მე ალბათ ვერასოდეს ჩავწვდები რევაზ ინანიშვილის პროზის მომხიბვლელობის საიდუმლოს. მრავალგზის მიცდია ეს, მაგრამ ყოველთვის უშედეგოდ. წინამდებარე წერილი მორიგი წარუმატებელი მცდელობაა, და თუ მაინც ვაქვეყნებ მას, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი, ჩემი აზრით, ერთ საინტერესო დაკვირვებას შეიცავს.
* * *
“საღამო ხანის ჩანაწერებში” (1971 წ.) მრავალი სევდიანი ამბავია მოთხრობილი (ამაზე საგანგებოდ ამახვილებს ყურადღებას ამავე წიგნის ბოლოსიტყვაობაში აკაკი ბაქრაძე). ერთ-ერთი მათგანის სათაურია “შავი ალაყაფი”. მასში აღწერილია ორი პატარა გოგონას მამის ვიზიტი ექიმ-ონკოლოგთან და მისი ფიქრები, განცდები და ქმედებანი, როცა იქიდან შინ ბრუნდება დანაღვლიანებულ-შეფიქრიანებული (ექიმმა გული გაუკეთა, გაამხნევა და… ოპერაციის გაკეთება ურჩია). ფინალი გულსაკლავია: “ერთი კვირის შემდეგ საავადმყოფოს უკანა ეზოს შავ ალაყაფთან, წელში მოხრილი მოხუცი ქალის წინ, ორი პატარა გოგონა იდგა და ტიროდა. ალაყაფში საბარგო მანქანა გამოდიოდა. ზედ ნახმარი კუბო იდო, აქეთ-იქიდან ორი მოღუშული მამაკაცი ამოსდგომოდა. გოგონებმა მხოლოდ ის იცოდნენ, რომ იმ კუბოში მათი საყვარელი მამიკო იწვა”.
ეს პატარა მოთხრობა (ისევე, როგორც თითქმის ყველაფერი, რაც რევაზ ინანიშვილის ხელიდან გამოსულა) წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ცხადია, ამის მიზეზი ის არის, რომ მკითხველს ძლიერი თანაგანცდა უჩნდება პერსონაჟის მიმართ; ისიც ნათელია, ეს თანაგანცდა მწერლის მიერ ადამიანთა ბუნების ღრმა ცოდნას რომ ეფუძნება; ხოლო საკუთრივ მწერლური ნიჭი და ოსტატობა კი იმაში მდგომარეობს, რომ პერსონაჟის სულის მოძრაობა უზუსტესი სიტყვებით არის მოტანილი ჩვენამდე.
მაგრამ ამის თქმა ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ჭეშმარიტ მხატვრულ ქმნილებას ეს ყოველივე რომ უნდა ახასიათებდეს, ოდითგანვე ცნობილია; სპეციფიკურზე, ინდივიდუალურზე, განუმეორებელზე მწერლის შემოქმედებაში ეს ზოგადი ღირსებები ვერაფერს გვეტყვის, რევაზ ინანიშვილი კი უაღრესად თვითმყოფადი ტალანტია.
თეატრის ხალხს პროფესიულ ჟარგონში ერთი ასეთი სიტყვა აქვს – “შეფასება”. – შეაფასე პარტნიორის რეპლიკა (ან ქმედება)! – ეტყვის ხოლმე რეპეტიციაზე რეჟისორი მსახიობს და ამით მისგან ადეკვატურ ჟესტსა და მიმიკას მოითხოვს, ადეკვატურს, ანუ – არამარტო შექმნილი ვითარებიდან, არამედ (და ეს უმთავრესია!) პერსონაჟის ბუნებიდან გამომდინარესაც ამავდროულად.
ამგვარი “შეფასებებისას” რევაზ ინანიშვილის პერსონაჟებს არაფერი ეშლებათ. საიდან ვიცით ეს? იქიდან, რომ კითხვისას მიღებული შთაბეჭდილება არის მთლიანი, გაუბზარავი, რაც იმის ნიშანია, რომ პერსონაჟთა ქმედება, როგორც ასეთ დროს ამბობენ ხოლმე, მართალია, ფსიქოლოგიური სიმართლით არის შეთხზული.
მაგრამ ამ შემთხვევაში “მართალი” ერთადერთსაც ნიშნავს?
განვმარტავ, რას ვგულისხმობ:
ჩვენი მოთხრობის პერსონაჟს, დადარდიანებული რომ მიუყვება გზას, უეცრად სიკეთის, თუნდაც სულ მცირეოდენი სიკეთის გაკეთების სურვილი მოეძალა და ორ უცნობ პატარა გოგონას ბლომად არაქისი უყიდა (მას შემდეგ, რაც ერთმა მათგანმა გამყიდველისაგან შეუმჩნევლად ამოიღო კალათიდან რამდენიმე ცალი, მაგრამ ვიღაც ქალბატონმა უკანვე ჩააყრევინა). გოგონებმა იუკადრისეს უცნობისაგან ასეთი ყურადღება და ცოტა რომ გაიარეს, ერთ-ერთმა ნაჩუქარ არაქისს მის დასანახად გადაუძახა სანაგვეში.
გოგონების ეს რეაქცია მთავარი პერსონაჟის ქმედების ერთადერთი მხატვრულად სწორი “შეფასებაა”? კითხვისას გიჩნდებათ ილუზია, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთი მხატვრულად გამართლებული განვითარება ამბისა სწორედ ის არის, რასაც ინანიშვილის პერსონაჟები აკეთებენ ან რაც ინანიშვილის პერსონაჟებს ემართებათ. ამ ილუზიის შექმნის ჯადოსნური უნარი აქვს მას. სინამდვილეში ეს ხომ არ შეიძლება ასე იყოს! გოგონას არაქისი რომ არ გადაეყარა, მოთხრობა აღარ დაიწერებოდა? ან სუსტი მოთხრობა გამოვიდოდა?
ბევრი დიდი მწერლისგან განსხვავებით, რдვაზ ინანიშვილისთვის ამბავი და ამბის განვითარება როდია მთავარი, მთავარია რაღაცა სხვა, იდუმალი და მოუხელთებელი. ასეთ შემოქმედზე ამბობენ, რასაც მისი ხელი შეეხება, ყველაფერი ოქროდ იქცევაო.
შეიძლებოდა თუ არა ეს მოთხრობა “ჰეფი ენდით” დამთავრებულიყო? შეიძლებოდა თუ არა, პერსონაჟი ჯანმრთელი დაბრუნებოდა ოჯახს? ვიცი, ამის წარმოდგენისას მხატვრული ლიტერატურის გემოვნებიან დამფასებელს ტანში გააჟრიალებს, მაგრამ ჩვენ რევაზ ინანიშვილთან გვაქვს საქმე, მისთვის კი ამ თვალსაზრისით შეუძლებელი არაფერია. თითქოს ამის დასტურად დაუწერია მას არაჩვეულებრივი მოთხრობა, რომელსაც “ძალიან უბრალო სიმღერა” ჰქვია (კრებულში: “მთვარის ასული”, 1987 წ.).
აქ ონკოლოგს ამჯერად ქალი მიაკითხავს (ორი პატარა ბიჭის დედა), იღლიაში თხილისოდენა სიმსივნით, რომელიც კეთილთვისებიანი აღმოჩნდება. მოთხრობის ბოლოს ვკითხულობთ (ქმარი ყვება): “მოვდიოდით მთლად მოულოდნელად დასაჩუქრებულებივით, წინწამოხრილნი, გამოჩქარებულნი, თითქოს მოშიშარნი, რომ ის საჩუქარი უკან არ გამოერთმია ვინმეს. გვიხაროდა, რომ ისევ ერთად, წყვილად მივადგამდით ნაბიჯებს”.
მაშასადამე, ყბადაღებული “ჰეფი ენდი”?
სწორედაც! მაგრამ არათუ მაღალი გემოვნების შეურაცხმყოფელი, არამედ დრამატული განცდებით გაჯერებული მოთხრობის ღირსეულად დამაგვირგვინებელი ფინალი.
ერთი და იგივე ამბავი ჯერ ტრაგიკულად დაასრულო, მერე კი ბედნიერად და ორივე შედევრი გამოგივიდეს – ამაზე მეტი ჯადოქრობა რაღა უნდა იყოს მწერლობაში!
* * *
ისე აქვს სახელი გატეხილი ბედნიერ დასასრულს, რომ ვიცი, არც ისე ადვილი დასაჯერებელია, რაც ამ “ჰეფი ენდიანი” მოთხრობის მხატვრული ღირსებების შესახებ ვთქვი. ამიტომ რევაზ ინანიშვილის მწერლურ ჯადოქრობაში დასარწმუნებლად გთხოვთ, წაიკითხოთ მარტო აი ეს ნაწყვეტი მოთხრობიდან, მე კი განზე გავდგები და სიტყვასაც აღარ დავძრავ:
“გოლდინის ასისტენტმა თინა წინ გაუშვა და თვითონაც შეჰყვა. გოლდინი პატარა ტანის მოხუცი აღმოჩნდა. თეთრი ესპანური წვერი ჰქონდა, მაგიდაზე დახრილი რაღაცას წერდა. ამოიხედა. ასისტენტმა კინოკადრებივით ჩაგრძელებული სურათები მიაწოდა. გოლდინმა ერთი შეხედა თინას და მერე სურათებს ჩააცქერდა. ასისტენტი სურათებზე თითს უდებდა და ლათინურ რაღაცეებს ეუბნებოდა, გოლდინი თავს უქნევდა და ტუჩებს ბუსხავდა. – რამდენი წლისა ხართ? – ჰკითხა გოლდინმა თინას. თინამ უთხრა, რომ ოცდათვრამეტი წლისა იყო. – შვiლი რამდენი გყავთ? – ორი. – გოლდინი თინას მიაცქერდა, – რატომ ხუთი არა, რატომ ექვსი არა, შვიდი?! – თინას კბილების კაწკაწი აუტყდა. გოლდინმა სურათები ასისტენტს დაუბრუნა, – თავისუფლები ხართო, – და წერა განაგრძო. ასისტენტს გაეღიმა, თინას თავის გადაქნევით ანიშნა, – წავიდეთო. კართან მისულებს გოლდინის ხმა მოესმათ, – თქვენს ამხანაგებსაც გადაეცით, თუ უნდათ, რომ ეგრე არ იკანკალონ იმათაც, ბევრი შვილები იყოლიონ – ექვსი, რვა, ათი, გესმით?! – თინამ დამფრთხალმა მიიხედა და გამოღებულ კარს როგორღაც ცუდად შეეჯახა. გოლდინი წამოხტა, მოირბინა. – გეტკინათ? – შესცქეროდა თინას შეწუხებული. თინას თან ცრემლი მოსდიოდა, თან იღიმებოდა. – სიცილი გიხდებათ! რაც შეიძლება ბევრი უნდა იცინოთ ცხოვრებაში! და კიდევ – მოერიდეთ ამოდენა მანძილებზე ფრენას ოჯახის პატრონი ქალებიო. – გოლდინი თავისი მაგიდისკენ წავიდა. იცინოდა მისი ასისტენტიც…”
© „არილი“