ინტერვიუ,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა

ინტერვიუ ქეთი ჩართოლანთან – სამეცნიერო ფანტასტიკა საზოგადოების შიშებსა და იმედებზე გვიყვება

ესაუბრა ელენე ფილფანი

“ნაკლებადაა ეს გმირული ამბები და მათი ნამუშევრებიც არაა შედევრები. მაგრამ მათი კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ეს ტექსტები გვანახებენ ქართული საბჭოთა კულტურის რეალობას, თუნდაც დამთრგუნველს და არც ისე საამაყოს,” – სოცრეალისტი მწერლების მკვლევარი, ქეთი ჩართოლანი მე-20 საუკუნის ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკაზე საუბრობს:

 

სანამ უშუალოდ სამეცნიერო ფანტასტიკაზე საუბარს დავიწყებდეთ, თქვენი გამოცდილება გაგვიზიარეთ, როდის და რატომ დაგაინტერესათ ამ ჟანრმა?

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ძალიან გვიან, უნივერსიტეტის დასრულების მერე დავინტერესდი. გასაკვირი იმიტომაა, რომ ეს ჟანრი ხშირად საბავშვო ან მოზარდების ლიტერატურასთან ასოცირდება. მე კიდევ 22-23 წლის ასაკში აღმოვაჩინე კურტ ვონეგუტი და ურსულა ლე გუინი. მერე ძმები სტრუგაცკებიც ვიპოვე და მათგან ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკამდე უკვე ერთი ნაბიჯი იყო. მგონია, სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე ამ ჟანრის კვლევა: ის ჩემთვის ბავშვობასთან, „არასერიოზულ ლიტერატურასთან“ არ ასოცირდებოდა. ჩემთვის ის ახალი იდეების შესაქმნელი ლაბორატორიის მსგავსია, მაგრამ თან იმ შიშებზე თუ იმედებზეც გიყვება, რომელიც იმ მომენტში საზოგადოებაშია ფესვგადგმული. სამეცნიერო ფანტასტიკას „ცვლილების ლიტერატურასაც“ ეძახიან, ცვლილება კი ყოველთვის შიშის მომგვრელიცაა და ამაღელვებელიც.

ძირითადად რა თემები დომინირებს მე-20 საუკუნის ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკაში და თუ გვყავს ისეთი მწერლები, რომელთა სოცრეალიზმისგან დამოუკიდებლად განხილვაც შეგვიძლია?

ქართული სამეცნიერო ფანტასტიკა არსებობას, ფაქტობრივად, სოცრეალიზმის შექმნის თანადროულად იწყებს და, უმეტეს შემთხვევაში, მის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. თემებიც იმის მიხედვით იცვლება, რა იყო კონკრეტულ დროს საბჭოთა კავშირში აქტუალური. 30-იანი წლებში უტოპიური მომავლის ხედვაზეა კონცენტრაცია. 40-იანებსა და 50-იანების დასაწყისში ქართული სოცრეალისტური ლიტერატურა უმეტესად ომის თემატიკას იყენებს, ასე რომ, სამეცნიერო ფანტასტიკის კუთხით ბევრი არაფერი შექმნილა. აი, 50-იანების ბოლოდან კი, როცა ცივი ომის ერთ-ერთ მთავარ ფრონტის ხაზად კოსმოსური რბოლა ხდება, ქართული სამეცნიერო ფანტასტიკაც სწორედ კოსმონავტებით, კოსმოსური თავგადასავლებით და ახალი პლანეტებისა და ცივილიზაციების აღმოჩენით ინტერესდება.

რაც შეეხება იმ კითხვას, თუ გვყავს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში მოღვაწე მწერლები, რომლებიც სოცრეალიზმისგან დამოუკიდებლად შეგვიძლია განვიხილოთ, აქ მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ თავად ჟანრი ჩვენში სოცრეალიზმის შიგნით შეიქმნა. არსებობდა პირდაპირი დირექტივა, რომ მწერლებს ამ ჟანრში ეწერათ (მაგალითად, 1962 წელს ოთარ სადრაძის „ნაკადულის“ მიერ გამოცემულ რომანს, „ბარათი მარსიდან“, წინ ეს სიტყვები აქვს წამძღვარებული: “უკანასკნელ ხანებში რუსულმა მწერლობამ მრავალი საყურადღებო მეცნიერულ-ფანტასტიკური ნაწარმოები შექმნა. ქართველებმაც უფრო ნაყოფიერად უნდა იმუშაონ ამ ჟანრშიო“). ეს იმიტომ, რომ საბჭოთა რეჟიმს მომავალიც მონოპოლიზებული ჰქონდა და ტექნოლოგიასაც კომუნისტური სამოთხის მიღწევის მთავარ იარაღად თვლიდა — და სხვა რომელ ჟანრს შეეძლო ამ ორზე უკეთ საუბარი? ამიტომ, უშუალოდ ის ავტორები, რომლებიც, ძირითადად, ამ ჟანრში მოღვაწეობდნენ (იგივე ოთარ სადრაძე, აპოლონ ბასილაია, შოთა გაგოშიძე, ნუგზარ აფხაზავა, როდამ ჩაჩანიძე) სოცრეალისტურ ტექსტებს ქმნიდნენ. თუმცა გვყავს ისეთი ცნობილი მწერლებიც (მაგალითად, ალექსანდრე აბაშელი და ედიშერ ყიფიანი), რომლებმაც ერთხელ და წარმატებულადაც სცადეს ძალები ამ ჟანრში. მაგრამ, ჩემი აზრით, საბჭოთა პერიოდში შექმნილი ქართული სამეცნიერო ფანტასტიკიდან ერთადერთი ტექსტი, რომელიც სრულად აღწევს თავს სოცრეალისტურ მარწუხებს, ჯემალ ქარჩხაძის რამდენიმეგვერდიანი მოთხრობა, „დრო“ არის, რომელიც 1980 წელს „ცისკარში“ დაიბეჭდა.

ხშირად სამეცნიერო ფანტასტიკას თან ახლავს უტოპიური/დისტოპიური ელემენტები. ქართულ sci-fi ლიტერატურაში რამდენად იჭრება ეს ორი ჟანრი ერთმანეთთან და ძირითადად რომელი დომინირებს?

უტოპიაც და დისტოპიაც სამეცნიერო ფანტასტიკის ქვემიმართულებებად განიხილება. საბჭოთა კავშირს დისტოპიების ეშინოდა, რადგან, როგორც ვთქვი, მას მომავალზე ჰქონდა მონოპოლია და, შესაბამისად, ეს მომავალი მხოლოდ ნათელი შეიძლებოდა ყოფილიყო. ამიტომ ქართული სამეცნიერო ფანტასტიკა თითქმის სრულად უტოპიურია. რა თქმა უნდა, გვხვდება რამდენიმე ე.წ. გამაფრთხილებელი, ჭკუის სასწავლებელი ტექსტიც (მაგალითად, ზაალ ტაბაღუას „მუტანტები“, რომელიც პოსტაპოკალიფსურ სცენას გვიხატავს), მაგრამ მათში მოქმედება ყოველთვის სხვა პლანეტაზე მიმდინარეობს. ქართულ საბჭოთა მომავალს ფანტაზიებშიც ვერ დაემუქრებოდა საფრთხე.

საბჭოთა სისტემა ხელოვანებს, რბილად რომ ვთქვათ, დიდად არ სწყალობდა. თუმცა, როგორც უკვე ახსენეთ, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი, თავისი სპეციფიკით ტოტალიტარული სახელმწიფოს პროპაგანდისთვის შესაფერის ინსტრუმენტია. როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ქართველ sci-fi მწერლებს სისტემასთან და ვხვდებით თუ არა მათ ნაწარმოებებში საბჭოეთისთვის სახასიათო „ახალი ადამიანის“ შექმნის ერთგვარ პროგრამას?

მგონია, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა ქართველი მწერლებისთვის ერთგვარი თავშესაფარი იყო. სოცრეალიზმი მწერლისგან ორ ურთიერთგამომრიცხავ რამეს ითხოვდა: მას უნდა ეწერა სინამდვილეზე და ეს სინამდვილე პოზიტიური უნდა ყოფილიყო. სწორედ იმავე მიზეზით მგონია, რომ მეორე მსოფლიო ომის მერე გმირობის და საბრძოლო სცენების თემატიკა ასე აიტაცა ქართულმა ლიტერატურამ. ეს ერთგვარი კომპრომისი იყო: რეჟიმის სურვილსაც ასრულებდი და საკუთარ სინდისთანაც  მაქსიმალურად მართალი რჩებოდი, რადგან აბსოლუტური ბოროტების — ნაციზმის წინააღმდეგ მებრძოლებზე გულწრფელად შეგეძლო ხოტბის შემსხმელი ტექსტების წერა. სამეცნიერო ფანტასტიკის შემთხვევაში კი მწერალს შეეძლო, ეს „ნათელი რეალობა“ მომავალში დაეხატა და ამ გზით პირდაპირ ტყუილები არ ეწერა.

თვისობრივად ახალი, „საბჭოთა ადამიანის“ სახეც ნამდვილად გვხდება ამ ტექსტებში: ესენი არიან ქართველი კოსმონავტები თუ მეცნიერები, რომლებითაც ქართული საბჭოთა მომავალია დასახლებული.

დღეს მაინცდამაინც ხშირად არ ვსაუბრობთ ამ წიგნებზე. რა მიგაჩნიათ ამის მიზეზად და მე-20 საუკუნეში თუ სარგებლობდა სამეცნიერო ფანტასტიკა ქართველ მკითხველში დიდი პოპულარობით?

დანამდვილებით ვერ გეტყვით, რამდენად პოპულარული იყო ეს ჟანრი ჩვენში, თუმცა მგონია, ჟიულ ვერნსა და ჰერბერტ უელსს მაშინაც სიამოვნებით კითხულობდნენ. რაც შეეხება საკუთრივ ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის პოპულარობას, ამაზე ნუგზარ აფხაზავა 1987 წელს სინანულით წერს, რომ „საქართველოში ფანტასტიკა — ა) ცოტა იწერება; ბ) ცოტა იბეჭდება; გ) იმ ცოტასაც მცირე ყურადღება ექცევა“. ეს ერთგვარი მოჯადოებული წრე იყო: სახელგანთქმული მწერლები არ ინტერესდებოდნენ არ ჟანრით, რადგან ის არასერიოზულ ლიტერატურად აღიქმებოდა; ჟანრი არასერიოზულ ლიტერატურად აღიქმებოდა, რადგან სახელგანთქმული მწერლები არ ინტერესდებოდნენ მისით.

რამდენად შეითვისა ამ ჟანრმა ქართულ კოლექტიურ მეხსიერებაში გაბატონებული ნარატივები? თავისებურად თუ გადაიაზრა ეროვნული ისტორიული მემკვიდრეობის ელემენტები?

არ აქვს მნიშვნელობა, საქართველოს მომავალს წარმოიდგენს ქართული საბჭოთა სამეცნიერო ფანტასტიკა, თუ მის წარსულს, ორივე შემთხვევაში ქართულ ეროვნულ განსაკუთრებულობას ესმევა ხაზი. ესეც იმ გამკლავების მექანიზმის ნაწილია, ზემოთ რომ ვისაუბრეთ. მაგალითად, როცა მომავალზეა საუბარი, ხშირად კომუნისტური სამყაროს ცენტრად საქართველოა დასახული. ამ დროს რუსეთს ან საერთოდ არ ახსენებენ ან ამ სამყაროს რიგით ნაწილად ხატავენ. ქართველი გმირის განსაკუთრებულობაც, როგორც წესი, მისი ეროვნული იდენტობისგან მოდის. მაგალითად, ელგუჯა მერაბიშვილის 1978 წელს გამოცემულ მოთხრობაში, „აიას მძივი“, ქართველი კოსმონავტი ვილენ მესხი (სხვათა შორის, სახელი „ვილენი“ ვლადიმერ ილიას ძე ლენინისგანაა ნაწარმოები), სასიკვდილო სენს, „კოსმოსურ ნოსტალგიას“ იმიტომ გადაურჩება, რომ თავისი კოლეგის, ადამ კონის მსგავსად სატრფო კი არ ენატრება, არამედ მშობლიური ქალაქი თბილისი.

ისტორიულ მემკვიდრეობას რომ დავუბრუნდეთ, არის შემთხვევები, როცა ქართველი გმირი წარსულში მოგზაურობს და ამ დროს მწერალი სწორედ იმ ისტორიებს აცოცხლებს, რომლებიც ქართული კოლექტიური მეხსიერების ნაწილია: იქნება ეს დიდგორის ბრძოლა თუ ის სქემატური ნარატივი, რომლის თანახმადაც, საქართველო ყოველთვის გარშემორტყმული იყო ურიცხვი მტრით და ყოველთვის ახერხებდა მის დამარცხებას. ეს ნარატივი ძალიან ხშირად სწორედ იმის ხაზგასასმელად გამოიყენება, რომ საქართველო თავის კულტურულ იდენტობას არასოდეს დაკარგავს — შორეულ კომუნისტურ მომავალშიც კი, ანუ მაშინ, როცა ერები აღარ იარსებებენ.

ამ წიგნებს თუ შევხედავთ, როგორც ისტორიულ დოკუმენტებს, რა შეგვიძლია მათი მეშვეობით შევიტყოთ საბჭოთა საქართველოზე? და, შესაბამისად, რატომაა მნიშვნელოვანი ქართველი მკითხველი მათ იცნობდეს?

ლიტერატურული ტექსტი ყოველთვის ირეკლავს იმ ისტორიულ რეალობას, რომელშიც ის იქმნება და როცა ისეთ ტოტალიტარულ რეჟიმზე ვსაუბრობთ, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო, მხატვრულ და რეალურ სამყაროებს შორის ეს კავშირი კიდევ უფრო მჭიდრო ხდება. ამიტომ ამ ტექსტებში სწორედ იმ ფსიქოლოგიური მდგომარეობის ამოკითხვაა შესაძლებელი, რომელიც სუვერენიტეტწართმეული ერის შვილს ჰქონდა. დაპყრობილის მიერ დამპყრობლისადმი ურთიერთობა არასოდესაა სწორხაზოვანი. ეს კავშირი ამბივალენტურია და ხშირად ისეთ თავდაცვით მექანიზმს იყენებს, რომელიც გაჯერებს, რომ, მაგალითად, შენც ცენტრის ნაწილი ხარ. ეს ტექსტები სწორედ მსგავს არაერთგვაროვან ურთიერთობებს გვანახებს და გვასწავლის, რომ წარსული შავ-თეთრად არ დავინახოთ, არ დავყოთ ჩვენი წინაპრები მხოლოდ გმირებად და მოღალატეებად და ადგილი დავტოვოთ მათთვისაც, ვინც ამ დიქოტომიური ნარატივის მიღმა ცდილობდა დაქვემდებარებულ მდგომარეობასთან გამკლავებას.

რომელ წიგნს ურჩევდით მკითხველს, რომელმაც ჯერ არაფერი იცის ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის შესახებ? რატომ?

ვურჩევდი, დასაწყისიდან დაეწყო. ალექსანდრე აბაშელის, იმავე ისაკ ჩოჩიას „ქალი სარკეში“ ტყუილად არაა ყველაზე ცნობილი ქართული საბჭოთა სამეცნიერო ფანტასტიკა. სწორედ ამ ტექსტით ჩაეყარა საფუძველი ჟანრს ჩვენს მწერლობაში. მასში ძალიან ნათლად ჩანს, როგორ იყენებდნენ ჟანრს ქართველი მწერლები თავშესაფრად და, ამასთან, ის მშვენიერ თავგადასავალსაც გვიყვება.

© არილი

Facebook Comments Box