ესე (თარგმანი),  კრიტიკა,  რეცენზია

ლევ ტროცკი – სელინი და პუანკარე

რუსულიდან თარგმნეს ნორიკ ბადოიანმა და გიორგი ფირცხალაიშვილმა

ლუი-ფერდინან სელინი ისე შევიდა დიდ ლიტერატურაში, როგორც სხვები შედიან საკუთარ სახლში. სელინმა, დაღვინებულმა ადამიანმა ექიმისა და შემოქმედის დაკვირვებათა უზარმაზარი მარაგით, აკადემიზმის მიმართ უკიდეგანო გულგრილობით, ცხოვრებისა და ენის ინტონაციათა საოცარი შეგრძნებით, დაწერა წიგნი, რომელიც, მიუხედავად იმისა, დაწერს თუ არა სელინი სხვა წიგნებს და იქნებიან თუ არა ისინი პირველის სიმაღლეზე, — მაინც დარჩება. „მოგზაურობა ღამის დასალიერში“ პესიმიზმის რომანია, ნაწარმოები, უფრო მეტად შთაგონებული ცხოვრების წინაშე ძრწოლით და მისგან მოგვრილი დაღლილობით, ვიდრე აღშფოთებით. აქტიური აღშფოთება დაკავშირებულია იმედთან. სელინის წიგნში იმედის ნასახიც არაა.

პარიზელი სტუდენტი მდაბიოთა ოჯახიდან, რეზონიორი, ანტიპატრიოტი, ნახევრადანარქსიტი — ასეთი ტიპებით სავსეა ხოლმე ლათინური კვარტლის კაფეები — სამხედრო საყვირის პირველსავე ხმაზე, თავისდა მოულოდნელად, მოხალისედ ეწერება ჯარში; აღმოჩნდება ფრონტზე და ამ მექანიზებულ სასაკლაოზე შურით იღვსება ცხენებისადმი, რომლებიც ადამიანებივით იხოცებიან, თუმცა ყალბი ფრაზების გარეშე; ბრძოლაში დაჭრილი და მედლით დაჯილდოებული, მოივლის ჰოსპიტლებს, სადაც მარჯვე ექიმები არწმუნებენ, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს „ბრძოლათა ალმოდებულ სასაფლაოზე“; ავადმყოფობის გამო ჯარიდან დათხოვნილი აფრიკულ კოლონიაში მიემგზავრება და ადამიანური სიმდაბლის, გვალვისა და ტროპიკული მალარიისაგან იტანჯება; მალულად ჩადის ამერიკაში, სადაც ფორდის ქარხანაში მუშაობს, ხოლო მეძავ ქალში ნაზ საყვარელს პოულობს (წიგნის ჭეშმარიტად ფაქიზი გვერდები!); ბრუნდება საფრანგეთში, ხდება ღარიბების მკურნალი და, სულიერად დასნებოვნებული, წუთისოფლის ღამეში ერთნაირად უბადრუკ, გარყვნილ და ბედკრულ ავადმყოფებსა და ჯანმრთელებს შორის დაეხეტება.

სელინის მიზანი საერთოდ არაა საფრანგეთის სოციალური პირობების მხილება. მიუხედავად ამისა, ის არ ინდობს არც სასულიერო პირებს, გენერლებს, მინისტრებს და რესპუბლიკის პრეზიდენტსაც კი. თუმცა თხრობა მუდმივად მმართველი კლასების დონეზე გაცილებით დაბლა ეშვება — მდაბიოების, ჩინოვნიკების, ვაჭრების, ხელოსნების, კონსიერჟების გარემოში და თან ორჯერ სცდება საფრანგეთის საზღვრებს. სელინისთვის არსებული სოციალური წყობილება ისეთივე უვარგისია, როგორც ყველა სხვა — წარსულისა თუ მომავლის. საბოლოო ჯამში, სელინი უკმაყოფილოა ადამიანებითა და მათი საქმეებით.

რომანი ჩაფიქრებული და, ამასთან, შესრულებულია, როგორც ცხოვრების აბსურდულობის, მისი სისასტიკის, კოლიზიების, სიცრუის, გამოუვალობისა და უიმედობის პანორამა. უნტეროფიცერი, იქამდე რომ ტანჯავს ჯარისკაცებს, სანამ მათთან ერთად არ დაიღუპება; ამერიკელი რანტიე ქალი, საკუთარი არარაობისგან ევროპულ ოტელებში რომ ანიავებს ქონებას; სიძუნწისა და უიღბლობისგან გამოლენჩებული ფრანგი კოლონიალისტი ჩინოვნიკები; ნიუ-იორკი, დოლარების არმქონე ინდივიდებისადმი თავისი ავტომატური გულგრილობით, ადამიანთა ძვლებიდან ტვინის გამოწოვის ტექნიკური სრულყოფილებით; კვლავ პარიზი; სწავლულთა მეწვრილმანე და ბოღმით აღსავსე სამყარო; შვიდი წლის ბიჭუნას ხანგრძლივი, მოკრძალებული და მორჩილი კვდომა; გოგონას ტანჯვა; წესიერი წვრილი ბურჟუები, ეკონომიის გამო რომ კლავენ საკუთარ დედას; მღვდლები, —ერთი პარიზში, მეორე შუაგულ აფრიკაში, — რომლებიც მზად არიან რამდენიმე ასეულ ფრანკად გაყიდონ ადამიანი: პირველი შეკრულია ცივილიზებულ რანტიესთან, ხოლო მეორე კანიბალებთან… თავიდან თავამდე, გვერდიდან გვერდამდე ცხოვრების ფრაგმენტები ბინძური, სისხლიანი და კოშმარული აბსურდის მოზაიკად ერთიანდება. სინამდვილის პასიური ჭვრეტა და გამძაფრებული მგრძნობელობა მომავლისადმი სწრაფვის გარეშე — აი, ნამდვილი საფუძველი სასოწარკვეთისა, გულწრფელი სასოწარკვეთისა, რომელიც თავისსავე ცინიზმს ეჯახება.

სელინი მორალისტია. მხატვრული ხერხების საშუალებით ის ნაბიჯ-ნაბიჯ შეურაცხყოფს ყველაფერს, რაც, ჩვეულებრივ, საზოგადოებაში განსაკუთრებული თაყვანისცემის საგანია — სოციალურ ფასეულობებს, პატრიოტიზმით დაწყებული, პირადი ურთიერთობებითა და სიყვარულით დამთავრებული. სამშობლო საფრთხეშია? „როცა მეპატრონეს სახლი ეწვება, მდგმური არაფერს კარგავს. სხვა მეპატრონე მოვა ან იგივე დარჩება. გერმანელი იქნება, ფრანგი, ინგლისელი თუ ჩინელი, პირველივე შემთხვევისთანავე გადასახადის ქვითარს წარმოგვიდგენს. მარკებში ან ფრანკებში. გადახდის მომენტის მიხედვით…[1]“ სელინს არ სჭირდება ისტორიული კრიტიერიუმები. დანტონის ომი არაფრითაა პუანკარეს ომზე აღმატებული: აქაც და იქაც “პატრიოტული მოვალეობა” სისხლით ანაზღაურდა. სიყვარული მოწამლულია ანგარებითა და პატივმოყვარეობით. იდეალიზმის ყველა ასპექტი — მხოლოდ და მხოლოდ „მაღაფარდოვანი სიტყვებით შემოსილი უხამსი ინსტინქტებია“. სელინი დედის ხატსაც კი არ ინდობს. დაჭრილ შვილთან შეხვედრისას მან „ბევრი ისლუკუნა, იმ ძაღლს დაემსგავსა, რომელსაც ლეკვი დაუბრუნეს… თუმცა ძუკნას ბევრად ჩამოუვარდებოდა, რადგან ნათქვამის სჯეროდა და ეგონა, აქედან წამიყვანდა“.

სელინის სტილი მის მსოფლშეგრძნებას ემორჩილება. ამ, თითქოსდა, მოუწესრიგებელ, არასწორ, შეკუმშულ, მგზნებარე ენაში ცოცხლობს, ფეთქავს და ჩქეფს ფრანგული კულტურის ნამდვილი სიმდიდრე, დიადი ნაციის შეგრძნებების და ფიქრების გამოცდილება, მთელი თავისი სისავსითა და უნატიფესი ნიუანსებით. და, ამავდროულად, სელინი ისე წერს, რომ, გეგონება, პირველი იყო, ვინც ენას შეება. ხელოვანმა საფუძვლიანად შეარყია ფრანგული ლიტერატურის ლექსიკონი. ბზესავით ცვივა გაცვეთილი სიტყვათშეთანხმებები. სამაგიეროდ, აკადემიური ესთეტიკისა და მორალის მიერ ხმარებიდან გამოდევნილი სიტყვები შეუდარებელია ცხოვრების სიტლანქისა და სისაძაგლის გამოსახატად. ეროტიკული ტერმინები მხოლოდ და მხოლოდ ეროტიკის დაკნინებას ემსახურება. სელინი ისე ოპერირებს მათით, როგორც სხვა ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებათა სახელებით, რომელთაც არ აღიარებს ხელოვნება.

რომანის პირველივე გვერდებზე მკითხველი მოულოდნელად პუანკარეს[2] სახელს აწყდება: როგორც Temps-ის ახალი ნომერი იუწყება, რესპუბლიკის პრეზიდენტი დილით პატარა ძაღლების გამოფენის გასახსნელად გაემართება. ეს დეტალი სელინს არ მოუგონია. პრინკიპომდე მოღწეულ უკანასკნელ ნომერს მოაქვს ცნობა: „ბ-ნი ალბერ ლებრენი, რესპუბლიკის პრეზიდენტი, მისი სამხედრო შტაბის პოლკოვნიკ რიუპიეს თანხლებით, დღეს დილით ძაღლების გამოფენას ეწვია“. როგორც ჩანს, ეს რესპუბლიკის პრეზიდენტის ერთ-ერთი ფუნქციაა და მისი საწინააღმდეგო ვერაფერი გვექნება. მაგრამ სელინთან ეს გესლიანი საგაზეთო ცნობა სახელმწიფო მეთაურის განდიდებას აშკარად არ ემსახურება. საერთოდ კი, ფრენოლოგებს ახალ მწერალთან მისხალი პატივისცემის აღმოჩენაც კი გაუჭირდებოდათ.

ამასთან, ყოფილი პრეზიდენტი პუანკარე, საფრანგეთის ყველა მოღვაწეთა შორის ყველაზე პროზაული, მშრალი და უგრძნობი, — რესპუბლიკის ყველაზე ავტორიტეტული პოლიტიკური ფიგურაა. მისი ავადმყოფობის დროიდან მოყოლებული ის კერპად იქცა. არამხოლოდ მემარჯვენეები, არამედ რადიკალებიც არ ახსენებენ მის სახელს, თუ ამავდროულად პათეტიკური აღიარების გამომხატველი სიტყვები არ მოაყოლეს. პუანკარე, უდავოდ, ბურჟუაზიის წმინდა პროდუქტია, ისევე, როგორც ფრანგული ნაციაა ყველა ერთა შორის ყველაზე ბურჟუაზიული ნაცია, უზომოდ რომ ეამაყება თავისი ბურჟუაზიულობა — სხვა დანარჩენი კაცობრიობის წინაშე მისი პროვიდენციალური როლის წყარო. ნატიფი გარეგნობით შენიღბული ფრანგული ბურჟუაზიის ნაციონალური ქედმაღლობა საუკუნეთა განმავლობაში დაგროვილი ლექია. წინაპრებმა, რომელთაც გააჩნდათ დიადი ისტორიული მისია, შთამომავლებს დაუტოვეს მორთულობათა მდიდარი კოლექცია, რომელიც ყველაზე მედგარი კონსერვატიზმის დასაფარად გამოიყენება. საფრანგეთის მთელი პოლიტიკური და კულტურული ცხოვრება წარსულის კოსტიუმებში თამაშდება. ისევე, როგორც ჩაკეტილი ვალუტის ქვეყნებში, საფრანგეთის ცხოვრებაში ფიქტიურ ღირებულებებს ფორსირებული კურსი გააჩნიათ. სინამდვილისგან დიდი ხნის წინათ მოწყვეტილი განმათავისუფლებელი მესიანიზმის ფორმულები პოპულარობასა და გავლენას კვლავაც ინარჩუნებენ. ფერ-უმარილი სახეზე ჯერ კიდევ შეგვიძლია მივიჩნიოთ პირფერობად, მაგრამ ნიღაბი უკვე აღარ არის სიყალბე, ის უბრალოდ იარაღია. ნიღაბი სხეულისგან დამოუკიდებლად არსებობს და მის ჟესტებსა და ხმას იმორჩილებს.

პუანკარე თითქმის სოციალური სიმბოლოა, რომლის მაღალი რეპრეზენტატულობა ქმნის მის პიროვნებას. სხვა არც გააჩნია. ისევე როგორც საყმაწვილო ლექსებში, — მას ჰქონდა სიყმაწვილე, — მოხუცებული პუანკარეს მემუარებში კი ერთ ინდივიდუალურ ნოტასაც ვერ ნახავთ. ბურჟუაზიის ინტერესი — აი, მისი მორალის ნამდვილი დასაყრდენი, მისი ცივი პათოსის წყარო. ფრანგული პოლიტიკის დამკვიდრებული ღირებულებები პუანკარეს სისხლსა და ხორცში აქვს გამჯდარი. „მე ბურჟუა ვარ და არაფერი ბურჟუაზიული ჩემთვის უცხო არ არის“. პოლიტიკური ნიღაბი შეერწყა სახეს. ფარისევლობა, აბსოლუტური ხასიათის მიღების შემდეგ, თავისებურ გულწრფელობად გადაიქცა.

პუანკარეს მტკიცებით, საფრანგეთის ხელისუფლება იმდენად მშვიდობისმოყვარეა, რომ მოწინააღმდეგის მხრიდან ფარული აზრების დაშვებაც კი არ შეუძლია. „საოცარი მიმნდობლობა ხალხისა, რომელიც თავისი კეთილშობილებით სხვებს აჯილდოებს“. ეს უკვე არც ფარისევლობაა და არც სუბიექტური სიყალბე, არამედ რიტუალის აუცილებელი ელემენტი, ისეთივე, როგორიცაა მზაკვრული ხელშეკრულების ნიადაგზე დადებული ერთგულების პირობა. რურის ოკუპაციის[3] პერიოდში გერმანელი მწერალი ემილ ლუდვიგი ეკითხებოდა პუანკარეს: „ფიქრობთ თუ არა, რომ ჩვენ არ გვსურს ან არ შეგვიძლია, გადავიხადოთ?“ რაზეც პუანკარე პასუხობდა: “თავისი ნებით არავინ იხდის“. 1931 წლის ივნისში ბრიუნინგი ტელეგრაფით სთხოვდა დახმარებას, რაზეც პუანკარემ უპასუხა: „ისწავლეთ ტანჯვა“. ბურჟუაფზიის მოუსყიდველი ნოტარიუსისთვის უცხოა ლმობიერება.

გასცდება თუ არა განსაზღვრულ მიჯნას, პიროვნული ეგოიზმი იწყებს საკუთარი თავის სანსვლას. ასეა კონსერვატიული კლასის ეგოიზმის შემთხვევაშიც. პუანკარეს სურდა, ჯვარს ეცვა გერმანია, რათა ერთხელ და სამუდამოდ საფრთხისგან ეხსნა საფრანგეთი. ამასობაში კი, შოვინისტური ტენდენციები, პუანკარეს თვალში, დანაშაულებრივად შემწყნარებლურმა ვერსალის ზავმა[4] რომ გამოიწვია, გერმანიაში ჰიტლერის საზარელ ფიგურაში განსხეულდა. რურის ოკუპაცია რომ არა, ნაცისტები ასე მარტივად ვერ მოვიდოდნენ მთავრობაში. ხელისუფლების სათავეში მოქცეული ჰიტლერი კი ახალი ომების პერსპექტივას გვიშლის.

ფრანგული ნაციონალური იდეოლოგია სიცხადის კულტურას, ანუ ლოგიკას ეფუძნება. მაგრამ ეს არ არის სიმამაცით შთაგონებული XVIII საუკუნის ლოგიკა, რომელმაც მთელი მსოფლიო დაამხო, არამედ ძუნწი, ფრთხილი, ნებისმიერ კომპრომისზე წამსვლელი მესამე რესპუბლიკის[5] ლოგიკაა. თავის მემუარებში, აღმატებულობის იმ ამპარტავნული განცდით, რომლითაც მოხუცი ოსტატი თავისი ხელოვნების საიდუმლოს განმარტავს, პუანკარე საუბრობს „გონების ამ რთულ ოპერაციებზე: არჩევანზე, კლასიფიკაციაზე, კოორდინაციაზე“. ოპერაციები, რა თქმა უნდა, არცისე მარტივია. მაგრამ თავად პუანკარე აწარმოებს მათ არა ისტორიული პროცესის სამგანზომილებიან სივრცეში, არამედ დოკუმენტების ორგანზომილებიან სიბრტყეზე. ჭეშმარიტება მისთვის მხოლოდ სამართალწარმოების, შეთანხმებებისა და კანონების „გონივრული“ განმარტების პროდუქტია. მმართველი საფრანგეთის კონსერვატიული რაციონალიზმი დაახლოებით ისე მიემართება დეკარტს, როგორც შუასაუკუნეების სქოლასტიკა არისტოტელეს.

განდიდებული „ზომიერების განცდა“ გადაიქცა მცირე ზომების განცდად, რომელიც აზრს მოზაიკურობისკენ გადახრის. როგორი სიყვარულითა და გამოწვლილვით გვიხატავს პუანკარე სახელისუფლებო ხელობის ყველაზე უბადრუკ ეპიზოდებს! დანიის მეფისგან მიღებულ თეთრი სპილოს ორდენს ის აღგვიწერს, როგორც ძვირფას მინიატურას: სულელური ჟღარუნას ზომები, ფორმა, ორნამენტი და მოხატულობა — მის მემუარებში არაფერია გამოტოვებული. პუანკარე პოლიციის საუკეთესო პროტოკოლის კეთილსინდისიერებით მოგვითხრობს, როგორ ეწვია დიდი ბრიტანეთის სამეფო წყვილთან ერთად ცხენთა დოღს: პუბლიკას, „ტრიბუნისკენ მიტრიალებულს, ავიწყდება ფსონები, ყურადღებას აღარ აქცევს ცხენებს და თავისი ლორნეტებით დაჟინებით გვაკვირდება“. მეფისა და პრეზიდენტის გამო მოჯირითე ცხენებისადმი გულგრილობა გადამეტებული პატრიოტიზმის თვისებაა!

პუანკარეს ლიტერატურული სტილი ისეთივე უსიცოცხლოა, როგორც უხუცესი ფარაონის სამარხი. მას სიტყვები მხოლოდ რეპარაციის ოდენობის განსასაზღვრად, ან რიტორიკული მოკაზმულობისთვის სჭირდება. ელისეს სასახლეში ყოფნის პერიოდს ის ადარებს სილვიო პელიკოს[6] პატიმრობას ავსტრიული მონარქიის ციხეებში! „ამ მოოქროვილი ბანალურობის სალონებში ჩემს წარმოსახვას ვერაფერი აღაგზნებს“. მაგრამ მოოქროვილი ბანალურობა მესამე რესპუბლიკის ოფიციალური სტილია! ხოლო პუანკარეს წარმოსახვა ამ სტილის სუბლიმაცია. მისი სიტყვები და სტატიები ჰგვანან ქაღალდის ყვავილებითა და ოქროს ბრჭყვიალებით მოვარაყებულ მავთულხლართის კარკასს.

როცა ომი მოახლოვდა, პუანკარე გემით პეტერბურგიდან საფრანგეთში დაბრუნდება; ის ხელიდან არ უშვებს ხიფათიანი მოგზაურობის ქრონიკაში ოლეოგრაფიული პეიზაჟის ჩართვის შესაძებლობას: „ადამიანური კონფლიქტებისადმი გულგრილი, ფერმკრთალი, თითქმის უდაბური ზღვა“. ლიცეუმის გამოსაშვებ გამოცდაზეც სიტყვასიტყვით იმავეს წერდა! როდესაც პუანკარე თავის პატრიოტულ მოვალეობებზე საუბრობს, შიგადაშიგ ყველა იმ ყვავილის სახეობას ჩამოთვლის, მის აგარაკულ განმარტოებას რომ ამშვენებდა: დაშიფრულ დეპეშასა და სატელეფონო საუბარს შორის ყვავილების მაღაზიის გვარიან კატალოგს ვაწყდებით! ყველაზე კრიტიკულ მომენტებში სცენაზე ჩნდება სიამის კატაც, როგორც ოჯახური ინტიმურობის სიმბოლო. შეუძლებელია, სულის შეხუთვის გარეშე წაიკითხო ეს ავტობიოგრაფიული პროტოკოლი, ცოცხალ პერსონაჟებს, ყოველგვარ ადამიანურ გრძნობებს მოკლებული, თუმცა, სამაგიეროდ, სავსე „გულგრილი“ ზღვით, ჭადრებით, გიაცინტებით, მტრედებითა და სიამის კატის მოუშორებელი სუნით.

არსებობს ცხოვრების ორი სფერო, პირველი — ხილული და ოფიციალური, მთელი ცხოვრების ხატად წარმოჩენილი; მეორე — ფარული და ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს გაორება გასდევს როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ურთიერთობებსაც: ოჯახში, სკოლაში, სასამართლო დარბაზში, პარლამენტში, დიპლომატიაში. მას ვპოულობთ ადამიანთა საზოგადოების წინააღმდეგობრივ განვითარებაში და, ცხადია, ყველა ცივილიზებულ ქვეყანასა და ერში. მაგრამ გაორების ფორმები, შირმები და ნიღბები კაშკაშა ნაციონალურ ფერებშია შეღებილი. ანგლოსაქსურ ქვეყნებში ზნეობრივი გაორების სისტემაში მნიშვნელოვან ელემენტად რელიგია გვევლინება. ოფიციალურმა საფრანგეთმა დაკარგა ეს უმნიშვნელოვანესი რესურსი. მაშინ როდესაც ბრიტანელ მასონებს არ შეუძლიათ, წარმოიდგინონ სამყარო ღმერთის გარეშე, როგორც პარლამენტი ­­­­­­— მეფის, ან საკუთრება — მესაკუთრის გარეშე, ფრანგმა მასონებმა „სამყაროს დიადი არქიტექტორი“ ამოშალეს თავიანთ სტატუტებიდან. რაც უფრო მასშტაბურია სიცრუე პოლიტიკურ საქმეებსა და ინტრიგებში, მით უფრო ქმედითია ის: ზეციური პრობლემატიკის გამო მიწიერი ინტერესების უგულებელყოფა წინააღმდეგობაში მოვიდოდა ლათინურ სიცხადესთან. თუმცაღა, პოლიტიკოსებს, ისევე როგორც არქიმედეს, საყრდენი წერტილი სჭირდებათ; „დიადი არქიტექტორის“ ნება სრულიად სხვაგვარ ღირებულებებს უნდა ჩაენაცვლებინა. ეს კი პირველმა საფრანგეთმა გააკეთა.

არსად საუბრობენ ისეთი მონდომებით „პატრიოტიზმის რელიგიაზე“, როგორც საერო რესპუბლიკაში. ყველა ატრიბუტი, რომლითაც ადამიანთა წარმოსახვამ მამა, ძე და სულიწმინდა დააჯილდოვა, ფრანგ ბურჟუას საკუთარ ერზე გადააქვს. და რამდენადაც საფრანგეთი მდედრობითი სქესისაა, ის ამავდროულად ქალწული მარიამის ნაკვთებსაც ატარებს. პოლიტიკოსი სეკულარიზებული ღვთაების საერო ქურუმად გვევლინება. სრულყოფილებამდე მიყვანილი პატრიოტიზმის ლიტურგია პოლიტიკური რიტუალის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. არსებობს ისეთი სიტყვები და გამოთქმები, რომელიც პარლამენტში ავტომატურად იწვევს აპლოდისმენტების ექოს, როგორც გარკვეული საეკლესიო შეძახილები — მორწმუნეთა მუხლმოდრეკასა და ცრემლებს.

მაგრამ არსებობს სხვაობაც. ჭეშმარიტი რელიგიის სფერო თავისი არსით დაშორებულია ყოფით პრაქტიკას; კომპეტენციათა შესაბამისი გამიჯვნის შემთხვევაში, მათი გადაკვეთა ისევე ნაკლებ სავარაუდოა, როგორც ავტომობილისა და აეროპლანის შეჯახება. პატრიოტიზმის სამოქალაქო რელიგიას კი, პირიქით, უშუალო გადაკვეთის წერტილი აქვს ყოველდღიურ პოლიტიკასთან. კლასობრივი ინტერესები და პირადი მადა ყოველ ნაბიჯზე უპირისპირდება წმინდა პატრიოტიზმის ფორმულებს. საბედნიეროდ, მოწინააღმდეგეები იმდენად კარგად არიან აღზრდილნი და, რაც მთავარია, დაკავშირებულნი ურთიერთთავდებობით, რომ თვალს ხუჭავენ ყველა მწვავე ვითარებაზე. მმართველი უმრავლესობა და პასუხისმგებელი ოპოზიცია თავისი ნებით იცავს პოლიტიკური თამაშის წესებს. მთავარი პრინციპი კი შემდეგია: როგორც სხეულთა მოძრაობა ემორჩილება სიმძიმის კანონს, ისე ემორჩილება პოლიტიკოსთა საქმიანობა სამშობლოს სიყვარულს.

თუმცა პატრიოტიზმის მზეზეც არის ლაქები. ურთიერთშემწყნარებლობის სიჭარბეს ის უხერხულობა ახლავს, რომელიც შობს დაუსჯელობის განცდას და აქრობს ზღვარს საქებარსა და გასაკიცხს შორის.

ამგვარად გროვდება მომწამვლელი აირები, დროგამოშვებით რომ ფეთქდება და აბინძურებს ატმოსფეროს. „იუნიონ-ჟენერალის“ კრახი[7], პანამა[8], დრეიფუსის პროცესი[9], როშეს საქმე[10], უსტრიკის კრახი[11] — მესამე რესპუბლიკის ღირსსახსოვარი ეტაპებია. კლემანსო[12] პანამის კრახმა მიწასთან გაასწორა. პუანკარე ყოველთვის განზე რჩებოდა, მაგრამ მისი პოლიტიკა იმავე ფესვებიდან იკვებებოდა. ტყუილად ხომ არ აცხადებს თავის მორალის მასწავლებლად მარკუს ავრელიუსს, რომლის სტოიკური სათნოება არცთუ ისე ცუდად ეწყობოდა ლპობაშეპარული რომის საიმპერატორო ტახტის ზნე-ჩვეულებებს.

„1914 წლის პირველ ექვს თვეში… — წუწუნებს თავის მემუარებში პუანკარე, — ჩემ თვალწინ საპარლამენტო ინტრიგებისა და ფინანსური სკანდალების უხამსი სანახაობა გაიმართა“. მაგრამ ომმა, ცხადია, წარხვეტა ანგარებიანი მოტივები. „წმინდა ერთობამ“ სული განიწმინდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ინტრიგებმა და ხრიკებმა პატრიოტული კულისების სიღრმეში გადაინაცვლა, რათა იქ აქამდე არნახული მასშტაბები მიეღო. რაც უფრო გაიწელა ფრონტის დასასრული, სელინის თანახმად, მით უფრო მანკიერი ხდებოდა ზურგი. ომისდროინდელი პარიზის სახე რომანში დაუნდობელი შტრიხებითაა დახატული. აქ პოლიტიკა თითქმის არ არის, მაგრამ არის უფრო მეტი — ცოცხალი ნიადაგი, რომლითაც ის საზრდოობს.

საფრანგეთის ყველა სკანდალის დროს — იქნება ეს სასამართლო, ფინანსური თუ საპარლამენტო სკანდალი — თვალში საცემია მისი ორგანული ხასიათი. გლეხისა და ხელოსნის შრომისმოყვარეობიდან და ყაირათიანობიდან, ვაჭრისა და მეწარმის სიფრთხილიდან, რანტიეს ბრმა სიხარბიდან, პარლამენტარების კურტუაზულობიდან და პრესის პატრიოტიზმიდან უთვალავ ძაფებს მივყავართ კვანძებთან, რომელსაც პანამის სახელი ჰქვია. ურთიერთობების, მომსახურების, შუამავლობის, შენიღბული ნახევარქრთამების გადახლართვაში სამოქალაქო შეგნებასა(le civism) და სისხლის სამართლის დანაშაულს შორის — ათასობით გარდამავალი ფორმაა. როგორც კი უბედური შემთხვევა გაარღვევს პოლიტიკის ანატომიის უზადო ზედაპირს, — ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერ დროს, — აუცილებელია, იმ წამსვე დაინიშნოს საპარლამენტო ან სასამართლო გამოძიება. მაგრამ სწორედ აქ ვაწყდებით სირთულეს: რით დავიწყოთ და სად გავჩერდეთ?

მხოლოდ უსტრიკის მოულოდნელი გაკოტრების წყალობით შევიტყვეთ, რომ ამ წვრილი მედუქნეებიიდან გამოსულ არგონავტს ხელის ბიჭებივით ემსახურებოდნენ ჟურნალისტები და დეპუტატები, ყოფილი მინისტრები და ელჩები, როგორც ფსევდონიმებით, ისე თავიანთი სახელებით; რომ ბანკირისთვის ხელსაყრელი ქაღალდები ელვისებრ გაიქროლებდნენ სამინისტროებში, ხოლო ისეთი დოკუმენტები, რომელსაც მისთვის რაიმე ზიანის მოყენება შეეძლო, იქამდე ყოვნდებოდა, სანამ უვნებელი არ გახდებოდა. საკუთარი წარმოსახვის რესურსების წყალობით, საჯარო ურთიერთობებისა და პრესის საშუალებით, ფინანსთა ჯადოქარი ქმნიდა სიმდიდრეებს, ხელთ ეპყრო ათასობით ადამიანთა ბედი, ქრთამავდა… — როგორი ტლანქი, აუტანლად ზუსტი სიტყვაა! — აჯილდოებდა, მხარს უჭერდა და ახალისებდა პრესას, ბიუროკრატებსა და პარლამენტარებს. და თითქმის ყოველთვის მოუხელთებელი ფორმით. რაც უფრო ვითარდებოდა საგამოძიებო კომისიის საქმიანობა, მით უფრო თვალსაჩინო ხდებოდა მისი უპერსპექტივობა. იქ, სადაც დანაშაულის აღმოჩენას აპირებდნენ, პოლიტიკასა და ფინანსებს შორის არსებულ ჩვეულებრივ ურთიერთობებს მიაგნეს. სადაც ინფექციის წყაროს ეძებდნენ, ორგანიზმის ჯანმრთელი ქსოვილი იპოვეს.

როგორც ადვოკატი X. უსტრიკის საწარმოთა ინტერესებს იცავდა, როგორც ჟურნალისტი — საბაჟო სისტემას, რომელიც უსტრიკის ინტერესებს ემთხვეოდა; როგორც ხალხის წარმომადგენელი, საბაჟო ტარიფების გადახედვაზე სპეციალიზდებოდა. ხოლო როგორც მინისტრი? კომისია დაუსრულებლად იკვლევდა საკითხს, აგრძელებდა თუ არა X. მინისტრის პოსტზე ყოფნისას ვექილის ჰონორარის მიღებას, თუ ორი სამინისტრო კრიზისის შუალედში მისი სინდისი კრისტალივით წმინდა რჩებოდა. როგორი მორალური პედანტიზმია მლიქვნელობაში! რაულ პერე, დეპუტატთა პალატის ყოფილი თავჯდომარე, რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი, სისხლის სამართლის დამნაშავეობის კანდიდატი აღმოჩნდა. ამასთან კი, თავისი ღრმა რწმენით, ის „ყველასავით“ მოქმედებდა, თუმცა, შესაძლოა, ნაკლები სიფრთხილით, ყოველ შემთხვევაში, ნაკლები წარმატებით… „სასწრაფოდ ჩამოსწიეთ ფარდა!“ – გაჰკივიან შეძრწუნებული პატრიოტები! ფარდა დაშვებულია. სათნოების კულტი კვლავ ბატონდება, და სიტყვა „ღირსებას“ ბურბონთა სასახლის ყველა სკამიდან აპლოდისმენტთა ზალპები მოყვება.

„საპარლამენტო ინტრიგებისა და ფინანსური სკანდალების მუდმივი სანახაობის“ (პუანკარე) ფონზე, სელინის რომანი ორმაგად მნიშვნელოვანი ხდება. კონსერვატიულ პრესას, თავის დროზე ცოფებს რომ ყრიდა უსტრიკის საქმის საჯაროობის გამო, ტყუილად არ დაუდანაშაულებია სელინი „ნაციაზე“ წილისწამებაში. საპარლამენტო კომისია გამოძიებას საქმეში ჩახედულთა კურტუაზულ ენაზე აწარმოებდა და მისგან არც მბრალდებლები და არც ბრალდებულები (მათ შორის მკვეთრი წყალგამყოფი არც ისე ხშირად იკვეთებოდა) იხევდნენ უკან. სელინი კი თავისუფალია პირობითობებისაგან. ის მოურიდებლად უკუაგდებს პატრიოტული პალიტრის არაფრისმომცემ ფერებს. მას საკუთარი ფერები აქვს, რომელიც შემოქმედის უფლებამოსილებით ცხოვრებას გამოსტაცა. მიუხედავად იმისა, რომ სელინი ცხოვრებას ასახავს არა მის საპარლამენტო ჭრილში, არა სახელისუფლებო სიმაღლეებზე, არამედ ყველაზე მეტად ყოფით გამოვლინებებში — ეს საქმეს არ აადვილებს. სელინი აშიშვლებს ფესვებს. წესიერების გარეგნულ საბურველქვეშ ამხელს ჭუჭყსა და სისხლს. მცირედი მოგების გამო ჩადენილი მკვლელობა რომანის უსასტიკეს პანორამაში კარგავს თავის გამორჩეულობას და ისევე განუყოფელია სიხარბითა და ანგარებით მართული ყოველდღიურობის ყოფითი მექანიკისაგან, როგორც უსტრიკის საქმე — თანამედროვე ფინანსების უფრო მაღალი მექანიკისგან. სელინი აჩვენებს იმას, რაც არის, ამიტომ გამოიყურება რევოლუციონერივით.

მაგრამ სელინი არ არის რევოლუციონერი და არც უნდა, რომ იყოს. ის საკუთარ თავს არ უსახავს საზოგადოების გარდაქმნის ქიმერულ მიზანს, არამედ სურს, პრესტიჟი ჩამოგლიჯოს ყველაფერს, რაც აშინებს და თრგუნავს. ცხოვრებისეული ტანჯვისაგან საკუთარი ცნობიერების შესამსუბუქებლად ამ ღარიბთა მკურნალს ახალი გამომსახველობითი ხერხები დასჭირდა. სელინი რომანის რევოლუციონერად მოგვევლინა. ურთიერთსაპირისპირო ტენდენციების შეჯახება — ასეთია ხელოვნების განვითარების ზოგადი კანონი.

ყავლი გასდით არა მხოლოდ ძალაუფლებაში მყოფ პარტიებს, არამედ სახელოვნებო სკოლებსაც. როცა შემოქმედებითი ხერხები იცვითება და ადამიანთა გრძნობებზე ვეღარ ზემოქმედებს, ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ სკოლა მზად არის ამოწურული შესაძლებლობების სასაფლაოსთვის, ანუ აკადემიისთვის. ცოცხალ შემოქმედებას არ შეუძლია წინსვლა, თუ ამავდროულად არ დაუპირისპირდა ოფიციალურ ტრადიციას, კანონიზებულ იდეებსა და შეგრძნებებს, ჩვეულების ლაქით დაფარულ სახეებსა და კონსტრუქციებს. ყოველი ახალი მიმართულება გრძნობასა და სიტყვას შორის ყველაზე უფრო უშუალო და ნამდვილ კავშირებს ეძებს. ხელოვნებაში სიმულაციურობის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის ასე თუ ისე ადამიანური ურთიერთობის სიყალბესთან ბრძოლად გადაიქცევა. კავშირი აქ თავისთავად გვეძლევა: ხელოვნება, რომელიც კარგავს სოციალური ფარსის აღქმას, გარდაუვლად ბადებს მანერულობას.

რაც უფრო მდიდარი და მყარია ეროვნული კულტურული ტრადიცია, მით უფრო მკვეთრია მისგან დისტანცირება. სელინის ძალა იმაშია, რომ ის გადაჭრით უარყოფს ყველა კანონს, არღვევს ყველა კონვენციას, და რადგან ვერ აკმაყოფილებს ცხოვრების გაშიშვლება, კანს აგლეჯს მას. საკუთრივ, აქედან მომდინარეობს ნაციაზე ცილისწამების ბრალდება. მაგრამ სწორედ ნაციონალური ტრადიციის რადიკალურ უარყოფაში სელინი ღრმად ნაციონალურია. როგორც ომამდელი პერიოდის ფრანგი მილიტარისტები, რომლებიც, ჩვეულებრივ, თავზეხელაღებული პატრიოტები იყვნენ, სელინიც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ფრანგია, მესამე რესპუბლიკის ოფიციალურ ნიღბებს რომ განუდგა. „სელინიზმი“ მორალური და მხატვრული ანტიპუანკარიზმია. ამაშია მისი ძალაც და შეზღუდულობაც.

როდესაც პუანკარე სილვიო პელიკოს ედრება, ეს თვითკმაყოფილებისა და უგემოვნობის ცივი შეხამება საკმარისია იმისათვის, რომ აცახცახდე. მაგრამ ნამდვილი პელიკო, რომელიც, გამომწყვდეული იყო არა სასახლეში, როგორც სახელმწიფოს მეთაური, არამედ, როგორც პატრიოტი, წმ. მარგარიტასა და შპილბერგის ციხეებში იხდიდა სასჯელს, — განა ის არ გვიჩვენებს ადამიანური ბუნების სხვა, უფრო ამაღლებულ მხარეს? მორწმუნე იტალიელი კათოლიკეს ნაცვლად, რომელიც უფრო მეტად მსხვერპლი იყო, ვიდრე მებრძოლი, სელინს შეეძლო ელისეს სასახლის წარჩინებული პატიმრისთვის შეეხსენებინა სხვა ტუსაღი, რომელმაც ოთხი ათეული წელიწადი დაყო საფრანგეთის საპყრობილეებში, სანამ ბადრაგების შვილები და შვილიშვილები პარიზის ერთ-ერთ ბულვარს არ დაარქმევდნენ მის სახელს: ოგიუსტ ბლანკი[13].

ანუ ადამიანში არსებობს რაღაც, რასაც შეუძლია, საკუთარ თავზე აამაღლოს? მხოლოდ იმიტომ, რომ ყალბი ალტრუიზმის საკურთხევლებში მრავალრიცხოვანი და მაღალანაზღაურებადი ქურუმები მსახურობენ, სელინი ზურგს აქცევს დიდსულოვნებასა და ჰეროიზმს, დიად გეგმებსა და იმედებს, ყველაფერს, რაც ადამიანს ჩაკეტილი „მეს“ საპყრობილის ღამიდან გაღწევაში ეხმარება. თითქოსდა, თავისი თავის მიმართ დაუნდობელი მორალისტი შორდება სარკეში საკუთარ ანარეკლს, ამსხვრევს მინას და ხელებს ისისხლიანებს. ამგვარი ბრძოლა აუძლურებს, მაგრამ გამოსავალსაც არ აჩენს. სასოწარკვეთას მორჩილებისკენ მივყავართ. შერიგება ფართოდ აღებს აკადემიის კარს. ლიტერატურის საძირკველთა მენაღმეებს არაერთხელ დაუსრულებიათ კარიერა უკვდავების გუმბათის ქვეშ.

წიგნის მუსიკაში მნიშვნელოვანი დისონანსია. არა მხოლოდ აწმყოს, არამედ იმის უარყოფითაც, რამაც ის უნდა ჩაანაცვლოს, შემოქმედი მხარს უჭერს არსებულ წესრიგს. ამდენად, უნდა მას ეს თუ არა, სელინი პუანკარეს მოკავშირეა. მაგრამ სიცრუის მხილებით ის უფრო ჰარმონიული მომავლის საჭიროებასაც შთააგონებს. თუნდაც სელინი მიიჩნევდეს, რომ ადამიანისგან საერთოდ კარგი არაფერი გამოვა, მისი უკიდურესი პესიმიზმი თავის თავში შეიცავს გარკვეულ შხამსაწინააღმდეგო დოზას.

სელინი თავიდან ბოლომდე ფრანგული სინამდვილისა და ფრანგული რომანის ნაყოფია და ეს არც უნდა ეთაკილებოდეს. ფრანგულმა გენიამ რომანში შეუდარებელი გამოხატულება ჰპოვა. დაწყებული რაბლედან, რომელიც ასევე ექიმი იყო, ოთხი საუკუნის განმავლობაში განშტოვდა ეპიკური პროზის ოსტატთა ბრწყინვალე გენეალოგია: სიცოცხლით სავსე ხარხარიდან უიმედობამდე და სასოწარკვეთამდე, განთიადის კაშკაშა სინათლიდან ღამის დასალიერამდე. მეორე ასეთ წიგნს, სიცრუისადმი ამგვარი ზიზღითა და სიმართლისადმი უნდობლობით,  სელინი ვეღარ დაწერს. დისონანსი უნდა გადაიჭრას. შემოქმედი ან შეურიგდება წყვდიადს ან განთიადს იხილავს.

პრინკიო, 1933 წ. 10 მაისი.

[1]ლუი ფერდინანდ სელინი, მოგზაურობა ღამის დასალიერში, თბ., თსუ-ის გამომცემლობა, 2008.

[2]რაიმონ პუანკარე (1860 – 1934) — ფრანგი სახელმწიფო მოხელე და პოლიტიკოსი, კონსერვატიული პარტიის ლიდერი, რომელსაც სამჯერ (1912 – 1913, 1922 – 1924, 1926 – 1929) ეკავა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ხოლო 1913 – 1920 წლებში რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობა. პუანკარემ იურისტის განათლება მიიღო და კარიერის დასაწყისში იურიდიულ საქმიანობას ეწეოდა. 1886 წელს აირჩიეს დეპუტატთა პალატის წევრად. მას შემდეგ რესპუბლიკურ პარტიაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. 1902 წელს მესამე რესპუბლიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის, „დემოკრატიული რესპუბლიკური ალიანსის“ თანადამფუძნებელი გახდა. პუანკარე გამოირჩეოდა გამოკვეთილი ანტიგერმანული განწყობებითა და რუსულ-ფრანგული სტრატეგიული კავშირის ფარგლებში ორჯერ იმყოფებოდა რუსეთში — 1912 და 1914 წლებში. ის პირველი მსოფლიო ომის მომხრედ ითვლებოდა, ხოლო ომის დაწყებამდე „Poincaré la guerre“ – ს, ანუ „პუანკარე-ომს“ ეძახდნენ. 1917 წლის ნოემბერში, ფრონტზე წარუმატებლობისა და ომის საწინააღმდეგო განწყობების ზრდასთან ერთად, პუანკარე იძულებული იყო პრემიერ–მინისტრად თავისი პირადი მოწინააღმდეგე ჟორჟ კლემანსო დაენიშნა. პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე პუანკარე რაინის ოლქის ხელმეორედ ოკუპაციის წინადადებით გამოვიდა, რისი განხორციელებაც 1923 წელს პრემიერ-მინისტრის რანგში მოახერხა. აქტიურად მონაწილეობდა დრეიფუსის პროცესის ირგვლივ გაჩაღებულ კამპანიაში და აკრიტიკებდა განაჩენის იურიდიულ დაუსაბუთებლობას. პუანკარეს რამდენიმე წიგნი აქვს დაწერილი საკუთარი პოლიტიკური კარიერისა თუ მიმდინარე ისტორიული მოვლენების შესახებ, ხოლო მემუარები, რომელსაც, სავარაუდოდ, ტროცკი ციტირებს, 1924 წელსაა გამოცემული.

[3]რურის ოკუპაცია — ვერსალის საზავო ხელშეკრულებით გერმანიისთვის დაკისრებული რეპარაციის მთლიანი თანხის გადაუხდელობის გამო საფრანგეთისა და ბელგიის ჯარებმა 1923 წელს გერმანიის სამრეწველო რეგიონის, რურის მნიშვნელოვანი ნაწილის ტერიტორია დაიკავეს. ოკუპაცია 1925 წელს დასრულდა.

[4]ვერსალის საზავო ხელშეკრულება — 1919 წელს ვერსალის სასახლეში დადებული ხელშეკრულება, რომელმაც ოფიციალურად დაასრულა I მსოფლიო ომი. ხელშეკრულებას ხელს აწერდნენ, ერთი მხრივ, გამარჯვებული სახელმწიფოები — ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და იაპონია და მეორე მხრივ, კაპიტულირებული გერმანია. ზავის პირობების თანახმად, გერმანიას ომის დაწყების მთელი მორალური პასუხისმგებლობა და დიდი ოდენობის რეპარაციები დაეკისრა.

[5]მესამე რესპუბლიკა — საფრანგეთის პოლიტიკური რეჟიმი, რომელმაც 1870 წლის 4 სექტემბრიდან, ნაპოლეონ III დამხობიდან 1940 წლის 10 ივლისამდე, ანუ მეორე მსოფლიო ომში საფრანგეთის დამარცხებამდე იარსება.

[6]სილვიო პელიკო (1789–1854) — იტალიელი პოეტი და დრამატურგი, რომანტიზმის წარმომადგენელი. ტრაგედია  „ფრანჩესკა და რიმინი“ (1815) დიდი პოპულარობით სარგებლობდა იმ პერიოდში, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ პიესა ინგლისურად ბაირონმა თარგმნა. კარბონარების მოძრაობასთან, საიდუმლო რევოლუციურ საზოგადოებებთან კავშირის გამო (თავად პელიკო კარბონარი არ იყო, არამედ მეგობართან მიმოწერაში მხოლოდ ინტერესესს გამოთქვამდა ამ საზოგადოების მიმართ) 1820 წელს დააპატიმრეს. 1822 წელს სიკვდილი მიუსაჯეს, ხოლო შემდეგ განაჩენი შპილბერგის მკაცრი რეჟიმის ციხეში (ე.წ. carcere duro) 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. 1830 წელს შეიწყალეს, რის შემდეგაც პელიკო მშობლებთან ტურინში გადაასახლეს, სადაც სიცოცხლის ბოლომდე აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას განრიდებული ცხოვრობდა. 1832 წელს გამოსცა მემუარები, რომელიც ასევე უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა ევროპასა და რუსეთში.

[7]იუნიონ ჟენერალი — 1875 წელს ფრანგი კათოლოკეების მიერ ლიონში დაარსებული ბანკი, კლერიკალებისა და ლეგიტიმისტების დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. თუმცა მართვასთან და ბირჟაზე კონკურენციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო 1882 წელს ბანკი მოულოდნელად გაკოტრდა. იუნიონ ჟენერალის კრახმა ფრანგულ საზოგადოებრიობაში დიდი რეზონანსი გამოიწვია და ბიძგი მისცა საბირჟო სპეკულაციების კრიტიკას, რაც ემილ ზოლას რომანის „ფული“ (“L’argent”) ინსპირაციის წყაროც გახდა.

[8]პანამა — მოკლე სახელწოდება XIX საუკუნის საფრანგეთში მომხდარი პოლიტიკური სკანდალისა, რომელმაც პანამის არხის მშენებლობის დროს წარმოებული ფინანსური აფიორების გახმაურების შემდეგ იფეთქა.

[9]ალფრედ დრეიფუსი (1859–1935) — ებრაული წარმოშობის გერმანელი ოფიცერი, 1894 წელს დაადანაშაულეს სამშობლოს ღალატში, ბრალად დასდეს გერმანიის ჯაშუშობა, რის შედეგადაც, მიუხედავად მტკიცებულებების არქონისა, მას ანტისემიტურად განწყობილმა სასამართლომ სიცოცხლის ბოლომდე კატორღა მიუსაჯა. ამ მოვლენამ მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ იმ პერიოდის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები და ინტელექტუალები, როგორებიც არიან ჟან ჟორესი, ჟორჟ კლემანსო, ემილ ზოლა და სხვ. საზოგადოების პროტესტის შედეგად 1899 წელს დრეიფუსი შეიწყალეს, ხოლო 1906 წელს გაამართლეს.

[10]როშეტის საქმე (1908–1914) — ფინანსური სკანდალი, რომელიც გავლენიანი ფრანგი ფინანსისტის ანრი როშეტის სახელთან არის დაკავშირებული. სკანდალი როშეტის თაღლითობაში მხილებით დაიწყო, რის შედეგადაც ის დააპატიმრეს. როშეტმა უარყო ბრალდება და ბრალისწამყენებლები მის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში დაადანაშაულა. გამოძიების შედეგად დადგენილმა პატიმრობის თვითნებურმა ხასიათმა სკანდალს პოლიტიკური ელფერიც შესძინა.

[11]უსტრიკის კრახი (1930-1933) — ფრანგი ბანკირის, საბირჟო სპეკულატორის, ალბერტ უსტრიკის სახელთან დაკავშირებული ფინანსური სკანდალი. უსტრიკის ფინანსურმა მანიპულაციებმა ხალხის დანაზოგების სრული განადგურება და ტარდიეს მთავრობის გადადგომა გამოიწვია. 1919 წელს მან დაარსა ბანკი Oustric & Cie. ბანკი საეჭვო კომპანიების აქციებს გამოსცემდა და ფასის გასაზრდელად ყალბ რეკლამას იყენებდა. უსტრიკს რამდენიმეწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გამოძებისას დადგინდა, რომ მას რამდენიმე პოლიტიკოსი იცავდა, მათ შორის იუსტიციის მინისტრი.

[12]ჟორჟ კლემანსო (1841 – 1929) — მესამე რესპუბლიკის პერიოდის საფრანგეთის ერთ-ერთი საკვანძო პოლიტიკური მოღვაწე, სპეციალობით ექიმი და ჟურნალისტი. გარეული იყო პანამის საქმეში. აქტიურად მონაწილეობდა დრეიფუსის პროცესის ირგვლივ გამართულ საზოგადოებრივ კამპანიაში. სხვადასხვა პერიოდში ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრის (1906) და პრემიერ-მინისტრის (1906 – 1909; 1917 – 1920) თანამდებობები. პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდში ეწეოდა მილიტარისტულ, შოვინისტურ და იმპერიალისტურ პროპაგანდას. მარჯვნიდან აკრიტიკებდა თავის პოლიტიკურ ოპონენტებს, მათ შორის პუანკარეს. პრემიერ-მინისტრობის დროს მუშათა და დემოკრატიული მოძრაობების მიმართ მკაცრ რეპრესიებს ატარებდა. გამოირჩეოდა გერმანიისადმი რევანშისტული დამოკიდებულებით. მონაწილეობას იღებდა ვერსალის საზავო ხელშეკრულების შედგენაში. 1920 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ჩამოშორდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას.

[13]ოგიუსტ ბლანკი(1805 – 1881) — დიდი ფრანგი რევოლუციონერი, უტოპისტი-კომუნისტი. მიიღო იურიდიული და სამედიცინო განათლება. 1820-იანი წლების მეორე ნახევარში საიდუმლო ორგანიზაციებს დაუახლოვდა. მონაწილეობას იღებდა 1830 წლის ივლის რევოლუციაში, თუმცა მის შედეგად დამყარებული მონარქიული რეჟიმით უმაყოფილო აყალიბებს რესპუბლიკურ საზოგადოებას “Amis du peuple”(„ხალხის მეგობრები“), რომლის საქმიანობის გამო 1832 წელს 1-წლიან პატიმრობას უსჯიან. 1836 წელს ისევ აპატიმრებენ, თუმცა 1839 წელს ბლანკი კვლავ აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორია. 1840 წლის 31 იანვარს სიკვდილი მიუსაჯეს, თუმცა მეფის გადაწყვეტილებით სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. 1848 წლის ბურჟუაზიული რევოლუციის შედეგად გათავისუფლებული ბლანკი აყალიბებს „ცენტრალურ რესპუბლიკურ საზოგადოებას“, რომლის მიზანიც აჯანყებების ორგანიზება იყო, თუმცა ლუი ნაპოლეონის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ბლანკის კვლავ აპატიმრებენ და ათ წელს უსჯიან. 1859 წელს ამნისტიით გათავისუფლდა, თუმცა 1861 წელს კვლავ 4 წლით საპყრობილეში დაბრუნება მოუწია. 1865 წლიდან ლონდონსა და ბრიუსელში ცხოვრობდა, საიდანაც საფრანგეთის რევოლუციურ მოძრაობას ხელმძღვანელობდა. დიდ როლს თამაშობდა 1870 წლისა და 1871 წლის მასების რევოლუციურ გამოსვლებში, თუმცა კომუნის დაარსების დროს ბლანკი უკვე ციხეში იყო და კომუნარების, რომელთა უდიდესი ნაწილი ბლანკის მიმდევარი იყო, ყველა მცდელობა, გაეცვალათ გავლენიან სამხედრო პირებზე, უშედეგო აღმოჩნდა, რადგან ვერსალის ხელისუფლება ხვდებოდა, რომ ბლანკის გათავისუფლება კომუნის გამარჯვების საწინდარი შეიძლებოდა გამხდარიყო. ბლანკი 1881 წელს ციხეში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ბლანკი უპირატესად პრაქტიკოსი-რევოლუციონერი იყო, ის ასევე თეორიული და პუბლიცისტური ტექსტების ავტორიც არის. ბლანკის რევოლუციურ ტაქტიკას, რომელიც ძალაუფლების დაპყრობას პროფესიონალ რევოლუციონერთა რაზმის მიერ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ნიადაგზე თვლის შესაძლებლად, „ბლანკიზმი“ ეწოდება.

© არილი

Facebook Comments Box