ინტერვიუ

ინტერვიუ ნატო ინგოროყვასთან – „თუ მიღწეულმა სიმშვიდე მოგგვარა, როგორც ჩანს, მთავრდები“

ესაუბრა თაკო წულაია

ცოტა ხნის წინ გამომცემლობა ინტელექტმა ნატო ინგოროყვას ახალი პოეტური კრებული, „ისმის ჩემი ხმა?“ დააანონსა, რომელშიც ბოლო სამი წლის განმავლობაში დაწერილი ლექსებია თავმოყრილი. „როცა სიკვდილზე თამამი“ არაფერი იყო, ნატო ინგოროყვა ახალ კრებულზე მუშაობდა. ინტერვიუ სწორედ ამ სიახლეზე საუბრით იწყება, შემდეგ კი ავტორი გვიზიარებს საკუთარ შეხედულებებს როგორც ზოგადად პოეზიის, ასევე კონკრეტულად თანამედროვე ქართული პოეზიის შესახებ; გვიმხელს, რომელ წიგნში უწყვია ახლა სანიშნეები და განმარტავს, რატომ ცოცხლდებიან მის ლექსებში ქალაქები. გვესაუბრება იმის შესახებ, თუ რა არის უცვლელი მის ლექსებში, ფორმისა თუ სტილის ცვალებადობის მიუხედავად.

 

„სადგურებს შორის“, „Porcellanae პოეზია“, „ნედლები და ხმელები“, „უკარო სახლი“, „კარტოფილის ამოღება“ – ამ ჩამონათვალს სულ მალე კიდევ ერთი სათაური – „ისმის ჩემი ხმა?“ შეემატება. კრებულს „ინტელექტი“ გამოსცემს. უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ, მერე კი მაინტერესებს, რას უნდა ელოდოს მკითხველი ახალი კრებულისგან? მისი სათაური კონკრეტულ ადრესატს მიემართება, საზოგადოდ, მკითხველს თუ განსაზღვრული არ არის და მთლიანად ინტერპრეტაციის საგანია?

ინტერპრეტაციის საგანიცაა და ადრესატებიც ჰყავს. წიგნში პანდემიის პერიოდში დაწერილი ლექსებია შესული და „ისმის ჩემი ხმა?“ ის კითხვაა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიმეორებდი სტუდენტებთან, თანამშრომლებთან, მეგობრებთან კომუნიკაციის დროს. ცხადია, მხოლოდ კავშირის ტექნიკური გამართულობა არ მაღელვებდა… მწერლებს სათქმელის განზოგადება გვიყვარს და შესაძლოა, გვევალება კიდეც, ის სხვებისთვისაც არსებითი გავხადოთ. ახალი წიგნი თავისებური სიხარულიცაა და უხერხულობაც. გულის სიღრმეში, როგორც ელფრიდე იელინეკი ამბობდა, ჩვენ ჩვენს სანაგვე ყუთებს ვცლით წერისას, სანაგვე ყუთის დაცლა კი ძალიან პირადი ამბავია და მისი შიგთავსის გამოფენა – არცთუ ისე ადვილი.

„ნედლები და ხმელების“ შესახებ დაწერილ სტატიაში ვკითხულობთ: „ნატო ინგოროყვას წიგნს ეტყობა, რომ ძალიან სკრუპულოზურად, დიდი ყურადღებითაა შედგენილი და მასში კარგად ჩანს რედაქტორის თუ ავტორ-რედაქტორის ხელი. ასე რომ, მკითხველს შეუძლია, ლექსების კითხვასთან ერთად განლაგებაში არსებული გარკვეული ლოგიკის აღმოჩენითაც მიიღოს სიამოვნება“. ახალ კრებულში რა ლოგიკის აღმოჩენა შეიძლება, რა პრინციპით შეირჩა ლექსები, რა აერთიანებთ მათ?

მალხაზ ხარბედიას ეს წერილი რომ წავიკითხე, უნდა ვაღიარო, არ გამკვირვებია, რომ ლექსების განლაგების ლოგიკა შეამჩნია – გამიხარდა. ახალ კრებულში კი ლექსები თემატურად დალაგდა და მიუხედავად იმისა, რომ წიგნი დიდი არ არის, მკითხველს სამი კარის გაღება მოუწევს – „თავიდან მოსაშორებელი ამბების“, „სამშობლოსა და მართლწერის“ და „ჩემი სავალდებულო ფიქრების“.

თქვენს ერთ-ერთ ლექსში, რომელიც 2010 წელს „არილში“ გამოქვეყნდა, ვკითხულობთ: „რასაც ვწერ – იმას ვცხოვრობ“. ოთარ ჭილაძესთან კი შებრუნებულ დამოკიდებულებას ვხვდებით: „მე ჯერ ვცხოვრობდი და მერე ვწერდი, როგორც ვცხოვრობდი – კარგად თუ ცუდად”. ამ თორმეტი წლის განმავლობაში შეიცვალა თუ არა ცხოვრებისა და ტექსტის ურთიერთმიმართება თქვენთვის? როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ტექსტს ავტორის ცხოვრებაზე?

ჩვენ გვიყვარს ერთმანეთისთვის სიტყვის მაგიური ძალის შეხსენება და იმაზე საუბარი, რომ რაც დაწერე, ხშირად წარსულის კი არა, მომავლისაა, ახლაღა უნდა მოხდეს. ავტორი არ არის თავისი ტექსტი და არც უნდა იყოს, თუმცა ტექსტმა შესაძლოა მოახდინოს გავლენა მის ცხოვრებაზე, რადგან ავტორი მკითხველიც არის. რაც შეეხება ოთარ ჭილაძის დამოკიდებულებას, ვფიქრობ, ჩვენ ერთსა და იმავეს ვამბობთ. „იმას ვწერთ, რასაც ვცხოვრობ“ გულისხმობს, რომ რასაც ვცხოვრობდი, იმაზე ვწერდი.

თქვენი ლექსების მნიშვნელოვანი პერსონაჟია ქალაქი. თითოეული ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია, რომლისთვისაც „არაფერი ადამიანური უცხო არ არის“ და ხშირად პიროვნებისთვის დამახასიათებელ თვისებებს ავლენს. შეიძლება, იყოს თვალთმაქცი, თავგადასავალს გიმზადებდეს ყოველი ახალი მოსახვევით… ამიტომაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის განსაზღვრავს მასში მცხოვრები ადამიანების ბედს და მათ შორის, რა თქმა უნდა, ავტორის ბედსაც. რამდენად ეთანხმებით ასეთ ინტერპრეტაციას, ნამდვილად ცოცხლდებიან თქვენი „ქალაქები“? და თუ ასეა, რატომ?

გზის მწერალი ვარ, გზაში ვწერ და ქალაქებში გადაადგილებისას. დანარჩენი დრო რუტინას მიაქვს. ალბათ ამიტომაც თავისთავად მოინიშნა ჩემს ლექსებში ისინი ცოცხალ ორგანიზმებად, ლამპიონებით, ხიდებით, მოსახვევებით, არხებით, კედლებით, საათებით. როგორც იტალო კალვინო ამბობს „უხილავ ქალაქებში“ – ხსოვნის, სურვილების, ნიშნების, ვაჭრობის, განსხვავებული მზერის, უცნაურობების, მიცვალებულების, სხვადასხვა ფერისა და სიმაღლის ცის, უსასრულო თუ ფარული. მწერალსაც ეს სჭირდება. ზოგჯერ თავს იტყუებს, რომ დაიმორჩილა. მაგრამ მგონია, რომ არცერთი ქალაქი არ არის ბოლომდე გახსნილი არც მოგზაურისთვის და არც მკვიდრისთვის. უხილავი ბმები ავტორსა და ქალაქს შორის არსებობს და მისი ბედის განსაზღვრაშიც მონაწილეობს. თუმცა ამ ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობაა. ზოგჯერ ადამიანების გამო ხდება ქალაქი ცნობილი და სულიერიც. მეტიც: მწერალი არარსებულ ადგილებს იგონებს და მკითხველს ახალი მხატვრული სივრცის არსებობაში არწმუნებს. ყოველთვის მჯეროდა, რომ ფოლკნერის ჯეფერსონიც და მარკესის მაკონდოც არსებობს.

პოლ ვალერი წერდა: „პოეტური იდეა ის იდეაა, რომელიც, პროზით გადმოცემული, კვლავ ლექსად გარდათქმას მოითხოვს“. თქვენ როგორ განსაზღვრავდით პოეტურ იდეას? რა არის ის, რაც ლექსების წერისკენ გიბიძგებთ?

მწერლებს შეგვიძლია ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების გადმოცემა და დაცვა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, მკითხველს სინამდვილის ასახვაზე მეტი სჭირდება. ამიტომაც აკითხავს ის ხელოვნებას. პოეზიას აქვს უპირატესობა, დაგაჯეროს და თან მის მიღმა არსებულ აღმაფრენასა და იდუმალებას გაზიაროს.

პოეტს შემოქმედებისთვის ყოველთვის სჭირდება ცვლილებები და სიახლეები. თემები შეიძლება გამეორდეს, მაგრამ ახალი შინაარსით, ახალი სათქმელით. თუ მიღწეულმა სიმშვიდე მოგგვარა, როგორც ჩანს, მთავრდები. გზა მაშინ გრძელდება, როცა ჯერ კიდევ გჯერა, რომ აღმოსაჩენი გაქვს ის, რაც უხილავია, რაც დამალულია, რაც ჯერ კიდევ არ მოგცემია, მაგრამ შენია.

პოეტობა მისწრაფებას გულისხმობს და არა საქმიანობას. „პოეტი“ არ არის ის არსებითი სახელი, რომელიც რაღაც კონკრეტულის მიღწევის შესაძლებლობას აღნიშნავს“, – წერს ლუიზ გლიკი ესეში „პოეტის განათლება“ და ჩემი შინაგანი ხმაც უდასტურებს ახლა უკვე ნობელიანტ პოეტს ამ მოსაზრებას.

„როცა ფრაზა,

რომ ისევ კითხულობ ბორხესს,

სოციალურ ქსელში უფრო ნაკლებ ინტერესს იწვევს,

ვიდრე ფოტო, საიდანაც

წიგნის თაროზე მოკალათებული შენი კატა

ნიშნის მოგებით შემოგცქერის“.

ასეთ რეალობაში, როცა თვალს ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ უფრო ხმაურიანი მოვლენები იტაცებს, რამდენად აქვს შანსი ლიტერატურას, ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყროს და კვლავ განხილვის საგნად დარჩეს?

ლიტერატურა გამძლეა და ჯიუტი. ის ატიპური და ხმაურიანი ამბების მატარებელიცაა, ამიტომ მის ბოლო გაჩერებას ვერ ვხედავ. მანამდე მაინც, სანამ სამყარო და ადამიანი არსებობს. მერე – ვინ იცის…

თუ, როგორც თქვენ წერთ, „ყველა სიტყვა ტანსაცმელია, სამალავი და შესაფუთი“, მაშინ რა არის ლექსის ფუნქცია – ავტორის გამჟღავნება თუ გამომსახველობით ფორმებში სინამდვილის დამალვა?

მწერლის შემოქმედებაში არის ეტაპი, როცა ენა შთაგონებაა და მისგან გამომდინარე იქმნება ლექსის შინაარსიც და ფორმაც; არის ეტაპი, როცა, პირიქით, ლექსის თემა განსაზღვრავს ენობრივ პოზიციას. ზოგჯერ ლექსს ხედავ და ისე წერ. მწერლისთვის სიტყვა შესაფუთი საშუალებაა, თუმცა მკითხველის ინტერპრეტაცია და მის მიერ შენი სათქმელის გათავისება ხშირად გაშიშვლებს. მწერალმა, რომელიც, როგორც ზემოთ ვთქვი, იმავდროულად მკითხველიცაა, იცის ამ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ამიტომაც იცვლის ხშირად პოეზია სტილს. ეს ცვალებადობა არ ამცირებს პოეზიისადმი ნდობას, თუმცა, როგორც შეიმას ჰინი ამბობს, მეც „ენის მმართველობისკენ“ ვარ.

დიდი ხანია, წერთ, შესაბამისად, შეგიძლიათ, დააკვირდეთ თქვენს შემოქმედებით გზას. ახლა, როცა ახალ კრებულს გამოსცემთ, როგორ აღიქვამთ ძველ ლექსებს? რა შეიცვალა თქვენში როგორც ავტორში?

შეიცვალა ფორმა, სტილიც, იცვლება თემატიკაც, თუმცა არის მარადიული თემებიც. სიტყვებს უფრო მომჭირნედ ვიყენებ. რაც არ შეცვლილა, ჩემი გულწრფელობაა. არ არის ადვილი, ვინმეს შენი ფიქრი გაუმჟღავნო და არ გეშინოდეს. მედიუმები არაერთგვაროვანი და თავისებური ხალხია. მწერალი ხშირად არ არის მზად ამ სხვადასხვაგვარობისთვის. არ ემეტება არც წასაშლელად და არც კრიტიკისთვის სიტყვები, რომლებიც დაწერა.

„მწერალი – ან ნებისმიერი ადამიანი – იარაღად უნდა აღიქვამდეს ყველაფერს, რაც გადახდება“. თქვენ თუ ახერხებთ წარსულის იარაღად აღქმას, როდესაც წერთ? თუ მეყსეულ, აწმყოში განცდილ ემოციებს უფრო აქცევთ „იარაღად“?

წარსულისგან ბოლომდე ვერავინ გათავისუფლდება. გამოცდილება მწერლის აუცილებელი ინსტრუმენტია. სიტყვა „იარაღზე“ მხოლოდ ერთი სიტყვა მახსენდება – „მშვიდობით“. მწერალი რეკომენდაციებივით აპარებს ზოგჯერ ლექსებში თავის გამოცდილებას და მკითხველს მინიშნებებს უტოვებს. არიან გზამკვლევი ლექსებიც. თუმცა, როგორც ოსიპ მანდელშტამი ამბობდა, პოეტი „სივრცის ქურდია“ და, აქედან გამომდინარე, ვერასოდეს იქცევა იმად, რასაც მისგან მოითხოვენ. პოეზიაც პოეტივით გაუთვალისწინებელია. ასე რომ არ იყოს, არ გვეყოლებოდა ვაჟა-ფშაველა, არ გვეყოლებოდა გალაკტიონი…

თანამედროვე ქართულ პოეზიაზე რას ფიქრობთ? რამდენიმე საერთო ნიშნის გამოყოფა რომ გთხოვონ, რას დაასახელებთ?

დღეს საქართველოში საინტერესო პოეზია იქმნება. მრავალფეროვანია ავტორების თემატიკა და განსხვავებულია ენა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბოლო წლებში ქართული პოეზია ითარგმნა და ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ, პოლონურ, უკრაინულ თუ სხვა ენებზე მკითხველებისთვის განზოგადდა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც ჩვენი პოეზია განაზოგადა, ალბათ ის არის, რომ ჩვენს ლექსებს სათქმელი აქვთ და ის სხვებმაც მოისმინეს.

ჰაუსმენი ამბობდა, რომ კარგ პოეზიას ამოვიცნობთ ჟრჟოლით, რომელსაც მისი მოსმენისას განვიცდით. თქვენ რა ხერხი გაქვთ კარგი პოეზიის ამოსაცნობად? განცდის ხარისხით შესაძლებელია პოეტური ტექსტების შეფასება? შეიძლება, ემოციის გაღვიძების უნარი ლექსის მხატვრულ ღირებულებაზე მიანიშნებდეს?

ჰაუსმენთან კამათს არ ვაპირებ, უბრალოდ, იქ რომ ვყოფილიყავი, ვკითხავდი: „ეს საკმარისია?“ შესაძლოა, მოსმენისას გაჟრჟოლებდეს და ეს საჭიროც იყოს ლექსისთვის, მაგრამ პოეზია მხოლოდ მოსასმენად არ იწერება. ჩემთვის ის უფრო ინტიმური ამბავია. ამით ლექსის კითხვა ლექსის წერას ჰგავს. თუმცა პოეზია სქემატური, მშრალი და ემოციისაგან დაცლილიც ვერ იქნება.

შეგიძლიათ, დაასახელოთ თანამედროვე ქართული პოეტური ტექსტები, რომლებიც ზუსტად ერგება კარგი პოეზიის თქვენეულ დეფინიციას?

კარგი ტექსტების დასახელება შეფარვით კარგი პოეტების დასახელებას გულისხმობს და ამ ნაწილს თავს ავარიდებ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ კარგი პოეზიის შემქმნელები ნამდვილად გვყავს და მათ შორის გამორჩეულად ისმის ქალების ხმა.

რომელ ავტორებს კითხულობდით ადრე? ახლა? ის, რასაც კითხულობთ, განაპირობებს თუ არა იმას, რასაც წერთ?

ავტორები, რომლებსაც ვკითხულობდი ან ვკითხულობ, ბუნებრივია, იცვლებიან. რაც შეეხება გავლენას – არც უამისობაა, ისევე როგორც მუსიკის, მხატვრობის. ვინც წამიკითხავს, მათი ჩამონათვალი ვრცელია. რას ვკითხულობ ახლა, შემიძლია გითხრათ. ჩვევად მაქვს რამდენიმე წიგნის პარალელურად კითხვა. სანიშნეები აწყვია მატიას ენარის „კომპასში“, მარგარეტ ლორენსის „ქვის ანგელოზში“, ოლგა ტოკარჩუკის „წიგნი იაკობისა ანუ დიდ მოგზაურობაში“ და არუნდატი როის „უზეშთაესი ნეტარების სამინისტროში“. სხვადასხვა ავტორის პოეზიის წაკითხვა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია.

ერთ-ერთ ლექსში „თვითმყოფადსა“ და „თვითნაბადს“ „პოეზიისთვის უხერხულ სიტყვებად“ მოიხსენიებთ. არსებობს სიტყვები, რომლებიც არ შეიძლება მოხვდეს ლექსში? ან ისეთი თემა თუ გახსენდებათ, რომელსაც წერისას არასოდეს შეეხებით?

ყველა სიტყვას, რაც კი ენაში არსებობს, შეუძლია, პოეზიის ნაწილი გახდეს. ეს ავტორის ოსტატობაზეა დამოკიდებული. თუ რომელიმე თემაზე არ დამიწერია, არა იმიტომ, რომ ამაზე არ უნდა იწერებოდეს, – უბრალოდ, ვერ დავწერე და შესაძლოა, სხვა დროს დავწერო. „თვითმყოფადს“ და „თვითნაბადს“ რას ვემართლებოდი, სიმართლე გითხრათ, ვერ ვიხსენებ.

კვლავ თქვენს ახალ კრებულს დავუბრუნდეთ. სოციალურ ქსელში წერდით, რომ ის იმ სამი წლის განმავლობაში დაწერილ ლექსებს მოიცავს, როცა სიკვდილს პირდაპირ თუ მეტაფორულად თვალებში ჩახედეთ. როგორ აისახა ეს გამოცდილება თქვენს ტექსტებზე? ასეთი გამოცდილების შესახებ წერა მისი ანალიზია, გაქცევა თუ მისგან თავის დახსნის გზა?

წერა

თავიდან მოსაშორებელი ამბების გამო გამოიგონეს,

სინამდვილესთან შესახვედრად

პირდაპირი გზა თითქმის ყოველთვის მოჭრილია.

 

მას აქვს თავისი ბნელი მოსახვევები და იცის ყველა შიში,

რომელთა გამოც დაიწყე ის, რაც გზადაგზა ჩააკერე.

 

წერას

ვერც ფეხისწვერებზე მოსიარულე მწერლები გადაურჩებიან.

შიშიც უფრთხილდება თავის ღირსებას და

შეიძლება თავი წაგართვას.

 

მოგონებები წარსულისაა, მაგრამ არ გიშვებს

და მთავრდება მაშინ,

როცა საკუთარი თავისთვის სულერთი ხდები.

© არილი

Facebook Comments Box