კრიტიკა,  რეცენზია

ლექსო დორეული – სარკე, რომელიც ერთადერთი ადამიანის გამოსახულებას აჩვენებს

vakhtang javakhadze 323

როგორც მწერალი, თავს იმის უფლებას ვაძლევ, რისი ფუფუნებაც, ლიტერატურის კრიტიკოსი რომ ვყოფილიყავი, ალბათ, არასდროს მექნებოდა იმ ტექსტების მიმართ, რომლებმაც ჩემზე ღრმა ემოციური კვალი დატოვეს – როგორღაც  რაციონალური დისტანციის მოთმინებას ვინარჩუნებ და საკუთარ თავს ვუკრძალავ, ისინი თეორიის რენტგენზე გავაშუქო.

ბარტი თვლიდა, რომ ტექსტის ნამდვილი, ყველაზე ავთენტური წაკითხვა მასთან პირველი შეხვედრით გამოწვეული ემოციური რეაქციაა, რომელიც, ჩემი აზრით, შემდეგ ქრება, უჩინარდება, ურიგდება ფაქტებს და აღქმაც აღარ ინახავს ენის იმ სპონტანურ, სიტუაციურ გამოცდილებას, მოუსვენრობას.

მაგრამ არსებობს ტექსტები, რომელთა ყოველი წაკითხვაც პირველწაკითხვის საკრალურ მომენტს შეიცავს. ასეთი კი ვახტანგ ჯავახაძის „ელეგიაა“ – პირველი კლასიკური, შეიძლება ითქვას, მონუმენტური პოეტური „რომანი-ტაძარი“, რომელიც ჩემი ლიტერატურული ცნობიერების –  რაც ყველაზე არსებითია – თანამედროვეობის ხდომილებაში დაიბადა. რას გულისხმობს გამოთქმა –  „ელეგია“ კლასიკური ტექსტია? როგორ უნდა მოვეპყრათ კლასიკას, რომლის დაბადების მოწმენიც ვართ?

პირველი, რაც თვალში საცემია და ტექსტის კლასიკურ სულს იცავს, არის ის, რომ „ელეგიაში“ წერა მხოლოდ მომენტია. აქ რეალობა შეფასებულად არ არის გამოხატული. „მარტოობაში ჩაძირული სიტყვა“, აღქმის სტერილური ნაკადი, წმინდა ენობრივ გამოსახულებებამდე დაყვანილი პოეტური ფოტოგრაფია, ცხოვრებით მოჯადოების დემონსტრირების პოეტიკა, ფრაგმენტული სიურრეალიზმი, რომელიც ენის ლოგიკაში გაუჩინარების მუდმივი საფრთხის განცდით მოძრაობს, წარსულის დინამიკა… აი, რა არის ამ ტექსტის ინტერსუბიექტურობის მთავარი განმსაზღვრელი არსი.

ავტორმა საკუთარი სიცოცხლის ტკივილის ესთეტიკური კონკრეტიკისგან სიმბოლო შექმნა. „ელეგია“ ერთგვარი „უნივერსალური ფსიქოლოგიის“ მატარებელი ტექსტია, სადაც სრულყოფილ სუგესტიურ ლიტერატურულ სინამდვილეში აღბეჭდილი მეტისმეტად ჩვეულებრივი ადამიანების, დაცარიელებული ოთახების სიჩუმის, მიტოვებული ნივთების სევდის… ხმები ისმის, რომლებიც საერთო ადამიანური იდეის ირგვლივ იკრიბება და ერთიანდება. რომ არა „ელეგია“, „ანონიმურ სიბნელეში“ (დომინიკ რაბატე) დარჩებოდა მრავალი ცხოვრება…

ეკო ჰიუგოს შესახებ წერს, რომ ის „არასდროს ამბობს „ზღვა ხალხი“, არამედ მბრძანებლურად დგება მათ შორის და თითქოს სათითაოდ წარმოგვიდგენს ყოველ მათგანს“.

იმავეს ახერხებს „ელეგია“, რომელმაც სინამდვილის დატოვებულ კვალზე – სიცარიელეზე – ისე ილაპარაკა, რომ ის თითოეული ჩვენგანის ინტერსუბიექტურ გამოცდილებად იქცა. ავტორი ტექსტის გაზიარებას მკითხველისთვის არ ცდილობს, ის უბრალოდ მათ შორის დგება და საკუთარი სიცოცხლის გამოცდილებით ლაპარაკობს არა საკუთარ თავზე, ან  ჩვენზე, არამედ იმაზე, რაც ჩვენშია.

ეს არის ავტობიოგრაფიის, ცხოვრების პოეტური გამოსახვა, სადაც რეალობაც წარმოსახვითია, მისი ლიტერატურული ასლი კი – ფატალურად ნამდვილი. როგორ მკრთალდება  „ელეგიაში“ განსხვავება ლიტერატურასა და ავტობიოგრაფიას შორის? გათანაბრების ესთეტიკა, რომელიც ამ ტექსტში მოქმედებს, შეიძლება ითქვას, ოპტიკურია.

ვახტანგ ჯავახაძე, რომელმაც სიცოცხლის გამჟღავნება, მისი ფოტოგრაფირება შეძლო, გვაძლევს იმედს, რომ შეუძლებელია წარსულის ფსიქოლოგია აქციო რაოდენობრივ ფენომენად, სიცილი თუ ტკივილი მოაქციო იმდენად ადვილადგაზომვად ფორმებში, რომ ვნება, სიყვარული, სინანული… გახდეს ბურჟუაზიული საწონელი, ვაჭრობის ობიექტი. სწორედ ამიტომ, მისი „ელეგია“ გასცდა ლიტერატურის სოციოლოგიის სივრცეს და მოიპოვა ის არნახული მასშტაბები, თანაგრძნობის, თანამონაწილეობის დიალოგი, რომელზეც ვერ იოცნებებს ვერცერთი თანამედროვე პოეტური ტექსტი.

და ნივთების ფსიქოლოგია, მათი პაროქსიზმამდე მისული მარტოობა, რომელიც მხოლოდ დაუსრულებელი წარსული დროის ლირიზმს კი არ ინახავს, ან ხსოვნაში დაბრუნების და დარჩენის  მითს აცოცხლებს, მეხსიერებას აიძულებს იმ კადრების გამეორების („ფოტო-კოლაჟის“) პირისპირ აღმოჩნდეს, რომელიც სინამდვილის ტრაგიკულმა გამოცდილებამ საკუთარ თავს გადაუღო. ასე მოექცევა ავტორი ცენტრში – იმ ენობრივი გამოსახულებებისა, რომლებიც საგნის ერთ, ოპტიკურ არსს და სივრცულ მდგომარეობას კი არ ასახავს, არამედ მისი ყოფიერების მოძრაობას აირეკლავს და სიკვდილის რეალობის გამოცხადებაც სიმბოლურ სიკვდილში პოულობს ხსნას. „ელეგიაში“ ავტორმა  პოეზიის ფოტოგრაფიის და ფოტოგრაფიის პოეზიის გამოყენებით სიკვდილის სიმბოლოს მეტაფორის თვალები აუხილა და ის არსებობაში გამოსახულების სახით დააბრუნა, გამოსახულების, რომლის წაშლაც შეუძლებელია; ჩვენ წინ სარკეა, რომელიც ფოტოსურათად იქცა, რადგან ამიერიდან ის არა არეკვლის, კოპირებისა და გაუჩინარების, არამედ გაშეშების, ხსოვნის მარადიული დადასტურების ტექსტს წარმოადგენს და მხოლოდ იმ ერთადერთ, უკვდავ გამოსახულებას ასახავს, აჩვენებს, რაც ავტორის თვალებით ერთხელ იხილა.

„ახლა ბევრი ხარ და მემუქრება ღამე ბნელი და ღამე ღარიბი,      

ისე ბევრი ხარ, არ მეშინია, თუ რომელიმე გამეპარები.

იმდენი წყვილი თვალით მიყურებ, თვალებში თითქმის ვერ ვიხედები,

ენაცვლებიან სუფთა პროფილებს – პროფილის სამი მეოთხედები.

სარკესთან, სადაც საკუთარ ანფასს ვეღარ და ვეღარ ესაბამები,

ახალ პიეტას ელოდებიან შენი ჯვარცმული ყელსაბამები…

თანამედროვე ხელოვნებაში და განსაკუთრებით პოეზიაში, სადაც ისტორია უბრალოდ აორთქლებულია და ჩვენ წინ არაფერია ტექსტის საკუთარ თავთან ბრძოლის, ამ ხელოვნური ბუნებრიობის გარდა, ვახტანგ ჯავახაძის „ელეგია“ გვთავაზობს მგრძნობელობით რეალობაში დაბრუნებას, სადაც „სიტყვა სდუმს და ქვა ღაღადებს“, სადაც ცხოვრების ტოტალურ ხმაურში გაუჩინარებული საგნები ლაპარაკობენ სიტყვებზე…

© არილი

Facebook Comments Box