ესე,  კრიტიკა

ირმა ტაველიძე – გაწირვა და თავგანწირვა: თანამედროვე ქართული თარგმანები

irma taveliZe433

მთარგმნელის ამოცანა ბევრად აღემატება თარგმნას.

                                     ჰანს ვერმეერი

უხმო გამტარი, ჩუმი ინკვიზიტორი  

რამდენიმე წლის წინ ერთი ამერიკელი მწერლის რომანის კითხვისას გამუდმებით ჩამესმოდა ჩემი მეგობრის ხმა, რომელმაც ეს წიგნი ქართულად თარგმნა. მონატრებული მეგობარი ამერიკული რომანიდან მელაპარაკებოდა – ვცნობდი მის ფრაზებს, ინტონაციებს, სითამამეს, გაცხარებას და იმასაც ვაცნობიერებდი, რომ ამ ხმის მოსმენა კითხვის პროცესს ორმაგად სასიამოვნოს ხდიდა. უფრო ადრე ერთი კარგი ქართველი პოეტის თარგმანების კითხვისას აღმოვაჩინე, რომ მისი ნათარგმნი ავტორები ძალიან ჰგავდნენ თავად მას, თუმცა ამას სულაც არ შეუშლია ხელი ამ ლექსების სიამოვნებით კითხვასა და გადაკითხვაში.

წლების მანძილზე ვთვლიდი, რომ ასეთი თარგმანების მკითხველი ჩემს სიამოვნებას ვერ გაიზიარებდა – მთარგმნელების ხმები ავტორების ხმებში სამუდამოდ აერეოდა და ერთგვარად მოტყუებული დარჩებოდა. როდესაც მკითხველი ხელში ჰერმან მელვილის ან ჰენრი ჯეიმსის წიგნს იღებს, მას სწორედ ამ მწერლების ნააზრევის გაცნობა სურს და არა მთარგმნელის აზრების. ერთი პატარა უზუსტობა, ერთი ზედმეტი სითამამე და მწერლის მოსაზრებას კი არ შევთავაზებთ მკითხველს, არამედ საკუთარ შეხედულებას, რომელსაც პირადი გამოცდილების დაღი აზის და მხოლოდ ჩვენი ახლო მეგობრებისთვის თუ იქნება საინტერესო.

თანამედროვე თარგმანის თეორეტიკოსები ბევრს მსჯელობენ სწორედ ამის შესახებ – უნდა ჩანდეს თუ არა მთარგმნელი ნათარგმნ ტექსტში, უნდა ისმოდეს თუ არა მკაფიოდ მისი ხმა. მე იმათ მხარეს ვარ, ვისთვისაც მთარგმნელი ერთგვარი გამტარია – ის, ვის გარეშეც ენების კომუნიკაცია შეუძლებელი იქნებოდა და ვინც ბოლომდე აცნობიერებს საკუთარ ამოცანას მეტალინგვისტური ოპერაციების დროს. აქ თავისთავად იგულისხმება, რომ ეს ოპერაციები უხმო გამტარს ითხოვს. რაც თარგმნის დროს ხდება, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთულად ასახსნელი მოვლენაა მათ შორის, რაც კი სამყაროს შექმნის დღიდან მომხდარა, ენობრივ სისტემებს შორის მიმდინარე პროცესებში კი მთარგმნელი უბრალოდ ის არის, ვინც დუმს – ჩუმი, უპრეტენზიო ოპერატორი.

მწამს, რომ კეთილსინდისიერებასთან ერთად სიჩუმეა ის, რაც მთარგმნელს პირველ რიგში მოეთხოვება – საკუთარ თავზე, საკუთარ ხმაზე უარის თქმა. ამერიკელი მთარგმნელი და თარგმანის თეორეტიკოსი ლოურენს ვენუტი კი ცენტრალურ ფიგურად სწორედ მთარგმნელს მიიჩნევს, რომლის გარშემოც ტრიალებს ყველა და ყველაფერი. მისივე რწმენით, მთარგმნელი სრულიად ცნობიერად უნდა ჩაეწეროს იმ ტექსტში, რომელზეც მუშაობს – დატოვოს ხილული კვალი: აქ იყო ესა და ეს.

ასეთ საკითხებზე დაფიქრება უდავოდ ღირს, რადგან გააზრებული არჩევანი ყოველთვის სჯობს გაუაზრებელს.

სრულყოფილი თარგმანი არ არსებობს – ამ აზრს ყველა ერთხმად ეთანხმება. სრულყოფილების მიღწევა შეუძლებელია მთარგმნელის გენიალურობის, შრომისმოყვარეობისა და მიზანსწრაფულობის მიუხედავად (შეფასება, რომ თარგმანი ორიგინალზე უკეთესია, თავისთავად გულისხმობს ცუდ თარგმანს). მეორე მხრივ, მიზნის მიღწევის შეუძლებლობა სულაც არ უშლის ხელს სრულყოფილებისკენ სწრაფვას და საკუთარ თავზე უარის თქმას, იმ ყველაფრის თანდათან დათმობას, რაც მნიშვნელოვანი იყო გზის დასაწყისში. მთარგმნელობა თავგანწირვაა, რადგან გაცნობიერებულად ისახავ მიუღწეველ მიზანს და ნებაყოფლობით უთმობ სიცოცხლის წლებს ამ საქმეს.

დიახ, ყველაფერი საკუთარი თავის დათმობით იწყება – იმის გაცნობიერებით, რომ არ არსებობს ღმერთი, გარდა ტექსტისა და შენს მისიასთან შედარებით უმნიშვნელოა ის, თუ ცხოვრების რამდენ წელსა და თვეს დაუთმობ ამ საქმეს, რამდენს გადაგიხდიან შესრულებულ სამუშაოში (მსოფლიოში ცოტაა პროფესიონალი მთარგმნელი, რომელიც ლიტერატურული ტექსტების თარგმნით შოულობს დღიურ სარჩოს. მთარგმნელები ძირითადად ფრილანსერები არიან და რამდენიმე საქმეს ერთდროულად აკეთებენ. საათობრივი ანაზღაურების მიხედვით, სწრაფი კვების ობიექტში დასაქმებული პირი უფრო მეტს იღებს, ვიდრე პრუსტის მთარგმნელი), შენი პირადი ცხოვრება, მისწრაფებები, სურვილები.

წარმოუდგენელია, ვინმეს მოსთხოვო, რომ თავი გაწიროს. წარმოუდგენელია, ეს თუნდაც საკუთარ თავს მოსთხოვო. ამიტომ ვთვლი, რომ მთარგმნელობიდან წმინდანობამდე ერთი ნაბიჯია.

არ არსებობს ღმერთი, გარდა ტექსტისა.

მეოთხე საუკუნეში მოღვაწე იერონიმე სტრიდონელი წმინდანად შერაცხეს იმის გამო, რომ მან ძველი და ახალი აღთქმის წიგნები ძველბერძნულიდან ლათინურ ენაზე თარგმნა. 1545 წელს კი ფრანგი სწავლული და მთარგმნელი ეტიენ დოლე კოცონზე დაწვეს წიგნებთან ერთად.

ქართულად ნათარგმნი წიგნების კითხვისას არაერთხელ შემირაცხავს წმინდანებად მთარგმნელები და კოცონზე დასაწვავადაც არაერთი გამიმეტებია – რასაკვირველია, შუასაუკუნეებისთვის აქტუალური არგუმენტების მოხმობით. კოცონს მაშინ ვანთებ, როცა მეტისმეტად თვალსაჩინოა, რომ მთარგმნელები სხვა ღმერთებს ემსახურებიან.

ერთგულება  

როდესაც თარგმნა წმინდა წიგნების თარგმნას გულისხმობდა, სიზუსტეს, სათარგმნი ტექსტის ერთგულებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. საუკუნეების მანძილზე მსჯელობდნენ იმის შესახებ, ტექსტი სიტყვასიტყვით უნდა ეთარგმნათ (მეტაფრაზი) თუ თავისუფალი ინტერპრეტაცია (პარაფრაზი) მიეწოდებინათ მკითხველისთვის. იქმნებოდა თარგმანის თეორიები, იცვლებოდა თარგმანის ცნების დეფინიცია. მეცნიერება თარგმანის შესახებ (translation studies) გასული საუკუნის შუა წლებში იწყება და სწრაფად ვითარდება, საუკუნის მიწურულს კი ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევები შთამბეჭდავ მასშტაბს აღწევს. არსებობს თარგმანის თეორიასა და პრაქტიკასთან დაკავშირებული უამრავი საუნივერსიტეტო კურსი, მთარგმნელობითი სკოლა თუ სახელოსნო, პროფესიული ასოციაციები, პერიოდული გამოცემები და ა.შ. უბრალოდ, ეს ყველაფერი ჩვენგან ძალიან შორს ხდება.

წმინდა წიგნები ქართულ ენაზე უკვე ნათარგმნია. შესაძლოა ამიტომაც ვფიქრობთ, რომ სათარგმნი ტექსტის ერთგულება ნაკლებად მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც გამოქვეყნებამდე საკუთარი ნამუშევრის საფუძვლიანი რედაქტირება.

ჩემი დაკვირვებით, დღეს საქართველოში პროცესი სტიქიურად მიედინება – მთარგმნელია ის, ვინც განაცხადებს, რომ მთარგმნელია; უსწრაფესად ითარგმნება და გამოიცემა მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები; მთარგმნელების დიდმა ნაწილმა არ იცის ელემენტარული წესები, რომლებიც ამ საქმიანობისთვისაა აუცილებელი – ისინი თვლიან, რომ საკმარისია, ტექსტზე მუშაობისას ინტუიციას დაეყრდნონ. არ არსებობს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა – მთარგმნელის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, მოძებნის თუ არა თარგმანის თეორიებსა და პრაქტიკასთან დაკავშირებულ ლიტერატურას და გაეცნობა თუ არა მას. არავინ, ქვეყნად არავინ არ ამოწმებს თარგმანის ხარისხს.

ქართველ მთარგმნელებს ალბათ ჟილ მენაჟივით, მე-17 საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსივით, სჯერათ, რომ თარგმანი ქალივითაა – ან ლამაზია, ან ერთგული. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: კარგი თარგმანი ერთიც არის და მეორეც.

იმ შორეულ ქვეყნებში კი თეორეტიკოსები წერენ მთარგმნელის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ზრდაზე, თარგმანის ეთიკაზე, თარგმანზე, როგორც ეთიკურად საეჭვო მოვლენაზე (განა ტოლსტოიმ დაწერა “ომი და მშვიდობა”? მან დაწერა “Война и мир”. ტოლსტოის ერთი სიტყვაც კი არ დაუწერა იმ წიგნისა, რომლის ყდაზეც “ომი და მშვიდობა” წერია), თარგმანის პრაქტიკაზე, როგორც კულტურული ინტერპრეტაციის ცნობიერ აქტზე. წერენ იმაზეც, რომ მეცნიერული თვალსაზრისით თარგმანის შესწავლა სულ სხვა სიმაღლეს მიაღწევს მაშინ, როცა გაირკვევა, როგორ ფუნქციონირებს ადამიანის ტვინი, როცა ერთი ენის კონცეპტები მეორე ენაზე გადააქვს. არ მალავენ, რომ საუნივერსიტეტო კურსები და თარგმანის სახელოსნოები ძალიან კარგ მთარგმნელებს ვერ აყალიბებენ – ასეთები, უბრალოდ, იბადებიან თანდაყოლილი ნიჭითა და უნარებით (ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ თეორიების გაცნობა და პროფესიული პრაქტიკა ზედმეტია).

გასულ საუკუნეში თარგმანის ერთ-ერთი პირველი თეორეტიკოსი იუჯინ ნაიდა თვლიდა, რომ თარგმანის ადეკვატურობა იმით უნდა შეფასებულიყო, ახდენდა თუ არა ის მკითხველებზე ისეთივე ემოციურ და კოგნიტურ ზემოქმედებას, როგორსაც ორიგინალი. ეს მიდგომა არსებითად სწორი მგონია, თუმცა ნაიდას ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მას ტექსტი მიჰქონდა მკითხველთან, იმის ნაცვლად, რომ მკითხველი მიეყვანა ტექსტთან. უფრო თანამედროვე თეორეტიკოსები განსხვავებულ მიმართულებას ირჩევენ – მათი აზრით, სჯობს, ტექსტს ემჩნეოდეს, რომ ნათარგმნია, ემჩნეოდეს სხვაგვარობა, განსხვავებულობა, ვიდრე წაშლილი იყოს ზღვარი, რომელიც ნათარგმნ ლიტერატურას ჰყოფს ორიგინალურისგან (ასეთ შემთხვევებში თავისთავად იგულისხმება, რომ მთარგმნელმა ზედმეტად ბევრი რამ დათმო, რათა ამგვარი “ნატურალიზაციისთვის” მიეღწია).

დროა, დავბრუნდეთ იქ, საიდანაც დავიწყეთ – პირველ სიწმინდეებთან და ერთგულებასთან.

გაწირვის ხელოვნება                        

ძველი ამბავია, რომ თარგმანში ყოველთვის რაღაც იკარგება. ყველა თანხმდება, რომ ყველა ნიუანსის შენარჩუნება ფაქტობრივად შეუძლებელია. მთარგმნელის ოსტატობა სწორედ ამ არჩევანში ვლინდება – იმის გადაწყვეტისას, რას გაწირავს და რას არა. შეიძლება ითქვას, რომ თარგმნა გაწირვის ხელოვნებაა, სწორი არჩევანის გაკეთების ხელოვნება. მეორე მხრივ, იმ ამოცანებს, რომლების გადაჭრაც მთარგმნელს უწევს, ერთი ჭეშმარიტი პასუხი არცა აქვს.

რა არის გაწირული დღევანდელ ქართულ თარგმანებში? მეტად ზოგადად რომ არ ვისაუბრო, დაკვირვების ობიექტს განვსაზღვრავ: თანამედროვე ინგლისურენოვანი და ფრანგულენოვანი რომანების ქართულ თარგმანებს ვიგულისხმებ.

ამ თარგმანებში რამდენიმე ჯგუფს გამოვყოფდი:

  1.  თარგმანები, რომლებიც ძალიან უახლოვდება, არც მეტი, არც ნაკლები, ბოდვას. სხვას ვერაფერს დავარქმევდი იმას, რაც ამ წიგნებში წერია. რაღაცას, რაც თარგმანად არის შემოსაღებული, არაფერი აქვს საერთო არც ორიგინალთან და არც ლიტერატურულ ტექსტთან, როგორც ასეთთან. შეცდომების თუ აზრობრივი აცდენების ძებნას აზრი არ აქვს, რადგან თავად ასეთი გამოცემებია დიდი შეცდომა და მე თუ მკითხავთ – დანაშაულიც.
  2.  ცუდი თარგმანები. ესენი ზედაპირულად, უპასუხისმგებლოდ შესრულებული ნამუშევრებია. ცხადად ჩანს, რომ მთარგმნელმა არათუ ის ენა არ იცის, რომლიდანაც თარგმნის, არამედ მშობლიურ ენაზე გამართულად წერაც არ შეუძლია. არასდროს სმენია სინტაქსის, ფრაზეოლოგიის, იდიომატიკის, ან თუნდაც სტილის შესახებ. არ სცნობს ლექსიკონს. არც ენციკლოპედიას. არც Google-ს ან სხვა საძიებო სისტემებს. მისი ზოგადი განათლება შეზღუდულია და ვერანაირი საუნივერსიტეტო კურსი თუ მთარგმნელობითი სახელოსნო ამ ხარვეზს ვერ გამოასწორებს.
  3.  საშუალო თარგმანები – მთარგმნელმა მეტ-ნაკლებად იცის ორივე ენა – ის, რომლიდანაც თარგმნის და ის, რომელზეც თარგმნის. აკლია პრაქტიკა, ისევე, როგორც თეორიული ცოდნა. აქვს ლექსიკონის, ენციკლოპედიის, ინტერნეტ-რესურსების გამოყენების გამოცდილება, თუმცა მათ იშვიათად მიმართავს. ძირითადად ეყრდნობა ინტუიციას. აქვს ერთგვარი პასუხისმგებლობის განცდა, ცდილობს, რომ ტექსტს ჰქონდეს მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული სახე. ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს სტილზე – ყველა ავტორს უმთავრესად ერთი ენით თარგმნის. არ მუშაობს თარგმანზე – თითქმის არასდროს ასწორებს შავ ვარიანტს. პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, არ არის გამორიცხული, შეცვალოს საკუთარი მიდგომები და აითვისოს ახალი სტრატეგიები, გაუჩნდეს ინტერესი თვითგანვითარებისადმი.
  4.  კარგი თარგმანები.
  5.  ძალიან კარგი თარგმანები.
  6.  სრულყოფილი თარგმანები.

(თუ თქვენ ინგლისურიდან ან ფრანგულიდან თარგმნით თანამედროვე პროზას, შეგიძლიათ საკუთარ თავს უთხრათ, რომ თქვენი თარგმანები სწორედ ასეთია – კარგი, ძალიან კარგი ან სულაც სრულყოფილი. მე გულწრფელად ვაღიარებ, რომ არცერთი ჩემი თარგმანი აღარ მომწონს. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად ვგრძნობ მათ არასრულყოფილებას).

სიმართლე ისაა, რომ ჩვენ თვითნასწავლი მთარგმნელები ვართ. ცოტა რამ თუ გვსმენია თარგმანის თეორიების, სტრატეგიების, წესების შესახებ. ძნელად თუ ვინმე კარგავს დროს მოსამზადებელ პერიოდზე, სათარგმნი ტექსტის საფუძვლიანად შესწავლაზე, არჩეული ავტორის სხვა ტექსტების გაცნობაზე, თარგმნის დასრულების შემდეგ საკუთარი ნამუშევრის ყურადღებით წაკითხვასა და რედაქტირებაზე, სხვა ენებზე არსებულ თარგმანებთან შედარებაზე. არ არსებობს რეფლექსია, პროფესიონალური ანალიზის მოთხოვნილება, ან უბრალოდ, განცდა, რომ ჩვენი ცოდვები ვინმეს დიდად აღელვებს. არც წმინდანებად შერაცხვის იმედი გვაქვს და არც კოცონზე დაწვის გვეშინია.

ამ პირობებში მხოლოდ ერთმანეთის დახმარება შეგვიძლია. სწორედ დახმარების სურვილით გავამახვილებ ყურადღებას ყველაზე გავრცელებულ შეცდომებზე (ენის წვერზე ისევ სიტყვა “დანაშაული” მიტრიალებს), რომლებსაც ყველაზე ხშირად ვაწყდები ქართულად ნათარგმნი პროზის კითხვისას:

  1.  აზრობრივი აცდენები ორიგინალსა და თარგმანს შორის. ზოგჯერ ნათარგმნ წინადადებას საერთო აღარაფერი აქვს ორიგინალში მოცემულ წინადადებასთან, ზოგ შემთხვევაში კი ნათარგმნი წინადადება სრულიად საპირისპირო აზრის მატარებელია. ეს არ არის თავისუფალი ინტერპრეტაცია – აშკარაა, რომ მთარგმნელმა ვერ გაიგო, რას გულისხმობდა ავტორი და გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად საკუთარი აზრი შემოგვასაღა მის აზრად.
  2.  მთარგმნელის მიერ საკუთარი წინადადებების, ფრაზების, მეტაფორების, შედარებების, ეპითეტების ჩამატება ნათარგმნ ტექსტში – სრულიად უადგილოდ და უფუნქციოდ. როგორც წესი, ასეთ ჩანართებად ტროპული მეტყველების მეტად გაცვეთილ ნიმუშებს იყენებენ ხოლმე, რაც ძირითადად იმას ემსახურება, რომ ტექსტი “კარგად იკითხებოდეს” და “ორიგინალს სჯობდეს”.
  3.  მთარგმნელის მიერ იმ პასაჟების შემოკლება ან საერთოდ ამოღება ტექსტიდან, რომლებიც მას რთულად ან უინტერესოდ ეჩვენება. უთარგმნელად დატოვებული მთელი წინადადებები. გამოტოვებული აბზაცები.
  4.  ტექსტის გაქართულება, რასაც უმრავლეს შემთხვევაში კომიკური ეფექტი ახლავს. პერსონაჟები გურულად ან ზემო იმერულად უქცევენ, მეტყველებაში დიალექტიზმებს იყენებენ, მსჯელობისას რუსთაველის აფორიზმებს იხმობენ და ა.შ.
  5.  სხვადასხვა სტილის, სხვადასხვა ეპოქის სლენგის არევა ერთი და იმავე პერსონაჟის მეტყველებაში, ან ზოგადად, ტექსტში, რომელიც ორიგინალში მკვეთრი სტილური განსხვავებებით არ ხასიათდება.

და ა.შ.

ზედმეტად ბევრი ხომ არ გავწირეთ?

ორი რჩევა

არის მოსაზრება, რომ 10 წელია საჭირო თარგმანის ხელოვნების მეტ-ნაკლებად დასაუფლებლად. უდავოდ საკმარისი დროა იმისათვის, რომ მიხვდე, წმინდანობის გზაზე შედგომა და მიუღწევლის მიღწევისკენ სწრაფვა შენი ჭეშმარიტი მისწრაფებაა თუ არა. თუ ჩემსავით ხელს ჩაიქნევთ და ამ საქმიანობას სამუდამოდ შეეშვებით, შეგიძლიათ თავი იმით დაიმშვიდოთ, რომ იმქვეყნად ნაკლებ ცოდვას მოგკითხავენ.

დასასრულს კი ერთი პატარა ამბავი, რომელიც ჩვენს თემას უკავშირდება:

დუბლინის ანგლიკანელმა არქიეპისკოპოსმა რიჩარდ უოთლიმ, რომელიც 1787-1863 წლებში ცხოვრობდა, დიდად გააკვირვა თავისი ეპარქიის სამღვდელოება, როცა ინგლისურად ნათარგმნი ბიბლია აიღო ხელში და თქვა: “არასდროს დაგავიწყდეთ, ბატონებო, რომ ეს ბიბლია არ არის”, რამდენიმე წამის შემდეგ კი დაამატა: “ეს მხოლოდ ბიბლიის თარგმანია”.

© “არილი

Facebook Comments Box