ესპანურიდან თარგმნა ქეთი ჯიშიაშვილმა
მან ისე ჩუმად ჩაიქროლა, როგორც მოჭედილ ცაზე მოწყვეტილმა ვარსკვლავმა, როგორც ჩიტმა, ობობამ, სირინოზებმა – მისი მხატვრული შემოქმედების ქმნილებებმა. უკანასკნელ ხანს მისეულ სამყაროშიც დისკომფორტს განიცდიდა. ვიწრო სახელოსნოდ ეჩვენებოდა ის ადგილი, სადაც ოთხმოცდაათი წლის განმავლობაში შეძლო ყველა ზღვარი გადაელახა და გამარჯვებები ეზეიმა. მირო იმდენად ხარბად შეიგრძნობდა საგნებს, რომ მისთვის საკმარისი არ იყო მხოლოდ ის, რასაც თვალი წვდებოდა. მას ხიბლავდნენ მონტუუის (უბანი ბარსელონაში) რომანტიკული ფრესკები და როცა აღფრთოვანება თავის მეგობარ რაილანდს გაუზიარა, მან უპასუხა, რომ ტცარამ უკვე აღნიშნა ეს თვისება, და რომ ამ ფრესკებიდან ყველაფერი გიმზერს. მირომ კი მხოლოდ ერთი რამ დაამატა: “ოღონდ თვალების გარეშე”.
ცხოვრება ზეკაცივით განვლო. ყველასა და ყველაფრისაგან გარიყული ცხოვრობდა. უსაზღვრო წარმოსახვით შეპყრობილი, გრძნობდა საგნების სიდიადეს სივრცეში და ამიტომაც დაბრკოლებების მორევში აღმოჩნდებოდა ხოლმე.
ოცნება და ფანტაზია ერთადერთი გამოსავალი იყო, რათა ამ უმოწყალოდ ჩაკეტილ სამყაროში კლაუსტროფობიას გამკლავებოდა. ერთ-ერთი მისი პირველი მასწავლებელი კატალონიაში ფრანცისკო გალი ამჩნევდა, რომ ახალგაზრდა მოწაფეს უჭირდა საგნის მოცულობის რეალურად აღქმა, ამიტომ თვალებს უხვევდა და აიძულებდა მას საგანი დაეხატა მხოლოდ ხელის შეხებით მიღებული შთაბეჭდილებით.
თვალის დახუჭვა რეალობაზე, ფანტაზიისათვის გასაქანის მიცემა, ფიქრი ხელებით, ოცნება, ილუზირება… იქნებ მირო კომფორმისტი იყო, რომელსაც უბრალოდ თავის დაღწევა სურდა აუტანელი რეალობისაგან. ანდრე ბრეტონმა, სიურეალიზმის სკოლის დამაარსებელმა, რომელშიც მირო მყისვე გაერთიანდა, ნათელი მოჰფინა ამ საკითხს. მხატვრული გამომსახველობის ენაზე გაქცევა ნიშნავს მიგნებას (გამოგონებას) და იგი ერთადერთი საშუალებაა მხატვრის იმ დამამცირებელი კომფორმიზმის დასამარცხებლად, რომელიც ტრადიციულად რეალობის ასახვისთვისაა განწირული.
რას გულისხმობდა ბრეტონი, როცა ამტკიცებდა, შესაძლოა მირო ჩვენს შორის ყველაზე სიურეალისტი იყოსო? სუპერრეალისტი ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. საით მიილტვოდა მირო თვალების ახვევით, სად იყო მისი ოცნების ქვეყანა, სამყარო, სადაც ჭეშმარიტებას მხოლოდ ხელის შეხებით შეიგრძნობდა. იგი მხდალად მიიჩნევდა ურწმუნო თომას, რომელიც თითით უსინჯავდა იესოს ჭრილობებს, რათა მისი აღდგომა ერწმუნა. სიმხდალედ უთვლიდა ტცარასაც მხოლოდ იმის აღმოჩენას, რომ “ჭიპიც იხედება”.
იმ ხალხს, რომლებიც განწყობილნი იყვნენ მხოლოდ სანახევროდ ერწმუნათ ჭეშმარიტება, მირო ასე პასუხობდა: “ჩემთვის ბალახის ღერი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხე; კენჭი უფრო, ვიდრე მთა; ჭრიჭინას ვამჯობინებ არწივს. დასავლურ ცივილიზაციაში კი მთავარი მოცულობაა. დიდ მთას უპირატესობა ენიჭება. ჭიპი, რომელიც იხედება, – ეს ბანალური აღმოჩენაა. რომანტიკულ ფრესკებში ყველაფერი პირიქითაა, მთელი სამყარო გიმზერს, მოწმენდილი ცა, ხე – ყველაფერს თვალები აქვს. ჩემთვის ყველაფერი ცოცხალია. ამ ხესაც საკუთარი ცხოვრება აქვს, ისევე, როგორც ამ ცხოველებს. მას სულიც აქვს, ხე მარტო ტანი და ფოთლები როდია”.
ამ პანთეისტისათვის, რომელიც ხეს, ჩიტს, მწერს თანასწორივით განიცდიდა, რომელიც საგნებს საგნისავე თვალით უმზერდა და მხოლოდ ბუნების ფერებს აღიარებდა, ძნელი იყო ერთი რომელიმე ადგილით შემოზღუდვა. მირომ ცხოვრება საზღვრების გადალახვაში, ახალ-ახალი ჰორიზონტების დაპყრობაში განვლო. 1919 წელს, მას შემდეგ, რაც ბარსელონაში დალმაუს საერთაშორისო გალერეაში მოაწყო გამოფენა, პარიზს გაემგზავრა. აქ, ავანგარდის აპოგეის ჟამს, დიდი ომის დროს გადმოსახლებულ შემოქმედებს შეხვდა. ერთხელ მირო მეგობარ მხატვარს გამოუტყდა: “წასვლა აუცილებელია. თუ კატალონიაში ჩარჩი, მოკვდები. მთავარია, ნებისმიერ ქვეყანაში კატალონიელად დარჩე”.
წინსვლისათვის გამუდმებით უხდებოდა სხვადასხვა სიტუაციებიდან თავის დაღწევა. სულ გარბოდა: პროვინციული ოჯახიდან, თვითკმაყოფილი ქალაქიდან, მოდური ავანგარდისა თუ გამარჯვებული მოძრაობისგან. იგი თითქოს არასოდეს კმაყოფილდებოდა, თითქოს საკუთარ სხეულსაც კი არ ნებდებოდა, გამუდმებით განაგრძობდა უფრო დიდი სახელოსნოს ძიებას. 1938 წელს, ესპანეთში, შუაგულ სამოქალაქო ომში, მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებამდე ცოტა ხნით ადრე, მირო აქვეყნებს უზარმაზარ ტექსტს სახელწოდებით “ოცნება გრანდიოზულ სახელოსნოზე”.
მას შემდეგ, როცა ნაცისტური გერმანია საფრანგეთში შეიჭრა, მირო გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ყველაფრის გარეშე დარჩენილმა, ესპანეთს შეაფარა თავი. რესპუბლიკასთან თანამშრომლობის მიუხედავად, ნახატების ღიად გამოფენა მაინც ვერ შეძლო. მაგრამ არც ეს იყო მნიშვნელოვანი. მაიორკაზე თითქმის არალეგალურად ჩასული მირო ისეთ უზარმაზარ სახელოსნოს აღმოაჩენს, რომელზე ოცნებასაც ვერასოდეს გაბედავდა. ეს იყო ვარსკვლავებით მოჭედილი ცის კამარა, ღამ-ღამობით ნაზად რომ ეშვებოდა სანაპიროსაკენ. თითქმის დავიწყებული, საკუთარ სამყაროში განმარტოებული მირო ნიუ-იორკში გახიზნულ სუპერრეალისტ მეგობრებს თავისუფლების ზღაპრულ საჩუქარს უგზავნის – თითქმის არაფრისაგან, მხოლოდ ლურჯ ცაში ცქერით შექმნილს. ესაა სურათების სერია სახელწოდებით “თანავარსკვლავედი”, უსასრულო სივრცეში მოგზაურობა იმისა, ვინც დედამიწაზე იძულებით ცხოვრობდა. ალბათ, შეუძლებელია იმ ნათელმხილველის გადარწმუნება, რომელიც იმეორებს: “საწყისი, ერთადერთია, რაც მაინტერესებს. საწყისის შეცნობა ჩემი ცხოვრების აზრია და სწორედ ესაა ჭეშმარიტი შემოქმედება. რაც მართლა მაინტერესებს – დაბადებაა”.
შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მირო არ მომკვდარა. აკი ამბობდა კიდეც “მე არც განვითარება მადარდებს და არც სიკვდილი”. ალბათ, იგი განაგრძობს სახელოსნოს ძიებას უსასრულო სამყაროში, იქ, სადაც ჩვენ მისი დანახვა უკვე აღარ შეგვიძლია. იმ სივრცეში, რომელიც ჩამოვარდნილ ვარსკვლავსა და პატარა ბალახს შორისაა მოქცეული. დარწმუნებული ვართ, რომ იგი კმაყოფილია, რადგან შეძლო ესწავლებინა ჩვენთვის, რომ საგნების დანახვა თვალების გარეშეც შეიძლება.
© ”არილი”