ინტერვიუ

იორღოს ვუდიკლარისი

თანამედროვე ლიტერატურას პიროვნებები ქმნიან

ესაუბრა ნანა კობაიძე

ბერძენი რეჟისორი და მთარგმნელი, იორღოს ვუდიკლარისი მისმა თბილისელმა მეგობარმა, ძველი და ახალი ბერძნული ენების სპეციალისტმა, ირინა დარჩიამ წარმომიდგინა. ბატონი იორღოსმაûüô ბერძნულად თარგმნა შექსპირის “რომეო და ჯულიეტა”. ბვერძნულიდან ინგლისურადაც თარგმნის. საქართველოში კონკრეტული თეატრალური პროექტისა და დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ჩამოვიდა (იგი საქართველოს მუსიკალურ ცხოვრებას ასახავს). ჩვენს მწერლობას თითქმის არ იცნობს, თუმცა, საუბარში აღნიშნა, ძალიან მინდა, ბერძნებმა ქართველი მწერლების შემოქმედება გაიცნონო. ასევე სურს, ქართველებიც უკეთ იცნობდნენ ბერძენ ავტორებს. თანამედროვეს გულისხმობდა, თორემ ძველ ბერძნებს საქართველოში კარგად რომ იცნობენ, იცის. ჩვენი საუბარიც ძირითადად თანამედროვე ბერძნულ ლიტერატურას შეეხო.

– ბატონო იორღოს, ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება, როგორ ვითარდება თანამედროვე ბერძნული ლიტერატურა, არიან თუ არა საინტერესო ავტორები, რა დონეზეა საგამომცემლო საქმიანობა, ერთი სიტყვით, ყველაფერი თქვენი ლიტერატურის შესახებ.
– ისევე, როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებში, არც საბერძნეთშია ლიტერატურული ვითარება მაინცდამაინც აღმაფრთოვანებელი. გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა საგამომცემლო კუთხით. ეს საქმე დღეს ისეთ აღმავლობას განიცდის, როგორსაც არასდროს, ამიტომ ნებისმიერი ავტორისთვის ბეჭდვა საოცრად გაიოლებულია. სამწუხაროდ, იმას, რაც იწერება და იბეჭდება, ძალზე საეჭვო ლიტერატურული ღირებულება აქვს. გამორიცხულია, ეს ყველაფერი მომავალ თაობებს და საერთოდ, ისტორიას შემორჩეს. ძალიან კარგად იყიდება წიგნები, რომელთაც არავითარი მხატვრული ღირებულება არა აქვს. იმაზე კი, რაც მართლა მნიშვნელოვანია, მოთხოვნა თითქმის არ არის.
– როგორც აღნიშნეთ, საბერძნეთში საგამომცემლო საქმე ყვავის. რამ გამოიწვია ეს?
– ბოლო წლებში საბერძნეთში წიგნი კომერციული პროდუქტი გახდა. კომერციის მთელი “არსი” კი ისაა, რომ როგორც კი ამათუიმ ტელეარხზე წარმატებული სერიალი გავა, გამომცემელი მაშინვე რომანად აქცევს და დიდი ტირაჟით ბეჭდავს. ეს ბიზნესი იმდენად განვითარდა, რომ საპირისპირო პროცესი გამოიწვია – დიდი რაოდენობით იწერება წიგნები, რომელთა ერთადერთი მიზანია, მათ საფუძველზე სერიალი გადაიღონ.
– ასეთი ბიზნესის მცდელობა გარკვეულწილად ჩვენთანაც იყო: გამოდიოდა სერიალის ბეჭდური ვერსიები, ძირითადად გაზეთების სახით – საბედნიეროდ, წიგნის დონეზე ვერ განვითარდა. თუმცა, ეს საკითხი ჩვენი დღევანდელი საუბრის ძირითადი თემა არ არის, ამიტომ, გაცილებით საინტერესო თემებს მივუბრუნდეთ, მაგალითად, ავტორებს, რომელნიც თანამედროვე ბერძნულ ლიტერატურაში ამინდს ქმნიან.
– ვერ ვიტყოდი, რომ ასეთები ბევრია. პირველ რიგში, რომანის ჟანრს შევეხები და რომანისტ ქალბატონს, ზირანა ზატელის დაგისახელებთ. არცთუ დიდი ხნის წინათ გამოვიდა მისი ტრილოგიის, “რამანთის ერებუს”-ის პირველი წიგნი, სახელწოდებით – “მწუხრის ჟამს ბრუნდებიან.” ავტორი საბერძნეთის პროვინციის ზოგიერთი წეს-ჩვეულების შესახებ მოგვითხრობს, რომელთა გაცნობა, ჩემი აზრით, ქართველ მკითხველსაც დააინტერესებდა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ქალბატონი მოთხრობებსაც წერს. რამდენიმე წლის წინათ გამოიცა ზირანა ზატელის მოთხრობების პირველი კრებული. იქ არის ერთი მოთხრობა – “სპარსი საცოლე”, რომელიც იმდენად კარგადაა დაწერილი, ნებისმიერ ანთოლოგიას დაამშვენებდა. გვყავს კიდევ ერთი კარგი ავტორი, რომელიც ძირითადად მოთხრობებს წერს. ეს გახლავთ სოპირის დიმიტრიუ. ძალიან მომწონს მისი ერთი ოპუსი, რომელსაც “კისრის ძარღვი” ჰქვია. ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 50 წელია საბერძნეთში პროზა დაქვეითების გზაზეა დამდგარი. ეს ორი ავტორი, რომლებზეც ახლა ვსაუბრობდით, ბოლო ორმოცდაათწლეულის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი სახელებია (ვგულისხმობ ცოცხალ, მოქმედ მწერლებს). საბედნიეროდ, ამ “ხარვეზს” პოეზია გვივსებს. ძალიან კარგი პოეტები გვყავს. ყველაზე ახალი ტალღის წარმომადგენელთაგან ადონის ფოსტიერისსა და იანის კონდოსს გამოვყოფდი. ბერძენთათვის ძალზე მნიშვნელოვანი ავტორია ჰექტორ კაკნავატოსი, რომელიც უფრო ძველ თაობას მიეკუთვნება – იგი 90 წლისაა. როგორც ხედავთ, ჩამონათვალი არცთუ მრავალრიცხოვანია.
– მკითხველთან დაკავშირებით როგორაა საქმე, არსებობს საბერძნეთში მკითხველის პრობლემა?
– სამწუხაროდ, არსებობს. მე კი მინდა ვთქვა, რომ ბერძნები კარგი მკითხველები არიან, მაგრამ ეს ტყუილი იქნება.
– ანუ, მასა არ კითხულობს?
– ჩემს ირგვლივ, მაგალითად, ყველა კითხულობს, მაგრამ ეს ერთი გარკვეული წრეა. ასეთ წრეებს თუ არ ჩავთვლით, მოსახლეობის დიდ ნაწილზე ვერ ვიტყვი, რომ მკითხველია. საფრანგეთში, მაგალითად, მინახავს, ხალხი პარკებში, კაფეებში, მეტროში კითხულობს. საბერძნეთში მსგავსს ვერაფერს შეხვდებით. ამას გარდა, ლიტერატურით მასმედიაც ნაკლებად ინტერესდება. ტელეარხები ძალზე იშვიათად აშუქებენ ახალ გამოცემებს, პრესით კი მხოლოდ პატარა ინფორმაცია გადის სპეციალურ რუბრიკებში, რომელიც ცალკეულ ჟურნალ-გაზეთებს აქვს.
– შეიძლება ითქვას, საბერძნეთში ლიტერატურული ცხოვრება ჩამკვდარია?
– ლიტერატურულ ცხოვრებაში რას გულისხმობთ?
– ბოლო დროს, მაგალითად, ჩვენთან კერძო წიგნის მაღაზიები, ლიტერატურული კაფეები გაიხსნა, სადაც მწერლები და ლიტერატურის მოყვარულები იკრიბებიან. იმართება ახალი გამოცემების პრეზენტაციები, ლიტერატურული საღამოები, დისკუსიები.
– ვიცოდი, რომ ამას მკითხავდით. სამწუხაროდ, ასეთი რამ ჩვენთან არ ხდება. ათენის ცენტრში არის სპეციალური ადგილი, რომელსაც “წიგნის სტოა”, ანუ “წიგნის თაღები” ჰქვია. ეს არის გადახურული სივრცე, სადაც ყველა გამომცემელს თავისი წიგნის მაღაზია აქვს. იქ პერიოდულად იმართება წიგნის პრეზენტაციები, დისკუსიები, ხვდებიან მწერლებს, ანუ, ეს ყველაფერი ერთ კონკრეტულ ადგილზე ხდება და სამწუხაროდ, მთელი საბერძნეთის ლიტერატურულ ცხოვრებას ვერ დავარქმევთ (ამ თვალსაზრისით ვერც საქართველო დაიტრაბახებს, რადგან ლიტერატურული თავყრილობები ძირითადად თბილისის ორ-სამ წერტილიშია თავმოყრილი და იქაც თითქმის ერთიდაიგივე სახეები ტრიალებენ. ნ.კ.). ორი თაობის წინ საბერძნეთში ლიტერატრული ცხოვრება ნამდვილად არსებობდა. კონკრეტულ კაფეში ან ტავერნაში ხშირად შეხვდებოდი ამათუიმ მწერალს, რომელიც მეგობრებთან ერთად იჯდა და ლიტერატურაზე საუბრობდა.
– თავად თუ მოესწარით ამ პერიოდს?
– სამწუხაროდ, სულ ბოლო ეტაპზე. იყო ასეთი კაფე “ბრაზილიანი,” სადაც ძალიან ხშირად ნახავდით ისეთ ცნობილ მწერლებს, როგორიც იყვნენ კოსტა ტახსისი, ნიკოს გარსოსი და მანოს ხაზიდაკისი. ჩემი აზრით, ეს პროცესი, რასაც თქვენ ლიტერატურულ ცხოვრებას ეძახით, გარკვეულწილად ეპოქასთანაც არის დაკავშირებული. ადრე ვსაუბრობდით ლიტერატრული მიმდინარეობების, ლიტერატურული თაობების შესახებ. საბერძნეთში, მაგალითად, “30-იანელთა თაობა” ყველამ იცის. ახლა ასეთი ჯგუფები და ლიტერატურული წრეები აღარ არსებობს. დღეს ლიტერატურა პიროვნებების დონეზე ვითარდება. ყველა თავის გზაზე დგას, თავისთვის ქმნის რაღაცას – ზოგი მეტად მნიშვნელოვანს, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ზოგადი ხაზი, ანუ ინდივიდის დონეზე დასული შემოქმედება – საერთოა. ასეთი მწერლები პატარ-პატარა ნავებს გვანან, რომლებიც მარტო, ეულად დაცურავენ ზღვაში და ცდილობენ, სტიქიას გადაურჩნენ და ნაპირს მიაღწიონ. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის ბერძნული ფენომენი, ეს ტენდენცია ასევე ეხება სხვა ქვეყნებსაც და ზოგადად თანამედროვე ლიტერატურას ახასიათებს.
– თანამედროვე ლიტერატურიდან უფრო შორს, თქვენი კულტურის საწყისებისკენ გადავინაცვლოთ. მე არ ვაპირებ ანტიკური მწერლობის როლის განხილვას კაცობრიობის განვითარებაში, უბრალოდ მინდა გკითხოთ, რამდენად დიდია ინტერესი თანამედროვე საბერძნეთში ანტიკური კულტურისადმი, აინტერესებთ თუ არა ეს ყველაფერი, ან ხომ არ გადაფასდა ახალი ბერძნების თვალში ძველი ბერძნების ნაფიქრი და ნააზრევი?
– რა თქმა უნდა, ძალიან გვაინტერესებს; რა თქმა უნდა, გამუდმებით ვმსჯელობთ ამაზე და ვცდილობთ, რაც შეიძლება ღრმად ჩავწვდეთ ჩვენს ფესვებს, მაგრამ ამ თემაზე საუბრისას დიდი სიფრთხილე და განსაკუთრებული სიფაქიზეა საჭირო. ახლავე აგიხსნით, რას ვგულისხმობ: ისეთი მდიდარი და მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა, ჩვენ რომ გვერგო, ერთის მხრივ, ძალიან დიდ მასალას გაძლევს, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო და კიდევ უფრო განავითარო, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს ყველაფერი “ყელსაც გჭრის.”
მაგალითს თეატრიდან მოგიყვანთ. ინტერესი ბერძნული ტრაგედიის მიმართ დღემდე ძალიან დიდია, მაგრამ ის, ვინც ამ ტრაგედიის სცენაზე გადატანას ცდილობს, ფაქტობრივად, ბეწვის ხიდზე გადის. მაგალითად, თუ შენ დგამ ძველ ბერძნულ ტრაგედიას საბერძნეთში და შეეცდები ოდნავ მაინც გადაუხვიო ამ ჟანრში დადგენილ კლასიკურ ჩარჩოებს, წინასწარ უნდა იცოდე, რომ საზოგადოება აუცილებლად აგიმხედრდება.
– რამდენადაც ვიცი, ეს “პატივი” წილად ხვდა რობერტ სტურუას, რომლის დადგმაშიც ერთ-ერთი გმირი ქალი სიგარეტს უკიდებს.
– ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომელსაც ბერძნები დღემდე ვეძახით სტურუას “მითიურ სიგარეტს”. ამის გამო მას მთელი საზოგადოება აუმხედრდა. სხვათა შორის, მე გავიცანი ანა მაკრატი – მსახიობი ქალი, რომელმაც ეს საბედისწერო სიგარეტი აანთო. მან მითხრა, რომ როგორც კარგმა მსახიობმა, ზუსტად და მონდომებით შეასრულა რეჟისორის კონკრეტული ჩანაფიქრი და კარგად ჰქონდა გააზრებული, რას აკეთებდა და რას ისახავდა მიზნად ეს კონკრეტული მიზანსცენა. სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის ეს სრულიად მიუღებელი არმოჩნდა და აღიქვეს, როგორც სიწმნიდის შეურაცხყოფა. ანალოგიურ ვითარებაში აღმოჩნდა ცნობილი ავსტრიელი რეჟისორი მათეას ლანჰოფი, რომელმაც ეპიდავროსში “ბაკხი ქალები” დადგა. სცენა გაფორმებული იყო დაკლული ცხოველებით, როგორც ამას იმდროინდელი რიტუალი მოითხოვდა, ამას გარდა, ერთ-ერთ სცენაში მსახიობი შიშველი გამოიყვანა. დარბაზში საშინელება მოხდა. ამბობდნენ, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი სპექტაკლი, რაც კი ეპიდავროსში დადგმულა და ეს ყველაფერი სწორედ ზემოხსენებული სცენის გამო. არცთუ დიდი ხნის წინათ მაყურებელმა საკმაოდ ცუდად მიიღო მიხეილ მარმარინოსის მიერ დადგმული “ელექტრა.” ამჯერად ბერძნების რისხვა იმ ეპიზოდმა გამოიწვია, როდესაც ფეხებშეკრული ელექტრა სცენაზე ურიკით შემოიყვანეს და ტვირთივით გადმოცალეს. ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევით, რომ მიმხვდარიყავით, როგორი დამოკიდებულება აქვთ ბერძნებს მათი წინაპრების მემკვიდრეობის მიმართ. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ბერძნული ფენომენი, უფრო ზოგადსაკაცობრიოს დავარქმევდი. რამდენიმე წლის წინათ საბერძნეთში ვნახე გოეთეს “ტორკვატო ტასოს” მიხედვით გაკეთებული სპექტაკლი, რომელიც ახალგაზრდა გერმანელმა რეჟისორმა ერთგვარი იუმორით, ძალზე ავანგარდისტული კუთხით დადგა. პირადად მე და ბევრ ჩემს თანამემამულეს სპექტაკლი მოგვეწონა. ყველაზე სასაცილო კი ის იყო, რომ ამ დადგმამ საოცრად აღაშფოთა გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლები ათენში. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ძალზე კონსერვატორია, როდესაც საქმე მათ ნაციონალურ მემკვიდრეობას ეხება.
– ანალოგიური ვითარება შეიქმნა ცოტა ხნის წინ ჩვენთანაც, როდესაც რობერტ სტურუამ “ვეფხისტყაოსნის” გასცენიურება გადაწყვიტა – საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ეს იდეა გააპროტესტა.
– მეც ზუსტად ამას გიხსნიდით. სტურუას “მითიური სიგრეტი” რიჩარდ მესამეს რომ აენთო, ბერძნებს რეაქცია არ ექნებოდათ. ისინი მათი მემკვიდრეობისადმი “უპატივცემულობამ” გააღიზიანა.
– რადგან დრამას შევეხეთ, საინტერესო იქნება თქვენი დამოკიდებულება თანამედროვე დრამატურგიისადმი. რა სიახლეებია, რა მიმართულებით ვითარდება ეს ჟანრი და არიან თუ არა ავტორები, რომლებიც ისეთ სიტყვას იტყვიან ოცდამეერთე საუკუნის დრამატურგიაში, როგორიც გასულ საუკუნეში ბრეხტმა, ბეკეტმა ან იონესკომ თქვეს?
– სიახლეები, რასაკვირველია არის. ვფიქრობ, ნებისმიერი ხელოვანი ვალდებულია, სცადოს გააკეთოს იმაზე მეტი, ვიდრე მას ასწავლეს (რამდენად გამოუვა, სხვა საკითხია), ანუ ერთი ნაბიჯით მაინც გაუსწროს მასწავლებელს. რადგან “აბსურდის თეატრს” შევეხეთ, იმასაც ვიტყვი, რომ ჩემი აზრით, მწერლებს, რომელსაც ამ სახელით მოიხსენიებენ, უფრო ეპოქის ნიშნით აერთიანებენ. ბეკეტი, და იონესკო “აბსურდის თეატრის” დიდი წარმომადგენლები არიან, მაგრამ მათი შემოქმედება რადიკალურად განსხვავებულია. ვფიქრობ, ბეკეტის ხაზი პიროვნებასთან მიმართებაში (ვგულისხმობ “ეგოს,” პიროვნების დეზინტეგრაციას) კიდევ უფრო განავითარა ავტორმა, რომელიც დაახლოებით 10 წლის წინათ გარდაიცვალა, ანუ, დროის თვალსაზრისით ბეკეტისგან ძალზე დაშორებულია. ეს არის ჰაინერ მიულერი, კაცი, რომელმაც თეატრალური ენა განავრცო და ახალ ზღვრამდე მიიყვანა. ახლა უნდა დაველოდოთ, ვინ იქნება შემდეგი.
რაც შეეხება ახალ მიმდინარეობებს, დავასახელებდი ბრიტანული თეატრის მიმდინარეობას, თუ შეიძლება ამას მიმდინარეობა ეწოდოს – “In your face”. პირადად მე მას ირონიულად “წადი, შენი”-ს დავარქმევდი. ვფიქრობ, ეს უფრო მოდაა, ვიდრე მიმდინარეობა. მთელი მისი “მომხიბვლელობა” ძალადობის სცენებსა და მაყურებლის თვალწინ განხორციელებულ სექსუალურ აქტებში მდგომარეობს. თუ მოახერხე და პირველი შოკი დაძლიე, ყველაფერი, რაც ამის შემდეგ რჩება, ძალზე ძველი, დრომოჭმული და ბანალურია. ამ მიმართულებით მოღვაწეობენ მაკ-რეიზენსი, რომელმაც დაწერა “შოპინგი და ფაქინგი”, მარბერი და სხვა. თუმცა, ამ თაობასა და მოძრაობაში მათ გვერდით არსებობდა ძალზე მნიშვნელოვანი მწერალი სარა კეინი. მას ბევრი ნაწარმოები არ დარჩენია – 30 წლისაც არ იყო, თავი რომ მოიკლა. მისი თეატრი სასტიკი თეატრია, თუმცა, ამავდროულად საოცარი პოეზია, სინაზე და თავისუფლება იგრძნობა, რაც გიბიძგებს რაღაც შემაძრწუნებელი მოვლენები გადმოსცე, მოყვე, დაწერო. პინტერმა მის შესახებ საოცარი რამ თქვა: ყოველ საღამოს, მსოფლიო ახალი ამბები ათასგვარ საშინელებას გვაუწყებს. მერე ამ ყველაფერს ჩვენი გონების კუთხეში მივაგდებთ და ისე ვაგრძელებთ ცხოვრებას, თითქოს არაფერი მომხდარა. სარა კეინი იყო ადამიანი, რომელსაც ეს არ შეეძლო. ეკრანზე ნანახი გამუდმებით თან სდევდა და სხვა ადამიანებისა და მწერლებისგან განსხვავებით, ამ საშინელების განცდით აგრძელებდა ცხოვრებასო.
– ეს ყველაფერი, ვგულისხმობ თანამედროვე ადამიანისთვის დამახასიათებელ გულგრილობასა და სისასტიკეს, ალბათ, დრომ მოიტანა, იმ სულიერებისგან დაცლილმა საუკუნემ, რომელშიც ჩვენ ვცხოვრებთ.
– რასაკვირველია, ეს დროის ნიშანია და ხელოვნებაც არასოდეს ჩამორჩება დროს, მაგრამ ჩემთვის ეს არაა მნიშვნელოვანი. ანუ, მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რა თემაზე წერ, არამედ – როგორ წერ. არის ასეთი თანამედროვე გერმანელი მწერალი – ახტენბუში, რომელიც ძირითადად თავის მეგობრებზე, ნათესავებსა და ოჯახის წევრებზე მოგვითხრობს, მაგრამ წერს იმდენად კარგად, რომ ყველას და ყველაფერს ეხება, მთელს სამყაროს მოიცავს. აი, ეს არის ლიტერატურის ნამდვილი არსი.

© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box