უილიამ ტრევორი, „ნაწვიმარზე“, მთარგმნელები: ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე, გამომცემლობა „დიოგენე“, 2021.
ფრანგ კინორეჟისორს, რობერ ბრესონს მსახიობები არ უყვარდა, აღიზიანებდა თავად ეს საქმიანობა და მისი ყველაზე შემაშფოთებლად სრულყოფილი წარმომადგენლები. დააკვირდით მარტინ ლასალს (თავად მას და არა მის „პერსონაჟს“) „ჯიბის ქურდიდან“ ან ანა ვიაზემსკის ფილმიდან „ვინძლო, ბალთაზარ“ (Au Hasard Balthazar) – მათ ჟესტებში, ინტონაციებში, მიმიკებსა და მზერაშიც კი ვერ ამოიკითხავთ თამაშის ვერავითარ კვალს – არანაირი როლური ფსიქოლოგია, პერსონაჟის ემოციური მდგომარეობის გათავისება და სხვა წარმოსახვითი სავარჯიშოები, ეფექტები თუ გარდასახვის მაგია – მის ფილმებში მსახიობები არ თამაშობენ, არამედ – ადამიანები ცხოვრობენ.
აი, რას ვკითხულობთ ბრესონის წიგნში „ჩანაწერები კინემატოგრაფზე“ ერთ-ერთ აფორიზმად: „მსახიობი წარმოადგენს თავის თავს იმ პერსონაჟად, რომელიც უნდა განასახიეროს; ათხოვებს მას თავის სხეულს, ნაკვთებს. დასვამს, აყენებს, გაატარებს, აღძრავს მასში გრძნობებსა და ვნებებს, რომლებიც თავად არ გააჩნია. ეს „მე“, რომელიც არ არის მისი „მე“, შეუთავსებელია კინემატოგრაფთან“.
ბრესონის შემოქმედების აღსაწერად, აღარ არის გამოსადეგი, გამოვიყენოთ, ერთი შეხედვით, ეჭვშეუვალი, თავისი ავტორიტეტულობით დამთრგუნველი და ძლევამოსილი კლასიკური ცნება – „პერსონაჟი“. მას არ ჰყავს პერსონაჟები, მის ფილმებში მხოლოდ ადამიანებს თუ შეხვდებით.
ბრესონის კინემატოგრაფისათვის დამახასიათებელი ეს რეალობისადმი ნატურალისტურად ამბიციური დამოკიდებულება, სინამდვილის ყველაზე ავთენტურ, წმინდა ფორმებში გამოჭერის ჟინი სხვაგან არავისთან შემხვედრია ისე მძაფრი სისავსით, როგორც უილიამ ტრევორის ნაწარმოებებში.
ტრევორის არცერთმა „პერსონაჟმა“ არ იცის, რომ პერსონაჟია და არცერთმა ტექსტმა – რომ ტექსტია. და ეს არცოდნა გვევლინება მათი თავისუფლების წინაპირობად.
პიანინოს ბრმა ამწყობი და მისი რეალობის ფალსიფიკატორი ცოლი ვაიოლეტი, რომელიც წინამორბედზე ეჭვიანობის გამო ქმრის აღქმების სენსორული გაყალბებით არის დაკავებული; მეგობრები – ფრანჩესკა და მარჯი, რომელთა ისტორიაც გვარწმუნებს, რომ „ის, რის დავიწყებისკენაც ცოლქმრობა გვიბიძგებს, მეგობრობას არასოდეს დაავიწყდება“; კარტოფილით მოვაჭრე, რომელიც ახალგაზრდა ქალზე, ელიზე ფორმალურად დაქორწინდება, რათა ჯიბე მოითბოს, სანაცვლოდ კი ელის სხეულში მღვდლის წყალობით უკანონოდ ჩასახული ნაყოფის არსებობით გამოწვეული სირცხვილი აარიდოს ოჯახს; ხანშიშესული, ქვრივი დები – ქეთრინი და ელიშია – და ეჭვიანობის უცნაური კონკურენცია… ყველა, ყველა მათგანი, ტრევორის მიერ აღწერილი ყოველი ადამიანი-პერსონაჟი ცხოვრობს ისე, რომ თავისუფალნი არიან ხელოვნების მიმართ ყოველგვარი ვალდებულებებისაგან. და ეს თავისუფლება ნიშნავს, იცხოვრო არა სიუჟეტის, არამედ რეალობის კანონებით.
ვფიქრობ, ტრევორის მოთხრობებში – არა აღწერილი, არამედ მოვლენათა ურთიერთმიმართების უხილავი ძალით გამოწვეული – ყველა შეგრძნების, ემოციის, განცდის გამოცდილება გამაჩნია (მხედველობაში თუ არ მივიღებთ მოთხრობას – „ნაწვიმარზე“ – რომელშიც მთავარი პერსონაჟის – ახალგაზრდა ქალის, ჰერიეტის საყვარელ მამაკაცთან განშორებით გამოწვეული პოსტდეპრესიული შფოთვები ფსიქოლოგიური სიღრმითა და დრამატიზმით არის აღწერილი). გამოცდილება – არა ამ სიტყვის ცხადი, მაგრამ სინამდვილისადმი მეტისმეტად თამამი და პრეტენზიული მნიშვნელობით.
უკიდურესი რეალიზმი – შეიძლება ეს ტრევორის პროზის მთავარი თვისებაც იყოს, ოღონდ არა იმიტომ, რომ მასში ნამდვილად მომხდარი ამბებია მოთხრობილი. არა, ტრევორი არ უსაფრდება სინამდვილეს. მისი მეთოდი რეალობის აღწერას, კოპირებას არ გულისხმობს, არამედ – მისი წესებით თამაშს, ქმნადობას, ტექსტს, რომელიც სიუჟეტის კი არა – სინამდვილის კანონებით იმართება.
თუ ბორხესიანული ლიტერატურა ზღვარს შლის და შეიძლება აბუნდოვანებს კიდეც ლიტერატურასა და ცხოვრებას, წარმოსახვასა და სინამდვილეს შორის, ტრევორს ამ ზღვრის გამკვეთრება სურს.
უილიამ ტრევორი – პოსტმოდერნულ ეპოქაში რეალობას აღადგენს და შეგვაგრძნობინებს მას ავთენტური სიხისტითა და თავისთავადობით. ის გვეუბნება, რომ სიუჟეტური კანონზომიერებების, პრინციპების ცხოვრებაზე გავრცელება სახიფათოა.
ექსპოზიციური რაკურსი, პერსონაჟის შემოყვანის ჰიგიენა, კვანძის შეკვრა, შემდეგ – გახსნა, ფინალი და დასასრულის ხდომილება… – მთელი ეს ლიტერატურათმცოდნეობითი ცნებებისა და კონცეფციების მოსაბეზრებელი დიალექტიკა ტრევორის კითხვისას სრულიად უფუნქციო და გამოუსადეგარი ხდება.
სიუჟეტის განვითარების ის პრინციპები, კანონიკა, რომლითაც ტექსტი, როგორც კონსტრუქცია, კლასიკურად აიგება და ვითარდება, ტრევორის მოთხრობებში გაუქმებული და უარყოფილია. თითქოს, მისი აზრით და ჩანაფიქრით, რეალობის სიუჟეტურ ლოგიკაზე და ტენდენციებზე გადაწყობის, ტრანსფორმაციის შედეგად რაღაც არსებითი, მთავარი და გადამწყვეტი იკარგება, უჩინარდება და განიცდის ლიტერატურიზაციას – ამ სიტყვის ყველაზე ნეგატიური მნიშვნელობით.
რეალობა უნდა დარჩეს ისეთად, როგორიც ის არის, თავისი გამოსახვის და რეპრეზენტაციის პირველად ფორმებში – ასეთია ტრევორის თხრობის თეორია და სტილი. ამით ის, ერთი მხრივ, ჩვენზე, მკითხველზე სიუჟეტის ძალაუფლების გავლენის მასშტაბებს შეგვაგრძნობინებს, მეორე მხრივ კი, თხრობის, ამბის განვითარების ლოგიკის ახალ და ისეთივე უსასრულოდ მრავალფეროვან პრინციპებს აღმოგვაჩენინებს, როგორც თავად ცხოვრებაა.
ალბათ, ამიტომ მისი მოთხრობები იწყება დასაწყისის გარეშე და სრულდება – დასასრულის გარეშე. მათი შეწყვეტის, ამბის გაწყვეტის მომენტი სრულიად სპონტანური, უჩვეულო და დისკომფორტის შეგრძნების გამომწვევია. თხრობა წყდება მაშინ, როცა ხდება რეალობის ამოწურვა (როგორც ეს „კარტოფილით მოვაჭრეშია“) და მკითხველს ეუფლება შფოთვა, უცნაური, შემაწუხებელი და ამაფორიაქებელი განცდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანს მიხვდა, მაგრამ ვერ ხვდება, ზუსტად – რას.
და სწორედ ის „რაღაც“, რასაც მიხვდი, ენაში სრულიად მოუხელთებელი შეგრძნების სახით აგრძელებს არსებობას, როგორც აზროვნების უკიდურესად ინტიუტიური ელემენტი. ტრევორის კითხვაც ამიტომ მიყვარს – ცნობიერებაში იბადება „რაღაც“, რაც ყოველთვის დარჩება ენის მიღმა, ვერასოდეს იქცევა სიტყვად ან სიტყვათა კავშირად და მისი ეს მოუსვენრობა, ზიზღი და იმუნიტეტი ენისადმი, არის განსაკუთრებულად საშინელიც და სასიამოვნოც.
და, აბა, რაშია ავტორის ექსკლუზიური, უნიკალური უფლება, ფუნქცია და როლი? იქნებ იმაში, რომ ცხოვრებას უფლება მისცეს, დარჩეს ცხოვრებადვე და არ იქცეს ლიტერატურად?
ტრევორის მაგია, ძალა მხოლოდ რეალობის შენარჩუნებაში არ არის, ის შემოქმედია, რომელიც მოქმედებს ბრესონის პრინციპით – ჩაასწორე სინამდვილე ისევ სინამდვილით.
სწორედ სინამდვილის სინამდვილითვე ჩასწორების პოეზია ქმნის მის პროზას, იმ გადაბმების, ნაკერების უხილავობა, რომლებიც ამ მონტაჟის უსისხლო ოპერაციისას ჩნდება, შენ კი – ვერ ხედავ.
© არილი