პოეზია

ირმა მალაციძე – Google Earth და სხვა ლექსები

 malatsidze 434

Google Earth

აქ მე უნდა მეცხოვრა –

ასე დაგეგმეს ზევით!

საქორწინო კაბა შემიკერეს

ღრუბლის რძისფერი ნაფლეთებისაგან.

ქორწილიც აქ უნდა მქონოდა –

სოფლის ორღობეში

სეფას გაშლიდნენ და ძველ,

აგურისფერ ხალიჩას

დამიფენდნენ ფერხთით…

მთელი სოფელი მოვიდოდა ჩემს სანახავად.

(როგორიაო ახალი პატარძალი –

სათვალთვალოდ, შესადარებლად).

 

აქ მე უნდა მეცხოვრა!

ამ ეზოში,

ოღროჩოღროდ რომ მიჰყვებოდა ღობეს ფიცრები.

გახუნებულ ტილოზე შერჩენილი საღებავივით

ალაგ-ალაგ შელესილ სახლში.

მამლის ყივილზე უნდა გამეღვიძა,

ვნებიანი ღამის შემდეგ

ძლივს ამეწია თავი შენი ძლიერი მკლავიდან.

თმა ამეკრიფა და კეფაზე სადაფის სარჭით დამემაგრებინა –

(ერთადერთი რაც წარსულიდან გამომყვა).

აივნიდან დამეპურებინა ქათმები

(რკინის ბადის მიღმა)

და თავისუფალი ჩიტები.

ძროხაც უნდა მომეწველა –

მესრიალებინა ნატიფი თითები მსუქან ცურზე და

მერე, სიცივისაგან დამსკდომოდა.

 

აქ ხომ მე უნდა მეცხოვრა!

ასე დამიგეგმეს.

დამარწმუნეს და დამაჯერეს,

რომ ბუნებაში არსებობს კანონზომიერებები.

რომ მე უნდა გამეკრიფა ვაშლის ხეები –

კალათაში ჩამეყარა კეხურა,

როგორც ვირტუალურ ფერმაში –

მაუსის ერთი დაწკაპუნებით:

ჰოპ და – კალათა სავსეა!

მერე ამ ვაშლით დამეპურებინეთ

შენ და ჩვენი შვილები.

 

მე უნდა მეცხოვრა აქ –

სიზმრები მეკაფა ბლაგვი ცელით

და ჩხვლეტია ბალახზე გამეშალა

სელით ნაქსოვი უხეში სუფრა.

 

ახლა G Google Earth-ით დავყურებ იმ ადგილს,

სადაც მე უნდა მეცხოვრა, შენთან ერთად.

თანამგზავრის თვალს არაფერი დაემალება:

– ვერც ვაშლის ბაღი  (ჩემი საბედო),

რომელიც გახმა!

ვერც სახლი (ჩვენი საერთო),

რომელიც დაინგრა!

ვერც ქათმები (რკინის ბადეში),

რომლებიც დაიხოცნენ!

და თავისუფალი ჩიტები.

ვერც შენი კუბოკრული პერანგი,

ქარმა რომ გაიტაცა და

ახლა მავთულხლართებზე ფრიალებს.

ახალი საზღვარი გაავლეს ჩემს ოცნებასა და ჩვენს შორის…

არადა,

მე უნდა მეცხოვრა აქ!!

 

საუზმე ტიფანისთან

წამოდი,

ვისაუზმოთ ტიფანისთან!

ქაღალდის პაკეტით მოვიტან

შაქარმოყრილ ფუნთუშას.

(ყავას სულ სხვა გემო აქვს აქ).

ჩამოვჯდეთ ქვის ბორდიურზე –

უმჯობესია მაღალზე,

რომ ფეხები ვაქანიოთ ბავშვებივით

და ვაკნატუნოთ ოცნებები.

მოდი, დილა ერთად დავიწყოთ –

დავგეგმოთ ჩვენი დღე

და ჩავნიშნოთ ცხოვრების ორგანაიზერში.

გავწეროთ დარჩენილი წამები –

უდანაკარგოდ

და ერთად შევუდგეთ სიზიფეს აღმართს.

(ქვების თრევა ხომ ჩვენი ჰობია).

მერე ქანცგაწყვეტილნი მივესვენოთ

მწვერვალის ძირში

და გადავხედოთ ამოვლილ ბილიკს

(დანანებით).

მზერით გადავუღოთ ფოტო

ჩვენს ნაკვალევს და

ტვინის უჯრედებში დავასეივოთ.

წამოდი,

ვისაუზმოთ ტიფანისთან…

ყველაფერი აქ ისეთი ნატიფია,

ისეთი მყიფე და დახვეწილი.

ფუნთუშას (შაქარმოყრილს)

სულ სხვა გემო აქვს.

წამოდი,

ვისაუზმოთ ტიფანისთან…

 

ჭრელი კენჭი

ჭრელი კენჭივით ვაგდივარ სიცოცხლის ნაპირზე…

და არ გინდა ეს ყალბი მრისხანება!

სასაცილოა!

მოქცეული ტალღასავით თავს რომ მესხმი

და მერე, მიქცეული –

გალახული ძაღლივით

რომ იპარები ჩემი ნაპირიდან…

რით ვერ გაიგე –

აღმოსავლური ხალიჩასავით

ჭრელ კენჭს ვერ გაახუნებ

და ვერ წაართმევ ფერებს,

რომელსაც ზღვა ამდენი საუკუნეა,

რეცხავს და რეცხავს.

შენ რას დააკლებ?

დიდი-დიდი – მყუდროება დაურღვიო,

ადგილი მოუნაცვლო,

და მერე დუჟმორეული დაუბრუნდე

შენს სტიქიას –

ვერაგ სტიქიას,

სადაც არავინ იცის,

ვის, როდის და სად გამოაცლი

ფსკერს ფეხსქვეშეთიდან;

ბადეებით როდის დაქსელავ ოკეანეს

და მახეში როდის გააბამ ახალ მსხვრპლს,

სავარაუდოდ ლიფსიტებსა

და თითო-ოროლა ორაგულსაც.

თუ გაგიმართლა,

ააფრიალებ ბადეს –

მეკობრის დროშასავით

და ისევ ნაპირს,

შენს ჭრელ კენჭს მიაშურებ,

რათა კიდევ ერთხელ დატოვო –

მარილიანი წყლით უპეებდანამული.

დიდი ამბავი –

მზე ვერ ასწრებს მის გაშრობას –

ახალი ტალღა

ახალი ძალით

ესხმის თავს!

 

შენ რას დააკლებ?

კენჭი – კენჭია!

© არილი

Facebook Comments Box