ესე,  კრიტიკა

ლევან შატბერაშვილი – ლურჯი მერანი აბსურდების მხარეში

lurji merani copy

თუკი ზაზა თვარაძის 2003 წელს გამოქვეყნებულ ლექსების კრებულს, „ტან-ცზი სიცივეში“, 37-ე გვერდზე გადაშლით, ერთ არაჩვეულებრივ ლექსს აღმოაჩენთ. „ლურჯი მერანი“ თავად დაუფასებელი ზაზა თვარაძის ერთ-ერთი დაუფასებელი ლექსია. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ, შოთა იათაშვილმა, ჟურნალ „არილში“ დაბეჭდილ ძალიან საინტერესო წერილში – „ჰაფეზის ვარდი მე პრიუდომის ჩავდგი ვაზაში“ – „ლურჯი მერანი“ მოიხსენია როგორც უახლესი ქართული პოეზიის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში, მაინც ვთვლი, რომ იგი სათანადოდ არ არის გააზრებული. იათაშვილი აღნიშნავს, რომ თვარაძის ეს ლექსი ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანის“ და გალაკტიონ ტაბიძის „ლურჯა ცხენების“ პაროდიაა. მართლაც, ლექსის უმთავრესი მოტივი ძალიან მჭიდროდაა გადაჯაჭვული ბარათაშვილის და ტაბიძის პოეტურ სახეებთან, მაგრამ მისი მთავარი ღირებულება მარტო პაროდიულობა კი არ არის, არამედ ისიც, რომ მასში ქართული პოეზიის ტრადიციის, კერძოდ კი ამ ორი საეტაპო ლექსის ძალიან საინტერესო გადააზრებასთან გვაქვს საქმე. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, „ლურჯი მერანის“ მიზანია ირონიის საშუალებით კავშირი დაამყაროს ბართაშვილის და გალაკტიონის მიერ შემოთავაზებულ ორ მსოფლმხედველობასთან, ერთგვარი ხიდი გადოს რეალობასა და პოეტური წარმოსახვის „სამუდამო მხარეს“ შორის.

წინამდებარე წერილში მსურს „ლურჯი მერანის“ ისეთ ასპექტებს გავუსვა ხაზი, რომელებიც მის ფესვებს დაგვანახვებს და იმ წყაროებზე გაგვამახვილებინებს ყურადღებას, რომელთა საშუალებითაც ამ ლექსის პოეტური ქსოვილი იქმნება.

* * *

თუმცა სანამ „ლუჯი მერანის“ უშუალო გარჩევაზე გადავალთ, მინდა ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანზე“ და გალაკტიონ ტაბიძის „ლურჯა ცხენებზე“ ვთქვა რამდენიმე სიტყვა, რადგან მათზე ალუზია „ლურჯ მერანში“ სრულებითაც არ არის შემთხვევით მოხმობილი. ორივე ეს ლექსი, შეიძლება ითქვას, იმ ორ უმთავრეს წინაპირობად გვევლინება, რომლითაც განსაზღვრულია „ლურჯი მერანის“ ფორმა და შინაარსი.

„მერანიცა“ და „ლურჯა ცხენებიც“ ერთსა და იმავე თემას უტრიალებს. ორივეში საუბარია ადამიანის იმ სულიერი ენერგიის შესახებ, რომელსაც ჩვენ შემოქმედებით ტალანტს ვუწოდებთ. ჩვენში არსებული ეს დაუოკებელი, შეუდრეკელი, ან თუნდაც „გაუხედნავი“ ენერგია გვიბიძგებს შემოქმედებისკენ. განსხვავება გალაკტიონისა და ბართაშვილის წარმოდგენებს შორის ისაა, რომ ბარათაშვილის მერანი არ არის იდუმალი, მიღმური სამყაროს ბინადარი, პირიქით, ის ამ სამყაროს ეკუთვნის და მისთვის იღვწის. მისი მიზანი არა ეროვნული ან პირადი ინტერესების დაკმაყოფილებაა, არამედ მოძმისათვის გზის გაკვალვა, მისთვის გზის გაადვილებაა. ბარათაშვილი მზადაა შეეწიროს ჰუმანისტურ იდეალებს, მისთვის უმაღლესი სიქველე მოყვასისთვის თავგანწირვაა. ამის გამო იგი აპირებს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მიჰყვეს მერანის „გიჟურ ლტოლვას“, რადგან საკუთარ თავს ამ ენერგიის მხედრად განიხილავს, რომელსაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი სიკვდილი, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, სურს იდეალების სამსხვერპლოზე მიიტანოს საკუთარი სიცოცხლე.

გალაკტიონთან საქმე ცოტა სხვანაირადაა, მასთან მოყვასს და მოძმეს უკვე დაკარგული აქვს ბარათაშვილისეული ფასეულობა და XX საუკუნის დასაწყისისთვის დამახასიათებელი ნიცშეანური მოტივები იკიდებს ფეხს. აღარც სიკვდილისთვის მზაობას აქვს ღირებულება, აღარაფერს აქვს აზრი, „ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია“. იგი უკვე მკვდარია, უკვე „ცივ სამარეშია“, და ერთადერთი, რაც ცოცხალია, რასაც არ სძინავს, რასაც სიკვდილის სუნთქვა არ შეხებია, ლურჯა ცხენებია, რომლებიც გიჟურად დაქრიან სამუდამო მხარეში. გალაკტიონთან შემოქმედებითი ენერგიის გარდა, ყველა ღირებულებას საზრისი აქვს დაკარგული. არც ადგილს აქვს მნიშვნელობა, არც დროს, არც ისტორიულ მოცემულობას, არც სიკეთეს და არც ბოროტებას – ყველაფერი არარაა. მის სამყაროში ნიჰილიზმს მძლავრად აქვს ფესვები გადგმული, მხოლოდ და მხოლოდ ლურჯა ცხენებში სუბლიმირებული პოეტური ენერგიაა ცოცხალი, მხოლოდ ის არის ჭეშმარიტად არსებული, მხოლოდ მას აქვს საზრისი „ზევით თუ სამარეში“.

სწორედ ამ ორი დაპირისპირებული მსოფლმხედველობის გაერთიანების მცდელობასთან გვაქვს საქმე ზაზა თვარაძის „ლურჯ მერანში“. თვარაძე ამ პრობლემის გადაჭრის ძალიან საინტერესო ხერხს გვთავაზობს, მაგრამ მოცემული თავსატეხის გასაღებად არა უბრალო პაროდირება გვევლინება, არამედ ის, რაც ასე აკლიათ თვარაძის ამ ორ დიდ წინამორბედს; კერძოდ კი მისი მთავარი იარაღებია საკუთარი თავისგან, საკუთარი შემოქმედებითი ენერგიისგან, პათეტიკურობისგან დისტანცირება და თვითირონია. გარდა ამისა, თვარაძე ცდილობს კავშირი არ დაკარგას ქართული პოეზიის ტრადიციასთან და თავად გალაკტიონ ტაბიძისა თუ სხვა, უკვე კლასიკოსი პოეტების დახმარებით გადალახოს ის სირთულეები, რომლებიც „მერანისა“ და „ლურჯა ცხენების” დაწერის შემდეგ წარმოიქმნა.

* * *

ზაზა თვარაძე იმ პოეტთა რიგს მიეკუთვნება, რომლებიც კარგად იცნობენ ქართული თუ უცხოური პოეზიის ტრადიციას და ამ ტრადიციით იკვებებიან კიდეც. მის ლექსებში ძალიან ხშირად შეხვდებით შეფარულ თუ დაუფარავ ციტატებს „ვეფხისტყაოსნიდან“ („ოდა რუსთაველს“), ცინიკურ ალუზიებს გალაკტიონ ტაბიძის ლექსებზე (მაგ. “მას დაცქვეტილი დარჩა ყურები” – „მხიარული ლანდები“), ალექსანდრ ბლოკის პირდაპირ ციტირებას (ხედავ რებუსებს: აფთიაქი, ქუჩა, ფარანი, / არხში წყალია ჩაყინული – სხარტად, მარტივად. „იქ, აფთიაქთან“), ედგარ პოსეული თემების ახლებურ გადამუშავებას („Tyrannosaurus Rex“), გადაძახილს აკაკი წერეთლის „ურიული მოთქმით ტირილთან“ (ვიფიქრე: აჰა ნარინჯო, / სვედავსებულო დედიჯან… „Tyrannosaurus Rex“) და ა.შ.

საინტერესო ისაა, რომ თვარაძის ლექსებში ციტირებას არა უბრალოდ პაროდიის დანიშნულება აქვს, არამედ ძალიან კონკრეტული მიზანი. ეს მიზანი კი გახლავთ პოეტის სათქმელის ზუსტი გამოხატვა, ძველი, კლასიკიური პოეზიის საშუალებით ახალი მსოფლმხედველობრივი და პოეტური განზომილების გახსნა და პოეტური შემოქმედებითობისთვის დამატებითი საზრდოს აღმოჩენა.

„ლურჯი მერანის“ შემთხვევაშიც ანალოგიურ სიტუაციასთან გვაქვს საქმე. თუკი მას უფრო მეტი დაკვირვებით წავიკითხავთ, მივხვდებით, რომ საქმე გვაქვს არა მარტო გალაკტიონის და ბარათაშვილის ლექსების პაროდიასთან, არამედ ჩვენ წინაშეა ერთგვარი გადაძახილი ქართული კლასიკური პოეზიის ისეთ შედევრებთან, როგორიცაა ვაჟა-ფშაველას „დევების ქორწილი“, ლადო ასათიანის „ბარდნალა“, ისევ გალაკტიონ ტაბიძის „ათოვდა ზამთრის ბაღებს“ და „თეთრი პელიკანი“ და ასევე შიძლება აღმოვაჩინოთ გარკვეული მოტივები თბილისური სიმღერებიდან. მიუხედავად ამისა, ამგვარი ირონიის უმთავრესი მიზანი სრულებითაც არაა წარსულის პოეტების გაშარჟება ან სულაც  წარსულზე უარის თქმა. ზაზა თვარაძე ირონიის საშუალებით გვთავაზობს თანამედროვეობის აბსოლუტურად ახლებურ ხედვას, რომლის ცენტრშიც მოქცეულია პოეტის ერთგვარი პროტოტიპი – კომიკური, „მგოსანთ ნაფანტომარი“ ლურჯი მერანი, რომელსაც, როგორც მოგვიანებით ირკვევა, ფლოქვების ნაცვლად ხელები აქვს და, რაც მთავარია, თავისი ორი წინამორბედისგან  განსხვავებით („მერანი“ და „ლურჯა ცხენები“) ძალიან მკაცრადაა განსაზღვრული დროისა და სივრცის კატეგორიებით, უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში მის ისტორიულობას აქვს გასმული ხაზი. იგი არც სამუდამო მხარეში არ დაქრის „გრგვინვა-გრიალით“ და არც „უგზო-უკვლოდ მიაფრენს“ თავის მხედარს. ლურჯი მერანი ერთი გაძვალტყავებული ჯაგლაგია, რომელიც ძლივძლივობით მიჩაქჩაქებს მეოცე-ოცდამეერთე საუკუნის თბილისის თალხ ქუჩებში. მაგრამ იმისათვის, რომ უფრო უკეთ გავერკვეთ ლექსის სტრუქტურაში, აჯობებს თავად ლექსს მივუბრუნდეთ და ნაწილ-ნაწილ გავარჩიოთ. ლექსი ასე იწყება:

მირბის ლურჯი მერანი

მირბის და თან ჭიხვინებს,

მისი ფლოქვის თქარუნი

ზაფრავს ღამის ვიტრინებს.

ვიტრინების ნათელში

იცრიცება სისხამი

და კვარტლები ჭადრაკის

თალხ ფიგურებს ისხამენ.

 

მართლაც, ლექსის პაროდიული ხასიათი პირველივე სტრიქონებიდან ჩანს; შეიძლება ითქვას, თავიდანვე ნათელი ხდება, რომ პაროდიის ადრესატები ნიკოლოზ ბარათაშვილი და გალაკტიონ ტაბიძე არიან. ლექსის პირველი სამი სიტყვა უკვე შერეული ციტატაა ზემოხსენებული ორი ლექსიდან. სიტყვები „მირბის“, “ლურჯი“ და „მერანი“ პირდაპირ გვიბიძგებს იმისკენ, რომ „ლურჯა ცხენებზე“ და „მერანზე“ ვიფიქროთ, მაგრამ სიტყვა „ჭიხვინი“ უკვე უხერხულ, კომიკურ ელფერს სძენს მას და ამაღლებული წინამორბედებისგან განსხვავებით, მის „დამიწებულობაზე“ მიგვითითებს.

შემდეგ სტრიქონებში კი კიდევ ორი არსებითი მომენტი შემოდის; პირველი: „ლურჯ მერანს“ გალაკტიონის „ლურჯა ცხენებისგან“ ის გამოარჩევს, რომ მისი სამყოფელი „სამუდამო მხარე“, გონით საწვდომი მოელვარე ნაპირი კი არაა, არამედ რეალური სამყარო; და მეორე: განსხვავებით ბართაშვილის „მერანისგან“, რომელიც სრულებითაც არ არის განსაზღვრული კონკრეტული სივრცით ან დროით და სადაც დაუღამდება იქ უთენდება, თვარაძის ლურჯი მერანის სამყოფელი ძალიან კონკრეტულია, კერძოდ კი, ის ქალაქის კვარტლების ბინადარია და მისი ფლოქვის თქარუნიც ქალაქის ვიტრინებს “ზაფრავს”.

ლექსის შემდეგ სტრიქონებში ვკითხულობთ:

მიქრის ჩემი მერანი

შეშლილივით ხრჭიალებს,

ჩანს მქისე რესტორანი,

მქისე სუნიც ტრიალებს.

უხმო, უხმო მერანი

მკრთალი, ხმელი ზაფრანა,

მდინარეზე – ბორანი,

მოუსავლეთს გაფრენა.

მოენატრა გაფრენა,

უკან არ დაბრუნება,

აჩრდილების საუფლო,

ფანტომების ბუნება,

იქ ბუნების ფანტომი

ისევ ყელში მიწვდება

და მყის დაშლის საბრალოს

ჟანგიან საკისრებად…

 

თუ აქამდე ლექსში მხოლოდ „მერანის“ და „ლურჯა ცხენების“ ხმა ისმოდა, ამ სტრიქონებიდან უკვე ვაჟა-ფშაველას „დევების ქორწილის“ ციტატას ვაწყდებით – კერძოდ კი: „დევებსა აქვის ქორწილი, / დიდი დარბაზი ზრიალებს./ მეც დამპატიჟეს, შევედი, – / რა მქისე სუნი ტრიალებს?!“. ვაჟას ეს თავზარდამცემი ლექსი, რომელიც საბოლოოდ ძმის ხორცის ჭამის შემზარავი ამბის მოყოლით მთავრდება („უკვენას ყურეშიითა / კვნესის ხმა გამოდიოდა:/ “ძმის ხორცი როგორა ვსჭამო?!” – / ყმა ვინმე გამოჰკიოდა. / უსმელ-უჭმელად გავსძეხი, / ყელშიაც ამომდიოდა.), სულ ერთი სტრიქონით შემოდის „ლურჯ მერანში“, მაგრამ ის ერთგვარი სილის გაწვნის ფუნქციას ასრულებს ლექსში და მკითხველს მიახვედრებს, რომ ჩვენ წინაშეა თვითირონიით სავსე ტრაგიკული ნაწარმოები.

თბილისის ქუჩებში მორბენალი ლურჯი მერანი თითქოს გაორებულია ორ სამყაროს შორის, ერთი მხრივ ისმის ლადო ასათიანის „ბარდნალას“ ნაზი ნოტები („მდინარეზე ბორანი / მოუსავლეთს გაფრენა“), გვიჩნდება სენტიმენტალური ასოციაციები გალაკტიონის „თეთრ პელიკანზე“, მეორე მხრივ კი, იმავე „თეთრი პელიკანის“ რესტორანში „მქისე სუნი ტრიალებს“, რაც ერთგვარი მინიშნებაა ოთხმოცდაათიანი წლების თბილისის ძმათამკვლელ ომზე, ჩვენს კანიბალურ ბუნებაზე. რომანტიკული ტონები ნელ-ნელა იცრიცება და ილუზიების სამყაროც ნელ-ნელა სამარდება. ბუნების ფანტომი (რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება როგორც რეალობა, ისე გავიგოთ) ამგვარი წარმოსახვითი იდილიის არარსებობის შესაძლებლობასაც კი აღარ ტოვებს. რეალობას და ფანტაზიას შორის კავშირი ირღვევა და პოეტი უმოწყალო სინამდვილის პირისპირ რჩება – „ლურჯი მერანი“ თავისი დანგრეული სხეულის და დაკარგული მოგონებების ამარა აღმოჩნდება.

შემდეგ სტრიქონებში თვარაძე კიდევ უფრო დაუნდობელია ლურჯი მერანის მიმართ:

მისი უხმო ლივლივი

წყალზე ანარეკლია,

მისდევს შმაგი მერანი

გზას ძნელს და ნარ-ეკლიანს,

დასისხლული ხელებით

ხარბად გლიჯავს ნარ-ეკლებს,

თავს დასჩხავის ყორანი:

„დაუბერე!.. გარეკე!..“

კლდიდან გადაშვებული

მიჰქრის თავქვე, ტაფობში

და სივრცეებს, ყორანთა

ფრთებით შავად დაფოთლილს

მისდევს ცივი ხივილით

აბსურდების მხარეში –

არ სურს თარაშ ემხვარი!

არ სურს ემხვარ-თარეში!..

 

მერანის ჭენებაც კი, რომელიც გალაკტიონთან და ბარათაშვილთან ფრენასთან და გრგვინვა-გრიალთანაა გაიგივებული, თვარაძისთვის ილუზიაა, ის უბრალო წყალზე ანარეკლია და მეტი არაფერი, სინამდვილეში ლურჯი მერანი ერთი დატანჯულ-დაჟანგული მოხრჭიალე ადამიანია, რომელსაც გალაკტიონივით ყორნების იდუმალი საუბარი კი არ ესმის („დარეკე! დაუბარე! / ათოვდა ზამრის ბაღებს“), არამედ თბილისური სიმღერის თავზარდამცემი პერიფრაზი „თავს დასჩხავის ყორანი / დაუბერე!.. გარეკე!“ („არღანშიკო დაუკარ, / ფაეტონშიკო გარეკე“). ლურჯი მერანი „სამუდამო მხარეში“ კი აღარ ცხოვრობს, არამედ რეალობაში, რომელიც, ამავე დროს, „აბსურდების მხარეა“.

თუმცა ზემომოყვანილ სტრიქონებში ყველაზე მნიშვნელოვანი არა ეს ციტატები და ალუზიებია, არამედ ის აზრი, რის გადმოცემასაც თვარაძე ამ ციტატების საშუალებით ცდილობს; ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვებია: „დასისხლული ხელებით, / ხარბად გლიჯავ ნარ-ეკლებს“, რომელებიც ნათელს ხდიან ფაქტს, რომ აღარც ბარათაშვილისეული ჰეროიკული მერანი და მისი თავგანწირული მხედარი არსებობს და აღარც გალაკტიონისეული მარადიული ენერგიით მქროლავი ლურჯა ცხენები. თვარაძისთვის ორივე ეს სახე ლურჯ მერანშია გაერთიანებული. სინამდვილეში თავად პოეტია მერანიც და ლურჯა ცხენიც, უფრო სწორად, პოეტი საკუთარ თავს ერთ სასაცილო ჯაგლაგს ადარებს, რომელიც თავისი თავის პათეტიკურ ანარეკლს ხედავს წყალში. და თუკი „ლურჯი მერანი“ რაიმეზე პაროდიაა, ის პირველ რიგში პაროდიაა საკუთარ თავზე, თავად ზაზა თავარაძის მიერ საკუთარი თავის უმოწყალო დაცინვაა, რომელსაც მწარე თვითშემეცნებისკენაა მიმართული. ლექსი კი ასე მთავრდება:

ეს ბედკრული მერანი,

თარსი, როგორც ყორანი,

ცხოვრების ვეტერანი,

მგოსანთ ნაფანტომარი,

ლურჯი ფანტომასივით

და მთლად გადარეული,

როგორც დიღმის მასივი

ან საერთო რვეული.

ლექსის ეს ბოლო სტრიქონები სევდიანი დაცინვით, ან უფრო სწორად,  სიყვარულნარევი ირონიითაა დაწერილი და ლურჯ მერანს, უკვე ცხოვრებისეული „პერიპეტიებისგან“ გადაღლილ, მგოსნების ნაფანტომარ სიგიჟის ზღვარზე მყოფ დიღმის მასივივით ან საერთო რვეულივით შეშლილ კომიკურ არსებად წარმოგვიდგენს. ზაზა თვარაძემ, „ლურჯ მერანში“, თვით-ირონიის საშუალებით, „მერანსა“ და „ლურჯა ცხენებში“ წარმოდგენილი მსოფლმხედველობების გაერთიანება მოახერხა და შედეგად დამამწუხრებელი, სიგიჟის ზღვარზე მყოფი „კენტავრი“ მიიღო, რომელსაც შვება არსაიდან აქვს, არც პოეტური შთაგონებიდან, არც მისი შემოქმედებითი ძალებისგან, არც ქალაქად ქცეული რელობისგან და არც მისი მარად მდევარი წარსულის აჩრდილებისგან.

თუმცა ზაზა თვარაძის ამ ლექსის შთაგონების წყარო „მერანი“ და „ლურჯა ცხენებია“, ჩემი აზრით, მისი გულწრფელობა მხოლოდ დავით გურამიშვილის პოეზიას შეიძლება შევადაროთ.

მიუხედავად მისი ერთი შეხედვით პაროდიული შეფერილობისა, „ლურჯი მერანი“ უფრო მეტია, ვიდრე პაროდია, ის მწარე სიმართლისთვის თვალის გასწორებას უფრო ჰგავს. ეს ცხოვრების აბსურდულობაზე და პოეტის მიერ საკუთარი უმწეობისადმი თვალის გასწორების შესახებ დაწერილი ლექსია. ეს არის ლექსი იმის შესახებ, რომ რეალობაში ზმანებას ზუსტად ისეთივე წილი აქვს, როგორც თავად სინამდვილეს. ეს არის ლექსი იმის შესახებ, რომ რეალობა და თბილისი ზუსტად ისეთივე ფანტომებია, როგორც მასში ლანდებივით (ფანტომებივით) გაბნეული ქართველი პოეტების ციტატები.

© “არილი

Facebook Comments Box