უოლტ უიტმენის შესახებ
თარგმნა თამაზ ჩხენკელმა
1855 წელს, ბოსტონში გამოვიდა წიგნი, რომელსაც ემერსონი წერილით გამოეხმაურა, ხოლო მეორე გამოცემა ლონდონში – რუდოლფ შმიდტის მსჯელობის საგნად იქცა. წიგნის სათაურია “ბალახის ფოთლები”, პოეტის სახელი და გვარი გახლავთ უოლტ უიტმენი, ვისაც იმ ხანებში მხოლოდ 36 წელი შესრულებოდა. თვითონ მწერალი თავის ნაწარმოებს “სიმღერებს” უწოდებს ისევე, როგორც რუდოლფ შმიდტი. ემერსონს კი, რომელიც მეტად სუსტი სისტემატიკით გამოირჩევა, მისთვის არავითარი განსაკუთრებული სახელწოდება არ გამოუძებნია. სინამდვილეში უიტმენის თხზულებები იმდენადვე ჰგავს სიმღერას, რამდენადაც გამრავლების ტაბულას. ისინი პროზად არის დაწერილი, ყოველგვარი საზომის გარეშე, ურითმოდ. ლექსებს მხოლოდ იმით გვაგონებენ, რომ ერთ სტრიქონში ორი ან სამი სიტყვაა მომდევნოში რვა ან ათი, ხუთი ან ცამეტი და ასე ორმოცდასამ სიტყვამდე.
მწერალი თავის თავს “მსოფლიო მოვლენას” უწოდებს. რუდოლფ შმიდტიც აგრეთვე “მსოფლიო მოვლენას” უწოდებს მას. თვითონ მე მიჭირს რომელიმე ცნება მივუსადაგო ისეთ არაჩვეულებრივად ფართო წარმოდგენას, როგორც “მსოფლიო მოვლენაა”, ვინაიდან “მსოფლიო მოვლენად” წოდებული კაცი სწორედ ამიტომ შესაძლებელია გადაიქცეს კოსმოსად, სივრცედ ანდა ყველაფრად, რის გამოც მე ვამჯობინე მისთვის უბრალოდ ველური მეწოდებინა.
უიტმენი ბუნების ძახილია ამ დაუხვეწავ, პირველყოფილ ქვეყანაში, მის ენასა და გრძნობებში გამოსჭვივის რაღაც ინდიელთათვის დამახასიათებელი. იგი უპირატესად უმღერის ბუნებას, ზღვას, ჰაერს, მიწას, ხეებს, ბალახებს, მთებსა და მდინარეებს. თავის სამშობლოს – ლონგ აილენდს, – იგი ყოველთვის ინდიური სახელით პაუმანოკით მოიხსენიებს… მის ლექსებში თავდაპირველი დასახელებების მთელი პწკარებია. მას იმდენად იტაცებს ამ სიტყვების პრიმიტიული მუსიკა, რომ ამ დასახელებებით ავსებს სტრიქონებს მაშინაც კი, როცა ტექსტს არავითარი კავშირი არა აქვს მათთან. ზოგჯერ იგი რიგრიგობით ჩამოთვლის ხოლმე შტატებს, მაგრამ არაფერს ამბობს თვითონ შტატებზე. ეს არის ველური სიტყვების საზეიმო თამაში…
ამ ლექსების წასაკითხად სულ ცოტა ორჯერ მეტი შთაგონება მაინცაა საჭირო, ვიდრე იმისთვის, რომ ისინი დაწერილიყო. მის სტილს ვერ დაერქმევა ინგლისური. იგი საერთოდ, ცივილიზებული მსოფლიოს არანაირ სტილს არ მიეკუთვნება. ეს არის მძიმე ინდიური ხატოვანი სტილი სახეების გარეშე, აღბეჭდილი ბიბლიის დამამძიმებელი გავლენით, რაც ყოველგვარ გაგებას აღემატება. მისი ენა მძიმე და ბუნდოვანია…
უიტმენის ენაში არ იგრძნობა ხალხური ენის შეფარული სიმაგრე, არის მხოლოდ მყივარი ძალმოსილება. ხან აქ, ხან იქ, ორკესტრის გუგუნივით გამოიჭრება ხოლმე გამარჯვებულთა აღტაცებული ყიჟინა, რაც გადაღლილ მკითხველს ინდიელთა საომარ როკვას აგონებს. ყველგან სიტყვების ამ დაუცხრომელ ველურ ყიჟინას აწყდები. პოეტი დაძაბულად ცდილობს რაიმე საჩინოჰყოს თავისი ლექსებით, მაგრამ ვერ აღწევს ამას. მისი ბევრი ლექსი მხოლოდ სახელწოდებებისაგან არის შედგენილი ისე, რომ ყოველი ცალკეული სტრიქონი სათაურად შეგვეძლო მიგვეღო…
თავისთავად ცხადია, თუ ცივილიზებული მკითხველი მხედველობაში მიიღებს იმას, რომ უიტმენი თავის მოძღვრებად ქრისტეს, სოკრატესა და პლატონს ასახელებს, მას უთუოდ ეგონება, რომ პოეტი, მთლად ვერ არის ჭკუაზე. ემერსონსა და ინგლისელებს, როგორც ჩანს, მის ლექსებში აღაფრთოვანებდა სახელთა უსასრულო რიგები, კატალოგის მსგავსი კოლონები. უეჭველია, ეს ყველაზე არაჩვეულებრივი და ორიგინალური თვისებაა მისი ნაწერებისა, ეს არის ლიტერატურული ფენომენი, რომლის მსგავსი არაფერი გვინახავს. მთელი მისი წიგნი სავსეა ამ გაუთავებელი სიებით…
რა უნდა უოტ უიტმენს?.. არავინ იცის. მე ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს კაცი, რომელსაც ამდენი ეთქვას ისე, რომ არაფერი იყოს თქმული. ამ ხელოვნებაში მას ბადალი არა ჰყავს. მისი სიტყვა მხურვალეა, იგი გიზგიზებს. მასშია ძალა, ვნება, შთაგონება… ჩვენ ვგრძნობთ, როგორ ღელავს მისი მკერდი, მაგრამ არ შეგვიძლია გავიგოთ, რით არის ასე აღფრთოვანებული ავტორი. მისი წიგნი გრგვინავს და ქუხს, მაგრამ ელვა და ნაპერწკალი არა ჩანს, გვერდი გვერდს მიყვება, აზრს კი ვერა და ვერ პოულობ. და ეს აღტაცებით დატენილი სიტყვის კოლონები პირდაპირ თრგუნავს, ჩლუნგი უიმედობით მიწამდე დრეკს მკითხველს. მათი დაუსრულებელი მონოტონურობა, ბოლოს და ბოლოს, გამაბრუებლად მოქმედებს მკითხველის ცნობიერებაზე. წიგნის ბოლო გვერდზე იგი უკვე კარგავს იმის უნარს, რომ ოთხამდე დაითვალოს. ეს პოეტი ჩვეულებრივი ადამიანების აზროვნებით შესაძლებლობებს სრულიად ანადგურებს…
მას ძალიან ცოტა, ანდა სულაც არაფერი წაუკითხავს და ძალიან ცოტა, ანდა თითქმის არაფერი განუცდია…
თავისი ბუნების თანდაყოლილი პირველყოფილების შედეგად უიტმენს მეტნაკლებად პრიმიტიული შინაარსის მქონე წიგნები უყვარს. ამიტომ ბიბლიის კითხვა მას განუზომელ პოეტურ ნეტარებას ჰგვრის. ბიბლიის კითხვამ არამცთუ ხელი შეუწყო მისი ველური სტილისტური მიდრეკილებების აღმოფხვრას, პირიქით, კიდევ უფრო განავითარა ისინი. მის ლექსებში გამუდმებით იპარება ბიბლიური გამოთქმები და აზრთა ბიბლიური მიმოქცევა. მისი თხზულებების ზოგიერთი ადგილი იმდენად ჰგავს ბიბლიურ ტექსტს, რომ პირდაპირ გიკვირს, რაზომი სიღრმითა აქვს შეთვისებული ეს გარდასული პოეტური ფორმა…
ბიბლიურ პოეზიასთან ყოველდღიურმა ზიარებამ, როგორც ჩანს, გარკვეული სითამამე მიანიჭა მის ლიტერატურულ ნაწარმოებებს, და იგი მოურიდებლად ლაპარაკობს დიდად სარისკო ამბებზე.
იგი უხეშად აღწერს ვნებიან მგრძნობელობას და განუვითარებელი გონების ნააზრევს, – ამაში გამოიხატება მისი თანადროულობა. მაგრამ ეს რეალიზმი გაცნობიერებული მხატვრული სითამამის ნაყოფი როდია, – იგი ბუნების პირველყოფილი შვილის გულუბრყვილობიდან გამომდინარეობს. “ბალახის ფოთლების” ეროტიკული განყოფილება, რისთვისაც მან დაჰკარგა სამსახური და რის გამოც ულტრაზნეობრივი ბოსტონელების გოდება ცასა წვდებოდა, სინამდვილეში მხოლოდ იმას შეიცავს, რაზედაც დაუსჯელად შეიძლება წერა ყველა ქვეყანაში, თუმცა ისიც მართალია, რომ მისი თამამი აზრები უხეში მოურიდებლობით არის გამოხატული…
უოტ უიტმენის გულუბრყვილობა უსაზღვროა იმ ზომამდე, რომ ზოგჯერ მკითხველსაც გადაედება ხოლმე. ამ განსაცვიფრებელმა გულუბრყვილობამ მოუპოვა მას რამდენიმე მომხრე ლიტერატორთა შორის… მაგრამ მას რომ ეს განსაცვიფრებელი და სრულიად გულწრფელი გულუბრყვილობა არ ახასიათებდეს, მის ლექსებს საერთოდ არავინ წაიკითხავდა იმიტომ, რომ მათში ნატამალიც არ არის პოეტური ტალანტისა…
მას მეტისმეტად დაუდეგარი გონება და განუვითარებელი აზროვნება აქვს იმისათვის, რომ რომელიმე საგანზე შეჩერდეს და მას უმღეროს. იგი გამოხატავს ცხოვრებას საერთოდ, არ ასხვავებს ცალკეული საგნების ნატიფ თავისებურებებს. მას მხოლოდ მათი ხმაურიანი რაოდენობა აკვირვებს. იგი ყველგან და ყოველთვის მასებს ხედავს…
ამ კაცის გულუბრყვილობა იმდენად პრიმიტიული, ცინცხალი და საყვარელია, რომ არასოდეს ტოვებს გამოგონილის შთაბეჭდილებას. იქაც კი, სადაც ეს თვისება ყველაზე ძალუმად არის გამოხატული და ყველაზე ნაკლებ არის მოტივირებული, სრულიადაც ვერა გრძნობ მის პატივმოყვარეობას.
უიტმენი ძალიან კარგი კაცია. და მაშინაც კი, როცა შინ მოსახმარი საგნების სახელწოდებებისაგან თავის ხუხულებს აგებს, ასე გგონია გეხვევა და გეფერებაო…
უიტმენი ბუნებით ნიჭიერი პიროვნებაა, მასში ბევრი განწყობილებაა, მაგრამ იგი მეტისმეტად გვიან დაიბადა… უიტმენი უფრო მეტად ადამიანია, ვიდრე ნიჭიერი პოეტი. მას არ შეუძლია წერა, მაგრამ შეუძლია იგრძნოს. იგი გრძნობებით ცხოვრობს. ემერსონს რომ მისთვის წერილი არ მიეწერა, მის წიგნს ვერავინ შენიშნავდა და ეს სავსებით ბუნებრივი იქნებოდა.
© არილი