ესე,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა,  პოეზია,  პორტრეტი,  ხსოვნა

ლევან ბერძენიშვილი – ვარდით სნეული

 

 

(დავით წერედიანის „პარაპეტი“)

დავით წერედიანი, ჩვენი პოეზიის ელვარე ვარსკვლავი, რომელმაც თავი უცხო პოეტების ქართველებად ქცევას შესწირა, უპირველეს ყოვლისა, თავადაც უდიდესი პოეტი იყო. პოეტი ბერძნული სიტყვაა და „მოქმედს“ ნიშნავს ( ὁ ποιητής „[შე]მოქმედი“, „გამკეთებელი“ ზმნიდან ποιέω „ვაკეთებ“) და როდესაც „ფაუსტის“ თარგმანში ბერძნული λόγος-ის საპირწონედ დავით წერედიანმა „ქმედება“ და არა „საქმე“ გააჩინა („თავდაპირველად იყო ქმედება“), მან ბერძნული სული გააცოცხლა და სამყარო უფლის პოეზიად წარმოადგინა (ἡ ποίησις „ქმედება“, „შემოქმედება“, „პოეზია“).

ჩვენმა დიდმა ფილოსოფოსმა, მერაბ მამარდაშვილმა, ერთხელ ბრძანა, ადამიანს არ შეუძლია ამოხტეს სამყაროდან, მაგრამ მას შეუძლია თავი სამყაროს კიდეში დაიყენოსო. დავით წერედიანიც არ იყო სამყაროს შუაგულში, იგი არ იყო საზოგადოების „მოლაპარაკე თავი“, ხშირად არ ჩანდა საჯარო სივრცესა თუ მედიაში, რადგან მან, სრულიად შეგნებულად, თავი სამყაროს კიდეში დაიყენა, ოღონდ ეს იყო ზედა კიდე, სამყაროს ზედა ხიდი, რომლისკენაც ყველას გვეპატიჟებოდა და რომელსაც პოეზიის პარაპეტი გაუკეთა, რომ არ გადმოვვარდნილიყავით ამ წარმოუდგენელი სიმაღლიდან.

წიგნში, რომელსაც „პარაპეტი“ ეწოდება, არის ლექსი „ძველი წარწერები“. ლექსს წინასიტყვა ახლავს, რომელშიც პოეტი გვიტყდება, რომ დაუძლეველი სურვილი გასჩენია, ქართულ, ტრადიციულ, შეუმღვრეველ ხმებთან პირისპირ დარჩენილიყო, ხმებთან, პირველი იავნანადან რომ ყურში გვიდგას, არც დროისთვის და არც უცხოური გავლენებისთვის მისხალი ანგარიში არ გაეწია, ეთქვა მხოლოდ იმ წყობით, რაც პირწმინდად ჩვენია, ქართულია, ოღონდ ისე, რომ ძველი, უკვე ნათქვამი, არაფერი გაემეორებინა. ერთი შეხედვით, იმავე თარგზე მოჭრილს ჰგვანებოდა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით.

ამ საოცარ ლექსში პოეზიამ დაიპყრო ყველაფერი: ლაკუნები, ნაკლული სიტყვები, სიტყვათშორისი ნიშნები, სამწერტილები, ტექნიკური შენიშვნები (მაგალითად, „სახელი არ იკითხება“):

მეფემან ბაგრატ მპყრობელმან

ყოვლთა ქართველთა… ვესევ…

და აღვაშენე… წევნითა

ღმრთისა… ტაძარი ესე…

…ითა ჩემითა აღაგო

მან მაღალმან და ბრძენმან

ოსტატმან ა… ე… (სახელი

არ იკითხება) მრწემ ვარ…

და დავესვენე წმიდასა

ამას… უფლისა… ცხრამე…

ცოდვანი ჩემნი… ითა და…

…ისაითა და… ამენ.

გალაკტიონის გენიალურ „ტფილისში“ ნათქვამია:

ათოვს ხიდეებს, ათოვს მადათოვს,

ათოვს ზმანებებს და მწუხარებას.

ამ სტრიქონებს დათო წერედიანმა მემკვიდრე გაუჩინა:

აწვიმს ტახტსა და ტახტრევნებს,

ფარებს, ეტრატებს, ქნარებს,

სამეფო სარჩულ-საპირეს ­­–

ჯვარს და ნახევარმთვარეს.

წავილექსებ და სირცხვილით

შემეფაკლება ღაწვი,

აწვიმს შაირს და ქარაგმას,

ყველა ხუმრობას აწვიმს…

“ზახილი”

რაც არ შეუძლია ისტორიკოსს, რაც არ შეუძლია მოწმეს, რაც არ შეუძლია ქრონიკას, რაც არ შეუძლია არაფერს, რაც არ შეუძლია არავის, ის შეუძლია პოეტს: ექვსი სტრიქონით დახატოს ეპოქა (მთავარი სიტყვები. მაშინდელი ვალენტობა. პოეტური ფორმულები. მაღალი რეგისტრი. მთვრალი პათოსი. საყველპურო პატრიოტიზმი. გულწრფელი ფარისევლობა):

ჩვენი ხელიდან ვინ შენდობას… ეგ ერთი ჭიქაც…

ერისკაცობით… ზღვიდან ზღვამდე… ყინწვისს და გელათს…

ვთხოვოთ, მიბრძანდეს, უსინდისოდ გამოტყვრა ვიღაც…

მოდი, გაკოცო, შე ბითურო, მიყვარხართ ყველა…

ჯერ კვლავ აქ არის, აქ ტრიალებს სული ცხოველი.

ვის ეთხოვები, კუშტო სულო, რას ეთხოვები?

“ვერისპირული მოზაიკა აღაპის ფონზე ­­– 1977, VIII”

როგორც ნაბოკოვმა მოკლედ დახატა ხელოვნება ორი სიტყვით beauty ad pity, დავით წერედიანმაც მოკლედ დააგდო სათქმელი: დარდი და ვარდი. და ასეთი დარდი დადო:

მოზარე ქალთა კრებული

რისთვის დამსხდარა მცხეთას?

რისთვის მოარწევს მდინარე

წითლად შემოსილ ცხედარს?

რისთვის მოდიან მხედრები

ანანურით თუ არშით?

– შენი ღიმილი მიყვარდა,

წყვილი პეპელა ქარში.

– შენი მზისფერი მიყვარდა,

მწიფე თავთუხის ხვავი.

– შენი რიჟრაჟი მიყვარდა,

მჟავე სურნელი ჭვავის…

“ლაზარე, II”

რატომ აშინებს კაცობრიობას მედეა (ევრიპიდემდელიც, შვილები რომ განზრახ არ მოუკლავს, ისეთიც)?

რატომ ვერ შეიყვარა იმავე კაცობრიობამ მართალი ელექტრა (არც ესქილე-სოფოკლესეული, ამაყი, მოზეიმე მკვლელი დედისა და არც ევრიპიდესეული, დაბნეული და მომნანიებელი მკვლელი)? რატომ უყვარს თითქმის მთელ კაცობრიობას (მეფეების, ტირანებისა და ერთი დიდი ფილოსოფოსის გარდა) მეამბოხე პატარა ანტიგონე? რატომ დაიცვა, რატომ არ გაამართლეს მასთან არც სახელმწიფო კაცი კრეონი და არც მსოფლიო გონის მცოდნე ჰეგელი? რატომ გამოირჩევა ჟან ანუის ხუთი ბრწყინვალე ანტიკური ტრაგედიიდან სწორედ „ანტიგონე“?

იქნებ იმიტომ, რომ მედეა არასოდეს არ დაისაჯა? ან იქნებ იმიტომ, რომ მედეა უცხო და ველური ცივილიზაციის შვილი იყო? (თითქოს ცივილიზაციის მექაში, ძველ საბერძნეთში, შეშლილმა ჰერაკლესმა სამი შვილი არ ამოხოცა და ზედ მეუღლეც არ მიაყოლა!)

იქნებ იმიტომ, რომ ელექტრას შემთხვევაში სამართლიანობა დედის მკვლელობის არგუმენტად არ გამოდგება? (ხომ გახსოვთ, ალბერ კამიუმ ალჟირის თავისუფლების სამართლიანობას რომ დედის სიყვარული ამჯობინა? “მე ვირჩევ დედას“…)

იქნებ იმიტომ, რომ ანტიგონესთან მთელი კაცობრიობა შერცხვენილი ვართ, მარტო რომ მივუშვით ღვთაებრივი სიმართლის დასაცავად და ჩვენ ვდუმდით, თანავუგრძნობდით და შიშისგან ვკანკალებდით? იქნებ იმიტომ, რომ ჩვენი მოკლულიცაა? იქნებ იმიტომ, რომ გამოქვაბულში საკუთარ თავსაფარზე საცოდავად ჩამოკიდებული შავტუხა, გამხდარი გოგოს ღიად დარჩენილ თვალებში ჩვენდამი საყვედურიც ამოვიკითხეთ?

შეიძლება მედეა გაშფოთებდეს, შეიძლება ძრწოლას იწვევდეს, შეიძლება გიყვარდეს, შეიძლება გძულდეს.

შეიძლება ელექტრასი გესმოდეს, შეიძლება თანაუგრძნობდე, შეიძლება გძულდეს, შეიძლება გიყვარდეს.

არ შეიძლება ანტიგონე გძულდეს. მეტიც, არ შეიძლება არ გიყვარდეს. ეს სიყვარული ფრაგმენტულია. ბევრი პატარა ნატეხისგან შედგება. შავგვრემანია და არა ქერა, ისმენესავით. ბიჭივით გამხდარია და ქალური არაა ისმენესავით. კუთხოვანია და გლუვი არაა ისმენესავით. გაუთხოვარია, უშვილოა, ობოლია. საყვარელია.

ანტიგონე გმირია იმითაც, რომ შიმშილით სიკვდილს არ დაელოდა, სიცოცხლეს არ ჩაებღაუჭა და თავისი არსებობის მთავარი საკითხი შემთხვევითობას არ ჩააბარა. თვითონ. საკუთარი ხელით.

მე შენ მიყვარდი, ანტიგონე. დრო ხმოვანებდა

და ძახილს რასმე თუ ვაგნებდი, ­­– განსამგვანებელს,

რადგან იმ ძველი ტრაგედიის კუთხოვანება

შიშველი თრთოლვის ამოკითხვას ძნელად გვანებებს.

როგორც ამფორის ნატეხები, ვკრიბე და ვწებე,

ბნელ სტიგმატებად რაც ხატია, რაც არ ხატია.

ჩემი ქალაქის ხელისგულზე დაგეძებს თებე.

მხოლოდ ნიღბები იცვლებიან, წრე მარადია.

„ანტიგონე“

დავით წერედიანმა „იავნანურში“ დედის სიმღერაში თავისი ბედისწერა და პორტრეტი ბიბლიური წარღვნის ფრინველის მოხმობით დახატა:

ვიდრე ცით მომიხვიდოდი

ნანინანატრი დილით,

ჩვენს სასთუმალთან, კარედზე,

მტრედი დაფრინდა წყვილი.

ცისკრისამ: გაჩნდეს ყმაწვილი,

ჩემგან ნათელი იღოს.

მწუხრისამ: წიგნი უყვარდეს,

ვარდით სნეული იყოს.

სწორედ ასეთი იყო დავით წერედიანის გენია, მატერიალიზმის წარღვნაში ნათელი და ვარდით სნეული.

© არილი

Facebook Comments Box