რეცენზია

ირაკლი ქასრაშვილი – წინაპრებიდან თანამედროვეობისაკენ

(თამრი ფხაკაძის „ჩვენ, თურმელები“)

ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ქართველი მოღვაწეები ჩიოდნენ, რომ „ქართლის ცხოვრება“, ძირითადად, მეფეების ისტორია იყო და უბრალო ადამიანები თითქოს გამორჩენილნი იყვნენ მასში მოთხრობილ ამბებში. თამრი ფხაკაძის რომანი „ჩვენ, თურმელები“ გარკვეულწილად ავსებს ამ ხარვეზს. ერთი შეხედვით, ეს არის წიგნი, რომელიც „თურმე არსებული“ ქართული გვარის, თურმელების ისტორიას აღწერს და, ასევე, უძველეს დროში, მთის წვერზე ხუროთმოძღვარ ანდრონიკეს მიერ აშენებული იმ თეთრი, თლილი ქვის სახლის თუ სასახლისა, სადაც მათ დაუდიათ ბინა. ცნობამიხდილ ანდრონიკეს თითქოს სწორედ იმიტომ ეძინა ორმოცი დღე, რომ „ერთი გრძელი, მბრუნავი სიზმარი“ ენახა: ოქროსფრად აელვარებული თეთრი სასახლე და მისი მოციმციმე ქონგურები, ხოლო გამოფხიზლების შემდეგ აესრულებინა მისი აგების „უცნაური, დაუძლეველი“ სურვილი. ამ ორსართულიან სახლს თექვსმეტი ოთახი აქვს, რვა – ქვედა და რვა – ზედა სართულზე. თექვსმეტი შიდა და ერთი მთავარი კარი, ოცდათორმეტი ფანჯარა – თექვსმეტი პირველ და თექვსმეტი – მეორე სართულზე. ის სწორედ იმისათვის აშენდა, რომ თურმელების ყოველმა მომდევნო თაობამ აქ იცხოვროს, შინიდან წასვლისა და ხეტიალის შემდეგ დაბრუნდნენ და დამატყვევებელ, ნაქარგი ტილოებითა და ფერწერით დამშვენებულ კედელზე თავმიდებულებმა ან ბუხრის პირას, ცეცხლით გამლღვარებმა ჩაილაპარაკონ: „აწი რაღა მომკლავს“ ან „მე აჰარ ტსჰავალ იკ, ნევერ“. ამ სახლის ყოველი ოთახი და მათი დანიშნულება დეტალურადაა აღწერილი: ყველა დროის ქაღალდისა და მელნის სურნელით გაჯერებული, ოჯახის წევრების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი და აქაურ თაროებზე ბინადადებული წიგნებითა და რარიტეტებით გავსებული „ბიბლიოთეკა“, მისი მიმდებარე პატარა „სენაკი“, სადაც „თურმელები, მამაკაცნი მხოლოდ, საკუთარ თავგადასავალს წერდნენ“, ცისფრად ჩამუქებული და ვერცხლისფერ-მოლურჯო ათინათებით სავსე „ედგარის ოთახი“, იქ „ლექსებმიწერილ კედლებზე ეკიდა ჩონგური, კედარის ქნარი და ვერცხლის ფლეიტა“, გრილი „თიხის ოთახი, იგივე მარანი“, რომელშიც „თიხის თასებს, ჭინჭილებს და უცნაურ სასმისებს შემოენახათ უძველეს ღვინოთა სურნელი“, დიდი, თეთრბუხრიანი „სასტუმრო ოთახი“ და, რასაკვირველია, მარადფხიზელი, წითელბუხრიანი „საიარაღო“, სადაც თურმელების გერბი, სიგელ-გუჯრები და დროშა ინახებოდა „ვალმოხდილ და ჯერაც ისევ მზადყოფნაში გარინდებულ იარაღთან“ ერთად, იმ იარაღთან, რომელმაც, ლიტერატურული კანონების მიხედვით, წიგნის ბოლოს უნდა გაისროლოს. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ სახლის „მთავარ კარში დღედაღამ იწვა უხილავი ნაგაზი, რომელმაც გეშით იცოდა, ვინ შემოეშვა და ვინ – არა“.

ამ ძველ, გინდაც ისტორიულ სახლს უცნაური მაგია აქვს. უხილავი ნაგაზი შიგნითაც კი არ უშვებს „გაუღიმარ, პირქუშად საქმიან, ქაღალდების უტყვად მოშარიშურე „კომისიას“, რომელმაც „სახლის საცხოვრებლად ვარგისიანობა-უვარგისობა“ უნდა დაადგინოს და რომელსაც, სავარაუდოდ, მისი დანგრევისა და ამ ადგილზე „მაღალტექნოლოგიური სარადარო ცენტრის“ მოწყობის უფლებამოსილებაც კი აქვს. ქალაქიდან ამოსული ბუნებრივი აირის ინკასატორი თავქუდმოგლეჯილი გარბის აქედან, რათა ამის შემდეგ აღარავის შეახსენოს აღარავითარი ვალი, ღვთის წინაშე არსებული ვალის გარდა. ამ სახლში „ჩხრეკის ორდერით შემოლაჯებული“ დიდი ჩეკისტი ვალიკო რ.-ც კი იბნევა, უხერხულად გრძნობს თავს და ცდილობს, რაც შეიძლება ჩქარა, კუდამოძუებული გაეცალოს იქაურობას, თან ისე, რომ (გაუგონარი ამბავია) დავალების შესრულებაზე უარს ამბობს. სახლს შეყვარებულები უყვარს და ამიტომ უამრავი სიყვარული (ბედნიერი თუ უბედო, ტრაგიკული, დრამატული თუ უცნაური) არის აღწერილი ამ წიგნში, სიყვარულის ამბები, რომლებიც არ სრულდება და არც დასრულდება, ვიდრე ქალები და კაცები არსებობენ. ამ რომანში, როგორც ყოველ ქრონიკაში, კიდევ ერთი მთავარი გმირი დროა, მუდამ ერთი მიმართულებით მოძრავი, ყველგანმყოფი, მოუხელთებელი და შეუცნობელი. ტყუილად კი არ არის სახლის წინკარზე, ფილაქანზე, ფერადი ქვებით ჩაკირული წარწერა „დრონი მეფობენ“.

 „ჩვენ, თურმელები“ რეალობისა და ზღაპრის მიჯნაზე დგას და ამითაც ეხმიანება ორ უდიდეს ქართულ წიგნს: „ქართლის ცხოვრებასა“ და „ვეფხისტყაოსანს“ (რომლის მთავარი გმირის საოცნებო ქალს მილიციის უმცროსი ლეიტენანტი რიხიძე შეცდომით „ნესტან-ქეთევანს“ უწოდებს). ბიბლიოთეკის ერთი თარო მხოლოდ „ვეფხისტყაოსნით“ არის სავსე. როდესაც რომანს ვკითხულობთ, თითქოს თურმელების საგვარეულო წიგნის სტრიქონებს მივყვებით, სადაც საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთს ენაცვლება მისი სხვადასხვა წარმომადგენელი: გვარის ნამდვილი ფუძემდებელი, დიდი სარდალი და შემდეგ ტრამალის ბერი ანთიმოზ თურმელი, მისი ტყუპი ვაჟი, თითქოს აბელისა და კაენის პირდაპირი შთამომავლები: შინაყუდა, ციურ სხეულებთან მოჩურჩულე აბესალომი, აბე და დაუდეგარი ჩხუბისთავი, ყაჩაღი და მოგზაური კახაბერი, კააბო. ორივეს დიდი მთავრის ქალი, თეკლა შეჰყვარებია. თუმცა მის გამო, საბედნიეროდ, ერთმანეთი არ გაუმეტებიათ. შემდეგ მოდიან მათი შვილები, შვილიშვილები, ახლო თუ შორეული შთამომავლები. არ მთავრდება მათი თავგადასავალი და სასიყვარულო ამბები: დარდანის და პელაგია-ჩიორასი, ალმაზის და ფშავქალასი, მწყემსი იოანე თურმელის და თავადის ქალ მზექალასი, დურმიშხან ძლეულის (სიყვარულით) და ლაღ-პეპელასი, პეტრე იღბლიანის და კოჭიბროლასი, პავლე უიღბლოსი და სამი ქალისა, ნოშრევან ხიფათიანის და შორენა-შოშიასი, ლაზარიკა მეენეს და ჰელადიასი, შეუცნობელზე თუ მიუწვდომელზე შეყვარებული პოეტ ედიშერ-ედგარისა და ბოლოს, რომანის მთავარ, ბოლოდროინდელ „ტრფობა წამებულსაც“ მივადგებით: ლუკა თურმელის და კატო მაქსიმოვიჩის უეცარ, ერთი დანახვით წარმოშობილ სიყვარულს, რომელსაც თითქოს მომავალი არ უწერია. თითოეულ ამ ადამიანზე, თითოეულ პერსონაჟზე, თურმელსა თუ არათურმელზე, ცალკე რომანის დაწერაა შესაძლებელი (რაც, ალბათ, აღწერილიც კია მათ საგვარეულო წიგნში). სახლი, სადაც ისინი იბადებიან და ბავშვობას ატარებენ, მართალია, განცალკევებულად დგას და ქალაქს გადაჰყურებს, მაგრამ ის არა მარტო მათი ქვეყნის, არამედ მთელი სამყაროს ნაწილია და თურმელებიც, როცა უნდათ, მოგზაურობენ მსოფლიოს ოთხივე კუთხეში, უხილავი ძაფებით აკავშირებენ საკუთარ სახლს, საკუთარ ცხოვრებას სხვადასხვა ქვეყანასთან, უცხო ადგილებთან ჩრდილო თუ ლათინურ ამერიკაში, აფრიკასა თუ აზიაში – ბედნიერი არაბეთის აღმოსავლური პოეზიის საღამოებთან, მამლების ჩხუბთან ბასკეთის ქალაქებში, კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში ჩატარებულ კონცერტთან და ყოფილი იუგოსლავიის დაშლისას ატეხილ სისხლისმღვრელ ომთანაც კი. იქვე, შიშისმომგვრელ, ბნელ გამოქვაბულში, შენახულია დიდი სარდლის, ანთიმოზის მიერ სხვადასხვა ომში მოხვეჭილი და ცოლის მოყვანის შემდეგ თავიდან მოშორებული ურიცხვი ძვირფასეულობითა და ოქრო-ვერცხლით სავსე ზანდუკი, რომლის არსებობა მხოლოდ რამდენიმე თურმელმა იცის. თუმცა, ეს სიმდიდრე ბევრ არაფერში ადგებათ და, საბოლოოდ, ის ეშმასწყლის მორევს მიაქვს შუაზე გახლეჩილ ზანდუკთან ერთად. მთელი სამყარო ღიაა ამ ადამიანებისთვის, საკუთარი სახლიდან ისინი ხედავენ არა მხოლოდ ვარდების ბაღსა და ქალაქისაკენ ჩამავალ ფერდობს, არამედ „ფერად, უსასრულო სამყაროს“, რომლის ნაწილიც თვითონ არიან, რომლის ოკეანეები, უკაცრიელი კუნძულები, ქვეყნები და ქალაქები, უდაბნოები და ოაზისები იზიდავენ მათ და ისინიც ხშირად მიდიან იქით და მერე ზოგიერთი მათგანი რჩება კიდეც ამაზონიის ჯუნგლებში თუ შეერთებული შტატების ნავთობის ველების სიახლოვეს, მაგრამ ამისათვის მათ ჯერ საკუთარი თავი და წარსული უნდა დაივიწყონ, როგორც დავიწყებია ის „მეხსიერების საშლელის“ მსხვერპლ ლიუქ თურმანს ან კოჭიბროლა თურმელის ქმარს, ბრაზილიელ თუ კოლუმბიელ მეთევზედ გარდაქმნილ ანატოლი ვარდოსანიძეს. თურმელები (თუნდაც რომელიმე მათგანი მერე მამლუქთა სულთან ალ-მანსურ-ად-დინ-აიუბად იწოდებოდეს) ადრე თუ გვიან მაინც ბრუნდებიან საგვარეულო სახლში და მოგონებებთან ერთად თან ჩამოჰყავთ უცხოელი ცოლები და შორეულ ქვეყნებში შეძენილი შვილები, ჩამოაქვს უძველესი და იშვიათი წიგნები. რომანი ზუსტად, დანამდვილებით აღწერს ადამიანებსა და მათ ცხოვრებას საუკუნეების განმავლობაში და თუკი ზოგჯერ რაიმე უჩვეულოს გადავაწყდებით, დემეტრე თურმელის დაჟინებული მზერის უჩვეულო ძალის (ვარდის გაშლა რომ შეეძლო) ან სახლში მოხეტიალე ანთიმოზ თურმელის აჩრდილის მსგავსს, ესეც მეტისმეტად ცხოვრებისეულია. განა ყოველი ადამიანი ამქვეყნად ერთხელ მაინც არ გადასწყდომია ამოუცნობ მოვლენას? თურმელების ქრონიკაში ერთმანეთს მიჰყვებიან, წყალანკარა მდინარესავით მიედინებიან წლები, საუკუნეები, ამბები, თავგადასავლები, ქვეყნები, გმირები და ბუნებრივად ისმის კითხვა, უბრალო, მარტივი და, ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი: რა არის არა მხოლოდ თითოეული ადამიანის, არამედ მთლიანად ამ გვარის არსებობის, ცხოვრების აზრი? ამ კითხვაზე პასუხმა იქნებ თითოეული ადამიანის, ყოველი გვარის, ქვეყნისა და სამყაროს არსებობის საიდუმლოს ახსნამდეც მიგვიყვანოს.

ქვეყანა, სადაც თურმელები ცხოვრობენ, საქართველოა, მაგრამ იმ ქალაქის სახელი არ არის ცნობილი, რომელიც ოდესღაც მათი სახლის ფერხთით გაშენდა. უცნაურია, მაგრამ თურმელებისა და მათი მთავრების, შავგულების, საუკუნოვანი მტრები იშმიშელებად მოიხსენებიან. ეს პირობითი სახელია და, საერთოდ, რა საჭიროა რეალურად არსებული ქვეყნის ან სამთავროს დასახელება? განა ამ ქვეყანას ცოტა ჰყავდა მტერი და მომხდური? ისინი შეიძლება სპარსელებიც ყოფილიყვნენ, არაბებიც, მონღოლებიც, ოსმალებიც, ჩერქეზებიც, ლეკებიც, რუსებიც და რომელიმე სხვა, დიდი სახელმწიფოც. შეიძლება, სულაც სხვა კუთხის ქართველები იყვნენ, ციცქნა სამთავროს წარმომადგენლები. რა, ცოტა იყო იმერეთსა და გურიას ან სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის სამხედრო შეტაკებები? ან იქნებ ეს იშმიშელები „ვეფხისტყაოსნის“ ქაჯების მონათესავე ხალხია, ან, სულაც, მათი სხვა დასახელებაა? უძველესი დროიდან შუა საუკუნეებამდე, შუა საუკუნეებიდან ახალ და უახლეს დრომდეა გაგრძელებული ჩვეულებრივი გვარის ჩვეულებრივი ადამიანების სხვადასხვა თაობის, მათი ამბების, სიყვარულის, მოგზაურობების, ნიჭისა თუ უნიჭობის, ხასიათებისა თუ უხასიათობების, ოცნებებისა და სინამდვილის, საკუთარი თავის ძებნის, ბედისა თუ უბედობის ამბები. რამდენი ასეთი გვარია საქართველოში? რამდენია ასეთი გვარია ამქვეყნად? ყოველ მათგანზე შეიძლება ცალკე ქრონიკა დაიწეროს, საინტერესო და მიმზიდველი. შეიძლება, მრავალ მათგანს შექმნილიც აქვს ისინი და, თურმელების საგვარეულო წიგნის მსგავსად, რომელიმე ნახევრად ჩაბნელებულ სენაკში ინახება, გამომზეურებას ელის. ადამიანების ისტორია ხომ, მით უმეტეს, დროში განფენილი, ყოველთვის საინტერესოა და მნიშვნელოვანი – იმიტომ, რომ ადამიანები, მშობლები და შვილებიც კი არ იმეორებენ ერთმანეთს, არ არიან იდენტურები და სწორედ მათი განსხვავებულობა, მრავალფეროვნება და, ამავე დროს, გარკვეული ერთიანობა, ურთიერთკავშირი იწვევს მკითხველის, მსმენელისა თუ მაყურებლის ინტერესს. თორემ, ერთი ფილოსოფოსის ნათქვამისა არ იყოს: „არავის დააინტერესებს თხების თორმეტტომიანი ისტორია“ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათი ყოველი მომდევნო თაობა წინას იმეორებს და ვინც ერთი თხის ამბავი გაიგო, თამამად შეუძლია განაცხადოს, რომ მთელ მათ მოდგმას კარგად იცნობს. თურმელების მთელი გვარი, მისი ყოველი წევრი, საკუთარი პიროვნული განსხვავებულობითა და ერთიანობით, სხვადასხვაგვარი შეხედულებით, ქცევითა და თავგადასავლით, სწორედ ადამიანების ერთმანეთის კლონებად, ერთნაირ, უპიროვნო, ერთსახოვან და მსგავსი აზრებით თავგამოტენილ მასად ქცევას უპირისპირდება და ამით თამრი ფხაკაძის რომანი ქართული ლიტერატურის იმ მთავარ ხაზს აგრძელებს, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა ადამიანის თავისუფლებას, განსხვავებულ აზრს, შეხედულებებსა და მოქმედებას, აღწერდა კაცებსა და ქალებს, მათ ხასიათს, შეხედულებებსა და ქცევას ისე, როგორებიც ისინი სინამდვილეში არიან, ყოველგვარი ყალბი დამუნათებისა და მორალის კითხვის გარეშე.  

წიგნი იმაზეც დაგვაფიქრებს, არა მხოლოდ დაგვაფიქრებს, შეიძლება, მიგვახვედროს კიდეც, რა მნიშვნელობა აქვთ ქართველების მიერ საუბრისას ასე ხშირად მოხსენიებულ წინაპრებს, მრავალი წლის თუ საუკუნეების წინ წასულ თაობებს, მათ ცხოვრებას, გამოცდილებას, აზრებსა და საქმეებს ყოველი მათი შემდგომი თაობისათვის. თურმელების სახლიდან წარსული თითქოს არსად მიდის, დრო და მასში გაფანტული ათასობით, მილიონობით, მილიარდობით წამი აქ გროვდება სქელი, ოთახებში გაფანტული ოქროსფერი ბურუსივით და ყოველი წინაპარი არა მხოლოდ საკუთარ ჩანაწერს ტოვებს საგვარეულო წიგნში, არამედ, ისინი, კაცებიც და ქალებიც, ასევე ტოვებენ საკუთარ გულისცემას, ვნებასა და სურვილებს, საკუთარი ყოფიერების საიდუმლოს, საკუთარ თვისებებს, საკუთარ გამოცდილებას და ამას გადასცემენ შთამომავლობას. ასე ერევა ამ წიგნში შუა საუკუნეების სული თანამედროვეობას, ასე ინარჩუნებს დროის თანამდევ მარადიულ ცვლილებაში, რომელსაც ცხოვრება ეწოდება, საკუთარ თავს თურმელების ყოველი მომდევნო თაობა.

„ჩვენ, თურმელები“ არის რომანი ყოფიერებაზე, ადამიანის ცხოვრების უბრალოებასა და იდუმალებაზე, ცხოვრების არსზე, რომელიც იქნებ სწორედ ამ ცხოვრების მარადიულ გაგრძელებასა და დაუსრულებლობაშია, იმ უხილავ კავშირში, რომლითაც ძველი და ახალი თაობები უკავშირდებიან ერთმანეთს, იმ თვალსაზრისში, რომ რაც უკვე მოხდა ამქვეყნად, ის არასოდეს გაქრება; დროის მაგია, მისი მეხსიერება მას სამუდამოდ შემოინახავს. ეს რომანი თურმელების სახლში ჩამოქნილი თაფლის სანთლებივით „მარტივ, თან ბოლომდე შეუცნობელ სურნელს“ აფრქვევს. სწორედ ისეთს, როგორიც მისი გმირების ცხოვრებაა. იოლა მაგელანას (იგივე ეფრემ თურმელის) მოსაკლავად (თუ დასაპატიმრებლად) მოსული მილიციელების (თუ პოლიციელების) და „მამულიშვილურად და არასაშიშად შეშლილ“ ბაბუა სარგისს შორის ატეხილი სროლის შემდეგ, ავტორს შეეძლო გაცილებით უფრო ტრაგიკულად დაესრულებინა ნაწარმოები, მაგრამ ეს ნამდვილად შეუსაბამო იქნებოდა წიგნში მოთხრობილი ამბის (უფრო სწორად, ამბების) ლოგიკასთან. „ჩვენ, თურმელებს“ არ გამოადგებოდა ედგარ პოს მოთხრობის, „აშერების სახლის დაცემის“ მსგავსი დასასრული. ამიტომ თამრი ფხაკაძე წიგნის ბოლოს იძლევა ცხოვრების გაგრძელების, სიყვარულის გამარჯვების, გვარის გადარჩენის, თუნდაც ძალიან სიმპათიური პერსონაჟის, ლუკა თურმელის გამოჯანმრთელების იმედს. ჩვენ ვხვდებით, რომ თურმელების გვარის ისტორია რომანის დამთავრებასთან ერთად არ სრულდება. მეტიც, ის გრძელდება და გაგრძელდება კიდევ უამრავი წლის, მრავალი საუკუნის განმავლობაში და მათი საგვარეულო წიგნიც სამარადჟამოდ შეივსება ახალი ამბებით. 

*  *  *

დაბოლოს, აუცილებელია, რამდენიმე სიტყვა ვთქვათ იმ ენაზე, რომლითაც დაწერილია რომანი. მისი წაკითხვა კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ ქართული ენის უსაზღვრო შესაძლებლობებში, იმაში, რომ ნამდვილი მწერლისათვის არ არსებობს ამბავი, რომელსაც ის ცოცხლად და მკითხველისათვის საინტერესოდ ვერ გადმოსცემს. წიგნში ერთმანეთს ენაცვლება ძველი ქართული, ახალი სალიტერატურო ენა, თანამედროვე ჟარგონული მეტყველება და ეს იმდენად ბუნებრივად ხდება, რომ მკითხველს წამითაც არ შეეპარება ეჭვი, რომ პერსონაჟები სწორედ ასე ფიქრობდნენ და საუბრობდნენ. რომანში აღწერილ უძველეს თუ თანამედროვე ამბებს თითქოს თვალნათლივ ვხედავთ. „ჩვენ, თურმელები“, ეს ძალიან საინტერესო წიგნი, ხიდია ძველი და ახალი ქართული ენიდან გადებული ოცდამეერთე საუკუნის სალიტერატურო ენისაკენ.

© არილი

Facebook Comments Box