ლაშა ბუღაძე, Lucrecia515 (რომანი), თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ, 2014.
2014 წლის დასაწყისში ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ’’ მკითხველს ლაშა ბუღაძის ორი ახალი წიგნი, რომანი ,,Lucrecia515’’ და ,,როიალ ქორთში’’ დადგმული პიესა – ,,პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა’’ წარუდგინა.
მოკლედ და პირდაპირ რომ ვთქვათ, ერთი ,,კარგი’’ აღმოჩნდა, მეორე – ,,არც ისე’’.
ახლა, სწორედ ამ ,,არც ისეს” განვიხილავთ.
,,Lucrecia515’’ ერთდროულად საპნის ოპერასაც ჰგავს (შესაბამისად, მარიო ვარგას ლიოსას წიგნებს) და ბეგბედერის რომანებსაც და თანამედროვე დონ ჟუანის ქაოტური ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
სანდრო პოლიგამიისკენ მიდრეკილი, ფრუსტრაციისგან გატანჯული საშუალო რგოლის წარმომადგენელია და ,,ბედნიერი სექსის’’ მისაღებად (სინამდვილეში, ალბათ უფრო რუტინისგან გასაქცევად) ხშირად უწევს ტყუილების თქმა, ისტორიების შეთხზვა.
რომანში სამი ძირითადი პერსონაჟია: სანდრო, ქეთი – სანდროს ცოლი და ანა – სანდროს საყვარელი. მათი ინდივიდუალური გზები ერთმანეთში იხლართება, იკვანძება და ბოლოს ერთი ,,ანტისასიყვარულო სამკუთხედი’’ იქმნება გატეხილი პაროლებით, გამჟღავნებული ღალატით, გამქრალი ფულით და შემოხეული ტანსაცმლით.
ავტორს, ალბათ წერისას არც ჰქონია პრეტენზია რაიმე მაღალღირებულებიანი ნაწარმოები შეექმნა, სამუდამოდ რომ დარჩება მკითხველთა გულებში (ნამდვილად სამწუხაროა, თუ ჰქონდა მსგავსი პრეტენზია). ,,Lucrecia515’’ დინამიური, რამდენიმე საათში წასაკითხი წიგნია და მხოლოდ და მხოლოდ დროის გაყვანის კარგ საშუალებას წარმაოდგენს, რაც, დამეთანხმებით, პლუსადაც შეიძლება ჩაითვალოს.
რომანი ასევე ნამდვილი გზამკვლევია მოღალატე ქმრებისთვის. თუ ცოლი მოგბეზრდათ, თავგადასავლებს ეძებთ, სწრაფწარმავალი ბედნიერების მისაღწევად დრო, ენერგია და ფული არ გენანებათ, თავისუფლად შეგიძლიათ ლაშას ახალი წიგნი წაიკითხოთ და მისით იხელმძღვანელოთ. წარმატებული ღალატი გარანტირებულია (მანამდე მაინც, სანამ წიგნი მეუღლეს ჩაუვარდება ხელში)!
შეიძლება ითქვას, ,,Lucrecia515’’ სატირაა ოჯახურ ცხოვრებაზე, რითაც კიდევ უფრო მეტად ემსგავსება ზემოთ ნახსენები ფრანგი პროვოკატორის რომანებს. ბეგბედერის მსგავსად ბუღაძეც ნაკლებად ,,მგრძნობიარეა’’, – რომანში ასახული ,,ეროტიკული’’ სცენები თუ პასაჟები ოდნავადაც არ აღაგზნებს მკითხველს, პირიქით – ალბათ, ოდნავ აღიზიანებს კიდეც.
ხშირად გაგეცინებათ, ამის გარანტიას ნამდვილად გაძლევთ. 66-ე გვერდზე წამოჭრილი პრეზერვატივის თან ქონა-არ ქონის საკითხმა, ალექს ჰოლდრიჯის რომანტიკული კომედია ,,In search of a midnight kiss’’ გამახსენა, როცა უილსონის ჯიბეებში ნაპოვნი პრეზერვატივების გამო (ხაზი ესმევა მრავლობით რიცხვს) ვივიანი სერიოზულად ჭედავს, მოსალოდნელ სექსზე ყმაწვილკაცის მიერ წინასწარ ფიქრი და შემზადება მასზე დამამცირებლად მოქმედებს.
რომანში ყველაზე მეტად 28-ე თავი მომეწონა, სადაც ვითომ სემინარზე ბათუმში წასული სანდრო სახლში ბრუნდება და ,,ოჯახის კაცად’’ რე-ტრანსფორმირებული ცდილობს ბუნებრივად მოიქცეს, ცოლი კი ყველაფერს მშვენივრად ხვდება და აი, სწორედ აქ, ლაშას კარგად აქვს წარმოჩენილი დიალოგს შორის ქალის ფიქრები. გეცინება და გეცოდება.
,,Lucrecia515’’ თითქმის მთლიანად ტყუილებზე აგებული რომანია, რაც, ცოტა არ იყოს, დამღლელად მომეჩვენა. რაღაც პერიოდის შემდეგ ყელში ამოგდის ამდენი სიცრუე და, მიუხედავად იმისა, რომ ხვდები, რომანში შექმნილი სიტუაცია მოითხოვს ამხელა ფარსს, მაინც უკმაყოფილო ხარ. თითქოს ავტორი გაწვალებს.
თავიდან მოგწონს, მერე – გბეზრდება, ბოლოს – იღლები.
30-ე თავში გაიჟღერებს ერთი, რეალობიდან გამომდინარე, საკმაოდ სწორი, თუმცა დამამცირებელი შეკითხვა: ,,ჯამში, ცოლი რამდენი გიჯდება წლიურად?’’, თითქოს ,,ცოლი’’ ნაქირავები ბინა იყოს, ან ბანკში აღებული კრედიტით ნაყიდი მანქანა.
36-ე თავში კი ალბათ წიგნის მთავარი სათქმელის გამომხატველი ფრაზა გვხვდება: ,,ცოლი ბოლოს და ბოლოს მარტო იმისთვის გჭირდება, რომ ტანსაცმელი დაგიკეცოს და ნასკები დაგილაგოს სიმეტრიულად, ჰოდა, ამას ყველა იზამს’’.
თავში ერთი სიტყვა მიტრიალებს – ,,დაკომპლექსებული’’, თითქოს ავტორი გარკვეული კომპლექსების მავთულხლართებშია აბურდული და პრომისკუიტეტს აქამდე ,,არ’’ ან ,,ვერ’’ თქმულის გასაჯაროებით გაურბის.
,,Lucrecia515’’ აშიშვლებს მონოგამიასა და ოჯახურ ცხოვრებას და სიყვარულის ,,სიიაფეზე’’ და მის წარმავალობაზე, ჰედონიზმის, კონკრეტულად – სექსუალური ტრფობის წინა პლანზე წამოწევასა და რუტინაზე, ერთფეროვნებით გატანჯული ნორმალური ადამიანების ,,არაადამიანურ’’ ქმედებებსა და ამ ქმედებების სავალალო შედეგებზე მოგვითხრობს.
თუმცა, სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ), ათასობით, ათი ათასობით წიგნი არსებობს იმავე თემატიკაზე და მოდი ვაღიაროთ – ბევრი გაცილებით უკეთესი.
ახლაც იმავეს ვფიქრობ, რასაც წლების წინ, როცა ლაშა ბუღაძეს პირველად ვეცნობოდი – იგი არაჩვეულებრივი დრამატურგია, თუმცა – სუსტი პროზაიკოსი.
და მიუხედავად საკმაოდ თავშესაქცევი, სახალისო სიუჟეტისა, ,,Lucrecia515’’ მაინც არ არის ისეთი ნაწარმოები, სამი-ოთხი წლის შემდეგ რომ გაგახსენდება და ხელახლა წაიკითხავ.
ცოლებო – უფრთხილდით ქმრებს!
ქმრებო – უფრთხილდით სოციალურ ქსელებს!
© “არილი”