პროზა

კახა ბარამიძე – კინო

მთელი საღამო წერილის წერას მოვანდომე. ბოლოს მაინც საზიზღარი შეგრძნება დამრჩა.
ლენას ვუცადე, ვუცადე და რომ აღარ მოვიდა, დასაძინებლად დავეგდე. იმის თქმა მინდა, რომ ძალიან დაიგვიანა: უკვე ჩაძინებას ვიწყებდი, რომ მოვიდა, ამიტომ წერილზე აღარაფერი ვუთხარი.
დილით ვეუბნები – შენი ამერიკელისათვის წერილი დავწერე და მინდა, რომ წაუღო და უთარგმნო-მეთქი.
მირჩია, ნუ ჩავარდები ასე ღრმად მარაზმშიო.
მე თვითონაც ვიცი, რომ სისულელეა. ვეუბნები – წერილის წერა შეიძლება სისულელეა, მაგრამ ყველა შანსის გამოყენება მინდა, ეს ამერიკელიც ჩემი შანსია, რადგან ბევრ პროდიუსერს იცნობს და თუ მოინდომებს, შეუძლია ჩემით ვინმე დააინტერესოს-მეთქი.
წერილის წერას გირჩევნია ფილმები აჩვენო – თუ მოეწონება, ყველაფერს გააკეთებს შენთვის, არადა წერილით მაინც ვერაფერს დაუმტკიცებო.
შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, ამ შემთხვევაში წერილის მიცემა ჯობია-მეთქი.
რატომო, მეკითხება.
იმიტომ, რომ მხოლოდ ათწუთიანი და ოცწუთიანი ორი ფილმით ბოლომდე ვერ მიხვდება, ვისთან აქვს საქმე, თანაც, რომ არ მოეწონოს? ამ წერილით კი უფრო მეტი შანსი მაქვს, რომ დახმარება მოინდომოს.
– მაშინ მიდი და შენ თვითონ ელაპარაკე.
– როგორ უნდა ველაპარაკო ჩემი ინგლისურით? უნდა დავდგე და ვიბლუკუნო რაღაც სისულელეები…
– მე მოგეხმარები.
– არა, ლენა, უმჯობესია წერილი წაიღო და სიტყვა-სიტყვით უთარგმნო. რამე დაგიშავდება? ამ წერილში ყველაფერი ნათლად ჩამოვაყალიბე – ვინა ვარ, რა მინდა…
მითხრა, რომ არ წაიღებს არავითარ წერილს, რადგან მიაჩნია, რომ ეს ძალიან დამამცირებელია და თუ მე თვითონ ვერ ვხვდები ამას, მით უარესი ჩემთვის.
ძალიან, ძალიან გავბრაზდი. კედლისაკენ გადავბრუნდი. ჰეი, თქვენ, არაგველებო! გაუმაძღარნო ომითა! თუ წერილს არ წაიღებ, ავდგები და თბილისში დავბრუნდები. თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. მგონი, წერილი აიღო. ალბათ კითხულობს. გაუმაძღარი არაგველების უდრეკი მუხლები. უდრეკი არაგველების გაუმაძღარი მუხლები…
ხანგრძლივი დუმილის შემდეგ აი რას მეუბნება: “სამგვერდიან ტექსტში მრავალწერტილი, ბრჭყალები და ფრთხილები სულ ცოტა ოთხმოცჯერ გაქვს გამოყენებული. მე მესმის, რომ ძალიან გიზიდავს ეს სიმპათიური ნიშნები, მაგრამ არ გეჩვენება, რომ მათი წამდაუწუმ ხმარება ლიტერატურული უმწეობის ნიშანია?”

* * *
ვწევარ. ფანჯრისაკენ ვიყურები. რეაქტიულმა თვითმფრინავმა მოსკოვის ცას ნაგლეჯი ჩამოაჭრა. დიდი ხანი არ გასულა, რაც ლენამ კარი გაიხურა. ჯერ არ ვიცი, წაიღო თუ არა წერილი. თუ არ წაიღო, ისღა დამრჩენია, ავდგე და თბილისში დავბრუნდე.
როგორც იქნა, ავდექი თვალცრემლიანი. ვნახე, რომ წერილი არ წაუღია. დაწვრილებით აღარ მოვყვები, კედლებს თავი როგორ ვურტყი და როგორ გავვარდი ქუჩაში.
მთელი ფული, რაც შინ ვიპოვე, პირწმინდად დავხარჯე. სიამოვნებით ჩამოვთვლი, რა ვიყიდე: შვედური კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა “სიგნალის” ინგლისური ჩამოსხმა, შავი ფეხსაცმელი, შავი საგზაო ჩანთა, შავი წინდები, სტრინდბერგის ორტომეული… მგონი, სულ ეს არის. შინ დავბრუნდი, ორი ჩანთა გავავსე ჩემი ტანსაცმლითა და ნივთებით, წარუმატებლად შევეცადე სტრინდბერგის კითხვას, ცოტა ხანს ოთახში უაზროდ ვიწრიალე და სამზარეულოში გავედი. მაცივარში ნახევარი ბოთლი არაყი ვიპოვე. ვიფიქრე, ლენას მოვუცდი-მეთქი, მაგრამ მაგიდასთან ჩამეძინა.

* * *
სიტუაცია ასეთია: მე საწოლზე გაუხდელად ვარ წამოწოლილი, ჭერს ვუყურებ. ლენა კარს აღებს, ოთახში შემოდის, თვალის ერთი შევლებით აფასებს ჩემს განწყობილებას, ამჩნევს ჩანთებს, სწრაფი ნაბიჯით უახლოვდება კარადას, ფეხის უხეში მოძრაობით ჩანთებს გვერდზე აჩოჩებს, კარადის კარს აღებს და ტანსაცმელში ქექვას იწყებს. ამ დროს მე დეგენერატივით ვატყობინებ, რომ მთელი ფული დავხარჯე. ვიყიდე ახალი ფეხსაცმელი, ახალი ჩანთა, წიგნები და კიდევ რაღაც წვრილმანები. მოკლედ, მთელი ფული დავხარჯე.
– რა ფულზეა ლაპარაკი?
– ლაპარაკია ფულზე, რომელიც კარადაში გქონდა შენახული.
– შენ გინდა თქვა, რომ ბინის ქირისათვის გადადებული ფული დახარჯე?
ვდგები, სამზარეულოში გავდივარ, ფანჯარასთან სიგარეტს ვეწევი, შემდეგ კვლავ ოთახში ვბრუნდები. ლენა ოთახში აღარ არის.

* * *
დილაა. საშინელი გრძნობით მეღვიძება. ლოგინში ვწევარ, ვუყურებ ჩემ გვერდით ცარიელ საწოლს და ვტირივარ. მერე ვდგები, სამზარეულოში გავდივარ. შვიდი საათი ხდება. რვის ნახევრამდე ფანჯრიდან ვიყურები. ვრეკავ ლენას მშობლებთან. დილა მშვიდობისა, ლენა თქვენთანაა? ხომ არ იცით, სად არის? არ დაურეკია? და ა.შ.
ქუჩაში ყველაფერი კაშკაშებს.

* * *
თბილისში დაბრუნებისთანავე სახლის დალაგებას ვიწყებ. სარდაფში ქექვისას თექვსმეტმილიმეტრიანი ფირის კოლოფს ვპოულობ წარწერით: “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”. არ მიკვირს – ვიცოდი, რომ მამაჩემი სადღაც ძველ ფილმებს ინახავდა. მიკვირს მხოლოდ ერთი კოლოფის აღმოჩენა. კოლოფი სახლში ამაქვს და ვხსნი. შიგნით სამას მეტრამდე ფირი მხვდება შავ ცელოფანში საგულდაგულოდ შეფუთული. ცხადია, მთელი ფილმი ვერ მოთავსდებოდა ამ ერთ კოლოფში. ძალიან მაინტერესებს, ფილმის რომელ ნაწილს ინახავდა მამაჩემი, მაგრამ მენანება ფირის გამოღება. თანაც მეშინია, გამოსახულების ძებნაში მთელი რგოლი არ დამეშალოს – მერე რაღა დაახვევს! ფირს კოლოფში ვაბრუნებ. უახლოეს დღეებში სადმე ეკრანზე ვნახავ.

* * *
მახსენდება კინომექანიკოსების სახელოსნო (თუ რაღაც ამგვარი) კინო “ოქტომბერთან”. ადრე იქ თექვსმეტმილიმეტრიანი ფილმების სპროექციო აპარატი ედგათ – ბავშვობაში მამაჩემს ხშირად დავყავდი ფილმების სანახავად. საინტერესოა, კიდევ არსებობს? ვიღებ ჩემ კოლოფს და მივდივარ. ჩემდა გასაკვირად, სახელოსნო ადგილზე მხვდება. თანაც ღიაა. მილიონიან ქალაქში ორად ორი კინოთეატრია, სახელოსნო კი მუშაობს… კოჭლ კინომექანიკოსს ადვილად ვითანხმებ, რომ ფირი გაუშვას. ლუკა ჰქვია. ლუკას პატარა კინოდარბაზში შევყავარ, კარს ხურავს და თავის კაბინაში მიდის.
ვზივარ და ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდოდა ათასჯერ ნანახი ფილმის რომელიღაც ნაწილის სანახავად აქ მოთრევა, თუ გიჟი არა ვარ. ლუკას კაბინიდან აპარატის ჩართვის ხმა მესმის. დარბაზში შუქი ქრება. ამ მომენტს ვაღმერთებ. როცა დარბაზში შუქი ქრება და ეკრანზე გამოსახულების გამოჩენამდე კინოპროექტორის რახრახი ისმის – ფითრდება ამაო შიშით შეშლილი ოცნება, საგანთა უარით ნახაზი ღამე მარტოობის მტევნით დახურულ დარბაზში ეშვება, გამძაფრების წამწამების კანკალით მოეფინება ეკრანს საზღვარი, როგორც ცას ღვარი დამტვრეული სიფერადის შემოთეთრებით, მოდის, თითქოს სიცივეს ვარცხნის ღიმილით სივრცეთა უფსკრულების უგონო ორგია, სულ ადვილია რწმენა და დაჯერება იმის – არის ვარდების ფენა, ფენა მთვარეულ წვიმის, მოვა ახალი სმენა ქარიშხლების მძაფრის, სულ ადვილია რწმენა აუხდენელი ზღაპრის.(1)

* * *
ეკრანზე გამოსახულება ჩნდება: ისეთივე კინოდარბაზი, როგორშიც მე ვზივარ. ცარიელი, თეთრი ეკრანითა და ხის სკამების რამდენიმე რიგით. შემოსასვლელი იქაც მარჯვნიდანაა. “ეკრანის დარბაზში” კარი გაიღება და სათვალიანი მამაკაცი შემოდის. მსახიობს არ ვიცნობ. კარს დახურავს, მეოთხე რიგის შუაში დაჯდება. სასაცილოა, მეც მეოთხე რიგის შუაში ვზივარ. ისმის კინოპროექტორის ჩართვის ხმა, დარბაზში შუქი ჩაქრება, ეკრანზე გამოსახულება გამოჩნდება: ისევ ცარიელი კინოდარბაზი, თეთრი ეკრანი, ხის სკამების რამდენიმე რიგი, შემოსასვლელი მარჯვნიდან. ეს უკვე მომწონს. იქაც გაიღება კარი და გრძელთმიანი მამაკაცი შემოდის. არც ამ მსახიობს ვიცნობ. კარს დახურავს, მეოთხე რიგის შუაში დაჯდება. შუქი ჩაქრება, კინოპროექტორი ჩაირთვება, ეკრანზე გამოსახულება გამოჩნდება: რა თქმა უნდა, ისევ კინოდარბაზი და სხვა დანარჩენიც ზუსტად ისევე, როგორც აქამდე. მხოლოდ პერსონაჟია ახალი – ამჯერად ქალი. აღფრთოვანებული ვარ. სად იშოვა მამაჩემმა ეს ფირი? შემდეგ “ჯერზე” შავკანიანი მამაკაცი შემოდის, შემდეგ კი უკვე ყველაფერი გfÖრკვევლად ჩანს (თუმცა მაინც შეიძლება გარჩევა, რომ კვლავ იგივე მეორდება). ძალიან მაინტერესებს, რა მოხდება ამის შემდეგ. მთავარია არ გაფუჭდეს, რაც აქამდე იყო. აქამდე ყველაფერი კარგი იყო. ისიც, რომ პარანოიდულად მეორდება ერთი და იგივე. ისიც, რომ თითო დარბაზში თითო მაყურებელია. ისიც, რომ ყველას ერთი მსახიობი არ თამაშობს. ისიც, რომ ყველა ერთსა და იმავე ადგილზე ჯდება… მეც იმავე ადგილზე დავჯექი. რატომ დავჯექი მაინცდამაინც მეოთხე რიგის შუაში? არ მინდა ვიფიქრო, რომ ბანალური ვარ. არადა მეფიქრება. დავჯექი და დავჯექი, ვნახოთ მერე რა მოხდება. როგორც ჩანს, “სხვებიც” ამას ელოდებიან. ჩემსავით. სხედან თავ-თავიანთ დარბაზებში და ელოდებიან, ახალი რა მოხდება, მაგრამ არაფერიც არ ხდება. ათი წუთი ალბათ უკვე გავიდა. ფირი ოცდათხუთმეტმილიმეტრიანი რომ ყოფილიყო, აქამდე უკვე გათავდებოდა. თექვსმეტმილიმეტრიანს, რამდენადაც ვიცი, ნახევარი საათი უნდა. სამასი მეტრის გაშვებას კი, მე მგონი, ნახევარ საათზე ნაკლები. კიდევ თხუთმეტი წუთი. ალბათ აღარაფერი მოხდება. ვიღაცამ წაიავანგარდისტა. შესაძლოა სამოცდაათიან წლებში.
ვზივარ და ვიხსენებ ყველა ავანგარდულ ფილმს, რაც კი მინახავს. ბლომად მოგროვდა. ჯერ მარტო არნემის ფესტივალზე ნანახი ასამდე გიჟი ფილმი რად ღირს! ვერც ერთს ვერ მოჰყვები. როგორ გინდა მოჰყვე, როგორ ეცემა და იმსხვრევა იატაკზე ბერძნული ლარნაკი ორი წუთის განმავლობაში (ფილმი ორწუთიანია და ჰქვია JENNY IN GREECE (2), ან როგორ ლოკავს ხუთი წუთის განმავლობაში შიშველი მუტრუკი გაპრიალებულ მოტორს და ბოლოს ზედ სპერმას როგორ დაანთხევს. მსხვილი პლანით. მე მგონი, ის დროა, ლუკას შევეხმიანო: “ბატონო ლუკა, ფილმი რატომ არ მთავრდება?” ვდგები, კართან მივდივარ. რკინის კარი დაკეტილია. გარედან. სანამ მოვიფიქრებ, რა ჯობია – დავაკაკუნო, დავაბრახუნო, დავიყვირო თუ ისევ დავჯდე და ფილმის დამთავრებას დაველოდო, – ეკრანზე რაღაც ახალი ხდება: სათვალიანი მამაკაცი დგება, კართან მიდის და გაღებას ცდილობს, მაგრამ კარი იქაც დაკეტილია. როგორც ჩანს, მისთვისაც მოულოდნელია ამის აღმოჩენა. დგას და ფიქრობს, რა ქნას. მეცინება სიტუაციაზე. ამასობაში მეორე ეკრანზეც იგივე მოქმედება მეორდება: გრძელთმიანი მამაკაცი კართან მიდის, ვერ აღებს, დგას და ფიქრობს, რა ქნას. იგივე მეორდება დანარჩენ ეკრანებზეც.

* * *
ასე და ამრიგად, მე და ჩემი გოგო-ბიჭები კინოდარბაზებში ჩაკეტილები აღმოვჩნდით. მე ჩემ დარბაზში, ისინი თავ-თავიანთ დარბაზებში. სამყაროსაგან იზოლირებულნი. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ვაბრახუნეთ კიდეც, ვიყვირეთ კიდეც და რა ვიცი, რა აღარ გავაკეთეთ, რომ ვინმეს დარბაზებიდან გამოვეშვით (ვცადეთ ფილმის პროექციის შეჩერება, ვცადეთ ვიწრო სარკმელში გაძრომა, რომელიც დარბაზს კინომექანიკოსის კაბინასთან აკავშირებს, ვცადეთ რკინის კარისთვის ცეცხლის მოკიდება, ღრიჭოებში კვამლისა და შარდის ნაკადის გაშვება…)… ყველაფერი უშედეგოდ. აღსანიშნავია, რომ ჩემი მანევრები თანამიმდევრობით იქნა გამეორებული დანარჩენების მიერ, მანევრირების მანერას კი არავინ იმეორებს. სიმულტანურ აბსურდთან სუქცესიური ბრძოლის სტილი ყველას თავისი აღმოაჩნდა: სათვალიანი მამაკაცი ბევრს ფიქრობს, ნელა მოძრაობს, ცოტას ყვირის; გრძელთმიანი მამაკაცი წამდაუწუმ პირჯვარს იწერს, ხშირად შარდავს; ქალი განუწყვეტლივ მოთქვამს, სიგარეტს სიგარეტზე ეწევა; შავკანიანი მამაკაცი ბევრს მოძრაობს, ბევრს ყვირის (მოვლენები, შეიძლება ითქვას, კონტრაპუნქტისებრ ვითარდება, თუმცა დაიწყო, როგორც ფუგა)…

* * *
კაფკასა და კობო აბეს კითხვის დროს ყოველთვის ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მაბრიყვებენ. ვიცოდი, ეს გრძნობა იმიტომ კი არ მაქვს, რომ პრიმიტიული ვარ (პრიმიტიული რომ ვარ, ვიცი), ესე იგი მჯერა, რომ “სინამდვილეში” ასეთი რამ არ ხდება. არა, ეს გრძნობა იმიტომ მაქვს, რომ მჯერა – ასეთი რამ მე არ შეიძლება დამემართოს. იოზეფ კ. და ნიკი ძიუმპეი ჩემში ზიზღს იწვევენ. უფრო სწორად, ზიზღნარევ თანაგრძნობას (ადრე მსგავს გრძნობას ალონსო კიხანო იწვევდა). ვერ ვიტყვი, რომ პასიურობით – ძალიან ბევრი გააკეთეს უბედურებისაგან თავის დასაღწევად, ან უმწეობით – ვინ არ იქნებოდა უმწეო ისეთი მეტაფიზიკური განსაცდელის წინაშე, როგორიც “პროცესშია”? არც ვიცი, რით, ალბათ მხოლოდ თავისი არსებობით…
წეღან ვთქვი – მჯერა, რომ ასეთი რამ მე არ შეიძლება დამემართოს-მეთქი. არ ვიყავი გულწრფელი. მთელი ცხოვრება იმის მეშინოდა, რომ მსგავსი რამ მეც დამემართებოდა. მეშინოდა, რომ აღმოვჩნდები ედგარ პოს ცოცხლად დამარხულთა სამარეში. ან ჩესტერტონის სარკეებიან კამერაში, ან ბორხესის ბაბილონის ბიბლიოთეკაში… აღმოვჩნდები კინოდარბაზში, საიდანაც თავს ვეღარ დავაღწევ. ვნახავ უსასრულო ფილმს, რომელშიც მხოლოდ ის იქნება ნაჩვენები, თუ როგორ უყურებს ასეთივე კინოდარბაზში მოხვედრილი ადამიანი უსასრულო ფილმს. ამ ფილმში კიდევ ერთი უსასრულო ფილმი იქნება ნაჩვენები იმავე შინაარსით, შემდეგ კიდევ ერთი და ასე უსასრულოდ (ასევე უსასრულოდ იმეორებენ სარკეები მათ შორის მოხვედრილი საგნის ანარეკლს (3).

* * *
არ ვიცი, რა დრო გავიდა “ფილმის” დაწყებიდან – ხუთი საათი? რვა საათი? თორმეტი საათი?.. მოულოდნელად ყველაზე შორეულ ეკრანზე გამოსახულება გარდაიქმნა: კინოდარბაზის ადგილი სწრაფად მონაცვლე კადრების რიგმა დაიკავა. ყოველი კადრი იმდენად მოკლეა, რომ შეუძლებელია გარჩევა – რა ხდება საერთოდ. მოკლე კადრების რიგი წაფენით გადმოინაცვლებს აქეთა ეკრანზე, წაფენით გადმოდის დანარჩენ ეკრანებზეც, – მოდის, თითქოს სიცივეს ვარცხნის ღიმილით სივრცეთა უფსკრულების უგონო ორგია, – ჩემ ეკრანამდე აღწევს და ჩერდება (ანუ უკან აღარ “ბრუნდება”). არ ჩერდება მხოლოდ ჰიპერკალეიდოსკოპური პროცესი – კადრების ცვლა ისეთი სისწრაფით, რომ თვალი ვერ ასწრებს შინაარსის აღქმას. ეს პროცესი ოცი-ოცდაათი წამის განმავლობაში უცვლელად მიმდინარეობს, შემდეგ კადრების ხანგრძლივობა თანდათან იზრდება და საშუალება მეძლევა დავინახო, რასთან მაქვს საქმე.
საქმე, ერთი შეხედვით, საყოველთაოდ ცნობილი ფილმებიდან უსისტემოდ ამოკრებილი ფრაგმენტების სტიქიურ ნაკადთან მაქვს, რომლის მეშვეობითაც ვიღაცას, შესაძლოა, სურს მაჩვენოს, თუ როგორი სცენები ახდენს ზეგავლენას კინემატოგრაფისტებზე… შესაძლოა “ნაკადი” სულაც არ არის სტიქიური და წარმოადგენს ერთგვარ “ღირსებათა შკალას”, რომლის მიხედვითაც “კლასიფიცირდება” საუკეთესო ფილმები ცისქვეშეთში (ალტრუისტული სურვილი – გაუადვილოს შთამომავლობას ძველ კინოხელოვნებაში ორიენტაცია)… შესაძლოა კოლაჟი კომუნიკაციის ეზოთერული ფორმაა “მოჯადოებულ კინოდარბაზსა” და მის მსხვერპლს შორის, ან ფსიქოანალურიზური თერაპიის ნაირსახეობა, ან სიურეალისტური აქტის REDUCTIO AD ABSURDUM…
აი ისიც (“ნაკადის” რამდენიმე “ზვირთი”): მოგზაურობა წყლით დაფარული იატაკის გასწვრივ ანდრეი ტარკოვსკის “სტალკერიდან”, ქათმის ცეკვა ვერნერ ჰერცოგის “სტროშეკიდან”, ქუჩის მუსიკოსები რომან პოლანსკის “ზიზღიდან”, ბუდისტი ბერის აუტოდაფე ინგმარ ბერგმანის “პერსონადან”, დაზიანებული ავტომობილებით სავსე გზა ჟან ლიუკ გოდარის “უიკ-ენდიდან”, ფანჯრის გისოსებს შორის გასვლა მიქელანჯელო ანტონიონის “პროფესია: რეპორტიორიდან”, სანდროს როკვა მარკო ბელოკიოს “მუშტები ჯიბიდან”, ორთქლმავალი სატიაჯიტ რეის “გზის სიმღერიდან”, სოდომია პიერ პაოლო პაზოლინის “სალო, ანუ სოდომის ას ოცი დღიდან”, კეინის სიკვდილი ორსონ უელსის “მოქალაქე კეინიდან”. ამ რიგს ჩემთვის სრულიად უცნობი ფილმების ნაწყვეტთა მოზრდილი კრებული ახლავს.
დაძაბული ყურადღებით ვადევნებ თვალს ყოველივეს და ნელ-ნელა ვხვდები, რომ ეკრანზე არა მარტო არსებული ფილმების ნაწყვეტების დემონსტრაცია ხდება, არამედ არარასებულისაც… ვუცქერი სცენებს, რომელთა შექმნაც თავად მსურს! დიახ, ეს თვისებაც აღმოაჩნდა კინოდარბაზს – ხორცი შეასხას “მსხვერპლის” ოცნებებს! როგორც ჩანს, იარომირ ხლადიკის ეგზეკუციის შემდეგ ღვთაებრივმა სტოპ-კადრმა მეტამორფოზული ნახტომი გააკეთა და ლუკას კინოდარბაზში ამოყო თავი… (4)
ამრიგად, მეგობრებო, თქვენი მონა-მორჩილი, ნევრასთენიკი და უიღბლო კინორეჟისორი, რომელმაც ცხოვრებაში ერთი დიდი ფილმიც ვერ გადაიღო, ათი-თორმეტი საათის განმავლობაში შემსწრე გახდა, როგორ განხორციელდა ყველა (ყველა!) მისი ჩანაფიქრი მაგიურ ეკრანზე, რის შემდეგაც მას, სრულიად გამოფიტულს, მაგრამ ბედნიერს მკვდარივით დაეძინა.

* * *
ვიღვიძებ. “ფილმი” ისევ გრძელდება: ეკრანზე ცარიელი კინოდარბაზი ჩანს, მისი ეკრანიც ცარიელია, კარი ღიაა… ჩემი კარისაკენ ვიყურები. დაკეტილია. ზეზე ვიჭრები, კართან მივრბივარ. ვცდილობ, გავაღო, მაგრამ ვერ ვახერხებ. იქვე ვცუცქდები. ვფიქრობ.
ღია კარი “ფილმში” იმას ნიშნავს, რომ პროტაგონისტმა გარეთ გაღწევა მოახერხა. თუმცა დანამდვილებით თქმა, რომ ის ამ დროს (გარეთ გაღწევისას) ცოცხალი იყო, შეუძლებელია. დავუშვათ, მან, დევტერაგონისტმა, ტრიტაგონისტმა, ტეტარტაგონისტმა და დანარჩენმა აგონისტებმაც თავს უშველეს. ვრჩები მხოლოდ მე. ტრავმირებული. მაგიურ კინოდარბაზში დამკვიდრებული ტოტალური ირაციონალიზმის წყალობით. აქ კლიმატიც ანტაგონისტურია…
ალბათ საჭიროა, კინოდარბაზი ვაიძულო, რომ მან კიდევ ერთ ჩემ ჩანაფიქრს შეასხას ხორცი თავის ზემგრძნობიარე ეკრანზე – კინოლაბირინთიდან გაქცევას გამოსახულების საშუალებით. საჭიროა, უბრალოდ, წარმოვიდგინო გაქცევა. წარმოვიდგინო, რომ შემიძლია კარის გაღება, დარბაზიდან გასვლა, შინ დაბრუნება, ფილმების გადაღება, ქვეყნიერების გადაკეთება, ლენას… ყველა წვრილმანი უნდა გავიაზრო, რაც ნებისმიერი მოქმედების შესრულებას სჭირდება. ეკრანი მხოლოდ მაშინ იძლევა რეაქციას, როცა ჩანაფიქრი დეტალურად არის დამუშავებული. ეკრანი არ თანაუგრძნობს დუალიზმს – თავი უნდა დავანებო სამყაროს საფუძვლის დანაწევრებას მატერიალურ და იდეალურ საწყისებად. წავშალო ზღვარი რეალურსა და ირეალურს შორის. ვცადო ლუკას კინოდარბაზის დავიწყება. ვიმოგზაურო ტრანსცენდენტური ნეგატივის არქილატენტურ სივრცეში. გემო გავუგო ამ მოგზაურობის იდუმალ ხიბლს. ვიპოვო აღთქმული ქვეყნის მისადგომები (არ ვიცი, რატომ გამიხდა ტონი ასეთი პათეტიკური)…

შენიშვნები:

1. მკითხველზე ეფექტის მოსახდენად გალაქტიონის პოეზიაა გამოყენებული. ეს ფაქტი თავად ავტორს არსად ტექსტში არ აღუნიშნავს. ამავე დროს, ავტორი უბრალო ალუზიის ფარგლებს გარეთ გადის და საკმაოდ შორსაც, ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია, ჩვენ მივუთითოთ პასაჟის კომპილაციურ ხასიათზე (რედაქტორის შენიშვნა).
2. “ჯენი საბერძნეთში”, ან “სართავი დაზგა საბერძნეთში”.
3. ეს შედარება უადგილოა, რადგან სარკეები საგნის ანარეკლს ერთდროულად “იმეორებენ”, ეკრანები გმირების მოქმედებას კი – დაგვიანებით. სარკესთან შედარება მართებული იქნებოდა, თუკი ასეთ განმარტებას დავაყოლებდით:
ა) ანარეკლი ბუნდოვანი ხდება ანარეკლის რამდენიმე ანარეკლის “იქით”, ისევე, როგორც ჩვენ შემთხვევაში ხდება გამოსახულება ბუნდოვანი მეხუთე ეკრანზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა იცის, “უსასრულოდ იმეორებენ” თუ არა გამოსახულებები ერთმანეთს (ისევე, როგორც სარკეები ანარეკლს).
ბ) სარკეები საგანს იმდენად “უსასრულოდ იმეორებენ”, რამდენად უსასრულოდაც თავად საგანი და სარკე შეიძლება არსებობდეს. ეს პირობითობა არსებობის უსასრულობისა, სამწუხაროდ, ვრცელდება მაყურებლის არსებობის უსასრულობაზეც ჩაკეტილ კინოდარბაზში (რედაქტორის შენიშვნა).
4. იხილე ხორხე ლუის ბორხესის “იდუმალი სასწაული”.
5. გვინდა ასეთი მოსაზრება გამოვთქვათ: თუ ავტორისა და მისი გმირის იდენტიფიკაციას შესაძლებლად მივიჩნევთ, ხოლო ამ დაშვებას განვავრცობთ, მაშინ არათუ ეს მოთხრობა, არამედ მთელი ლიტერატურა, ქუჩიდან შემოსული დამწვარი რეზინის სუნი ამ სიტყვების წერისას, ჩვენი უბადრუკი ცხოვრება და ალბათ თქვენი უბადრუკიც, მეგობრებო, – ყველაფერი ეს ავტორის ცნობიერების ნაყოფია (არ გვესმის მხოლოდ, ამ ღვთისნიერმა კაცმა რელიგიურ კონფლიქტებზე, სულმდაბლობის ეპიდემიაზე საქართველოში ან ჩვენ სარედაქციო კოლეგიაზე უკეთესი რატომ ვერაფერი შვა). თვითონ ავტორი კი ალბათ ახლაც ლუკას კინოდარბაზში ზის და სოლიფსისტური ზმანებებით ტკბება (რედაქტორის შენიშვნა).

© “არილი”
Facebook Comments Box