თარგმანი

იონას მეკასი – ლიეტუვაში მოგზაურობის რემინისცენციები

თარგმნეს და შესავალი დაურთესნინი შველიძემ და ლიკა გლურჯიძემ

ლიტერატურა კინოს გამომსახველობით შესაძლებლობებს ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან ამდიდრებს, როცა რეჟისორები პირველ ეკრანიზაციებს მიმართავდნენ. ამდიდრებს კინოანალიზის, კვლევის შესაძლებლობასაც, როცა თეორეტიკოსები რეჟისორებს, პირველ რიგში, მწერლებთან და პოეტებთან აკავშირებენ, მოგვიანებით კი კამერას კალამს ადარებენ.

ლიტერატურიდან კინოში დროთა განმავლობაში არაერთი ფორმა ინაცვლებს. ოთარ იოსელიანის „აპრილი” (1962) წარწერით იწყება, რომ ეს „ფილმი ზღაპარია”; შანტალ აკერმანი ფილმს „ფებე ველასკესისათვის“ (1991), წერილის ფორმას აძლევს, რომელიც რეჟისორმა მოკლულ ქალს მიუძღვნა; კრის მარკერის „ასაფრენი ბილიკი” (1962) კინორომანის სახელითაა ცნობილი; კინოესეისტები იმდენად შორს მიდიან, რომ ფილოსოფოსებივით იწყებენ ცნებებით აზროვნებას, ისინი ნელ-ნელა უახლოვდებიან ცნებას და სათქმელს, ზუსტად ისე, როგორც ესეში.

„ფილმი დღიური”, ესაა ფორმა, რომლითაც მაყურებელი, მკითხველი ამერიკული კინოავანგარდის ნათლიას, რეჟისორს, პოეტს, კინოკრიტიკსსა და არქივისტს, იონას მეკასსა და მის კინოს იცნობს.

ემიგრაცია, გადაადგილების მოტივი, სახლის დაკარგვა, ყოველდღიური ყოფის პოეტური აღბეჭდვა დღიურებით იონას მეკასის ფილმებისა თუ წიგნების, მისი პირადი ისტორიის წამყვანი ხაზია. ესაა უსასრულო მოგზაურობა, ისტორიების შეგროვებითა და სახლში დაბრუნების სურვილით მოცული რეჟისორის, რომელიც ოდისევსს ჰგავს („ითაკა არ არსებობს“).

უსასრულო კინომოგზაურობის, გადასახლების, დაკარგულობის განცდის, შინ დაბრუნების მოტივის მანიფესტად მეკასისთვის ბიოგრაფიული ფილმი, „ლიეტუვაში მოგზაურობის რემინისცენციები“ იქცევა, რომელიც ერთი ემიგრანტისა და უამრავი სხვა ადამიანის გადასახლების ისტორიას “ფილმი დღიურის” გარშემო შეკრავს. მეკასი აქ ყვება ამბავს და ფრაგმენტულად იხსენებს გზას, რომელიც გაიარა. ისტორია სამი ნაწილისგან შედგება და რამდენიმე ადგილას გვამოგზაურებს, ჯერ ამერიკაში, ბრუკლინში მცხოვრები ემიგრანტების ყოფის გახსენებით (1950-იან წლებში გადაღებული კადრებით), შემდგომ იწყება მთავარი მოგზაურობა მშობლიურ სოფელ სემენიშკიაში 1971 წელს – სახლში დაბრუნება, დედასთან შეხვედრა. ბოლოს, კი ტრავმული გამოცდილების, მეხსიერების ტერიტორიაზე გადავინაცვლებთ, იმ მიდამოებში, სადაც ავტორი ოდესღაც შრომით ბანაკში აღმოჩნდა (ელმსჰორნი), ახლა კი ამ გამოცდილების კვალს დაეძებს. ადგილიდან ადგილზე გადანაცვლება მეკასისთვის ერთი დროიდან მეორეში მოგზაურობას ჰგავს. კინომგზაურობა ვენაში სრულდება, ძველი შენობის სიმბოლური ნგრევით, დაწვით.

ესაა მოხეტიალე ავტორი, რომელიც მუდამ აგროვებს, აღბეჭდავს, იმახსოვრებს და იხსენებს ისტორიებს, სახეებს, მომენტებს, ცდილობს საკუთარი ისტორიის, ბიოგრაფიის, გავლილი გზის მოხელთებას და გააზრებას. ტექსტი, მთხრობლის ხმა მეგზური ხდება პერსონალურ თავგადასავალში, რომელიც წლების შემდეგ სახლში დაბრუნების სიმძაფრეს და ემიგრანტის განცდებს ასახავს. მეკასის ბიოგრაფიაზე უდიდეს გავლენას ორი მოვლენა ახდენსლიეტუვის ოკუპაცია და გერმანიაში შრომით საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრა, რის შემდეგაც მისი, როგორც ემიგრანტის, ცხოვრება ნიუიორკს უკავშირდება. მეკასი ნიუიორკის კულტურული ცხოვრებისა და სახელოვნებო მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდება და თავად ხდება არაერთი მნიშვნელოვანი პროცესისთვის ბიძგის მიმცემი.

2022 წელს, მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც აღნიშნეს იონას მეკასის 100 წლის იუბილე და გაიხსენეს დევნილი ავტორის ფილმები, ლექსები და ისტორია, რომელიც ახლაც არ კარგავს სიმძაფრესა და აქტუალურობას. შემთხვევითი არაა, რომ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ სწორედ ფილმი „ლიეტუვაში მოგზაურობის რემინისცენციები“ ექცევა, ავტორის ბიოგრაფიის ექო და ხმა, რომელსაც დღესაც ეპასუხება დევნილი ადამიანების ხმა. ამ ტექსტის ფილმისგან დამოუკიდებლად წაკითხვა კიდევ ერთი საბუთია იმისა, რომ კადრს მიღმა ხმის მონათხრობი კინოში, შესაძლოა, დამოუკიდებელი ტექსტიც იყოს, ისევე საინტერესო მკითხველებისთვის, როგორც კინოს მოყვარულებისთვის.

ლიეტუვაში მოგზაურობის რემინისცენციები

1957 ან 1958 წლის იმ ადრეულ შემოდგომაზე, ერთ კვირა დილით, კატსკილში წავედით, ტყეში. ფოთლებში დავდიოდით, ფოთლებს ჯოხს ვურტყამდით. ტყეში უფრო და უფრო ღრმად შევდიოდით. კარგი იყო ასე სიარული. არ ვფიქრობდით, არაფერს ვფიქრობდით უკანასკნელ ათ წელიწადზე. ვოცნებობდი ასე სიარული შემძლებოდა და არ მეფიქრა ომის წლებზე, შიმშილზე, ბრუკლინზე.

და შესაძლოა, პირველად მოხდა, რომ ტყის გავლით სეირნობისას, იმ ადრეული შემოდგომის დღეს, აღარ ვიგრძენი თავი მარტოსულად ამერიკაში. შევიგრძენი მიწა, დედამიწა, ფოთლები და ხეები, ხალხი. ნელ-ნელა მათი ნაწილი ვხდებოდი. ეს იყო მომენტი, როცა დავივიწყე ჩემი სახლი. ასე აღმოვაჩინე ჩემი ახალი სახლი და ვთქვი: ჰეი, დროის ბორკილებს მე კიდევ ერთხელ დავუსხლტი”.

ბრუკლინის ქუჩებში მივდიოდი, მაგრამ მოგონებები, სუნი, ხმები, რომლებსაც ვიხსენებდი, არ იყო ბრუკლინიდან. სადღაც ატლანტიკ ავენიუს ბოლოში პიკნიკებს აწყობდნენ. მე მათ ვუყურებდი, ძველ ემიგრანტებს და ახლებსაც. ჩემთვის ისინი ჰგავდნენ სევდიან, იმ ადგილზე მომაკვდავ ცხოველებს, რომელსაც არ ეკუთვნოდნენ. ადგილზე, რომელსაც არ იცნობდნენ. ისინი იქ იყვნენ, ატლანტიკ ავენიუზე, თუმცა სულ სხვაგან.

ჩემი პირველი ბოლექსით რაღაც კადრები გადავიღე. მინდოდა ომის საწინააღმდეგო ფილმი გადამეღო. მინდოდა, მეყვირა, მეყვირა, რომ ომი იყო, რადგან დავდიოდი ქალაქში და ვფიქრობდი, არავინ იცოდა ომის შესახებ. მეგონა, არავინ იცოდა თუ სამყაროში იყო სახლები, სადაც ხალხს არ შეეძლო ძილი; სადაც სახლის კარს ღამით ამტვრევდნენ ჯარისკაცებისა და პოლიციელების ჩექმები. ეს ხდებოდა სადღაც, სადაც მე დავიბადე, მაგრამ ამ ქალაქში ამის შესახებ არავინ იცოდა.

მე თქვენ მახსოვხართ, ჩემო მეგობრებო, დევნილთა ბანაკიდან, შემზარავი ომის შემდგომი წლებიდან. დიახ, ჩვენ ვარსებობთ, ჩვენ კვლავაც დევნილები ვართ. თუნდაც დღესაც კი სამყარო სავსეა ჩვენით. ყოველი კონტინენტი სავსეა დევნილი ადამიანებით. იმ წამიდან, როცა ჩვენ დავტოვეთ სახლი, დავიწყეთ სახლისკენ სვლა და კვლავ სახლისკენ მივდივართ. მე კვლავაც ჩემი სახლისკენ მიმავალ გზას ვადგავარ. სამყაროვ, ჩვენ შენ გვიყვარდი, თუმცა საზარელი რამ დაგვმართე. შენ ჩვენ…

ოდესმე მდგარხართ ტაიმ სკვერზე და უეცრად გიგრძნიათ, ძალიან ახლოს და ძლიერად, არყის ხის ქერქის ცინცხალი სუნი?

ჩემმა ძმამ თქვა, რომ პაციფისტია, რომ სძულს ომი, და ისიც ჯარში გაიწვიეს. ევროპაში წაიყვანეს და დაუბრუნეს ომის მოგონებებს. მანაც დაიწყო ხეებიდან ფოთლების ჭამა, ეგონათ, გაგიჟდა, ამიტომ შტატებში გაგზავნეს. დედა კი ელოდა, ელოდა… 25 წელი.

და იქვე იყო ბიძაჩვენი, რომელმაც ოდესღაც გვითხრა, დასავლეთში წავსულიყავით – წადით, ბავშვებო, დასავლეთში და სამყარო ნახეთ” – და ჩვენც წავედით, ისევ მივდივართ. კენკრა, მუდამ კენკრა. Uogos, კენკრა… ბიძაჩვენი რეფორმირებული პროტესტანტი იყო. მღვდელი და ძალიან ბრძენი კაცი, რომელიც შპენგლერთან მეგობრობდა, მისი წიგნები ჰქონდა, შესაძლოა, ამიტომაც გვითხრა, დასავლეთში წავსულიყავით.

სახლში, სხვენში, რომელშიც სტუდენტობისას ვცხოვრობდი, თოკი მქონდა ჩამოკიდებული, რომ ჩამოვმძვრალიყავი, იმ შემთხვევაში თუ გერმანელები კარზე დააკაკუნებდნენ.

თანდათან, რაც უფრო ვუახლოვდებოდით ნაცნობ ადგილებს, უკეთ ვცნობდით კიდეც. უეცრად, ჩვენ წინ დავინახეთ ტყე. ამ ადგილს ვერ ვცნობდი, როცა წავედით, ხეები არ იყო. გარშემო პატარა ნერგები დავრგეთ, დიახ, ახლა პატარა ნერგები გაიზარდნენ და დიდ, უზარმაზარ ხეებად იქცნენ. ჩვენი სახლი კვლავ იქ იყო, კატა შეგვეჩეხა. რა უნდა გააკეთო, როცა სახლს 25 წლის შემდეგ უბრუნდები? რა თქმა უნდა, ჭასთან მივედით წყლის დასალევად. ამ წყლის გემო არც ერთი სხვა წყლისას არ ჰგავს. ოჰ, სემენიშკიას ცივი წყალი! არსად, არცერთ ღვინოს არ აქვს მასზე უკეთესი გემო.

დღეს 7 აგვისტოა, ჩვენი პირველი დილა სემენიშკიაში, ვსაუზმობთ. დედა მეხსიერების დაქვეითებას უჩივის. კოვზს ვერ პოულობს. 10 კოვზი აქვს და დღეს დილით ვერცერთი ნახა. სიბერის შესახებ მხოლოდ ის ვიცით”- ამბობს ის, როცა ბერდები, კოვზებს ვერ პოულობ.“

ძმა პეტრასი ჩამოდის. ხეებზე ვლაპარაკობთ, რამსიმაღლეები გახდნენ, როგორ გაიზარდნენ. გადავწყვიტეთ, მინდორში წავიდეთ, ვნახოთ როგორ მიდის საქმეები. მივდივართ და პეტრასი მიგვიძღვება, აღფრთოვანებულს სურს ყველაფერი გვაჩვენოს.

იქ, კომბაინის თავზე, ზის იონას რუპლენასი. მასთან ერთად სკოლაში დავდიოდი, მინდორში ძროხებს და ცხვრებს მწყემსავდა ხოლმე. ახლა კი ზის. რუპლენასი უზარმაზარია და მანქანაც უზარმაზარია, მინდვრები კი უსაზღვროდ ვრცელი.

ძმა კოსტასი კოლმეურნეობის შრომაზე მღერის, ყველანი ვუერთდებით. ოჰ, ეს პირადი დაპირისპირებები… რა თქმა უნდა, გინდა, სოციალური რეალობის შესახებ იცოდე. როგორ მიდის ცხოვრება იქ, საბჭოთა ლიეტუვაში? მაგრამ ამის შესახებ რა ვიცი? მე დევნილი ვარ, სახლისკენ მიმავალ გზაზე, სახლის ძიებაში, წარსულის ფრაგმენტების გადახედვაში, წარსულის კვალის ამოცნობის მცდელობაში. სემენიშკიაში დრო შეყოვნებულია ჩემთვის… გაყინულია ჩემს დაბრუნებამდე. ახლა კი ნელა იწყებს ამოძრავებას. ახლა ყველანი პეტრასთან მივდივართ, ასე გრძელდება გვიან ღამემდე.

როცა გული ვიჯერეთ, ძმა პეტრასმა თივა ბეღლიდან მოიტანა და იქვე დავიძინეთ. დილით ძმა პეტრასმა თივა ბეღელში დააბრუნა, თითქოს იმალებოდა. თქვა: არ უთხრათ ამერიკაში, რომ ბეღელში გვძინავს.” მისთვის ეს ძალიან სასაცილო იყო. იმ საღამოს, კოლმეურნეობის ერთობამ, რომელიც ექვს ან შვიდ, ათიოდე მოქმედ სოფელს მოიცავს, ჩვენ მიგვიღო…

დედაჩვენი ომის შემდგომ შემზარავ წლებზე ყვება, როგორ ელოდებოდა პოლიცია სახლში ჩემს დაბრუნებას. ეგონათ, პარტიზანებს შევუერთდი. ყოველ ღამე პოლიცია სახლის უკან იცდიდა ბუჩქებში, სახლში ჩემ მოსვლას ელოდა და ძაღლიც ყეფდა და ყეფდა. მე ახალგაზრდა, გულუბრყვილო და პატრიოტი ვიყავი, მიწისქვეშა გაზეთების რედაქტორი. ნაცისტებს, ნაცისტურ გერმანიას ვუპირისპირდებოდიდა მქონდა საბეჭდი მანქანა, რომელსაც ხის გროვაში, გარეთ, სახლის მახლობლად ვმალავდი.

ერთ ღამესაც, ქურდმა, რომელიც რაღაცისთვის შემოიპარა, საბეჭდ მანქანას მიაგნო და წაიღო. დღეების ან საათების საკითხი იყო, გერმანელები როდის დაიჭერდნენ. გაუჩინარებისთვის ძალიან ცოტა დრო მრჩებოდა და ამ მომენტში, ჩვენმა ძალიან ბრძენმა ბიძამ გვითხრა: „ბავშვებო, დასავლეთში წადით, სამყარო ნახეთ” და „დაბრუნდით.“ ყალბი საბუთები დაგვიმზადეს ვენის უნივერსიტეტში წასასვლელად და სასწავლებლად. წავედით კიდეც. მაგრამ ჩასვლით, ვერასდროს ჩავაღწიეთ. გერმანელებმა მატარებელი ჰამბურგისკენ წაიყვანეს და ნაცისტურ გერმანიაში მონების შრომით ბანაკში აღმოვჩნდით.

ჩვენ ვერთობოდით, კოსტასი კი შინ ადრე დაბრუნდა თავისი ბეღელიდან. სახლების გარშემო ვიარეთ, ხელი შევავლეთ ნივთებს, რომლებითაც ადრე ვმუშაობდით. რა თქმა უნდა, ისინი მინდვრებში სამუშაოდ აღარ გამოიყენება, მაგრამ მოგონებების მატარებელია ჩვენთვის. როცა ბალახს ვთიბავდით სახლების გარშემო, ყველაფერი მოგონებასავით ცხადი ჩანდა.ღობესთან, ხარახურაში ვიპოვეთ ძველი გუთანი, რომელსაც ახლა აღარც იყენებენ და ძმა კოსტასმა მითხრა: „კარგი, ახლა გამოქაჩე!“ მითხრა: „ახლა გადაიღე ეს და ამერიკელებს აჩვენე რა უბედურად ვცხოვრობთ.“ ცხადია, მისთვის ეს ძალიან სასაცილო იყო.

ძველი სკოლის შენობის სანახავად წასვლა გადავწყვიტეთ. ყველა ერთსა და იმავე სკოლაში დავდიოდით. ეს იყო გრძელი, ღრმა და ცივი ზამთრები, მინდვრების გავლით, გაყინული მდინარეების გავლით, ტყეების გავლით. სკოლაში მივდიოდით ჩვენი გაყინული ცხვირებით, სახეები გვეწვოდა ცივ ქარსა და თოვლში. მაგრამ ოჰ, რა ლამაზი დღეები იყო!

ეს იყო ზამთრები, რომლებსაც ვერასდროს დავივიწყებ. სად ხართ ახლა, ჩემო ბავშვობის მეგობრებო? რამდენი თქვენგანია ცოცხალი? სად მიმოიფანტეთ? სასაფლაოების გავლით, საწამებელი ოთახების გავლით, ციხეების გავლით, დასავლური ცივილიზაციის შრომითი ბანაკების გავლით. მაგრამ მე ვხედავ თქვენს სახეებს, ისეთებს, როგორსაც ადრე ვხედავდი. ჩემს მეხსიერებაში არასდროს შეცვლილან. ისინი ახალგაზრდებად რჩებიან, ეს მე ვბერდები.

ეს ახალი სიმღერა მასზეა,ვინც შორსაა და ამბობს, „ოჰ, დედა, როგორ მინდა, ისევ გნახო. იმედი მაქვს გრძელი, ნაცრისფერი გზა სახლში მიმიყვანს, მალე გამიძღვება, კვლავ შინისაკენ.“ ამ დილით, ცეცხლი ნელა ღვივდებოდა. დედაჩვენი გარეთ ამზადებს საჭმელს, არ უყვარს სახლში მომზადება. ზედმეტად ცხელა და კვამლია. გარეთ მოსწონს. ამ დილით კი ცეცხლს გაღვივება არ უნდა. ამიტომ მშრალი ტოტები, ფოთლები და გაზეთები შეაგროვა. გამუდმებით სულს ვუბერავდი, ისევ შევუბერე, ძალიან, ძალიან დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ, როგორც იქნა, დავანთეთ. დედამ თქვა, რომ ყოველ ღამე გველოდა, წელიწადზე მეტი. აბანოს უკან კი ძაღლი აგრძელებდა ყეფას, ყოველ ღამით.

ჩემი სოფლის ყველა ქალი, ვინც კი ბავშვობიდან მახსოვს, მუდამ ჩიტს მაგონებდა, შემოდგომის სევდიან ჩიტებს ჰგავდნენ, მინდვრებს რომ გადაუფრენენ და სევდიანად ტირიან. რთული და სევდიანი ცხოვრება გქონდათ, ჩემი ბავშვობის ქალებო. იმ დღეს როცა მივდიოდი, წვიმდა. აეროპორტი სველი იყო. მოწყენილობა იყო. მხიარულებაც იყო. ფეხებზე ვიყურებოდი. გამახსენდა ჩემი ძველი მეგობარი ნარბუტასი, რომელმაც თქვა, სანამ კაცი ქალებს ფეხებზე უყურებს, ცოლი არ უნდა მოიყვანოს.“ ამდენად, მგონი, მალე არ დავქორწინდები.

ელმსჰორნში ადოლფასი წევს, ზუსტად იმ ადგილას, სადაც ჩვენი ლოგინები იდგა შრომით ბანაკში ყოფნისას. როცა გარშემო ხალხს ვკითხეთ, აღარავის ახსოვდა თუკი აქ შრომითი ბანაკი იყო, მხოლოდ ბალახს ახსოვს. Gebruder Neunert, ერთ-ერთი ქარხანა, სადაც სამუშაოდ ფრანგ, რუს, იტალიელ ომის პატიმრებთან ერთად მივყავდით ხოლმე, კვლავ აქაა. ესაა სკამი, რომელზეც ვმუშაობდი, სადაც მცემდნენ ნელა მუშაობისა და შეპასუხებისთვის. ოსტატმა ადოლფასი იცნო. სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ. ახალგაზრდა იყო, კარგი ოსტატი.

1945 წლის მარტში გავიქეცით და დანიაში წავედით, თუმცა დანიის საზღვართან ახლოს დაგვიჭირეს, და სანამ უკან გადავყავდით, კიდევ ერთხელ შევძელით გაქცევა. ომის ბოლო სამი თვე შლეზვიგ-ჰოლშტაინში ვიმალებოდით, ფერმაში.

გარეთ, სანამ ჩემი ძმა იქაურობას ათვალიერებდა და იხსენებდა, გარშემო ბავშვები ირეოდნენ. ძალიან სასაცილოდ ეჩვენებოდათ ჩვენნაირი უცნაური ხალხის მოსვლა, რაღაცის სანახავად დგომა, ყურება. მართლა ეცინებოდათ. უცხოტომელებს ვგავდით. ჰო, გაიქეცით, ბავშვებო, გაიქეცით. ერთხელ მეც გავრბოდი აქედან, მაგრამ მე საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად გავრბოდი. იმედი მაქვს, მაგ მიზნით გაქცევა არასდროს მოგიწევთ. გაიქეცით, ბავშვებო, გაიქეცით.

პეტერს ვუყურებდი და ჩემი თავი გამოვიჭირე, რომ მშურდა მისი. მისი მშვიდობის, მისი სიმშვიდის, უბრალოდ შეეძლო, ბუნებრივად ყოფილიყო ნაცნობ გარემოში. იქ, სადაც ყოველთვის იყო, თავის სახლში, სივრცესა და დროში, გონებაში, კულტურაში. ანეტი ნიუ-იორკსა და ვენაში ერთნაირი ოპტიმიზმითა და შემართებით დადის. მე მას ვაღმერთებ, ვაღმერთებ ანეტს იმისთვის, რომ კულტურას თავის ფესვებზე ამყნობს, თავის ცხოვრებაზე. ეს კი ჰერმან ნიტჩია, რომელიც თავის მრწამსს ისე მისდევს, რომ ერთ ნაბიჯს არ თმობს, თანაც გმირულად. და კენ ჯეიკობსი, ვისაც ჰყოფნის სიმამაცე, ბავშვად დარჩეს ხედვის სიწმინდითა და ექსტაზურობით.

არა, ვენაში ამ დროს არასდროს ჩამოვსულვარ, მაგრამ უცნაურმა გარემოებებმა მიბიძგა უკან. ბევრად გვიან. და, აი, მეც აქ ვარ ახლა. ნელ-ნელა ვიწყებ პეტერთან ერთად ვენაში სეირნობას, ჩვენ ვსაუბრობთ, გალერეებს ვსტუმრობთ, მონასტრებსა და დემელს, ღვინის მარნებს, და ღვინის კორომებს, და ისევ მჯერა ადამიანური სულის ურღვეობის, გარკვეული თვისებებისა და სტანდარტების, რომლებიც ადამიანმა დაამკვიდრა მრავალი ათასი წლის მანძილზე. ეს ყველაფერი კვლავ დარჩება, როცა ჩვენ აქ აღარ ვიქნებით.

აგვისტოს საღამოს რამდენიმე მეგობარი კრემსმინსტერში ვიდექით, 1200 წლის მონასტრის სახურავზე. საღამო ახლოვდებოდა, მზე ჩადიოდა. ცისფერი სინათლე ეცემოდა გარემოს. საოცარი სიმშვიდე სუფევდა, რომელიც ჩვენს გულებსა და გონებას აღაფრთოვანებდა. შინ დაბრუნებისას, ვენაში, შორიდან, ცეცხლი დავინახეთ. ვენა იწვოდა. ხილის მარკეტი იწვოდა. პეტერმა თქვა, რომ სამწუხაროდ ეს მისი მარკეტი იყო. მისი თქმით, ყველაზე ლამაზი მარკეტი მთელ ვენაში. მისი თქმით, სავარაუდოდ, ქალაქმა თავად დაწვა მარკეტი. უბრალოდ თავიდან მოსაშორებლად. მათ ახლა თანამედროვე მარკეტი სურდათ.

© არილი

Facebook Comments Box