პროზა (თარგმანი)

 ისააკ ბეშევის ზინგერი – მდგმური

ინგლისურიდან თარგმნა ქეთი თევზაძემ

ქუჩიდან სატვირთო ავტომანქანის ძრავის ხმა გაისმა. როგორც ჩანს, მძღოლს მისი ადგილიდან დაძვრა უჭირდა და ავტომანქანა ისე ხრიალებდა, თითქოს, საცაა, თავის ლითონის სულს დალევდა. იქვე ბავშვები ბეისბოლს თამაშობდნენ და ყვიროდნენ. ღია ფანჯრიდან მონაბერმა სიომ ბენზინის, ხახვის და ადრეული ზაფხულის სუნი შემოიტანა. ჭაღის ირგვლივ ბუზები ირეოდნენ და ზუზუნებდნენ. ფანჯარაში პეპელა შემოფრინდა, მაგიდაზე დაჯდა, ფრთები დაკეცა და დღემოკლე არსებებისთვის ჩვეული უდრტვინველი მორჩილებით გაიტრუნა. რებე ბერიშ ჟიჩლაინერმა, რომელსაც სალოცავი შარფი და ფილაქტერიები[1] ეკეთა, უკვე დაამთავრა ლოცვა, მაგრამ ახლა დამატებითი ლოცვებით მიმართავდა ღმერთს. ასე იქცევიან ხოლმე ძალზე ღვთისმოსავი ადამიანები და, აგრეთვე, ისინი, ვისაც ბევრი თავისუფალი დრო აქვს.

თეთრწვერა და სახეღაჟღაჟა რებე ბერიშს ხშირი წარბები ჰქონდა. თვალის უპეები შეშუპებოდა. მხოლოდ ორი წელი გასულიყო მას შემდეგ, რაც შეწყვიტა მუშაობა -სამკერვალო ფაბრიკის საწარმოო ნარჩენებით ვაჭრობა. ორმოცი წლის განმავლობაში დააგორებდა ურიკას ხან ქვემო ისტ-საიდში, ხან კი აქ, უილიამსბურგში. ამ ხნის განმავლობაში გარდაიცვალნენ მისი ცოლი, ვაჟი და ქალიშვილი. მეორე ქალიშვილი, ქრისტიან ქმართან ერთად, სადღაც, კალიფორნიაში ცხოვრობდა. რებე ბერიშს არაფერი გააჩნდა, პენსიის, სასაფლაოზე გამოყოფილი ადგილისა და ბინის გარდა. მარტო რომ არ ეცხოვრა, მდგმური ჩაისახლა – დევნილი მამაკაცი, რომელმაც გარკვეული დრო საბჭოთა რუსეთის ბანაკებში გაატარა, შემდეგ კი სხვადასხვა ქვეყანაში იხეტიალა. მორის მელნიკი ერქვა. რებეს თვეში თხუთმეტ დოლარს უხდიდა. ამჟამად მელნიკს ჯერ კიდევ ეძინა თავის ოთახში, რომლის ფანჯარა სახანძრო კიბეზე გადიოდა.

რებე ბერიში ყოველთვიურ თხუთმეტ დოლარს როდი დახარბდა. მან მელნიკი თავის ბინაში სიბრალულის გამო შეიფარა – მორისს აღარ ჰყავდა არც მშობლები, არც და-ძმები, არც ცოლ-შვილი. მიუხედავად ამისა, რებე ბერიში ნანობდა, რომ ეს მდგმური თავის ბინაში ჩაისახლა, რადგან მელნიკი ურწმუნო და ზნეწამხდარიკაცი იყო. ღამღამობით მეზობელ ქალებთან დაძვრებოდა; ერთმანეთში ურევდა ხორცსა და რძეს[2]; შინ ღამის ორ საათზე მოდიოდა და შუადღემდე ეძინა; არ ლოცულობდა, შაბათს არ იცავდა. სწორედ მაშინ, როდესაც რებე ბერიშმა სარწმუნოების ცამეტი პრინციპის კითხვა დაიწყო, ოთახში მელნიკი შემოვიდა: ამ ჩია ტანის კაცს სახე ისე გაყვითლებოდა, თითქოს ზაფრა სჭირდა. თავზე მხოლოდ თმის რამდენიმე ღერი შერჩენოდა. წითელი პიჟამა და გაცრეცილი ჩუსტები ეცვა. წვერი ჯერ კიდევ არ გაეპარსა და ჩაცვენილ ლოყებზე შავი ჩრდილები ეფინა. სამკუთხა ნიკაპი და წვეტიანი ცხვირი ჰქონდა. პატარა თვალებზე ხშირი, დაფანჩული წარბები გადმოჰფენოდა. მდგმური რებე ბერიშს ზღარბს აგონებდა.

– ჯერ კიდევ ლოცულობთ, რებე ბერიშ? – მიმართა მელნიკმა.

– დიახ…

– ვის მიმართავთ ლოცვისას? ღმერთს, რომელმაც შექმნა ჰიტლერი და იმდენი ძალაუფლება მისცა, რომ ექვსი მილიონი ებრაელი მოეკლა? ღმერთს, რომელმაც შექმნა სტალინი, რომელსაც ათი მილიონი ადამიანი ემსხვერპლა? რებე ბერიშ, ნუთუ თქვენი ფილაქტერიებით შემოქმედის გულის მოგება გსურთ? ის ხომ ნამდვილი ნაძირალა და პირწავარდნილი ანტისემიტია.

– ფუ! – დაიღრიჯა რებე ბერიში. – თავი დამანებეთ და აქედან გადით.

– რამდენ ხანს უნდა ვემონოთ? რამდენ ხანს უნდა ვუგალობოთ ფსალმუნები?- განაგრძობდა მელნიკი. – ჩემი თვალით ვნახე, როგორ ჩააგდეს ებრაელი, მისი სალოცავი შალითა და ფილაქტერიებითურთ, საკანალიზაციო ორმოში. ზუსტად ასე მოხდა.

რებე ბერიშს სახე კიდევ უფრო გაუწითლდა. მრწამსი სწრაფად წაიკითხა და ლოცვანი დახურა, მაგრამ საჩვენებელი თითი შიგ მოაყოლა, რათა – მას შემდეგ. რაც მელნიკს პასუხს გასცემდა – წიგნი იმავე გვერდზე გადაეშალა. შემდეგ ამოიოხრა და წაიბუზღუნა:

– როდის შეწყვეტთ ღვთის გმობას? მე ხომ არ გარიგებთ, როგორ უნდა მოიქცეთ. თქვენც ნუ ცდილობთ ჭკუა მასწავლოთ. იმისდა მიუხედავად, თუ რა ნახეთ და გადაიტანეთ, ღმერთი მაინც მოწყალეა. უცნობია გზანი მისნი. ღვთის ცნობა რომ შეგვეძლოს, მისი მსგავსნი ვიქნებოდით. ჩვენ, უბრალოდ, შეგვიძლია ავირჩიოთ, ღვთის გზას დავადგეთ თუ – ეშმაკისას. ისინი, ვინც ებრაელი ორმოში ჩააგდეს, სამარადისოდ ჯოჯოხეთში მოხვდებიან, ხოლო მისი ნეტარი სული დიდების ტახტზე განისვენებს.

– სისულელეა! უაზრობაა! სად არის სული? არავითარი სული არ არსებობს, რებე ბერიშ! სული კაბინეტებში მსხდომმა უსაქმურებმა გამოიგონეს. რუსეთში ცხოვრობდა უდიდესი მეცნიერი, პროფესორი პავლოვი, რომელმაც ძაღლს ტვინი ამოუღო და ვერავითარი სული ვერ ნახა. ტვინი მექანიზმია, ისეთივე, როგორც ავტომატი, რომელშიც სამ მონეტას თუ ჩააგდებ, სენდვიჩს გადმოგიგდებს. შეიძლება, მონეტების ნაცვლად, ღილი ჩააგდო.

– ადამიანს ძაღლს ან ავტომატს ადარებთ? უნდა გრცხვენოდეთ, მისტერ მელნიკ! მექანიზმი მექანიზმია, ადამიანი კი ღვთის ხატია.

– ღვთის ხატი! მოსკოვის ციხეში რაბინ ბლუდნოვთან ერთად ვიჯექი. შვიდი კვირის განმავლობაში ვიყავით ერთად და მთელი ამ ხნის განმავლობაში თორას კითხულობდა. ჰემოროი აწუხებდა და როდესაც ქოთანზე ჯდებოდა, სისხლისგან იცლებოდა. შუაღამისას აღვიძებდნენ და დასაკითხად გაჰყავდათ. მესმოდა, როგორ ყვიროდა ხოლმე. როდესაც ბრუნდებოდა, ფეხზე დგომის ძალა აღარ ჰქონდა. კამერაში შემოაგდებდნენ და იატაკზე ეცემოდა. როგორც შეგვეძლო, ვასულიერებდით. შვიდივე კვირის განმავლობაში აწამებდნენ. ერთ ღამეს გაიყვანეს და დახვრიტეს.

-მერე, ღვთის უსამართლობას უჩიოდა?

– არა, ბოლომდე რწმენისთვის არ უღალატია.

რებე ბერიში შეიჭმუხნა და შუბლი მოისრისა.

– ხომ გითხარით, თავისუფალი არჩევანის უფლება გვაქვს-მეთქი. ეს ნიშნავს, რომ ბოროტს შეუძლია ნებისმიერი ბოროტება ჩაიდინოს, თუკი მოისურვებს. განა მიწიერი ხელისუფლებაც თავისუფალ არჩევანს არ გვაძლევს? ყოველ განგსტერს შეუძლია ჩაიდინოს მკვლელობა, ქურდობა, ძარცვა, სანამ არ დაიჭერენ. მაგრამ როდესაც დაიჭერენ, შესაბამისი სასჯელი მიეზღვება.

– ნაცისტებს შესაბამისი სასჯელი არ მიეზღოთ, რებე ბერიშ. ომის შემდეგ მიუნხენში მოვხვდი. ერთ ლუდხანაში ღორებივით გასიებული და სახეაწითლებული ნაცისტები ისხდნენ, ლუდს სვამდნენ და ნაცისტურ სიმღერებს გაჰკიოდნენ.თან იმით ტრაბახობდნენ, თუ რამდენი ებრაელი დაწვეს, გაზის კამერებში ამოახრჩეს ან ცოცხლად დამარხეს, და რამდენი ებრაელი ქალიშვილი გააუპატიურეს. ერთ მოგესმინათ, როგორ ხარხარებდნენ. ამერიკა მათ მილიარდობით დოლარს უგზავნიდა და ისინიც ბავარიული ლუდით იჭყიპებოდნენ და იქაურ ძეხვს აყოლებდნენ. ლამის იყო, მუცლები გასკდომოდათ. როდესაც მიხვდნენ, რომ ებრაელი ვიყავი, კინაღამ იქვე მომკლეს.

– ასეთ ადგილას როგორ მოხვდით?

– გერმანელი შეყვარებული მყავდა. კონტრაბანდით ოქრო შევიტანე და იმ ქალთან ვმალავდი. მონაგებს ვიყოფდით. სხვა რამითაც ვვაჭრობდით.

-ფუ! გერმანელებზე უკეთესი როდი ხართ.

– რა მექნა? ებრაელი ქალიშვილები არ მიკარებდნენ და თუ მაინც დავუახლოვდებოდი,იმდენს წუწუნებდნენ, რომ ყურები მიგუბდებოდა. მხოლოდ გათხოვება სურდათ, მე კი ცოლის შერთვა არ მინდოდა. გერმანელი გოგონები კი ყველაფერზე თანახმანი იყვნენ. ამერიკული სიგარეტების სანაცვლოდ ჰიმლერის ქვრივიც კი დაგიწვებოდათ.

– გაჩუმდით, გთხოვთ. ან ლოცვის საშუალება მომეცით, ან აქედან მიბრძანდით.

– ნუ მეჩხუბებით, რებე ბერიშ. მე თუ მკითხავთ, შეგიძლიათ დილიდან საღამომდე ილოცოთ. თავი მოუქონეთ ღმერთს. უთხარით, როგორი დიადი და მოწყალეა, ის კი კიდევ ერთ ჰიტლერს გამოგვიგზავნის. ნიადაგი უკვე მზადდება. ამერიკამ მათ თვითმფრინავები გადასცა, ერთ მშვენიერ დღეს ატომურ ბომბსაც აჩუქებს. გერმანიის შეიარაღება თქვენი გადასახადების ხარჯზე ხდება, რებე ბერიშ. ჭეშმარიტებაზე თვალი არ უნდა დახუჭოთ.

რებე ბერიშმა წვერზე ხელი იტაცა.

– ეს სიცრუეა. გთხოვთ, თქვენს ოთახში წადით და ლოცვის დამთავრება მაცალეთ.

– განაგრძეთ, განაგრძეთ. კაცი არ ვიყო, თუ ხმა ამოვიღო.

ლოცვის შემდეგ რებე ბერიშმა საუზმის  მომზადება დაიწყო. სამზარეულოს გადახედა და ამოიოხრა. ექიმმა აუკრძალა ყველაფერი, რაც უყვარდა: მარილი, წიწაკა, მჟავე კომბოსტო, ბოლოკი, მდოგვი, ქაშაყი, მჟავე კიტრი, კარაქი და არაჟანიც კი. რა დარჩენოდა? სოფლის ყველი, პური და ბაცი ჩაი. შეეძლო ეჭამა ისპანახი და ყვავილოვანი კომპოსტო, მაგრამ ამ პროდუქტებს ვერ შეეჩვია. ამერიკაში ხილიც კი განსხვავდებოდა გერმანული ხილისგან – თავისებური გემო ჰქონდა. მაგრამ, არსებითად, საქმე ის იყო, რომ რებეს ცოლის, ფეიგე მალკეს სიკვდილის შემდეგ ყველაფერმა დაკარგა აზრი: ძილმა, დილას ადგომამ, ძია სემისგან ჩეკის მიღებამ, შაბათმა და უქმე დღეებმაც კი. რებე ბერიში ხშირად ფიქრობდა, რომ აღარ უნდა დალაპარაკებოდა თავის მდგმურს – გაიძვერას, რომელიც გადატანილმა ჯოჯოხეთმა ცინიკოსად აქცია. მაგრამ მაგიდასთან მარტოდმარტო ჯდომა უმძიმდა. ამ ჭირვეული და ანჩხლი მდგმურის მკვახე სიტყვები ხახვის, პირშუშხას, ნივრის ან ერთი ჭიქა არყის მაგივრობას ასრულებდა. მათი ზეგავლენით რებეს გული უფრო სწრაფად უძგერდა, სისხლი კი უფრო სწრაფად მიედინებოდა ძარღვებში. რებე ბერიშმა დაიძახა:

– ჰეი, მისტერ მელნიკ, მოდით, ჩაი დავლიოთ.

მელნიკმა მაშინვე შემოაღო კარი. მელოტ თავზე შერჩენილი თმა დაევარცხნა და ბრიოლინი წაესვა. ვარდისფერი პერანგი ეცვა, შავკოპლებიანი ყვითელი ჰალსტუხი ეკეთა, ხაკისფერი შარვალი და სამხედრო ტიპის ფეხსაცმლები ეცვა. მარცხენა ხელის არათითზე ლალის ბეჭედი ეკეთა, მაჯას კი ოქროსსამაჯურიანი საათი უმშვენებდა. პერანგის გულისჯიბეში სამი კალამი და ორი ვერცხლის ფანქარი ეწყო. პირის გაპარსვისა და ბანაობის შემდეგ უფრო გაახალგაზრდავებულიყო. რებე ბერიშმა გაოცებით შეავლო თვალი.

– მიირთვით რამე.

– ასეთი სუფრა ბანაკებში რომ გაგეშალათ, უსიამოვნება არ აგცდებოდათ. ერთი ებრაელი კარტოფილის მოპარვის გამო მოკლეს. ჩემი ნათესავი იყო. ჩვენს ბანაკში ერთი ყმაწვილი პროდუქტებით ვაჭრობდა, წარმოგიდგენიათ? ღამით ამ პროდუქტებს ბალიშქვეშ ინახავდა. რომ ეპოვათ, მყისვე დახვრეტდნენ. თუ გაუმართლებდა, მაშინვე დახვრეტდნენ,თუ არა, აწამებდნენ. მაგრამ კომერცია კომერციაა. მინახავს, როგორ აწამებდნენ ებრაელებსკომერციის გამო. ასე იყო გეტოებში და ასე იყო რუსეთშიც, სადაც რამდენიმე კოჭი ძაფის ან თორმეტიოდე ნემსის გამო ადამიანებს სიკვდილით სჯიდნენ. ბანაკში იმ ყმაწვილს ყოველთვის ჰქონდა კომბოსტოს რამდენიმე ფურცელი, კარტოფილის კანი და რამდენიმე დამჭკნარი ბოლოკი: მხოლოდ ამით ვაჭრობდა, მაგრამ – მომგებიანად, რადგან რუსეთის ბანაკებში პატიმრები სურავანდითა და ავიტამინოზით იტანჯებოდნენ. ამ დაავადებებისგან სრულიად მოულოდნელად იხოცებოდნენ. ერთ ასეთ შემთხვევას მეც შევესწარი.

– ერთი წუთით მოიცადეთ, მისტერ მელნიკ. ყველი და პური მიირთვით. ალუბალი დააყოლეთ.

– გმადლობთ. ერთ ზამთარს, ყაზახეთში, ვიწექი და ველაპარაკებოდი პატიმარს, რომელიც ჩემ პირდაპირ იწვა. ისე ციოდა, რომ ვედროში წყალი იყინებოდა. მთელი ჩვენი ძონძები დავიხურეთ, რომ გავმთბარიყავით. გვშიოდა კიდეც, მაგრამ ვსაუბრობდით. რაზე ვსაუბრობდით? ცოლებსა და შვილებზე, რომლებიც გერმანიაში დარჩნენ, ასევე – ძველ დროებაზე და იმაზე, თუ რას მოგვიტანდა მშვიდობა. ძირითადად კი, გემრიელ საჭმელზე ვოცნებობდით. ეს იყო შემწვარი ხორცი და ნაირ-ნაირი ნამცხვრები, ქათმის წვნიანი ვერმიშელით, ძროხის ხორცის კუპატი, ქათმის ცხიმში მოშუშული ხახვი, შნიცელები და კატლეტები. ცოტა ხნით გავჩუმდით. შემდეგ ჩემს მეზობელს რაღაც ვკითხე, მაგრამ არაფერი მიპასუხა. ალბათ, ჩაეძინა-მეთქი, გავიფიქრე და მივაყურადე. ჩვეულებრივ, ხვრინავდა ხოლმე, რადგან ცხვირში პოლიპები ჰქონდა, მაგრამ ახლა მისი სუნთქვის ხმა არ ისმოდა. საწოლიდან წამოვხტი, რომ მისთვის დამეხედა. მომკვდარიყო. ერთი წამის წინ ცოცხალი იყო, ახლა კი აღარ სუნთქავდა.

– საშინელებაა, საშინელება.

– ნუ ტირით. ადამიანი – სამყაროს გვირგვინი – ასეთია. აქ ვერაფერს გააწყობ. ჩემი აზრით, ყველა ადამიანი ნაცისტია. მაგალითად, რატომ უნდა დავკლათ და შევჭამოთ ხბო? იმიტომ, რომ ვერ გაგვიმკლავდება? ჰიტლერიც ხომ სწორედ ძლიერის უფლებით სარგებლობდა! რაც შეეხება ღმერთს, ის ყველა ნაცისტზე უარესი ნაცისტია. ჰიტლერზე უარესი. მისი ძალაუფლება კაცობრიობის ძალაუფლებას აღემატება, ამიტომაც აწამებს ყველას. იცით, ათეისტი არა ვარ და ვაღიარებ, რომ ჯოჯოხეთი ნამდვილად არსებობს. მართლაც, რატომ უნდა ეწამონ ადამიანები მხოლოდ მიწაზე? მათი წამება საიქიოშიც უნდა გაგრძელდეს. ღმერთს საკუთარი ტრებლინკა აქვს მოწყობილი, სადაც უამრავი ეშმაკი, ჭინკა, დემონი და სიკვდილის ანგელოზია. ისინი საბრალო ცოდვილებს წვავენ, ან კიდევ – ენებით ან ძუძუებით ჰკიდებენ. მაგრამ საიქიოში სამოთხე არ არის. როდესაც საქმე სიკვდილს ეხება, ნამდვილ ერეტიკოსად ვიქცევი ხოლმე.

რებე ბერიშმა ღეჭვა შეწყვიტა,

– რატომ უნდა იყოს სამყაროს შემოქმედი ესოდენ სასტიკი?

– რატომ არ უნდა იყოს? მას აქვს ძალაუფლება, რომელსაც შესანიშნავად იყენებს. მან მოგვცა თორა, რომლის მცნებებს ყოველი რაბინი ახალ-ახალ კანონებს ამატებს ხოლმე და მათი დაცვა ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება. ქრისტიანული რელიგიის თანახმად კი, ღმერთმა ვერ შეძლო კაცობრიობის ცოდვათა გამოსყიდვა, სანამ მის ერთადერთ შვილს ჯვარს არ აცვამდნენ. ასეა თუ ისე, ის სისხლის მოყვარული ღმერთია

– გვეყო. ჯობია, რაიმე მიირთვათ.

– ვჭამ. სხვა რა უნდა ვქნა? ერთადერთი, რაც დამრჩენია, ჭამაა. ამერიკელი ქალები არ მომწონს. მგონი, მსოფლიოში კარგი ქალები აღარ დარჩნენ. ჩემს დროს ჯერ კიდევ იყვნენ ერთგული, ზნეობრივი ქალები, ახლა კი მათ ვეღარ იპოვით. რომ გენახათ ის, რაც მე ვნახე, ეგ თქვენი თეთრი წვერი გაგიშავდებოდათ.

– ამაზე არაფრის გაგონება არ მსურს.

– ბანაკებს არ ვგულისხმობ. იქ ქალი უუფლებო და უსუსური იყო. დაშინებულ ადამიანს ყველაფერზე დაიყოლიებ. ერთხელ გავიგონე, როგორ ურჩევდა დედა თავის ქალიშვილს, რომ დანებებოდა მუნიან უკრაინელს, რომელსაც შეეძლო, მეტი ბურღული ჩაედო გოგონას ულუფა წვნიანში. გოგონამ დაუჯერა. როდესაც ეს ნაცისტებმა შეიტყვეს, სამივე დახვრიტეს. ამას ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია – ასეთ რამეებს შეჩვეულნი ვიყავით. უარესიც მინახავს. მაგრამ განთავისუფლების შემდეგ, როდესაც არავინ არაფერს გვაიძულებდა, ადამიანები დიდად როდი შეცვლილან. ერთ ოთახში სამ ოჯახს გვეძინა. ერთ კუთხეში ქალი გლეხ კაცთან კოტრიალებდა, მეორე კუთხეში კი მისი და იმავეს სჩადიოდა. სირცხვილის გრძნობა დაკარგული ჰქონდათ. ტილებს ერთად იცილებდნენ და გარყვნილებასაც ერთად ეწეოდნენ.

– აღარ გაჩუმდებით? უკანასკნელად გაფრთხილებთ.

-სიმართლისა გეშინიათ?

– ეს სიმართლე არაა. ცოდვა ქაფს ჰგავს. როდესაც ჭიქაში ლუდს ასხამთ, გგონიათ, რომ ჭიქა სავსეა, მაგრამ მისი ორი მესამედი ქაფია. როდესაც ქაფი ქრება, ლუდი ჭიქის ერთი მესამედს ავსებს მხოლოდ. იგივე შეეხება ცოდვებს. ისინი ბუშტებივით სკდება.

– კარგი ნათქვამია. თქვენი აზრია?

– ეს ჩვენი რაბინისგან გავიგონე.

– კარგად უთქვამს, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაფერი გარყვნილებაა, სისაძაგლეა, ყველაფერი ცოდვაა. ცოდვებისა და გარყვნილების გარდა, რეალური არაფერია. თქვენი რაბინიც გარყვნილი და ცოდვილია. წვერის, კიკინებისა და ფოჩიანი ტანსაცმლის მიუხედავად, ჩვეულებრივი ადამიანია და ქალები უყვარს. ლამაზი ცოლი რომ არ ჰყავდეს, მეძავებს ესტუმრებოდა.

– არამზადა! ისრაელის მოღალატე!

-არ ვამბობ, წმინდანი ვარ-მეთქი. შეძლებისდაგვარად, ღირსეულად ვიქცევი. ჩემგან რა გინდათ? მართლა, თქვენ რატომ არ თხოულობთ ცოლს? ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხართ. ქრისტიან ქალთან ერთი წუთითაც არ დაგტოვებდით მარტო.

რებე ბერიშმა ამოიკვნესა. მუშტი მაგიდაზე დადო. მეორე ხელით წვერიდან ნამცეცები ჩამოიბერტყა.

– სისულელეა! საშინლად ლანძღავთ ქალებს, მაგრამ ფეიგე მალკე, ღმერთმა აცხონოს მისი სული, ღვთისმოსავი ქალი იყო.უცხო მამაკაცს არც კი შეხედავდა. დედაჩემსა და ბებიაჩემს ჰგავდა. ძველად ქალები ზნეობრივნი და თავდაჭერილნი იყვნენ. ვარშავაში მკვლელებმა ხანდაზმული, მაღალზნეობრივი კაცის ცოლი ჩამოახრჩეს. როდესაც სახრჩობელისკენ მიათრევდნენ, შიშობდა, მუხლებზე კაბა არ ამეწიოს და სირცხვილი არ ვჭამოო.

– იქ იყავით?

– სხვები იყვნენ. დეიდაჩემი დებორა ოცდასამი წლის ასაკში დაქვრივდა და აღარ გათხოვილა, ძალიან მდიდარ კაცს ურიგებდნენ, მაგრამ დებორამ თქვა, მინდა, რომ ჩემს ზორაჰს საიქიოში პირნათლად შევხვდეო.

– და გჯერათ, რომ იქ ქმართანაა?

– დიახ. მჯერა.

– იქ არც ზორაჰია და არც დებორა. მათგან, მტვრის გარდა, არაფერი დარჩა. ამაოდ იტანჯა – აი, ამას გეუბნებით მე, მორის მელნიკი. ჩვენს ქალაქში ცხოვრობდა მდიდარი კაცი, სწავლული – რებე ზადოკი. როდესაც გარდაიცვალა, ცოლს დიდძალი ქონება დაუტოვა. ნახევარი წლის შემდეგ ქალი ცოლად გაჰყვა უსწავლელ ყასაბს, სახელად ჩეზკელ სკაბს. ყასბის ჯირკი მოეწონა.

– ყველაფერი ხდება ხოლმე.

– ყოველგვარი სისაძაგლე.

მორის მელნიკი გაჩუმდა. ჩაის კოვზი აიღო და შეეცადა, თეფშის კიდეზე სწორად დაედო. კოვზის ტარი ძირს გადაიხარა. მელნიკმა კოვზის ჩაღრმავებულ ნაწილზე ცოტაოდენი მარილი დაყარა, რომ კოვზი გაეწონასწორებინა. ქვედა ტუჩი მოიკვნიტა, შემდეგ ცალი თვალი ფართოდ დააჭყიტა, მეორე კი მოჭუტა, თითქოს კოვზს თვალს უკრავდა. როგორც ჩანს, იმას, კოვზი მაგიდაზე ტარით დავარდებოდა თუ ჩაღრმავებული ნაწილით, მელნიკი სამყაროს მომავლის მომასწავებელ ნიშნად მიიჩნევდა.

რებე ბერიშმა ხელი ჩაავლო თავის წვერს და დააკვირდა, თითქოს სურდა დარწმუნებულიყო, რომ წვერი ჯერ კიდევ თეთრი იყო, შემდეგ კი თქვა:

– განა იცის მატლმა, რომელიც ნაგავში იკლაკნება, რომ არსებობს სასახლეები და წალკოტები? ანდაზა გვეუბნება, კედელზე მიმავალი რწყილი მეჯლისზე როდი მიდისო. თქვენ მიწის შესახებ ლაპარაკობთ, მაგრამ არსებობს ზეცა, ვარსკვლავები, თანავარსკვლავედები. არსებობენ ანგელოზები, სერაფიმები, ქერუბიმები, ღვთის უზარმაზარი ეტლები. მათთან შედარებით ჩვენი სამყარო ქვიშის მარცვლის ოდენაა, ან კიდევ უფრო უმნიშვნელო ზომისააა. მაგრამ ტალახშიც კი შეიძლება ალმასი აღმოაჩინოთ. მთელ ამ სიბინძურესთან ერთად, არსებობდნენ ბაალ შემი, რაბინი ელიმელექი, ბერდიჩევერი, კოცკერი. ბაბუაჩემი, რებე ხაიმი, წმინდა კაცი იყო. ორმოცდაათი წლის განმავლობაში, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს, მარხვას იცავდა.ზამთარ-ზაფხულ ყოველ ღამე დგებოდა, რათა ტაძრის დანგრევა ეგლოვა. უკანასკნელი პენი საქველმოქმედო საქმეებს დაახარჯა. ეს საკუთარი თვალით ვიხილე.

რებე ბერიშმა ფოჩიანი ტანსაცმლით შემოსილ მკერდზე მუშტი დაიბრაგუნა.

– ცდებით, მისტერ მელნიკ. – დასძინა მან. – თუმცა, ძნელია განსაჯო ადამიანი, რომელმაც ამდენი განსაცდელი გადაიტანა. ვილოცებ!

მან ჭიქა აიღო, წყალი დაიპკურა ხელებზე და სუფრას გადაუსვა. შემდეგ ღმერთს შეჰღაღადა:

 

– მართალი ხარ, უფალო, და ყოველი შენი საქმე და ყოველი შენი გზა მოწყალებაა და ჭეშმარიტება; ჭეშმარიტი და მართალი სამართლით სჯი უკუნისამდე….

იმავე წუთს პატარა კოვზი თეფშში ჩავარდა. მორის მელნიკს გაეცინა, წამოდგა, კართან მივიდა და ჩაილაპარაკა:

– ახლა კი წავალ და ვნახავ, რას შვრებიან ქალები.

 

[1] ფილაქტერიები – ტყავის ორი კოლოფი,რომელთაც იუდეველები დილის ლოცვის დროს იმაგრებენ ხოლმე შუბლსა და მარცხენა ხელზე. კოლოფებში ჩაწყობილ პერგამენტის ფურცლებზე დაწერილია ლოცვათა ტექსტები და ამონარიდები თორიდან.

[2]იუდაიზმი ხორცისა და რძის კერძების შერევას კრძალავს.

© არილი

Facebook Comments Box