
***
სამშობლო ტვირთია, რომელსაც არავინ არ აგატანინებს
სალონში, გემბანზე, ვერც ბარგი მიიღებს ამხელა ჩემოდანს,
ვერაფრით გასწვდები ღრმა კონტეინერებს და იმათ ტარიფებს
და განბაჟებები – ძველი ოცნებების – ედება ზემოდან
და ნაწილ-ნაწილად – ვინც თითქოს წაიღო, უბნებად გაშალა
უცხო ქვეყნებში და უპოვა ახალი გაზქურა ჩაიდანს,
იმათაც სულ რაღაც რჩებათ გამოკრული მოჩითულ თავშალში
თუ გუდა-ნაბადში, რომელსაც ვერცერთი უბით ვერ ჩაიტან
ახალ ცხოვრებაში, თუნდაც გააშენო პატარა ჩაინა.
ერთია – იფრინო – ჩიტივით – რადგანაც ცა არ იკეტება
და თუ იკეტება, მუდამ პოულობენ გზებს ჩიტის გუნდები
ერთად თუ ცალ-ცალკე – ფრთებს შლიან, კომპასის ისარს აკეთებენ.
იფრინო – იცოდე – როცა მოისურვებ, მაშინ მობრუნდები
და თუკი გაფრინდი და გადაგიკეტეს გზა დასაბრუნებლად –
ფრენის სურვილიც კი – ჩრდილივით ჩაწვება უშენო ბუდეში.
და თუმცა ისედაც ასე პატარაა ეს სახლი – პლანეტა –
ბავშვობის სახლიდან გამოძევებულებს თვალები სულ რჩებათ
წარსულში, რომელსაც იმდენი ახალი შუქ-ჩრდილი უჩნდება,
ვერაფრით მიხვდები – წასულსაც, ფეხები რატომ გეურჩება,
რად გწყდება მკლავები, რატომ აკაკუნებ ყოველთვის ძველ კარზე –
ცხადში და სიზმარში, უფრო კი – მათ შორის გაკიდულ ეკრანზე.
ძნელია ამ დროშიც აისხა აბჯარი და გავდე დონ კიხოტს,
სამშობლოს მიღმეთშიც იმდენი ტრიალებს ქარიშხლის წისქვილი
და საბოლოოდაც, ალბათ, შეიძლება არავინ მოგკითხოს
რატომ აირჩია ერთმა – მილიონის მაგიერ სიკვდილი
გმირულად. და მაინც – სიკვდილი საფლავებს რომ მოშლის – მაშინაც –
იქნებ და წრიალი გაგრძელდეს ამ ძვლების – ხომ სამშობლოში ხარ.
***
როცა ქვეყანაში ადამიანები შიმშილობენ
სიღატაკის ან უსამართლობის გამო,
სად მიდის მათი კუთვნილი სარჩო?
ყველა ჩვენგანის ყელში როგორ ჩაედინება
ასე ტკბილ-მწარედ,
დიეტური კვებით ჩამოქნილ
ფერდებში და მადიან ყბებში
როგორ თანაბრად ნაწილდება.
ცივილური კანიბალიზმი –
ერთმანეთის ხორცს თუ არა –
ერთმანეთის კუთვნილ ლუკმას
განცხრომით ვღეჭავთ,
ვიდრე შიმშილის შემოქმედები
ყოველ ნამცეცს – ალქიმიით გადააქცევენ
ციფრების გრძელ, უწონო გროვად,
რომელიც სადმე გამოისხამს
შეპირებულ კოსმოსურ ხომალდს
და მთელ ამ შიმშილს გადაზიდავს
მარსის მკვდარი მინდვრებისაკენ.
***
გაუმაძღარი ეს ომები
ნეტა ვის კვებავს, რას აპურებს.
დროს პულსი აღარ ეზომება,
თუმცა მოვიდა გაზაფხული.
აღარც თვალები არ უცინის,
აღარც სიცოცხლის სხვა ნიშანი
ეტყობა – გული გაუცივდა –
ტყვიით, დანით თუ დარიშხანით.
მკვლელობაა თუ სუიციდი –
ან მოტივები ვის ანაღვლებს.
სულ ელოდა და სულ იცდიდა,
სულ დაეძებდა იარაღებს.
ამბობენ ბოლო კეთილია –
თუნდაც წარღვნების, ქარიშხლების.
ისედაც გადაწყვეტილია –
ჩვენც ვიცხოვრებთ და დავიშლებით.
***
მეგობრებო, ასეთი ნაძვის ხე ხომ არასდროს გქონიათ!
აღიარეთ – ორიგინალურია და ძალიან თანამედროვე.
შეიძლება მსოფლიოში ტრენდადაც იქცეს,
მითუმეტეს – ახალთახალ დიქტატურებში –
ნაწამები ადამიანების ფოტოების გირლიანდებით,
ნაწამები სამშობლოების დროშებით,
გვერდს რომ უმშვენებს ვარსკვლავიანი დროშა –
კოსმოსური ჰარმონიის სიმბოლოსავით,
თუმცა ვარსკვლავები
არც მთლად ასე არ ლაგდებიან სრულქმნილ წრეებად –
მითუმეტეს, პატარა და დაუცველი ქვეყნების თავზე,
სიმართლე ვთქვათ, ეკლის გვირგვინებს უფრო ჰგვანან.
რამდენად უფრო მარტივია –
ჩამოაცვან ერთი ვარსკვლავი –
მთელი წინა საუკუნის საბჭოური ტრადიციით –
სისხლისფერი და ბელადის მუშტივით მკვრივი.
როგორ უხდება ბავშვების ნაცვლად
პოლიციის წრე – გარშემო,
ისინი იმღერებენ ალილოს
და დაურიგებენ წითელ კანფეტებს მომიტინგეებს.
ზოგისთვის სისხლი ისე ტკბილია
გადაწონის ერის მთელ ტკივილს, მთელ სიმწარეს.
ასეთ ახალ წელს სად იცხოვრებთ
რომელ თბილ და დემოკრატიულ ქვეყანაში,
მსგავსი ნაძვის ხე ბევრი-ბევრი პოდიუმზე გაასეირნონ.
წესიერად თვალს ვერც მოკრავენ.
ეს კი ისეთი ცოცხალია –
გაზის კვამლის სპეცეფექტიც როგორ უხდება.
რაც შეიძლება მეტი მოდით,
ერთად აღვნიშნოთ
ეს საერთო დღესასწაული,
ვიდრე დროა, ვიდრე ჯერ კიდევ გვეზეიმება,
თუნდაც ასეთი თავგანწირვის ფასად –
აღვნიშნოთ ჩვენი ამ ქვეყნად არსებობის
და ქრისტესშობის დღესასწაული,
ვიდრე სამშობლოს ჩიჩილაკივით არ გადააგდებს დამჭკნარი ხელი
და უსამშობლო ჯოჯოხეთის
დენდროლოგიურ ალისფერში ჩაესვენება.
***
ჩვენ სწრაფად ვცხოვრობთ წინა საუკუნეს –
თავისი დროშებით, როშვებით
და რისხვის ნაცვლად ძლივს ვსლუკუნებთ.
მარადიული ბოშები –
დადიან სულები – სხეულებში –
სამშობლო გზაა თუ წრეწირი.
თვალებ და გულებგამორღვეულები
ისევ ერთმანეთის შეწირვით
ვაცხრობთ ურჩხულის კუჭს და მადას –
ურჩხული ჭამამ ვერ გაფატრა
და ჩვენვე ვუხარშავთ შეჭამანდებს
და მარილს ვაყრით საფანტად
და ვერ ფეთქდება, ვერ ნაყრდება
და ხახას ვუვსებთ ხელ-ფეხით
და ერთმანეთის „ფაქიზ გრძნობებს“
და „პატრიოტიზმს“ ვეხებით
დანა-ჩანგლებით, ქაფქირებით,
კოვზებითა და ჩამჩებით,
თვითონაც მოვხვრეპთ, გაკვირვებით
გემოს ჩავატანთ და ჩავრჩებით
ღვინის სმაში და და-ძმის ხორცის
დახვავებაში – ხონჩებად –
რაღა ურჩხულმა ამოხოცოს –
მივართვათ და ჩვენც მოგვრჩება –
მეფედ დავისვათ დიდვაჭარი,
ნაზირ-ვეზირად – ვაჭრები,
ვინ გმირია და ვინ ლაჩარი –
გადავითვალოთ – ნაჭრებით –
ვის უკეთესი შეხვდება და
ვინ როგორ დაშლის მიტინგებს,
რაც კი ოდესმე შეგვიყვარდა,
ვინ უკეთ გამოვიტირებთ
და რისხვის ნაცვლად ძლივს ვსლუკუნებთ
და საუკუნის ობიდან
ჩამოშლილია საუკუნე –
ჩვენი დახრული ორბიტა.
***
საუკუნეა ვერ პოულობს თვალებს შედევრი,
ახალ მნახველებს უსწრაფესი ტალღა შედენის
და გამორიყავს ვითომ საღებს, ვითომ უვნებლებს –
დაბნეულ მზერას კედლებზე რომ აფათურებენ,
ხოლო შედევრი – შედევრების მიღმა უმიზნებს
თვალებს, რომლებიც ოკეანედ მოაქვთ ტურისტებს,
მაგრამ თვალებად იშვიათად თუ ეწმინდებათ,
ეძებს შედევრი და იძინებს, რადგან ჰბეზრდება
და სევდიანი მუმიებით – მუზეუმები –
ჭეშმარიტებას უშურველად ამზეურებენ –
ყველა ფარაონს და კეისარს ბეჭდად ატყვია
სიკვდილის სრული დიქტატურაც, დემოკრატიაც.
***
როგორმე გავუძლებთ კლინიკურ სიზმრებსაც, ამბობ რომ არც ისე
უაზროდ გაშლილი სუფრაა – ღამეში – ზღაპრიდან გამოსულ
ხალხს ვგავართ, თუმც მარტო მწერები უძლებენ დიდ აპოკალიფსებს
და ვისაც ხელები და ხერხემალი აქვს ხერხემლის გამო სულ
იმსხვრევა, იწვის და ისე იფერფლება, რომ ფერფლიც გაფანტოს
ოკეანეებზე, მოიცვას დიდი და პატარა მდინარე,
ჩვენს მერე კოსმიურ ტემპებით გავა დრო და ყველა საბადოს –
სიზმრების საბადოს ვიღაც მაგნატები გახსნიან იმავე
მიზნებით, რომლითაც მსოფლიოს ლუქავენ და ზღაპრის ანტიგმირს
სწირავენ ყველაფერს, რომ უკვდავების მზე კისერზე შეიბან
ჯვრებად, სვასტიკებად, ბრჭყვიალა თვლებად და იმაზე სასტიკი
კოცონი დაანთონ, ვიდრე ნაბიჭვარმა მეფემ და შეიხმა,
რადგან ვერ ინთებენ თვალებს სილამაზით და ვერც ითოკავენ
სულებს, რომლის მიღმაც ხრჩოლავს არაფერი სევდიან წრეებად,
მათთვის ჩაკეტილა ნათელი გონების ბიბლიოთეკები
და დრო არც სიტყვებად არ იწერება და მხოლოდ იწელება
კვდომად – მარადიულ არყოფნად – როგორმე ყელზე რომ შეიბან
მზე მაგრამ მზეც იწვის და რჩებათ თვალებში ჩამწვარი მზის ორმო,
რადგან ვერასოდეს ვერ გამოიჭირეს წამი (შეიძლება)
ჩვენ რომ ჩავეჭიდეთ და რომ შევიყვარეთ და კიდეც ვიცხოვრეთ.
© არილი