი პირველი მუზეუმი იყო, სადაც დედამ ბავშვობაში წამიყვანა. ახლაც მახსოვს, როგორ დაიხარა და ჩამჩურჩულა: „ერთ დღესაც აქ შენს ნახატებს დაკიდებენ.“ ამას ის ვერ მოესწრო. სამართლიანობის შეგრძნებას მხოლოდ ის მიჩენდა, რომ მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ეს გამოფენა სწორედ იქ გაიმართებოდა – იმავე წმინდა სივრცეში – იქ, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა ის ნახატი, ელიზიუმი, რომლის შექმნასაც დედაჩემი ცხოვრების უკანასკნელ დღეებში ადევნებდა თვალს. 

Window Project Gallery-სა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ ორგანიზებული გამოფენა ისე გაიხსნა, საზოგადოებისთვის უცნობი იყო, დედაჩემის ხსოვნას რომ ეძღვნებოდა. არც ის გამოცხადებულა, რომ მხოლოდ ერთი ნახატი იქნებოდა წარმოდგენილი. არც ამ ნახატის შექმნის ისტორია გაჟღერებულა. ნამუშევარი პირდაპირი ნარატივის ხაზს არ მიყვება. გამოფენას ყოველ დღე ათასობით მნახველი სტუმრობდა არა მხოლოდ მთელი ქვეყნიდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც. მიუხედავად იმისა, რომ იქ ვიდექი, უამრავი ადამიანით გარშემორტყმული, ყველაზე ღრმა და ეგზისტენციალურ მარტოობას ვგრძნობდი, ისეთს, როგორიც არასდროს განმიცდია. ეს გრძნობა ჩემი სახელოსნოს კარის დახურვისთანავე ქრება. 

მუსიკა თქვენთვის შთაგონების წყაროა. შეგიძლიათ გაიხსენოთ ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც კონკრეტულმა მუსიკალურმა ნაწარმოებმა თქვენს ვიზუალურ ნარატივში გარღვევა გამოიწვია? 

– 2015 წელს, ქალაქის მოუსვენარი ენერგიის ფონზე, დავესწარი წარმოდგენას ლინკოლნ ცენტრის Appel Room-ში. ეს იყო საღამო, როდესაც სტივ რაიხი ესაუბრებოდა სტივენ სონდჰაიმს და სონდჰაიმის ფუნდამენტური ნაწარმოებები სრულდებოდა. ჩემთვის მუსიკა ხშირად ხატებად გარდაიქმნება. იმ ღამეს მოსმენილი რიტმული გამეორებები ქაოსური შავი ლაქებისა და მყიფე თეთრი სილუეტების სახით გაიშალა როგორც იაპონური მელანი, რომელიც ბრინჯის ქაღალდიდან გადმოდის. თავდაპირველად, გაყინულ უდაბნოში მოცურავე პინგვინები დავინახე. თანდათან ეს ემიგრაციაში მიმავალი ქალების მსვლელობად ტრანსფორმირდა. ამ ხილვამ შექმნა Idem et Idem.

წლების შემდეგ, 2022 წელს, ირანში ჰიჯაბის შესახებ კანონის წინააღმდეგ პროტესტმა ამოხეთქა. ქალებმა თავსაბურავები დაწვეს და საკუთარი თმისგან მოქსოვილი ბანერები ასწიეს. ეს ხატები ჩემთვის უკვე აკვიატებული და ძალიან ნაცნობი იყო – თითქმის იდენტური იმისა, რაც შვიდი წლის წინ დავხატე.

2018 წელს, ლეგენდარული კომპოზიტორი, გია ყანჩელი ჩემს პერსონალურ გამოფენას ეწვია. Idem et Idem ნახატების სერიიდან ერთერთმა მასზე ძალიან იმოქმედა. მოგვიანებით, მან თავის უკანასკნელ კომპოზიციას ამ ნამუშევრის სახელი დაარქვა და მსოფლიო პრემიერისთვის სასცენო ინსტალაციად გამოიყენა. ის შემდეგ წელს გარდაიცვალა. ეს მომენტი სულ თან დამყვება და მშვიდი მოწიწებით ვუფრთხილდები.

Idem et Idem, 2016. Oil and acrylic on canvas, 152.4 × 182.88 cm (60 × 72 in).

The System of Objects, 2018. Collaboration with Issey Miyake. Installation by Levan Songulashvili, fashion design by Issey Miyake, choreography by the Sukhishvili National Ballet. Ph by Yuriko Takagi, Tbilisi. Courtesy of AMARTA Magazine.

The System of Objects (installation view), 2018. Spatial video-sculpture installation: 7-channel video projection, polystyrene spheres, threads; dimensions variable. Exhibition: The Equinox, YARAT Contemporary Art Centre, Baku, 2024. Ph by Giorgi Dadiani. Courtesy of the artist.

მოძრაობას და მიგრაციას თითქმის კინემატოგრაფიული ხარისხის სიზუსტით ასახავთ. აღიქვამთ თუ არა თქვენს ხელოვნებას ვიზუალურ მოგზაურობად, რომელიც ადამიანის სულის ტრანსფორმაციის გზებს ასახავს

– ჩვენ, ადამიანები, ცხოვრების ციკლურ რიტმსა და არსებობის გარდაუვალობას შორის მოქცეულ სივრცეში ვართ გამოკიდებულნი. ამ ორი სივრცის გადაკვეთის საზღვარზე, ჩვენ ან ვემორჩილებით დინებას და მივყვებით მას, ან ვეწინააღმდეგებით და დინების საწინააღმდეგოდ ვცურავთ. ჯოზეფ კემპბელის მონომითის, „ათასსახოვანი გმირის” მსგავსად, ცხოვრება დაბადებიდან სიკვდილამდე უწყვეტი გზის სახით იშლება, რომელზეც უთვალავი წასვლის და დაბრუნების წერტილია მონიშნული. ყოველი მოგზაურობა გვცვლის. ყოველი განსაცდელი აღრმავებს ჩვენს ცნობიერებას. და ყოველი დაბრუნებით, ჩვენ ისევ თავიდან ვპოულობთ საკუთარ თავს – ტრანსფორმირებულს, შეცვლილს, ახალი ხედვით და დამოკიდებულებებით. 

ხშირად კაცობრიობას უზარმაზარ ბიბლიოთეკად აღვიქვამ. ზოგიერთი სიცოცხლე ღრმა და მრავალშრიანი ეპოსივით იკითხება; ზოგი ცხოვრება კი ფრაგმენტული და ელიფსური ტექსტია. როგორც იტალო კალვინოს „თუ ზამთრის ღამით მოგზაურში“ ხდება, ჩვენ ცვალებად ნარატივებსა და დაუსრულებელ ამბებში ვმოძრაობთ, მოუხელთებელ მნიშვნელობებსა და დანაწევრებულ ხმებში ვმოგზაურობთ. ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ გაურკვევლობით გამოწვეულ დისკომფორტს – არცოდნის ტკივილს, გადაწყვეტილების მიღებისკენ სწრაფვას. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც მტკიცედ ვაგრძელებთ, ერთი ფურცლიდან მეორეზე გადავდივართ, რადგან ცნობისმოყვარეობა და მარად ამოუცნობის ამოცნობის სურვილი გვმართავს.

საბოლოოდ, როდესაც წიგნი იხურება, ვიწყებთ იმის გაცნობიერებას, რომ მოგზაურობის მიზანი არასდროს ყოფილა დასასრული. ამბავი სრულყოფილია არა იმიტომ, რომ დასრულდა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გადაგვხდა. შესაძლოა, ამბის დასასრული ჩაფიქრებულიც კი არ იყო. „წითელი ჰორიზონტები“ ჩემი ერთ-ერთი მთავარი სერიაა, რომელიც 2019 წელს მადრიდში უაღრესად ინტროსპექციული მოგზაურობის შემდეგ დაიბადა. ჰორიზონტი – როგორც ვიზუალური და ფილოსოფიური კონსტრუქტი – ჩემი მოგზაურობის ათვლის წერტილი გახდა. ეს ის ხაზია, რომელსაც ვხედავთ, მაგრამ ვერასდროს მივაღწევთ, ილუზია, რომელიც ჩვენი აღქმის საზღვრებს ნიშნავს. ერთ მხარეს, მე დატყვევებული ვდგავარ მისი დიადი დანაპირების წინაშე; მეორე მხარეს კი მეორე დამკვირვებელი ამავე განცვიფრების გრძნობას ირეკლავს. ძიების საერთო წყურვილით მიღებული გამოცდილებები გვაერთიანებს, რეალობების აღქმის სუბიექტურობა კი გვაშორებს ერთმანეთს. 

ჰორიზონტი განასახიერებს საზღვარს, რომელიც მუდმივად მიუღწეველი რჩება. ეს ადამიანის არსებობის ფუნდამენტურ პარადოქსს გამოხატავს: უწყვეტ სწრაფვას მიუღწევლისკენ. ჩვენი განმსაზღვრელი დანიშნულების ადგილი კი არ არის, არამედ მოძრაობა, ტრანსფორმაცია და უხმაურო განვითარება. ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც წინ მივიწევთ. 

ხანდახან ვფიქრობ, ხელოვნება რეალობას ჰბაძავს თუ პირიქით. ისტორია გვთავაზობს საოცრად მისტიკურ მომენტებს, როდესაც ტილოდან გამოსახულებები პირდაპირ სამყაროში გადაინაცვლებს. 2023 წელს ჩემი ტილოების ერთ-ერთი სერიისთვის სცენა დავხატე: ფიგურები, რომლებიც ქანდაკების მოკვეთილ თავს დაატარებენ უკაცრიელ ლანდშაფტში. რამდენიმე თვის შემდეგ, 2024 წელს, იგივე სურათის გაცოცხლების მოწმე გავხდი სირიაში, დამასკოში, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემის დროს. ეს მომენტები ერთმანეთისგან განცალკევებული არ არის. 

კონკრეტულობა, როგორც ფორმა, არ მიზიდავს. როგორც ხელოვანი, მხოლოდ მეტამორფოზას ვემორჩილები – როდესაც ცალკეული, სპეციფიკური შემთხვევა უნივერსალურ იდეად გარდაიქმნება და პირიქით- უნივერსალურიდან ისევ კონკრეტულისკენ ბრუნდება. მე მკაფიო ზღვარს ვავლებ პორტრეტსა და სახეს შორის: პორტრეტი კონკრეტულს უკავშირდება, სახე კი აბსტრაქციის სფეროს ეკუთვნის. აბსტრაქცია პირდაპირ შეგრძნებას ეხმიანება, სწორედ ამიტომ შეუძლია მუსიკას ასე შეგვძრას თავისი უწმინდესი ფორმით.

იშვიათად ვხატავ ზრდასრულთა პორტრეტებს. მათ უკვე მყარად აქვთ მორგებული სოციალური ქსოვილი – საზოგადოება თავად ხდება კულტურის კოლექტიური სახე. რატომღაც, ბავშვების სახეები მიზიდავს. მათი ნაკვთები ხშირად აბსტრაქტულად, არქეტიპულადაც კი გამოიყურება, ზოგჯერ კი ეგვიპტური სფინქსების მარადიული გამოცანის ასოციაციას აღძრავს.

არის რაღაც ღრმად იდუმალი ბავშვის იმ მზერაში, როდესაც ზრდასრულ ადამიანს შესცქერის. მათი მზერა არ არის ზედაპირული და თითქოს რაღაც დამალულს ეძებს. ასაკის მატებასთან ერთად ჩვენ ამ უნარს ვკარგავთ. ზრდასრულობა ხშირად სიღრმიდან ზედაპირზე გადასვლას აღნიშნავს, შინაგან სიღრმეებში დაბრუნება კი ასაკის მატებასთან ერთად გაცილებით უფრო ძნელი მისაღწევი ხდება.

Red Horizons (detail), oil and acrylic on canvas, 60 × 72 in, 2023.

 Red Horizons (diptych), oil and acrylic on canvas, 72 × 129 in, 2023.

Matryoshka, 2024. Oil and acrylic on wood panel, 92 × 92 cm (36 × 36 in).Matryoshka, a system where multiple figures reside within one body, and one body exists within multiple figures.

– თქვენი ხელოვნება მოძრაობისა და უძრაობის ღერძზე მოქმედებს, ისევე როგორც ხმასა და სიჩუმეს შორის დიალოგი. როგორ ახერხებთ ამ ბალანსის შენარჩუნებას თანამედროვე ცხოვრების ქაოსში?

 1882 წელს დაწერილ ნაშრომში ფრიდრიხ ნიცშემ ცნობილი ფრაზა თქვა: „ღმერთი მოკვდა. ღმერთი მკვდრად დარჩება. და ჩვენ მოვკალით ის”. ათწლეულების შემდეგ, 1915 წელს, კაზიმირ მალევიჩმა წარმოადგინა ნახატი „შავი კვადრატი”. 1952 წელს ჯონ კეიჯმა შექმნა 4′33″, ნაწარმოები, რომელიც სამი მოძრაობისგან შედგება, რომელშიც შემსრულებლები არცერთ ნოტს არ ასრულებენ.

კომპოზიტორმა და მკვლევარმა, კაილ განმა მოგვიანებით ეს ნაწარმოები აღწერა, როგორც „ჩარჩოში ჩასმის აქტი“, ნაწარმოები, რომელიც „ხელოვნებასა და ცხოვრებას შორის ტრადიციულ საზღვრებს შლიდა“. კეიჯმა მოგვიწოდა მოსმენის განსხვავებული მანერისკენ, თუ გვინდა, რომ ყველაფერი გვესმოდეს.

ამ მომენტების ერთობლიობა ღმერთის, ხელოვნების, მუსიკის და მნიშვნელობის განახლებული, რადიკალური განსაზღვრებების ხაზს ქმნის. ეს განსაზღვრებები მიგვანიშნებს, რომ დასასრული, როგორი უკიდურესიც არ უნდა იყოს, შესაძლოა, დასაწყისის ნიშანი იყოს. დაბადება თავისივე არსში გულისხმობს სიკვდილის იდეას, ისევე როგორც სიკვდილმა შეიძლება გზა გაუხსნას რაღაც ახალს, როგორც ეს სააღდგომო ჰიმნშია ნათქვამი: “სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი”. 

დეპრესიაც კი ამ პარადოქსის მატარებელია. არა თავის სიბნელეში, არამედ იმაში, რაც ამ სიბნელისგან გამოსვლას შეიძლება მოჰყვეს. ტანჯვას შეუძლია დაანგრიოს ის, რაც აღარ არის სასიცოცხლო და მის ნაცვლად სივრცე გაათავისუფლოს უფრო ღრმა და არსებითი რამისთვის, რომელიც ფესვს გაიდგამს. სიზიფეს მითიც ამაო გამეორების სიმძიმეს განასახიერებს – შრომას, რომელსაც არსად მივყავართ, ძალისხმევას – ტრანსფორმაციის გარეშე. ამის საპირისპიროდ, ჯვარცმა არ არის უბრალოდ დასასრული, არამედ ზღურბლი: დაღმართი, რომელიც ტრანსცენდენტურობისკენ მიდის. ეს არის გზა, რომელიც ტანჯვას ამაღლებად გადააქცევს.

ეს ორი არქეტიპი ადამიანური ბრძოლის სხვადასხვა განზომილებას გამოხატავს. ერთი ჩაკეტილ წრედში გვახვევს; მეორეს კი უფრო დიდი რაღაცისკენ მივყავართ. განსხვავება თავად ტკივილში კი არა, მის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებაშია – ტკივილის სიმძიმე გვტანჯავს, თუ მისგან გარდაქმნას ვახერხებთ.

არსებობს მტანჯველი ჭეშმარიტება იმ აზრში, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთი ადამიანის სიკვდილს შეუძლია გული გატკინოს, ბევრი სიცოცხლის დანაკარგი ხშირად აბსტრაქციად იქცევა – რიცხვები, რომლებიც მოგვადუნებს და არ შეგვძრავს. ეს განსაკუთრებით პანდემიის დროს ვიგრძენი. როდესაც ყოველდღიური სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაცია ამინდის პროგნოზივით გადაიცემოდა. თითოეული ციფრის უკან სიცოცხლე იყო: ხმა, ისტორია, ურთიერთობების თანავარსკვლავედი, მაგრამ ისინი ჩუმად, თითქმის ანონიმურად ქრებოდნენ.

ამის გაცნობიერებას გამომაფხიზლებელი ეფექტი ჰქონდა: რამდენად ადვილად შეიძლება ადამიანის მონაცემებამდე დაყვანა და როგორ ხდება მწუხარება უხილავი მგლოვიარეთა წრის მიღმა. ამ გამოცდილებამ გაამყარა ჩემი რწმენა ხელოვნებაში ემოციური ჭეშმარიტების უმნიშვნელოვანესი როლის შესახებ. ხელოვნებას აქვს ძალა, აღადგინოს გრძნობა იქ, სადაც ის ჩახშობილია – გააღვიძოს მგრძნობელობა სამყაროში, რომელსაც სულ უფრო და უფრო მეტად მართავს ალგორითმები, სიჩქარე და ავტომატიზაცია. ეს გვახსენებს, რომ ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანები ვართ.

The Jellyfish, oil and acrylic on canvas, 72 × 60 in, 2017.

წყარო: https://www.art-summit.com/levan/?fbclid=IwY2xjawK_PE5leHRuA2FlbQIxMABicmlkETFuY1o4bXlnTVdVVDZJV083AR6A2RJHQFvWouSItbC9S3C_Oq6sTAS1OUQKM34zIYz9Z8ef8EtsebjLNTY65A_aem_ufwo722zX1NeZ3K2umrcbA

© არილი


Facebook Comments Box