პოეზია

ლელა სამნიაშვილი – ახალი ლექსები

ბონდდება

ასე იქცევა თურმე ბორჯღალო – სვასტიკად,

ასე უხმება ზედ მზის სხივები – შავ სისხლად

და ილესება გული – სიპ ქვაზე სასტიკი

და სასულეში მიწას იყრის და ზღვას ისხამს

და ვერ ივსება ვერც სასულე ვერც წადილი

და ეხიზნება ბოროტ ზღაპრებს და იგავებს,

რადგან სამშობლოც – საუზმედ სურს და სადილად,

ვიდრე სულ ბოლო ნამცეცს არ ჩაიპირქვავებს

და უკაკუნებს სასოწარკვეთა მის კარებს

და არ აღებენ მსახურები და რისკავენ –

რადგან ბატონის ტვირთი – მსახურის ტვირთია,

რადგან მსახურებს აკლდამებისთვის ითვლიან,

დრო კი მიქრის და ცარიელიც კი სავსეა,

დროის მიღმა კი რჩება ციფრები – ბოდვებად,

მილიარდების საქმე უბრალოდ – ასეა –

მილიონების მიღმა უკვალოდ ბონდდება.

ბავშვობაში

ბავშვობაში ძალიან დიდი თვალები მქონდა

ყველაფერი ეტეოდა, ცვიოდა მათში –

კიბის თორმეტი საფეხური, ოთახები თავისი ჭრელი

კედლებით, სარკით, სკამებით და მაგიდით, მჭრელი

დანა-ჩანგლებით და წკრიალა ვერცხლის კოვზებით.

არ ვიღლებოდი ცქერით, ფსკერის ვერ ამოვსებით

ყველა კარადის ყველა უჯრა დავიზეპირე –

ყველა ნემსი და ყველა ძაფი, რაც კი ეფინა

უჯრების ძირზე, იატაკზე და გარეთ – ცაში –

ყველა ვარსკვლავის ჭუჭრუტანა ვიცოდი – წაშლილ

ნაფანქრევ სიტყვებს ვკითხულობდი

ძველ ალბომებში,

ალისას ვგავდი, ვეშვებოდი ფერად მორევში

ნივთებისა და სახეების, და ვისრუტავდი,

სივრცე კი ისევ ბლომად იყო – და მეც – თუ სადმე

რამე თუნდ ოდნავ ბრჭყვრიალებდა – ვიპირქვავებდი.

მერე გაუჩნდა ამ სამყაროს გრძედი, განედი –

იქაც მსოფლიო გაიშალა კონტინენტებით,

ძველი, ახალი წელთაღრიცხვით – როგორც ვეტევით

აქეთ – სივრცეში – ჩაეტია და გაეფინა –

რომ ზედ ურემსაც ეჭრიალა, ხომალდს – ეფრინა –

პარალელური სივრცეები გამოიზარდა –

შიგ ბეღურების თაობებმა გამოიზამთრა

და არც კი მახსოვს, როდის გაჩნდა პირველი ბზარი.

მივხვდი – სავსეა. და რაც არის, მხოლოდ ეს არის –

მონეს ნახატი ავაფარე მსოფლიო ომებს,

ჯერ ფრთხილად, მერე – არც კი მახსოვს – რომელი- რომელს

და სარდაფებში გამოვკეტე დიქტატორები –

მკვდრები. ცოცხლებსაც მივაგორე მძიმე ლოდები.

მერე დღეებიც დაემსგავსნენ ერთმანეთს. მათში

ყველა ყაიმი აირია ყოველგვარ მატში.

და თითქოს ასე გაიყინა – კარგა ხანს – დიდხანს

და მერე გაჩნდა არსაიდან – ასეთი კითხვა:

რომელი დღეა უფრო ნამდვილი? რომელი?

ეს ნაცრისფერი, სარკმლის მიღმა – მიუწვდომელი

თუ მზიანი და გზიანი და ტალახიანი?

თითქოს ყველა დღე – ყველა – უკვე ნანახი არის

და მისდევს – წრეზე – წამი-წამებს – გრაფიკი- გრაფიკს,

ამბავი-ამბავს, ეს გზა- იმ გზას, ის ფიქრი – ამ ფიქრს

და ყველა კერძი, ყველა ლექსი – უკვე მზად არის

და დატკეპნილი ზღაპარია ყველა სკანდალი

და რაც არ უნდა მოხდეს, უკვე ათასგზის მოხდა

და ახლა მხოლოდ ეტიკეტი და ვალის მოხდა

ითხოვს – დაარქვა ორშაბათი, მიყვე კვირამდე

და ყველაფერი მერე ისევ ამოყირავდეს

და აღფრთოვანდე პატარა თუ დიდი წრებრუნვით

და შეიცხადო, რომ ნადირზე აღმატებული

არაფრით არის, სულ არაფრით – ადამიანი.

ალბათ ეს არის, რაც არის და ალალი არის –

ეს კოსმოსი და დედამიწა, ეს მთა და ეს ზღვა,

და ალბათ უკვე აღარაფერს სჭირდება შეთხზვა,

მაგრამ თუ შეთხზვა არ სჭირდება, თუკი დავნებდით,

როგორ აქვთ ბავშვებს ერთმანეთზე დიდი თვალები

კოღოები

კაცს ჰქონდა

სისხლი და ხორცი და ნიჭი

და ყველაფერს ლამაზად ხედავდა

სამადლოდ

ისხამდა ღვინოს და ღეჭავდა

ლუკმას და ხატავდა დღედაღამ

თვალები ასხდნენ

მწკრივად – კოღოები –

ნახატებს – მის ხორცს და მის სისხლს

და ვერ ძღებოდნენ

და გატაცებით –

სიმპოზიუმებს მისი

სახელით ხსნიდნენ,

ბეჭდავდნენ აფიშებს,

ფიქრობდნენ ფონზე და ხედებზე

დააბზრიალებდნენ

ვრცელ გალერეებში

მეეზოვეს და მეთევზეს

და შერჩა

ტილოს და ზეთსა და წყალწყალა

ღვინოს და ღიღინა დაღმართს

და თქვეს –

საფლავიც არ დარჩა საწყალსო,

თუმცა აღდგომის სწამდათ.

***

ჩვენზე ჭკვიანი ჭიანჭველები

მიაქანებენ ბუდისკენ სარჩოს,

ჩვენ – ერთმანეთზე უფრო ჭრელები

ჭაპანს ვეწევით – უმისამართოდ –

ვისი სიმართლე უფრო მეტია –

სულ საკუთარი სასწორით ვწონით

და ერთმანეთზე უბოროტოებს –

მხოლოდ ჩვენი გზა გვგონია სწორი

და ერთმანეთზე უსიკეთოებს –

სამშობლოდ მხოლოდ სამხარი გვრჩება

და ტერმიტების ბუდის გეტოზე –

ერთმანეთის ძვლებს ვიმზადებთ ჯვრებად.

ალისფერი

რა აძლევს ძალას – ადამიანს – ეძებოს გზები,

უდაბნოში, ოკეანეში გაჭრას ბილიკი,

აქლემის კუზი – ქვიშის საათად ამოაბრუნოს,

ხისგან ხომალდი შეკრას, აფრად გააკრას ქარი,

გაეშუროს ცარიელი პლანეტებისკენ

ყვავილის ბოლქვის გადასატანად?

ან რამ დატოვა ყინულეთში ესკიმოსები,

ერთგულ ძაღლებს – მარხილებში –

რა რადიუსი შემოუსაზღვრეს იგლუს გარშემო –

პოლარულ ციალს,

არქტიკის რკალს რომ არ გაცდენოდნენ?

ალბათ დიდი მოგზაურები

იყვნენ დიდი ვნებებით სავსე,

მაგრამ დიდი სიყვარულისგან თავისუფლები,

ხოლო ყველა მებაღეს ქონდა დადებული

უსიტყვო აღთქმა –

ეს არის ზღვარი,

რაც მებაღეს მოგზაურად აქცევს,

ხოლო მოგზაური – შეიძლება ბაღს შეეხიზნოს

და იგივე ვნებებშია –

პლანეტის მთელი მოსახლეობა –

გზებზე, ჭიშკრებთან მიმოფანტული

გულები – კანის მიღმა ელავენ.

ამ ლექსის მიღმაც ალისფერია

და ერთადერთი, რაც ოდესმე სუსტად მაქცევდა,

იყო სიყვარული.

სიყვარული – ადამიანის, მიწის, სახლის, გზების, სიცოცხლის.

მკვეთდა ფრთებს, მუხლებს, დროს,

მზერას და გზას მიკვეცავდა.

მის გარეშე კი არც ვიყავი ფეხის გამდგმელი.

© არილი

Facebook Comments Box