ავტორი: თაკო წულაია
კლარის ლისპექტორი, „ველურ გულთან ახლოს/ვარსკვლავის დრო“, სულაკაურის გამომცემლობა, 2022, მთარგმნელი: ნინო ლორთქიფანიძე
„ველურ გულთან ახლოს“ რომ დაიწერა, მისი ავტორი, კლარის ლისპექტორი 23 წლის იყო. როცა მთავარ გმირთან მსგავსების შესახებ ჰკითხეს, კლარისმა უპასუხა: „მადამ ბოვარი, ეს მე ვარ!“ და მიუხედავად იმისა, რომ ლისპექტორის წიგნის ყდაზე მხოლოდ მისი სახელი წერია, ჩვენც, მკითხველებსაც გვაქვს თხრობაში თანამონაწილეობის, თვითმხილველობის განცდა და თუ მთავარ გმირთან, ჟოანასთან მსგავსებებსაც აღმოვაჩენთ, იქნებ იმის თქმის უფლებაც, რომ „ჟოანა, ეს ჩვენ ვართ!“.
ჟოანა რომანის მთავარი გმირია, რომლის ცხოვრებაც ტექსტში, პირობითად, აწმყოდ და ბავშვობად იყოფა. აწმყოში ოტავიოზეა დაქორწინებული და მათი ურთიერთობის კრიზისი თავიდანვე საგრძნობია. ბავშვობა კი ტრაგიკულია მშობლების გარდაცვალების გამო. ჟოანას ცნობიერების მღვრიე ნაკადი ნელ-ნელა გვითრევს, ჩვენ წინ ხან მამამისი გაიელვებს, ხან ნათესავები, რომლებთანაც ცხოვრობდა, ხან გაუცხოებული ქმარი, რომელმაც არ იცის, ვინ არის მისი ცოლი და ხანაც ქმრის საყვარელი, მარტივი და ბანალური ლიდია.
ჟოანა თავს ბედნიერად არასოდეს გრძნობს, თუმცა ტექსტი ბედნიერების ძიების შესახებ არც არის. მთავარი მისი არსის გაგებაა, როგორ უნდა მიხვდე, რომ რასაც გრძნობ, ნამდვილად ბედნიერებაა? ხოლო თუ (დავუშვათ) მიხვდი და სწორად ამოიცანი ეს განცდა, რა ხდება შემდეგ? საერთოდ რაში გჭირდება ბედნიერად ყოფნა?
ჯერ კიდევ ბავშვობაში ეკითხება ჟოანა მასწავლებელს – „რა ხდება იმის მერე, ბედნიერი რომ გახდები? მერე რა მოდის?“. მასწავლებელი ურჩევს, რომ შეკითხვა ჩაინიშნოს და მომავალში თავად გასცეს პასუხი. ჟოანას მომავალიც პასუხების ძიებაა. მისი ყოველდღიურობა არის ყოფიერების ანალიზის მცდელობა და უშუალოდ განცდილსა თუ მომხდარზე დაუსრულებელი ფიქრი. ამიტომაც საკუთარ ცხოვრებაშიც კი განკერძოებულ დამკვირვებლად რჩება, რომელსაც კაცი კი არ შეუყვარდა, არამედ „აარჩია და შეიყვარა“, სცადა, ეს ხომ არ არის ის, რაც მჭირდებოდაო. მაგრამ ჟოანასთვის არც სიყვარული, არც სიძულვილი, არაფერი, რაც არსებობს, არ შეიძლება თავისთავად მნიშვნელოვანი და თვითკმარი იყოს, თუ გააზრებული არ არის, თუ საკუთარ თავში არეკლილი ამ მოვლენებისა და ადამიანების ბოლომდე გაგება არ შეუძლია.
„რატომ“ კითხვა დამოკლეს მახვილივით კიდია ყველგან, სადაც ჟოანაა. ამით აიხსნება ისიც, რომ მასთან ერთად ცხოვრება უჭირს ბიცოლას, რომელიც მაშინაც კი იტანჯება, როცა ჟოანა შინ არაა. ხოლო ქმარი იმასაც ვერ ხვდება, ჟოანა უბედურია თუ არა თანაცხოვრებით.
ტექსტში ყველასთვის, ჟოანას გარდა, ბედნიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათთვის განსაზღვრულია კონკრეტული მოვლენები და სიტყვები, რომლებიდანაც ბედნიერება იბადება ან რომელთა დამსახურებითაც იგი წყდება. ამიტომაც ჟოანას ეჭვნარევი მზერა, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე გადადის, თითოეულ მათგანს აფორიაქებს. აშინებთ, რომ ჟოანას გამჭოლი თვალებით დაინახავენ იმას, რაც უკვე ისედაც დაინახეს და იციან.
ამიტომაც იგრძნობა მის მიმართ პასიური აგრესია. აგრესიის სახეობაა ნათესავების გადაწყვეტილება, რომ სასწავლებლად სხვაგან გაგზავნონ და, რაც მთავარია, ოტავიოს ღალატი. იგი თავის პირველ სიყვარულთან და საცოლესთან, ლიდიასთან აბამს ურთიერთობას.
ლიდიასა და ჟოანას სახეები მკვეთრად კონტრასტულია: ლიდიას ბედნიერების საზღვრები პატარა ოჯახის ცნებაშია მოქცეული. მისი სიხარულიც და ტანჯვაც მარტივი და გასაგებია. მისი თანაგრძნობაც ადვილია – ცხადია, რაც აუბედურებს. აშკარაა, რაც უნდა (საყვარელ კაცზე დაქორწინება და შვილის მასთან ერთად გაზრდა). მაგრამ რა უნდა ვიფიქროთ ჟოანაზე, მიუვალ, მიუკარებელ პერსონაჟზე, რომლის შინაგან მონოლოგებსაც ვუსმენთ, მაგრამ ბოლომდე გაგება არ შეგვიძლია?
ლიდიასა და ჟოანას ტექსტუალური ბინარულობა შეგვიძლია „გაგებისა“ და „შეყვარების“ იდეებამდე დავიყვანოთ. ჟოანა მუდმივად ცდილობს საკუთარი ოჯახური ცხოვრების, პარტნიორის, პირველ ყოვლისა, საკუთარი თავის გააზრებას, მის იმგვარ ობიექტად ქცევას, რომელმაც ფიქრისას უნდა გაუმჟღავნოს სინამდვილე და თავისი რეალური ბუნება. ჟოანა დამკვირვებელია, რომელიც გარე სამყაროს რაციონალიზების დაჟინებული მცდელობებით შეიმეცნებს ისე, რომ ემოციებსაც ინარჩუნებს, როგორც მისი გაგების ალტერნატიულ საშუალებას. მეტიც, გამომგონებელიცაა, მთხზველი – სკოლაში ყოფნისას კლასელების (რომლებთანაც ურთიერთობის არანაირი სურვილი არ აქვს) მოხიბვლას სწორედ ამ უნარით ახერხებს – გამოგონილი სამყაროთი მანიპულირებით, ამბებითა და ადამიანებით თამაშით, რომელსაც მათზე დაკვირვებისას სწავლობს. კლასელებს უცხო ადამიანების ცხოვრების შესახებ უყვება და ისინიც მონუსხულები უსმენენ გოგონას, რომლის ცივ და გამომშრალ თვალებსაც ემოციები არ ეკარება. ამ დროს კი ლიდია ოტავიოს ეუბნება – „მე იმაზე მეტს ვაკეთებ, ვიდრე შენი გაგებაა. მე შენ მიყვარხარ“.
სიყვარულსა და სიყვარულზე ფიქრს (მისი რაციონალური გაანალიზების მცდელობას, სიყვარულის არა განცდის, არამედ სიყვარულის „ცდას“) შორის განსხვავებების მკაფიო სურათია ლიდიასა და ჟოანას შეხვედრა და მათი დიალოგი, რომელშიც თითქოს ორი საპირისპირო პოლუსი ერთდება.
ოლდოს ჰაქსლის „კუნძულში“ მთავარი გმირი, უილ ფარნები ასეთ რამეს ამბობს: „როგორ შეიძლება ადამიანისთვის „დიახ“ პასუხი იყოს? ეს მხოლოდ თვალთმაქცობაა, ეს არის პოზიტიური აზროვნება. ფაქტები, არსებითი და ფუნდამენტური ფაქტები ყოველთვის „არას“ გულისხმობს. სული? არა. სიყვარული? არა. საღი აზრი, მიზანი, გამარჯვება? არა!“. ჟოანაც უარყოფითი ნაწილაკია, რომლისთვისაც სიტყვები, საგნები და ადამიანები არსობრივად არას გულისხმობს, არასაკმარისობასა და ბუნდოვანებას, ხოლო ცხოვრება (ისეთი, როგორიც მას და დანარჩენებს აქვთ), სინამდვილეში, არცხოვრებაა. ტექსტის კულმინაციაც ამის გაცნობიერება და მისგან გათავისუფლების გაცხადებული სურვილია – ჟოანა ელოდება „ერთ დღეს“, როცა „გაწყვეტს მასში არსებულ ყოველ არას“.
ის ხშირად ამბობს „არ ვიცი“. გამონაკლისია შემთხვევა, როცა იმაზე საუბრობს, თუ რა არის ცუდი. „ცუდია არ იცხოვრო“, ოღონდ არ იცხოვრო სულაც არ გულისხმობს სიკვდილს (მდგომარეობას, როცა ცოცხალი არ ხარ). სიცოცხლე არაა გარანტია იმისა, რომ ცხოვრობ. პროტაგონისტის პრობლემაც და მისი პიროვნების ქვაკუთხედიც სწორედ ეს გაცნობიერებული, მოუშორებელი შეგრძნებაა – არ ცხოვრობს („იქნებ უბრალოდ ცხოვრების ნაკლებობას განიცდიდა: ცხოვრობდა იმაზე ნაკლებს, ვიდრე შეეძლო და წარმოედგინა?“) და ეს მთავარი „არაა“, რომლითაც გარე თუ შინაგანი სამყარების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.
ასე ცვლის კლარის ლისპექტორი ადამიანის თვითმიზანს, მისი არსებობის დანიშნულებას. აუცილებელი ბედნიერების ძიება კი არა, ცხოვრებაა. როგორც აკირა კუროსავას ფილმშია, რომელსაც ლაკონიური და ზუსტი სათაური აქვს: „იცხოვრო“, რაც მეტისმეტად რთულია იმიტომაც, რომ ზოგჯერ ცხოვრება და ბედნიერება ანტონიმებია და მხოლოდ უბედურებისას მიიღწევა არსებობის საზღვრის დაძლევა და ნამდვილი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობაც ჩნდება.
ტექსტში სპინოზა და მისი იდეებიცაა ნახსენები. „ყველაფერი, რასაც შეეძლო, ეარსება, უკვე არსებობს. მეტი ვერაფერი შეიქმნება, მხოლოდ და მხოლოდ თუ გამოავლენ“ – ამ ჩანართის ანალიზი საინტერესოა იმ მხრივაც, რომ ჟოანა, ჩემი აზრით, ის იშვიათი პერსონაჟია, რომელიც არსებულის გამოვლენითაა დაკავებული და ქმნადობაზე მეტად შექმნილის გამჟღავნებას ცდილობს. აქედან გამომდინარე, მისი მცდელობა მოუხელთებელი, წამიერად გაელვებული ჩრდილებისთვის კონტურების მოძებნას ჰგავს.
როგორც იუნგი წერს, „ჩვენ პირისპირ ვდგავართ ჩვენი შინაგანი მეგობრის ან მტრისადმი და ის, მეგობარია იგი თუ მტერი, მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული“. ჟოანას შემთხვევაში, ვერც მისი ნათესავები, რომლებიც უფრთხიან მას, ვერც ქმარი, რომელიც ღალატით ცდილობს მისი გავლენისგან გათავისუფლებას, ვერც მამა, რომელიც მალევე გარდაიცვლება – ვერავინ ახერხებს ჟოანას იდენტიფიცირებას. ვინ არის? კარგი ადამიანია? ბოროტია? უგულოა? არა? მაშინ როგორია? ჟოანა კი საკუთარ თავს კარგისა და ცუდის ბანალური კატეგორიების მიღმა აღიქვამს. არ სჭირდება იმის გაგება, მტრის პირისპირ დგას თუ მეგობრის, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩება. მხოლოდ ის სურს, იცოდეს, ვინ არის, რა უნდა, რატომ უნდა და რა იქნება მერე, თუკი ექნება ის, რაც უნდოდა, რომ ჰქონოდა.
ტექსტის დასასრულს ჟოანა ღმერთს მოიხმობს. ჯერ ხსნას ელის მისგან, დარდობს, რომ ცხოვრება ხელიდან უსხლტება; სიცოცხლე, რომელიც აქვს, ხელუხლებელი და უმოქმედო რჩება. მერე დასჯას ემუდარება, ბოლოს კი ასკვნის – არა, არანაირი ღმერთი. მარტო ყოფნა უნდა. მარტო ყოფნა, საკუთარ თავთან და საკუთარ თავად ყოფნა – ესე იგი, თავისუფლება.
როგორც კრიტიკოსები წერენ, ლისპექტორის კითხვა ბნელ წყლებში ჩაყვინთვას ჰგავს, როცა დახრჩობის შიში ვერ ამარცხებს მის მისტიკურობაში ცურვის სურვილს. გარდა იმისა, რომ ჟოანა, როგორც პერსონაჟი, განსაკუთრებულად საინტერესო და უჩვეულოა, ტექსტის ღირსებაა პოეტური, მელოდიური ენა, რომელიც ხან მელანქოლიურად ჩაგვესმის, ხან კი რიტმს იცვლის და პროტაგონისტის მღელვარებას გვამცნობს. სწორედ ეს წარმოშობს სიბნელეს, რომელსაც თანდათან ვუახლოვდებით: ჟოანას შინაგანი მონოლოგები, აღბეჭდილი აზროვნების სიღრმითა და გრძნობების სიმძაფრით, რისი დამსახურებითაც არამარტო ავტორს ვაიგივებთ პერსონაჟთან, არამედ საკუთარ თავსაც. ჟოანას ემოციური სინამდვილე მთლიანად ჩრდილავს ფიზიკურ, ხელშესახებ რეალობას, რომელიც უფერულ ანარეკლს ემსგავსება იმ ექსტრემალური, უკიდურესად დაძაბული პროცესებისა, რომლებიც ჟოანაში მიმდინარეობს.
„ის იყო მარტო. უგულებელყოფილი. ბედნიერი. ცხოვრების ველურ გულთან ახლოს“ – ვკითხულობთ პირველ გვერდზე ჯეიმს ჯოისის ციტატას და როცა წიგნს ვხურავთ და კითხვას ვასრულებთ, როცა ჟოანას გაბმული ფიქრები წყდება, სადაც უნდა ვიყოთ და ვინც არ უნდა ვიყოთ, თუ საკმარისად გავუგეთ ჟოანას (ან, გნებავთ, მის ავტორს), აუცილებლად ჩაგვესმება სხვა ხმა. სწორედ ეს ხმა იქნება იმ ველური გულის ფეთქვა.
© არილი