ჟორჟ ეკიზაშვილის და თამარ ხოსრუაშვილის საუბარი ჩაიწერა ნანა კობაიძემ
“შენ სამარადისოდ დაიდე ბინა მზიურ მხარეში, გთხოვ, ჩვენ შემცივნულთ გვიწილადე ერთი პეშვი სითბო, როგორც ამას სიცოცხლში აკეთებდი”.
რენე შარი, სიტყვა წარმოთქმული კამიუს ხსოვნის საღამოზე
საფრანგეთში ცოტაა მწერალი, რომელმაც სიცოცხლეშიც და გარდაცვალების შემდეგაც აზრთა ასეთი დაპირისპირება გამოიწვია. მის შესახებ დღესაც კამათობენ, წიგნები ისევ აღელვებს მკითხველს, იდეებს კვლავაც ჰყავს მიმდევრები და სხვანაირად არც შეიძლება, რადგან ის ალბერ კამიუა, დიდი კამიუ.
“უცხო,” “სიზიფეს მითი,” “კალიგულა,” “შავი ჭირი,” “დაცემა,” “ამბოხებული ადამიანი” – ამ ტექსტებს კარგად იცნობენ კამიუს დამფასებელნი. მისი თამამი აზრები, წერის არაორდინარული მანერა და ცხოვრების ფილოსოფიური ხედვა სწრაფად გასცდა საფრანგეთის საზღვრებს და მწერალს მსოფლიო აღიარება მოუტანა. 1957 წელს მას ნობელის პრემია მიანიჭეს.
კამიუს შემოქმედების ქართველ თაყვანისმცემელთა შორის გიორგი ეკიზაშვილი ერთ-ერთი ყველაზე “სტაჟიანი” კამიუელია. წლების წინ ამ ავტორთან შეხვედრამ მისი მსოფლმხედველობა რადიკალურად შეცვალა. “უცხოს” წაკითხვის შემდეგ ცოტა ხნით თავადაც მერსო გახდა. მერე კამიუს ნაწერები თარგმნა. დღეს მიაჩნია, რომ რაც დრო გადის, მისი ნააზრევი კიდევ უფრო ღირებული გახდება. სწორედ ამაშია მწერლის სიდიადე. კამიუზე და მასთან თავის დამოკიდებულებაზე ამოსუნთქვის გარეშე საუბრობს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კითხვები ზედმეტია.
“კამიუ და დოსტოევსკი”
მეამაყება, რომ პირველმა გავაჟღერე კამიუს სახელი საქართველოში. მერაბ მამარდაშვილის წერილი 1964 წელს დაიბეჭდა, ერთი წლით ადრე კი მესამე კურსის თავხედმა სტუდენტმა გავბედე და საკავშირო კონფერენციაზე წავიკითხე მოხსენება – “კამიუ და დოსტოევსკი.” მოსკოვიდან და ლენინგრადიდან ჩამოსული სტუდენტები ადგნენ და გარეთ გავიდნენ. მოგვიანებით ამიხსნეს, დარჩენის შემთხვევაში ინსტიტუტიდან გაგვრიცხავდნენო. კამიუ უკვე სამი წლის გარდაცვლილი იყო, თუმცა საბჭოთა კავშირში მასზე ლაპარაკს ჯერ კიდევ ვერ ბედავდნენ. საბედნიეროდ, საქართველოში შეიძლებოდა ის, რაც სხვაგან აკრძალული იყო. კამიუს პირველი თარგმანიც ჩვენთან შესრულდა. ეს იყო 1968 წელს, ჩემი ავტორობით. მანამდე 1964 წელს მის შესახებ დიპლომი დავიცავი, რაც იმ დროს წარმოუდგენელი ფაქტი გახლდათ. ეს ის პერიოდია, როცა კამიუზე სასაუბროდ თბილისში ჩამოდიოდნენ, და არა მხოლო მასზე სასაუბროდ. შავ სიაში იყვნენ ჰემინგუეი, ფოლკნერი, სტეინბეკი, დოს პასოსი… მახსოვს, ნიცშეს და შოპენჰაუერს ჩუმად ვკითხულობდით და ხელიდან ხელში გადავცემდით ერთმანეთს.
მე და კამიუ
კამიუსთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს, მარადიული მოწაფის ურთიერთობა მარადიულ მასწავლებელთან. ერთ-ერთ ალმანახში, რომელსაც ლიონის ბიბლიოთეკა გამოსცემს, საკუთარი თავის შესახებ ასეთი რამ წავიკითხე: “ჟორჟ ეკიზაშვილის ბიოგრაფია იწყება 1963 წელს”, როდესაც სინამდვილეში 1943 წელს დავიბადე. ერთხელ ჟურნალისტს ვუთხარი, ჩემი და კამიუს შეხვედრა 1963 წელს, შემთხვევით მოხდა და ამის შემდეგ იწყება ჩემი ცნობიერი ბიოგრაფია-მეთქი. თუმცა გადატანით რომ ვთქვათ, 1963 წელს ჩემში კიდევ ერთი გიორგი ეკიზაშვილი დაიბადა. მიზეზი კამიუ იყო. დაახლოებით ამავე პერიოდში მამაჩემმა თავის მეგობრებს გენიალური ფრაზა უთხრა: ვიღაც ალბერ კამიუმ შვილი გამიგიჟა, ოჯახს გაუუცხოვდაო (ზუსტად ეს სიტყვა თქვა, თუმცა კამიუსი არაფერი ჰქონდა წაკითხული). რა იცოდა, რომ სიმართლეს ლაპარაკობდა, რომ ცოტა ხანს მართლაც მერსო ვიყავი. ერთ ფოტოზე მეგობარმა მიმიწერა კიდეც – “ქართველი მერსო”. ფოტოგრაფმა კარგად დაიჭირა ჩემი გამომეტყველება – ინდიფერენტული, თანაც დაინტერესებული, სიღრმისეული.
პირველი შეხვედრა
1963 წელია და გავეკიდე ფრანგ ტურისტს. მაშინ КГБ დაგვდევდა და მათთან მიახლოების საშუალებას არ გვაძლევდა. გავეკიდე და როცა სხვები პერანგებს და შარვლებს სთხოვდნენ, ვუთხარი, რამე წიგნი გექნება ჩამოტანილი და უკან ხომ არ წაიღებ-მეთქი. წიგნიო?.. ავიდა ქალი მაღლა. მახსოვს წვიმდა, მერე ფრანგებმა გააფორმეს – რამდენიმე საათი იდგა წვიმაში და ელოდებოდაო. პატარა გამოცემა ჩამომიტანა. დავხედე, აწერიაN- Albert Camus. L’Etranger. “უცხო” ან “უცხოელი”, “უცნაურიც” ვიფიქრე. რუსებმა Чужой-დ თარგმნეს. ერთმა ცნობილმა მწერალმა НезнакомецUუწოდა. ვისთვის უცხოა, ვისთვის – უცნობი. ძალიან ნაცნობი უცნობია მერსო, ტკივილამდე ნაცნობი უცნობი. ფიქრობ მასზე და სადღაც შენს თავსაც პოულობ. ამაშია კამიუს სიდიადე. გიდებს ტექსტს და თითქოს გეკითხება: აბა, ვის მხარეზე დადგები, რას აირჩევ, გესმის თუ არა ჩემი? იმიტომ, რომ როცა წერს, თავად არის მერსო, “უცხოში” თავისი თავიც გამოჰყავს. D
დედის დუმილი…
მერსოს დედა რომ უყვარდა, პირველივე ფრაზიდან აშკარაა (“დღეს დედა გარდაიცვალა, ან იქნებ – გუშინ.”). მით უფრო ბოლოში, როცა სამყაროს იდუმალება გადაეხსნება, როცა გასაგები ხდება ის, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე არ ესმოდა. ძმურ სიახლოვეს გრძნობს ქვეყნიერებასთან, რომელიც კაცისკვლით შეურაცხყო და ხვდება, რომ სამყარომ აპატია. ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა ამის ნიშანია. სწორედ ამ დროს ახსენდება დედა, მისი დუმილის სიღრმეს სწვდება…
კამიუსა და დედის ურთიერთობა გამორჩეულად უცნაური გახლდათ. დედის დუმილი ბავშვობიდან მოჰყვება. 5-6 სიტყვა თუ უთქვამს მისთვის. მთელი ცხოვრება ჩუმად იყო და შრომობდა. კამიუ რომ მოკვდა, მაშინაც არ შეიცხადა. დიდხანს იყუჩა და ბოლოს თქვა: “რა ახალგაზრდა იყო!..” კამიუს დედას სხვა არაფერი უნდა ეთქვა. ეს იყო სიყვარული, რომელსაც სიტყვები არ სჭირდება.
ისევ პირველ შეხვედრაზე
ავიღე წიგნი, უკანა ყდაზე სურათია – ვიღაც პეწიანი ტიპი ამერიკულ სამოსში, როგორსაც იმ დროს ფრანგები არ ატარებდნენ. თბილისში 5-6 კაცს გვეცვა ასე და “თბილისელ ამერიკელებს” გვეძახდნენ. მაშინვე ვთქვი, ჰემფრი ბოგარტს ჰგავს-მეთქი. მერე გავიგე, რომ კამიუს ყველაზე მეტად ბოგარტთან შედარება უყვარდა, მასავით იცვამდა. შესაძლოა ეს ერთგვარი სნობიზმიც იყო, რადგან სიღარიბიდან იყო წამოსული, სრულიად უპოვარი ოჯახიდან. რცხვენოდა, როდესაც ანკეტის შევსებისას დედის სამუშაო ადგილად ხელზე მოსამსახურეს უთითებდა. მოგვიანებით წერს, მერე, რაღაცები რომ გავაცნობიერე, უკვე იმ სირცხვილის მრცხვენოდაო.
ერთი სიტყვით, მოვკიდე ხელი, წავიკითხე და თითქოს რაღაც განათდა. რამდენი რამ წამიკითხავს მანამდე, მაგრამ ასეთი არაფერი. დოსტოევსკის აქვს ასეთი ფრაზა: “სტავროგინი თუ ფიქრობდა რომ სწამდა, ეგონა, რომ არ სწამდა. თუ სტავროგინი ფიქრობდა, რომ არ სწამდა, ეგონა, რომ სწამდა.” გენიალური სიტყვებია. თითქოს ჩახლართული, მაგრამ უცებ ხვდები, რომ ეს არის ბრძოლა “ჰოს” და “არას” შორის, რაც ასე მძაფრადაა კამიუსთან. დოსტოევსკი მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალი იყო. სამუშაო კაბინეტში ორი სურათი ეკიდა – დოსტოევსკის და ტოლსტოის. არცერთი ფრანგი, მიუხედავად იმისა, რომ ჰყავდა თავისი კერპები: პასკალი, სტენდალი, ფლობერი… ბრძოლა “ჰოსა” და “არას” შორის ტანჯავდა კამიუს. ეჭვებით იყო სავსე. ნობელის პრემია რომ მიიღო, თქვა – მე ახლა ვდგავარ თქვენ წინაშე ეჭვებით მდიდარი ახალგაზრდა კაციო. ერთ-ერთი ახალგაზრდა ნობელიანტი იყო ისტორიაში. XX საუკუნემ კამიუს ნობელის პრემია მიანიჭა (ამაზე დიდი აღიარება მაშინ არ არსებობდა), XXI საუკუნემ კი უმაღლესი წოდება – ჩვენი უმნიშვნელოვანესი თანამედროვე.
კამიუ და XXI საუკუნე
XXI საუკუნე სვამს კითხვას – აქტუალურია თუ არა კამიუ? მე ვამბობ: არ არის აქტუალური. აქტუალური შეიძლება იყო რაღაც დროით, კამიუ კი მარადიულია. კამიუ საჭიროა და რაც ხანი გავა, მით უფრო საჭირო იქნება. ეს ის კაცია, რომელიც საუკუნეში ერთხელ იბადება. ღმერთმა ქნას, XXI საუკუნემ თავისი კამიუ შვას. არის კიდევ დრო, მაგრამ თუ არ დაიბადება, არც ეგაა პრობლემა – კამიუ კიდევ ბევრ საუკუნეს ეყოფა.
ახალი თაობა მოვიდა, ახალი ეპოქა, ახალი რეალობა, მაგრამ რაღაც მომენტში ირკვევა, რომ ეს ყველაფერი უკვე იყო, უბრალოდ, დაგვავიწყდა. მილენიუმის ამ ახალ კითხვებს და გამოწვევებს ძველი პასუხები აქვს და ამ პასუხებს შექსპირი, დანტე, რუსთაველი ჰქვია.
საუკუნეები გადის, ბევრი რამ იცვლება, მაგრამ არსებობს მუდმივი კონსტანტა, რომელიც უცვლელია. ღირებულებები, რომლებიც შეიძლება დავივიწყოთ, მაგრამ თავად შეგვახსენებენ თავს, როცა საჭიროა. წმინდა ადამიანური ღირებულებები – სიყვარული, სითბო, მიმტევებლობა, მადლიერება. სწორედ მათზე ლაპარაკობს კამიუ.
წერის ნულოვანი დონე
“უცხო” 1942 წელს დაიბეჭდა და მას შემდეგ თავისი ფორმითა და შინაარსით მკითხველისთვის მარადიულ ენიგმად რჩება. საიდან მოვიდა ეს უცნაური სტილი, თხრობის მანერა, დროის ფორმა (Passé composé – რთული წარსული დრო), რომელსაც მხატვრულ ნაწარმოებში არავინ იყენებდა? დაჩეხილი ფრაზები, რომლებიც ლოგიკურად არ გრძელდება, უბრალოდ მეზობლობს ერთმანეთთან. არანაირი კავშირები. მერსოს ცხოვრებაც ხომ ასეთია – ფრაგმენტული. ფოტოგრაფს ჰგავს, რომელიც მოდის, იღებს სცენებს, ამჟღავნებს და მიჯრით ალაგებს. კოლაჟის გაკეთებასაც კი არ ცდილობს. უცნაური ადამიანია: არ ეძებს კავშირებს, არ სვამს კითხვებს, თითქოს არც ფიქრობს. ინდიფერენტიზმი, გულგრილობა, არავითარი რეაქცია. ამებასავითაა. მერსოს არსებობა არსებობის ნულოვანი წერტილია, რომლის გადმოსაცემად წერის ნულოვანი ხარისხია (ან დონე) საჭირო. ასე უწოდა როლან ბარტმა კამიუს თხრობის მანერას, რომლითაც “უცხოა” დაწერილი. სწორედ ასეთი სტილი იყო საჭირო მერსოს ავანტიურის გადმოსაცემად, მისი სულიერი მდგომარეობის საჩვენებლად – ნეიტრალური, ინერტული, თუმცა დასასრულისკენ სურათი იცვლება – მის მსჯელობაში შეფასებები ჩნდება. ეს უკვე ნულოვანი დონე აღარ არის.
მეორე ნაწილში ჩნდება პათოსიც. აღმატებულ ტონალობაში ლაპარაკობენ ადამიანები, რომელნიც მერსოს ეწინააღმდეგებიან და მისი მოკვლა სურთ. სხვათა შორის, როცა წავიკითხე, გამახსენდა ჟულიენ სორელის სასამართლო პროცესი სტენდალის “წითელი და შავიდან”: “ბრალმდებელმა უხეირო ფრანგულით მაღალფარდოვანი სიტყვა წარმოთქვა ჩადენილი დანაშაულის ბარბაროსობაზე” – წერს ავტორი. იგივე ხდება მერსოს პროცესზეც. კამიუს ადგილზე მეორე ნაწილს ამ სიტყვებს წავუმძღვარებდი. ჟულიენ სორელი მერსოს ერთგვარი წინამორბედია. ის ჯერ ლიტერატურაში გაჩნდა, შემდეგ საზოგადოებაში გადაინაცვლა. ლიტერატურამ გაუსწრო რეალობას. მის მსგავსად, ბალზაკმაც ჯერ “ადამიანურ კომედიაში” შექმნა საზოგადოების სახე და მერე დაემსგავსა მას საზოგადოება. სწორედ ამაშია დიდ მწერალთა სიდიადე. ისინი ერთგვარი წინასწარმეტყველნი არიან.
კამიუ და სარტრი
კამიუსა და სარტრის დაპირისპირება დღესაც რჩება საზოგადოების განხილვის თემად. რა მოხდა? – დღესაც სვამენ კითხვას ფრანგები – რატომ შეიცვალა მეგობრობა მტრობით? მათი ურთიერთობა ორი მეცნიერის, შემოქმედის, მოაზროვნის კამათს გასცდა და პიროვნულ შეურაცხყოფამდე დავიდა. რასაკვირველია, სარტრის მხრიდან, კამიუ ამას არ გააკეთებდა. ეს იყო გააფთრებული ბრძოლა, სადაც კამიუ თავს იცავდა. სარტრმა ჯერ თავისი მოსწავლე, ფრანსის ჟანსონი მიუქსია, რომელმაც კამიუს “ამბოხებული ადამიანს” ჟურნალ “ლე ტან მოდერნში” კრიტიკული წერილი მიუძღვნა, მერე თავადაც შეუტია. ეუბნებოდა, რომ ის არ იყო ფილოსოფოსი, მარქსისტული პოზიციებიდანაც ებრძოდა. ერთი სიტყვით, მრავალმხრივი პოლიტიკურ-იდეოლოგიური შეტევა განახორციელა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, ამ ამბავში ქალის ხელიც, უფრო ზუსტად, სიტყვაც ურევია. აქ კიდევ ერთხელ გავიხსენებ ერთ ფრანგულ ფრთიან გამოთქმას – Cherchez la femme (ეძიე ქალი). აი, მიზეზი.
სარტრის ცოლი ხომ სიმონ დე ბოვუარი გახლდათ. წყვილი უცნაური ცხოვრებით ცხოვრობდა. იდეური პლატფორმა ერთიანი ჰქონდათ, თუმცა პირად ურთიერთობებში ერთმანეთს სრულ თავისუფლებას აძლევდნენ. ერთ-ერთ წვეულებაზე სიმონ დე ბოვუარმა კამიუს საკუთარი თავი შესთავაზა და საწოლში მიიხმო. კამიუმ უთხრა: მადამ, ქალებს მე თვითონ ვირჩევო, ზურგი შეაქცია და წავიდა. სიმონმა იქვე შესჩივლა სარტრს და ორივე ძალზე შეურაცხყოფილი დარჩა. ამას გარდა, სარტრი კამიუს ერთ-ერთი საყვარელი ქალის, ვერა ზიმინას წართმევის მცდელობაში ადანაშაულებდა, ქალისა, რომელიც სარტრის ნაკარნახევ წერილებს რუსულად თარგმნიდა და მოსკოვში, ლუბლიანკაზე, КГБ-ში აგზავნიდა. აი, ასეთი კაცი ებრძოდა კამიუს. ეს იყო გაურკვეველი შუღლი, რომლის გამოც ორივე მხარე წაგებული დარჩა, თუმცა ის მეთოდი და ფორმა, რასაც სარტრი მიმართავდა, მორალისა და ეთიკის არანაირ ჩარჩოში არ ჯდებოდა. მიუხედავად ამისა, სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ კამიუს “უცხოს” ჩემთვის ყველაზე ღრმა და მნიშვნელოვანი ფილოსოფიურ-ლიტერატურული ანალიზი სწორედ ჟან-პოლ სარტრის კალამს ეკუთვნის (ჟან-პოლ სარტრი: “უცხოს” ახსნა (Explication de L’Etranger)).
solitaire თუ solidaire ?
კამიუს ნოველის გმირი, მხატვარი იონა (“იონა, ანუ ხელოვანი მუშაობისას”) თეთრ ტილოზე წერს ერთადერთ სიტყვას, რომლის სწორად წაკითხვა ერთი ასოს გამო ვერავინ შეძლო. ვერავინ გაიგო, რა სიტყვა ეწერა: solitaire თუ solidaire. ამ უცნაური ოქსიუმორონით კამიუ სიღრმისეულ შინაგან კონფლიქტს მიანიშნებს. კამიუ მაშინაც სოლიდარული იყო, როდესაც ახალგაზრდა ჟურნალისტი მგზნებარე წერილებს წერდა, იცავდა რა ესპანელ რესპუბლიკელებს თუ კოლონიური სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ არაბებს. იმ დროს საკუთარი სოლიდარული პოზიციის დასახასიათებლად მიმართავდა სიტყვას fraternité (ძმობა), რომელსაც უპირისპირებდა სიტყვებს: haine (სიძულვილი), mensonge (სიცრუე) და silence (დუმილი). მოგვიანებით კამიუ იტყვის: “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანები არ არიან მარტონი და რომ არსებობის მტრული პირობების პირისპირ მათი სოლიდარობა ტოტალურ შინაარსს და სახეს იღებს. სამართლიანია და თავისუფალია ყოველივე ქმედება, რომელიც სოლიდარობას ემყარება და ადამიანური ღირებულებებისა და ფასეულობების შენარჩუნება-განმტკიცებას ემსახურება.” ვისაც სურს, ბოლომდე გაიაზროს “სოლიდარობის” აზრი და მნიშვნელობა, მან კიდევ ერთხელ ყურადღებით უნდა გადაიკითხოთ კამიუს რომანი “შავი ჭირი”, რომელიც სოლიდარობის კამიუსეული კონცეფციის თვალსაჩინო მაგალითია.
და ისევ ამონარიდი კამიუს ერთ-ერთი ინტერვიუდან: “იყო დრო, როდესაც მწერალი რომის კოლიზეუმის ასპარეზზე გლადიატორისა და ლომის ორთაბრძოლას ყველაზე მაღალი ქანდარიდან გულგრილად ადევნებდა თვალს და იმ დროს, როდესაც სარბიელზე ადამიანის ყოფნა-არყოფნის ბედი წყდებოდა, გლადიატორის გმირულ შემართებას და ვაჟკაცობას ხოტბას ასხამდა. დღეს დრო შეიცვალა. მწერალი ქანდარიდან უნდა ჩამოვიდეს და მოედანზე მსხვერპლის (გლადიატორი) ან ჯალათის (ლომი) მხარეს დადგეს” – ამბობს ის. მისი აზრით, მწერალმა არჩევანი უნდა გააკეთოს და ეს არჩევანი (სარტრის ენით რომ ვთქვა – “ანგაჟირება”) ყოველი პატიოსანი ხელოვანისთვის ადამიანის სიცოცხლისა და, მასთან ერთად, მისი ღირსების დაცვასაც ისახავდეს მიზნად. სწორედ ამას გულისხმობს, როდესაც ადამიანურ სოლიდარობაზე საუბრობს. ავტორი მარტოა შემოქმედების პროცესში და დიადი ნაწარმოებები მდუმარებასა და სიმარტოვეში იქმნება, მაგრამ ამ პროცესის შედეგი – წიგნი – ყველას საკუთრება ხდება. მწერალიც თავისი შემოქმედებით საკუთარი სუბიექტურობის საზღვრებს გადალახავს და ადამიანთა თანაარსებობის, ინტერსუბიექტურობის, ანუ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი ხდება. სპილოს ძვლის კოშკში გამოკეტვა, მხოლოდ ამაღლებულსა და მშვენიერზე ფიქრი და წერა შეუძლებელია. ასე იყო ფლობერის ეპოქაში, ასე იყო კამიუს დროს და ასეა დღეს. გალაკტიონი ამბობდა: “დავდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია და სისხლიანი დგას ანგელოსი”. დიახ, ანგელოზის გვერდით, დემონების წინააღმდეგ – ასე ესმის კამიუსაც ადამიანთა სოლიდარობა და სწორედ ასე შეიძლება დაფუძნდეს ადამიანთა მიწაზე ადამიანთა ღირსეული თანაარსებობა.
ცხოვრება აბსურდია
აბსურდი მნიშვნელოვანი ცნებაა კამიუს შემოქმედებაში. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი “სიზიფოსის მითია.” მთელ ამ ვეებერთელა თეორიულ ტრაქტატს საფუძვლად უდევს კითხვა – ღირს თუ არა ცხოვრება იმად, რომ იცხოვრო? ეს კითხვა ძველია. ამასვე ამბობს შექსპირი თავისი “ყოფნა-არყოფნით”. ჰამლეტი იქვე პასუხობს: “ყოფნა” და მთავარი არჩევანი გაკეთებულია. კამიუც ამბობს – “ყოფნა”, თუმცა ბიბლიასთან არ მიდის და არ ხსნის საკუთარ გადაწყვეტილებას მთავარი მცნებებით – არა კაც კლა და არა თავი კლა. რადგან ამქვეყნად მოხვედი, უნდა იცხოვრო – მიიჩნევს ის, მაგრამ როგორ? ეს უფრო მნიშვნელოვანი შეკითხვაა – ფიქრი უნდა. კამიუს მთელი მსჯელობა აქედან იწყება: ღირს კი ცხოვრება იმად, რომ იცხოვრო?! ცხოვრება ფორმაა, რომელსაც შინაარსით ადამიანი ავსებს. აქ უკვე იწყება მეორე – ამბოხის ეტაპი, როცა უნდა მონახო ის, რაც აბსურდს დაგაძლევინებს. და ისევ სიზიფოსი, რომელსაც ხელახლა ააქვს მთის წვერზე მრავალჯერ დაგორებული ლოდი, მაინც იცინის და ბედნიერია, რომ არ ნებდება. მისი ყოველი ნაბიჯი, მწვერვალისკენ გადადგმული, თავისთავად ერთი მცირე, მაგრამ გამარჯვებაა. თუმცა მთავარი ის არის, რომ საბოლოო გამარჯვება შეუძლებელია. სიზიფოსის გამარჯვება ისაა, რომ არ დაემონა ღმერთების ნებას და ლოდთან ჭიდილი საკუთარი ღირსების გაცხადებად აქცია. სარტრი წერდა, ყოველი ადამიანური წამოწყება განწირულია მარცხისთვისო. ცხოვრება მარცხია, რადგან ბოლოში სიკვდილია, მაგრამ სიზიფოსის შემართება, ბედის არშეპუება მისი და თითოეული ადამიანის ღირსების საქმეა. ეს ანტიკურობიდან მოდის, რომელიც კამიუს ძალიან უყვარდა და ბოლომდე გაიტანა. ცხოვრება აბსურდია, მაგრამ ცხოვრობ, მიდიხარ. შეიძლება შენ არ გჭირდება ქაღალდის მიტანა კონკრეტულ ადრესატამდე, მაგრამ როგორც სენტ-ეგზიუპერი ამბობდა, მნიშვნელობა არა აქვს, წერილში რა წერია. რადგან ფოსტალიონი ხარ, შენი ვალია ეს წერილი ერთი ადგილიდან მეორეზე მიიტანო. შენ განდეს ის, ამიტომ უნდა დაძლიო ყველაფერი და გაამართლო შენი, როგორც ადამიანის მისია. სიზიფოსი თავისი სიმტკიცით ამას გვეუბნება – იყავით მტკიცენი!
სიზიფოსი ერთია, მაგრამ შეიძლება ხვალ სადღაც მეორე სიზიფოსი გამოჩნდეს, მერე, მესამე, მეოთხე და ისე მოხდეს, რომ ერთმანეთს მხარში ამოუდგნენ და მიზნის მისაღწევად გაერთიანდნენ. “დააფუძნეთ ახალი საზოგადოება და საძირკველში ჩადეთ სიკეთე, სიყვარული, ძმობა და ზედნაშენი კეთილი გამოვა” – ამბობდა კამიუ. ეს არის სიზიფოსის გაკვეთილი და კამიუს გაკვეთილიც.
P.S. ამის შემდეგ კამიუს მესამე ეტაპი უნდა დაეწყო და დაიწყო რომანის – “პირველი ადამიანი” წერა, რომელიც ვერ დაამთავრა. ტრიპტიქის სახით თუ წარმოვიდგენთ, პირველი კარედი არის აბსურდი, მეორე – ამბოხი და მესამე – სიყვარული. აი, აქამდე უნდა მისულიყო კამიუ და წრე შეეკრა, მაგრამ არ დასცალდა. მოხდა ის, რაც მოხდა.
P.P.S. სიზიფოსი მთის მწვერვალზე დგას, უყურებს ლოდს, რომელიც ქვემოთ, უფსკრულში მიგორავს და სახეზე ბედნიერების ღიმილი ეფინება. ღიმილი ადამიანისა, რომელმაც ირწმუნა, რომ საკუთარი მცდელობით “აღასრულა მან ვალი თვისი…”
ნატა სოფრომაძის ფოტო
© “არილი”