პოეზია (თარგმანი)

ლეო ბუტნარუ –ლექსები

თარგმნა შოთა იათაშვილმა

დაიბადა 1949 წელს, მოლდოვაში. 1972 წელს დაამთავრა კიშინიოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და ფილოლოგიის ფაკულტეტი. ლექსების პირველი კრებული “პარმაღი შუქზე” გამოსცა 1976 წელს. ავტორია მრავალი პოეტური და პროზაული კრებულისა. ცნობილია, როგორც რუსული პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო მთარგმნელი რუმინულ ენაზე (მაიაკოვსკი, ხლებნიკოვი, კრუჩენიხი, მანდელშტამი და სხვ.). ნათარგმნია ევროპულ ენებზე და დაჯილდოებულია მოლდავეთის და რუმინეთის სხვადასხვა ლიტერატურული პრემიებით. არის მოლდავური პენ-ცენტრის დამაარსებელი და რუმინეთის მწერალთა კავშირის დირექტორატის წევრი.

პლიუსი

+
მინიატურული
იესო
გაკრული
ნიშან
პ ლ ი უ ს ზ ე
თითქოსდა
საკუთარი
თავის
მიმმატებელი
+

წერილი ჯოჯოხეთსა და სამოთხეს შორის ნეიტრალურ ზონაში

ა.
ძვირფასო ფიოდორ მიხაილოვიჩ
უკვე არავის სწამს იმისი
რომ სილამაზე იხსნის სამყაროს
მაგრამ
მავანნი გულუბრყვილოდ ფიქრობენ რომ
სილამაზე სამყარომ უნდა გადაარჩინოს

ბ.
ბატონო ჩემო ლუჩიან ბლაგა*
გთხოვთ ნუ გამკიცხავთ
მაგრამ
ბოლო დროს (ვიმედოვნებ
არც მთლად ბოლოს…)
მშობლიური მხარისკენ როცა მივემგზავრები
აღმოვაჩენ ხოლმე უცებ რომ
მარადისობა სოფელში მოკვდა…

გაურკვევლად, გოეთესებურად

წინ ვწევ სიტყვას
ის შეიძლებოდა
პაიკივით მომკვდარიყო
საჭადრაკო დაფაზე
მაგრამ
პოემა უკვე დაიწყო და
უკვე არცაა გამორიცხული
მოვიგო იგი

წმინდა უბრალოება

კამბალა
ორივე თვალი ერთ ლოყაზე
პირველ ღვთიურ ქმნილებას ჰგავს
უფალმა იგი გამოიგონა
როცა იყო პატარა ბავშვი
(ან
ეგვიპტელი…)

ივნისი

ეჭვი არაა, რომ პოზირებს.
ჰმ, შერეკილი:
კრიალოსანივით, მიდი, მარცვლე
ჩაფიქრებულმა თითებს შორის
ბლის კუნწულები – სულ ერთია,
ნამეტანი ახალგაზრდა ხარ,
ბრძენკაცად თავს ვერ მოგვაჩვენებ.

***

ორი გუბე ერთმანეთთან
თავს იწონებდა:
– დღეს მე
ღორი ვაჭყუმპალავე.
– მე კი გუშინ ანგელოზი
ავირეკლე საკუთარ თავში.

მემკვიდრეობითობა

გენიალურობა
მემკვიდრეობით
მხოლოდ ბულბულს აქვს.

O TEMPORA!

ვაჰ, დრონი, ზნენი! უკვე
თავად უხელოთაც კი აღარ აქვთ
სუფთა ხელები…

ახალშობილს

რაღას ჯღავი: ეს ცხოვრება
უკვე დაიწყო…

ექო

ტკაცანის ექო
პირამიდაში –
ეს მუმიის ნაოჭების
სკდომის ხმა ისმის.

ვივისექცია

…და გულის
სიღრმეში
მას უხეშად
დაკეცილი ფრთები
უპოვეს…

სასაფლაო, ჯვრები

რამდენი
პლიუს-ნიშანია აქ
სინამდვილეში
მხოლოდ
მინუსს
რომ წარმოადგენს

***

ხელისგულზე თუკი გაკოცებ
შეუძლებელია
შენს სიცოცხლის ხაზს
რაიმე რომ არ დაემართოს

მუდამ

ჯანმრთელი გული –
საგანგაშო ზეიმი
მუდამ

შენი მზერა

შენს თვალის შუქში მოხვედრილი
ჩემი ტანიდან
ეცემა ჩრდილი

—————–
* ლუჩიან ბლაგა (1895-1961) – რუმინელი პოეტი, მთარგმნელი, დრამატურგი, ჟურნალისტი, პროფესორი, დიპლომატი, ფილოსოფოსი, რუმინული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box