პორტრეტი

კორმაკ მაკარტი და კინო – ორი განსხვავებული მედიუმი

ჯონ ჰილქოუთი, რომელმაც კორმაკ მაკარტის წიგნის („გზა“) ეკრანიზაცია გადაიღო, იხსენებს:

„პირველად ტელეფონით დავუკავშირდით ერთმანეთს გადაღებების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე. კორმაკმა დიდი სიმძიმე ჩამომაშორა, როცა აღნიშნა, რომ „წიგნი წიგნია, ფილმი კი – ფილმი“, ორი სრულიად განსხვავებული მედიუმი და მე ჩემი ფილმი უნდა გადავიღო. ამ დროს სცენარიც კი არ ჰქონდა წაკითხული. მოგვიანებით, როცა გადასაღები ადგილი შევარჩიეთ, კმაყოფილი დარჩა, რომ ფილმს ასე რეალისტურად ვიღებდით“.

ჰილქოუთი არ არის ერთადერთი რეჟისორი, რომელმაც მაკარტის რომანები ფილმებად აქცია. ძმები კოენები, რიდლი სკოტი, ბილი ბობ თორნტონი – ამ რეჟისორების წყალობით კორმაკ მაკარტიმ კვალი არა მარტო ლიტერატურაში, არამედ კინოშიც დატოვა.

სტატიაში მისი რომანების მიხედვით გადაღებული რამდენიმე ფილმის შესახებ წაიკითხავთ:

მოხუცების ადგილი აქ არ არის

მოხუცების ადგილი აქ არ არის ყველაზე წარმატებული ნამუშევარია მაკარტის წიგნების მიხედვით გადაღებულ ფილმებს შორის.

ფილმს ასამდე ჯილდო გადაეცა, მათ შორის ოთხი ოსკარი: საუკეთესო სურათის, საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო მეორეხარისხოვანი პერსონაჟისა და საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ნომინაციებში.

მოხუცების ადგილი აქ არ არის ძმებმა კოენებმა 2007 წელს გადაიღეს. ფილმის პრემიერა იმავე წლის 19 მაისს შედგა კანის კინოფესტივალზე. გარდა იმისა, რომ კრიტიკოსებს მოეწონათ, ფილმი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც: ბიუჯეტი 25 მილიონი დოლარი იყო, შემოსავლებმა კი 171 მილიონს მიაღწია. კრიტიკოსების დიდი ნაწილი ამ ეკრანიზაციას კოენების საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევს; ხშირად აღნიშნავენ იმასაც, რომ მოხუცების ადგილი აქ არ არის 21-ე საუკუნის გამორჩეულ ფილმებს შორისაა.

ფილმი სამი პერსონაჟის შესახებაა – ლუელინ მოსი, ჩიგური და შერიფი ბელი ერთმანეთს საბედისწეროდ უკავშირდებიან; ასე იწყება შურისძიების, სიკვდილის, გადარჩენის გაუთავებელი მცდელობების ამბავი. მათი სისხლიანი და სასტიკი თავგადასავალი შთამბეჭდავ კინოსურათად იქცა.

ფილმსა და წიგნს შორის განსხვავებებზე საუბრისას, ხაზს უსვამენ იმას, რომ კოენები თემატიკით უფრო დაინტერესდნენ, ვიდრე პერსონაჟით. რომანი შერიფზეა კონცენტრირებული, ფილმს კი სიტუაციები, მოქმედებები წარმართავს და თემატურ ნაწილზე უფროა ფოკუსირებული, ვიდრე შერიფის ნარატივზე წიგნიდან.

ლუელინ მოსის როლი თავდაპირველად ჰიტ ლეჯერს შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ახალდაბადებულ ქალიშვილთან, მატილდასთან უნდოდა მეტი დროის გატარება.

ჯოელ კოენმა აღნიშნა, რომ მოხუცების ადგილი აქ არ არის მათი „პირველი ადაპტაცია“ იყო და განმარტა, როგორ შეარჩიეს ეს რომანი: „რატომ არ უნდა დაგვეწყო კორმაკ მაკარტით? რატომ არ უნდა დაგვეწყო საუკეთესოთი?“

კოენები მაკარტს პირველად ფილმის გადაღებებისას შეხვდნენ. მოგვიანებით ითან კოენი იხსენებდა: „ჩვენთვის არ უყვირია. კინოდარბაზში ვისხედით ერთად, როცა ფილმი ნახა. გავიგონე, როგორ ჩაიცინა რამდენჯერმე, რაც მოწონების ნიშნად მივიღე“.

გზა

მაკარტის საერთაშორისო აღიარება დაკავშირებულია რომანთან „გზა“, რომელიც 2007 წელს პულიცერის პრემიით დაჯილდოვდა. რაც შეეხება ეკრანიზაციას, რომანის მიხედვით პოსტ-აპოკალიფსური ფილმი 2009 წელს გადაიღო ჯონ ჰილქოუთმა.

დაუკონკრეტებელი კატასტროფის შემდეგ განადგურებულ სამყაროში გადარჩენას ცდილობენ მამა და მისი პატარა ბიჭი. გზა, რომელმაც ისინი გადარჩენამდე უნდა მიიყვანოს, მეტისმეტად რთულია. მთავარ გმირებს სახელებიც კი არ აქვთ, ისევე როგორც დანარჩენი პერსონაჟების უმრავლესობას. ატმოსფერო ისეთია, როგორიც ავტორს ახასიათებს: დამთრგუნველი, უბედურების მაუწყებელი და ულმობელი.

ფილმის სცენარი მეტ-ნაკლები სიზუსტით მიჰყვება მაკარტის მიერ დაწერილ დიალოგებს, რომლებიც, როგორც ავტორმა განმარტა, მისი და მისი შვილის, ჯონის საუბრების მიხედვითაა დაწერილი.

როგორც The Guardian წერს, აპოკალიფსური ფილმები შეგვიძლია გავანაწილოთ სამ კატეგორიაში: „ეს არ მოხდება“, „რა იქნება, თუ ეს მართლა მოხდა“ და „ეს აუცილებლად მოხდება“. ამ თვალსაზრისით, „გზა“ მეორე და მესამე კატეგორიებს მიეკუთვნება.

ფილმი კარგად ასახავს იმას, რისი ჩვენებაც მაკარტს რომანით სურდა – როგორია მარტოობა მტრულად განწყობილ სამყაროში; არის თუ არა თავის დახსნის გზა, როცა იმდენად კოშმარულია ცხოვრება, რომ ერთადერთ გამოსვლად თვითმკვლელობა გეჩვენება.

მრჩეველი

მრჩეველი კრიმინალური ტრილერია, რომელიც რიდლი სკოტმა გადაიღო. მთავარი გმირის, მრჩევლის როლს ასრულებს მაიკლ ფასბენდერი, ფილმი კი ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა: მორალი, სიყვარული, ნდობა და უნდობლობა, ნარკოტიკების მოხმარება და ვაჭრობა და ა. შ.

აღსანიშნავია, რომ ამ ფილმის სცენარი თავად კორმაკმა დაწერა, თუმცა მრჩეველი, სხვა კინოადაპტაციებისგან განსხვავებით, ბევრმა კრიტიკოსმა შეაფასა უარყოფითად.

მაგალითად, ერთ-ერთი მათგანის რეცენზიაში ვკითხულობთ:

„ის ფაქტი, რომ სისხლიანი მერიდიანი, ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე რომანი, და მრჩეველი ერთი და იგივე კაცის დაწერილია, მაბნევს. მსახიობები თითქოს უხერხულად და არაკომფორტულად გრძნობდნენ თავს იმის გამო, რაც ხდებოდა. თითქოს ყველა მათგანი ფიქრობდა: „მოიცა, ეს სცენარი, რომელიც კორმაკ მაკარტიმ დაწერა, მართლა ისე ცუდია, როგორც ჟღერს?“ კი, არის.“

© არილი

Facebook Comments Box