რეცენზია

კალანდაძის „მეორე ოთახი“ – გაცრუებული მოლოდინები

ავტორი: ელენე ფილფანი

მაგდა კალანდაძე, „მეორე ოთახი“, გამომცემლობა „დიოგენე“, 2021

რაზე უნდა იყოს წიგნი, რომლის მთავარი გმირის, ელენეს სასიყვარულო თავგადასავალი ჩვიდმეტი წლის ასაკში რეპეტიტორთან საიდუმლო ურთიერთობით დაიწყო და საზღვარგარეთ წასული მასწავლებლის უცერემონიო დამშვიდობებით დამთავრდა; გულგატეხილი ელენე, დედისა თუ საზოგადოების მოლოდინების გასამართლებლად, რეზოზე გათხოვდა, თუმცა ოჯახი მალევე, ლილისთან გაბმული რომანის გამო, დაენგრა. რაღაზე უნდა იყოს ასეთი წიგნი? მთელი ტრაგედია პირველ ფურცლებამდე გათამაშდა.

მაგდა კალანდაძის პირველი რომანი “მეორე ოთახი“ თითქოს გასახდელში ფარდის დაშვებით აღძრულ ემოციებზე ჩაფიქრებულ მსახიობზეა. ერთგვარ ტრანზაქციულ მდგომარეობაზე, სადაც ცხოვრების დასრულებულ ეტაპთან გამომშვიდობების გაჭიანურების გამო ამოვყოფთ ხოლმე თავს და სადაც ნელ-ნელა ვემზადებით სხვა სპექტაკლის სათამაშოდ სცენაზე დასაბრუნებლად.

„[მე და ლილის] საათივით გვქონდა აწყობილი რეჟიმი – სექსი, ჭამა, მუშაობა, სექსი, ჭამა, ფილმის ყურება. ასე, ამ ტრაექტორიაზე ვმოძრაობდით ხოლმე ჩემს ბინაში, სადაც არც არავის ვემალებოდით და ვერც ვერავინ დაგვინახავდა, არც არაფრის გვეშინოდა და ვერც ვერავინ დაგვაკლებდა რამეს,“ – პროტაგონისტი ლიმბოში ზედმეტად კომფორტულად მოეწყო.  თხრობაც, მისი ყოველდღიურობის მსგავსად, ციკლური და თავბრუდამხვევია – წარსულის მოგონებებსა და საწოლ-სამზარეულო-ტუალეტს შორის მონაცვლეობს. რუტინის ტყვეობის მხრივ ელენეს კაფკას პერსონაჟებამდე ბევრი არაფერი უკლია და მტკივნეულ გამოცდილებებს დანებებული სამალავიდან, ალბათ, არც გამოძვრებოდა, მასთან ქირით საცხოვრებლად ლენა რომ არ გადმოსულიყო და სახლის მეორე ოთახი საჯარო სივრცედ, სცენად რომ არ გადაექცია.

ლოგიკურია, რომანი, რომელიც ქალთა სექსუალურ ექსპრესიასა და LGBTQ+ თემატიკას მოიცავს, სოციუმისა და ინდივიდის დაპირისპირების აღწერას ვერ გაექცევა. ამ თემაზე მუშაობისას კი ძალიან მარტივია, თანამედროვე ტენდენციებსა და შაბლონებს აჰყვე. თუმცა მაგდა კალანდაძის ნამუშევრის ერთ-ერთი ღირსება, სწორედ, გაბატონებულ ნარატივთა დეკონსტრუქციაა. მწერალი არა ქალის ან რიგითი ქვიარ ადამიანის, არამედ ელენეს ამბავს გვიყვება (უფრო სწორედ, მასვე აძლევს შესაძლებლობას თავისი ისტორია გაგვიზიაროს). მთავარი გმირი არც ერთი ჯგუფის წევრი არაა, ყველას ემიჯნება და ამით ცდილობს პიროვნული ავთენტურობის შენარჩუნებას: „არასდროს მომინდებოდა, ამ ყველაფრის ნაწილი გავმხდარიყავი და ჩემ გვერდით მდგარი ადამიანის იმიჯი ჩემი განმსაზღვრელიც ყოფილიყო.“

წარსულ ამბებში შეგვიძლია ვიპოვოთ მიზეზები, რომლებმაც ელენე ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. მაგალითისთვის, როცა ყოფილ მეუღლეს გერმანულის რეპეტიტორ ლიანასთან 5 წლიანი ურთიერთობის საიდუმლო გაანდო, რეზომ მეუღლეს ბრტყელ-ბრტყელი განმარტებები შეაგება: „ფსიქოლოგიური ზეწოლა“, „მანიპულაცია“, „პროექცია“ – შეიძლება, ყველა ეს ცნება-იარლიყი რაღაც ასპექტში მომხდარს აკურატულად აღწერდეს, მაგრამ თითოეული იმდენად ხმამაღლა ჟღერს, რომ მათ ფონზე სხვა ყველა დეტალი უფერულდება.

რეალობაშიც ცოტა რამაა, პირადი ტრავმების გაზიარებაზე იმედგამაცრუებელი. ასეთ ამბებს გულისყურით არავინ ისმენს, მხოლოდ გიდასტურებენ, რომ კარგად ესმით, რაც გამოიარე. იციან, გამოუცდიათ, გაუგონიათ. მართლაც, მსგავსი მილიონს გადახდენია თავს და კიდევ უამრავს წინ ელოდება. ამიტომ სანამ გამბედაობას მოიკრებ მომხდარი ვინმეს უამბო, იქამდე უკვე ყველას კარგად მოეხსენება, რაც გტკივა. ვის გააკვირვებ? ყველაფერი ფსიქოლოგიურად ახსნილი და განმარტებულია, მოკლე ინსტრუქციაც თან ახლავს: რა რას ნიშნავს, რას უნდა გრძნობდე და მომხდარს როგორ უნდა გაუმკლავდე. პირადი ისტორია ამ კლასიფიკაციების მიხედვით უნდა გაიაზრო, ხოლო რაც მასში არ ჯდება, ან არ არსებობს, ან არ უნდა არსებობდეს.

შეიძლება, ამის ბრალიცაა, რომ ელენე თავის წარსულს ყოველგვარი თვითრეფლექსიისა და შეფასებების გარეშე გვიამბობს, თითქოს არ სურს საკუთარი ისტორია დამკვიდრებულ ტერმინებს მოარგოს – რახან მთარგმნელი და რედაქტორია, კარგად იცის, რას ნიშნავს გამუდმებით სხვის სიტყვებს ეჭიდავებოდე, რომ როგორმე შენად აქციო. ასეთ დროს ჩვენი ისტორიები კი აღარ გვქმნიან, არამედ თავად ვიკარგებით უზარმაზარი საჯარო ნარატივის მორევში. ელენეს არ სურს ამასთან შეგუება (რამდენად გამოსდის, ეს სხვა საკითხია): „ვეღარასდროს დამიმძიმებენ და მატკენენ სხეულს, ვეღარასდროს მაიძულებენ, ვზიდო ის, რაც სხვების მოგონილი, სხვებისგან დაწერილი, გამეორებული და გადადებულია.“

პროტაგონისტის გარდა ყველა სხვა ქალი პერსონაჟი რომელიღაცა სოციუმის რიგითი წევრია, მინიმალური ინდივიდუალურობით, რაც მწერლის ჩანაფიქრი უნდა იყოს. აღნიშნულზე მათთვის შერჩეული სახელები მეტყველებს: ნელი, ლიანა, ლილი, ლენა, ნათელა. თითქოს, თითოეული არა სრულყოფილი პიროვნება, არამედ ელენეს ინდივიდუალური ისტორიის საჯარო დისკურსებთან კვეთის მოსანიშნი მარკერია: დედა, ნათელა ქართული საზოგადოების სტანდარტული ღირებულებისა და მოლოდინების ნაკრებია, ქირით გადმოსული ლენა და მისი სამეგობრო წრე კი უმცირესობათა უფლებადამცველი აქტივისტები – რვა მარტის აქციაზეც ცისარტყელას დროშას რომ აფრიალებენ. თითოეულს (განსაკუთრებით მეორე ოთახის მკვიდრ ლენას) ელენეს ცხოვრებაში დაძაბულობა და იმ საზოგადოების მოლოდინები შემოაქვს, რომლის შიკრიკნიც არიან. და ელენეს უუნარობაც, სრულად გაემიჯნოს საჯარო სფეროს, ამის ბრალია – თითოეული თავისებურად უყვარს, ანაღვლებს და აინტერესებს. ამიტომაც განიცდის მათ ზეგავლენას და ნელ-ნელა თავის ნაჭუჭს, გასახდელ ოთახს ტოვებს. აღნიშნულმა ჩამაფიქრა – ბოლო-ბოლო რამდენი ადამიანის სახელს შეიძლება, რომ ინდივიდი ატარებდეს?

წიგნის მორიგი ღირსება თხრობის სტრუქტურაა, რომელიც მკითხველს აიძულებს, საზოგადოების მსგავსად, ელენეს წინააღმდეგ მოლოდინებით შეიარაღდეს. ციკლური თხრობით პროტაგონისტი ნელ-ნელა ხატავს თავისი წარსულის სრულ სურათს და ყოველ ჯერზე თავდაყირა აყენებს წარმოდგენებს, რომლებიც მკითხველმა უკვე გამხელილ ინფორმაციებზე დაყრდნობით შეიქმნა: პირადად მე, როცა თხრობაში გამოიკვეთა, რომ მთავარი გმირი 17 წლის ასაკიდან რომანი ჰქონდა უფროს ქალთან და შემდეგ ქმარიც საყვარლის გამო დაშორდა, ვიფიქრე, წიგნი შეუპოვარ და სურვილებს აყოლილ ქალზეა, არ ელოდება ცხოვრება რას შესთავაზებს და მიზანს ყოველთვის აღწევს-მეთქი. მაგრამ მოგვიანებით გამოაშკარავდა, როგორი პასიური და შეშინებულია, ოდნავ ბავშვურიც კი – ჯერაც ფრჩხილებს რომ აშტერდება დედის ჩხუბზე ცრემლების შესაკავებლად. ყოველი მორიგი განდობილი საიდუმლო მაფიქრებინებდა – აი, ახლა კი მოვიხელთე, და ყოველ ჯერზე ჩემი კატეგორიზაციის მცდელობა კრახით მთავრდებოდა. შესაბამისად, რომანი ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია, ჩინური წინასწარმეტყველი ორცხობილას მსგავსად რომ გადაგიწყვეტს, ხალხს გარშემო რომელი შაბლონებით ახარისხებ.

საინტერესოა, რომ ელენეს პიროვნების მსგავსად, სიუჟეტიც მოუხელთებელია. თითქოს, პროტაგონისტთან ერთად მაყურებელსაც კულისებში უწევს  ლოდინი, თუმცა, მისგან განსხვავებით, გამოსვლა ეჩქარება და ერთი სული აქვს, ახალი დრამა გათამაშდეს: ელენემ ლილის ლენასთან უღალატოს ან ნიკოსთან გააბას ახალი რომანი. შეიძლება, ერთიც მოხდა და მეორეც, თუმცა წიგნი დუმს ამის შესახებ, რადგან მთხრობელს არც არასდროს განუზრახავს მოეყოლა, რა ხდება ანტრაქტის შემდეგ.

კითხვის პროცესი ერთი დიდი მოლოდინია, ნებისმიერი ვარაუდი პერსონაჟისა თუ ამბის განვითარების შესახებ კი, დიდი ალბათობით, – დროის ტყუილი კარგვა. ელენე გვაიძულებს დინჯად ვუსმინოთ მის ამბავს, ჩვენი ცოდნები და ინტერპრეტაციები კი არ აინტერესებს. ამიტომ ფინალი (რომელსაც არ გავამხელ) აუცილებლად გაგიცრუებთ მოლოდინებს, თუმცა უკმაყოფილოს არ დაგტოვებთ.

 

© არილი

Facebook Comments Box