თარგმანი,  ინტერვიუ

ინტერვიუ სვეტლანა ალექსიევიჩთან: უმეტესად ომის შემსწრე ბავშვები ნაადრევად იღუპებიან

ინგლისურიდან თარგმნა ელენე ფილფანმა

ინტერვიუერი: ლუკ ჰარდინგი

2019 წლის ოქტომბერში სვეტლანა ალექსიევიჩი ლონდონში ჩავიდა, რათა მიეღო ქალთა უფლებების დამცველთათვის განკუთვნილი ანა პოლიტკოვსკაიას  ჯილდო  და წაეკითხა ლექცია მოკლული რუსი ჟურნალისტის მოღვაწეობის შესახებ.

ამავე წლის ივნისში დიდ ბრიტანეთში მისი წიგნი “უკანასკნელი მოწმეები” გამოიცა, რომელიც თვითმხილველი საბჭოთა ბავშვების პერსპექტივით ჰყვება მეორე მსოფლიო ომის ტრაგედიას.

 

დიდ ბრიტანეთში რატომ ხართ?

ანა პოლიტკოვსკაიას გამო ჩამოვედი. დიდ პატივს ვცემდი და ძალიან მიყვარდა. 2005 წელს ოსლოში შევხვდი, რომელიღაც ცერემონიაზე. ბევრი ხალხი ირეოდა, მაგრამ ანა თითქოს თავისთვის იდგა, განმარტოებით. ერთად ყავა დავლიეთ, ვისაუბრეთ. საერთო თემა აღმოგვაჩნდა – ომი. ტრავმულ გამოცდილებების გამო ნერვულ აშლილობამდე ბევრი არაფერი აკლდა, დიდ ტკივილსა და იმედგაცრუებას ატარებდა. წუხდა, [ჩეჩნეთის] სიტუაციას რომ ვერაფერს უხერხებდა. დასავლეთს ვერ აგებინებდა. გამანდო, ბევრი რომ ემუქრებოდა მაგრამ 2006 წელს მისმა მკვლელობამ მაინც თავზარი დამცა. ამ გადმოსახედიდან, ვხვდები, მაშინ უკვე იცოდა, რაც მოხდებოდა, მეტიც – მზად იყო ამისთვის. როგორც მწერალს, ხშირად მიფიქრია რა უნდა ეგრძნო, სახლში მიმავალს ლიფტში შესვლისას მკვლელი რომ დაინახა. წარმოსადგენადაც რთულია.

“უკანასკნელი მოწმეები” რატომ დაწერეთ?

როცა ვიზრდებოდი, ძირითადი სასაუბრო თემა ყველგან და ყოველთვის ომი იყო. მოსმენილმა ამბებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ასეთი ისტორიები წიგნებში არასდროს ამომეკითხა, არადა ჩემს მშობლებს, სოფლის მასწავლებლებს სახლი წიგნებით სავსე ჰქონდათ. ირგვლივ ყველა ომზე ჰყვებოდა, ჩემი უკრაინელი ბებიაც.

სტუდენტობისას კი უნივერსიტეტში მხოლოდ საბჭოთა კავშირის დიდებულ გამარჯვებას ასხამდნენ ხოტბას, გულაგები არავის ახსენდებოდა. ვერ ვეგუებოდი, რომ ომის ოფიციალური სახე ასე განსხვავდებოდა თვითმხილველების ისტორიებისაგან. ამიტომ ქვეყანაში მოგზაურობა და ჩემი გაზეთისთვის მასალების შეგროვება დავიწყე. ამ დროს გადავაწყდი ერთ დედას ქალიშვილთან ერთად. გავაანალიზე, რომ ომგამოვლილი ბავშვები სულ სხვა ტიპის ტკივილს ატარებდნენ.  და ვიგრძენი, მათი ხმა საკმარისი იქნებოდა ახალი რომანის შესაქმნელად.

განსაკუთრებით რომელმა ამბებმა მიიქცია თქვენი ყურადღება?

გერმანელებს სჯეროდათ, რომ ბავშვებისგან შეგროვებული სისხლი დაჭრილების ყველაზე ეფექტურად კურნავდა. ამ მიზეზით კარგად ჩაცმულმა, გამოწყობილმა ჯარისკაცებმა ობოლთა თავშესაფარს მიაშურეს. ბავშვებს ეგონათ, მამაჩვენები დაბრუნდნენო და სიხარულით მიეგებნენ, გვერდიდან არ შორდებოდნენ.

საბჭოთა ლიტერატურაში ბავშვები პიონერი გმირები არიან. მასკულინური კულტურა კი ხოტბას ასხამს ომს. მე მსურდა ისეთი წიგნი დამეწერა, რომ თავად გენერლებსაც შეზიზღებოდათ ომის იდეა, როგორც კანიბალიზმის ერთგვარი სახე.

თქვენს რესპონდენტებს მოგვიანებით რა ბედი ეწიათ?

უმეტესად ომის შემსწრე ბავშვები ნაადრევად იღუპებიან. როგორც ჩანს, სულზე მივუსწარი წიგნის დაწერა. ერთი მოხუცი კაცი მთხოვდა, ჩამეწერა მისი მოგონებები სანამ დაგვიანდებოდა. მათთვის მნიშვნელოვანი იყო საკუთარი ხმა დაეტოვებინათ.

საწოლის გვერდით რა წიგნებს ინახავთ?

ახლა ორ წიგნს. ერთი სიყვარულზეა, ქალებზე და კაცებზე. მეორე სიბერეზე და იმ მომენტზე, როცა ადამიანი აცნობიერებს, დროა სიბნელეში გაუჩინარდეს. სიყვარული საჩოთირო რამაა. რუსული ლიტერატურა მარტო ახალგამოჩეკილ გრძნობას აღწერს. ამის შემდეგ კაცს ან აპატიმრებენ ან ომში უშვებენ. ეს დიდი პრობლემაა.

რომელ თანამედროვე მწერალს გამოარჩევდით?

რუს პოეტ ოლგა სედაკოვას. სამყაროს ფართო ხედვა აქვს. რუსისთვის უჩვეულოდ წერს. ძალიან განათლებული, რელიგიური და კომპლექსური პიროვნებაა, ძალიან საინტერესო პოეტი. ჰარუკი მურაკამისაც გამოვარჩევდი. დიდი ხანია ნობელისთვის წერს და იმედი მაქვს მიიღებს. მსოფლიო ლიტერატურას ისე კარგად არ ვიცნობ, ხოლო რუსულ თარგმანებში ძირითადად ორიგინალის ღირსება იკარგება.

რომელ წიგნს თუ მწერალს უბრუნდებით ხოლმე ხშირად?

დოსტოევსკის. “დანაშაული და სასჯელი” და “ეშმაკნი”. ყველაზე უკეთ ახერხებს ადამიანის სულში სიბნელის დანახვას და გაშუქებას. თავად დოსტოევსკია ჩემი საყვარელი ლიტერატურული გმირი. პერსონაჟიცაა და ავტორიც. სამწუხაროა, რომ რუსი მწერლები 50 წელს იშვიათად თუ გადასცილდებიან ხოლმე, ცხადია ტოლსტოის გამოკლებით. ჩეხოვი 44 წლისა გარდაიცვალა.

ახალგაზრდებს რა წიგნს ურჩევდით?

მარინა ცვეტაევას დღიურებსა და ჩანაწერებს. საკუთარ განცდებს საოცრად მოიხელთებს. იმას იწერს, რასაც საკუთარ თავს გაღვიძებამდე ვეჩურჩულებით ხოლმე. ცოცხალ სიტყვებთან ურთიერთობს.

ჩვენს პრობლემურ პოლიტიკურ ეპოქაზე რას ფიქრობთ?

ხალხი შუა საუკუნეებსა და მის ცრურწმენებს უბრუნდება.  საბჭოთა კავშირიდან ან რუსეთიდან ვინც დასავლეთში მიდის, თავისი ცრურწმენებიც თან მიაქვს.  ღრმად კონსერვატიული ჯგუფია. რუსულ ტელევიზიას რომ უსმინოთ, დასავლეთში ყველა გახრწნილი და გეია.

როგორც “ჩერნობილის ლოცვის” ავტორი, HBO-ს სერიალს ჩერნობილზე როგორ შეაფასებდით?

შესანიშნავია, რომ მას მილიონობით ადამიანმა უყურა. რომელ ქვეყანაშიც არ ჩავდივარ, ეს შოუ ყველგან ნანახი აქვთ. ახალი გარემოსდაცვითი ცნობიერება ყალიბდება, რაც დროულია. ახალგაზრდებს თავისებური ფილოსოფია აქვთ. ჩემი შვილიშვილი 14 წლისაა. არც პუტინი აინტერესებს და არც სირია. მაგრამ პინგვინის გადასარჩენად ქვეყანას შეძრავს.

© არილი

Facebook Comments Box