ესე (თარგმანი),  თარგმანი,  ლექცია

იოსიფ ბროდსკი – ქებათა ქება მოწყენილობას

Josef_Brodsky4551989 წლის ივნისში დარმუთ კოლეჯის კურსდამთავრებულების წინაშე წარმოთქმული სიტყვა

თარგმნა ქეთი ქანთარიამ

მაგრამ თუ სამეფოს შენარჩუნება ვერ მოახერხე

და მამაშენის მსგავსად მიხვედ იქ,

სადაც აზრი ბრალს დებს, გრძნობები კი დაცინვას ემსახურება,

მაშინ საკუთარ ტკივილს მიუგდე ყური……

უ. ოდენი. ,,ალონსო-ფერდინანტს“

იმის მნიშვნელოვან ნაწილზე, რაც ამიერიდან წინ მოგელით, მოწყენილობა გამოაცხადებს თავის უფლებებს. მიზეზი, რის გამოც ამ საზეიმო დღეს თქვენთან ამაზე საუბრის სურვილი გამიჩნდა, იმაში მდგომარეობს, რომ ამგვარი მომავლისთვის – მე ასე ვვარაუდობ – თქვენ არც ერთი კოლეჯი არ გამზადებთ, და არც დარტმუთი იქნება გამონაკლისი. არც ზუსტი, არც ჰუმანიტარული მეცნიერებები მოწყენილობასთან გასამკლავებელ კურსს არ გთავაზობთ. უკეთეს შემთხვევაში შეიძლება მოწყენილობასთან გაცნობა დაგიპირონ, თან ისე, რომ უფრო დიდ მოწყენილობას შეგყრიან. მაგრამ ეს შემთხვევითი შეხება განუკურნებელ სნეულებას როგორ შეედრება? კათედრიდან წამოსული ყველაზე მონოტონური დუდუნი თუ სიტყვაუხვი სახელმძღვანელო, რომლის კითხვისას ქუთუთოები გიმძიმდებათ, არაფერია იმ ფსიქოლოგიურ საჰარასთან შედარებით, რომელიც თქვენსავ საძინებლებში იწყება და ჰორიზონტს ავიწროებს.

რამდენიმე ფსევდონიმით – სევდა, ნაღველი, მოყირჭება, შავნაღვლიანობა, სპლინი, გულდამძიმება, აპათია, დათრგუნვილობა, მოთენთილობა, სიცარიელის შეგრძნება, უიმედობა და ასე შემდეგ – მოწყენილობა – ცნობილი მოწყენილობა, რთული მოვლენაა და, ზოგადად, განმეორების პროდუქტი გახლავთ. ისე ჩანს, თითქოს მისი კურნება გამუდმებული გამომგონებლობის ნიჭსა და ორიგინალობაში უნდა ძევდეს. ანუ იმაში, რისი მოიმედენიც თქვენ ხართ – ნორჩნი და გაბედულებით სავსენი. ვაგლახ, რომ ცხოვრება ამგვარ შესაძლებლობას არ მოგცემთ, რადგან სიცოცხლის მექანიკაში მთავარი სწორედ განმეორებადობაა.

რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებასთან შეწინააღმდეგებაც შეიძლება: რომ პროგრესის, მაშასადამე კი ცივილიზაციის მამოძრავებელი ძალა ორიგინალობის და გამომგონებლობის მუდმივი მაძიებლობაა. თუმცა – რეტროსპექტიული ხედვის უპირატესობაც ამაში მდგომარეობს – ეს სულაც არ გახლავთ მამოძრავებელ ძალთაგან ყველაზე ფასეული, ვინაიდან, ეთიკურ კონცეფციებზე რომ არაფერი ვთქვათ, თუ ჩვენი სახეობის ისტორიას მეცნიერული აღმოჩენების მიხედვით დავყოფთ, დამაღონებელ შედეგს მივიღებთ. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, ხელთ მოწყენილობის საუკუნეები შეგვრჩება. თვით ორიგინალობისა და სიახლის ცნებები ავლენს სტანდარტული რეალობის, სიცოცხლის მონოტონურობას, რომლის მთავარი რითმა – არა, უფრო სტილი – მოწყენილობაა. სწორედ ესაა, რაც მას, სიცოცხლეს, ხელოვნებისგან გამოარჩევს, რომლის ყველაზე მძვინვარე მტერიც, ეგ თქვენც იცით, უეჭველია, კლიშეებია. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მოწყენილობასთან გამკლავებას ვერც ხელოვნება გვასწავლის. ამ თემაზე რამდენიმე რომანია დაწერილი; ფერწერული ტილო – კიდევ უფრო ცოტა; რაც შეეხება მუსიკას, მუსიკა უმეტესწილად არასემანტიკური რამაა. ერთადერთი ხერხი, რომლითაც ხელოვნება მოწყენილობისგან, კლიშეს ამ ეგზისტენციური ეკვივალენტისგან მხსნელ თავშესაფრად შეიძლება აქციოთ, ის იქნება, თუკი თავადაც შემოქმედები გახდებით. თუმცა, იმდენი ხართ, რომ ეს პერსპექტივა სწორედ იმდენადვეა ხიბლს მოკლებული, რამდენადაც ნაკლებ შესაძლებელი ჩანს.

მაგრამ საბეჭდ მანქანებს, მოლბერტებს და „სტეინვეებს“ ყველამ  ერთადაც რომ მიაშუროთ, მოწყენილობისგან თავს მთლიანად მაინც ვერ მოიზღუდავთ. თუ მოწყენილობის დედა განმეორებაა, მაშინ თქვენ, ნორჩებსა და გაბედულებს, უღიარებლობის და დაბალი ანაზღაურების გამო სულის ხუთვა მალევე დაგეწყებათ, რადგან ხელოვნებას ერთიცა და მეორეც ქრონიკულად თან სდევს. ამ თვალსაზრისით ლიტერატურული შრომა, ფერწერა, მუსიკის თხზვა მნიშვნელოვანწილად ჩამორჩება საადვოკატო ბიუროში, ბანკსა თუ ლაბორატორიაში სამსახურს. რასაკვირველია, ხელოვნების მხსნელი ძალაც ამაში მდგომარეობს. რაკი მოგება არ მოაქვს, ერთობ უხალისოდ ხდება დემოგრაფიის მსხვერპლი. ვინაიდან, როგორც ვთქვით, თუ განმეორება მოწყენილობის დედაა, დემოგრაფია (რომელსაც თქვენს ცხოვრებაში გაცილებით დიდი როლის შესრულება უწევს, ვიდრე თქვენს მიერ შეთვისებულ რომელსამე საგანს) მისი მეორე მშობელია. შეიძლება მიზანთროპულად ჟღერდეს, მაგრამ მე თქვენზე ორჯერ უფროსი ვარ და დედამიწის მოსახლეობა ჩემს თვალწინ გაორმაგდა. იმ დროისთვის, როცა ჩემს ასაკს მიაღწევთ, მისი ოდენობა უკვე ოთხჯერ მეტი იქნება, და თან სრულებით სხვანაირად, ვიდრე თქვენ მოელით. მაგალითად, 2000 წლისთვის იმგვარი კულტურულ-ეთნიკური გადანაწილება მოხდება, რომელიც თქვენს კაცთმოყვარეობას გამოცდად მოევლინება.

თუნდაც მხოლოდ ეს შეამცირებს ორიგინალობის და გამომგონებლობის, როგორც მოწყენილობისგან თავდაცვის პერსპექტივებს. მაგრამ ყველაზე მონოქრომულ სამყაროშიც კი ორიგინალობასა და გამომგონებლობასთან დაკავშირებული სხვაგვარი გართულებები იმაში მდგომარეობს, რომ მათ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ანაზღაურებენ. თუკი პირველის ან მეორეს ნიჭი გაქვთ, მაშინ საკმაოდ მალე გამდიდრდებით. რაც უნდა სასურველი ჩანდეს ეს, თქვენმა უმეტესობამ საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ არავინ იტანჯება მოწყენილობით ისე, როგორც მდიდარი, რადგან ფული დროს ყიდულობს, დროს კი განმეორებადობის თვისება გააჩნია. მე ასე წარმომიდგენია, რომ სიღარიბისკენ არ მიილტვით – თორემ კოლეჯში ხომ არ შემოხვიდოდით – და ამიტომ მოსალოდნელია, რომ მოწყენილობა მაშინვე წამოგეწევათ, როგორც კი თვითდაკმაყოფილების პირველი იარაღი თქვენს ხელთ აღმოჩნდება.

თანამედროვე ტექნიკის წყალობით ეს იარაღი ისევე მრავალრიცხოვანია, როგორც მოწყენილობის სინონიმები. მათი დანიშნულების გათვალისწინებით – დროის სიბევრე უნდა დაგავიწყონ – მათი რიცხოვნობა მრავლისმეტყველია. ასეთივე მრავლისმეტყველია თქვენი მსყიდველუნარიანობაც, რომლის მწვერვალებისკენ აქედან იმ ინსტრუმენტების ტკაცუნისა და ზუზუნის თანხლებით გაემართებით, თქვენს მშობლებსა და ნათესავებს ხელში მაგრად რომ უჭირავთ. ეს წინასწარმეტყველური სცენაა, 1989 წლის გამოშვების ლედი-ჯენტლმენებო, რადგან თქვენ მალე იმ სამყაროში შეაბიჯებთ, რომელშიაც მოვლენის ჩანაწერი თვით მოვლენის მნიშვნელობას ამცრობს – ვიდეოს, სტერეოს, დისტანციური მართვის, სპორტული კოსტიუმებისა და ტრენაჟორების სამყაროში, რომლებიც ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, რათა შემდეგ ხელახლა განვლოთ თქვენი საკუთარი ან ვიღაც სხვის წარსული: კონსერვატიული აღფრთოვანება, რომელიც ცოცხალ ხორცს მოითხოვს.

რაც რეგულარობისადმი მიდრეკილებას ამჟღავნებს, მოწყენილობის საფრთხესაც შეიცავს. დიდწილად ეს ფულსაც ეხება – თვით ბანკნოტებსაც და მათ ქონასაც. რასაკვირველია, მოწყენილობის საკურნებლად სიღარიბის გამოცხადებას სულაც არ ვაპირებ – თუმცა, როგორც ჩანს, წმინდა ფრანცისკომ სწორედ ეს მოახერხა, მაგრამ გარემომცველი სიღატაკის მიუხედავად, ახალ-ახალი სამონასტრო ორდენების შექმნის იდეა ამ ჩვენს ვიდეოქრისტიანობის ეპოქაში მაინცდამაინც მიმზიდველი არ მეჩვენება. თანაც თქვენ, ნორჩნი და გაბედულნი, სიკეთის ქმნას სამხრეთ აფრიკის ამა თუ ამ ნაწილში უფრო ესწრაფვით, ვიდრე – თქვენსავ მეზობლად, და საყვარელ ლიმონათზე უფრო ადვილად იტყვით უარს, ვიდრე ღატაკთა კვარტალში ფეხის შედგმას დასთანხმდებით. ამიტომ სიღარიბის რეკომენდაციას ვერავინ გაგიწევთ. ერთადერთი, რაც შეიძლება გირჩიოთ, ფულთან სიფრთხილის გამოჩენა იქნება, რადგან თქვენს ანგარიშზე გაჩენილი ნულები შესაძლოა თქვენსავე სულიერ ეკვივალენტად გარდაიქმნას.

სიღარიბეს რაც შეეხება, მოწყენილობა – მის მიერ მოტანილი უბედობების ყველაზე დაუნდობელი ნაწილია და მისგან გაქცევა ყველაზე რადიკალურ ფორმებს: თავაწყვეტილი ამბოხის ან ნარკომანიის ფორმას იღებს. ერთიც და მეორეც დროითი უბედურებაა, რადგან სიღარიბის უბედურება უსასრულოა; ამ უსასრულო ბუნების გამო ორივე მათგანი ძვირი ჯდება. ზოგადად, ადამიანი, რომელიც ვენაში ჰეროინს იშხაპუნებს, ამას უმეტესად იმავე მიზეზით აკეთებს, რომლის გამოც თქვენ ვიდეოს ყიდულობთ:  დროის სიჭარბისგან თავდასაღწევად. თუმცა, განსხვავება იმაშია, რომ ის უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე იღებს, და ხსნის ის ხერხები, რომლებიც მის ხელთაა, ისეთივე ზედმეტობებით სცოდავს, როგორც ის, რისგანაც თავის დაღწევას ცდილობს. მთლიანობაში, ტაქტილური სხვაობა შპრიცის ნემსსა და სტერეომოწყობილობის ღილაკს შორის დაახლოებით ისეთსავე ურთიერთმიმართებაშია ერთმანეთთან, როგორი განსხვავებაცაა მქონებელთა თუ უქონელთა მიმართ დროის ზეგავლენის სიმძაფრესა და სიტლანქეს შორის. მოკლედ რომ ვთქვა, გინდ მდიდარი იყავი და გინდ ღარიბი, ადრე თუ გვიან დროის სიჭარბე მაინც გავნებს.

 

პოტენციურად მქონებელნო, ადრე თუ გვიან თქვენ მოგბეზრდებათ თქვენი სამუშაო, თქვენი მეგობრები, თქვენი, გულისსწორი, ხედი, რომელიც თქვენი ფანჯრიდან იშლება, ავეჯი ან კედლის ფერი თქვენს ოთახში, საკუთარი აზრები, საკუთარი თავი. ამის გამო შეეცდებით, ხსნის გზები იპოვოთ. ზემოთ ნახსენები სიამოვნების მომტანი სათამაშოების გარდა, შეგიძლიათ, სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილის, ნაცნობების, ქვეყნის, კლიმატის შეცვლა დაიწყოთ. შეგიძლიათ, მიეცეთ პრომისკუიტეტს, მიეძალოთ ალკოჰოლს, მოგზაურობას, კულინარიის გაკვეთილებს, ნარკოტიკებს, ფსიქოანალიზს. თუმცა შეგიძლიათ ამ ყველაფერს ერთად მოჰკიდოთ ხელი, დროებით ეს ალბათ  გიშველით. იმ დღემდე, რასაკვირველია, როცა საკუთარ საძინებელში გაიღვიძებთ, სხვა შპალერით, ახალი ოჯახით გარემოცული, სხვა სახელმწიფოსა და კლიმატში, ტურისტული აგენტისა და ფსიქოანალიტიკოსისგან მოსული ანგარიშების გროვასთან, ისევ იმ ძველი, გაცვეთილი გრძნობით ფანჯრიდან შემოჭრილი დღის ნათელის მიმართ. მერე სპორტულ ფეხსაცმელში ჩაყოფთ ფეხს და უცებ აღმოაჩენთ, რომ მას ზონრები არ ჰქონია, ზონრები, რომელთაც მოქაჩავდით და ასე დაიძვრენდით თავს ამ ყველაფრიდან, რასაც კვლავ ასეთი ნაცნობი შესახედაობა მისცემია. მერე თქვენს ტემპერამენტს ან ასაკს გააჩნია: პანიკა დაგეწყებათ ან ამ შეგრძნების ყოველდღიურობას დანებდებით; ან კიდევ ცვლილებების ახალ რიგს აუტეხთ თავს.

თქვენს ლექსიკონს ნევროზი და დეპრესია შეემატება, თქვენს საშინაო აფთიაქს – ახალი აბები. კაცმა რომ თქვას, ცუდი არაფერია იმაში, რომ ცხოვრება ალტერნატივათა დაუსრულებელ ძიებად აქციოთ, სამსახურების, მეუღლეების, გარემოცვის პოვნა-კარგვაში,  თუკი ალიმენტების ხდას გაწვდებით და მოგონებებში შემოპარულ არეულობას გაუძლებთ. ეს მდგომარეობა საკმარისადაა კულტივირებული ეკრანებსა და რომანტიკულ პოეზიაში. მისი სიმუხთლე იმაშია, რომ ძირითად საქმიანობად მალე ეს ძიება გადაგექცევათ და ალტერნატივის თქვენეული მოთხოვნილება ნარკომანის დღიურ დოზას გაუტოლდება. თუმცა აქედან კიდევ ერთი გამოსავალი არსებობს. შესაძლოა, თქვენი თვალთახედვით – არა საუკეთესო, და არც აუცილებლად უსაფრთხო, მაგრამ იაფი და წყალგაუვალი. ვისაც თქვენგან რობერტ ფროსტის „მსახურის მსახური“ წაუკითხავს, მისი ეს სტრიქონიც ეხსომება: საუკეთესო გამოსავალი გამჭოლად სვლაა“. ის, რაც მე მინდა შემოგთავაზოთ, ამ თემის ვარიაცია იქნება.

მოწყენილობა რომ მოგეძალებათ, დაჰყევით მას. დანებდით, თავი გააჭყლეტინეთ, დააძირვინეთ, ფსკერამდე ჩაჰყევით. უსიამოვნებებთან გამკლავების წესი ასეთია: ფსკერს რაც მალე შეეხები, მით სწრაფად ამოყვინთავ ზედაპირზე. სხვა დიდი ინგლისურენოვანი პოეტის სიტყვებით რომ ვთქვა, აქ დედააზრი დევს, რომ უარესს თვალი უნდა გაუსწორო. მიზეზი, რომლის გამოც მოწყენილობა ასეთ გამოწვლილვით ყურადღებას იმსახურებს, იმაში მდგომარეობს, რომ ის  სუფთა, გაუზავებელი დროა, მის განმეორებად, ნაჭარბევ, მონოტონურ დიდებულებაში. მოწყენილობა, ასე ვთქვათ, ფანჯარაა თქვენი, დროის მხარეს გაჭრილი, მისი ისეთი თვისებებისკენ, რომელთა უგულებელყოფა წესად გვექცა, ისე, რომ ეს უკვე ჩვენს სულიერ წონასწორებას უქმნის საფრთხეს. შეიძლება მარტოობის გარინდებულ საღამოთა შიშის მიზეზიც ეს იყოს, ან იმ მონუსხულობის, რომლითაც ხანდახან მზის სხივში მოტრიალე მტვრის ნაწილაკს ვადევნებთ თვალს, – სადღაც კი საათი წიკწიკებს, სიცხე ჩამომდგარა და ნების ძალა ნულთან გვაქვს გატოლებული.

როცა ეს ფანჯარა გაგეხსნებათ, მის მიხურვას ნუ შეეცდებით; პირიქით, ფართოდ გამოაღეთ, რადგან მოწყენილობა დროის ენაზე ლაპარაკობს და თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი გაკვეთილი აქვს თქვენთვის ჩასატარებელი – გაკვეთილი, რომელიც აქ, ამ კოლეჯის მწვანე მოლზე არ მიგიღიათ –  და რომელიც საკუთარი თავის უკიდურეს უმნიშვნელობას მიგახვედრებთ. ის ძალზე ღირებული იქნება თქვენთვის. მათთვისაც, ვისთანაც ოდესმე ურთიერთობა მოგიწევთ. ,,შენ სასრული ხარ“, – გეტყვით დრო მოწყენილობის ხმით, – ,,და რაც არ უნდა გააკეთო, ჩემი თვალთახედვით, ამაოებაა“. რასაკვირველია, ეს სიტყვები თქვენს ყურთასმენას მუსიკადვე არ ჩაესმება. მაგრამ თქვენი ყველაზე მაღალი, ყველაზე ჟინიანი სწრაფვების ამაოებისა და უმნიშვნელობის განცდა გიჯობდეთ მათი ნაყოფიერების ილუზიას და ამის თანამდევ მედიდურობას.

რადგან მოწყენილობა ჩვენი ღირებულების სისტემაში დროის შემოჭრაა, თქვენს არსებობას ის მისი – ზოგადად, არსებობისავე პერსპექტივაში ათავსებს, რომლის საბოლოო შედეგი სიზუსტეა და ამპარტავნების უქონლობა. პირველი, ესეცა ვთქვათ, მეორეს წარმოშობს. რაც მეტს შეიტყობთ საკუთარი სიდიდის შესახებ, მით თვინიერი გახდებით თქვენს მსგავსთა მიმართ, მტვრის იმ ნაწილაკისადმი, მზის სხივში რომ ტრიალებს ან უკვე უმოძრაოდ ასვენია თქვენს მაგიდაზე. ეჰე, რამდენი სიცოცხლე შთანუთქავთ ამ ნაწილაკებს! ოღონდ არა თქვენი, არამედ იმათი თვალთახედვით. იმათთვის თქვენ იგივენი ხართ, რაც დროა ჩვენთვის; ამიტომაა, რომ ასე მცირენი ჩანან.

,,მარად გახსოვდე“,

ჩურჩულებს მტვერი.

ვერაფერი იქნება თქვენი, ნორჩებისა და გაბედულების სულიერი განაწესისგან ისე შორს, როგორც განსვენებული გერმანელი პოეტის, პიტერ ხუხელის ამ ორტაეპედით გადმოცემული გუნება-განწყობა. მისი ციტირება იმიტომ კი არ განმიზრახავს, ყველაზე მცირეთა – თესლებისა და მცენარეების, ქვიშის მარცვლებისა და მოსკიტების – მცირეთა, მაგრამ მრავალრიცხოვანთა მიმართ გულისხმიერება ჩაგისახოთ. ეს სტრიქონები იმიტომ მოვიტანე, რომ მომწონს, იმიტომ რომ მათში საკუთარ თავს  ვცნობ – თავს, და რაკი სიტყვამ მოიტანა, ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, რომელიც ოდესმე ამა თუ იმ ზედაპირიდან წარიხოცება. ,,მარად გახსოვდე“, ამბობს მტვერი. და მათში ისმის მინიშნება, რომ თუკი დროისგან საკუთარ თავზე რამეს შევიტყობთ, მაშინ, საფიქრებელია, რომ, თავის მხრივ, დროც რაღაცას გაიგებს ჩვენგან. რა შეიძლება იყოს ეს რაღაც? თუ მას მნიშვნელობით ჩამოვუვარდებით, სამაგიეროდ, გულისხმიერებით აღვემატებით.

რას ნიშნავს ეს უმნიშვნელობა. თუკი ამის გასააზრებლად ნებისყოფის მადამბლავებელი მოწყენილობა იქნა საჭირო, მოწყენილობას გაუმარჯოს. თქვენ უმნიშვნელონი ხართ, რადგან სასრულნი ხართ. თუმცა, ესეცაა: რაც უფრო სასრულია რამე, მით მეტადაა იგი დამუხტული სიცოცხლით, ემოციებით, სიხარულით, შიშებით, თანალმობით. რადგან უსასრულობა მაინცდამაინც სიცოცხლით არ ჟრიამულობს, მაინცდამაინც ემოციური არაა. ყოველ შემთხვევაში, თქვენი მოწყენილობა სწორედ ამას მოწმობს. რადგან თქვენი მოწყენილობა უსასრულობის მოწყენილობაა. რაკი ასეა, პატივი ეცით მის წარმოშობას – არა იმაზე ნაკლებ, თუ მოახერხებთ, ვიდრე საკუთარს. რადგან სწორედ ამ უსულგულო უსასრულობის წინათაგრძნობით აიხსნება ადამიანის გრძნობათა სიმძაფრე, რომელიც ხშირად ახალი სიცოცხლის ჩასახვის მიზეზი ხდება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მოწყენილობისდა გამო ჩაისახეთ, ან რომ სასრული სასრულს შობს (თუმცა შეიძლება ერთიცა და მეორეც დამაჯერებლად ჟღერდეს). ეს უფრო იმ აზრისკენ გვიბიძგებს, რომ ვნება უმნიშვნელოთა პრივილეგიაა.

ამიტომ შეეცადეთ ვნებიანობა არ დაკარგოთ, ცივსისხლიანობა თანავარკვლავედებს დაუტოვეთ. ვნება, პირველ რიგში, მოწყენილობის კურნებაა. და, რა თქმა უნდა, კიდევ ტკივილი, უფრო ფიზიკური, ვიდრე სულიერი – ვნების მუდმივი თანამდევი. თუმცა მე თქვენ არც ერთს გისურვებთ და არც მეორეს. მეორე მხრივ, როცა გტკივათ, ის მაინც იცით, რომ მოტყუებული არ დარჩენილხართ (საკუთარი სხეულის ან სულის მიერ). ამას გარდა, თუკი რამ ახლავს კარგი მოწყენილობას, ნაღველს და საკუთარი და სხვა დანარჩენთა არსებობის უაზრობის განცდას, ეს ისაა, რომ  ტყუილში არ ხართ.

შეიძლებოდა, დეტექტივები და ტრილერებიც გამოგეცადათ – რაღაც ისეთი, რაც იქ გამყოფებთ, სადაც მანამდე ვერბალურად/ვიზუალურად/მენტალურად არასდროს ყოფილხართ – რაღაც ისეთი, რაც რამდენიმე საათს გრძელდება. თავი აარიდეთ ტელევიზიას, განსაკუთრებით – არხების ხშირ გადართვას: ეს ხორცშესხმული ზედმეტობაა. თუმცა თუ ამ ხერხებმა არ გაჭრა, მაშინ შეუშვით, ,,შეყარეთ სულები მრუმე წყვიადში.“ მკლავები გაშალეთ სახვევნელად, ან მოწყენილობის, ნაღველის ხვევნას დანებდით, ასე თუ ისე, ყოველთვის თქვენზე დიდი იქნება ორივე.  მხუთველი იქნება მათი ხვევნა, აბა როგორ, მაგრამ შეეცადეთ, მცირე ხანს გაუძლოთ ამათ და მერე – ცოტა კიდევ. მთავარია, არ იფიქროთ, რომ სადღაც რაღაც შეგეშალათ, უკან არ დაბრუნდეთ და შეცდომის გამოსწორებას არ შეეცადოთ. არა, როგორც პოეტს უთქვამს, ,,ენდე შენს ტკივილს“. ეს საშინელი დათვური ხვევნა შეცდომად არ მიიღოთ. არც ის ყველაფერი, რაც გულს გიღრღნით. მუდამ გახსოვდეთ, ამ ქვეყანაზე არ არის ხვევნა, რომელიც ბოლოს არ განიხვნება.

თუ ეს ნათქვამი გეპირქუშებათ, მაშ არ გცოდნიათ, რა არის ბნელი. თუ რაც გითხარით, ძნელად შესასრულებელი გეჩვენებათ, იმედი მაქვს, დრო დაგიმტკიცებთ თქვენსავ სისწორეს. ხოლო თუ უადგილო გეჩვენებათ ამნაირი საზეიმო ვითარებისთვის, მაშინ მე არ დაგეთანხმებით. დაგეთანხმებოდით, ეს რომ თქვენი აქ მოსვლის ზეიმი იყოს, მაგრამ ის თქვენი აქედან წასვლის აღსანიშნავადაა გამართული. ხვალ თქვენ აქ უკვე აღარ იქნებით, რადგან თქვენმა მშობლებმა თქვენი აქ ყოფნის ოთხი წლის ფული გადაიხადეს, და ეს ვადა ამოიწურა. ამიტომ ხვალ აქედან სხვაგან გაემგზავრებით, კარიერის, ფულის საკეთებლად, ოჯახების შესაქმნელად, თქვენი ერთადერთი, უნიკალური ბედის შესახვედრად. არც ვარსკლავთა შორის, არც ტროპიკებში, მგონი არც აქვე, გვერდით, ვერმონტში იციან, თუ დარმუთის ამ მოლზე რა ცერემონია იმართება. არა მგონია, ამ თქვენი ორკესტრის ხმები უაით რივერ ჯანქშენამდე მაინც აღწევდეს.

თქვენ ტოვებთ აქაურობას, 1989 წლის კურსდამთავრებულებო. იმ სამყაროში შედიხართ, რომელიც თვალსმოფარებულ ამ ადგილებზე გაცილებით მჭიდროდ იქნება დასახლებული და სადაც თქვენთვის გაცილებით ნაკლებ ყურადღებას გამოიმეტებენ, ვიდრე უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში შეჩვევიხართ. ახლა  საკუთარი თავის ბატონ-პატრონები თავადვე ხართ. თუ ამ სამყაროში თქვენს მნიშვნელობაზე უნდა ითქვას რამე, ამას სწრაფად წარმოიდგენთ, როგორც კი 1100-ს, თქვენს ოდენობას, სამყაროს 4,9 მილიონს მიუსადაგებთ. მაშასადამე, ზომიერება სწორედ ისევე უნდა მოუხდეს დღევანდელ მოვლენას, როგორც დაფდაფები.

არაფერს გისურვებთ სხვას, ბედნიერების გარდა. თუმცა წინ ალბათ ბნელი, და, რაც ამაზე უარესია, მოჟამული საათიც ბევრი იქნება; და როგორც გარე სამყაროს, ისე თქვენივე საკუთარი გონებაც იქნება ამის მიზეზი. მათთან გასამკლავებლად რაღაცნაირად თავი უნდა მოიმძლავროთ. თქვენს დახმარებას ჩემი მცირე ძალით დღეს აქ ვცდილობდი, თუმცა, სრულიად აშკარაა, რომ ეს ვერ იქნება საკმარისი. რადგან ის, რაც წინ მოგელით, წარმტაცი, მაგრამ ქანცის გამწყვეტი მოგზაურობა იქნება. დღეს ისეთ მატარებელში სხდებით, რომელიც გზას უგანრიგოდ უნდა გაუდგეს. ვერავინ გეტყვით, რა მოგელით. ვერც ისინი, ვისაც ზურგს უკან იტოვებთ. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ დაბეჯითებით გითხრან, ისაა, რომ მგზავრობა ცალმხრივი იქნება, ამიტომ შეეცადეთ, მცირე სარგებელი მაინც გამოიღოთ აზრისგან, რომ რაგინდ უამურიც უნდა იყოს ესა თუ ის სადგური, იქ დახანება დიდხანს არ მოგიწევთ. ამიტომ ნურსად გაეხირებით – მაშინაც კი, თუ მოგეჩვენათ, რომ გზა მოგეჭრათ; ეს ადგილი დღეს თქვენი წარსული ხდება. ამიერიდან აქაურობა თქვენთვის დაპატარავებას დაიწყებს, რადგან ეს მატარებელი გაუჩერებლად ივლის. დაპატარავებას განაგრძობს მაშინაც, როცა მოგეჩვენებათ, რომ გზა მოგეჭრათ… ამიტომ უკანასკნელად მოავლეთ თვალი, სანამ ჯერ თავდაპირველი სიდიდით ხედავთ, სანამ ეს ყველაფერი ფოტოსურათად არ ქცეულა. ისეთი სინაზით მოავლეთ თვალი, როგორის შემძლენიც ხართ, რადგან საკუთარ წარსულს უყურებთ. მოდი, ასე ვთქვათ: თვალი გაუსწორეთ იმას, რაც საუკეთესო იყო თქვენს ცხოვრებაში. რადგან ეჭვი მეპარება, ოდესმე იმაზე ბედნიერები იყოთ, ვიდრე აქ იყავით.

© “ცხელი შოკოლადი”

Facebook Comments Box