ინტერვიუ,  კრიტიკა,  პროზა

კითხვარი – თანამედროვე ქართული პროზა

romani dok 11 copy

პუბლიკაცია მოამზადა ნანა კობაიძემ

1. “არილის” გარეშე გავლილ რვა წელიწადში ქართულ პროზაში არაერთი სიახლე იყო: გამოჩნდნენ ახალი ავტორები, ძველებიდან ზოგი ისევ აქტიურად წერს, სხვებმა თავი დაანებეს ამ საქმეს. თქვენი აზრით, რა განსაზღვრავს პირადად თქვენთვის თანამედროვე ქართული პროზის სახეს და რა ძირითადი ნიშნებით შეგიძლიათ მისი დახასიათება?

2. თემები, ჟანრები, სტილისტიკა, ენობრივი ქსოვილი – რა ცვლილებები განიცადა თითოეულმა კომპონენტმა ახალ საუკუნეში? რომელი მათგანი განვითარდა მეტად, სად უკეთესი ვითარება გვაქვს და სად – “ჩავარდნები”?  

3. ოთარ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, ჯემალ ქარჩხაძე, ოთარ ჩხეიძე, რეზო ინანიშვილი, რეზო ჭეიშვილი… ამ ადამიანებმა გასული საუკუნის ბოლო ათწლეულების ლიტერატურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიტყვა თქვეს. ვინ ქმნის თანამედროვე ქართულ პროზას? ავტორები და ნაწარმოებები, რომელთაც, თქვენი აზრით, წლების შემდეგ XXI საუკუნის დასაწყისის ყველაზე მნიშვნელოვან ტექსტებად მოიხსენიებენ.

4. რა არის, თქვენი აზრით მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ ქართველი მწერლები მსოფლიო ასპარეზზე გავიდნენ და აქტიურად მიიღონ მონაწილეობა იმ პროცესში, რომელსაც თანამედროვე ლიტერატურა ჰქვია.

5. მკითხველისა და ავტორის ურთიერთდამოკიდებულება ყოველთვის იყო და რჩება ლიტერატურული სამყაროს ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა. ვინ ვის “ზრდის” და აყალიბებს – მკითხველი ავტორს თუ ავტორი მკითხველს? ეს ალბათ კიდევ დიდხანს იქნება დავის საგანი. ამ შემთხვევაში სასწორს მწერლის სასარგებლოდ “გადავხრი” და შეკითხვას ასე დავსვამ: რამდენად არის მზად მკითხველი მიიღოს მწერლის მხრიდან წამოსული ლიტერატურული პროვოკაციები ან გულახდილობა (გახსოვთ ალბათ, საზოგადოების მძაფრი რეაქცია რამდენიმე ავტორის თამამ ოპუსზე)? რატომაა, რომ ლიტერატურის აღქმა ძალიან ხშირად სრულიად სხვა ხედვის წერტილიდან ხდება, ზნეობრივიდან, რელიგიურიდან და ა.შ.

6. მასკულტურამ მნიშვნელოვანი დაღი დაასვა თანამედროვე პროზის განვითარებას მთელ მსოფლიოში. შედარებით იოლად აღსაქმელ ტექსტებზე შექმნილმა მოთხოვნამ ავტორები აიძულა კომერციულად მომგებიანი წიგნების წერაზე გადასულიყვნენ. რამდენად აისახა ეს ტენდენცია ქართველ მწერლებზე? იქნებ კონკრეტულ მაგალითებზეც ვისაუბროთ და ზოგადად, ტენდენციებზეც.

7. როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს თანამედროვე ქართული პროზის განვითარებას უახლესი ათწლეულის განმავლობაში. როგორი წარმოგიდგენიათ იგი ათი წლის შემდეგ?

ლევან ბრეგაძე, კრიტიკოსი

1. ჩემი აზრით, თანამედროვე ქართული პროზის სახეს “ნონფიქშენი” განსაზღვრავს. ვატყობ, ხშირად მომიწევს ამ ტერმინის გამოყენება, ამიტომ ახლავე ვიტყვი: ინგლისურმა “ფიქშენმა” (ქართულად: “შეთხზული”, “გამოგონილი”) წარმატებით ჩაანაცვლა ფრანგული წარმომავლობის “ბელეტრისტიკა” (ქართულად: “მხატვრული მწერლობა”, სიტყვასიტყვით – “ლამაზი წერილი/წერილობა”), ხოლო “ნონფიქშენი” “ფიქშენის” საპირისპირო ცნებაა, ანუ ქართულად მას “არაგამოგონილი”, “ნამდვილი”Dშეესაბამება. წარმატებული კი ეს ჩანაცვლება იმიტომ არის, რომ “ბელეტრისტიკა”, რაც, როგორც ვთქვით, “ლამაზ წერილს/წერილობას” ნიშნავს, იმ აზრს შთაგვაგონებს, თითქოს არაბელეტრისტული (ნამდვილი ამბების ამსახველი) ტექსტი არ შეიძლება “ლამაზი”, ანუ ესთეტიკური განსჯის საგანი, იყოს, რაც, ცხადია, ასე არ არის – მოსაწყენი ბელეტრისტული თხზულებაც ბევრი გვინახავს და უმშვენიერესი დოკუმენტური პროზაც. “ფიქშენი” და “ნონფიქშენი” კი ნეიტრალური ტერმინებია, ტექსტისადმი შემფასებლობითი დამოკიდებულების პრეტენზიას არ ამჟღავნებენ.

კარგა ხანია მთელ მსოფლიოში შეინიშნება ინტერესის გადანაცვლება ფიქშენიდან ნონფიქშენზე და ახლა ჩვენშიც ეს ხდება. ქართულ მწერლობას ლიტერატურის ამ დარგში ჩინებული ტრადიციები აქვს. ქართული ნონფიქშენი უბრწყინვალესი ჰაგიოგრაფიული მწერლობით იწყება. შემდეგ: სულხან-საბა ორბელიანის “მოგზაურობა ევროპაში”, აკაკი წერეთლის “ჩემი თავგადასავალი”, ალექსანდრე ყაზბეგის “ნამწყემსარის მოგონებანი”, რეზო ჭეიშვილის “მუსიკა ქარში”, აკაკი ბაქრაძის “მწერლობის მოთვინიერება”, ოთარ ჩხეიძის “ჩემი სავანე”, ვახტანგ ჯავახაძის “უცნობი”…

ბოლოდროინდელ ნონფიქშენთაგან რამდენიმე გავიხსენოთ: ნაირა გელაშვილის “სარკის ნატეხები” და მისივე “ჩვენი გრძელი ამბავი ანუ მცდელობა სარკის გამთელებისა”, ბესიკ ხარანაულის “ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისათვის”, ჯემალ ქირიას “მე, როსინანტი…”, როსტომ ჩხეიძის “აგვისტოს შვილები” და მისივე “კომიკოსი ტრაგედიაში”, დათო ტურაშვილის “ჯინსების თაობა”, გურამ დოჩანაშვილის “რაც უფრო მახსოვს და მეტად მაგონდება”, ლევან ბერძენიშვილის “წმინდა წყვდიადი”, გოგი გვახარიას “ცრემლიანი სათვალე”… არაჩვეულებრივი წიგნები! არ დაგვავიწყდეს გამომცემლობა “ინტელექტის” პოპულარული სერია “ჩანაწერები”, რომლითაც სწორედ ამ ყაიდის, ოღონდ მცირე მოცულობის, ტექსტთა შემცველი კრებულები გამოდის, გატაცებით საკითხავი.

3. პირველი კითხვის პასუხიდან თავისთავად გამომდინარეობს ამ კითხვის პასუხიც: თანამედროვე ქართულ პროზას ნონფიქშენის ავტორები ქმნიან.

4. მარტო ქართული მწერლობით მსოფლიოს დაინტერესება ძნელი საქმეა. უფრო შესაძლებელი მგონია მთელი ქართული კულტურით, მათ შორის ძველი და ახალი ხელოვნებითა და ლიტერატურით ყურადღების მიქცევა. ჩვენ მოგვეპოვება რაღაც ისეთი, რაც სხვებს არა აქვთ, არადა – სჭირდებათ. დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი თავსატეხი აღმოსავლურ და დასავლურ კულტურებს შორის არსებული ანტაგონიზმია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უმდიდრეს და უმრავალფეროვანეს ქართულ ხელოვნებას, მათ შორის ქართულ მწერლობასაც, ძველსაც და თანამედროვესაც, იმის გამო, რომ დასავლურ-აღმოსავლურ კულტურულ ღირებულებათა ორგანული შერწყმის მაგალითია (რასაც ჩვენ თვითონ იქნებ ყოველთვის ვერ ვგრძნობდეთ, მაგრამ უცხო კარგად ამჩნევს), შეუძლია თავისი უნიკალური წვლილი შეიტანოს ამ უმწვავესი პრობლემის მოგვარებაში. იტალიელი ქართველოლოგის, ლუიჯი მაგაროტოს აზრით, თანამედროვე გადასახედიდან საქართველო მოიაზრება როგორც “ხიდი ევროპულ და აზიურ ცივილიზაციებს შორის”. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა. ზემოაღნიშნული ანტაგონიზმის შესუსტების მიზნით ქართული არტეფაქტების ჩართვა გლობალურ კულტურულ პროცესებში სტიქიურად და ნელი ტემპით კარგა ხანია მიმდინარეობს, მაგრამ ეს უნდა კეთდებოდეს მიზანმიმართულად, ფართო მასშტაბით, თანამედროვე ტექნიკური მიღწევების, მეტადრე ინტერნეტის შესაძლებლობათა უკეთ გამოყენებით. ამისთვის ისიც ძალიან საჭიროა, რომ დღევანდელი ქართველი ღირსი იყოს იმ კულტურისა, რაც მის წინაპრებს შეუქმნია, ანუ – იცოდეს რისი პატრონია და მოუაროს ისე, როგორც ამას დღევანდელობა მოითხოვს.

5. ერთ თავის ნაშრომში, რომელიც რამდენიმე წლის წინ ვთარგმნე, რომან ინგარდენი ასეთ რამეს წერს: “რაც არ უნდა უცნაური ჩანდეს, ჩვეულებრივ, ხელოვნებისა და ესთეტიკის მიღმა მდგომი ეს ღირებულებები [მორალურ, პედაგოგიკურ, სოციალურ და ა. შ. ღირებულებებს გულისხმობს. – ლ. ბ.] მკითხველისა და თვით კრიტიკოსთა უპირველესი ყურადღების საგანია. ამას ძლიერ ურთიერთგანსხვავებული მიზეზები აქვს, რომლებსაც აქ ვერ განვიხილავთ. არცთუ უკანასკნელ როლს ამ დროს ის ერთობ მნიშვნელოვანი გარემოება თამაშობს, რომ, როგორც მკითხველები, ასევე ე. წ. კრიტიკოსები არასაკმარისად არიან აღზრდილნი საიმისოდ, რომ ხელოვნებასთან და ესთეტიკურ საგნებთან სათანადო მიმართება დაამყარონ. ისინი ესთეტიკური ღირებულებების სპეციფიკასა და ხელოვნების თავისებურებას ნათლად არ აცნობიერებენ და, დასაძლევი სირთულეების წინაშე მდგარნი, თავს იმით შველიან, რომ ხელოვნებას სხვა სფეროებში გაურბიან, სადაც თითქოსდა ღირებულებების შეცნობა და შეფასებაც არც ისე ძნელია. მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითი საშველია”.

ოღონდ ესეც სათქმელია: ესთეტიკური თვალსაზრისით რომ შეაფასო ტექსტი, მას ესთეტიკური ღირებულება უნდა ჰქონდეს!

თქვენ გვეკითხებით: “რამდენად არის მზად მკითხველი მიიღოს მწერლის მხრიდან წამოსული ლიტერატურული პროვოკაციები ან გულახდილობა (გახსოვთ ალბათ, საზოგადოების მძაფრი რეაქცია რამდენიმე ავტორის თამამ ოპუსზე)?”

“თამამ” მწერალს დალხინებული ცხოვრება არასოდეს ჰქონია და არც ექნება. პროვოკაციას მძაფრი რეაქციები აუცილებლად მოჰყვება. პრინციპში, პროვოკაცია გულისხმობს კიდეც მძაფრ რეაქციას. მთავარია დავიდარაბად ღირდეს, ანუ, პირადულს კი არა, საზოგადოებრივად მნიშვნელოვან მიზანს ისახავდეს. დღევანდელი ჩვენი ლიტერატურული თუ სხვა სახის პროვოკაციები ხშირად დავიდარაბად არ ღირს (“გზა არ ღირს დავიდარაბად, / ძალზე ხმაურობს პარტერი” – გალაკტიონი).

6. არა მგონია, ვინმეს ჩვენში ნებისმიერი ყაიდის მწერლობით ისეთი კომერციული მოგება ენახოს, რომ სალაპარაკოდ ღირდეს. მასკულტურის (როგორ ჰგავს ეს სიტყვა მაკულატურას!) საწინააღმდეგო კი რა უნდა მქონდეს, ის თავის დანიშნულებას ასრულებს. გავიმეორებ, რაც სხვაგან მაქვს ნათქვამი (დაწერილი): მასკულტურას ანუ კიჩს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ფუნქცია აკისრია: იგი ზრუნავს, რათა ფართო მასები, ის ადამიანები, რომელთა ესთეტიკური განვითარების დონე, მიზეზთა და მიზეზთა გამო, შედარებით დაბალია და ამიტომ უჭირთ ხელოვნების მაღალხარისხოვან ქმნილებებს ეზიარონ, არ დარჩნენ ხელოვნების გარეშე, ანუ, არ დარჩნენ კათარზისის (სულიერი განწმენდის, გნებავთ, სულიერი თერაპიის) გარეშე, რაც არ შეიძლება ვინმეს პრივილეგია იყოს.

7. ნონფიქშენი განაპირობებს.

ბაკურ სულაკაური, გამომცემელი

1. ბოლო 15 წლის განმავლობაში ლიტერატურულმა ლანდშაფტმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ყველაზე თვალშისაცემი მისი გაახალგაზრდავებაა. ჩვენს ყოველწლიურ გამოცემა “15 საუკეთესო ქართულ მოთხრობას” თუ გადავხედავთ, პირველ კრებულში წარმოდგენილთაგან ყველაზე ახალგაზრდა 35 წლისაა, წლევანდელ რჩეულში კი 30 წელზე უმცროსი ავტორები ჭარბობენ (უმეტესობა 25 წლამდეა). ისინი გაცილებით სწრაფად იმკვიდრებენ თავს, ვიდრე მათი კოლეგები 30-40 წლის წინ. იმ პერიოდში “მწერლის” სტატუსის მოსაპოვებლად დიდი დრო იყო საჭირო, უამრავი ფილტრი უნდა გაგევლო. წიგნის გამოცემა კიდევ უფრო მეტ სირთულეს უკავშირდებოდა. დღეს ეს პროცესი გამარტივდა, რაც ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებთან ერთად თანამედროვე ტექნოლოგიების შემოსვლამაც განაპირობა. მათი წყალობით მკითხველთან მისვლა ბევრად გაიოლდა.

ინტერნეტმა ბლოგერების ბუმი მოიტანა. ბლოგერი იგივე მწერალია, რომელიც თავისთვის წერს, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა მკითხველიც აღმოაჩნდეს. ბევრმა პროზაშიც სცადა ბედი, მათ შორის, ბლოგებზევე. ცოტა ხნის წინ გამოვეცით ანინა ტეფნაძის კრებული, რომლის დიდი ნაწილი ბლოგზე იდო. სხვათა შორის, გენდერული ბალანსის ცვლილება თანამედროვე ქართული პროზის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ბოლო წლებში საგრძნობლად იმატა მწერალ ქალთა რიცხვმა. კომუნისტების დროს პროზაიკოსი ქალი თითო-ოროლა იყო, პოეზიას უფრო სწყალობდნენ. დღეს კი პროზას ბევრი გოგონა ქმნის და არცთუ ურიგოდ.

2. მთავარი პრობლემა, რომელიც ქართულ ლიტერატურას 20 წლის წინ და უფრო ადრეც ჰქონდა, ჟანრული ლიტერატურის არქონაა. გინახავთ იმ პერიოდის კარგი ქართული დეტექტივი, სოციალური მისტიკა ან ფენტეზი? ვერ ნახავდით, რადგან არ არსებობდა. მიზეზი ჟანრული ავტორების მიმართ მკითხველისა და ლიტერატორთა არასერიოზული დამოკიდებულება იყო. დღესდღეობით დამოკიდებულება შეიცვალა. მკითხველის უმეტესობა (რომლის დიდი ნაწილი ახალგაზრდაა) მიხვდა, რომ ამ ტიპის ლიტერატურა ძალიანაც საინტერესოა და მთელ მსოფლიოში სიამოვნებით კითხულობენ. პირველი სერიოზული წიგნი, რომელმაც ქართულ სინამდვილეში დეტექტივის შესახებ წარმოდგენა შეცვალა, აკა მორჩილაძის “გადაფრენა მადათოვზე” იყო, რომანი დეტექტივის ელემენტებით. მან დაამტკიცა, რომ ტექსტის ხარისხს ავტორის ნიჭიერება განსაზღვრავს და არა ჟანრი.

საგრძნობლად შეიცვალა ენობრივი ქსოვილიც. საბჭოთა ეპოქაში ენობრივ საკითხებს სახელმწიფო არეგულირებდა, რის გამოც ქართული სამწერლო ენა ძალზე პურიტანული იყო: მაგალითად, იკრძალებოდა უხამსი სიტყვების გამოყენება, რომ არაფერი ვთქვათ ეროტიკული სცენების აღწერაზე. გარდა ამისა, არსებობდა ენობრივი კონსტრუქციები ან ორთოგრაფიული წესები, რომელთაც ვერ დაარღვევდი. ენობრივი ექსპერიმენტების შესაძლებლობა მხოლოდ სისტემის ნგრევისა და ჩაკეტილი სივრცის გახსნის შემდეგ გაჩნდა, რაც ძალიან კარგია, რადგან ენას, მათ შორის, სალიტერატუროს, სწორედ მწერლები ქმნიან და არა პირიქით. თავის დროზე სალიტერატურო ენა ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა და მათმა თანამოაზრეებმა შეცვალეს, თანამედროვე სალიტერატურო ენას კი თანამედროვე მწერლები ცვლიან. ეს არის ენა, რომელიც სამომავლოდ დამკვიდრდება იმის მიუხედავად, მოგვწონს თუ არა მასში მიმდინარე პროცესები,

თანამედროვე ქართული პროზისKკიდევ ერთი მახასიათებელი ფაქტებზე სწრაფი რეაგირებაა. 1991-92 წლებში მიმდინარე მოვლენები ლიტერატურაში ძალიან გვიან აისახა, 2008 წლის ომზე კი რამდენიმე თვეში 5 თუ 6 რომანი დაიწერა. ეს თემა ძალიან სწაფად ამოიწურა, განსხვავებით ძველი დროისგან, როდესაც ფაქტის შესაფასებლად რაღაც პერიოდის გასვლას ელოდებოდნენ. სინამდვილეში ასეთი პოზიცია არასწორია – აქტუალურ თემაზე მაშინვე უნდა წერო. აი, ამ ტიპის ცვლილებები მოხდა ქართულ პროზაში. სხვა საქმეა, რამდენად ღირებულია ეს ყველაფერი.

3. აუცილებლად იქნება აკა მორჩილაძე, რომლის გარეშეც თანამედროვე ქართული პროზა წარმოუდგენელია. XXI საუკუნის პირველი მნიშვნელოვანი რომანი სწორედ აკას “სანტა ესპერანსა” იყო. ასევე შემიძლია ზაზა ბურჭულაძისა და ლაშა ბუღაძის დასახელება, თუმცა შესაძლოა უახლოეს წლებში მათ არანაკლებ მნიშვნელოვანი სხვა ავტორებიც დაემატოს, რომელთა გვარებს არ ჩამოვთვლი: იმდენად სწრაფად იცვლება მოვლენები და იმდენი ახალი სახელი ჩნდება, ამ ეტაპზე პროგნოზს აზრი არა აქვს.

4. მთავარია, ქართული ლიტერატურა საქართველოშივე იყოს მნიშვნელოვანი. თუ მწერლის ტექსტები ქართველ მკითხველს არ აღელვებს, ის ვერც უცხოელისთვის იქნება საინტერესო. თანამედროვე ლიტერატურის ბედი ჩვენზეა დამოკიდებული: თუ ჩვენ – მწერლები, მკითხველები, გამომცემლები ერთად შევქმნით ბობოქარ ლიტერატურულ პროცესს, სადაც ავტორები ბევრს წერენ, მკითხველები მსჯელობენ და ეს ყველაფერი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია, ოპტიმიზმის საფუძველი გვექნება.

5. ეს საბჭოთა სტერეოტიპია. მხოლოდ იმ პერიოდში არსებობდა ტერმინი – “პროვოკაციული ლიტერატურა”. ამ ტიპის წიგნებს მკითხველამდე სახელმწიფო არ უშვებდა და ისინიც შეეჩვივნენ პურიტანულ ლიტერატურას. მაშინდელ მკითხველს ეპატაჟური ტექსტების კითხვა დღესაც აღიზიანებს. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს მსგავსი ნაწარმოებების წინააღმდეგობრივ აღქმას და ასე გაგრძელდება მანამ, ვიდრე რამდენიმე თაობა არ შეიცვლება.

7. ყოველივე ზემოთქმული პროცესების განვითარებაზე ჯერ კიდევ მოქმედებს. ის, რომ დღევანდელი მკითხველის უმეტესობა საბჭოთა ეპოქის შვილია, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოვლენებს. ათი წლის შემდეგ ეს ადამიანები უმცირესობაში იქნებიან. შესაბამისად, შეიცვლება ლიტერატურული ლანდშაფტი და ეს ბუნებრივიცაა. საბოლოო ჯამში მწერლობის განვითარებას, მის ბედს ხომ მკითხველი განაპირობებს.

ანა კორძაია-სამადაშვილი, მწერალი

1. მიუხედავად იმისა, რომ ერთიდაიგივე სახელები ტრიალებს (ასეთია დღევანდელი მოცემულობა), ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ლიტერატურული პროცესი არ მიმდინარეობს. მიმდინარეობს, მაგრამ როგორ? ერთი მხრივ, იმატა წიგნების რაოდენობამ, მეორე მხრივ, არჩევანი ძალიან მწირია. მსოფლიოში პოპულარული უამრავი ჟანრი, ფაქტობრივად, არ გვაქვს: დეტექტიური რომანი, რომლითაც მსოფლიოს ნებისმიერ წიგნიერ ქვეყანაში გამოტენილია მაღაზიის თაროები, არ იწერება; ფენტეზის ჟანრში ორადორი ადამიანი მუშაობს; იმას, რასაც გერმანულენოვან სივრცეში “გასართობ” ლიტერატურას ეძახიან, საქართველოში ვერ ნახავ (აბა, მიდი და რომელიმე ქართველ ავტორს აკადრე, გასართობი წიგნი დაწეროს. თავს მოიკლავს!). თუ კრიტიკულები ვიქნებით, ის, რაც დღეს ხდება მეტწილად ლიტერატურული “სექენდ ჰენდია” (შეურაცხყოფად ნურავინ მიიღებს), პროცესი, რომელიც მსოფლიომ დიდი ხნის წინ გაიარა. და მაინც, ყველაფრის მიუხედავად, ქართული პროზა ვითარდება, ოღონდ გეზი ერთი აქვს – პირდაპირ მიდის და ირგვლივ არ იხედება. ავტორები ძირითადად წლების განმავლობაში დაგროვილი ფსიქოტრავმების “ამოლაგებით” არიან დაკავებულნი. ამას ჩემთვის “მე-ლიტერატურა” დავარქვი და სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს თანამედროვე ქართული ლიტერატურის სახეს.

2. საქართველოში ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ვითარება იმდენად სწრაფად შეიცვალა, თვალის მიდევნებაც ვერ მოვასწარით. მისი ანალიზი არცკი დაწყებულა. ლიტერატურამ, როგორც სარკემ, ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენები კი არ აირეკლა, არამედ ის, რაც თითოეული მწერლის ცნობიერებაში იყო დალექილი. ამის გამო ავტორის გაკრიტიკება არ შეიძლება. პირიქით, მიმაჩნია, რომ უამრავი საინტერესო ნაწარმოები შეიქმნა. ბოლო წლებში შედარებით ამოიქაჩა ჟანრობრივი სიმწირე, მაგალითად, გამოჩნდა ნატო დავითაშვილი, რომელიც ქმნის თავის სამყაროს – ფენტეზის. თუმცა თითო-ოროლა ავტორი ვითარებას ვერ ცვლის. სასიყვარულო რომანი, ისევე, როგორც ისტორიული, 1991 წლის შემდეგ არ დაწერილა. სამაგიეროდ, გვაქვს მოგზაურთა ლიტერატურა, რაც ძალიან მხიბლავს, თუმცა ესეც პირად პრიზმაშია გადატეხილი. ყველაზე მეტად მომწონს, რომ ასეთი ტექსტები ყოველგვარი იდეოლოგიური დაკვეთის გარეშე იქმნება და საოცრად გულწრფელია.

რაც შეეხება ენობრივ ქსოვილს, ხდება ის, რაც ზოგჯერ ძალიან მაღიზიანებს (საკუთარი თავით დაწყებული) – ყველა წერს ისე, როგორც ლაპარაკობს. ლიტერატურული ენა განდევნილია. აქაც იგივე პრობლემაა – ავტორი საკუთარი თავის გადახარშვით არის დაკავებული და არა ენაში მიმდინარე ცვლილებების კვლევით.

3. უდავოდ აკა მორჩილაძე. ამას მხოლოდ ქართული რეალობის გათვალისწინებით არ ვამბობ. არაერთ დასავლელ მკითხველს ვიცნობ, რომელთათვისაც აკა ისეთივე აღმოჩენაა, როგორიც თავის დროზე ფილიპ როთი. მისი რამდენიმე ნაწარმოები მიყვარს გამორჩეულად, მათ შორის ერთი-ორი ისეთიც, რომელიც ზოგადსაკაცობრიო მასშტაბით ნაკლებად მნიშვნელოვანია – “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები” და “მოგზაურობა ყარაბაღში.” მახსოვს ამ წიგნის წაკითხვით მიღებული უძლიერესი შთაბეჭდილება. ეს იყო გარღვევა ქართულ ლიტერატურაში, თუმცა მოგვიანებით აკამ მკვეთრად შეიცვალა სტილი და სხვა საუცხოო რომანებიც დადო. ენასთან მიმართებაშიც საოცარი ჟონგლიორია. მისი საუკეთესო ნაწარმოებებიდან დავასახელებ “აგვისტოს პასიანსსაც”, რომელიც, მიუხედავად მასში მოთხრობილი ლოკალური თბილისური ამბებისა, არაჩვეულებრივი ნაწარმოებია.

აკა მორჩილაძეს კიდევ ერთი თვისება აქვს: მასზე სწორება არავის ძალუძს, იმიტომ რომ თვითნაბადია. არ ვამბობ, გენიოსია-მეთქი, დრომ განსაზღვროს, მაგრამ ის, რომ დღეს საქართველოს მასშტაბით მოვლენაა, ყველასთვის ცხადია.

4. როდესაც მწერალი შეგნებულად მიდის პროვოკაციაზე, ამას ლიტერატურასთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ თუ ეს პროცესი ბუნებრივია, ვეჭვობ, მკითხველის უარყოფით ემოციას მისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. საერთოდ, არა მგონია ავტორი წერისას მკითხველის მიმართ რევერანსებზე ფიქრობდეს. თუ მკითხველს რაღაცის გაგება არ უნდა, ვერც გააგებინებ. რაც შეეხება იმას, რატომ აღიქვამს მკითხველი ტექსტს რელიგიური, ზნეობრივი და ა.შ. კუთხით, პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ გაუნათლებელი ერი ვართ (ყველაზე დიდი ინტელექტუალებიც კი მაპატიებენ ამ სიტყვათშეთანხმებას) და ბუნდოვანი წარმოდგენაც არ გვაქვს, რაზე შეიძლება აღშფოთდე და რაზე – არა. ცნებების აღრევა ხდება. ლიტერატურასთან იდეოლოგიას არანაირი კავშირი არა აქვს. ლიტერატურა ლიტერატურაა.

5. ქართველი ავტორი კარგად უნდა მიხვდეს, რა უკეთ გაიყიდება და ამის ახსნა გამომცემლის კომპეტენციაა. წიგნების უმეტესობა, რომლებიც ევროპიდან ჩამოვიტანე, პრესტიჟული ჯილდოებითაა აღნიშნული, მაგრამ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამ შემთხვევაში ფორმას ვგულისხმობ: როგორც რომანი – არ ვარგა, მოთხრობა ბრწყინვალე იქნებოდა და დარწმუნებული ვარ, ასეც იყო ჩაფიქრებული. უბრალოდ, გამომცემელმა დაარწმუნა მწერალი, რომ რომანს უკეთ გაყიდდა და მართალი აღმოჩნდა. მათგან განსხვავებით, ქართველ ავტორებს, რომლებიც ბრწყინვალე მოთხრობებს წერენ, აზრადაც არ მოუვათ, შექმნან სქელტანიანი რომანი კარგად გაყიდვის მიზნით. ეს მათი კეთილშობილებით კი არ არის განპირობებული, უბრალოდ, ბაზარს არ იცნობენ. ამ ბაზარს კი თავისი კანონები აქვს. გარწმუნებთ, “შუშანიკის წამება”, რომელიც მსოფლიო ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რომანია (მაპატიონ მათ, ვინც ამ ნაწარმოებს სხვა კუთხით უყურებს), არასოდეს იქნება ბესტსელერი, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ შედევრი არ არის?! ისევე, როგორც მსოფლიო მასშტაბით პოპულარული ვერ გახდება ვაჟა-ფშაველა. იმიტომ არა, რომ ვინმეზე ნაკლებია. პირიქით, სწორედ მისი გენიალობა ართულებს მის თარგმნას და აღქმას. იმის თქმა მინდა, რომ შედევრი არამცდაარამც არ გულისხმობს პირველობას მსოფლიო წიგნის ბაზარზე.

6. ჩვენი წიგნის ბაზარი იმდენად პატარა და საწყალობელია (ძალიან ცოტანი ვართ), კომერციულ წარმატებაზე ლაპარაკი სასაცილოც არის. საბოლოოდ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ტირაჟი 2 ათასი იქნება თუ 7 ათასი. არც ერთით გამდიდრდები და არც მეორეთი.

7. ამჯერად ქართულ პროზას ძალზე სერიოზული შანსი აქვს და თუ სწორად გამოვიყენებთ, ყველაფერი კარგად იქნება. ვგულისხმობ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას, სადაც 2017 წელს სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარვდგებით. ეს იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა, მზადება დღესვე უნდა დავიწყოთ. მით უფრო, რომ უამრავი რამ არის გასაკეთებელი. თუ მესვეურები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ამ ფაქტს და ავტორებს მცირე მოტივაციას მაინც გაუჩენენ, სრულიად რეალურია 2017 წლამდე ბევრი კარგი ნაწარმოები დაიწეროს.

მწერალს მოტივაცია ყოველთვის სჭირდება. ამ შემთხვევაში წიგნების გამოცემასა და მკითხველამდე მიტანას ვგულისხმობ. საკუთარ თავთან ჭადრაკის თამაში ადრე თუ გვიან გბეზრდება. დააკვირდით, როგორც კი ლიტერატურული ჯილდოების რაოდენობამ იმატა, ავტორებისა და მათ მიერ დაწერილი ტექსტების რიცხვიც გაიზარდა. ეს მხოლოდ იმის გამო არ მოხდა, რომ მწერალს მაინცდამაინც პრემია და ფული უნდა. ავტორმა დაინახა, რომ მისი ნაწერი ვიღაცას აინტერესებს. დარწმუნებული ვარ, თუ სტიმული იქნა, ბევრი რამ ამოვა უჯრებიდან. შესაძლოა, მათში რაიმე ძალიან მაგარიც იყოს. არა მგონია, ლიტერატურას, რომელსაც ამხელა ტრადიცია აქვს, XXI საუკუნეში დაისი ემუქრებოდეს.

გიორგი ლობჟანიძე, პოეტი, მთარგმნელი

1. შეიძლება სისტემურად კითხვას ვერ ვახერხებ, მაგრამ ვცდილობ, თვალი მივადევნო ქართულ პროზაში მიმდინარე პროცესებს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ჩანს რაიმე მკვეთრი ნიშანი, რომლითაც ქართულ პროზას დავახასიათებდით და ვიტყოდით, რომ სწორედ ის ან ნიშანთა სისტემა განასხვავებს თუნდაც 80-იანი წლების ქართულ პროზას. რა თქმა უნდა, თაობებს ყოველთვის მოაქვთ მათთვის ნიშნეული გემოვნება, ესთეტიკა, მსოფლმხედველობა, მაგრამ დღევანდელი პროზა მაინც XX საუკუნის პროზაა და ძირეული გარდატეხა არ მომხდარა.

2. მეჩვენება, რომ თემატურად ქართული პროზა, თუნდაც იმავე XX საუკუნის 80-იანი წლების ბელეტრისტიკასთან შედარებით, საკმაოდ გაღარიბდა. არსებობს დროის მოტანილი, გარკვეულწილად, მოდური თემებიც, რაზეც ადრე არ ან ვერ წერდნენ კომუნისტური ცენზურის პირობებში, მაგრამ უფრო მასშტაბურად რომ ვიმსჯელოთ, დაიკარგა ის მონუმენტურობა, რაც წინა ეპოქის ქართულ ლიტერატურას, კერძოდ, რომანს ახასიათებდა. საერთოდ, ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ვილაპარაკოთ ამ ჟანრის კრიზისზე, რადგან მთელ მსოფლიოში რომანი მისი კლასიკური გაგებით ლამის აღარ არსებობს. მცირე ფორმების მოძალება ეპოქის ნიშანია. თანამედროვე ადამიანს არც დრო ჰყოფნის და არც ნერვები 800-გვერდიანი რომანების საკითხავად. ამან განაპირობა მისი “დაწურვა,” რაც გარკვეულწილად დადებითად აისახა სტილისტიკაზე. თანამედროვე ლიტერატურაEენობრივადაც შეიცვალა. დღეს უფრო სამეტყველო ენას ვხვდებით, ისიც, ძირითადად თბილისში გავრცელებული კილოკავი. სამწუხაროა, რომ თითქმის აღარ საზრდოობს ლიტერატურული ქართული დიალექტებითა და არქაიზმებით, რომელთა ზომიერი გამოყენება ყოველთვის განსაკუთრებულად ამდიდრებდა.

3. არ ვიცი, დაგავიწყდათ თუ სხვა რამ მიზეზია, მაგრამ ამ სიას იმ ადამიანებით გავაგრძელებ, ვინც თითქმის იმავე თაობაში თავისი სიტყვა თქვა და დღესაც აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას განაგრძობს. უპირველესად უნდა დავასახელოთ ამ პერიოდის და ლამის ერთადერთი რომანისტი ქალი ნაირა გელაშვილი, რომლის ბოლო ნაწერები გვარწმუნებს, რომ კვლავ საუკეთესო ფორმაშია. მისი “პირველი ორი წრე და ყველა სხვა” ეპოქალური წიგნი მგონია, სადაც ჩვენი ქვეყნის ბოლოდროინდელი სინამდვილე შესანიშნავად არის მხატვრულად ათვისებულ-დამუშავებული.

აქვე გავიხსენებ ნოდარ დუმბაძესაც, რომლის პროზამ ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა. დღეს მის არაჩვეულებრივ რომანებს ბევრი კოლეგა თითქოს “ზემოდან” უყურებს, არადა, მან მოახერხა ყოფილიყო ყველა თაობის, ასაკისა და გემოვნების მკითხველის საყვარელი მწერალი და ეს სულაც არ გახლავთ პატარა ამბავი.

თუ დღევანდელ სალიტერატურო პროცესს დავუბრუნდებით, საშუალო ასაკის მწერლებიდან ბოლო დროს განსაკუთრებით მომეწონა ირაკლი სამსონაძის “ლეას საათი.” ეს შესანიშნავი ტექსტი ერთი მხრივ, წარმატებით აგრძელებს XX საუკუნის ქართული პროზის ტრადიციებს, მეორე მხრივ, ბელეტრისტიკა, სტილური და ენობრივი თვალსაზრისით, სრულიად ახალ სიბრტყეში გადაჰყავს.

მართალია, მაინცდამაინც ხელხვავიანი არ არის, მაგრამ ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია კოტე ჯანდიერის პროზა. მათ მომდევნო თაობაში ჯერჯერობით ისევ ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს აკა მორჩილაძე, რომლის ყველა ტექსტი ერთნაირი მხატვრული ღირებულების არ არის, მაგრამ მან მოახერხა მთავარი – თანადროული ქართული სინამდვილის გააზრება დროის ადეკვატური ფორმებითა და მხატვრული საშუალებებით. მის პროზას კიდევ ერთი უმთავრესი ნიშანი აქვს, რასაც ძალზე ვაფასებ: რაზეც უნდა წერდეს, შეუძლებელია თავი ბოლომდე არ წაგაკითხოს. მიზეზი ალბათ ის არის, რომ აკა მორჩილაძე ენას ყველა განზომილებაში იმორჩილებს. ასეთი მდიდარი სტილური არსენალი დღეს სანთლითაა საძებარი. ამ მხრივAახალგაზრდა მწერლებიდან მხოლოდ ზაზა ბურჭულაძის რომანები თუ გაუწევს მეტოქეობას. ზაზა ბურჭულაძე მრავალი კუთხითაა საინტერესო და დასაფასებელი, მათ შორის იმით, რომ შესანიშნავი სტილისტია. სიუჟეტის განვითარების თვალსაზრისით კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ზურაბ ლეჟავა მგონია, რომლის წიგნიც “ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში” ამ რამდენიმე წლის წინათ ჩემთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცა.

ქართულ სალიტერატურო სივრცეში განსაკუთრებული მოვლენაა ზურაბ ქარუმიძის პროზა. ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მწერალია ანა კორძაია-სამადაშვილი. მისი რომანები “შუშანიკის შვილები” და “ვინ მოკლა ჩაიკა” მცირე რომანის საუკეთესო ნიმუშები მგონია.

ძალიან მომეწონა და დამამახსოვრდა დათო ქართველიშვილის “იყო საღამო, იყო დილა.” ეს რომანი, ჩემი ფიქრით, საუკეთესო ტექსტი იყო, რაც იმხანად წავიკითხე. აქვე შემიძლია დავასახელო ირაკლი ჯავახაძე, ბექა ქურხული, ირაკლი ქასრაშვილი. ამ თაობაში გამოირჩევა ბესო ხვედელიძე, რომლის რამდენიმე წიგნი მართლაც ყოველმხრივ სანიმუშო გახლდათ.

რამდენიმე წლის წინათ საერთო ფონიდან აშკარად გამოირჩეოდა ლაშა ბუღაძის “ლიტერატურული ექსპრესი” და “კარიკატურისტი.” განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო გელა ჩქვანავა. მისი ყოველი ნამუშევარი ჩემთვის რაღაც დონეზე სრულყოფილებისა და პროფესიული პასუხისმგებლობის ნიმუშია. საყურადღებოა მისი პროზის ენობრივი და სტილისტური ასპექტები. სულ ახალგაზრდებიდან კი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჯაბა ზარქუასა და მარი ბექაურის ნაწერებმა, ირმა ტაველიძის რომანმა “ავტობიოგრაფია ფრანგულად” და რატი რატიანის მოთხრობებმა.

ამ ჩამონათვალს არც სისრულის პრეტენზია აქვს და არც უცდომელობის. შესაძლოა, ვინმე გამომრჩა კიდეც, მაგრამ ნუ მიწყენენ კოლეგები: მთავარია, რომ ამ არასრულ ჩამონათვალშიც კარგად ჩანს დიდი პოტენციალი, რომლის სწორად ათვისების შემთხვევაში ქართულ მწერლობას არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი სახელი შეემატება.

4. წინაპირობა შრომა და საკუთარი საქმის სიყვარულია, რაც ქართველებს გვაკლია. შეიძლება იდეალისტი ვარ, მაგრამ მგონია, რომ წარმატების წინაპირობა ნიჭთან ერთად შრომისმოყვარეობაც არის. როცა ეს ორივე კომპონენტი თავის ადგილზე დგას, ყველაფერი კარგადაა. ცხადია, მესმის, რომ თანამედროვე მარკეტინგი ათას რამეს მოითხოვს, მაგრამ ამის მოგვარება როგორღაც შეიძლება. მთავარი მიზეზი, რატომ არ ჩანან ქართველი მწერლები სათანადოდ მსოფლიო სარბიელზე, სულ სხვა რამ მგონია. კერძოდ, ის, რომ არ იციან მსოფლიოში არსებული პროფესიული “მეტაენა,” რაც მაინცდამაინც კონიუნქტურას არ გულისხმობს. ამისთვის მწერალი თანამედროვე სალიტერატურო პროცესის პერიპეტიებში ზედმიწევნით კარგად უნდა ერკვეოდეს და მინიმუმ ორი უცხო ენა მაინც იცოდეს, რათა ეს პროცესებიც და საკუთარი შესაძლებლობებიც სწორად შეაფასოს.

6. ლიტერატურის ისეთი გაგება, რაც ზემოთ ნოდარ დუმბაძეზე ვთქვი, თითქოს მასკულტურის ელემენტებსაც შეიცავს, მაგრამ მწერლის ნიჭიერება სწორედ იმაში ვლინდება, რამდენად ხელეწიფება ამათუიმ სახის კონიუნქტურაზე მაღლა დადგომა. ამას წინათ ფრანგი ავტორის რომანი წავიკითხე. საშინლად არ მომეწონა, რადგან მთელი ტექსტი დღევანდელი სამოქალაქო საზოგადოების ლოზუნგების გათვალისწინებით იყო შეკრეჭილ-შეკოხტავებული. რაღა ეს და რაღა კომუნისტური პათეტიკა. მწერალი უნდა იყოს “თვითონ”. როგორც კი ამ თვითონობაზე რაღაც მიზეზით უარს იტყვის, იქვე დამარცხდება. ნოდარ დუმბაძის სრული ანტიპოდი იყო მეორე დიდი ქართველი მწერალი ოთარ ჩხეიძე, რომელიც დღემდე რჩება ნიმუშად, როგორ არ უნდა თქვა უარი საკუთარ თავზე, საკუთარ შინაგან სამყაროზე.

გურამ მეგრელიშვილი, მწერალი

1. ქართულმა პროზამ XXI საუკუნეში მკვეთრი და საეტაპო წინსვლა განიცადა, თუმცა ლიტერატურული აზროვნება კომპლექსებისგან საბოლოოდ მაინც ვერ გათავისუფლდა. მის განვითარებას ხელოვნური ჩარევები განაპირობებს და არა თავისუფალი დინება. თანამედროვე მსოფლიოსთვის კარგად ნაცნობი ნოვატორი მწერლების თარგმანთა ნაკლებობა ზოგიერთ ავტორს ნოვატორობის ცრუ განცდას, მკითხველს კი ზღვარგადასული ეპატაჟისტით ფსევდოაღტაცებას ან მის მიმართ შიშს უჩენს. ნებით თუ უნებლიეთ ავტორი მკითხველს ცენზორის ფუნქციას ანიჭებს და ტექსტებიც არა შინაგანი ხმის კარნახით, არამედ ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინებით იწერება. იგივე ხდება პოპულარული თურქი ავტორის, ორჰან ფამუქის შემთხვევაშიც, თუმცა, როდესაც ბაზარი დიდია და საკუთარი სეგმენტი სწორად გაქვს განსაზღვრული, საქმე გაცილებით იოლდება. ასეთ დროს აღარ ფიქრობ, მოარული 2000 ქართველი წიგნის მყიდველიდან რამდენი დაიწუნებს შენს ენას, აზრებს თუ სიუჟეტს.

როდესაც ქართულენოვან მკითხველზე ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გვინდა თუ არა, ჯერაც ჩაკეტილი საზოგადოება ვართ თავისი ცრურწმენებით და ფსევდოტრადიციული თუ ფსევდოლიბერალური ღირებულებებით, ამიტომ სხვისი წამხედურობით ხშირად მხოლოდ კონკრეტული წიგნები კი არა, ავტორებიც გამოგვეპარება ხოლმე. ან პირიქით, ზედმეტად ავიტაცებთ ისე, რომ წაკითხულიც არ გვაქვს. არადა, თანამედროვე ქართულ პროზას, რომელსაც რამდენიმეწლიანი წყვეტა ჰქონდა (ხელმისაწვდომობას ვგულისხმობ), წაკითხვა, გაანალიზება და ერთგვარი მხარდაჭერა სჭირდება.

2. 90-იანებიდან ახალი საუკუნის დასაწყისამდე ქართული პროზა ვიწროუბნურ, ქალაქურ და სოფლურ ჩარჩოებში იყო მოქცეული. ხშირად საბურთალოზე დაწერილ რომანს ვერაზე ვეღარ იგებდნენ. დღეს კი თემატური მრავალფეროვნება საგრძნობია. ხშირად წააწყდებით მისტიკის, ჰორორის, სამეცნიერო ფანტასტიკისა თუ ეროტიკული ლიტერატურის ნიმუშებს. შესაძლოა მათი ხარისხი ჯერ კიდევ მდარეა, მაგრამ თავად ეს მცდელობა ლიტერატურის გაჯანსაღების პროცესზე მიანიშნებს. ცალკე თემაა თვალშისაცემად განუვითარებელი ენობრივი ქსოვილი, რაც ტექსტის აღქმას ართულებს. ცალკეულ ავტორებს თუ არ ჩავთვლით, ხშირად ნაწარმოებიდან აზრის გამოტანაც კი ჭირს.

3. თქვენ მიერ ჩამოთვლილი ადამიანები დიდი მწერლობის გარდა იმითაც გამოირჩეოდნენ, რომ მსოფლიოს ლიტერატურული გამოცდილების გათვალისწინებას მწირი თარგმანების პირობებშიც ახერხებდნენ. შესაძლოა ამის გამოცაა, რომ თანამედროვე ავტორები სხვებისთვის სრულიად გაუგებარ თემებზე არ ვწერთ.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ ქმნის თანამედროვე ქართულ პროზას, გიპასუხებთ: ყველა, ვინც ამ ენაზე წერს. ზოგი გამწევი ძალაა, ზოგი ამინდს ქმნის, მაგრამ პროცესები ვითარდება, წინ მიიწევს და იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან შედეგი დადგება – აუცილებლად გვეყოლება მსოფლიო ბესტსელერის ქართველი ავტორი.

4. თარგმანი, პრომოუშენი და კონტაქტები. ამის გარეშე რეგიონულ მასშტაბს ვერ გავცდებით და ვიამაყებთ დიდი მწერლებით, რომლებიც მაქსიმუმ 5 000 კაცს აქვს წაკითხული.

5. მკითხველის ავტორისადმი ფრთხილი დამოკიდებულება პატარა ქვეყნების სენია. კულტურათა ისეთი მრავალფეროვნება, როგორიც ამერიკაში, რუსეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებშია, გარკვეულწილად მის პრეტენზიულობას არბილებს. ამას ემატება რელიგიების ცუდად ცოდნა, ლიბერალურ ღირებულებათა დამახინჯება, პერსონაჟების ზნეობრივი გადმოსახედიდან განსჯა, რის გამოც ხშირად იმასვე ვაკრიტიკებთ, რის დაცვასაც ვცდილობთ. ამ მხრივ მწერლებიც ვცოდავთ. გვგონია, რომ ნაწარმოებს არ სჭირდება ესთეტიკური, მორალური და ემოციური ფასეულობები და საზოგადოებას, რომელიც ამ ყველაფერს ლიტერატურაში ეძებს, საწინააღმდეგოს ვთავაზობთ. სწორედ ეს იწვევს მკითხველისა და ავტორის გაუცხოებას, მათ დაშორებას.

6. მასკულტურაში ცუდი არაფერია. სტივენ კინგი მასკულტურის წარმომადგენლად მიიჩნევა, თუმცა გაცილებით ღრმაა, ვიდრე ბევრი აღიარებული ავტორი. მეორე მხრივ, დღევანდელი დინამიური რიტმის პირობებში მკითხველს სალტიკოვ-შჩედრინის ენითა და განცდებით ვერ ესაუბრები. მით უფრო, რომ “დაფინანსებული კონკურენტი” (როგორც გურამ დოჩანაშვილი უწოდებს) – კინო აქტიურად ვითარდება და მდორე სიუჟეტის წიგნებს სერიოზულ კონკურენციას უწევს.

7. თუკი თანამედროვე ავტორებს ინტენსიურად თარგმნიან, მათი ნაწარმოებების პოპულარიზაციაზე იზრუნებენ, რაღაც ეტაპზე საინტერესო მწერლები გვეყოლება, რომელთა “შექმნაში” მონაწილეობით თავადაც ვიამაყებთ. წარმოიდგინეთ, ნოდარ დუმბაძე მისსავე თანამედროვეებს რომ არ ეკითხათ, იქნებოდა თუ არა დღესაც ყველა თაობისთვის ასეთი საყვარელი? სულ ამას ვამბობ, მოგწონთ თუ არა, ერთი მწერალი მაინც ამოიჩემეთ და იყიდეთ, იკითხეთ. შეიძლება ათი წლის შემდეგ მისგან ახალი ოსტერი შექმნათ.

© “არილი

Facebook Comments Box