პროზა

კობა ცხაკაია – ბებერი მუსიე გაბენი

gabeni-koba

(ერთის ნაამბობი)

ეს იყო სუფთა ჯიშის ქართული ნაგაზი.

დაახლოებით მეტრა-ნახევრის სიმაღლის. მსხვილძვლიანი, ფართე მკერდით და ძლიერი თათებით. ჯიშის მაჩვენებელი – ლამაზი, ოდნავ წაგრძელებული დინგითა და მოქნილი კუდით.

ყურები ლამაზად აპრეხოდა, თვალებში კი ღირსება, ჭკუა და შეუპოვრობა გამოსჭვიოდა.

ნელი, თითქმის ზანტი, მაგრამ არა ზარმაცი, არამედ საკუთარი პატივისცემითა და მოვალეობის ზუსტი ცოდნით, გამოცდილი მებრძოლის ლოგიკით გამორჩეული მიხრა-მოხრა ჰქონდა.

თავიდან ვერ შევამჩნიე… ფერფლისფერ-მოთეთრო ქვა-ღორღზე იჯდა. თათებზე დაეყრდნო დინგი და ყურადღებით უთვალთვალებდა ტყისა და ტბისკენ გადასახვევ გზის მონაკვეთს.

როცა აღმართზე ამოვუხვიე და ნაბიჯი შევანელე, მაისის დილის მზე უკვე კარგა გვარიანად აცხუნებდა. ასფალტი წუთი წუთზე ბუღს აუშვებდა.

დამინახა, მაგრამ არ განძრეულა, ამიტომ ჩემი ახლომხედველობის წყალობით, ჯერ უსულო საგნად მივიჩნიე. ვიფიქრე, “ალბათ, ვიღაცამ დახეული ქურთუკი, ან ძველი პალტო მოისროლა მანქანიდან და ისიც, ადამიანთა უპასუხისმგებლობისა და უსინდისობის დასტურად გდია გზის პირას-მეთქი”.

მაგრამ კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და ნაგაზმა თავი წამოსწია.

ამასაც არ მივაქციე ყურადღება.

ჩემს სათვალეებმოკლებულ გამოხედვაში იმდენად უფორმო იყო, მეგონა, მომეჩვენა-მეთქი, ამ უსულო საგანს ჩემმა უსაფუძვლო შიშებმა ჩაბერა სული და ახლა, უშველებელ ძაღლად მეჩვენება ვიღაცის ნახმარი სამოსელი-მეთქი.

მანქანამ დიდი სისწრაფით ჩამიქროლა. ის არც კი განძრეულა, ამიტომ გავაგრძელე სვლა…

თუმცა ნაბიჯი შევანელე და ყოველ შემთხვევისათვის გზის მეორე მხარეს გადავედი. ეს არ უნდა გამეკეთებინა.

ნაგაზმა იგრძნო, რომ გავფრთხილდი, დავფრთხი – ესე იგი, შემეშინდა. რაკი შემეშინდა, ალბათ, რაღაც ცუდი მაქვს ჩაფიქრებული და მისი გენეტიკური კოდი, მოვალეობა, ვალდებულება იყო, არ მოეცა  “ავის” გაკეთების საშუალება.

წინა ფეხებზე წამოიწია, კისერი დაძაბა, ანთებისაგან დაწითლებული პირი ოდნავ გააღო და… აქ, პირველად გავიგონე მისი ხმა. ბოხი, დაბალი და ხრინწიანი. საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში დარწმუნებული ტიპის ხმა ჰქონდა.

არ ყეფდა, იღრინებოდა. ძალიან ნელა ახამხამებდა ავადმყოფურად დასიებულ ქუთუთოებს, საიდანაც ყურადღებით მიმზერდნენ ავად მოელვარე დიდი შავი თვალები.  ხმაურით ქშენდა და ადგილ-ადგილ, მგონი, კბილებსაც აღრჭიალებდა.

დილის სიჩუმეში, გზის ამ მონაკვეთზე… ისეთ დროს,  როცა ადამიანებიცა და მანქანებიც იშვიათი მოვლენააა, ირგვლივ უკაცრიელი ტყის ზოლია, ხოლო ქალაქის უწყვეტი გუგუნი არც კი გესმის ავადმყოფი, ბებერი, მაგრამ მაინც უზარმაზარი ნაგაზის მრავლისმთქმელი ღრენის გაგონებაზე, ძნელია არ შედრკე.

მე კი ჯიუტად,  მიუხედავად ყველაფრისა, გზა მაინც გავაგრძელე.

თვალებით კი ქვის, ან ჯოხის ძებნა დავიწყე.

ეს ორი საგანი არ მისცემდა საშუალებას ამ  ავის მომასწავებელ ცხოველს, ჩემი ცხოვრების ხელყოფას. დროებით მაინც. მაგრამ  ვერსად ვერაფერი ვიპოვე.

თუმცა მის მხარეს ბევრი ამდაგვარი რამ ეყარა, საჭირო ზომის ქვებიც, ჟანგმოდებული არმატურის ნაჭრებიც და სამუშაო ინსტრუმენტების გატეხილი ტარებიც… მაგრამ იქ მისვლა და ერთი პაწაწინა ქვის აღებაც კი საკმაოდ დიდ რისკთან იყო დაკავშირებული.

უკან გაბრუნებასაც უკვე აზრი აღარ ჰქონდა. ნაგაზი ისეთი იერით მიცქერდა,  აუცილებლად გამომეკიდებოდა.  ამიტომ მივენდე უკუღმართ ბედისწერას, იმ იმედით, რომ “ის” ბოლომდე  მაინც არ გამწირავდა.

როცა აღმართზე ავედი და თითქმის გავსწორდით, ნაგაზი უკვე ფეხზე იდგა. გადმოსახტომად გამზადებული და პირდაღებული, მზეზე აელვარებდა უზარმაზარ კბილებს და თათებით მიწას პორჭყნიდა.

ახლოდან კიდევ უფრო დიდი მომეჩვენა. ბებერი ქართული ნაგაზი, მოზრდილი ხბოს ხელა იყო. გამხდარი, გაძვალტყავებული ტანი დაჩირქებოდა. ზოგან, ტყავიც კი ასძრომოდა და მონაცრისფრო სხეულზე შემხმარი სისხლი მუქ – შინდისფერ ლაქებად დასჩნეოდა. ეს  კი  უფრო ბოროტ და მისტიკურ იერს ანიჭებდა.

ერთადერთი, რაც მოვისაზრე, ქუდი მოვიხადე და მისკენ გავიშვირე.

ვიქნევდი ქუდიან ხელს და რატომღაც ომახიანად გავიძახოდი: “ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი; / მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალგულოვანი; / ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი; / სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!”…

ალბათ, შიშისგან დაბინდულ გონებაში მეგონა, ქვა და ჯოხი თუ არა, “ვეფხისტყაოსნის” აფორიზმები მაინც შეაშინებს ამ ხორცშესხმულ ურჩხულს-მეთქი.

კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და ისიც ადგილიდან მოსწყდა… დაუნდობლობით აღსავსე ყეფამ, კბილების ღრჭიალმა, ღრენამ და ჩემმა ყვირილმა,  დ ა მ ა ყ რ უ ა.

ნაგაზი მთელი ტანით ახტა, მკაფიოდ გავიგონე, თუ როგორ გაიზუზუნა ჰაერში, მისმა ტანმა და ჩემგან ორიოდე მეტრზე დაეშვა. დაეშვა მძიმედ… და როცა თათებით მზისგან გახურებულ ასფალტს შეეხო…  “დგაფანის” ხმაც კი გავიგონე.

მძიმე საგნის დაცემის ხმა:

-“დგადდგაფან!”

კიდევ ერთი წამი და ჩვენ მხოლოდ გზაზე მოძრაობის გამყოფი თეთრი ზოლიღა გვაშორებდა.

იმდენად ახლოს იდგა, რომ  მის ყოველ ნაკვთს ვხედავდი. აღგზნებულ გონებაში, საოცარი სისწრაფითა და მკაფიობით ფიქსირდებოდა გადარეული ნაგაზის სხეულის, კიდურების ყოველი ფორმა, ფერი, მოძრაობა, ნაკლიც კი, მოკლედ,  ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი.

ეჭვი არ იყო, ჩემ წინ ბებერი, ავადმყოფი, უზარმაზარი და, ამასთანავე, გაცოფებული, წმინდა ქართული ჯიშის  ნაგაზი იდგა. ალბათ, ხანდაზმულობისა და ავადმყოფობის გამო, სახლიდან გამოგდებული. მისი ყოფილი პატრონის უმადურობის და უსინდისობის ნათელი მაგალითი.

მუნმოდებულ სხეულზე ერთ დროს თეთრი ბეწვი, ნაგლეჯებად შერჩენოდა, ჭუჭყისა და მოუვლელობისაგან კი ასფალტისფერი გახდომოდა. ზოგ ადგილას, ქავილისაგან გაღიზიანებული კანი გალეოდა და სისხლშემხმარი, გაშიშვლებული ხორცი მოუჩანდა. ალბათ ძალიან სტკიოდა და იტანჯებოდა. ამიტომაც იყო ასმაგად გაბოროტებული.

“როგორც მარტოსული, უპატრონოდ, თანაგრძნობის გარეშე დარჩენილი, გაბოროტებული არსება!” – გავიფიქრე და მიუხედავად ყველაფრისა, ნაგაზისადმი თანაგრძნობამ შემიპყრო..

… უეცრად ჩვენი “სიტუაცია” შინაგანადაც შეიცვალა. თითქოს აქამდე დაბრმავებული თვალები ამეხილა. ყველაფერი, რაც დაფარული იყო, გამოაშკარავდა და სხვა აზრი, დატვირთვა და ელფერი მიიღო.

მივხვდი:

– მისი აგრესია მე არ მეკუთვნოდა! ის, უბრალოდ, ასე ცდილობდა მოეყოლა თავისი დრამატული ამბავი! გულისტკივილი! განცდილი სიმწარე! უმადურობისა და უიმედობის ძაღლურ-ადამიანური ისტორია! ჰოდა, ამიტომ ყეფდა! ამიტომ იყო ასეთი აგრესიული! უნდოდა, მომესმინა მისთვის! ყურადღება მიმექცია მისი “სიტყვებისთვის”!.. პატივი მეცა! რიდი მქონოდა!

შევამჩნიე –  მზერა საოცრად სევდიანი გაუხდა. სევდიანი, მაგრამ არა საცოდავი.

“- გაბენი – ჟან გაბენი! ნაგაზის გამოხედვა ძალიან ჰგავდა ამ უდიდესი ხელოვანის მზერას, როცა მისი პერსონაჟი იგებდა უახლოესი მეგობრის ღალატს და ღირსებაშელახული, მარტოდ დარჩენილი, მძიმე ფიქრებს ეძლეოდა! ჩვენ კი, მისი თვალების მსხვილ კადრებს მონუსხულები ვუცქერთ! დაღლილ, დადარდიანებულ გამოხედვაში ჩამალულ გულისტკივილს და მამაკაცურ ცრემლებს! არა, ის არ ტიროდა! ის მზერით ხვრეტდა ეკრანს, მაყურებლის გონების, ცნობიერების ჰორიზონტს და თვალებით გველაპარაკებოდა, გვეუბნებოდა, გვიყვებოდა, განცდებით დაწერილ მონოლოგს, რომელსაც სიტყვებით და აზრით ყოველი ჩვენგანი თვითონ ავსებდა!”.

რატომღაც, იმ წუთას ასეთი ფიქრები გამიჩნდა თავში. ეს ვიღაცისთვის შეიძლება აბსურდია. სისულელეა და სასაცილოცაა… მაგრამ, მე ხომ სიმართლეს ვყვები და არაფერს ვმალავ. მთავარი ესაა.

“მუსიე ჟან გაბენის” თეთრი ბალანი, უკაცრავად, ვარცხნილობა, ოდნავ ჩაწითლებული ქუთუთოები და ამაყი, ღირსებით აღსავსე და ნაღვლიანი გამოხედვა, ამ უდიდესი მსახიობის “საფირმო” ნიშანი იყო. ასეთი სახით ატყვევებდა რეჟისორებს, კრიტიკოსებს, მშვენიერ მსახიობ ქალბატონებს, თაყვანისმცემელ ლამაზმანებს… მისი საშუალებით, ეკრანზე და ალბათ, ცხოვრებაშიც, იცავდა უსამართლოდ დაჩაგრულებს, ებრძოდა ბოროტებას, ხუმრობდა, ბრაზობდა, უხსნიდა სიყვარულს, კლავდა ნაძირლებს, იძინებდა, იღვიძებდა, ეფერებოდა, ესალმებოდა, ემშვიდობებოდა, არიგებდა ჭკუას, და ასე ქმნიდა დაუვიწყარ, მარადიულ ლეგენდას.

… და ახლა, მე მიპირებდა ფეხის მოჭმას.

– რა გინდა, ბებერო მუსიე ჟან გაბენ?.. ჩემს გზაზე მივდივარ! არაფერს გერჩი! – ვუყვავებდი, ქუდიანი ხელის ლამის მის სახესთან ქნევით.

-ღრრრრრრ! – მპასუხობდა  ნაგაზი “ჟან გაბენი”.

– ძალიან კარგი ძაღლი ხარ, მუსიე ჟან! კარგი მსახიობი იყავი! მაგრად მიყვარდა შენი მონაწილეობით ფილმები! ყოველთვის პატივს გცემდი! მერე მოკვდი და ახლა ძაღლი ხარ, მაგრამ კარგი ძაღლი, რომელიც უგულო პატრონმა გამოაგდო! ეს უსამართლობაა, მაგრამ აქ მე ყველაზე ნაკლებად ვარ დამნაშავე. რას მერჩი? მოდი, მეგობრებად დავშორდეთ, კარგი? – ველაპარაკებოდი და ადგილიდან ვერ ვიძვროდი. მეგონა, ნაბიჯს თუ გადავდგამდი, აუცილებლად მიკბენდა.

– ღრრრ! მღრრრ! ბღრრრ! – თავის “დიალექტზე მეუბნებოდა” რაღაცას, და ჩვენს შორის მანძილი კიდევ რამდენიმე სანტიმეტრით მცირდებოდა.

უკვე აკანკალებულ ფეხზე ვგრძნობდი მისი სუნთქვის სიმხურვალეს. მოვიკრიბე ბოლო ძალები და გავშალე ხელები. ასე ვთქვათ, მთლიანად გავიხსენი:

– შენ თუ გარეწარი და უმადური პატრონი გყავდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემზე უნდა იყარო ჯავრი! შენ წინა ცხოვრებაში დიდი მსახიობი, ჩემთვის მისაბაძი კერპი იყავი, პარიზში ცხოვრობდი, მერე, როგორც ჩანს, სუფთა სისხლის ქართული ნაგაზი… ანუ ბევრისთვის სასურველი და საოცნებო ძაღლი გახდი! მერე… მერე რა, რომ ავად ხარ, დაბერდი და პატრონმა გამოგაგდო! ადამიანთა სამყაროში, ისევე როგორც, ძაღლთაშიც, არიან კარგი და ცუდი პიროვნებები! შენ ძალიან კარგი ხარ, და მშვენივრად იცი, რომ შენთვის არაფერი დამიშავებია! უდანაშაულო კაცის კბენა კი აუცილებლად გაგტანჯავს!.. ბოლოს და ბოლოს, თუ ასე ძალიან გინდა, მიკბინე! მიდი, ჰეე, სულ ფეხებზე მკიდია! მიკბინე და დამთავრდება ყველაფერი!.. და კიდევ ერთხელ დავრწმუნდები, რომ ცხოვრებაში არაფერი გამეგება და პიროვნების ამოცნობისას, კიდევ ერთხელ მოვტყუვდი! ადამიანი ცხოველი გამოდგა! ცხოველი კი – ადამიანი!

ისეთი გულწრფელი ვიყავი, ცრემლებიც კი მომადგა, მაგრამ არ მიტირია. ჩემი წარსული ცხოვრების გახსენებაზე, მხოლოდ სახე მომეღრიცა.

უეცრად ამომხედა. ამოხტა, უკანა ფეხებზე შედგა.

რამდენიმე წამით მისი დინგი ჩემს სახეს გაუსწორდა. თვალებში ჩამხედა. თავისი საფირმო – ღირსებით აღსავსე და ნაღვლიანი “გაბენისეული” მზერით. მერე ნელა, თითქმის უხმოდ დაეშვა ასფალტზე.

კვლავ დამიყეფა – უკვე ცოტა სხვანაირად. ღრენაც მორიდებული და თავშეკავებული გაუხდა.

ვიგრძენი – გ ა მ ი შ ვ ა.

უკუსვლით არ წავსულვარ. ნელა, გვერდული სიარულით განვაგრძე გზა. ის კი, მოძრაობის გამყოფ თეთრ ზოლზე იდგა და რაც უფრო ვშორდებოდი, უფრო შემზარავად და უფრო ხმამაღლა ყეფდა… მაგრამ ადგილიდან აღარ იძვროდა.

ვიცოდი, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, “მუსიე ჟან გაბენი” აღარ აპირებდა კბენას. უბრალოდ, თავისებურად, “ძაღლურად”, “ქართულ ნაგაზურად”, მარიგებდა ჭკუას, მაფრთხილებდა და  მიყვებოდა თავის ისტორიას, “გაბენისეულ” ტრადიციულ სტილში.  გაბრაზებული, ღირსეული და შეუპოვარი,  ცხოვრების მწარე სიკეთის აღსავსე ფორმითა და ემოციებით, რაც მისი და მხოლოდ მისი “საფირმო” ნიშანი იყო.

როცა ათი, თხუთმეტი მეტრით მოვცილდი, დავინახე, როგორ დაუბრუნდა თავის ადგილს. ამაყი, პირნათლად შესრულებული მისიით, მოვალეობით კმაყოფილი და…  მადლიერების უსასრულო და უშედეგო მოლოდინით შეპყრობილი.

დაჯდა, მერე დაწვა, მიმოიხედა და… დარწმუნდა, უფრო სწორად, გაახსენდა – პატრონი, მისი საქციელის დამფასებელი რომ აღარ ჰყავდა. დაიყმუვლა, უიმედოდ შეჰყეფა და  თავი კრუსუნით წინა თათებში ჩარგო.

მე კი გავაგრძელე გზა, დაახლოებით სამ კილომეტრში, მყუდრო ადგილი მქონდა შერჩეული. “საოცრებათა ველი” – ასე ვეძახდი გზიდან არც ისე შორს, მაღალი ეკლიანი ბუჩქებით გარშემორტყმულ პატარა მინდორს. აქ ვისვენებდი, ჩემით მოფიქრებულ სავარჯიშო კომპლექსს ვაკეთებდი და მერე უკან იმავე გზით ვბრუნდებოდი.

როცა ყველაფერს მოვრჩი, კი ვიფიქრე – “მოდი, უკან სხვა მარშრუტით დავბრუნდები, ბედს აღარ გავეთამაშები-მეთქი!”…

მაგრამ ბებერ ნაგაზში, ამ სულიერ არსებაში, ამ პიროვნებაში… დიახ, ნუ განმიკითხავთ ზოგიერთი იმისათვის, რომ ძაღლი პიროვნებად ჩავთვალე. ის ნამდვილად იმსახურებდა ამას… ამ ქართულ ნაგაზში იმდენი ადამიანური ტრაგედია, სულიერი ტკივილი იდო, რომ  ჩემთვის პიროვნებად იქცა – და კიდევ ერთხელ მომინდა მასთან შეხვედრა.

უკანა გზა ბევრად უფრო სწრაფად გამოვიარე. თითქოს უკვე აღარ უნდა შემშინებოდა, მაგრამ… მაგრამ, როგორც კი შორიდან დავლანდე “ჩემი ბებერი მუსიე ჟან გაბენი”, სულმდაბლად გავიფიქრე – “მაინც ძაღლია! ძაღლი კიდევ ძაღლია, არ იცი ინსტინქტი რას უკარნახებს-მეთქი!”

და, ისევ ამიტანა შიშმა, დავფრთხი და ნაბიჯი შევანელე. გამახსენდა, დიდ ჟან გაბენს და მის პერსონაჟებს არასოდეს ჰყვარებიათ მშიშარა, ჩამოუყალიბებელი ადამიანები… და ასევე, ისეთი ტიპები, რომლებიც უაზრო ექსპერიმენტებს უტარებდნენ, უტიფრად ცდიდნენ საკუთარ თავსაც და ახლობლებსაც. ის მათ თვალის დაუხამხამებლად, მკაცრად უსწორდებოდა – “აგდებდა” ღირსეული ცხოვრებიდან!.. ჰოდა, ამიტომ ჩემი სიფრთხილე არა შიშით, არამედ წინდახედულობით იყო გამოწვეული.

როგორც კი დამინახა, წამოწია და შეჰყეფა. ვითომ უთხრა, თუ  გააგონა ვიღაცას ჩემი ხელმეორე გამოჩენის შესახებ.

სინამდვილეში კი, ჩემს გასაგონად დაიყეფა. ასე გამაფრთხილა:

„ – პატრონს უკვე გავაგებინე შენს შესახებ და გაფრთხილებ, თუ მიბრძანებს, “ფასს!”, არ გეწყინოს – გიკბენ. კონკრეტულად შენ მიმართ, არანაირი პრეტენზია არა მაქვს, მაგრამ რა ვქნა?  ეს ჩემი ვალდებულებაა. მეტყვის და აუცილებლად გიკბენ!“

პატრონი კი არ ჩანდა. ნაგაზმა კიდევ რამდენიმეჯერ შეჰყეფა და უკან, მაღალი ბუჩქებისა და ნაძვნარისკენ გაიხედა. ვითომ იქ, ხეების ჩრდილში, ტყის სიღრმეში, რაღაც სახიფათო და მისი ყურადღებისთვის უფრო მნიშვნელოვანი რამ ხდებოდა.

ასე უნდოდა უპატრონოდ და, შესაბამისად, ბრძანების გარეშე დარჩენილს, ჩემი გატარება-გაშვება-გაპარება. როგორც კი გავუსწორდი, ფეხზე წამოდგა, გვერდულად დადგა, მაგრამ ჩემკენ აღარ გამოუხედავს. მისმა უყურადღებობამ ცოტა გული დამწყვიტა.

ძალიან მინდოდა, ჩვენი თვალები კიდევ ერთხელ შეხვედროდნენ ერთმანეთს. მსურდა, მეგრძნობებინა მისთვის, რომ ყველაფერს ვხვდებოდი, მასთან ერთად განვიცდიდი, მაგრამ არ უნდა გაბრაზებულიყო, არ უნდა სწყენოდა, რადგან არ მეცოდებოდა.

მუსიე ჟან გაბენის ფილმებიდან ვიცოდი – “გაჭირვებაში ჩავარდნილი ღირსეული კაცი არ უნდა გეცოდებოდეს. მას პატივს უნდა სცემდე, გვერდით უნდა დაუდგე, და ასე თანაუგრძნობდე!”. ჰოდა, მინდოდა ჩვენი “ურთიერთობა” სხვა უფრო ახლობლურ, ძმაკაცურ თუ არა, ამხანაგურ ფაზაში მაინც გადასულიყო.

მაგრამ, როგორც ჩანს, არაფერი გამომივიდა და გულდაწყვეტილმა გზა განვაგრძე. როცა  რამდენიმე მეტრით დავშორდი, იმედით კიდევ ერთხელ  გამოვხედე.

მუსიე ჟან გაბენი იმავე პოზაში იდგა, მაგრამ ახლა ყურადღებით მიყურებდა, მზერით მაცილებდა… თავის უკვდავ ფილმებში “დამხეცებული” და მაყურებლის მომნუსხველი, სევდიანი, შეუპოვარი, ღირსეული და ამაყი გამოხედვით.

ბებრ ნაგაზს დასამშვიდობებლად ხელი დავუქნიე. ფრანგულიდან მხოლოდ ერთი სულელური ფრაზა გამახსენდა.

– ადიუ, მუსიე გაბენ-მეთქი! – სულელურად გამომივიდა ეს ფრაზა.

ნაგაზმა თითქოს ამოიოხრა – დამიყეფა და თავი გააქნია, ალბათ ინანა, რომ ასეთ ქარაფშუტას არ მიკბინა. ზურგი მაქცია, დაწვა და თავი კვლავ თათებში ჩარგო.

ფერფლისფერი ქვა-ღორღისა და ასფალტის ფონზე, სამშენებლო მასალის გროვას ჰგავდა.

– “ხვალ მოვალ და აუცილებლად ჩემს მეზობელ ვეტერინარს ამოვუყვან, და რაღაც სასუსნავსაც მოვუტან!” – გადავწყვიტე და კმაყოფილი დავბრუნდი სახლში.

მეორე, მესამე, მეოთხე დღეს წვიმები იყო, შესაბამისად, სავარჯიშოდ ვერ გავედი, ატალახებულ ტყის ბილიკებზე სასიარულოდ არ და ვერ მოვიცალე. მერე დაემატა ქალაქური ამბები, სამსახურის პრობლემები და დამავიწყდა “ბებერი მუსიე ჟან გაბენიც”, ვეტერინარიცა და სასუსნავიც.

მხოლოდ შაბათს შევძელი სავარჯიშოდ გასვლა. გვიან გამახსენდა ჩემი დანაპირები და შემრცხვა.

იმ ადგილას აღარ დამხვდა. მერე, ნაძვების ჩრდილში ძლივს გავარჩიე.

ადგილი გამოეცვალა. შუა გზაზე იწვა. ირგვლივ ჩემთვის უცნობი, მოყავისფრო ძაღლი დასტრიალებდა, უღრენდა, დრუნჩით უშედეგოდ ცდილობდა ფეხზე წამოეყენებინა და იძულებული გაეხადა უსაფრთხო ადგილას გადასულიყო… მაგრამ “მუსიე გაბენი” არ ინძრეოდა. აკანკალებული თავი ოდნავ წამოეწია და დაძაბული გაჰყურებდა გზას. მისი მდგომარეობა უფრო გაუარესებულიყო. თავს ძლივს იჭერდა, პერიოდულად ჩაჰყოფდა დინგს წინა თათებში და ყრუდ კვნესოდა. ძვლები თითქოს ლამობდნენ დალეული ტყავის გაგლეჯას და გარეთ გამოვარდნას.

მოსახვევში იწვა.

ძალიან ჭკვიანი იყო.

მივხვდი, რასაც აპირებდა და გული შემეკუმშა. კიდევ უფრო მეტად შემრცხვა, რომ პირობა დავარღვიე და არაფერი წამოვუღე.

იცოდა, გზის ამ მონაკვეთში მანქანა ცოტა ჩქარა რომ წამოსულიყო, ვერ შეამჩნევდა, ვერ მოასწრებდა დამუხრუჭებას და აუცილებლად დაარტყამდა. გადაუვლიდა და… მოკლავდა.

სათვალე თან მქონდა, ამიტომ კარგად ვხედავდი, როგორ აბრუნებდა  თავს იქით, საიდანაც მანქანის ხმა ისმოდა. თვალის დაუხამხამებლად უყურებდა მისკენ მომავალ მეტალის ბედისწერას და არ ინძრეოდა. აღასასრულს ღირსეულად ელოდა. უშიშრად. უდრეკად.

ყოველი ახალი მანქანის გამოჩენაზე, მეორე ძაღლი გზიდან გადარბოდა და იქ ხეებს შორის იწყებდა ყმუილს, მერე კი საცოდავად ყეფდა.

ნაგაზი კი ხმადაბლა, უწყვეტად უღრენდა. ალბათ, ასე ამშვიდებდა. ცალყბად, მისეულად, ჟან გაბენისეულად.  ამ დროს, დედალიც თითქოს უჯერებდა, თავს იკავებდა, ხმას დაუწევდა, ზურგშექცევით დადგებოდა და ასე კრუსუნებდა, ქალივით ქვითინებდა. ცოტა ხანს ტიროდა, მერე მოუბრუნდებოდა, კვლავ მიირბენდა ნაგაზთან და ჩაცუცქული, თითქოს მუხლებზე დამდგარი ევედრებოდა.

როცა გავუსწორდი, ორივე ძაღლი დადუმდა.

ჩემკენ გამოიხედეს და დაელოდნენ, როდის მოვცილდებოდი. არ უნდოდათ, ვიღაც უცნობი გამვლელი მათი “ოჯახური დრამის” უნებლიე მოთვალთვალე  და სეირის მაყურებელი გამხდარიყო.

თავის დაქნევით მივესალმე.

მუსიე ჟან გაბენმა ვითომ დააცემინა, ასე დამიქნია თავი. თვალებით მბურღავდა, თითქოს ეძებდა ჩემს გამოხედვაში “სიბრალულის სენით” შეპყრობილ, მისთვის მიუღებელ სულიერ სიმდაბლეს, ზიზღნარევი შეცოდებით გამოწვეულ მდაბიურ ემოციებს. ვერ დაინახა და თავი უკვე ღირსეულად დამიქნია.

ამან გამათამამა და მისკენ გადავდგი ნაბიჯი.

გაშეშდა, წამოწია, დაიძაბა, შემიღრინა და მთელი ძალით დამიყეფა. მას დედალიც აჰყვა…  მიმახვედრეს – “არ უნდა ჩავრეულიყავი!”

“ყველაფერი, რაც ჩვენი გასაკეთებელი იყო, ჩვენ უკვე გავაკეთეთ და მივატოვეთ ისინი! მივაგდეთ! ძნელია ძაღლისთვის უპატრონობა ადამიანთა სამყაროში… მაგრამ სხვა გზა აღარ დავუტოვეთ! ამაყები არიან! აღარ უნდათ თავი დაიმცირონ! სურთ გამოსავალიც თვითონ იპოვონ! გადაწყვეტილებებიც თვითონ უნდა მიიღონ!.. ადამიანები კი, იყვნენ ცალკე, თავისი  უმადურობით, უგულობით და ფარისევლური სიკეთით. გაგდებულ ძაღლებს  თავი დაანებონ. მათ დამოუკიდებლად სიცოცხლე და სიკვდილი უნდა ისწავლონ. ეს უკვე მათი უფლებაა…”.

უცებ მოსახვევიდან ორი მანქანა გამოვარდა, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ.

აქ, ამ გზაზე, საერთოდ ასე იციან. აგარაკებიდან დაშვებული ქალაქელები სიჩქარისა და სიშლეგის ცოფით ავადდებიან. ხშირ შემთხვევაში, თავსაც იკლავენ და სხვასაც არ აკლებენ ჭირ-ვარამს.

ძრავების ღმუილზე დედალი გზიდან გადახტა და ბუჩქების წინ დადგა. ნაგაზმა სახე მანქანებისკენ მიაბრუნა. მშვიდად იყო, არც კი ნერვიულობდა, მხოლოდ კუდი აპრიხა.

სუნთქვა შემეკრა, წამიც და ყველაფერი დამთავრდებოდა.

ვიდექი ქუდმოხდილი, ქედმოხრილი და ველოდი.

ორივე მანქანამ მკვეთრად დაამუხრუჭა.

გაშეშდნენ, ანთებისგან დაწითლებული დინგიდან ნახევარ მეტრში… ცოტა ხანს გაოგნებულები იდგნენ, მერე ჯერ ერთმა აუარა გვერდი დაბალი სიჩქარით, შემდეგ კი – მეორემ.

ასეთ შემთხვევების დროს მძღოლებისთვის დამახასიათებელი ჩვეული გინება, ყვირილი, უკმაყოფილო შეძახილებიც  კი არ ყოფილა.

ორივე მოაგარაკემ გაკვირვებული, დაბნეული და ფრთხილი მზერით გააშორეს თავიანთი მანქანები ბებერ, უდრტვინველად მწოლიარე, ადამიანისთვალებიან, ქართულ ნაგაზს, რომელიც ბოხი, გულშიჩამწვდომი ხმით იღრინებოდა, და წლებისგან დაღლილი, მაგრამ გაუტეხელი, თავისი ცხოვრების მონოლოგს კითხულობდა – ღირსებაზე, ერთგულებაზე, პატივისცემაზე და ადამიანურ უმადურობაზე.

ჩემ თვალწინ ტრაგედია რომ არ დატრიალდა, განგებას მადლობა გადავუხადე და გზა გულდამძიმებულმა განვაგრძე.

მთელ მარშრუტზე არც არავინ და არც არაფერი შემხვედრია. გაფაციცებული ვუსმენდი გარემოს. სულ ველოდი მანქანის დამუხრუჭების, ძლიერი დარტყმისა და ძაღლის წკავწკავის ხმის გაგონებას, მაგრამ ირგვლივ მხოლოდ ფოთლების შრიალი და ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა.

გზის რაღაც მონაკვეთზე, როცა პირველად ჩნდება ტბის კუთხე და ფართედ გაშლილი ხეობის ნაწილი, მაღალ ჯაგებს შორის დავინახე უზარმაზარი, ჟანგისფერი ცხოველი, გრძელი, წაწვეტებული დინგით და ბურთისოდენა შავი თვალებით. უხმოდ და უძრავად იდგა, და ელოდა ჩემს მოახლოებას.

ეს ძაღლი არ იყო… რაღაც საშუალო – დათვსა და მგელს შორის.

გავჩერდი. გული კვლავ ამიჩქარდა და ცივმა ოფლმა დამასხა. დიდხანს ვუყურებდი. ისიც თვალს არ მაცილებდა.

თითქოს ირგვლივ ყველაფერი დადუმდა. ჩიტებიც კი აღარ ჭიკჭიკებდნენ.

– უკან წავიდე, იფიქრებს, შევაშინე, “ჩემიაო” და გამომეკიდება! – სწრაფად ვფიქრობდი, ველოდი უარესს და არ ვიცოდი, რა მექნა, – ეგებ,  მანქანამ მაინც ჩამოიაროს, გავაჩერებ და დახმარებას ვთხოვ-მეთქი!

“გაბენიც” კი ვინატრე… დრო უსაშველოდ გაიწელა.

უცებ, კაჭკაჭმა ხტუნვა-ხტუნვით გადაირბინა გზა, ასკილის ბუჩქზე შეხტა, ფრთებით წაიფორხილა, აფრინდა და იმ ყავისფერ მხეცს ზედ ცხვირზე დაასკუპდა. საშინელი ცხოველი არც კი განძრეულა.

გაკვირვებულმა რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და… სიცილი ამიტყდა.

შეშინებულ ადამიანს მაყვლისა და  კუნელას ბუჩქებზე დაგდებული მოყავისფრო-მოწითალო ლინოლეუმის ნაჭერი, რად არ შეიძლება მოეჩვენოს!

– კიდევ კარგი, ღმერთმა ფიქრის, ლაპარაკის, ფანტაზიორობის, და კიდევ სხვა მრავალი ნიჭის გარდა, სულის ჩადგმის ნიჭიც არ უბოძა ადამიანს! რამდენ საშინელ არსებას შთავბერავდით სულს და, ჩვენდა საუბედუროდ, შევქმნიდით? – გავიფიქრე და კვლავ მუსიე გაბენი გამახსენდა, – თუმცა უკვე შექმნილს, ღმერთისგან თუ ბუნების ძალებისგან დაუმსახურებლად თუ დამსახურებულად, რა საშინელებებს არ ვუშვრებით-მეთქი!..

უკან მობრუნებულმა ვერც ნაგაზი და ვერც მისი დაქალი ვეღარ დავინახე. გზაც უკაცრიელი და “სუფთა” იყო. არც სისხლის, არც ავარიის და, შესაბამისად, არც ტრაგედიის კვალი ეტყობოდა ასფალტს.

გადიოდა დრო, ყველაფერი  ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. არც მუსიე ჟან გაბენი და არც მისი დაქალი, აღარ შემხვედრიან.

როცა ჩვეული მარშრუტით ვმოძრაობ, ზოგჯერ, ტყის მხრიდან, მესმის ყეფა, რომელსაც ხანდახან ბებერი ნაგაზის ბოხ ხმას ვამგვანებ.

ამ დროს ყოველთვის ვჩერდები, ვაკვირდები ბუჩქების, ხის ფოთლების და ბალახების სიმწვანეს და მათ შორის  ვეძებ ნაცნობ ფერფლისფერს… თითქოს,  ვხედავ კიდეც.

ან ეგებ, მელანდება?

მეჩვენება, როგორ დადის ნაძვებს შორის ამაყი, ბებერი ნაგაზი და ხანდახან, ფარულად, მეგობრულად გამომხედავს, დამდებს პატივს მასთან საუბარს დანატრებულ თაყვანისმცემელს.

მაგრამ, გადავდგამ მისკენ რამდენიმე ნაბიჯს და “ბებერი მუსიე ჟან გაბენის” სხეული ეკლებს გამოდებულ,  უმადური ადამიანების გადაგდებულ ცელოფნად იქცევა.

… და გულდაწყვეტილი ვფიქრობ:

– ჩემთვის სულის ჩადგმის ნიჭი რომ ებოძა უფალს, რას ვიზამდი?

© არილი

Facebook Comments Box