პროზა

ლაშა ბუღაძე – ბეთჰოვენის მკლაური

lasha bugadze betxoveni22

– აქ მნიშვნელოვანია ბეთჰოვენის მკლაური და მისგან გამოთავისუფლება, განზე გახტომა და არ თუ ვერწამოგება ჯიუტი კაცის, პირქუში კომპოზიტორის პროვოკაციულ, თუმცა საკუთარი თავის ღირსების შეგრძნებით აღსავსე, თამამ გამოხტომაზე… ბეთჰოვენის მკლაური… იღლიის ძალა, დაჭერა, დაკავება, არგაშვება… ასევე მნიშვნელოვანია, ვის იჭერ იღლიით, ვის დატყვევებას ცდილობ შენი პრინციპულობით, შენი თავხედობით! გოეთე ყველა გათვლით მაღალი უნდა ყოფილიყო ბეთჰოვენზე… ათლეტური ტანით, გრძელი ფეხებით… გახსოვთ, როგორ აღწერს მის გვამს ეკერმანი? ოთხმოცსგადაცილებულ მოხუცს სრულყოფილი სხეული ჰქონია, არანაირი ნაზარდობა, არანაირი ჭარბი ქონიანობა… ახლა გამოვაკლოთ ამ აღწერილობას თითქმის ოცდაათი წელი, გადავინაცვლოთ ტეპლიცში, გავუყაროთ მკლაური ათლეტ გოეთეს, ბეთჰოვენივით დავდაბლდეთ და დაველოდოთ მარია-ლუიზესა და მისი ამალის ჩვენკენ ჩამოსეირნებას. თუკი მიცვალებული გოეთე ახდენდა ასეთ შთაბეჭდილებას, წარმოიდგინეთ, ცოცხალი რაღას იზამდა! რეპლიკა: ერთ ინგლისელს გული წაუვიდა, როცა ვაიმარში გოეთეს მოჰკრა თვალი… ვერ გაუძლო! და აი, ამ კოლოსს, ამ დიდებულ და დახვეწილ ტიტანს მკლაურით იჭერს ტანდაბალი, დიდთავა, დიდდინგა და გაუზრდელი ბეთჰოვენი… პლუს – ყრუ. ყრუ და უსაქციელო. ბეთჰოვენს არ უნდა, რომ გოეთე ხელიდან დაუსხდეს, გზა დაუთმოს მარია-ლუიზეს, განზე გადგეს და თავი დაუკრას. ბეთჰოვენის მკლაური ამბობს: მათ დაგვითმონ გზა და არა ჩვენ! მაგრამ გოეთე პოლიტიკოსია, მხრებზე პატარა ვაიმარი აქვს აკიდებული, თავზე ვერ გადააბიჯებს ნაპოლეონის ცოლს – მის ზურგს უკან დიდი ჰერცოგი და დიდი გეოპოლიტიკაა. ბეთჰოვენი მხოლოდ კომპოზიტორია, ვენა და მეტერნიხი ფეხებზე ჰკიდია, მარია-ლუიზე ვერაფერს… და ვერც მისი ყოვლისშემძლე ქმარი ნაპოლეონ ბონაპარტი აუხირდება თავის სიმამრს, ავსტრიის იმპერატორ ფრანცს, ვიღაც უზრდელი მუსიკოსის გამო! ამ დროს, გოეთე ვალდებულია იყოს ზრდილობიანი! ამიტომ დაუფიქრებლად, მცირე წაბრძოლების შემდეგ, ენერგიულად თავისუფლდება ბეთჰოვენის მკლაურისგან, განზე დგება, გზას უთმობს მარია-ლუიზეს და ვაიმარის საჰერცოგოს სახელით უხრის თავს…. ხოლო ბეთჰოვენი თავაწეული აპობს მარია-ლუიზეს ამალას… დიდთავა კაცი ორად ხლეჩს ქვეშევრდომებით გარშემორტყმულ მადამ ბონაპარტს და ამ საქციელით, პარდონ, ზედ თავზე ასაქმებს მის ქმარს და ევროპას! ესაა ბეთჰოვენი, ესაა ჯიქური სვლა ამ ალეგროში…

ეს თქვა და ხმა შეეცვალა, უფრო მტკიცე გაუხდა, კი არ დაიძახა, თითქოს გადმოაფურთხა:

– თავიდან!

მერე ხელები აიქნია და ხვნეშით უდირიჟორა რამდენიმე ტაქტს.

ასე ხმამაღლა მარტო პიანისტები და მოჭიდავეები ხვნეშოდნენ, დირიჟორები ნაკლებად, თუმცა თვითონ არც ესმოდა თავისი ხვნეშა – ხმას თუ იმას, რაც უნებლიედ გამოსდიოდა პირიდან, გაუაზრებლად, ხროტინით აყოლებდა მუსიკას და ზოგჯერ თავზე აფრქვევდა ცვარად ქცეულ ნერწყვს მის წინ მსხდომ ალტისტებს.

– ხროტინებ, – ეუბნებოდა ცოლი (თუ რაც ერქვა), მაგრამ ეს მაინც ღმუოდა. დარწმუნებული იყო, რომ უხმოდ დირიჟორობდა.

ახლაც იხიხინა, ბოლო ღილი შეეხსნა პერანგზე და თეთრი მაისური გამოუჩნდა, მაგრამ ეს არ იყო უშნო, ეს არ ქმნიდა უხერხულობას, ეს ნიშნავდა, რომ მუსიკაშია ჩართული.

კვნესით ასწვდა fortissimo-ს და უცებ ჩამოუშვა ხელები, ორკესტრმა, სანამ ჭრელ და უსახურ ბგერით ჟელეთ გადაიქცეოდა, ინერციით დაუკრა რამდენიმე ტაქტი.

– კარგი, – თქვა, –  მოვრჩეთ…

დღეს ბევრი მოუვიდა. ამდენი არ უნდა ელაპარაკა. ორკესტრანტებს არ უყვართ, როცა დირიჟორი ენას არ აჩერებს. ეს იცოდა, მაგრამ მაინც იქაქანა. ამ გაუნათლებლებს ნამდვილად არ აწყენდათ ბეთჰოვენზეც მოესმინათ რამე. ბეთჰოვენზეც! მარტო ბეთჰოვენის მოსმენა და შესრულება არ კმარა.

იღლიები ოფლისგან ჰქონდა სველი, თუმცა სუნი არ უდიოდა (“ეს წყალია და არა ოფლი” – უყვარდა თქმა), მოსასვენებელ ოთახში შებრუნდა, პერანგი გაიხადა, სააბაზანოში შევიდა და გამოვარდნილ ნეკნებზე, ბრმა ნაწლავის ოპერაციით ნაიარევ ფერდზე, იღლიაზე და თეთრ სახეზე მიისხა წყალი.

რობერტი (თუ ვინც იყო) დაუკაკუნებლად შემოვიდა ოთახში.

როგორც ყოველთვის, ახლაც საქმიანად, ყოვლისმცოდნედ და უშუალოდ ეჭირა თავი; სავარძელზე მიგდებული სველი პერანგი სააბაზანოში შეიტანა, ერთი პირსახოცი მხრებზე მოახურა, მეორე – უფრო პატარა – თავზე, თმის საშრობი ჩართო, ხელისგულზე შეამოწმა, ზედმეტად ცხელი ხომ არ იყო და კეფაზე მიუშვირა.

– ა, ნუ დამწვი, – დაუყვირა.

რობერტმა უკან გაწია.

მოაკაკუნეს.

ახლა მხოლოდ ერთ კაცს შეეძლო მოკაკუნება.

კარის ღრიჭოში მსხალივით წაგრძელებული თავი გამოჩნდა.

მსხალმა (თუ რაც იყო) შეწუხებული სახით შემოაბიჯა, ფეხით გაასწორა კარის გაღების გამო ოდნავ გადაწეული ხალიჩა და რადიატორთან ჩამოდგა (ყოველთვის აქ დგებოდა ხოლმე).

– თოთხმეტში ვერ იმღერებს, – თქვა, – ციკლი აქვს.

– ერთი თვის წინ არ იცოდა?

– ჟურნალში ჩავხედე, ამ დროს მოუდის.

ჟურნალი, სადაც პედანტურად აღენიშნათ, რომელ სოპრანოსა თუ მეცოს როდის უნდა ჰქონოდა მენსტრუაცია (რათა შეცდომით მაინც და მაინც იმ დღეებში არ დაენიშნათ კონცერტი ან საოპერო სპექტაკლი), ტრადიციულად, დასის ხელმძღვანელს ედო მაგიდის უჯრაში. ხუმრობდნენ, რომ დასის ხელმძღვანელი ბალიშის ქვეშ ინახავდა ამ ჟურნალს – თუ არ ჩახედა და არ გაიაზრა, ვერ იძინებსო. წლის კალენდარი მომღერალთა ციკლის მიხედვით ჰქონდა აწყობილი. ამბობდნენ: “საკუთარ ცოლზე არ ახსოვს და გუნდის სოპრანოებზე წუთობრივად არტყამს”.

– როდის მოუდის?

– წესით, თორმეტში.

– ბოდიში, სპექტაკლს ვერ გადმოვწევ მაგის გამო.

– ჩაკალიდია ნორმაში.

– ფეხმძიმედაა? მენსტრუაცია არა აქვს?

გაიცინეს. ჩაკალიდს ოთხი შვილი ჰყავდა.

– ჩაკალიდს ოცდასამი-ოცდაოთხის ფარგლებში იქნება დაკავებული.

– თორმეტში ჩასვი.

ამაზე მორჩნენ.

მსხალი გასვლას არ ჩქარობდა. რობერტმა საშრობი მოაშორა.

– რა?

– ხელმოწერაა საჭირო. კულტურის ცენტრის საიტზე დებენ. გვთხოვეს.

– რა ხდება?

დიახ პლებისციტს. უკვე ასზე მეტი ხელმოწერაა.

მსხალმა რობერტს მიაწოდა ფურცელი, რობერტმა – ამას.

ისევ ხვნეშა… როგორც იმ თორმეტი ტაქტის შესრულების დროს ოცი  წუთის წინ.

– თუ დიახ, ესე იგი, დიახ, – თქვა.

ჩვენ, კულტურისა და ხელოვნების მუშაკები, სრული პასუხისმგებლობით განვიცდით და ვგრძნობთ ისტორიული მომენტის მნიშვნელობას და მოქალაქეობრივი რწმენით ვუერთდებით პლებისციტის ჩატარების მოთხოვნას: სწორედ პროგრესის იდეა და გაჯანსაღების პროცესის შეუჩერებლობაა ის მიზეზი, თუ რატომაც ვითხოვთ კონსტიტუციის ცვლილებას და სახელმწიფო მეთაურად ყოფნის ვადის ხუთი წლიდან შვიდი წლით გაზრდას. რეფორმებს დასრულება სჭირდება, ეს კი მხოლოდ რეფორმატორთა გუნდს და მის თავკაცს სძალუძთ. მივცეთ ჩვენს ქვეყანას განვითარების შანსი – მხარი დავუჭიროთ საყოველთაო პლებისციტს.       

74. ბლიაძე გაბრიელ – დირიჟორი

– სერ თომას ბიჩემი ხუმრობდა: მთავარია, ერთად შესვლა და ერთდროულად დასრულება, თორემ შუაში რა ხდება, ეს დიდად პუბლიკას არც ესმის.

ჟურნალისტებს გაეცინათ.

დირიჟორმა კოლონებთან მდგომ თავისიანებს გახედა – უნდოდა დაენახა, მათაც ეღიმებოდათ თუ არა. მსხალი კმაყოფილი იმანჭებოდა, რობერტს, როგორც ყოველთვის, იდიოტის გამომეტყველება ჰქონდა.

– ახლა ისე არ დაწეროთ, თითქოს ეს ჩემი სიტყვები იყოს, ფრაზა ეკუთვნის ბრიტანელ დირიჟორ სერ თომას ბიჩემს… თოო-მას ბიი-ჩემს, – დამარცვლა გაბრიელმა, რადგან დარწმუნებული იყო, თუკი, სულ ცოტა, სამჯერ მაინც არ გაიმეორებდა უცნობ გვარს, ჟურნალისტები დამახინჯებულად ჩაწერდნენ.

მისთვის რომ მიეწერათ ბიჩემის სიტყვები, შესაძლოა ვინმეს სწყენოდა – ასეთი დაბალი წარმოდგენის ყოფილა თავის პუბლიკაზე? დირიჟორი გაბრიელ ბლიაძე ფიქრობს, რომ ჩვენი მსმენელი გაუნათლებელია. ერთ ფრაზას დიდი უხერხულობის გამოწვევა შეეძლო. არ უნდა ეთქვა, თუმცა რახან მსხალს საყვედური არ გამოეხატა სახეზე, ესე იგი, განსაკუთრებით ცუდი არაფერი მომხდარიყო. მსხლის სახე იყო მისი გამონათქვამების ყველაზე ობიექტური შემფასებელი.

სუბიექტური შემფასებელი სახლში იჯდა.      

– ჩვენს მსმენელს ვერ მოატყუებ, ის ხელად ამოიცნობს ყალბ ნოტს და თუკი ტაშს დაგიკრავს, მხოლოდ სიბრალულით, რაც ყველაზე მძიმე განაჩენია მუსიკოსისთვის.

მსხალს მოუსვენრობა დაეტყო სახეზე, 154-ე სეზონი იხსნებოდა, ზოგადი სიტყვების რახა-რუხს უნდა მორჩენილიყო და მოკლედ, სხარტად, ერთ წინადადებაში ეთქვა (ისე რომ, საინფორმაციო გამოშვებებში ვერ დაეჭრათ) რაიმე ოფიციალურად პომპეზური.

– კონცერტს ქვეყნის ჰიმნით გავხსნით, რომელსაც ბიჭუნათა კაპელა შეასრულებს,  მხოლოდ ბავშვები, არანაირი უფროსი თაობა. როგორც ხმოვანი სიმბოლო, წარსულიდან მომავალში გადასროლილი ხმოვანი ჟესტი. მერე – ბეთჰოვენი, “ეგმონტი”.

წინადადების დასრულება ბიჭუნათა კაპელით სჯობდა, დანარჩენს ამოუჭრიდნენ.

ჩვენი მოქალაქეებისა და უმთავრესი ადამიანური ღირებულებების დაცვის მიზნით, სრულად ვუჭერთ მხარს სასაზღვრო რეგიონებში იძულებითი მშვიდობის სამხედრო ოპერაციის ჩატარებას და ისე როგორც არასდროს, რუდუნებით შევთხოვთ ჩვენს ხელისუფლებას, რაც შეიძლება სწრაფად დაამყაროს წესრიგი და სამართლიანობა.       

114. ბლიაძე გაბრიელ – დირიჟორი

        

– ბეთჰოვენს დიდი სული აქვს, მოუსმინეთ ალტებს, მოუსმინეთ ფონს… ეს მისი სულის მოძრაობაა…

ჩელისტებს მობილიზება აკლდათ, ჰობოისტს სურდო ჰქონდა და თითქოს ინსტრუმენტიც გასციებოდა – ყრუ ხმას გამოსცემდა. დასარტყამი ბლაგვ და უსიამოვნო ბგერას…

გაბრიელს თეთრი პირსახოცი გადაეკიდებინა კისერზე და ოფლს მარჯვენა ხელით იწმენდდა.

– ვისაც ეძინება, ძირს დაწვეს და დაიძინოს, ოღონდ იცოდეს, რომ არც კონცერტზე დაუკრავს და ხელფასიდან ორმოც პროცენტს მოაჭრიან.

ბოროტად იხუმრა, არავის გასცინებია.

სცენაზე ბაგირიძე იდგა… სამგლოვიარო გვირგვინის მსგავსი ვარცხნილობით. კოლეგის ციკლმა სეზონის გახსნა არგუნა ბედად. არანაირი მენსტრუცია – მხოლოდ ტრიუმფი. სატელევიზიო ინტერვიუები კონცერტის მერე.

უშნო, მაგრამ ძლიერი ხმა ჰქონდა. გერმანული არ იცოდა – შემზარავი აქცენტით მღეროდა, თუმცა გერმანული არც მსმენელმა იცოდა, როგორმე აიტანდნენ. მით უმეტეს, სამღერიც თითქმის არაფერი იყო.

– “ეგმონტში” მთავარი უვერტიურაა, – თქვა მსხალმა, – მაგის ყროყინს ისედაც არავინ მოუსმენს.

მოვუწოდებთ სახელმწიფოს მეთაურს, არ აჰყვეს ერთ-მუჭა ავანტიურისტებს და წარმატებით აღასრულოს ის მნიშვნელოვანი მისია, რომელიც ქვეყნის საკეთილდღეოდ დააკისრა ხალხმა: თვითმმართველობა ეკუთვნით მოქალაქეებს და არა ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოპულისტებს. არა დამატებით კვოტებს!

        

56. ბლიაძე გაბრიელ – დირიჟორი

         …

         ეს ადრეც უთქვამს და ახლაც მოუწია გამეორება: “მე არ მეხება პოლიტიკა, მე მუსიკოსი ვარ, მაგრამ ზოგჯერ ქვეყნის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა გაჩუმება შეუძლებელია, როცა არა მხოლოდ მუსიკით, მაშასადამე შენი პროფესიით, არამედ სიტყვით, საქმით უნდა გამოხატო შენი პოზიცია.”

ვიღაც მემარცხენეს (ნორამ ასე თქვა) მლიქვნელად მოუხსენიებია თავის სტატიაში.

ამ სიტყვებისთვის, წესით, ყურადღება არც უნდა მიექცია (დილიდან საღამომდე ორკესტრთან და სოლისტებთან ატარებდა რეპეტიციას), მაგრამ ინტერნეტშიც გაკრეს კბილი სასაზღვრო რეგიონებში ჯარის შეყვანის მოთხოვნაზე ხელისმოწერის გამო. 

– უნდა შევიდეთ, – გაბრაზდა, – ჩავსხდეთ ტანკებში და შევიდეთ. საჭირო იქნება დაბომბვა? უნდა დავბომბოთ! ხიშტებზე ავაგოთ ქალიან-კაციანად, ჭკუა რომ ისწავლონ.

ბაქი-ბუქობდა. სახლში იყო, სავარძელზე იჯდა, მწვანე ჩაის სვამდა და შედარებით შინაურ მსმენელებთან ქადაგებდა (მათ შორის, სოლისტებთან, რომელთაც გვერდიდან არ იშორებდა).

– ხმას ამოიღებს ვინმე და ადგილზე უნდა დახვრიტონ, აქ ენისმოჩლექით ლაპარაკი არ შეიძლება. თუ საჭირო იქნა, ტანკზე დავდგები და ისე ვიდირიჟორებ. სულ ძალით უნდა ასმენინო ჩვენი კომპოზიტორები და მერე იძახონ: კულტურული ექსპანსია, კულტურული ექსპანსია! სხვანაირად არ გამოვა, სიკვდილამდე ამას ვასმენინებთ.

ცენტრალურ ტელეარხზე ოფიციოზისგან დაშვებული პატრიოტული ყიჟინა აეტეხათ წამყვან ჟურნალისტებს, გაისმა ოპერის მთავარი დირიჟორის გვარიც, მსხვილად აჩვენეს მისი ხელმოწერაც (სხვებთან ერთად).

საინფორმაციოს შინაურებთან ერთად უყურა და თითქოს ყველამ გულწრფელად მოიწონა იქ ნანახი, თუმცა როცა ხალხი წავიდა, თავი იმაზე მეტად უსიამოვნოდ იგრძნო, ვიდრე წარმოედგინა, ხასიათი მოეშხამა და შეეცადა, ნორასგან მაინც მოესმინა ის, რისი მოსმენაც უნდოდა; რომ არაფერი გაუფუჭებია ამ ხელმოწერით.

 

ნორამ არადამაჯერებლად დაამშვიდა.

ეს კიდევ უფრო შეწუხდა:

– მოკლედ, იმდენს ვიზამ, მარტო აბონემენტის ხალხი ივლის ჩემს სპექტაკლებზე.

ვითომ გაიხუმრა, თუმცა მართლა შეეშინდა, ვაითუ ნორმალურ ხალხს “მთავრობის მიერ დანიშნული დირიჟორის” საოპერო სპექტაკლების ნახვა აღარ მოუნდესო… მერე აღარც მემარცხენე სტუდენტებს (თუ როგორც ერქვათ, ჯანდაბა) მოუნდებოდათ მის “არაკლასიკურ” ინტერპრეტაციებზე დასწრება და დარბაზში მხოლოდ მძინარე მოხუცები შერჩებოდა. წამლის სუნი, ნაფტალინი და თვლემა. შედეგად – არასწორი ტემპები და ზოზინა ბეთჰოვენი. მოხუცები ისედაც აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენდნენ დარბაზში და კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა, თუკი ცარიელი ადგილები დარჩებოდა ფეხზე სადგომ სექციაში. ცარიელ ადგილებს ისევ ის პლაკატით ხელში მდგომი მემარცხენე სტუდენტი სჯობდა, რომელიც ექვსი თვის წინ, “იუპიტერის” პირველ ტაქტებამდე გაათრიეს დაარბაზიდან; სტუდენტმა დირიჟორის გამოსვლისთანავე გაშალა პლაკატი (ზედ წითლად მიწერილი სიტყვებით: “მონა”), რაღაც უზრდელური დაიყვირა და პარტერში გადმოაგდი. პარტერი დაიბნა, მოხუცები გამოფხიზლდნენ (adaggio-მდე), დირიჟორი გაღიმებას შეეცადა (“ვიღაც ბავშვია”). წარწერა არ დაუნახავს, უთხრეს. ამ დროს, მსხალმა მოატყუა, მარტო პაცეფისტური სიმბოლო დავინახეო, “მონა” არ უხსენებია.  

ვის მიმართავდნენ ასე? ცხადია, არც მოცარტს, არც იუპიტერს…

ინციდენტი უცებ დაივიწყა, თანამშრომლებმა ისეთი გზნებით ლანძღეს “ვიღაც მოსყიდული ლაწირაკი”, რომ ცოტა ხნით გულწრფელად დაიჯერა მათი სიბრაზე.

მაინცდამაინც იმ დღეებში მოუწია ოფიციალურ ვახშმებზე სიარული (ზედიზედ სამჯერ ქვეყნის მეთაურის სასახლეში), სადაც ისევე იზარებოდა მისვლა, როგორც არმისვლის ეშინოდა.

– მორჩა, – თქვა, – სულ ცოტა, ერთი წელი ვეღარავინ დამინახავს ამათ გვერდით.

ეყო პოლიტიკოსები.

მოვითხოვთ ექსტრემისტულად განწყობილი ეგრეთ წოდებული ვაი-პოლიტიკოსებისათვის ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ორგანოს დეპუტატის წოდების ჩამორთმევას. პარლამენტი ექსპერიმენტების ადგილი არაა!

61. ბლიაძე გაბრიელ – დირიჟორი

გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულწრფელი მილოცვა და კვლავაც გვიგულოთ ერთგულ თანამებრძოლებად.

231. ბლიაძე გაბრიელ – დირიჟორი

         …

         ყველანი დავდგეთ ქვეყნის სადარაჯოზე! დავდგეთ ჩვენი ფლოტის გვერდით!

         …     

86. ბლიაძე გაბრიელ – დირიჟორ

გილოცავთ, ჩვენო ბრძენო სულიერო მამავ! თქვენით კურთხეულნი ვზეიმობთ წლევანდელ შობა-ახალ წელს.

408. ბლიაძე გაბრიელ – დირჟორი

45. ბლიაძე გაბრიელ – დირიჟორი.

24. ბლიაძე გაბრიელ – დირიჟორი.

8. ბლიაძე გაბრიელ – დირიჟორი.

201. ბლიაძე გაბრიელ – დირიჟორი.

თქვენო აღმატებულებავ, უმორჩილესად გთხოვთ, სწორედ იმ სასახელო საქმეთა გათვალისწინებით, რომელიც სამართლიანად დაძაბუნებულ ადამიანებს, ჩვენს კოლეგებს, ამ გზააბნეული ახალგაზრდების მშობლებს აქვთ გაკეთებული, შეცვალოთ უმაღლესი ზომა (უვადო პატიმრობის ვადა) თხუთმეტწლიანი პატიმრობით, რათა მათ ჯეროვნად შესძლონ თავისი უმსგავსო, უბინძურესი, არაადამიანური და არასახელმწიფოებრივი დანაშაულის ჩადენის სურვილის გააზრება. ისინი ყველაფერს იმსახურებენ, მაგრამ სწორედ მათი ახალგაზრდული ასაკის გათვალისწინებით, ვბედავთ და გთხოვთ ხსენებული ჯგუფის ნაწილობრივ შეწყალებას.

71. …

ხუთი დღე იჭოჭმანა, მოეწერა თუ არა ხელი ამ ტექსტისთვის.

ორჯერ მოადგნენ ხელისმოსაწერად. ერთხელ თავად “გზააბნეულის” მამაც… კომპოზიტორი. შეშინებული, დაკოჭლებული ტრაგიკული კარიკატურა… ცრემლები მოადგა, ებოდიშა, მიედ-მოედო, შვილი გალანძღვა. “ვიცი, ვიცი” – იძახა ამან. უმძიმესი ხელმოსაწერი იყო. 19-20 წლის ბიჭებმა საესტრადო სცენის ნაწილი ააფეთქეს, სადაც ქვეყნის მეთაური უნდა დამდგარიყო 12 ოქტომბერს. ფარდას ცეცხლი მოეკიდა, სცენა აალდა. კაცს კლავდნენ ფაქტობრივად! მემარცხენეები იყვნენ, მაგრამ ოფიციალურ გაზეთებში ნეოფაშისტებს ეძახდნენ. თან ყველანი სახელოვნებო სასწავლებლის სტუდენტები. მათ შორის – ორი კლარნეტისტი.

იყო შეკითხვები: როგორ მოახერხეს? როგორ გამოეპარათ სამართალდამცველებს? მათგან ერთ-ერთს 12 ოქტომბრის საზეიმო კონცერტზე უნდა დაეკრა. ეჭვი ჰქონდათ, რომ იქ შესასვლელი საშვები სწორედ მან გამოუწერა “ბანდის წევრებს” (ასე წერდნენ გაზეთებში).

გენერალურმა პროკურორმა უმაღლესი ზომა მოითხოვა: “დახვრეტა რომ შეიძლებოდეს კანონით, დახვრეტას მოვითხოვდი”.

ყველა “ვერშემდგარ ტერორისტულ აქტზე” ლაპარაკობდა. ოფიციალური ტელეარხების თოქ-შოუებში ამათი მშობლების დასჯას მოითხოვდნენ. თუმცა მწერალთა სახლში გაჩნდა მოსაზრება, რომ ქვეყნის მეთაურისთვის ნაწილობრივი შეწყალების თხოვნით მიემართათ, რადგან ამ ჯგუფში არ იყო მონაწილე, ვის მშობელსაც ერთხელ მაინც არ მიეღო სახელმწოფოსგან დიდი თუ მცირე ჯილდო. უცნაური იყო ისიც, რომ ტერორისტებს შორის აღმოჩნდა ცნობილი მწერლის ვაჟიც, რომლის მამაც ქვეყნის მეთაურის მეგობრად იყო მიჩნეული. ჰყვებოდნენ, რომ ეს კაცი ზღვარზე იყო, რომ შვილი, ასეთი შვილი, უარეყო.                        

რაკი ნაწილობრივი შეწყალების იდეა მწერალთა სახლიდან წამოვიდა, სხვების არ იყოს, გაბრიელსაც გაუჩნდა ეჭვი, რომ ამ მოთხოვნის თხოვნაც ზემოდან იყო დაშვებული (წინააღმდეგ შემთვევაში, მწერალთა სახლი ასეთ აქტიურობას არ გამოიჩენდა), ამიტომ როცა ბოლოს და ბოლოს, ხუთი დღის თავზე (ხოლო სასამართლოდან ერთი თვის მერე) ნაწილობრივ შეწყალებას მოაწერა ხელი, შინაგანად სწორედ ამ მიზეზით მიიღო გადაწყვეტილება, თორემ სხვა შემთხვევაში (ვთქვათ, მხოლოდ მშობლებს რომ ეთხოვათ ხელისმოწერა), ძალიან მტკივნეულად, დიდი გულისტკივილით და დარდით იტყოდა უარს.

ახლა კი შედარებით თამამად დასვა ხელმოწერა.

მაგრამ ერთ კვირაში 115-ივე ხელმომწერს არაოფიციალურად მოთხოვეს უკან წაეღოთ თავიანთი ხელმოწერები. ტერორისტები უნდა დასჯილიყვნენ.

ვერავინ გაიგო, რა ხდებოდა. 115-ვე დაიბნა. რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში? რატომ გამკაცრდა ქვეყნის მეთაური? თუ იქნებ თავიდანვე მკაცრი იყო და მწერალთა სახლის წევრებმა სპონტანურად, ზემოდან თქმის გარეშე მოინდომეს ნაწილობრივ შეწყალებაზე ხელმოწერების შეგროვება? ვითომ შესაძლებელი იყო ასეთი რამე? ვინ და სად დაუშვა შეცდომა?

რა თქვა გაბრიელმა? ცხადია, თქვა: “უკან არ წავიღებ”. მაგრამ ეს თქვა ოპერაში, თავის კაბინეტში, საბიუჯეტო ორგანიზაციაში, უახლოესი თანამშრომლების თანდასწრებით, რეპეტიციის წინ.

ვინმემ წაიღო უკან იმ 115-დან? ჯერჯერობით, არავინ.

საინფორმაციო გამოშვებებში ხელმოწერები არც უხსენებიათ. ვინმეს უნდა ენახა, რას იტყოდნენ ოპოზიციურ საკაბელო არხზე (რომელსაც მარტო დედაქალაქის მოსახლეობა თუ უყურებდა), გაბრიელი “ეგმონტზე” უნდა კონცენტრირებულიყო.

– უნდა გვახსოვდეს, რომ აქ ბეთჰოვენი თეატრალურია. სიმფონისტს თეატრალი უპირისპირდება.

ზოგადად ილაპარაკა. უინტერესოდ და ფორმალურად, თავში უკან წასაღები ხელმოწერა უტრიალება.

შეცდომა ხომ არ დაუშვა?

– რა უნდა, – ჰკითხა ნორას, – ჯიუტად ვთხოვოთ ნაწილობრივი შეწყალება თუ გავაუქმოთ ხელმოწერები?

ოფიციალური პირი, რომელმაც ხელმოწერის უკანწაღება სთხოვა, არც იმდენად დიდი მოხელე იყო, რომ მეთაურის უპირობო ბრძანების გამცხადებლად ჩაგეთვალა და არც იმდენად პატარა, რომ უგულისყუროდ დაგეტოვებინა მისი რჩევა.

რა უნდოდა, ნორა, გავჯიუტებულიყავით თუ უარი გვეთქვა ნაწილობრივ შეწყალების თხოვნაზე?

ბუნებრივია, ამის გამოცნობა მნიშვნელოვანი იყო, და არა როგორც მხოლოდ საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის, არამედ დირიჟორისთვის, ადამიანისთვის. კაცს კლავდნენ და თუ მას შეწყალება არ უნდოდა, დანაშაული იქნებოდა, პოტენციური მკვლელების შეწყალების თხოვნით მიგემართა.

– არ უნდა მომეწერა.

ჰო, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ თხოვნა ზემოდან მოდიოდა – ამ 115 კაცს დიდსულოვნების გამოჩენის საშუალება უნდა მიეცა ქვეყნის მეთაურისთვის, სხვანაირად რას გაბედავდნენ! ქვეყნის მეთაურს უნდოდა, რომ კეთილი ყოფილიყო და უარი არ ეთქვა კულტურის მოღვაწეების თხოვნაზე. როგორც მზრუნველ მამას შეშფოთებული შვილებისთვის. რა უნდოდა ამის გაგებას.

– მოსხსნან სხვებმა და მერე შენც მოხსნი, – თქვა ნორამ.

მოხსნიდა? ასე ადვილად ვეღარ მოხსნიდა. მერე მემარცხენე სტუდენტები? პლაკატები? “მონა”? საკაბელო ტელეარხი?

პლაკატები კი არა, აღარც კონცერტები იქნებოდა, თუკი სახელმწიფოს არ მოუნდებოდა, რომ მისი ხელმოწერა იქ ყოფილიყო.

უკან წაიღებდა, არა უშავს, იტყოდა, რომ საქმის დეტალები არ იცოდა და როცა ახლა გაიგო, მორალური უფლება აღარ ჰქონდა, თუნდაც ნაწილობრივი შეწყალება ეთხოვა ქვეყნის მეთაურისთვის. რატომ? იმიტომ, რომ ეს ტერორიზმია, მკვლელობის მცდელობაა, დიდი ბოროტება და უპასუხისმგებლობაა.

ასე ეტყოდა, რადგან მართლა ასე ფიქრობდა, ტყუილი არც გამოუვიდოდა, უბრალოდ, იმიტომ მოაწერა ხელი, რომ იმათი შვილების გვარებიც ერია ამ სიაში, ვისაც მისნაირად არაერთხელ მოეწერა ხელი მთავრობისადმი გაგზავნილი მოწოდებებისთვის, და დიდი მწერლის ნაბიჭვარიც იქ იყო, ხოლო დიდი მწერალი ქვეყნის მეთაურის მეგობრად მიიჩნეოდა, და იმიტომაც რომ მწერალთა სახლიდან გამოუგზავნეს 70 ხელმოწერით შევსებული თხოვნა და ამან დაასკვნა, რომ ეს სწორედ სახელმწიფოსგან იყო ნებადართული, და რომ რეალურად ფეხებზე ეკიდა, რას ითხოვდა და ვინ უნდა შეეწყალებინათ, და ის კოჭლი კაციც შეხვდა გამოსასვლელში, ადამიანის კარიკატურა, ჩაწითლებული თვალებით, და ეს ნაგავი მემარცხენე სტუდენტებიც პლაკატებით იპარებოდნენ საოპერო თეატრში, ფეხზე სადგომ სექციაში, და რომ შეიძლება არც ჩათვლილიყო დიდ დანაშაულად თერთმეტი იდიოტის მიერ ფარდაზე ცეცხლის წაკიდება, როცა დაბალრეიტინგიანი საკაბელო ტელეარხზე, რომელსაც დღეს თუ არა ხვალ მიადგებოდა ფინანსური პოლიცია (რასაც აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა მისი გათიშვა), თავად თხოვნათა ობიექტს, სახელმწიდოს იხსენიებდნენ დამნაშავედ, მაგრამ არ ეგონა – და არ ეგონა არც ერთს იმ ასთხუთმეტთაგან – რომ სახელმწიფოს ასე გაუფრთხილებლად აღარ მოუნდებოდა ყოფილიყო დიდსულოვანი.        

– წაიღონ და მერე შენც წაიღებ.

და რომ არ წაეღო? და პირიქით, განცხადება რომ დეწერა თანამდებობოდან წასვლის შესახებ? დაედო დირიჟორის ჯოხი და ბეთჰოვენი კულტურის სამინისტროსთვის გადაებარებინა, ორდღიანი გმირი გამხდარიყო დაბალრეიტინგიან საკაბელო ტელეარხზე და საერთაშორისო კარიერის დაძვრას ცდილიყო, თუკი, რა თქმა უნდა, აცდიდნენ, ოღონდ უკვე არა როგორც მუსიკოსს, არამედ კერძო პირს, დაუცველ სამოცდამეცამეტეს, რომლის შეცდომასაც სახელმწიფო არასდროს დაივიწყებდა. როგორ განაჩენს გამოუტანდნენ უშუალოდ მას? დიდი არჩევანი არც ჰქონდათ, შორს წასვლა არ მოუწევდათ – მძიმეს.

კარგი, უკან წაიღებდა, მაგრამ პრაქტიკულად როგორღა წაეღო? განცხადება გაეკეთებინა, რომ შეცდა და ხელი არ უნდა მოეწერა? საჯაროდ გადაეჯღაპნა თავისი გვარი?

ტექსტი მწერალთა სახლის საიტზე იდო. ქვეშ 115 ხელმოწერით. მაგრამ ეს კვირას. ორშაბათს დილითაც კი.

შუადღიდან რიცხვები შემცირდა.

– აქ ორი სხვა და სხვა ბეთჰოვენია, ჯერ დუნე, ფატალური, მერე ექსპრესიული, ახალგაზრდული…

კინაღამ “მემარცხენე” თქვა. ისევ ეს ფეხზე სადგომი სექციის ლაწირაკები!

“ეგმონტში” ყველაზე დიდი ენერგია უვერტიურაში იხარჯება, ცენტრი აქაა, დასაწყისში.

გაბრიელი მუსიკის რიტმში ხროტინებს, ოფლად იღვრება, მაგრამ ეს მხოლოდ შესავლის მეორე, “ექსპრესიულ” ნაწილში, მერე შუბლიც აღარ ეცვარება – მშრალად, გმინვის გარეშე დირიჟორობს “ეგმონტის” დარჩენილ მუსიკას. ეძინოთ მოხუცებს, ეს არ აღელვებს, თუ უნდათ, დაიხოცონ კიდეც.

კაბინეტში მხრებზე პირსახოცმოხვეული შედის, წელს ზემოთ იხდის და თავს საშხაპეს უშვერს. წყლის შხეფები შარვალს უსველებენ, თუმცა გახდა ეზარება.

მსხალი და რობერტი ოთახში ხვდებიან.

რა ხდება?

ოფიციალური ტელეარხების გარდა, ყველა თერთმეტ ტერორისტზე ლაპარაკობს. მსხალს სახეზე ამჩნევია ამ ამბის აქტუალობა.

– ხელმოწერებს ხსნიან, – ამბობს.

მწერალთა სახლის საიტზე 115-იდან რვა ხელმოწერაღა დარჩენილა. 73-ე ჯერ კიდევ ადგილზე ყოფილა. წუთში ერთხელ გააქვთ ხელმოწერები. თვალწინ ქრებიან.

ეს უკვე მეტისმეტია. გაბრიელს მოთმინების ფიალა ევსება:

– მოხსენი, ჩქარა! დაურეკე!

მსხალი მწერალთა სახლში რეკავს. დაკავებაა. ალბათ, ის რვაც ახლა რეკავს.

ეგდონ ციხეში! სამუდამოდ! კაცს კლავდნენ. სცენის მუშები რომ მომკვდარიყვნენ? სხვებმაც უნდა ისწავლონ ჭკუა, მაგალითი არ უნდა იყოს სხვებისთვის. საქმის დეტალები არ ვიცოდით, თქვენო აღმატებულებავ, რა ინფანტილიზმია!

პლაკატებს უკანალში შეტენიან მემარცხენე სტუდენტებს, მოეთრნენ, იყვირონ, ამათი არავის ეშინია. ნურც ივლიან. ეგმონტი მათ გარეშეც მშვენივრად მოკვდება. ლანძღონ საკაბელო ტელეარხზე, ეძახონ მონა და კონფორმისტი. ეძახონ, რაც უნდათ! რობერტ, თმის საშრობი! სეზონი იხსნება. ჩელოებს სძინავთ, სიცოცხლე უნდა შთაბეროს. ამაზე იფიქროს, კლერჰენის მენსტრუაციაზე თუ თერთმეტ ნაბიჭვარზე!

მოხსნან ხელმოწერა! მოხსნან ხელმოწერა! მოხსნან ხელმოწერა!

მსხალი მკაცრად ჩასძახის ტელეფონს.

მოხსნან.

გაბრიელს შხეფები წინწკლებად ეტყობა შარვალზე, ისე ჩანს, თითქოს ზედ დაეფსა, რობერტი შარვლის გამოცვლაში ეხმარება.

შვიდი ხელმოწერა…

ექვსი…

ხუთი.

სხვებიც ჩქარობენ.

73-ს არ დაადგა საშველი. რეპეტიცია 10 წუთში განახლდება, სცენაზე კლერჰენი შემოვა.

73. ბლიაძე გაბრიელ – დირიჟორი.

– მოხსნეს!

მოხსნეს?

მოხსნეს.

როგორც იქნა.

73 ქრება.

– ბეთჰოვენს დიდი სული აქვს, ეს მისი სული ღმუის კონტრაბასიდან.

კლერჰენი ხმაზეა.

დირიჟორი ჩელოებს უყვირის.

რამხელა შეცდომა დაუშვა. რატომ შეეფეთა ის მტირალა კაცი, კოჭლი კარიკატურა…

დღის ბოლოს საერთო ტექსტიც ქრება მწერალთა სახლის საიტიდან.

– გამიკვირდა, რომ ზოგიერთმა ჩემმა მეგობარმა, ყველასათვის ცნობილმა მოქალაქემ უკან წაიღო თავისი ხელმოწერა ამ ახალგაზრდების ნაწილობრივი შეწყალების შესახებ. გულწრფელი ვიქნები, ცოტა არ იყოს, დამაბნია ჩვენი საზოგადოების რჩეული წევრების პოზიციამ, თუმცა, ალბათ, მათ ჰქონდათ მიზეზი, თუ რატომ ითხოვდნენ თავიდან ნაწილობრივ შეწყალებას და შემდეგ, რატომ წაიღეს უკან თავიანთი მოთხოვნა.

აუტანლად ნაცნობი სახე, ხმა, ხელები, საათი მარჯვენა ხელზე, მოკლედ შეკრეჭილი, ქერად შეღებილი თმა, ბოტოქსით შევსებული ყვრიმალები, გამქრალი მიმიკა, რეზინის ღიმილი.

ოფიციალური ტელეარხების მთავარი სახე, მთავარი ტემბრი, მთავარი გულწრფელი.

სახელმწიფოს მეთაურმა თერთმეტი კრიმინალის ნაწილობრივ შეწყალებას მოაწერა ხელი, ბავშვები სამუდამო პატიმრობას გადაურჩნენ, მხოლოდ თხუთმეტი წლით დარჩებოდნენ ციხეში.

ჰო, აქ მხოლოდ მეთაური უნდა ყოფილიყო ჰუმანური, გმირობის უფლება მას ჰქონდა და არა იმ 115-ეს.

– თავზე დაგასაქმათ, – თქვა ნორამ.

ძალიან კარგი. რისხვას დაცინვა სჯობია. რას აწერდნენ, თუკი უკან წაღებას აპირებდნენ?

ახლა ყველა ხედავს, ვინ ვინაა. მათ შორის, საკაბელო ტელე-არხებზეც.

პირველი რეაქცია:

“განცხადებას დავწერ ოპერიდან წასვლის შესახებ”.

მერე – პაუზა.

ჯერ არა. “ეგმონტის” მერე. წინ სეზონის გახსნაა. სახელმწიფო ჰიმნი, ბეთჰოვენი. არც ერთი პლაკატი დარბაზში.

დირიჟორი სცენაზე გამოდის, ორკესტრი ფეხზე დგება. სამთავრობო ლოჟა ცარიელია.

არ მოვიდა.

ჩელოები დუნედ უკრავენ.

მოხუცებს სძინავთ.

დაგვსაჯა?

თქვენო აღმატებულებავ…

გულწრფელი სინანულით, პატივისცემით,

გაბრიელ ბლიაძე – სახელმწიფო ოპერის სამხატვრო

ხელმძღვანელი, მთავარი დირიჟორი

© “არილი

Facebook Comments Box